საკითხავი

ლევთერ რიგვავა – ტანჯვისა და წამების 19 დღე

ლევთერ რიგვავა – ტანჯვისა და წამების 19 დღე
(სოხუმის დაცემის დასაწყისი და სვანეთის მთებით თბილისში)

ვუძღვნი ჩემს მეუღლეს ლილი გაბუნიას
სოხუმი-თბილისი
1993-1994-1995-1996წწ.

“სიცოცხლემ ჩამიტარა სიკვდილის გაკვეთილი, თვალი ჩამიკრა და წავიდა…”
მორის ფოცხიშვილი

მე ეს ჩანაწერები შემდგომში უნდა გამოვიყენო წიგნისათვის “”моя жизнь и взгляды” – “ჩემი ცხოვრება და შეხედულებანი.
ეს მემუარების წიგნი აუცილებლად უნდა დაიწეროს. ამ წიგნისათვის მე მასალებს რამდენიმე წლის განმავლობაში ვამზადებ. ამ არქივს ვიცავ განსაკუთრებული ყურადღებით და გულისხმიერებით…
სამწუხაროდ, აფხაზეთის ოკუპაციამ და ქართველების იქიდან გაძევებამ მთელი ეს ჩემი არქივი საშიშროების სინაშე დააყენა, მაგრამ იმედს მაინც აღარ ვკარგავ… მე მჯერა, მწამს რომ დაბრუნება აუცილებლად უახლოეს დროში მოხდება… და ის წიგნი, რომელის იწერება ჩემი ოჯახისათვის (ვფიქრობ, მას ჩემი შვილები არ გადააგდებენ, შეინახავებ) აუცილებლად უნდა შეიქმნას….

XXX
ამჟამად კი მინდა ქაღალდზე გადავიტანო წვალებისა და ტანჯვის ის 19 დღე, რომელიც ლილისა და მე გადაგხვდა სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით. მე შევეცდები ჯერ დოკუმენტალურად ჩამოვაყალიბო ყველაფერი ის რაც მოხდა ამ დღეებში, ხოლო კომენტარებს მე ალბათ უდრო გვიან გავუკეთებ, როდესაც შესაბამისად დავწყნარდები, დავლაგდები და ჩემს განადგურებულ და აწიოკებულ ნერვებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, წესრიგში მოვიყვან…

XXX
მთელი ერთი წლის განმავლობაში რაც ომი დაიწყო აფხაზეთში (ე.ი. 1992 წლის 14 აგვისტოდან) ჩვენი ოჯახი, ისევე როგორც აფხაზეთში მცხოვრები თითქმის ყველა ქართული და არამარტო ქართული ოჯახი აირია და განადგურდა. იმ დღეს, 1992 წლის 14 აგვისტოს ჩვენთან სოხუმში, ოჯახში თბილისიდან დასასვენებლად ჩამოსული დედაჩემი, ლიანა და თემური ბავშვებით ვერიკოთი და სერგოთი, ცისანა ბავშვებით ირაკლითა და ნატოთი იყვნენ (ზურიკო თბილისში გახლდათ). ჩვენს ქუჩაზე (მოგეხსენებათ, ეს სოხუმში ცენტია ბოტანიკური ბაღის პირდაპირ, პუშკინისა და ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთაზე, ლენინის ქუჩის გვერდით, ჩვენი სახლის გვერდით არის განთავსებული შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამინისტრო, ქალაქი მილიცია) დიდი სროლა ატყდა, ძირითადად ავტომატებისა და ტყვიამფრქვევებისაგან. ეს სროლა თითქმის მთელი დღე და ღამე არ შემწყდარა, ჩვენი ოჯახის ყველა წევრი საიმედოდ თვლიდა ამ მოულოდნელ სიტუაციაში აბაზანას ან კიდევ დერეფანს, დახურულს და ყველამ იქ მოვიყარეთ თავი. ფაქტიურად იქ ჩამწყვდეულები აღმოვჩნდით. მერე, მეორე დღესვე ჩემი ვაჟიშვილი ზურიკო ჩამოფრინდა თბილისიდან (ის იმ პერიოდში იყო საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების პროკურორი) და ძალიან მაღალ პროფესიონალურ დონეზე გაუკეთა ორგანიზება ჯერ ლიას და თემურის და შემდეგ ცისანას (რასაკვირველია ბავშვებთან ერთად) დაბრუნებას თვითმფრინავით თბილისში. უნდა განვმარტო, რომ ამის გაკეთება იმ დღეებში სოხუმში დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. დედაჩემი იმ დღეებში მკურნალობდა კურორტოლოგიის კლინიკაში და მან ისურვა რამდენიმე დღით იქ დარჩენა. ლილი და მე დავრჩით ოჯახში. ქართული ჯარები შემოვიდნენ სოხუმში, აფხაზთა მხარემ ეს დაუშვებლად ჩათვალა და მათ გამოჩენას აგრესიულად შეხვდა. ხალხს მიაჩნდა, რომ ეს კონფლიქტი უახლოეს დღეებში მოგვარდებოდა, მაგრამ ამან ისეთი მძაფრი და მწვავე ხასიათი მიიღო (მე ამას აღვნიშნავ დიდი გულისტკივილით), რომ უკვე დაუნდობელი ომის სიმაღლეზე ავიდა. მერე იყო მთელი ერთი წელი 1993 წელი მეტად მძიმე და მეტად რთული, მასობრივი დაბომბვები სოხუმში. ამის აღწერა დიდი თემაა და მას მე ალბათ ცალკე ჩანაწერებს მივუძღვნი. ქვემოთ კი მინდა ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში მოვიგონო, გავიხსენო ის მძიმე დღეები, რომელიც შერჩა დიდი გულისტკივილით ჩვენს მეხსიერებას და რომლის დავიწყება ყოვლად შეუძლებელია და დაუშვებელი. ეს დღეები ჩემი ცხოვრების მთელს ისტორიაში შევიდა ყველაზე მძიმე დღეებად….……

XXX
……ყველაფერი დაიწყო შეთანხმებიდან. მე მხედველობაში მაქვს ომის შემდეგ განვითარების ერთი მეტად მძაფრი და მტკივნეული ეტაპი. შეთანხმებამ, რომელსაც ხელი მოაწერეს მხარეებმა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მე თბილისში მომისწრო, ე.ი. ეს აგვისტოს (1993 წლის) ბოლო რიცხვებში მოხდა და განსაკუთრებული დამაჯერებლობით. იმაში, რომ ესეც მუხანათურად და ვერაგულად დაირღვეოდა აფხაზთა მხრიდან (როგორც მოხდა სხვა შეთანხმებებზე, ადრე მიღწეულზე) მე აბსოლუტურად არ მეპარებოდა ეჭვი. შეთანხმება გაფორმდა დად ა ერთი ლვირის შემდეგ სოხუმისკენ დაიძრა ლტოლვილთა დიდი ჯგუფი, ჩვენ გვჯეროდა და გვწამდა, რომ შერიგების გზა გაიხსნა და ყველაფერს უნდა ეშველოს, ხალხი უნდა გადარჩეს. ყველა უბრუნდებოდა თავის მშობლიურ კერას. ეს გასაგებიცაა. რამდენად თბილი არ იყოს ლტოლვილთა შეხვედრა სხვა ქალაქებსა და რაიონებში, შენი ოჯახი, შენი კუთხე, შენი საკუთარი ეზო-კარი მაინც სულ სხვაა, იგი ყველაფერს გირჩევნია.
სწორედ ამ დიდმა სურვილმა დაგვაბრუნა ლილი და მე სოხუმში. პირველი დღეები თითქოსდა ნორმალურად მეჩვენა. რასაკვირველია აქ მე მხედველობაში მაქვს შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, შედარებებში წინა პერიოდებთან, თორემ დალაგებამდე და დაწყნარებამდე, ჯერ შორი და მეტად ეკლიანი მანძილი იყო. თითქოს ორივე მხარე ეძებდა შეხების საერთო წერტილებს.
უნებურად გამახსენდა ასეთი პატარა ეპიზოდი. მერხეულში გვაქვს მიწის ნაკვეთი და დაუმთავრებელი სამოთახიანი ზომიერი სახლი, რომელშიც ცხოვრება შეიძლება. ეზოში ბლომადაა ხილი თითქმის აპრილიდან მოყოლებული ნოემბრის ჩათვლით, იქ მე ჩავდიოდი დიდის კმაყოფილებით, იქ მავიწყდებოდა ყველაფერი გულსატკენი და მიუხედავად მთელი დღით ფიზიკური მუშაობისა, ვბრუნდებოდი დაწყნარებული და დამშვიდებული. აი, ახლაც გადავწყვიტე იქ ჩასვლა. მშვიდობა და სიწყნარე ყველაზე უფრო იმ შაბათსა და კვირას ვიგრძენი დიდი შესვენების შემდეგ, თითქოს პირველად… მერე ფეხით გამოვბრუნდი სოხუმში, თან ცოტაოდენი ხილი და ბოსტნეული წამოვიმძღვარე. როდესაც თბილისის გზატკეცილზე გამოვედი და აღმოვჩნდი მის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილზე (მიუხედავად დაბომბვისა, ომისა, ქაოსისა და არეულობისა) ამ ადგილებს თავისი ზღაპრული ეშხი და ლაზათი არ დაუკარგავთ. სინოპის პირდაპირ ავტობუსის გაჩერებასთან გამოვიჭირე ზღვის შესანიშნავი ხედი და ამ ქვეყნიერებას ახალი თვალით შევხედე თითქოს. მივაჩერდი დიდხანს ამ ულამაზეს წერტილს. ამ მზით გაკაშკაშებულ დღეს მოლივლივე შავი კი არა ლურჯი ზღვა თითქოს უძვირფასესი ხეებისაგან ლამაზად მორთულ ცოცხალ ჩარჩოში ჩაესვათ და განსაკუთრებული ელვარებით ბრწყინავდა. მეორე მხარეზე კი,სინოპის ზღაპრულ ბაღში ერთი მწყობრად შეკრული ორკესტრივით ჭრიჭრინობელებს უმშვენიერესი კონცერტი გაემართათ…
მე გამახსენდა ომის დღეები, როდესაც ზუსტად ეს ადგილი გავიარე და სწორედ იმ დროს დაბომბვით ქვეყანა იქცეოდა…
ახლა კი საბოლოოდ გამოიკვეთა ჩემში, თუ რა ფასი ჰქონია მშვიდობას და პოლიტიკოსები, რომლებიც ვერ ახერხებენ მის შენარჩუნებას და უშვებენ სისხლისღვრას, ორივე მხრიდან დაუყოვნებლივ მოსაშორებელია, გასაგდები და გასაძევებელი… ეს ხალხმა უნდა გააკეთო
… და სწორედ ასეთ ვითარებაში ისევ დაიწყო მხრების შელეწვა… დაახლოებით 10 სექტემბრიდან ჰაერში უკვე გაჩნდა დენთის სუნი… მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ყველა მხრიდან დაყ ველა დონეზე დაიწყეს არასასურველი ხმაური დიდი ისტერიული აურზაურით.
