ზღაპარი

აფა-ჯი და სპილოები – ინდური ზღაპარი

დიდი ხნის წინათ, ინდოეთის სამხრეთით, ქალაქ ვიჯაიანაგარში ცხოვრობდა ერთი შეძლებული ვაჭარი ბირჩანდრი. ვაჭარს სამი ვაჟი ჰყავდა. როცა ბირჩანდრი მოხუცდა და სიკვდილის ჟამმა მოაწია, შვილები დაიბარა და უთხრა:

— შვილებო, ჩემი აღსასრულის დრო დადგა, რაც სიცოცხლეში შევიძინე, თან ხომ არ წავიღებ, მთელი ჩემი ქონება — მამული, სახლ-კარი, საქონელი — ყველაფერი თქვენ გრჩებათ და თანაბრად გაიყავით. ამას მიუმატეთ კიდევ ჩვიდმეტი სპილო. სპილო, ხომ იცით, ჭკვიანი ცხოველია და ძვირად ფასობს. სპილოების ნახევარი უფროსს ერგოს, მესამედი შუათანას, მეცხრედი კი უმცროსს. სპილოები ისე გაიყავით, როგორც მე გიბარებთ. იცოდეთ, არავის მიჰყიდოთ, კარგად მოუარეთ და გაუფრთხილდითო.

რამდენიმე დღის მერე ვაჭარმა სული განუტევა. ვაჟებმა მამა მიწას მიაბარეს, პატივი სცეს, როგორც მათი ადათი და ჩვეულება მოითხოვდა, და დიდი აღაპიც გადაუხადეს.

გავიდა დრო. ძმებმა თანაბრად გაიყვეს მემკვიდრეობა. მხოლო სპილოები დარჩათ გასანაწილებელი. ჩვიდმეტი სპილოს გაყოფა არც შუაზე შეიძლებოდა, არც სამ და არც ცხრა ნაწილად. ძმებმა ბევრი ითათბირეს, ხალხსაც სთხოვეს დახმარება, მაგრამ ვერავინ შეძლო სპილოების გაყოფა. უცბად უფროს ძმას გაახსენდა, რომ მათ ქალაქში ცხოვრობდა სიბრძნითა და ცოდნით განთქმული კაცი, სახელად აფა-ჯი რაო.

— მოდი, აფა-ჯი რაოსთან წავიდეთ და რჩევა ვკითხოთ, — თქვა უფროსმა ძმამ. — თუ ისიც ვერ დაგვეხმარება, მაშინ განსვენებულ მამაჩემს ამოუხსნელი გამოცანა დაუტოვებიაო.

მეორე დღეს ძმები ძვირფასი საჩუქრებით გაეშურნენ აფა-ჯისთან. დაწვრილებით უამბეს ყველაფერი და სთხოვეს დახმარება.

აფა-ჯიმ გულდასმით მოუსმინა ძმებს და უთხრა:

— ახლა შინ წადით, ხვალ მე თვითონ მოვალ და ისე გაგინაწილებთ სპილოებს, როგორც მამამ დაგიბარათო.

მეორე დღეს აფა-ჯი დილით ადრე შეჯდა თავის უზარმაზარ სპილოზე და ვაჭარ ბირჩანდრის სახლისკენ გასწია. ძმები სიხარულითა და პატივისცემით მიეგებნენ.

აფა-ჯიმ ძმებს სთხოვა, სპილოები ეზოში გამოეყვანათ და მწკრივში ჩაეყენებინათ. ძმებმა თხოვნა სწრაფად შეუსრულეს.

— თქვენს სპილოებში ჩემი სპილოც ჩააყენეთო. — როცა ესეც შეასრულეს, აფა-ჯიმ ძმებს უთხრა:

— ახლა კი თვითეულმა თქვენგანმა ამ სპილოებიდან იმდენი გამოიყვანეთ, რამდენიც მამამ გიანდერძათო.

გაუხარდათ ძმებს.

ოჰო, ახლა ჩვენს სპილოებს ერთი სპილოც მოემატაო!

უფროსმა სწრაფად გამოიყვანა თავისი კუთვნილი ცხრა სპილო, შუათანამ სპილოების მესამედი — ექვსი სპილო, უმცროსმა კი ორი სპილო.

როდესაც სპილოები გაინაწილეს, აფა-ჯიმ ძმებს ჰკითხა:

— თქვენ-თქვენი წილი ხომ სწორად მიიღეთო?

— დიახ, სწორად მივიღეთო, — მიუგეს ძმებმა.

— კეთილი! ჩემი სპილო კი ისევ მე დამრჩაო, — თქვა აფა-ჯიმ, შეჯდა თავის სპილოზე და გაუდგა გზას. ყველა გაოცებული დარჩა აფა-ჯის სიბრძნითა და გამჭრიახობით.

ვაჭრის ვაჟებს უხაროდათ, რომ ეს თავსამტვრევი გამოცანა ასე უბრალოდ და ადვილად ამოხსნეს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button