ესე

ზაზა ბურჭულაძე – „ჩვენ იმ საქმეს ვაკეთებთ, რაც ჩვენს მამებს უნდა გაეკეთებინათ“

ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიოს კულტურაში მიმდინარე პროცესებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 70-იანები (ამ თანმიმდევრობით: როკ-მუსიკა, კინემატოგრაფია, დაბოლოს – ლიტერატურა) იყო დაბერებული დედამიწის შემაჯამებელი შედეგი მთლიანად ხელოვნებაში. თუნდაც ქართული ლიტერატურა ავიღოთ. რაც 70-იან წლებში შეიქმნა, იმხელა მარაგია, რომ ჩვენს მომდევნო თაობებს სარჩოდ გაჰყვება (ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი და სხვები).

ჰესეს წინასწარ-მეტყველება სწორი გამოდგა: „მკითხველი კასტაა“. ხელოვნების ნებისმიერი შემფასებელი უკვე კასტაა, ელიტაა, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ეს წრე უფრო და უფრო ვიწროვდება. მუსიკაში ადრე ჰენდელი და ბიზე თავიანთი ნაწარმოებებით ეკონტაქ-ტებოდნენ მსმენელებს. ჩვენთვის სამწუხარო სინამდვილეა, რომ დღეს „პოპსა“ ამყარებს კონტაქტს მსმენელთან. განა რომელიღაც ვუდი ალენის ფილმი 100 000 მაყურებლისთვის ერთნაირად გასაგებია? ცნობილი რეჟისორების ფილმების ნახვა ხომ ერთგვარი მოდაა. ის წამხედურობა, რაც დღევანდელ ქართულ ესტრადაზე ხდება, მარტო მოდაა? ეს უკვე რაღაც დაავადება, უფრო კიბოა, რომელსაც მეტასტაზები უკვე მსმენელში აქვს გადგმული. ეს სულიერი დეგრადაციაა. ვერ ხედავთ, რა დღეში არიან ქართველი ბრიტნი სპირსები და სკუტერები?

თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ბევრი ნიჭიერი მწერალია. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ერთდროულად ამდენი კარგი მწერლის არსებობა დიდად სასიხარულოა. დღეს ქართველი ახალგაზრდა მწერლები აკეთებენ იმას, რაც ვერ შეძლეს ჩვენმა მამებმა.

ოთარ ჭილაძე და გურამ დოჩანაშვილი ჩვენ ბაბუებად გვეკუთვნიან. ჩვენი მამები კი… ისინი გასუქდნენ, პარლამენტში დასხდნენ და ვერ მოიცალეს ხელოვნებისთვის.

ჩვენი მამების თაობას არ გადაუბარებია მათი მამების შემოქმედება. იმის გამო, რომ ბაბუები მამებმა არ შეცვალეს, ჩვენ გვიწევს მამების არგაკეთებული საქმის კეთება. ამიტომ დღევანდელი ლიტერატურის მთელი აქცენტი ახალგაზრდა თაობაზეა.

„პლასტმასის“ ლიტერატურულ ნიმუშებს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ ვიცნობ, თუმცა ეჭვი მაქვს, რომ თითქმის ყველა პერიოდული გამოცემა ამ ტიპის „შედევრებს“ ბეჭდავს. რამდენიმე გამონაკლისი – „არილი“, „ალტერნატივა“ და „ქომაგი“ ცდილობს მსგავსი ლაფსუსები არ მოუვიდეს. ჩემი აზრით, პლასტმასის ლიტერატურა ცალკე მაინც უნდა არსებობდეს.

მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ცნობილი ჟურნალისტის, ან ნებისმიერი ადამიანის მკვლელობაზე უფრო დიდი ტრაგედიაა ის სიტუაცია, რაც განათლების სისტემაში ხდება, რადგან აქ საუბარია მთელი თაობის მკვლელობაზე. როდესაც ბავშვს შეურყვნელი, შეუბღალავი გონება აქვს და ის ერთნაირი მონდომებით ისრუტავს სიკეთესა და ბოროტებას, სწორედ მაშინ აჩვევ ფულით საქმეების ჩაწყობას. სკოლაში ნიშანი ქრთამით იწერება და ეს უმაღლესში კიდევ უფრო დიდი მასშტაბით გრძელდება. ბავშვი ხედავს, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება, მათ შორის, ღირსება-პატიოსნების. პედაგოგი ბავშვს სწავლას უნდა ანდომებდეს, გემოვნებას უნდა უყალიბებდეს. ზომბირებული ბავშვი კი შემდეგ ზომბირებულ ქართულ ესტრადას უსმენს. ისე, ზომბებს რა უნდა მოსთხოვო?

ჩვენ თანამედროვე ცივილიზაციის შვილები ვართ – სტრონციუმ 90-ით დასხივებული და აკრძალული ემულგატორებით დაძეძგილი ვიბადებით. მართალია, ტელევიზიამ, კომპიუტერებმა წიგნს მკითხველი წაართვა, მაგრამ ჭეშმარიტი მკითხველი დარჩა. ასე, რომ ნამდვილი მკითხველი, მაყურებელი, მსმენელი ყოველთვის იქნება. არა მგონია, „პლასტმასამ“ წაბილწოს ჭეშმარიტი ხელოვნება.

წყარო: გაზეთი ანარეკლი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button