ლიტერატურა

შეხვედრა ოქროს ყანაში კახაბერ ჯაყელი

ეს ამბავი 1988 წელს ერთმა კავთისხეველმა გლეხმა მიამბო, მანდვე კავთურას ხევში უპოვნიათ მწყემსებს დაჟანგული ლულა ძველი ქართული თოფისა, ამბავი კი მამიდან შვილზე გადმოდიოდა ამ ულმობელი შეტაკების შესახებ. როგორც ჩანს თავადი ქალაქში დაუკრძალავთ, ხოლო მეთოფე შესაძლოა კავთისხევის ძველ სასაფლაოზე განისვენებს !

ის ნახტომისებრი ნაბიჯებით მოიწევდა მშობლიური თემისაკენ, სადაც თავისი დედაკაცი, შვილები, შვილიშვლები, რძლები და სიძეები, ძმები და დები, მეზობლები და სიყრმის ძმადნაფიცები ეგულებოდა.

ცალ ხელში მას გრძელლულიანი, სპილენძის სალტეებიანი საბრძოლო თოფი, სახელად „ცეცხლო“, მეორე ხელში კი ტყავის მძიმე აბგა ეპყრა.

მას არც ჭარმაგ მოხუცს უწოდებდი, არც შუახნის ყმას. სახეწითელი, ჭაღარაშერეული, მხარბეჭიანი და ახოვანი, უფრო უასაკო კლდეს ჰგავდა, რომელიც ქარიშხლებს ეპაექრება.

მის წინ უკიდეგანო, ზღვასავით მოკამკამე, ოქროსფერი პურის ყანა ბიბინებდა. ყანის მეორე მხარეს, ქედი ხვლიკივით რომ გაწოლილიყო, სწორედ მათს თემს გადაჰყურებდა. ამიტომაც მან მგლური, შლიგინა ნაბიჯებით პირდაპირ პურის ყანაში შეაჭრა და იწყო სავალი ბილიკის გაჭრა საკუთარი ალაგისაკენ.

ასე რიგად რომ არ ვჩქარობდე, ფეხს როგორ დაგადგამდი პურო, მაგრამ გთხოვ წყალობა გაიღე, ჩემს დედაკაცამდის გამიშვი და მორიგეც დამიმწყალობე, – აღმოხდა მგზავრს ბუბუნა ხმით.
პურის თავთავები აშრიალდნენ და მას მოეჩვენა, რომ ისინიც აქეთ-იქეთ ისე წვებოდნენ, თითქოს გზას უთმობდნენ მეთოფესო.

მეთოფე ერქვა პურის აშრიალებულ ტალღებში კისრამდის ჩამალულ მგზავრს და მისი ნათლობის სახელი თითო ოროლას თუ ახსოვდა ამ ქვეყანაზე.

სიყმაწვილეში, სოფელს ლეკი რომ შემოესია, იგი მამას, თემის მეთოფეს, დადევნებისათვის შეყრილ რაზმში გაჰყვა და თემის მთავარი თოფიდან რვა გასროლით რვა ლეკი ერთმანეთის გვერდით ჩააწვინა.

დამარცხებული ქართლ-კახეთის ჯარი უკან რომ გამორბოდა მეთოფე საფარიდან ტყვიას ახლიდა ირანელებს. ნუხის ხანთან ბრძოლაში წინა ხაზზე მდგომს მოწინააღმდეგის მხრიდან გადმოსროლილი ცეცხლოვანი ისარი მარცხენა მხარეში შიშინითა და სისინით ეძგერა. „როგორც შხამიანმა უხსენებელმა, ეგრე შემიგლიჯა მხარი და დამგესლა იმგვარად, რომ სამი დღე და ღამე სიკვდილი მეალერსებოდა. კიდევ კარგი, რომ იმ დღეს ბატონს გაამარჯვებინა ღმერთმა და ნუხის ხანი რომ დავიფრინეთ, მეფის დასტაქარმა მარჯვედ მიაქიმა“, – უთხრა შინ დაბრუნებულმა მეთოფემ თავის დედაკაცს და დამწვარი მკერდი გადაიღეღა.