… 15 სექტემბერს დილით იმ მაღაზიაში, სადაც სამხედრო მოსამსახურეებში პენსიაში გასულები პურს იღებდნენ რაღაც გარკვეული შეღავათებით (დედაჩემიც იქ იყო ჩაწერილი მამაჩემის დოკუმენტებით) ხალხს აღშფოთება და დიდი უკმაყოფილება შევამჩნიე… მითხრეს, რომ აფხაზმა ბოევიკებმა შეთანხმება დაარღვიეს და დრანდაში შემოვიდნენ, აქვე ვნახე ჩემი მეგობრები სერაპიონ მალანია, ხუტა ახალაია (შემდგომში, ოქტომბრის პირველ რიცხვებში, ეს მაღალი ზნეობით გამორჩეული პიროვნება აფხაზმა ფაშისტებმა სოხუმში ვერაგულად დახვრიტეს), ვიქტორ ჯობედავა და მრავალი სხვა. ყველა ამ კითხვას იძლეოდა. მთელი დღე ასსეტ გაურკვევლობაში გავიდა. მეორე დღეს (ეს იყო 16 სექტემბერი) დილის საათებში კი გაისმა სამხედრო განგაშის ამაწიოკებელი საზარელი ისტერიული კივილი…იწყება დაბომბვა… აფხაზთა მხარე უხეშად არღვევს შეთანხმების ერთ-ერთ მთავარ მუხლს, არღვევს მუხანათურად, ვერაგულად…
როდესაც დაიწყო საჰაერო განგაში, ჩვენი რუსი მეზობლები კარიაკინები (რომელთანაც ჩვენ ძალიან თბილი, კარგი, ნამდვილად ადამიანური ურთიერთობა გვაკავშირებდა) უცბად გაჩნდნენ და თავის ბინაში შეგვიპატიჟეს. ჩვენს სადარბაზოს, სადაც სულ ოთხი ოჯახი ვცხოვრობდით (ორი აფხაზი, ერთი რუსი და ერთიც ქართული) უფრო საიმედოდ დაბომბვის დროს მეორე სართული მიაჩნდა… და ერთად ვიკრიბებოდით ან ჩვენთან, ან კარიაკინებთან (თავშესაფარში, რომელიც სარდაფში იყო, იშვიათად ჩავდიოდით ხოლმე).
კარიაკინებთან აღმოვჩნდით ლილი, მე, ზინა თავისი შვილით მიშათი-კარიაკინები, ტატიანა კონჯარია-ოტირბა. ტატიანა ძალზე შეწუხებული იყო და განსაკუთრებულად აგრესიულად განწყობილი ჩანდა. მან იქვე საჯაროდ განგვიცხადა (სხვათაშორის ამ თემაზე საუბრის ორგანიზატორიც თავად გახლდათ): “Всех мингрельцев и грузин из Абхазии надо немедленно выселить”. რასაკვირველია, ტაქტით და დასაშვებ ჩარჩოებსა და ფორმებში ჩვენ ეს განცხადება (თუ შეიძლება მას ეს ეწოდოს) რეაგირების გარეშე არ დაგვიტოვებია. ჩვენ, რასაკვირველია, მას კატეგორიულად არ დავეთანხმეთ, იგი აბსოლუტურად არ იყო სწორი. ეს მიწა არის დღეს ჩვენი საერთო, ქართველები და აფხაზები ერთად ვცხოვრობდით და ეს უნდა გაგრძელდეს. ეს ქართველთა და აფხაზთა სამშობლოა, საქართველოს განუყოფელი ნაწილია და მათ ორივე მხრიდან შეხების ყველა წერტილი უნდა გამონახონ.
დღის მთელი პირველი ნახევარი მეტად დაძაბული აღმოჩნდა. მეორე ნახევარში ჩვენთან ბინაში ამოვიდა ზურაბ ლაბაშია და ჩვენ გადავწყვიტეთ (ლილიმ და მე) რამოდენიმე დღით მერხეულში გამგზავრება… სწორედ რამოდენიმე დღით, რადგან ჩვენ ასე ვფიქრობდით, რომ სოხუმში არეულობა ალბათ მილაგდება და მიწყნარდება… რასაკვირველია, თან არაფერი წაგვიღია, რადგან გავემგზავრეთ მხოლოდ რამოდენიმე დღით. დავრეკეთ ელიკო ჭანიშვილთან, მაგრამ იქ ტელეფონის ყურმილი არავინ აიღო.
ერთად აღმოვჩნდით ლილი, მე, ლიანა ჯიქია, ზურაბ ლაბაშია, მისი მეუღლე და შვილი. მეორე დღეს სოხუმიდან ჩამოვიდა დავით თევზაძე, ჩემი შვილის – ზურიკოს მეგობარი, რომელიც აფხაზეთის უშიშროების სამსახურში მუშაობდა. მან კატეგორიული ფორმით მოითხოვა თბილისში დაუყოვნებლივ ჩვენი გამგზავრება შექმნილი, მისი აზრით, მეტად რთული ვითარების გამო. ეს აზრი ჩვენს მიერ მეტად მწვავედ გაირჩა და საბოლოოდ მაინც გადავწყვიტეთ გამგზავრება თვითმფრინავით…
…და თითქოს მოვემზადეთ კიდეც. ზურიკო ლაბაშიას (ის სოხუმში ერთი ჩასვლა აპირებდა გამგზავრებას) ვთხოვეთ შესულიყო სახლში ჩვენთან და პირველადი მოთხოვნის საგნები მაინც წამოეღო ჩვენთვის, ეს მან გაგვიკეთა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო იძულებული გავხდით ის ორი ჩემოდანიც მერხეულში დაგვეტოვებინა…
…აი ახლა, როდესაც მე ქაღალდზე გადამაქვს ის რაც მოხდა, მაგიდაზე მიდევს ჩემი განაწვალები და დატანჯული უბის წიგნაკი, რომელმაც ჩემთან ერთად გაიარა სვანეთის მთები და გზები… სწორედ სვანეთის, ზემო სვანეთის გზებით და ბილიკებით დასავლეთ საქართველოდან მოიწევდა 120 ათასი (არასრული ცნობებით) ლტოლვილი, უფრო ზუსტად, ხიზანი, რომლებიც წინაპართა მიწაზე სიკვდილს გაექცნენ. მათ შორის 58 ათასი ბავშვი იყო, 45 ათასი ქალი, დანარჩენი მოხუცები, ინვალიდები, დაჭრილები (ესეც არასრული ცნობებია)…
…უბის წიგნაკში ჩამიწერია არეულად და უსისტემოდ:
“17 სექტემბერი. მერხეულში ჩვენთან ჩამოდის დათო თევზაძე და კატეგორიულად მოითხოვს ჩვენგან მოვემზადოთ თბილისში გასამგზავრებლად” როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენ ვემზადებით და დათოს მანქანით მივემგზავრებით 18 სექტემბერს სოხუმის აეროპორტში.მაგრამ ჩვენმა მთელი დღის მცდელობამ არავითარი შედეგი არ გამოიღო. დათო ბრუნდება დღისით სოხუმში, სამუშაოზე უნდა იყოს, ის, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უშიშროების კომიტეტში მუშაობს. საღამოს ზურიკო ლაბაშიასთან ერთად ვბრუნდებით მერხეულში. დრანდაში გავუარეთ ჩემს დეიდაშვილს ვალიას, რომელიც მძიმე, უკურნებელი სენით არის ავად. იგი დრანდაში ცხოვრობს. შევხვდით მის მეუღლეს ხარიტონ გვაგვალიას, განათლებულ და ზნეობით აღსავსე ადამიანს, დამსახურებულ პედაგოგს. სულ რამდენიმე წუთით დავრჩით, გვეჩქარებოდა (ეს ჩემ დეიდაშვილთან ბოლო შეხვედრა აღმოჩნდა, ის 1994 წელს გარდაიცვალა).
საღამოს მერხეულში დავბრუნდით, მაგრამ საათის 8-ზე დათო ჩამოვიდა სოხუმიდან და დიდი ხმაურის შემდეგ ისევ აეროპორტში “გაგვაგდო”, მაგრამ იმ საღამოს ვერაფერი გავაწყვეთ: იბომბება აეროპორტი, თვითმფრინავში ჩაჯდომა პრაქტიკულად შეუძლებელია… სავსეა მთელი აეროპორტის ტერიტორიაზე ფრონტიდან დაჭრილები, დაღუპულებიც. ბლომადაა ქალები, მოხუცები, ბავშვები… უკვე ღამის 12 საათია. ჩვენ დავრბივართ ჩემოდნებით ყოველი თვითმფრინავის გამოჩენისას მთელი აეროპორტის ტერიტორიაზე… რომელი წესი და რიგი…
სრული განუკითხაობა და ქაოსი. ხალხი პირდაპირ უვარდება თვითმფრინავს, მაგრამ სრულიად უშედეგოდ… დაგვეკარგა ჩვენი თანამგზავრები – ზურიკო ლაბაშია მისი მეუღლით და ბავშვით და დათო თევზაძის დედა – ლიანა ჯიქია…მეორე დილით ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს. საღამოს ისინი წასულან იქვე ბაბუშერაში მცხოვრები ნათესავის სახლში… ლილი და მე კი შევრჩით აეროპორტს. მიუხედავად იმისა, რომ იქვე 100 მეტრში ჩვენი ნათესავები – თოდუები ცხოვრობენ, გადავწყვიტეთ ისინი არ შეგვეწუხებინა და მთელი ღამე თითქმის ფეხზე გავატარეთ აეროპორტის მიწისქვეშა ბუნკერში – თავშესაფარში, რომელიც იქ გაუშენებიათ კარგი ხარისხის, მაგრამ შემდეგ გაუპარტახებიათ, გაუძარცვავთ… ახლა კი იმ ღამეს მან შეიფარა 2 ათასამდე კაცი სრულიად მოუწყობელმა, ანტისანიტარიულ მდგომარეობაში მყოფმა.
