YouTube-მა სახიფათო კონტენტს მიაკუთვნა და წაშალა ვიდეორგოლები კრიპტოვალუტების შესახებ
YouTube-არხების ავტორებმა განაცხადეს, რომ ვიდეოჰოსტინგის ხელმძღვანელობამ წაშალა მათი ვიდეოები, რომლებიც კრიპტოვალუტების თემატიკას ეხებოდა.
კონტენტის წაშლის შესახებ განაცხადა დაახლოებით თერთმეტმა არხმა, მათ შორისაა Altcoin Daily, Сhico Crypto, The Cryptoverse, Crypto Tips, BTC Sessions და კრის დანი. მათი აუდიტორია მოიცავს 31 500-დან 210 000-მდე გამომწერს.
კრის დანის თქმით, სერვისმა დაბლოკა ვიდეოების უდიდესი ნაწილი, რომლებიც მან შექმნა ბოლო ორი წლის განმავლობაში.
„YouTube-მა ჩემი კრიპტო-ვიდეოების უმეტესობა წაშალა, რაც ახსნა იმით, რომ ვიდეოები მიეკუთვნებოდა სახიფათო და საზიანო კონტენტის კატეგორიას, აგრეთვე ჩათვალა „პროდუქტის გაყიდვად, რომელიც სპეციალური კანონებით რეგულირდება“. ჩვენ უკვე ათ წელზე მეტია ვქმნით ვიდეოებს, 200 ათასზე მეტი გამომწერი გვყავს და 7 მილიონზე მეტი ნახვა. რა ხდება მეგობრებო?“ – აცხადებს ბლოგერი.
ვიდეოჰოსტინგის წარმომადგენლები სიტუაციაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
პლატფორმის წესებში კრიპტოვალუტების შესახებ პირდაპირი აკრძალვა მითითებული არ არის. აკრძალული პროდუქტის პუნქტში იძებნება მხოლოდ „აკრძალული ვალუტა“. რამდენად ეხება იგი კრიპტოვალუტას, გაურკვეველია.
ამასთან, YouTube-ის მფლობელმა Google-მა 2018 წელს დააანონსა კრიპტოვალუტების რეკლამის სრული აკრძალვა. თუმცა იმავე წლის სექტემბერშივე დაუშვა კრიპტოვალუტების რეკლამა აშშ-სა და იაპონიაში.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივლისში YouTube იყო კრიპტოსავალუტო პირამიდა BitConnect-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში ერთ-ერთი მოპასუხე. სასამართლო დოკუმენტების თანახმად ფინანსური პირამიდა იყენებდა სარეკლამო ვიდეორგოლებს თავისი სერვისისთვის.