ნუხის ბრძოლაში დაჭრილი ოთხ წელს იშუშებდა მძიმე ჭრილობას და შვილთ უზრდიდა სამეფოს. გაბრიელი, დავითი და მამის სეხნია მახარე თემის თოფს, განთქმულ „ცეცხლოს“ სასოებით უვლიდნენ. მის ფართო ლულას დათვის ქონით პოხავდნენ და იმ დღეს ელოდნენ, როცა მეთოფე მათ შორის ყველაზე ღირსეულს და ჩუბინს მიანდობდა საბრძოლო გასროლის უფლებას. სამივე ვაჟკაცი დღედაღამ იმ დაღესტნური ნაალაფარი თოფით ნადირობდა, რომელიც ასპინძის ბრძოლიდან ჩამოიტანა მათმა გამარჯვებულმა მამამ.

კრწანისის ველზე მეთოფე ვერ მოხვდა. იგი გიორგი ბატონიშვილის ლაშქარში იყო და ბრძანებას უცდიდა. კრწანისის ველზე დამარცხებისა და თბილისის აღა-მაჰმად ხანის მიერ გადაწვის ამბავმა მეთოფე დააღონა და გააკვირვა. ამ დღიდან იგი ერეკლეს ვაჟებს ალმაცერად უყურებდა და მხოლოდ პატარა კახთან სამსახურს ურჩევდა მეომარ ბიჭებს.

აღმოსავლეთის ლომი – ერეკლე მეფე მიიცვალა. მეთოფე ცხარედ, სიტყვაკაზმული ენით დასტიროდა ქართლ-კახეთის მებრძოლ მეფეს და მასთან ერთად საკუთარ განვლილ ბრძოლებს.

გიორგის მეფობის ჟამს „ცეცხლო“ მეთოფის სახლში კედელზე გაუნძრევლად ეკიდა და მნახველის თვალს მომწვანო მოლურჯო ლულ-ხახითა და მგლისთავიანი ჩახმახით ახარებდა.

ქართ-კახეთის სამეფოს გაუქმებას და რუსეთის ჯარის შემოსვლას მეთოფე მშვიდად შეხვდა, მაგრამ კავთისხევის პირას მომავალმა რუსის ჯარმა შეაშფოთა იგი. ირანელი, თურქი, ლეკი და ყარაბახელი მეომრები, არაერთი მოუხელთებია მას ვენეციური ლულის სამიზნეზე. თურქთა ცხენოსანი გუნდიც აუშლია საფარიდან გულდაგულ დამიზნებულ მის თოფს და ქათმებივით გაურეკნია ისინი წინ. რუსმა კოლონამ, სალდათურმა ნაბიჯებმა, სტეპებიდან მოვარდნილმა უცხო სიმღერამ და რუსულმა ხიშტიანმა თოფმა უცნაურად ააღელვა მეთოფეს გული და გონება. კავთისხეველი აზატის სმენას არაერთი გმინვა, ტირილი და ვაება მისწვდა რუსთა უჩვეულო ზნეობის თაობაზე. მეთოფეს განმეორებაც კი არ უნდოდა იმ სიტყვების, რასაც უცხო მეომრები გაჰყვიროდნენ ჩვეულებრივი საქმიანობის დროს. როცა წვერდაფანჩულმა რუსმა სოლდატებმა, ქალები, მოხუცები და ბალღები მათრახების ტყლაშუნით შეაბეს ტალახში გაჩხერილი ზარბაზნის ადგილიდან დასაძრავად, მეთოფე მიხვდა, რომ მის მშობლიურ კერას, დედაკაცს, რძლებსა და შვილებს განსაცდელი ელოდათ. მოსალოდნელი შიშის გააზრების შემდეგ იგი სათემო თოფით საყარაულო კოშკზე ცხოვრობდა და არემარეს ათვალიერებდა. რუსები კი არ ჩანდნენ.