მეორე დილით ადრე ჩვენი მარათონი ისევ დაიწყო (თავშესაფარში ჩვენთან ერთად ღამე გაათია ჩემმა სოხუმელმა მეზობელმა ღვაწლმოსილმა ადამიანმა ექიმმა ვალერიან გვალიამ, რომელიც თბილისში ჩასვლის შემდეგ ცუდად გახდა და წავიდა ამ ცხოვრებიდან სევდით, დარდით და დიდი გულისტკივილით…). საღამომდე ენაგადმოგდებული და როგორც იტყვიან ხოლმე თავქუდმოგლეჯილი დავრბოდით… ამ სირბილზე შევეფეთეთ სოხუმელ ექიმს ჩვენს ახლობელსა და მეგობარს ლამარა შუბლაძეს, რომელიც ძმასთან – გურამ შუბლაძესთან ჩამოსულა სტუმრად (ლამარა მუშაობს და ცხოვრობს თბილისში). იგი ჩვენს ჯგუფს შემოუერთდა და ერთად დავიწყეთ ლაბირინთიდან გამოსასვლელის ძებნა, მაგრამ ამაოდ. ჯერჯერობით არავითარი გამოსავალი არ ჩანდა…
გვიან ღამით გაემგზავრნენ თბილისში ზურიკო ლაბაშიას მეუღლე და შვილი, დათო თევზაძის დედა – დიდის გაჭირვებით და წვალებით…
… ახლაც თვალწინ მიდგას ზურიკო ლაბაშიას მეუღლის ისტერიული კივილი და სახე, როდესაც იგი ქვევიდან ზევით საბარგო განყოფილების კარებში ბურთივით ისროლეს და შეაგდეს! მერე იგივე “მეთოდით’ ბავშვიც მოათავსეს მასთან… ეს იყო დიდი რისკი, ერთი არასწორი მოძრაობა და შესაძლოა ეს პროცესი ტრაგიკულად დამთავრებულიყო. ლილიმ და მე, რასაკვირველია, კატეგორიული უარი ვთქვით ასეთ შეგდებაზე!!
ღამეც დადგა. სად წავიდეთ? მერხეულში დაბრუნებას უკვე აზრი აღარა აქვს, მერე ტრანსპორტიც არაა. აეროპორტი ისევ განუწყვეტლივ იბომბება. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს უნდა გადავფრინდეთ თბილისში. სოხუმი უმძიმეს მდგომარეობაშია. იქ უიარაღოდ დარჩენას არავითარი აზრი არ ჰქონდა, თუმცა რას გიშველის იარაღი, როდესაც ჩვენი რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ სრული უვიცობა გამოიჩინა და თავიდან ვერ გამოთვალა სწორად შექმნილი ვითარება და სიტუაცია და ხალხი უფრსკულში გადაჩეხა, თუმცა ეს ალბათ მათ თავიდანვე, რასაკვირველია, თავის ამოცანად არ დაუსახავთ…
მაგრამ ფაქტიურად მოხდა ასე…
… დაუსრულებლად მოდიან და მოდიან სოხუმიდან გაწამებული ადამიანები ფეხით, მანქანით, ცხენებით და ვინ იცის კიდევ რით, რითაც შეიძლება გადაადგილება…
გადავწყვიტეთ ერთი-ორი დღე ნათესავებთან გაჩერება – თოდუების ოჯახში. ვალოდია და საშა თოდუები ლილის ბიძაშვილებია, არაჩვეულებრივად კეთილი ხალხი. ჩვენ (მე, ლილი, ლამარა შუბლაძე) ძალიან თბილად მიგვიღეს. დაგვაბინავეს ვალოდია თოდუას შვილის – შურიკის არაჩვეულებრივად გაწყობილ მშვენიერ სახლში. ოჯახი, შურიკისა და მისი უაღრესად კეთილი მეუღლის წყალობით, დიდი მონდომებითა და მეცადინეობით, გემოვნებითაა გაწყობილი, დიდი სიყვარულითა და შრომისმოყვარეობით მოწესრიგებული… ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება მათი სითბო და ალერსი, იქ ჩვენ ხუთი დღე დავყავით…
…დილით ადრე ჩვენი ჩემოდნებითა და ჩანთებით გავრბოდით აეროპორტში (სახლიდან იქამდე 200-300 მეტრია), ჩავუსწრებდით თვითმფრინავს, იწყებოდა ჩასხდომის ალიაქოთი, წეწვა-გლეჯვა, ზღვა ხალხი არ უთმობდა ერთმანეთს, ყველა ცდილობდა პირველი მომხვდარიყო თვითმფრინავში… ამ დროს კი ჰაერში გაისმოდა ნაღმების ისტერიული შხუილი, უმოწყალო დაბომბვა რამოდენიმე წამში დაშლიდა თვითმფრინავთან შეგროვილ ადამიანებს… ყველა თავისი ბარგით გარბოდა თავშესაფრის მიმართულებით… გავრბოდით ლილი და მეც. ეს იყო ნამდვილი ტანჯვა და წვალება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჩანდა. რა უნდა გვექნა. მერე საღამოს ისევ ვბრუნდებოდით უშედეგოდ ჩვენი კეთილი ნათესავების ოჯახში. ამ წვალებაში გავლილი დღის შემდეგ, მთელი ღამე ისევ დაძაბულ მოლოდინში ვიყავით. ღამის 2-3 საათზე, როდესაც აეროპორტის ტერიტორია წითელ ფერში იყო გახვეული და იწყებოდა მასიური ინტენსიური დაბომბვა (თოდუების სახლი მაღალ გორაკზე იდგა და იქიდან ხელისგულივით ყველაფერი მკაფიოდ ჩანდა), ლოგინიდან წამოვხტებოდით და ქვევით სარდაფში გავრბოდით და დილამდე იქ ვიყავით…
ჩვენი კეთილი მასპინძლის მიერ თითქოს სპეციალურად ამ შემთხვევისათვის გამზადებული კაპიტალური სარდაფი იყო ჩვენი მშველელი და მხსნელი… აი ასე გაიარა ხუთმა დღემ… გაფრენის პერსპექტივა კი არსაიდან ჩანდა…
დილით და საღამოს ვიკავებდით ადგილს ჩვენი მასპინძლის ოთახში პირველ სართულზე ტელევიზორთან, რადიოსთან, რადიომიმღებთან თუ სინათლე, შუქი არის (ხშირად იგი არ არის), მაშინ ვიგებთ რაღაც ახალ ინფორმაციას, იმედის თვალით შევხედავთ მაგიდაზე დადგმულ ინფორმაციის ამ ერთადერთ საშუალებას, მაგრამ პერსპექტივა სამწუხაროდ არ ჩანს, ხვალინდელი დღე უმძიმესია და ურთულესი, უდანაშაულო ხალხი განსაცდელშია, იღუპება ბარბაროსულად, ვერაგულად, ხსნა არსაიდან არ ჩანს.მთელი ქართველობა, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობს აბსოლუტურად დაუცველი დარჩა…
რატომ?
რისთვის?
ნუთუ განმკითხავი და ჭკუასთან მდგომი არავინ არ ჩანს საქართველოს ხელმძღვანელობაში, ნუთუ თავიდან ვერ გათვალეს, ნუთუ ღალატი იყო ხელისუფლების მრავალსართულიან კიბეებზე ქვევიდან ზევით, ან ზევიდან ქვევით ან კიდევ ყველა მის რგოლში? ამ არეულობის ჟამს თავში ათასი კითხვა იბადება, მაგრამ პასუხის გამცემი არავინ არის…
… აი უკვე რამდენი დღეა აეროპორტში ვართ, მაგრამ ვერაფერი გავაწყვეთ… მთელი აეროპორტი მოფენილია ნაცნობი სახეებით… მდგომარეობა ძალზე დაიძაბა… უკვე 24 სექტემბერია… ბაბუშერაში საშა თოდუას ოჯახში შევხვდით კლარა თოდუას და მის მეუღლეს შოთა ბაბილუას. შოთას ძმა სოხუმში ჩარჩენილა, იქ კი ქუჩებში ბრძოლები მიდის. შოთა აღელვებულია და ნერვიულობს. ეს გასაგებიცაა. მას მიუღია გადაწყვეტილება, რომ გაემგზავროს სოხუმში და რამენაირად მოახერხოს ხიფათში მოხვედრილი ძმის სოხუმიდან გამოყვანა. ეს კი დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ჩვენ მოვითათბირეთ: ხომ არ აჯობებდა მერხეულში დაბრუნება და იქიდან სვანეთის მთებით თბილისში ჩაღწევა. აქ შეიქმნა საშიშროება ალყაში ბაბუშერის მოქცევისა… საომარი ბრძოლები მიმდინარეობს კოდორის ხიდთან, აეროპორტი იბომბება მთელი დღე-ღამის განმავლობაში მასირებულად… მდგომარეობა ურთულესი ხდება ყოველ საათში…
შეიძლება აეროპორტის დაცვა აფხაზმა ბოევიკებმა გაარღვიონ და აქ მოქცეული ხალხი ამოჟლიტონ და ამოხოცონ დედაბუდიანად… აეროპორტი ხომ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტია… მისი ჩაგდება ხელში აფხაზთა მიერ გამოცხადებულია პირველი რიგის ამოცანად. არც მერხეულსაც აქვს პერსპექტივა, ისიც შეიძლება ალყაში მოექცეს. ეს ერთადერთი სოფელია გულრიფშის რაიონში (თუ მხედველბაში არ მივიღებთ მისი გაგრძელების ზედა სოფლებს). რომელიც გადაურჩა სერიოზულ დაზიანებას, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ასეა. როგორც შევიტყვეთ, ახლა მთელი სოხუმი იქითკენ მიისწრაფის, დროებით იქ “სახლდება”, რომ მერე მოხვდეს სვანეთის მთებში და დიდი რისკის ფასად გადარჩეს დაღუპვას, დახვრეტას, მოკლედ რომ ვთქვათ, ფიზიკურ განადგურებას… ჩვენც ჩვენი ჩემოდნები დავტოვეთ თოდუების ოჯახში, დიდი მადლობა გადავუხადეთ მათ და შოთას გავყევით მანქანით სოფელ მაჭარამდე, წებელდის გადასახვევამდე, მერე კი ფეხით გავუდექით გზას ლილი, მე და ლამარა შუბლაძე. იქ კი ჩვენს სახლამდე მერხეულში ოთხიოდე კილომეტრიღა იყო გასასვლელი.
