მუსიკა

Rival Sons – Great Western Valkyrie

ვისაც ჰგონია, რომ როკ’ნ’როლი მოკვდა და ახალი არაფერი იქმნება, დაჟინებით ვურჩევ გადმოიწეროს და მოუსმინოს Rival Sons-ის ახალ ალბომს Great Western Valkyrie-ს.

ალბომი ჩაიწერა ნეშვილში, დეივ კობის პროდუსირებით და მერწმუნეთ, ეს უბრწყინვალესი დისკია! გავა წლები და ამაში თავად დარწმუნდებით. ამ ეტაპზე კი, ასეთი მნიშვნელობის ალბომის შექმნა, მგონი ერთეულებს ძალუძთ.

გამხსნელი Electric Man, ალბათ იდეალური უვერტიურაა და თავიდანვე გვამზადებს იმისთვის, რომ წინ საოცრება გველის.
სანამ Good Luck-ს მოუსმენდეთ, მანამდე ყოველი შემთხვევისთვის სანიტარს უხმეთ. აქ ბიუკენენი ისე მღერის, რომ უპირობოდ ნომერ პირველი ვოკალისტი გვეგონება. ერთის მხრივ, შესაძლოა ერიკ ბარდონს, ანდა ეპიზოდებში ჯონ ლოტონსაც მივამსგავსოთ, მაგრამ ჯეი იმდენად უნიკალური მომღერალია, რომ შედარება უხერხულიც კი იქნება. გიტარისტი სკოტ ჰოლიდეიც, აქ მოწოდების სიმაღლეზეა.

Secret-ში, ბიუკენენი მოგვიყვება საიდუმლოს და მიუხედავად იმისა, რომ ამბობს and I know you’re gonna keep it, იცის მაინც ვერ შევინახავთ მას. სიმღერა, თავისთავად უნიკალურია, თითქმის ყველა კომპონენტში.
ყველაზე განმტვირთავი ალბომში Play the Fool ჩანს, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ეპიზოდურად სიმღერას ისეთი ემოციები მოაქვს, მეტი რომ არ შეიძლება და ერთ-ერთ ძლიერ კომპოზიციადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ დისკზე.

საუკეთესო კი Good Things არის. 60-იანების შუაწელისთვის დამახასიათებელი პოპ ფესვებიდან აღმოცენებული, უკვე შედევრი!
სოული გინდათ? მაშინ მოუსმინეთ Open My Eyes-ს. ბიუკენენი კიდევ ერთხელ გაგვაოცებს თავისი ვოკალური შესაძლებლობებით, ხოლო აშკარა გამოყოფის ღირსია დრამერი მაიკ მაილი, რომელსაც ხშირად (და არცთუ უსაფუძვლოდ) დიდ ჯონ ბონემს ადარებენ.

Rich and the Poor – ეს არის, მგრძნობიარე, ვნებით გაჟღენთილი სუპერ სიმღერა, რომლის ჩაწერასაც Rival Sons ყოველთვის ფიქრობდა და აი ისიც. She said I’m gonna show you how babies are made – ამით ყველაფერია ნათქვამი.
არ შეიძლება არ აღინიშნოს Belle Starr, რომელიც Rival Sons-მა ცნობილ ამერიკელ ბანდიტ(კა)ს მიუძღვნა, გრანჟულ/ფსიქოდელიურ სტილში.
Where I’ve Been-ის მოსმენის შენდეგ, უკვე ყველა საბოლოოდ დარწმუნდება, რომ საქმე უმაღლესი კალიბრის ბენდთან აქვთ. ჰოლიდეის ბრწყინვალე სოლო კი, ამ ბალადას, ერთიორად ლამაზს ხდის.

ალბომს როგორც აღმოჩნდება მაინც აქვს ერთი პრობლემა და გამოიხატება იმაში, რომ ის სრულდება. სრულდება თამამი, იმპროვიზირებული ოპერეტათი, მოწვეულ ვოკალისტთან, კრისტენ როჯერსთან (Humming House) ერთად. აქამდე არ გვიხსენებია ჯგუფის ახალი ბასისტი დეივ ბისტი, რომლის წვლილი უდიდესია ალბომზე და კონკრეტულად ამ სიმღერაშიც. საოცრებებს ახდენს მაიკ მაილი. ხოლო სკოტ ჰოლიდეი ისე ოსტატურად უკრავს თავის პარტიებს, რომ შეგვიძლია დიდ გიტარ მაესტროებსაც კი დავუყენოთ გვერდით.

ალბომის მოსმენის შემდეგ, ის აუცილებლად უნდა ჩართოთ ახლიდან და კიდევ ახლიდან და კიდევ ახლიდან, იმიტომ რომ…
This is fucking awesome epic album!

ავტორი: ლაშა ონიკაშვილი

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button