„რუსთა წინააღმდეგ აჯანყებააო“, – ერთ დღეს ჩაესმა მეთოფეს გზირის ხმა და იგი ჩაფიქრებიდან გამოერკვა. ბატონიშვილები ამზადებდნენ ხალხს და შეხვედრის ადგილიც დათქმული ჰქონდათ. „ყოველ თოფოსანს ათი გასროლა უნდა ჰქონდესო“, – ამბობდა ალექსანდრეს მალემსრბოლელი და ჩაძინებულ, დანგრეულ კომლებს თავზე დაჰკიოდა.

„წავიდე ერთიც ვიომო, ჩემს კარს დავჰკიდო ხელია, თუ მამკლეს, მამკლან კაცურად, თავზე დამადნეს ცრემლია“, – ჩონგურს სიმები ჩამოჰკრა მეთოფემ. დედაკაცს ათი დღის საგზალი გაამზადებინა, პირჯვარი გადაიწერა, მესხთა გუარის დედაბოძს ემთხვია, ჩაძინებულ შვილიშვილებს საბნიდან გამოყოფილი ფუნჩულა ტერფები დაუკოცნა, ვაჟები მკაცრად შეათვალიერა, რძლებს დაუბღვირა და კახეთისაკენ მიმავალ ბილიკს ძუნძულით გაუყვა.

აჯანყებულები ერეკლეს ტოლ სარდალს ელოდნენ. ბატონიშვილებს მხედრული ნიჭი არ გააჩნდათ და მამის გაბედულებაც აკლდათ. აღარც კუზიანი ზაალი ან ზაალ ანდრონიკაშვილი იყვნენ ცოცხალთა შორის. მათ არყოფნას ახალციხელი თურქი ემისრები ან სპარსელი მსტოვრები ვერაფერს შველოდნენ. შეკრებილ ლაშქარს არც საჭურველი ჰქონდა და არც დროშა-ბელადი ჰყავდა. რუსთა კოლონის გამოჩენისას ბატონიშვილები ისე დაიბნენ, როგორც კრწანისის ბრძოლის დროს. აჯანყებულები ზარბაზნების ყუმბარებმა ჯერ ნაწილებად დაფანტეს, ხოლო შემდგომ მცირე გუნდებად და ნაგლეჯებად დაყვეს. საარტილერიო კანონადის შემდგომ რუსებმა გრენადერები, ეგერები და ჰუსარები დაძრეს და „ურას“ ძახილით აჯანყებულების გარშემორტყმა დაიწყეს.

მეთოფე ბრძოლის დასაწყისშივე მის მიერ სახელდახელოდ მოწყობილ საფარში იჯდა და ომის მსვლელობას აკვირდებოდა. რუსთა კოლონებს შორის მან ქართულ ჩოხებს მოჰკრა თვალი, ორბელიანების ალამი შენიშნა და გაოცდა. რუსის მთავარ კოლონას გიორგი მეფის ყოფილი ასისთავი ზაქარია მიუძღოდა, რომლის დანახვისას მეთოფემ თავისი „ცეცხლო“ გადმოიღო და ზაქარიას დაუმიზნა. იმ დროს, როცა ასისთავი ერთ-ერთ აჯანყებულს ხმლით ეძგერა, „ცეცხლოს“ მჭექარე ხმა გაისმა და ზაქარია ცხენიდან მოცელილივით დაეცა. ამ გასროლამ რუსი ოფიცრები მეთოფის საფრისაკენ შემოატრიალა. „ცეცხლომ“ კიდევ იჭექა და პირში მუნდშტუკ გაჩრილი, მრავალი ორდენით მბრწყინავი რუსთა ერთ-ერთი ბელადი ამოატრიალა. მეთოფე მიხვდა, რომ დაყოვნების დრო აღარ იყო. ულვაშა გრენადერები მისკენ მორბოდნენ. მეთოფემაც ტახის სისწრაფითა და მელიის მოქნილობით მიატოვა საფარი და ხშირ ბუჩქნარში გაუჩინარდა. მას ზურგში რამდენიმე ტყვია მიაყოლეს, მაგრამ მეთოფე დაუკოდავი მგელივით უვნებლად მიძუნძულებდა შინისაკენ. აჯანყების მარცხი მისთვის აშკარა იყო.