აეროპორტიდან გაფრენის იმედები ამოიწურა. ვერც ვახტანგ ყოლბაიას გამოჩენამ უშველა საქმეს, რომელიც გამოაგზავნა ჟიული შარტავამ, როგორც მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აეროპორტში წესრიგის დამყარების მიზნით. აქ ჯარი იყო ყველაფრის თავი, რასაც მოისურვებდნენ, იმას აკეთებდნენ, მთავრობას არავითარი ძალა არა აქვს. ჯარისკაცებში მე შევხვდი (წესრიგის დამცველთა რიგებში – ასე გადიოდნენ ისინი) ჩვენი ეკოლოგიური სამსახურის მუშაკს ვაჟა კვარაცხელიას, სამხედრო ფორმაში გამოწყობილს. თითქოს უნდოდა დაგვხმარებოდა, მაგრამ მისმა მოქმედებამ ვერავითარი შედეგი ვერ მოიტანა. მერე უფრო გვიან თბილისში შევხვდით მას და რომ ჩამოვაგდეთ საუბარი იმ დღეებზე, შეწუხდა თითქოს, მაგრამ მატარებელი უკვე წასული იყო.ის გულგრილი დამოკიდებულება შეიძლება ჩვენთვის საბედისწერო გამხდარიყო. მადლობა ღმერთს, რომ ასე არ მოხდა.
… მერხეულის გზაზე ფეხით მივდივართ… ისმის სროლის ყრუ ხმა… სოხუმი იბრძვის…
ამ გზაზე ბლომად არის სოხუმიდან უეცრად და მოულოდნელად იძულებით წამოსული ადამიანები, გაწამებულნი, დავრდომილნი და აწიოკებულნი… გავიარეთ ფეხით 2 კილომეტრი და ვიღაცამ გააჩერა მანქანა. მანქანიდან გადმოვიდა ჩემი მეგობარი ვახტანგ დუმბაძე, აფხაზეთის კომუნალური მეურნეობის მინისტრი. გადავეხვიეთ, გადავკოცნეთ, მოვიკითხეთ ერთმანეთი. მისმა მეგობარმა და სიძემ რეზო აბულაძემ, რომელიც მანქანის საჭეს უჯდა, მოაბრუნა მანქანა, მასში ჩაგვსვა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვინდოდა მათი შეწუხება, მერხეულში ჩვენს სახლამდე მიგვიყვანა… დიდი მადლობა მოვახსენეთ. ჩვენი კუთხე სავსეა სოხუმიდან ჩამოსული ხიზნებით. ღმერთო ჩემო! როგორ გამოკვეთილად გამოჩნდება ხოლმე გასაჭირის ჟამს ადამიანის ზნეობა თუ უზნეობა, როგორ შეიძლება ადამიანი გადაგვარდეს, ან კიდევ Mმთელი სიგრძე-სიგანითა და სიღრმით დიდი ადამიანური თვისებები გამოჩნდეს მისი. ასე იცის ომმა, ასე იცის გაჭირვებამ, როდესაც ყოველ წუთში შეიძლება დატრიალდეს ტრაღედია ე.ი. შენ გაქრე, მორჩე და გათავდე???… ან კიდევ სასწაულებრივ გადარჩე…
…გაივლის თვეები და უკვე თბილისში, ჩემს უბის წიგნაკში მე ჩავწერ უმძიმეს პესიმისტურ სტრიქონებს:
“…თითქოს ძალით და რიცხვით მეტი ვართ,
მაინც გადაჭრეს ყველა გზა გულთან,
კარდაკარ ასე ჩემს ფუჭ ხეტიალს
სჯობია წასვლა… წავიდე უნდა…”
მაგრამ რატომ? რისთვის?
ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის, ნუ ჩქარობ, ცხოვრებას აქვს მაინც მიზანი და აზრი – დღეს შენი მთავარი მიზანი გადარჩენა და სოხუმში დაბრუნებაა, რომ ისევ გააგრძელო ცხოვრება, შენს დიდ ოჯახს რომ მიხედო და მოუარო ლილისთან ერთად, მაგრამ დაიმახსოვრე, ეს ბრძოლის გარეშე არ მოხდება, დიდი ბრძოლაა საჭირო რომ ყველაფერი ეს დაეწყოს, დალაგდეს…
…ჩვენ მერხეულში ვართ… იქ, ჩვენს სახლში ჩემი მამიდაშვილი ნელი ნარმანია თავისი ქმრით ნოდარ როდონაიათი და ქალ-ვაჟით დამხვდა, თუმცა ნოდარი გამოჩენილა ერთხელ და ისევ სოხუმში დაბრუნებულა, იგი სოხუმში შტაბში მუშაობს. ნელი ეროვნებით აფხაზია, მეუღლე ჰყავს ქართველი. მთელი თავისი ოჯახით ქართველთა მხარის პოზიციას იზიარებს, თუმცა ძლიერ უყვარს და სწამს თავისი მშობლიური ხალხი…
აფხაზეთში კი გრძელდება სასტიკი, დაუნდობელი ომი, იღვრება სისხლი, ნადგურდება, იხოცება ხალხი ორივე მხრიდან…
… უფრო გვიან გამოვა მეცნიერის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, მოსკოვის ერთ-ერთი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკის, წამყვანი სპეციალისტის სვეტლანა ჩერვონნაიას შესანიშნავი წიგნი: “Абхазия – 1992. Посткоммунистическая вандея.”
წიგნის ავტორი აფხაზმა ხელისუფლებმა მოიწვიეს, მაგრამ მან სიმართლე დაწერა და როგორც ერთ-ერთმა გაზეთმა გვაუწყა, ეს წიგნი მოსკოვში აფხაზებს, ბოევიკებს შეუსყიდიათ და დაუწვავთ. აი როგორ ახასიათებს წიგნის ავტორი ამ ომს:
“…ეს ომი საქართველოს ხალხს გამოუცხადა ვლადისლავ არძინბამ რადიოთი მიმართვით, რითაც მან თვითნებურად ჩაითრია აფხაზეთის ხალხი უდიდეს დანაშაულსა და უდიდეს ტრაგედიაში. უკანონო, ძალდატანებითი, ტოტალური “საყოველთაო მობილიზაცია” (18-დან 45 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცის გაწვევა), ახალწვეულთა უკანონოდ შეიარაღება რუსული არსენალიდან დატაცებული იარაღით, ამ შეიარაღებული ფორმირებების უკანონო მოქმედებანი აფხაზეთის გზებზე, ქალაქებსა და სოფლებში (სადაც არავითარი “მოწინააღმდეგის” ჭაჭანებაც კი არ იყო), ჩხრეკები, ურიცხვი მაროდიორობა, ძარცვები, მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის მიმართ ტერორისტული აქციები, სოხუმის სანატორიუმებში დამსვენებლების წინააღმდეგ სნაიპერთა მიერ ცეცხლის გახსნა – მათ ყველა ამ დანაშაულის გამო პასუხი უნდა აგონ”.
ომი კი გრძელდებოდა. ქალაქიდან ათასგვარი ჭორი მოდიოდა. მერხეულში შუქი არ იყო და მანქანების აკუმულატორის გამოყენებით, დიდის გაჭირვებით რადიომიმღებით ვიგებდით ახალ ინფორმაციებს. მაგრამ დამაიმედებელი არაფერი მოდიოდა. სოხუმის დამცველები ახლა იმედებს ლოთი ქობალიას რაზმზე ამყარებდნენ, რომელსაც კოდორის ხიდი უნდა გაერღვია, დაძრულიყო სოხუმის მიმართულებით დახმარების მიზნით, მაგრამ ეს აღმოჩნდა ფიქცია, ღალატი…
… ჩემმა მერხეულელმა მეზობელმა ხვიჩა გიორგაძემ, რომელსაც საკუთარი სატვირთო მანქანა “კამაზი” ჰყავდა, გაგვაფრთხილა: თუ გემით ვერ მოახერხეთ გამგზავრება (ლტოლვილები გადაჰყავდათ გემებითაც), მაშინ მანქანა მზადაა, ბენზინი ჩასხმულია და სვანეთის გზას გავუდგებითო. ჩვენ გასამგზავრებლად მზადა ვართ. გემის ვარიანტი არ გამოვიდა. 27 სექტემბერს დილიდან ისმის სროლის გამაყრუებელი ხმები. ეს სოხუმია. ბრძოლები აღწევს კულმინაციურ წერტილს, მაგრამ ზუსტად არ ვიცით რა ხდება ქალაქში…
27 სექტემბერი… ეს ჩემი დაბადების დღეა… დილით სუფრაზე თითო ჭიქა არყით ეს დღე მოკრძალებით აღვნიშნეთ. დღის 3 საათზე კი გადაწყდა სვანეთში გამგზავრება. ჩვენ, 60 კაცამდე, მანქანასთან შევიკრიბეთ პატარა ჩანთებით. აქ არიან ლილი და ლამარაც, ნელი ნარმანია, მისი ქმარი ნოდარი როდონაია შვილებით კახათი და ეკათი. ამ დროს გზიდან შემოირბინა ერთმა ახალგაზრდა კაცმა გვარდიელის ფორმით და კატეგორიულ ფორმაში გვეუბნება: ტყუილად მიდიხართ, ქობალიამ გაარღვია რკალი და სოხუმში მდგომარეობა ძირეულად უმჯობესდება. კიდევ კარგი, რომ არ დავუჯერეთ. ეს სრული ჭორი აღმოჩნდა.
სოხუმი 27 სექტემბერს დაეცა (ეს ჩვენ გავიგეთ გზაში, საკენში ჩასვლისას, 28 სექტემბერს საღამოს).
