გამორჩეული ადამიანებიმეცნიერებაუცნაური

იოჰან კონრად დიპელი – რეალური ფრანკენშტეინი

იოჰან კონრად დიპელი – გერმანელი თეოლოგი, ალქიმიკოსი და ექიმი. ის ერთ-ერთია იმათგან, ვისაც საზოგადოება “შეშლილ მეცნიერებს” უწოდებს. ბევრს მოეხსენება, რომ ვიქტორ ფრანკენშტეინისა და მისი შექმნილი მონსტრის ისტორიას სათავე დაედო მერი უოლსტონკრაფტ შელის ნოველიდან სახელად “ფრანკენშტეინი, ან თანამედროვე პრომეთე”. თუმცა მცირეოდენმა თუ იცის, რომ შთაგონების წყარო ნამდვილი ადამიანი იყო, ისტორიული პიროვნება, რომელიც მე-17-18 საუკუნეში ცხოვრობდა და იმ პერიოდის გადმოსახედიდან საზარელ ცდებს ატარებდა.

იოჰან დიპელი 1673 წელს დაიბადა გერმანიაში, ქალაქ დარმშტადტში. დაბადების ადგილი, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, იყო ფრანკენშტეინის სასახლე. პატარაობაში ღრმად სწამდა, რომ წინასწარმეტყველი იყო და ზებუნებრივი ნიჭი და ინტელექტი ჰქონდა. 17 წლისამ გისენის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა თეოლოგიის, ფილოსოფიისა და ალქიმიის დარგებში. 1693 წელს თეოლოგიაში სამეცნიერო ხარისხი ჰქონდა. შემდგომში გამოაქვეყნა რელიგიური ნაშრომების კრებული სახელწოდებით “ქრისტიანუს დემოკრიტუს”, რომელთა ნაწილი დღემდე შემონახულია. თავისი აზრების გამო ხშირად მოსდიოდა უთანხმოება ადგილობრივ ეკლესიებთან და მალე ერეტიკოსის სტატუსიც მიიღო.

მოგვიანებით დიპელმა ფრანკენშტეინის სასახლეში მოაწყო ლაბორატორია, სადაც თავისი ახირებული ექსპერიმენტების ჩასატარებლად სრული თავისუფლება ჰქონდა. დღესდღეობით არაა შემორჩენილი ცნობა იმის შესახებ, ჰყავდა თუ არა კუზიანი თანაშემწე, სახელად იგორი. უფრო სავარაუდოა, რომ მარტო მუშაობდა.

დიპელი თავის თავს ხშირად უწოდებდა კონრად ფრანკენშტეინს. ძირითადად დროს ის უთმობდა ალქიმიის შესწავლას – მეცნიერებას, რომელიც იმ დროს საკმაოდ პოპულარული და მიმზიდველი იყო. თანამედროვე ეპოქაში ალქიმიამ ფსევდომეცნიერების ტიტული მიიღო, შუა საუკუნეებში კი ალქიმიკოსები (და არამარტო ისინი) გამალებით ატარებდნენ ცდებს ქიმიურ ელემენტებზე, რათა მიეღოთ ჯადოსნური ფორმულა და ყველანაირი ნივთიერების ოქროდ გადაქცევა შესძლებოდათ.

ფრანკენშტეინის სასახლე დღეს

ვიქტორ ფრანკენშტეინის მსგავსად, დიპელსაც ფრიად ხიბლავდა მეცნიერული გზით უკვდავების მოპოვების შესაძლებლობა. ის დაკლულ ცხოველებსა და გარდაცვლილ ადამიანებს “აგროვებდა”, ზოგჯერ საფლავებიდანაც თხრიდა, შემდეგ კი მათზე ექსპერიმენტებს ატარებდა, რათა, როგორც თვითონ ამბობდა, “მკვდარ სხეულში სიცოცხლე ჩაესახა”. ზოგჯერ ერთი გვამიდან მეორეში სულის “გადაყვანაზეც” მუშაობდა. ამისთვის იყენებდა ძაბრს, შლანგსა და ბევრ საპოხ მასალას.

მისი ლიტერატურული და კინემატოგრაფიული ორეულებისგან განსხვავებით, დიპელი არ აწყობდა სხეულს ცალკეული ნაწილებისგან, რათა შემდეგ ელექტრული გენერატორებით დაემუშავებინა. ის უბრალოდ ხარშავდა ყველაფერს – კანს, კუნთებს, ძვლებს, სისხლს, თმასა და შინაგან ორგანოებს – დიდ ქვაბებში. როცა ახლომახლო მაცხოვრებლებმა გაიგეს, რას საქმიანობდა მათი მეზობელი, სასწრაფოდ დაატოვებინეს იქაურობა. თუმცა მისი ბუნაგი არ დაურბევიათ.

დიპელმა ასევე შექმნა ცხოველური ცხიმი, რომელსაც ძვლებისგან, სისხლისგან და ცხოველების სხვა ნაწილებისგან იღებდა – ხდიდა და ხარშავდა მათ რკინის ჭურჭელში. ნივთიერებას მოგვიანებით “დიპელის ზეთი” უწოდეს. როგორც თავად ავტორი ირწმუნებოდა, ეს იყო ექვივალენტი იმისა, რასაც ალქიმიკოსები სიცოცხლის ელექსირს ეძახდნენ.

იოჰან დიპელი გარდაიცვალა 1734 წლის 25 აპრილს, ვიტგენშტეინის სასახლეში. ოფიციალურად, სიკვდილის მიზეზი დამბლა იყო, თუმცა ჭორები მოწამვლასაც არ გამორიცხავენ.

ის, რომ მერი შელიმ თავისი ნაწარმოები ამ პიროვნებაზე დააფუძნა, დასტურდება იმით, რომ ის 1814 წელს ეწვია ფრანკენშტეინის სასახლეს. ამ დროს ის შეყვარებულთან, პერსისთან ერთად იყო გაქცეული. სასახლის ნანგრევები დღემდე შემორჩენილია.

Source
charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button