ეხლა იგი ოქროსფერ პურის ყანაში, ხვლიკივით გაწოლილი სერისაკენ მირბოდა. სერის გადასვლას მეთოფე დაღამებამდე მოახერხებდა და მშობლიურ სახლში, სიბნელეში შეაბიჯებდა. დედაკაცი, რომელიც მას ელოდა, მეუღლის დანახვისას გვარის უძველესი დედაბოძის წინ დაიჩოქებდა და არსთა გამრიგეს ცრემლით გაპატიოსნებულ მადლობას შესწირავდა და ქმარს პურს დაუცხობდა. დედაკაცი სათნოებასა და სინაზეს მეთოფეს გვერდით უხვად აფრქვევდა, თორე ისე კაპასი ქალი იყო.

ვაჟები აზატი და ამაყი გლეხები იყვნენ. მათ გუთანიც უჭრიდათ და ხრმალიც. რძლები გაზაფხულში აყვავებულ ატმის ყვავილებს ჰგავდნენ. შვილიშვილები ბროწეულის კვირტებივით იწონებდნენ თავს და მეთოფეს მათ გვერდით ყოფნა ამქვეყნიურ სამოთხედ ეჩვენებოდა.

მშობლების საფლავები ეკლესიის ეზოში მარადიულ ძილში, საკაცობრიო ფშვინვაში გახვეული სდუმდნენ და უფალს ცოცხალთა დაცვას, ხოლო გარდაცვლილთა შეწყალებას შესთხოვდნენ. მეთოფე აბიბინებული ოქროს ყანის გავლით მიიწევდა იქით, სადაც მას ცოცხალნიც ელოდნენ და გარდაცვლილნიც ელანდებოდნენ.

მზის მცხუნვარებამ იკლო, საღამო ხანი ახლოვდებოდა, როცა მეთოფემ ხორბლის ყანის დასასრული და ხვლიკისფერი სერის დასაწყისი დალანდა. სერი რატომღაც უფრო მრუმე და მაღალი ეჩვენა მას. მეთოფემ ნაბიჯს უმატა და „ცეცხლო“ მხარზე გადაიდო. „კიდევ ორმოცდაათი ნაბიჯის შემდეგ უხიფათო ყანა დამთავრდება, სერზე რომ არ შემნიშნონ, იქნებ დაღამების დალოდება სჯობდესო“, – გაიფიქრა მან და სწორედ იმ დროს, როცა იგი ხორბლის ბულულებიდან სერის მიდამოების დათვალიერებას ლამობდა, მის ყურს უსიამო შარიშური მისწვდა. მეთოფე მიხვდა, მას აქ რაღაც სულერი ელოდა და მოტრიალება დააპირა.

არ ელოდი განა ყანის ბოლოში ჩასაფრებას? – გაისმა ზურგიდან მამაკაცის ბუბუნა ხმა.
რატომ სერზე არ ჩამისაფრდი? – იკითხა მეთოფემ და შემობრუნება სცადა.
ეგრე იდექი, თორემ ორ ტყვიას მოგაჭედავ, სერზე რომ არ ჩაგისაფრდი ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად გიცნობ ვინც ბრძანდები, – თქვა უცნობმა.
ვინ ბრძანდები, ბატონო? – მეთოფე ზურგს უკან მდგარი უცნობის ჩრდილს მიაცქერდა.
თავად ზაალ ორბელიანს ესაუბრები და მისი ტყვე ხარ, თოფი დადე და შემოტრიალდი, – მრისხანედ სთქვა თავადმა.
ეს თოფი თემს ეკუთვნის და ცოცხალი მას ხელს არ გავუშვებ თავადო, – მეთოფეს ხმაში სიკვდილის მიმართ გულგრილობა იგრძნობოდა.
გაძლებ უფლებას შემოტრიალდე, – თქვა ზაალმა.
მეთოფის წინ იდგა განთქმული გმირი, უკვე ასაკში მყოფი, წარმოსადეგი, ჭაღარაშერეული თავადი, რომლის თეთრ ქულაჯას შედედებული სისხლის კვალი ემჩნეოდა. ზაალს ორთავე ხელთ დიდი რუსული დამბაჩები ეპყრა და ტყვისაკენ მიეშვირა. თავადის კეთილშობილმა ნაკვთებმა და ამაყმა გამოხედვამ მეთოფეს გულში პატივისცემის გრძნობა აღძრა.