… მთელი ღამე მივდიოდით წკვარამში 60-მდე კაცი: ქალები, ბავშვები, მოხუცები… ვისაც რისი წაღება მოესწრო, თან მოჰქონდა. ეს ძირითადი იყო თითო-თითო ჩანთა, მეტი სხვა არაფერი… ეს იყო მძიმე რეისი, რადგან ღამე ასეთ უმძიმეს და უძნელეს გზაზე, სადაც შუქის ანთება არ შეიძლებოდა (ტყვარჩელის მხრიდან გრადებით ცეცხლს დაგვიშენდნენ), ძალზე გვიჭირდა მოგზაურიბა, მივიწევდით ნელ-ნელა და მხოლოდ დილით ჩავაღწიეთ სოფელ გენწვიშში. ძალიან იმარჯვა ჩვენმა ხვიჩამ და ყველა ეს 60 კაცი მან განადგურებას და დაღუპვას გადაარჩინა, რადგან როგორც მერე შევიტყვეთ, აფხაზი ბოევიკები მეორე დღესვე, 28 სექტემბერს შემოიჭრნენ მერხეულში და მასიურად ამოხოცეს იქ დარჩენილი ქართველები, სრულიად უდანაშაულო ხალხი, მშვიდობიანი მოსახლეობა – დახვრიტეს, გაძარცვეს, ააწიოკეს…
გიორგაძეების ოჯახი… ჩემი მეზობლები მერხეულში… მთელი შემადგენლობა – დიდები, პატარები, ჩემთვის საყვარელი და ძალზე ახლობელი გახდა. მე მათ კარგ მეზობლებს კი არა, კარგ ახლო ნათესავებს ვუწოდებ. დღესაც მახსოვს ამ ოჯახის უფროსი ბატონი მარკოზ გიორგაძე. ის 3-4 წელია რაც ამ ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ დატოვა დიდი ბრძენი კაცის სახელი. მე მასთან, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, დიდი მეგობრობა მაკავშირებდა… მას მარტო პატივს კი არ მივაგებდი, მე იგი მიყვარდა და მწამდა მამობრივი სიყვარულით…მისი შვილები – შოთა და ალიოშა, რომლებიც ჩემი მკვიდრი მეზობლები არიან, შესანიშნავი და ძალზე თბილი ადამიანებია. ჩემს ხსოვნაში, ჩემს მეხსიერებაში დამრჩა მათი დიდი ადამიანური სითბო, რომელსაც ისინი იჩენდნენ ჩვენს მიმართ ყველა ვითარებაში – ჭირში, ლხინში…
ამ გაჭირვების და განუკითხაობის ჟამსაც ისინი ვალში არ დარჩენილან… მათი ოჯახის ყველა წევრი ჩვენს გვერდით დადგა – შოთას მეუღლე ქალბატონი რაია, მათი რძლები ნანა, მარინა, შვილები ზაური, ხვიჩა, აბელი… პატარებიც რა ყურადღებით არიან – ილონა, ლევანი, ლანა… და როგორ მტკივა გული, რომ ამ ომის უბედურებამ თან გაიყოლა სვანეთის უმძიმეს გზაზე ზაურის მეუღლე – ნანა… რამდენი სითბო და ადამიანური დამოკიდებულება მახსოვს მისი, ამ არაჩვეულებრივი მეუღლის, დედის, რძლის, შესანიშნავი დიასახლისის…
ამის შესახებ მე გავიგე უფრო გვიან, თბილისში და ძალიან განვიცადე, ძალიან შევწუხდი…
ამ უბედურების ჟამს არ შემიძლია არ გავიხსენო ალიოშას მშვენიერი მეუღლე – ენერგიული და მშრომელი მანანა, რომელმაც ასე ადრე დასტოვა ოჯახი… ჩვენი ოჯახის იქ დაფუძნებისა და დამკვიდრების ერთ-ერთი ინიციატორი და მესაძირკვლე. მე არაფერს ვამბობ ამ ოჯახის სხვა…შესანიშნავ წევრებზე –ინეზა, ცარუ, ბესო, საიდა… ისინი ახლა სოფელში არ არიან, ინეზა თავისი შვილებით ბათუმშია, ხოლო ცარუ (ნატო) თავისი ოჯახით –თბილისში, როგორც ლტოლვილნი. ლილი და მისი მეუღლე გიგუშა (მარკოზის ქალიშვილი და სიძე), რომლებიც სოხუმში ცხოვრობდნენ, არ ვიცი ამ უბედურების შემდეგ სად გაიხიზნენ…
… სოხუმიდან გააფთრებული ბრძოლის ხმამ დააჩქარა ჩვენი გამგზავრება მერხეულიდან…მერხეული დავტოვეთ 27 სექტემბერს. გენწვიშის შემდეგ მანქანით გზა ვერ გავაგრძელეთ, რადგან ბენზინის პრობლემა დაგვიდგა წინ… არის საშუალება სხვა სატვირთო მანქანით გავაგრძელოთ, მაგრამ აქ (ასე ხდება არაიშვიათად საერთო გაჭირვების დროს) უკვე კომერცია ჩაერთო. ადგილობრივი მძღოლები საკენში გადაყვანაზე დიდძალ ფულს ითხოვენ. ამის საშუალება ჩვენ არა გვაქვს. უბრალოდ ასეთი კატასტროფული თანხა ჩვენ არ გაგვაჩნდა. მე ვუხმობ დიდ ზნეობას, რომელიც გაჭირვებაში ჩავარდნილ კაცს თანამემამულეებმა უნდა წააშველონ. ვუხმობ, მაგრამ სადღაა??? თუმცა კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ცალსახად შევაფასო ყველა. ჩვენს ერში უმრავლესობა კეთილი, პატიოსანი, მაღალი ზნეობისაა. რას იზამ ყველა ერში გამოერევა ხოლმე ისეთებიც, რომელთა სულსა და ხორცში შავი ფერი სჭარბობს…
… მაშასადამე ტრანსპორტი მოიხსნა. უნდა გამოინახოს სხვა გამოსავალი, დაყოვნება არ შეიძლება, რადგან ჩვენს უკან, სულ ახლოს, აფხაზეთის იმ ნაწილში, რომელიც ჩვენ დავტოვეთ, მძვინვარებს ომი, იხოცება უდანაშაულოდ ხალხი… შემდეგ, უფრო გვიან, ჩემს დღიურში გაჩნდება კიდევ ერთი პატარა ლექსი, რომლის კრედო ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ რა ვქნა, დიდის გულისტკივილით უნდა აღვნიშნო, რომ ცხოვრებაში ასეც ხდება, იგი ასახავს რეალიებს… აი მოუსმინე ძვირფასო მკითხველო და თუ მე ვცდები, გამისწორე, ამომაგდე ჭაობიდან, საიდანაც შევამჩნიე ადამიანის ეს შემაძრწუნებელი სულის ყივილი, როდესაც მას საშინლად უჭირს:
“გინდა გაგიგონ და მოგისმინონ…
მაგრამ თუ დასახვრეტად გაგიყვანენ
და თუ გესვრიან…
შენ იტყვი ალბათ: ბუზია – სპილო
და სისაძაგლე – დიდი ლექსია…
… ყველას სიცრუე საგზლად თან მიაქვს,
ბევრი ადამიანი ასეა,
გარედან ატარებს სიკეთის ნიღაბს,
შიგნიდან ბოღმით სავსეა…”
როდესაც მე ამას ვწერდი, ჩემს თვალწინ იდგა ერთი შესანიშნავი ინტელიგენტი, რომელიც ჩარჩა სოხუმში, მეუღლესთან ერთად წაიყვანეს დასახვრეტად და რაღაც სასწაულად გადარჩა… არ ვიცი მაშინ ეს ორი სრულიად უდანაშაულო ადამიანი რას ფიქრობდა, მაგრამ მე რატომღაც გამიჩნდა ტვინის ყველა უჯრედში ის აზრი, რომ შეიძლება გადარჩენის მიზნით ადამიანმა ასეთი ნაბიჯიც, საჩოთირო და გარკვეულად გაუმართლებელიც გადადგას…
… აფხაზეთში მძვინვარებს ომი… სოხუმი დაეცა… დიდ ქართველს, სახელოვან მამულიშვილს და დიდ მეცნიერს ივანე ჯავახიშვილს ეკუთვნის ეს სიტყვები: “არც ერთ მტერსა და მომხდურს არ მიუყენებია იმდენი ზიანი საქართველოსათვის, რამდენიც თვითონ ქართველებს.”
ეროსი მანჯგალაძე ხშირად იმეორებდა თურმე “მხიარული ადამიანები დარდიანები არიან”, დოსტოევსკი აცხადებდა “ადამიანები მარტონი არიან დედამიწაზე…”
არ ვიცი რატომ მომაგონდა ყველაფერი ეს სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით. ალბათ იმიტომ, რომ სოხუმის დაცემაში თვითონ ქართველებმა დავაშავეთ, რომ არ გავერთიანდით, ერთ მუშტად იყო შეკვრა საჭირო…
და ისევ ათასი სხვადასხვა აზრი სვანეთის გზებზე… ერთხელ ლილის ვეხუმრე კიდეც: ჩვენ უცხოეთის ბევრი ქვეყანა დავათვალიერეთ ერთად – პარიზი და პრაღა, ბუდაპეშტი და ბელგრადი, სოფია და ვენა, კარლოვი ვარი და ბუქარესტი, პარიზი და მარსელი და მრავალი სხვა ქვეყანა და ქალაქი, და ამ შავი დღისთვის შემოვიტოვეთ ჩვენი ულამაზესი სვანეთი, რომ გავმაგრდეთ, რომ ჩვენში ჩარჩენილი ყველა ძალა შევკრიბოთ და ამ უმძიმესი მდგომარეობიდან ღირსეულად გამოვიდეთ…
… მაშასადამე ჩვენ საკენში ვართ, უნდა ვიჩქაროთ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, დაყოვნება არ შეიძლება, ჩვენ უნდა გადავრჩეთ, უნდა გავუსწროთ დაბომბვას, ამოხოცვას, უნდა გადავრჩეთ… ეს არის ახლა მთავარი ამოცანა, რადგან აფხაზეთში მძვინვარებს ომი… სოხუმი დაეცა… მტერი შეიძლება დაეწიოს სვანეთის გზებზე გაბნეულ და მიმოფანტულ აწიოკებულ, გაჭირვებულ ხალხს და საგულდაგულოდ ამოწყვიტოს იგი… მშვიდობიანი, უდანაშაულო ხალხი…
განა ცოტაა ასეთი ფაქტები… მაშინ მე ეს ფაქტები არ გამაჩნდა, რადგან მოწყვეტილი ვიყავით ინფორმაციის წყაროებს… თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მე გავიგე თუ რა ბარბაროსობით, ცინიზმითა და სადიზმით ჟლეტდნენ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები იყვნენ??..??..??
საკენში მთელი სოხუმი ჩამოსულიყო თითქმის, ხალხმრავლობაა, ბევრი ნაცნობია ჩემი… არის შანსი შვეულმფრენით გაფრენის, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს თითქმის შეუძლებელია, რადგან რეისები შეზღუდულია, პირველ რიგში ამგზავრებენ ღრმად მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს… აქაც, როგორც შევიტყვეთ, თავხედობის ელემენტებიც არის ჩართული… ვინ როგორ შეძლებს თავის გადარჩენას და სამშვიდობოზე გასვლას. დიახ, თავხედები ამ სიტყვის ქვეშ (“გადარჩენა”) მოქმედებენ და ხელოვნურად შექმნილ რკალს გასაოცარი სიჯიუტით არღვევენ…
… საკენის ცენტრალური მოედანი საკუთარი ჟიგულებით, ვოლგებით, მრავალი სხვადასხვა მარკის მანქანით არის გაჭედილი… ეს მანქანები უღელტეხილზე ვერ გავლენ, ისინი აქ უნდა დატოვონ… და ამ აწიოკებული, გაჭირვებული, ბედუკუღმართი ხალხის ქონებას ვინღა შეინახავს, მას გაძარცვავენ და ამის ხარჯზე დიდძალ ფულს დააგროვებენ… ასეთი უზნეონი ვართ, ყველა, რასაკვირველია, არა, მაგრამ გარკვეული წილი მაინც… თბილისში ჩასვლის შემდეგ ერთ ოჯახში მოვხვდი, უაღრესად წესიერი, პატიოსანი, განსწავლული ადამიანები სახლობდნენ იქ… მაგიდაზე იდო გახსნილი ბიბლია, სადაც მე ამოვიკითხე: “აჩქარებისას ვთქვი: ყველა ადამიანი ცრუობს”. რამდენი ჩვენი ცხოვრების შეურყეველი კანონი, უტყუარი ფილოსოფიაა ჩადებული ამ ღრმა სიტყვებში.
