V (V for Vendetta)
V – პერსონაჟი კომიქსების წიგნიდან “V for Vendetta”, შექმნილი ალან მურის მიერ. ის არის იდუმალი ანარქისტი და თავისუფლებისთვის მებრძოლი, რომელიც მუდამ გაი ფოქსის ნიღბითა და მუქი კოსტუმით ჩნდება. ალან მურის თქმით, ის ერთდროულად ანტაგონისტიცაა და პროტაგონისტიც, ასე რომ თავად მკითხველებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იყო ის – გმირი, რომელიც ტირანიას ებრძოდა თუ უბრალოდ არანორმალური პიროვნება?
დასაბამი
V-ის წარსულსა და ზუსტ ვინაობაზე ძალიან ბუნდოვანი მონაცემებია. ცნობილია, რომ იმყოფებოდა ცნობილ “ლარკჰილის ბანაკში”, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკებიდან ყველაზე უარესი თუ არა, ერთ-ერთი უსაშინლესი ნამდვილად იყო. აქ თავს უყრიდნენ პოლიტიკურ პატიმრებს, ჰომოსექსუალებს, ებრაელებს, პაკისტანელებს, მუსლიმებსა და არაევროპელებს, ანუ ყველას, ვინც იდევნებოდა დიდი ბრიტანეთის ახალი ფაშისტური რეჟიმით, პოლიტიკური პარტიის Norsefire-ის მმართველობისას. ბანაკის მეთაურია ლუის პროთერო, ხოლო “სულიერი წინამძღვარი” – პედოფილი მღვდელი, მამა ანტონი ლილიმანი.
აქ V სხვა პატიმრების მსგავსად ხდება სასტიკი სამედიცინო ექსპერიმენტების მსხვერპლი, რომლებსაც დოქტორი დელია სურიჯი ხელმძღვანელობს. ექსპერიმენტების დროს მათ სხეულში შეჰყავთ ხელოვნურად შექმნილი ჰორმონები. ამის შემდეგ პატიმრები საშინელი ტანჯვით იხოცებიან. გამონაკლისია “მამაკაცი მეხუთე ოთახიდან” (რომაული სისტემით “V”). მართალია, ფიზიკურად არაფერი სჭირს, მაგრამ სურიჯი ვარაუდობს, რომ ცდებმა მის გონებაზე უარყოფითად იმოქმედა. ექსპერიმენტებს დადებითი შედეგებიც ჰქონდა: მათი მეშვეობით ამ პატიმარს უვითარდება ოლიმპიური დონის ფიზიკური მონაცემები, ეზრდება ძალა და ამტანობა, ასევე დაუჯერებლად უვითარდება გონებრივი მონაცემები (მოგვიანებით კომიქსებში აშკარა ხდება, რომ ის მშვენივრად ერკვევა ასაფეთქებელ მოწყობილობებში, დახელოვნებულია ორთაბრძოლებში, მაღალ დონეზე იცის ქიმია, ფილოსოფია, ლიტერატურა, პოლიტიკა და ჰაკერობა).
რაღაც პერიოდით მას ნებას რთავენ გაზარდოს ვარდები ბანაკის მიდამოებში. ამიაკით გაჯერებული სასუქი მას მალულად თავის საკანში შეაქვს, ყრის იატაკზე და უცნაურ ფიგურებს აკეთებს. შემდეგ ბაღიდან ცხიმის გამხსნელს იღებს და სასუქთან შერევით იღებს მდოგვის აირსა და ნაპალმს (ნაპალმი – საწვავი პროდუქტი, რომელსაც იყენებენ ცეცხლგამჩენ ბომბებსა და ცეცხლსატყორცნებში). ქარიან ღამეს ხელნაკეთ ბომბს აფეთქებს და საპყრობილედან გარბის. ბანაკის შენობის დიდი ნაწილი ცეცხლში ეხვევა, ხოლო მცველები, რომლებიც ვითარების გარკვევას ეცდებიან, მდოგვის აირით იწამლებიან. ბანაკი იცლება და იხურება.
პატიმარი იცვლის ვინაობას და ირქმევს ახალ სახელს – “V”. ასევე ამზადებს გაი ფოქსის ნიღაბს და იკერავს სპეციალურ კოსტუმს. V შემდეგ 5 წელს გეგმის მომზადებაში ატარებს, თუ როგორ იძიოს შური მმართველ პარტიაზე. აშენებს საიდუმლო ბაზას, რომელსაც უწოდებს “ჩრდილების გალერეას”. ბანაკში მომუშავე პერსონალის გადარჩენილი 40 წევრიდან თითქმის ყველას დახოცავს, ამასთან ყველა მათგანს უბედურ შემთხვევას ამსგავსებს. პროთეროს, ლილიმანსა და სურიჯს ბოლოსთვის იტოვებს. შებრალებას მხოლოდ სურიჯის მიმართ იჩენს და უმტკივნეულოდ მოკლავს – სასიკვდილო ინექციით.
ბოროტმოქმედი
ლარკჰილის ბანაკიდან გამოქცევის შემდეგ V იწყებს შურისძიებაზე ფიქრს და გეგმავს პარლამენტის აფეთქებას 5 ნოემბერს, გაი ფოქსის დღეს. ის იტაცებს პროთეროს, რომელიც პროპაგანდული გადაცემების მიხედვით იწოდება “ბედისწერის ხმად”. ამის შემდეგ ანადგურებს მის კოლეციას, რითიც სიგიჟემდე მიჰყავს. V კლავს ლილიმანს, რომელიც უკვე ეპისკოპოსია – აძალებს დალიოს წყალი, რომელშიც დიდი რაოდენობით ციანიდია. ამის შემდეგ უკან გააყოლებს სურიჯს – უკეთებს სასიკვდილო ინექციას, რომელიც არ იწვევს ტკივილს.