დაჭრილი ხომ არ ბრძანდებით თავადო? – იკითხა მეთოფემ.
ოდნავ გაკაწრული ვარ, დავჯდეთ, – თქვა ორბელიანმა და მეთოფეს იმ ადგილისკენ მიუთითა, სადაც იგი უნდა ჩამომჯდარიყო. ამ ოქროს ყანაში თავადი მასპინძელი იყო და მეთოფეს სტუმარივით ექცეოდა.
ცხონებული, მირონცხებული მეფის ყონაღი ხარ, კარგად ვიცი, ბევრგან გიხილე, – დაიწყო დინჯად ზაალ ორბელიანმა.
მეც გიცნობთ, მეომართა მომჭირნე სარდალი ბრძანდებით, – ქებაზე ქებით მიუგო მეთოფემ და თავადს დამბაჩის ლულებში შეაცქერდა.
ეჰ, ძმობილო, ეხლა ვის ახსოვს, თუ ვინ ვყოფილვართ მე და შენ. სამეფო აღარ გვაქვს. მე იმპერატორს შევფიცე ერთგულება და ამ ფიცით ჩავალ სამარეში.
მე არც არავისთვის შემიფიცია ერთგულება, გარნა ირაკლისა და ამიტომაც დღეს იქ გახლდით, სადაც ბატონიშვილები იყვნენ, – მეთოფემ აჯანყების სავარაუდო ადგილისაკენ მიმართა საჩვენებელი თითი.
აჯანყება დამარცხდა და უნდა დამარცხებულიყო კიდეც. ქართველობა ხელახლა უნდა მოშენდეს და ეს მშვიდობაშია შესაძლებელი. ბატონიშვილებს რუსეთში წაიყვანენ და მეფურად აცხოვრებენ. მათ შორის ღირსეულს ისევ უკან დააბრუნებენ და ერთიან საქართველოს ჩააბარებენ, აგრე რიგად მესმის მე, – ყრუდ თქვა თავადმა.
რუსები ქალებსა და ბალღებს ზარბაზნებში აბამენ, – გულისტკივილი ვერ დამალა მეთოფემ.
ირანელები და ოტომანნი, ანდა თუნდაც ლეკნი განა უფრო სათუთად გვექცეოდნენ? – იკითხა დამბაჩაშემართულმა თავადმა.
მეთოფე სდუმდა. იგი თავადის თეთრ ქულაჯას შესცქეროდა და სისხლის სქელი ფენის წარმოშობაზე და მნიშვნელოვნებაზე ფიქრობდა.

ტყვედ უნდა მიგგვარო რუსებს, – თქვა თავადმა და თვალები ნეტარებისაგან მოჭუტა.
ჩემი ხნის კაცს ტყვეობაში არაფერი ესაქმება, გიჯობს მესროლო, – მეთოფემ დამბაჩებს მკერდი მიუშვირა.
მე და შენ მაგ სასახელო თოფივითა ვართ, თუ სასროლი გვქონდა რაიმე, უკვე გავისროლეთ და აწი ნაკლები საქმე დაგვრჩა ამ მიწაზე, – ბრძანა ორბელიანმა და მიწას ჩააცქერდა.
ეს თოფი კიდევ ბევრს გაისვრის, – სიამაყით ჩაილაპარაკა მეთოფემ და განუყრელ „ცეცხლოს“ ლულაზე ხელი გადაუსვა.
რუსების თოფები თუ გინახავს, მიხვდებოდი, რომ შენცა და შენი თოფიც ჟანგისთვის ხართ განწირულნი.
მეთოფეს ცუდად ენიშნა თავადის უცნაური საუბარი და თვალი თვალში გაუყარა ერეკლეს სარდალყოფილს. მახარე მესხმა ორბელიანის ცისფერ თვალებში მოწყენილობა შენიშნა მხოლოდ.