“აჩქარებისას…” ალბათ იმიტომ, რომ მაღალი ღმერთი მაინც მიიჩნევს, რომ ყველა არ არის ცრუ. ეს შეიძლება ყველამ თავისებურად წაიკითხოს, მე ახლა ამას ამჟამად აქ არ გავშიფრავ, სხვა დროისათვის შემოვიტოვებ… ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე ადრე, ღმერთი მე არასოდეს არ მწამდა, არ დავდიოდი ეკლესიებში, მაგრამ ცხოვრების ყველა ეტაპზე ღმერთის მსახურთა მიმართ ვიყავი პატივმიგებით, პატივისცემით, მოკრძალებით… ჩემს ყოველდღიურ ლექსიკონში არა იშვიათი იყო სიტყვები – “ღმერთმა ხელი მოგიმართოს”… “აგაშენა ღმერთმა”… “ღმერთი საბოლოო ანგარიშს გაუსწორებს უზნეო ადამიანებს” და ა.შ. ესე იგი, ჩემში, როგორც ადამიანში, ღმერთი მაინც სადღაც თავის გარკვეულ ადგილში ჩაჯდა. ღმერთს დაუკავშირდა რწმენა ჩემი და სწორედ ამიტომ ჩემს ერთ ლექსში მე ჩავწერე: “მე ისევ ვდგავარ რწმენის კედელთან, არა, არა ვარ მე წაქეცული”, ხოლო მეორე ადგილას კი ასეთი ფრაზა ჩამოყალიბდა, რომელმაც შემდგომ ჩემს სულში, აზრსა და გონებაში კანონიერი უფლება მოიპოვა. აი ეს სიტყვებიც:
“შემდეგ სიღრმეში გავედით ერთად
და დაგვეუფლა აზრი დიადი…
უცბად განათდა მთელი წყვდიადი,
თითქოს გველოდა შეხვედრა ღმერთთან…”.
ან კიდევ ლექსი, რომელიც თბილისში დაიწერა და ისევ ჩვენს გაჭირვებულ, აწიოკებულ, აფხაზეთიდან ასე უსამართლოდ გამოძევებულ ადამინებს მიეძღვნა, ერთ პატარა ბიჭს, რომელიც ამოუხსნელი აზრით და დარდით მეტროში ხელებგაწვდილი მათხოვრობს, რომ გადარჩეს… და ბოლო სიტყვებით მე ისევ ღმერთს მივმართე:
“ღმერთო ძლიერო ჩაკეტე ღამე,
მზე ჩაუყენე იმ ბიჭის თვალებს…”
და ერთი გახსენება კიდევ, რომელიც ჩვენი თემის გაგრძელებაა. თბილისში ალექსანდროვის პარკში რუსთაველთან, ქაშუეთის ეკლესიის შემოგარენში სრულიად შემთხვევით შევესწარი საუბარს. ორი ქალიშვილი და ერთი იქ მომუშავე ფოტოგრაფი არჩევდნენ სიცოხლისა და სიკვდილის ყველაზე საჭირობოროტო საკითხებს, საუბრის ძირითადი თემა გახლდათ ისევ და ისევ ღმერთი.… საუბარში ჩემი ჩათრევაც მოინდომეს, ჩემს ჩანთაში მე, როგორც ყოველთვის მეწყო ეკოლოგიური ლიტერატურა, ეს საუბარი გაგრძელდა 10 წუთი,… მე კორექტულად მათ ჩემი შეხედულებანი მოვახსენე და როდესაც დავტოვე ისინი, უცბად ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდა კიდევ ერთი პატარა ლექსი ომის თემატიკაზე დაწერილი, რომელსაც დავარქვი: “მიმტევებლობა??? შურისძიება???” მე მაინც ძალიან მინდა გადავუხვიო საუბარს (თუმცა ეს გადახვევა კი არა საუბრის გაგრძელებაა, მაღალ ტემპსა და რიტმში, როცა აზრის დაძაბულობა კი არ იხსნება, არამედ უფრო ღრმავდება და ფართო მაშტაბურობას იძენს).
“სიზმარშიც… ცხადშიც მე ვხედავ ზღვას…
როგორ მომენატრე ჩემო ქალაქო
მე გული მტკივა, რა ვუთხრა სხვას
როცა შენიანი გღალატობს….
კვლავ გაზაფხულის სიომ დაჰბერა
მზეს გაუღიმეს ლურჯმა იებმა…
რა ავირჩიო ღმერთო ამჯერად
მიმტევებლობა???
შურისძიება???
ჩემს ირგვლივ ვხედავ სისხლიან ფერდობს,
ვეღარ ვისვენებ, არ მეძინება….
მიშველე ღმერთო, მიხსენი ღმერთო…..
მიმტევებლობა???
შურისძიება???
სევდა მაწვება მთლიანად ერთობ…
და იკინძება ცრემლი მძივებად…
რაღა ვქნა ღმერთო,… მირჩიე ღმერთო…
მიმტევებლობა???
შურისძიება???
……. დიახ, აი, აქ საკენში, როდესაც შეიკრიბა სოხუმელთა ერთი ნაწილი თავისი მოკრძალებული ბარგით (ზოგს ისიც არ აქვს წამოღებული, ბარგი – ეს ფაქტიურად მხოლოდ ერთი პატარა ჩანთაა), ისიც შეიძლება დაიკარგოს. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ახლა არის გადარჩენა. დაიკარგოს ყველაფერი, მაგრამ გადაარჩეს ადამიანი, ცოცხალი, რომ მერე ისევ მთელი თავისი სიღრმეებით, აზრით, მოქმედებით, ბრძოლისუნარიანობით აღსდგეს და ჩადგეს ცხოვრებისათვის ბრძოლის აქტიურ, ყოველდღიუად დაძაბულსა, მაგრამ მეტად საინტერესო ფერხულში.. .
სიცოცხლეს მეორეჯერ ვერ შეიძენ. სხვე ყველაფერი შეიძლება აღადგინო, თუმცა მძიმედ, დიდ ტრავმად გაწვება ყველაფერი იმის დაკარგვა, რაც შენ მთელი ცხოვრების მანძილზე ასე შრომითა და რუდუნებით შეიძინე ცხოვრებისათვის აუცილებლად საჭირო(ნუ გავშიფრავთ ვინ როგორ შეიძინა და რა შეიძინა, მე საუბარი მაქვს მხოლოდ წესიერ, პატიოსან ადამიანებზე და არა ბანდიტური თავდასხმებით მოხვეტილ ქონებებზე, რომელთა რიცხვი, ამას ვაცხადებ დიდი გულისტკივილით, ჩემს გარშემო ცოტა როდია). ახლა ყველაფერი ეს ერთი ხელის მოსმით უნდა გადაიყაროს და დაიკარგოს, იმიტომ რომ ვიღაც ლაწირაკს და თავხედს ასე უნდა . . .
. . . საკენში საღამოს ერთმა კეთილმა სვანის ოჯახმა შეგვიფარა . . . ღამე იქ საკენში გავათენეთ და გადავწყვიტეთ უკვე 29 სექტემბერს (ეს ლილის დაბადების დღეა) გამთენიისას საკენიდან ფეხით გავუდგეთ გზას უღელტეხილის გავლით ჭუბერში . . .
. . . იწყებოდა გოლგოთას გზა, მაგრამ ამავე დროს როგორც იტყვიან ხოლმე, дорога жизни…
მერე უფრო გვიან, როდესაც მე და ლილი თბილისში ჩავალთ საშინლად დატანჯულები, განაწამებნი და იქ გავაგრძელებთ დროებით (რადგან სოხუმში დაბრუნება აუცილებლად უნდა მოხდეს) ცხოვრებას, ჩემს ბლოკნოტში გამოჩნდება შემდეგი სტრიქონები:
“ამაღამ, მგონი ჩადგება ქარი . . .
და მოევლება დატანჯულ აზრებს,
დარეკავს ისევ სიცოცხლის ზარი,
შუქი გაჩდნება გოლგოთას გზაზე . . .”
გალაქტიონი!
მისი ლექსის ეს უბრწყინვალესი სიტყვები მთელი ერთი კვირა არ მაძლევდა მოსვენებას საბურთალო-ვაკის გადასარბენზე (. . . ამაღამ მგონი ჩადგება ქარი . . . “_, არა მარტო იქ, არამედ ღამით, დღისით, სახლში, სამსახურში, ყველგან. . . და სწორედ როდესაც ჩვენ უკან მოვიტოვეთ გოლგოთას გზა, იქ შევამჩნიეთ შუქი, რწმენისა და დაკარგული იმედის აღდგენის შუქი, რომელსაც შეუძლია ისევ ადამიანურ რიტმში ჩვენი დაბრუნება და ჩაყენება . . . “ და ისევ იმ გადასარბენზე” შეიქმნა გალაქტიონის ლექსით დამშვენებული ჩემი აღსარება და საუბარი საკუთარ თავთან:
“ ამაღამ, მგონი ჩადგება ქარი . . .
და გაბრწყინდება სიწმინდე დილის,
აგუგუნდება ჩანგი და ქნარი,
მზე დაადგება სოხუმს და თბილისს . . .”
ღმერთმა ქნას!
ღმერთმა ქნას!
