კონსოლების მწარმოებელი კომპანიების გავლენით ვიდეო ბარათებზე ფასები აიწევს
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვიდეო ბარათების უმეტესობა აღჭურვილი იყო GDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერებით. 2019 წელს გამოჩნდა უფრო სწრაფი GDDR6 მეხსიერება ბიუჯეტურ სეგმენტშიც კი. საწარმოო წყაროების ინფორმაციაზე დაყრდნობით რესურსი dramexchange გვაცნობებს, რომ 2020 წელს ვიდეო ბარათებისთვის განკუთვნილ მეხსიერებაზე ფასი აიწევს. მოკლედ რომ ვთქვათ: მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. როგორ უნდა მომხდარიყო ასე, თუკი მცირე ხნის წინ კომპანიები საუბრობდნენ გადავსებულ საწყობებზე და წარმოების მოცულობასაც კი ამცირებდნენ? ამ კითხვას მარტივი ახსნა აქვს.
პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს: მასიურ ვიდეო ბარათებს შორის პრაქტიკულად არ დარჩა ისეთი მოდელები, რომლებშიც მეხსიერების მოძველებული სტანდარტი გამოიყენება. ამასთან, 2020 წელს მათი რიცხვი მინიმუმამდე შემცირდება. მეხსიერების მწარმოებელი მთავარი კომპანიები წარმოების მასშტაბებს ზრდიან, ჯამური ზრდა სულ მცირე 15%-ს შეადგენს, თუმცა ვერც ამით დაკმაყოფილდება ბაზრის მოთხოვნა. ნუთუ NVIDIA და AMD ყიდულობენ მთელ მეხსიერებას? ექსპერტების აზრით ბაზარზე უფრო დიდ ზეწოლას კონსოლები მოახდენენ.
უკვე ცნობილია, რომ Microsoft Xbox Series X და Playstation 5 დაკომპლექტებული იქნება GDDR6 სტანდარტის მინიმუმ 16 გბ მეხსიერებით, რაც ნებისმიერ ვიდეო ბარათზე მეტია. მოკრძალებული შეფასებებით საახალწლო სადღესასწაულო სეზონზე საერთო ჯამში გაყიდული კონსოლების რაოდენობამ შესაძლოა 20 მლნ ერთეული და მეტიც კი შეადგინოს. მათი კომპონენტების შესყიდვის პროცესი უკვე დაწყებულია.
უცნობია, რამდენით მოიმატებს ფასი ვიდეო ბარათებზე. ერთი რამ ცხადია, რომ გაძვირებით ნამდვილად გაძვირდება, თუმცა ვითარებას დადებითი მხარე ის აქვს, რომ ფასი ისეთ დონეზე არ აიწევს, როგორც მაინინგის ბუმის დროს ხდებოდა.