Boston Dynamics ემზადება პირველი კომერციული რობოტის გამოსაშვებად
კომპანია Boston Dynamics-ის რობოტები ბოლო წლებია რეგულარულად იქცევენ საზოგადოების ყურადღებას. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ კომპანია ემზადება პირველი კომერციული ქმნილების წარსადგენად. საუბარი ეხება ოთხფეხა რობოტს, სახელად Spot, რომელიც მალე გამოჩნდება გაყიდვაში.
Boston Dynamics-ის გენერალურმა დირექტორმა Marc Raibert-მა განაცხადა, რომ ამ დროისათვის რობოტი Spot გამოცდას გადის რამდენიმე „გადასამოწმებელ კონცეფციაში“, მაგალითად, მისი ტესტირება ხდება ამანათების მიწოდებასა და გეოდეზიური სამუშაოების ჩატარებაში. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად რობოტის გაყიდვის ზუსტი თარიღის არარსებობისა, იგი უახლოეს თვეებში გამოვა ბაზარზე. ამ პერიოდის განმავლობაში რობოტი მასშტაბურ ტესტირებებს გაივლის და საბოლოოდ დასრულდება მის დიზაინზე მუშაობაც.
Boston Dynamics-ის რობოტების დემონსტრირება მოხდა Amazon Re: MARS კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნება მოწინავე რობოტექნიკას, მანქანურ სწავლებასა და კოსმოსის ათვისების საკითხებს. კომპანიის წარმომადგენლებმა აჩვენეს, თუ რამდენად მარტივადაა შესაძლებელი რობოტების მართვა D-pad კონტროლერის მეშვეობით. ეს ნიშნავს იმას, რომ რობოტის მართვას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.
კომპანიას მკაფიო წარმოდგენა აქვს, როგორი უნდა იყოს მისი რობოტები, თუმცა რთული სათქმელია, შეძლებს თუ ვერა Boston Dynamics სიცოცხლისუნარიანი ბიზნესის დაფუძნებას. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამჟამად მთავარი ამოცანა წარმოების გაფართოებაა. დღესდღეობით Boston Dynamics-ს 50 ერთეული რობოტი Spot აქვს, სამომავლოდ კი დაგეგმილია ყოველ წელს 1000 ეგზემპლარის წარმოება.
რობოტი Spot-ის ფასი ჯერ არ გახმაურებულა, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლის თქმით მისი ღირებულება პროტოტიპის ფასზე ბევრად მცირე იქნება.