29 სექტემბერი ლილის დაბადების დღეა. ჩვენ უკვე ერთად ვართ 36 წელი, მაგრამ დაბადების დღეს ასეთ ვითარებაში არასოდეს შევხვედრივართ და როდესაც გავდიოდით ჭუბერის უღელტეხილის უმძიმეს ტრასას, მოვნახე საუკეთესო ნაძვი უმაღლეს წერტილზე გამორჩეულად მდგომი, მოვწყვიტე მას ულამაზესი ტოტი. ლილის საჩუქრად გადავეცი. მერე უფრო გვიან, როდესაც ჩვენ თბილისში ჩავაღწიეთ. ეს ტოტი მე საგანგებოდ შევინახე და ასეთი წარწერაც გვერდით დავუყენე: “ ლილის ეს ნაძვის ტოტი, რომელიც ჭუბერის უღელტეხილზე მოვწყვიტე ნაძვს, ყველაზე ულამაზესს, ყველაზე გამორჩეულს დაბადების დღეს, 29 სექტემბერს იმ უმძიმეს წუთებში, როდესაც ლილი და მე გადავდიდით ამ უღელტეხილის ურთულეს ტრასას- ალპურ ზონას, ვუსახსოვრე საჩუქრად. სამწუხაროდ, იმ დღეს სხვა საჩუქარი არ გამაჩნდა. სვანეთის მთებში იმ დღეებში ბევრი ლტოლვილი გაწყდა და ჩაიხოცა . . .
1993 წლის 29 სექტემბერი, Qუბერის უღელტეხილის შუა გზა”.
ხხხ
. . . შორიდან გამოჩნდა სამი ანძა . . . იმედის მომცემი . . . ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, როდესაც ჩვენ ამ უღელტეხილს დავადექით, გვითხრეს, რომე ეს არის უღელტეხილის ბოლო წერტილი, იქ მთავრდება იგი და შემდეგ რამდენიმე კილომეტერს რომ გაივლით, სოფელი ჭუბერი გამოჩნდება, ეს კი უკვე თითქმის მშვიდობაში გასვლას ნიშნავს.
. . . სამი ანძა. . . ეს ელექტროხაზის ანძებია . . უღელტეხილზე დგანან იინი, როგორც ჯარისკაცები და თითქოს ამ გაჭირვებულ, ხიფათში ჩავარდნილ ხიზნებს მშვიდობის და გადარჩენის გზას უჩვენებენ . . . ეს ბოლო კილომეტრები ყველაზე უმძიმესი აღმოჩნდა . . .
მივდივართ და გზას ბოლო არ უჩანს. ლილი და ლამარა ძლივს მოათრევენ ფეხებს, ძალიან უჭირთ . . . ერთმანეთს ვეხმარებით. საღამომდე უნდა ჩავაღწიოთ აუცილებლად კარვამდე, სადაც მწყემსებია გაჩერებული. იქ უნდა გავათიოთ ღამე. ჩვენს ირგვლივ ზღაპრული ბუნებაა – ტყე, მდინარე, ტბა, ბუჩქნარები, მაგრამ დატანჯული და დაღლილი ხალხი ამ მშვენიერებას ყურადღებას არ აქცევს . . . ძალიან უჭირთ გადასვლა ქალებს, მოხუცებს, ბავშვებს . . .
. . . შემდეგ კი როდესაც დამთავრდება ეს გოლგოთას გზა, როცა ბევრი აქ დაიმარხება, ვერ ჩააღწევს სამშვიდობოს, ერთი გამორჩეული მწერალთაგანი აფხაზეთში მცხოვრებ ქართველ მწერალთა შორის გამოსცემს დოკუმენტალურ მოთხრობას “დევნილთა უღელტეხილი” (საკენი – ჭუბერი).
გურამ ოდიშარია იქ იტყვის: “ სულ სხვაა, როცა უღმერთო გზას შემდეგ მშვიდად უბრუნდები. მშობლიურ სახლს – მარადისობას, სადაც ადრე თუ გვიან ყველამ უნდა მოვიყაროთ თავი . . . “ მაგრამ, დამერწმუნეთ, რომ აქ ჭუბერის უღელტეხილზე ამ ქვეყნის დატოვება არავის უნდა, ყველა ცდილობს გადარჩეს და სამშვიდობოზე გავიდეს. . . თურმე ადამიანის სიკვდილსაც თავისი დრო, ადგილი და მანძილი სჭირდება ამ სიხარულითა და წამებით აღსავსე დიდ ტრასაზე, რომელსაც ჰქვია სიცოცხლე და სიკვდილი . . . დაწყება და დამთავრება . . . .
უფრო გვიან, როდესაც თბილისში თითქოს დავლაგდით (მაგრამ ვაი ასეთ დალაგებას, რადგან აფხაზეთისა საკითხის გადაწყვეტა ძალზე გაჭიანურდა), მე წავიკითხე ჩემთვის მეტად საყვარელი პოეტის შოთა ნიშნიანიძის მშვენიერი ლექსი, რომელიც მინდა ჩემთან ერთად იყოს, ჩემს გვერდით, ჩემს ოჯახში, ჩემს აზრსა და გონებაში. ამიტომ ამ ჩემს კრებულში მინდა მთლიანად შევიტანო ლექსი, რომელსაც ჰქვია “წუთისოფელი” :
“რა ჩქარა, რა ჩქარა, რა ჩქარა დამთავრდა,
ეს ნელი რონინი გაზაფხულ-ზამთართა,
ბავშვობაც რა ჩქარა, რა ჩქარა დამშორდა,
რა ჩქარა მოვიდა სიბერის ბავშვობა,
მე კიდე სულ ფრენა, სულ რბენა მინდოდა,
გრიალი ჩანჩქერით, ტრიალი მინდორთა,
რაც იყო ან კიდევ, არც იყო აშკარად
რა ჩქარა დამთავრდა, რა ჩქარა, რა ჩქარა . . .
რა ჩქარა გავთენდი, რა ჩქარა დავღამდი,
სალამი ვერ მითხარ . . .
ნახვამდის . . .
ნახვამდის . . .
ეს არის ლექსი შედევრი . . . აი, ასე უცბად მთავრდება ჩვენი ცხოვრება, ჩვენ მას არ ვუფრთხილდებით, ჩვენ მას ხშირად შევურაცვხყოფთ . . . მინდა მთელი ჩემი შესაძლებლობების დაძაბვით ხმამაღლა გადავძახო მთელს პლანეტას და მსოფლიოს ხალხებს იულიუს ფუჩიკის ცნობილი სიტყვები პერეფრაზით: “ადამიანებო, მე თქვენ მიყვარდით, იყავით ფხიზლად, იბრძოლეთ ცხოვრების ბოლო წუთებამდე მედგრად, თავგამოდებით, უკანდახევის გარეშე, გამარჯვების დიდი სურვილით და თქვენ გაიმარჯვებთ . . . ადამიანი თავის ყველა ასაკში მეტად საინტერესოა და შეუდარებელი, ცხოვრების ყველა ასაკში შეიძლება მის ტვინსა და გონებაში ჩაკეტილი ბევრი ახალი უჯრედი გაიხსნას, გაიშალოს, ამოქმედდეს, რომ მან სასწაულები ჩაიდინოს . . . “ეს აზრთა სხვადასხვაობა, ფიქრი ყველაფერზე და არაფერზე, გონების გამოფხიზლება და არა იშვიათად აზრთა და ფიქრთა შეჯახებები და ხშირად წონასწორობის აღრევა და დაბნეულობა – აი, ამ გზაზე ძალიან ხშირად მორიგეობენ ხოლმე.
ადამიანის ტრაგედიის შემაძრწუნებელი ფაქტები აქ ყოველ ნაბიჯზე გვხვდება, ეს ამაზრზენია და იწვევს დაუოკებელ გულისტკივილს. მაგრამ რა ვიცოდი, რომ წინ ჩვენს დიდ ოჯახს ელოდა საშინელი ტრაგედია . . .თბილისში ჩვენ ჩამოვაღწიეთ ოქტომბრის სამში 1993 წელს, ხოლო რამოდენიმე თვის შემდეგ 1994 წლის 27 იანვარს მოსკოვში ოპერაციის შემდეგ დატოვა ეს ქვეყანა ჩემმა სრულიად ახალგაზრდა ძმისშვილმა – საყვარელმა, უჭკვიანესმა, ულამაზესმა, დაუვიწყარმა რუსიკო რიგვავამ . . . ეს ტრაგედია ჩვენთვის იმდენად უმძიმესი და უდიდესი იყო, რომ მან აფხაზეთში მომხდარი უბედურებანი მთლიადან გადახაზა . . . უეცრად, მოულოდნელად დაიღუპა სულიად ახალგაზრდა 29 წლის ასაკის, მოსკოვში, ოპერაციის მესამე დღეს. ის იყო უდიდეს ტრაგედია . . . არ ვიცი ჩვენი დიდი ოჯახის ამას როგორ გაუძლებს . . .
არ ვიცი რატომ გაიღო ღმერთმა ასეთი მსხვერპლი ჩვენგან . . . ჩემი ძმის სერგოს და მისი მეუღლის ვიქტორიას ოჯახი თავისი სიკეთით ყოველთვის გამორჩეული იყო, რამდენი კარგი გაუკეთებიათ ხალხისთვის და რატომ შეხვდა მათ ასეთი უსამართლობა . . . ახლა, როდესაც ამ სტრიქონებს ვწერს თებერვლის 20-ია და მთელი ჩვენი ოჯახი ტრაურშია და ცრემლში იხრჩობა . . .
ჩემს დაუვიწყარ, საყვარელ რუსიკოს როგორი სითბო და სიყვარული აკავშირებდა ჩემს შვილებთან, ჩემი ოჯახის ყველა წევრთან . . . ის მე ჩემს შვილებში გამორჩეული არ მყოლია. . . . და ვაგლახ, რომ მისი ბედი ასე უკუღმართად წარიმართა . . . თითქოს მასზე დაუწერია ლექსი ახალგაზრად პოეტს თამაზ ბაძაღუას, რომელიც 28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა 1987 წელს თბილისში:
“ გზა გადაქანდა საღაც გვერდულად,
ვერ მივუყენე ნავი სანავეს,
შენ იმ ვარდივით ხარ უბედური,
რომელიც ჭკნება გაშლისთანავე . . . “
და ჩემს ბლოკნოტში გაჩნდა სტრიქონები, რომლებიც ძვირფასი რუსიკოს უკვდავებასა და მის დიდ სიყვარულს ქადაგებენ:
“ისევ ჩადგება ბარში აპრილი . . .
და გაზაფხული უშენოდ მოვა . . .
რამდენი ცრემლი შენზე დაღვრილი . . .