1997 წლის 5 ნოემბერს, როცა V გაიცნობს ივის, მის თვალწინ აფეთქებს მიტოვებულ პარლამენტის სახლს, ერთი წლის შემდეგ კი Post Office Tower-სა და Jordan Tower-ს, რასაც მოჰყვება ძველი ციხე-სიმაგრე (Old Bailey). ამის შემდეგ ის თავს ესხმის მთავრობის პროპაგანდულ ტელეარხს – ტანზე ასაფეთქებელ მოწყობილობას იმაგრებს და ამ ხერხით აიძულებს თანამშრომლებს, მისი ბრძანებები შეასრულონ. V პირდაპირ ეთერში გააშვებინებს გზავნილს ხალხისთვის ვიდეოჩანაწერის სახით, სადაც მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აიღონ პასუხისმგებლობა და ჩაებან ბრძოლაში მთავრობის წინააღმდეგ.
ფინჩთან შეტაკებისას V სასიკვდილოდ იჭრება და ბრუნდება “ჩრდილების გალერეაში”, სადაც ივის მკლავებში დაასრულებს სიცოცხლეს. ივის მისი სხეული გადააქვს მიწისქვეშა მატარებელში და გარშემო ულაგებს შროშნებსა და გელიგნიტს. ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთული მატარებელი პირდაპირ 10 Downing Street-კენ მიემართება და აფეთქებს მას.
ვინაობა
V-ის ნამდვილი ვინაობა უცნობია. მთლიანი ამბის მანძილზე მხოლოდ ერთხელ იხსნის ნიღაბს (სურიჯის თხოვნით) და ამ დროსაც მკითხველებთან ზურგით დგას. ის “V”-ის არ მიიჩნევს თავის სახელად და ამბობს: “მე არ მაქვს სახელი, შეგიძლიათ V დამიძახოთ”. V-ის წარსულზე მცირეოდენ ცნობას გვაწვდის სურიჯის დღიური, რომელსაც პოლიცია ჩაიგდებს ხელში. თუმცა მალევე ხვდებიან, რომ ეს V-ის გეგმის ნაწილი იყო, დღიურში ამოხეულია ფურცლების ნაწილი, რომლებიც შეიძლება მის ვინაობაზე ცნობებს შეიცავდნენ. ინსპექტორი ფინჩი ვარაუდობს, რომ დღიური V-მ შექმნა, რათა ისინი დაებნია.
ლუის პროთეროც და დელია სურიჯიც V-ს უწოდებენ “მამაკაცს მეხუთე საკნიდან”. კომიქსსა და გრაფიკულ ნოველაში ჩნდება სურიჯის დღიურის მიხედვით V-ის დახასიათება: “როგორც ჩანდა, ფიზიკურად მას არაფერი სჭირდა, არ აღენიშნებოდა უჯრედული ანომალიები.” V-ის მესაიდუმლე, ივი ჰამონდი, ფიქრობს, რომ ის შეიძლება იყოს მამამისი, რომელიც წლების წინ პოლიტიკური მიზეზებით დააკავეს. V ამას უარყოფს, ასევე ალან მურმაც დაადასტურა, რომ ეს მოსაზრება მცდარია. შემდგომ ჩნდება ეჭვი, რომ V არის იგივე ვალერი, პატიმარი გვერდზე საკნიდან, რომლის ავტობიოგრაფიული წერილი ამხნევებს მას და აძლევს ძალას, რათა არ დანებდეს (შემდგომში კი იმავე გავლენას ახდენს ივიზე). თუმცა V-ის თქმით, ვალერი ქალი იყო მეოთხე პალატიდან და არც წერილია მისი დაწერილი.
ფინჩი დღიურის განხილვისას აკომენტარებს: “რა იყო იმ ამოხეულ ფურცლებზე? მისი სახელი? ასაკი? ის, რომ ებრაელი ან ჰომოსექსუალი იყო? თეთრი იყო თუ შავი?” მოგვიანებით V ეცნობა მას, როგორც “იდეა”. ამბის მიწურულს მის მსგავსად ივიც მიიჩნევს, რომ ხორცშესხმული ანარქიაა.
ამ პერსონაჟის მთავარი ხიბლი ისაა, რომ ის კონკრეტული ადამიანი კიარა, მებრძოლი ხალხის სახეა: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მთავრობისგან ჩაგვრასა და ზეწოლას განიცდის, პოტენციური რევოლუციონერია.
ციტატები
ბედნიერება სატუსაღოა, ივი. ყველაზე ეშმაკური სატუსაღო.
ამ მოსასხამის შიგნით არც ხორცია და არც სისხლი, რომ მოკლა. მის მიღმა მხოლოდ იდეაა, იდეა კი ტყვიაგაუმტარია.
ყოველი ადამიანი გამორჩეულია. ყველა ადამიანი არის გმირი, საყვარელი, სულელი, ბოროტმოქმედი. ყველას აქვს თავისი ისტორია.
ანარქიას ორი სახე აქვს: შემქმნელი და დამანგრეველი. დამანგრეველი აქცევს იმპერიებს, ქმნის ლოდების სუფთა ტილოს, სადაც შექმნელს შეუძლია უკეთესი სამყარო ააშენოს.
ანარქია ნიშნავს წყობას ლიდერის გარეშე და არა წყობას წესრიგის გარეშე. ეს ანარქია არაა, ეს ქაოსია.სამართალს აზრი ეკარგება თავისუფლების გარეშე.
სამართალს აზრი ეკარგება თავისუფლების გარეშე.