ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – სად ცხოვრობს მეზღაპრე

ის ადგილი აქედან შორს არის. ირგვლივ სულ მაღალი, ლურჯი მთებია, შუაში კი სწორი ცისფერი ტბა კამკამებს.

ლურჯ მთებზე ღრუბლები იბადებიან, პატარა, ცელქი ბიჭუნებივით კოტრიალობენ ფერდობებზე, იზრდებიან, იბერებიან და მერე ჩვენკენ მოდიან რუხრუხითა და მუქარით. ტბა კი სარკეა ბუნებისა. ყველას უყვარს შიგ მზერა და კეკლუცი. იყურებიან შიგ და კეკლუცობენ მთები და ღრუბლები, მთვარე და ვარსკვლავები, ყვავილები და ხეები.

ზოგი ხე შიგ წყალშიც კი შესულა. ეს დიდი, ტანჭრელი ვერხვებია. მათი ფოთლები სულ ბრწყინავენ, სულ თრთიან, სულ ჩურჩულებენ, _ ჩუ! ჩუ! ჩუ! ჩუ! _ მათ ქვეშ კითითქმის ყოველთვის ბნელა…

დილდილობით ტბას თეთრი, მშვიდი ბურუსი აწევს ხოლმე. მზე რომ ამოსვლას დააპირებს, ის ნისლი აიშლება, აიწურება მატყლის ფთილასავით, ავა მაღლა და იქ მთისწვერებზე გაყუჩდება. ვერხვებშორის კი, სიბნელეში, ამ ბურუსივით მსუბუქი პატარა მოხუცი გამოჩნდება. ხელში გრძელტარიანი ანკესი უჭირავს. ცუკცუკით გავა ტბაშიჩაყირავებულ ვეება ხმელ ვერხვზე, გაშლის ანკესს და ფეხებაკეცილი შეასკუპდება კუზივით ამობერილ ნუჟრს.

ტბა ამ დროს უამრავი ფერითა და წვრილი თევზებით არის სავსე.

მოხუცი გაუნძრევლად ზის, გაუნძრევლად უჭირავს ანკესის ტარიც, მხოლოდ წითელი ტივტივა თახთახებს და თრთის. და როცა ტივტივა ჩაიძირება ღრმად, მოხუციშეშფოთებით ამოსწევს ანკესის დამძიმებულ ტარს და მზეზე აბრჭყვიალებულ თევზს სწრაფად იჭერს ჰაერში.

ასე თევზაობს საღამომდე.

საღამოს კი უნთია ცეცხლი პაწაწინა ქოხის წინ. დიდი ვერხვების ძირას, ხარიხაზე ჩამოკიდებულ ქვაბში იხარშავს საჭმელს.

გამოდიან კურდღლები, მელიები, ციყვები, მაჩვები და ტურები. შეჰკრავენ ცეცხლის ირგვლივ წრეს, სხედან მორჩილად და სათითაოდ ჰყვებიან თავ-თავიანთ ამბებს.

მოხუცს კი გადაშლილი აქვს კიდეებშემოცვეთილი, სქელი, ვეებერთელა რვეული, დამჭკნარ ტუჩებთან მალიმალ მიაქვს წვერბოკოლა ფანქარი და მერე იმ ვეებერთელარვეულში წერს, წერს მათ ნაამბობს, ანუ, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, _ ზღაპრებს.

მაღლა, ღამეში შეკარგულ ვერხვებზე კი ნაღვლიანი ჭოტი ზის და თვალებდახუჭული ითვლის წუთებს:

_ ჭუუტ! ჭუუტ! ჭუუტ!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button