რამდენი დარდი, სევდა და გლოვა . . . “
ან კიდევ:
“შენი Qჭკვიანი დიდი თვალების,
შუქი და სიბრძნე ისევ ანათებს,
არ მჯერა შენი ფერისცვალების
შენი სიკეთით,
შენი სიმართლით,
შენი ღიმილით,
შენი სინათლით,
შენ კვლავ დადიხარ ამ ქვეყანაზე . . . “
ან კიდევ:
“ მე ყოველ დილით მოვდივარ შენთან
როგორ მაწუხებს სევდა ულევი,
მესმის შენი ხმა და გულის ფეთქვა,
ვივსები ცრემლის ნაკადულებით . . . “
და აი ასე დღენიადაგ არ მშორდება სახელი და ნათელი ჩვენგან ასე უდროოდ, მოულოდნელად წასული, ჩვენი სისხლის და ხორცის უჭკვიანესი რუსიკოსი, რომელმაც ყველა შეგვძრა და აზრი დაუკარგა მთელი ჩვენი ოჯახის შემდგომ ცხოვრებას.
სწორედ ბრძანებს მწერალი გურამ ოდიშარია: “მშობლიური სახლია – მარადისობა, სადაც ადრე თუ გვიან ყველამ უნდა მოვიყაროთ თავი…”
მაგრამ ვაი, რომ ასეთ ასაკში იქ წასვლა არის უდიდესი შეცდომა და დანაშაული, რომელიც თუ შეიძლება ასე ითქვას ღმერთმა არ უნდა დაუშვას, დედამიწაზე ასეთი ცოდვა უნდა გამოირიცხოს…
ამ ტრაღედიას ვერაფერი ვერ გაასწორებს და იგი ბოლომდე გაჰყვება ჩემს ცხოვრებას როგორც ყველაზე უმძიმესი და უდიდესი ტრავმა და დიდი ტკივილი, რომელიც მე შემხვედრია ამ 63 წლის მანძილზე…
ასეა ჩვენი ცხოვრება… ამბობენ ადამიანი დაბადების დღიდანვე ყველაფრისათვის უნდა იყოს მზად. მე კი დღეს ასეთ უმძიმეს პირობებში ჩავარდნილი თითქმის ყოველ დილით ვუბრუნდები ჩემს საწერ მაგიდას და ვიმეორებ ჩემთვის სიტყვებს (როცა საკუთარ თავთან ვსაუბრობ), რომლებიც მუდამ თან მახლავს:
ეს არის ჩემი მუდმივი სახლი
და მშობლიური ეს არის ბინა…
აქ ადამიანს დატანჯულს, დაღლილს
მარადიული სიმშვიდით სძინავს…
ამ ქვეყნად ბედნიერი არავინ არ არის – მითხრა ჩემმა ერთმა მეგობარმა. მან გაიხსენა ლადო ასათიანის ცნობილი ლექსიდან ფრაგმენტი: “… ვიშვი, ვიწამე, ვითამაშე რა, მანვე დამშალა ვინც აღმაშენა”, მაგრამ მე მას არ დავეთანხმე… ბედნიერი ოჯახები არიან, მაგრამ სამწუხაროდ ბედნიერებასა და უბედურებას შორის სულ რამდენიმე ნაბიჯია, როგორც ერთმა ცნობილმა მწერალმა ბრძანა, ისინი პარალელურად არსებობენ და მიდიან…
29 სექტემბერი იწურება… დღის მეორე ნახევარია. ჩვენს ჯგუფს შემოუერთდა ვალიკო ჭანიას ოჯახი. უფრო სწორად ისინი დაგვეწიენ ჩვენ, მისი მეუღლე და ვაჟი. ვალიკო ჭანია სოხუმში კარგა ხანია მუშაობს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია, პროფესორი, ამჟამად ხელმძღვანელობს სოხუმის უმაღლეს ჰუმანიტარულ კომერციულ ინსტიტუტს. დღე იწურება და კარგა დაღლილები ვართ, ძალიან უჭირთ ბავშვებსა და მოხუცებს, ქალებს… უნდა ჩავაღწიოთ სიბნელემდე კარვამდე, ღამე იქ უნდა გავათიოთ…… შემდგომ, 1994 წლის თებერვლის ნომერში “ლიტერატურულ საქართველოში” საერთო სათაურით “ნოემბრის დღიური” ამ გადასვლას შემდეგი სტრიქონები მიუძღვნეს:
გადაიარე შავო ღრუბელო,
მოთქმავ მიყუჩდი, ცამდე ასულო!
ვაი დალო და ვაი ჭუბერო,
ვაი გოლგოთის გზავ უსასრულოვ…
ბალღებს რა უნდათ ამ ბნელ ღამეში
როგორ დაძლევენ ამ ძნელ მანძილებს,
მე მათი კვნესა ახლაც ჩამესმის…
რა დამაძინებს… რა დამაძინებს…
აი ასე ეცემოდა გაყიდული საქართველო. ამ სიტყვას “გაყიდული” ყველა თავისებურად კითხულობს. მე იგი მაინც ვიხმარე. ვინც ჩემს ჩანაწერებში ჩაიხედავს, იმან ისე წაიკითხოს, როგორც თვითონ მოესურვება… ისტორიის იმ მონაკვეთში (მე არ ვეხები ჩვენი ხალხის ისტორიის სხვა საუკუნეებს), როდესაც ჩვენ ამ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება, ასე განადგურებული, ასე აწიოკებული, ასე დაბეჩავებული, ასე წაქცეული არასოდეს ყოფილა ქართველი კაცი, როგორიც დღესაა… მისი კულტურა, მისი ეკონომიკა – დაგლეჯილი, დახლეჩილი, განიავებული… გაძარცვული…
ვინ უნდა აგოს პასუხი ამაზე ერის წინაშე???
ალბათ ეს ჰქონდა მხედველობაში გრიგოლ აბაშიძეს ლექსების იმავე ციკლში, როცა მან საქვეყნოდ განაცხადა:
გვიან მივხვდი: ყოველი ცუდიც, კარგიც მოაქვს დროს,
ჩემს ბედს ვგმობდი, რომელმაც შენს დაცემას მომასწრო…”
ან კიდევ:
სულ ასე მიდის უთავბოლოდ ჩვენი ცხოვრება,
უსასრულობას რადგან არ აქვს თავი და ბოლო…”
… ალბათ დრო მიუჩენს ყველაფერს თავის ადგილს…
დღეს კი…
ამ გოლგოთას გზაზე მთავარია ცოცხალი გადარჩე… მაგრამ ვაი ასეთ გადარჩენას. იმ დღეებში ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი… რა ვიცოდით მაშინ, რომ სოხუმის დაცემას მთელი აფხაზეთის ქართველების აწიოკება მოჰყვებოდა, განადგურება ქართველთა, ვისთანაც კი ფაშისტ ჯალათებს (სხვა სიტყვა ვერ მოვძებნე იმათ მიმართ ვინც უდანაშაულო ადამიანებს ფიზიკურად ანადგურებდა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი იყო) ხელი მიუწვდათ.
მერე კი უფრო გვიან, როდესაც ჟენევაში მოლაპარაკება 10 თებერვალს დააფიქსირებს (1994) გალში ლტოლვილთა დაბრუნების პირველ ეტაპად და როდესაც თბილისში 3 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი ხელს მოაწერს ხელშეკრულებას, ამის შემდეგ თებერვლის 4-5-6-7 რიცხვში აფხაზმა ფაშისტებმა მასიურად გაანადგურეს და გადაწვეს გალის რაიონი. ისტორიას ადამიანთა ასეთი გაჟლეტისა და დახოცვის ბევრი ფაქტი არა აქვს დაფიქსირებული. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო (თბილისში ფუნქციონირებს) თავის განცხადებაში სავსებით სწორად მიუთითებდა: “ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ ხომ უნდა მოუღოს ბოლო უზომოდ გათავხედებულ სეპარატისტთა და რუსეთის დესტრუქციული რეაქციული ძალების წარმომადგენლების და მათ დამქაშთა სისხლიან ორგიებს”.
ან კიდევ (ესეც სწორი, მართებული შენიშვნაა): “არძინბას ხროვის ფაშისტური დიქტატურა როდია აფხაზი ხალხი და მით უმეტეს, არც მთელი მრავალეროვანი აფხაზეთი…”
… 29 სექტემბრის საღამოა. ჩვენ მივიწევთ წინ და ვათვალიერებთ ჩვენს ირგვლივ მდებარე ტერიტორიას. გვინდა, ძალიან გვინდა, რომ საცაა გამოჩნდეს კარვები, სადაც ღამის გათენება მოგვიწევს. უკვე სულ ცოტა დარჩა დაბნელებამდე… და გამოჩნდა ეს კარვებიც… ახლა მთავარია იქ დასაჯდომი ადგილი მაინც იშოვო, რომ დილამდე მიუჯდე დანთებულ ცეცხლს და გათენების ჟამს გზა გააგრძელო… სიბნელემ მოიცვა აქაურობა. ჩვენ უკვე კარავში ვართ. აქ ცეცხლი დაუნთიათ და გაჭირვებული, გათოშილი, დაღლილი, შიმშილისგან ღონეწართმეული ლტოლვილები ცდილობენ ცეცხლთან ახლოს მონახონ დასაჯდომი ადგილი, გათბენ და რაიმე საჭმელი მოძებნონ, გამაგრდნენ… ლილი, ლამარა და მე ვალიკო ჭანიასთან, მის მეუღლესთან და ვაჟიშვილთან ერთად ერთ კუთხეში მოვთავსდით. ლამარას თავის ჩანთაში ცოტა შაქარი აღმოაჩნდა, ვალიკოს კი პურის ნატეხი და ცოტა ყველის ნაჭერი დარჩენია. ვიღაცამ წყალი აადუღა და ეს ნარჩენები ნამცეც-ნამცეც გავინაწილეთ. მთელი ღამე ასე გავათიეთ კარავში. ვიღაცას რადიომიმღები აღმოაჩნდა… გვიან ღამე აქ სვანეთის მთებში იმედდაკარგული და იმედგაცრუებული ხალხი, სასოწარკვეთაში ჩავარდნილნი ვუსმენდით რადიოთი უკანასკნელ ცნობებს, მაგრამ საიმედო არაფერი ჩანდა…
… ომი წაგებულია… ხალხი იხოცება, უდანაშაულო ხალხი…
…ჩვენამდე უკვე გზაში მოაღწია ხმამ, რომ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა დახვრიტეს… რომ შევარდნაძე გადადგა და მისი ადგილი დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩიკვაიძემ… ეს ყველაფერი ჭორის დონეზეა…
აი ასე ერთმანეთს მიყრდნობილი ვიყავით მთელი ღამე კარავში. დილის 6 საათზე კი, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ბნელოდა, გავუდექით გზას ჭუბერისაკენ. დავგეგმეთ, საღამოს აუცილებლად სოფელ ჭუბერში უნდა ვიყოთ… ეს მონაკვეთი აუცილებლად ერთ დღეში უნდა გავიაროთ… გათენდა… 30 სექტემბერია…

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button