განხილვამუსიკა

სერგეი გურბელოშვილი, ნიკოლაი ლევინოვსკი, თამაზ ყურაშვილი – Classical Jazz Ballades (1988)

orchestral jazz

ტრეკლისტი:

  1. My Funny Valentine (10:18)
  2. Yesterdays (8:06)
  3. My One And Only Love (8:02)
  4. Lush Life (6:26)

შემადგენლობა:

  • სერგეი გურბელოშვილი – საქსოფონი
  • ნიკოლაი ლევინოვსკი – ფორტეპიანო
  • თამაზ ყურაშვილი – ბასი
  • კიროვის სახ. ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის კამერული ორკესტრი (დირიჟორი: ვახტანგ მაჭავარიანი)

მოგეხსენებათ, რომ ჯაზს საქართველოში საკმაო ტრადიციები აქვს. ქართულ ჯაზს ჯერ კიდევ ორმოცდაათიანების ბოლოს, გურამ ბზვანელის „გეპეის ჯაზ-კვარტეტის“შექმნამ დაუდო საფუძველი; შემდეგ ათწლეულებშიც პერიოდულად ჩნდებოდნენ ჯაზ-შემსრულებლები და ორკესტრები. ვინაიდან საბჭოთა ცენზურა ჯაზს შედარებით ლოიალურად უყურებდა, ქართული როკ-ჯგუფების უმრავლესობაც ცდილობდა როკ-ცენზურის მარწუხებისთვის თავი ჯაზის გავლით დაეღწია. ამიტომაც, ქართული როკის უდიდესი ნაწილიც სწორედ ჯაზზე იყო ორიენტებული. ქართული ჯაზის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი თბილისის ორმა, ’78 და ’86 წლების ჯაზ-ფესტივალებმა. ამ ორმა ფესტივალმა წარმოაჩინა, რომ ქართულ ჯაზ-სცენაზე საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ვოკალური თუ ინსტრუმენტული შემსრულებელი იყო.

საქსოფონისტი სერგეი გურბელოშვილი და ბასისტი თამაზ ყურაშვილიოთხმოციანებში მოღვაწე ქართველი ჯაზ-მუსიკოსებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულები არიან. გურბელოშვილმა იმ პერიოდში ბევრი კარგი სოლო და კოლაბორაციული ალბომი გამოსცა, ყურაშვილი კი ჯერ კიდევ 1965 წლიდან თანამშრომლობდა ვაგიფ მუსტაფაზადესთან; ოთხმოციანების ბოლოს კი წარმატებით უკრავდა მიხაილ ოკუნის ტრიოში.

გურბელოშვილმა და ყურაშვილმა ’86 წლის თბილისის ჯაზ ფესტივალზე დაუკრეს ერთად; შემდეგ კი გადაწყვიტეს, რომ პიანისტ ნიკოლაი ლევინოვსკისთან და კამერულ ორკესტრთან ერთად ჯაზ-სტანდარტების ალბომი ჩაეწერათ. ჩანაწერი 1988 წელს განხორციელდა და ორი წლის შემდეგ გამოვიდა.

ალბომში შესულია 4 ტრადიციული ჯაზ-ბალადა. ისინი, გემოვნებიანი არანჟირებების წყალობით, ძალიან მსუბუქად ისმინება. ორკესტრირებაც ძალიან კარგადაა გაკეთებული. ორკესტრს არ აქვს მხოლოდ ფონური ფუნქცია; ხშირად მუსიკა სწორედ მას მიჰყავს. მიუხედავად ამისა, ეს ოდნავადაც არ უშლის ჯაზ-ტრიოს ექსპრესიას. სამივე ინსტრუმენტი ამ, თითქოს მკაცრ, კლასიკურ ჩარჩოებშიც თავისუფლად ახერხებს იმპროვიზებას.

ოთხიდან სამი ნაწარმოების ორიგინალი 1930-იან წლებშია დაწერილი. ჩანაწერი ახერხებს, მსმენელი ნახევარი საუკუნის წინანდელ ეპოქაში გადაისროლოს. იდეალური ალბომია რომანტიკული / ინტიმური სიტუაციებისთვის. ამ ნელი, მსუბუქი მუსიკის სმენისას დაგეუფლებათ სასიამოვნო ნოსტალგიისა და კომფორტის შეგრძნება.

ამ საქმის ცოდნით, ესთეტიკით და პროფესიონალიზმით შესრულებულ ალბომს ცალსახად დადებითად შევაფასებ: 8,5 / 10. თამაზ ყურაშვილი დღემდე აქტიური მუსიკოსია. სერგეი გურბელოშვილი კი ამერიკაში მოღვაწეობს.

გადმოსაწერი ბმული:  სერგეი გურბელოშვილი, ნიკოლაი ლევინოვსკი, თამაზ ყურაშვილი – Classical Jazz Ballades (1988)

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button