თავადო, მე ტყვედ არსად წამოგყვები და არც თოფს დაგანებებ, – ომახიანად თქვა მეთოფემ და ორთავე ხელი იარაღს მოუჭირა.
მესმის, მეთოფევ, მაგრამ მე შენ ვერსად გაგიშვებ, ფიცით ვართ შეკრული მე და შენ და ამიტომაც უნდა ვესროლოთ ერთმანეთს. ასეთია წესი და ჩვენი შეგნება.
მესროლე მაშინ, რაღას აყოვნებ, – კლდესავით დადგა მეთოფე. თავადი კი სდუმდა და მეთოფეს აკვირდებოდა.
ამ სერს იქით ჩემი სახლია, კავთისხევი, – ჩაილაპარაკა მეთოფემ.
იმ ქედს იქით ჩემი მამულებია, მაგრამ შენ რა მერე,- კაეშანში გალამბული სიტყვები თქვა თავადმა.
ერთხელაც ხომ უნდა დაემშვიდობოს კაცი მამულს და ეს დროც მოსულა, – მეთოფემ თავადის დამბაჩებს შეხედა და თოფის სასხლეტს ცერა თითი მიაბჯინა.
მოსკოვური დამბაჩებია, ას ნაბიჯზე კამეჩს უსულოდ აგდებს, – თავის იარაღს ეფერებოდა თავადი და მეთოფესკენ მოიწევდა.
ვენეციური ლულა, მაჟაროიანი ჩახმახი, სამას ნაბიჯზე კაცს ცოცხლად არ გაუშვებს, – მხიარულად აღწერდა მძიმე თოფს მეთოფე და მელიას ნაბიჯებით უკან იხევდა.
ორივე დავიხოცებით, მაშასადამე, – სიცილით ამბობდა თავადი.
ეგრეა, ზაალ ბატონო, – კვერს უკრავდა მეთოფე.
ჯერაც საკმაო დრო გვაქვს, მითხარი რა სურვილი დაგრჩა სიკვდილის წინ, – დაინტერესდა თავადი და შეჩერდა.

ვაჟები გავზარდე, ქალები დავათხოვე, დედაკაცი მეცოდება, მაგრამ იმასაც ეშველება, ოჯახში კაციც ეგ იქნება და ქალიცა, – მეთოფე შეფიქრიანდა.
ერეკლეს ყონაღს სახლში სიკვდილი არ გნებავს, ხომ ასეა? – მჯიღი აიქნია თავადმა.
რა სჯობს ომში წასვლას და ფიცგაუტეხელ გარდაცვალებას, – თქვა მეთოფემ და ოქროსფერ ხორბალს გადახედა.
არცერთი ორბელიანი ჩემ წინ არ მომკვდარა ავადმყოფობით დაშრეტილი და დასტაქართა უნაყოფო ჩალიჩით შეწუხებული. ბალღობიდან მახსოვს, რომ გვასწავლიდნენ – „ვალმოხდილი სიკვდილიაო ბედნიერი გარდაცვალება“, – ბრძანა თავადმა.
ვალმოხდილი შევეგებები ეხლა შენ ტყვიას თავადო, – ჩამავალ მზეს თვალი გაუსწორა მახარე მესხმა.
იმ დიდ გზაზე მარტო ვერ გაგიშვებ მეთოფევ, მეც შენთან ერთად ვალმოხდილი მივალ ზენაართან, – ჩაიბუბუნა თავადმა.
ეგ როგორ? – სიმწრისაგან გაეცინა მეთოფეს.
მაგაზე მერე მოგახსენებ, – თავადის თვალები ჩამავალ მზეს აირეკლავდა.
მზე ნელ-ნელა ჩადიოდა ხვლიკისფერი ქედის იქით. თავადი ზაალ ორბელიანი სალაშქრო, მხედრულ დაფაზე გაჭიმულ პერგამენტზე რაღაცას საჩქაროდ წერდა, მეთოფე კი თოფს ბღუჯავდა, თავადის სასროლად გამზადებულ დამბაჩებს ათვალიერებდა და ხვლიკისფერი ქედს იქით, შვილიშვილებთან მყოფ დედაკაცზე ფიქრობდა.

