2019 წელს კრიპტოვალუტების სივრცეში ვენჩურულმა ინვესტიციებმა 2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა
მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელი Bitcoin-ისა და ბლოკჩეინ-ინდუსტრიისთვის იოლი არ იყო, ინვესტორები რწმენას ინარჩუნებენ ამ სფეროს მიმართ, რასაც რიცხობრივი მაჩვენებლებიც ადასტურებს: მიმდინარე წელს ინვესტიციების საერთო მოცულობამ 2 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.
Crunchbase-ის ინფორმაციით ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით მცირეა, თუმცა 2017 წლის მონაცემებზე მეტი: 2018 წელს განხორციელდა 1148 გარიგება და ჯამური საინვესტიციო თანხა 4.65 მლრდ აშშ დოლარი იყო, 2017 წელს კი ბლოკჩეინ-ინდუსტრიის დაფინანსების მოცულობამ 1.41 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
წყარო: Crunchbase
მიწურული წლის უმსხვილესი გარიგებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:
Robinhood — 323 მლნ აშშ დოლარი
ივლისში სავაჭრო აქციებისა და კრიპტოვალუტებისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაციის ოპერატორმა კომპანია Robinhood Markets Inc-მა განაცხადა, რომ დახურა E სერიის დაფინანსების რაუნდი, რომლის ფარგლებშიც მოიზიდა 323 მლნ აშშ დოლარი. ამის შემდეგ კომპანიის კაპიტალიზაცია გაიზარდა 7.6 მილიარდამდე. იანვარში კომპანიამ აგრეთვე მიიღო BitLicense – ლიცენზია ვირტუალურ ვალუტებზე მუშაობასა და ნიუ-იორკის ფინანსური სერვისების მართვაზე.
Bithumb — 200 მლნ აშშ დოლარი
აპრილში Bithumb Blockchain Exchange Alliance-მა დაფინანსების სახით მიიღო 200 მლნ აშშ დოლარი იაპონური ბლოკჩეინ-ფონდ ST-სგან საინვესტიციო A რაუნდის ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს Bithumb-ს 180 მლნ აშშ დოლარიანი ზარალი ჰქონდა, რომლის მიზეზთაგან ერთ-ერთი იყო ბირჟიდან ივნისში დაახლოებით 31 მლნ დოლარის ქურდობა.
Ripple — 200 მლნ $
20 დეკემბერს კომპანია Ripple-მა განაცხადა, რომ დახურა C სერიის დაფინანსების რაუნდი, რის შედეგად მოიზიდა რეკორდული 200 მლნ აშშ დოლარი. ამის შემდეგ კალიფორნიული კომპანიის კაპიტალიზაციამ 10 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. Ripple მოზიდულ თანხებს გამოიყენებს ბანკებისა და ფულადი გადარიცხვების ოპერატორების მოსაზიდად, რათა მოხდეს XRP ტოკენის გამოყენება საერთაშორისო ტრანზაქციებში.
Kraken — 100 მლნ აშშ დოლარი
თებერვალში პოპულარულმა ამერიკულმა ბირჟა Kraken-მა დახურა C სერიის დაფინანსების რაუნდი და მიიღო 100 მლნ აშშ დოლარი. კომპანიის კაპიტალიზაცია გაიზარდა 3.9 მილიარდამდე. დაახლოებით ამავე დროს ბირჟამ შეიძინა ბრიტანული კრიპტოდერივატივების პლატფორმა Crypto Facilities, რამდენიმე თვის შემდეგ კი მიიღო 13.5 მლნ აშშ დოლარი საინვესტიციო პლატფორმა BnkToTheFuture-ით კერძო აქციების გაყიდვის შედეგად.
სხვა კომპანიების საინვესტიციო გარიგებების შედეგად მიღებული თანხები შემდეგნაირად გამოიყურება: Chainalysis – 30 მლნ $, Elliptic – 23 მლნ $ და BlockFi – 18,3 მლნ $.