მომისმინე, – მბრძანებლური ხმით თქვა თავადმა და დაიწყო.

„მე, ზაალ ორბელიანი, თავადი, უშვილძიროდ ვკვდები ოქროს ყანაში. ის კაცი, ვინც მე თანაბარი პაექრობისას ტყვიას მესვრის და მეც ტყვიას დავახლი, გამორჩეული ყონაღია ერეკლე მეფისა. იგია მახარე მესხი, მეთოფედ წოდებული. სამწუხაროდ მე და ეს კაცი ორივენი ფიცის ყმანი ვართ. ამიტომაც სხვადასხვა მხარეს მყოფნი პატიოსნად ვკლავთ ერთმანეთს. ამ ანდერძის აღმასრულებელს, ორბელიანთა სახლის შვილებს ვთხოვთ ჩემი და ჩემი მკვლელის მახარე მესხის ცხედრები საგვარეულო საძვალეში დაკრძალოს. მე წამასვენეთ კუმისში, ორბელიანთა საყდარში, სადაც მრავალი რჩეული საქართველოისა განისვენებენ. მახარე მესხი წაასვენეთ და დაკრძალეთ კავთისხევში მისივე გუარის განსასვენებელ ალაგს. კიდევ ვუბარებ ჩემი ქონების გამგებელს, მოიკითხოს მახარეს ქვრივი და სამსახურში აიყვანოს მისი მემკვიდრენი. აწ, იხარეთ თქვენ ჩემო მომდევნო მემკვიდრენო“, – ჩაიკითხა თავადმა ზაალმა თავისი ანდერძი და მეთოფეს მიაპყრო მზერა.

ბატონო ჩემო, ტყვედ ჩამიგდე, შეგეძლო მოგეკალი, მაგრამ არ მესროლე, ეხლა ორთაბრძოლაში მიწვევ, როგორც ტოლი სწორს. დიდ პატივია ეგ ჩემი გუარისათვის, მაგრამ გთხოვ… მესროლე და თავად უვნებლად წადი, – თქვა მეთოფემ და ზაალს მოწიწების გრძნობით შეხედა.
ჯერ ერთი ორბელიანნი არ სწერენ ანდერძს ორჯერ და მეორეც, თუ ვაჟკაცურად გსურს სიკვდილი, მაშ შემებრძოლე, ვინც გადარჩეს, ის წავიდეს თავის გზაზეო, რომ გითხრა, სარდალყოფილს მასხრად ამიგდებდი. ოღონდ ახლა მითხარი გული გწყდება კი რაიმეზე?
არც არაფერზე, – თქვა მეთოფემ და ხვლიკისფერ სერს გახედა.

აი, ღირსეული პასუხი მოყმისა! აბა ორბელიანნო, ძალოვანნო გმირნო, სარდლიანო გუარო, ქართლის ძირო და ჯილაგო მიმიღეთ უძღები ზაალი თქვენს წიაღში! – იძახდა ქართლის თავადი და დამბაჩებ მომარჯვებული დავლურს ცეკვავდა ოქროს ყანაში.
მესხნო! ჩუბინნო, არწივის თვალიანნო, მეფეო ერეკლევ, მამავ ჩემო, მიმიღეთ თქვენთან მახარე, მეთოფედ წოდებული, – მღეროდა მეთოფე და ხორუმის ილეთებით მიზანში იღებდა დამბაჩებიან მოწინააღმდეგეს.
სამმა გასროლამ თითქმის ერთდროულად იჭექა. თოფის გრგვინვასა და დამბაჩების ჭახანს საავდროდ მომზადებული ცის ქუხილი გამოეხმაურა და სულ მალე წკაპუნა წვიმამ გაახალისა სულშეგუბებული, დამფრთხალი ბუნება.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button