სოფო კილასონია “წიგნი, რომელსაც ბედი აქვს. ვირის მიერ დაწერილი სახარება და ქართული პოეზიის მესია”
ნაწყვეტები სოფო კილასონიას სტატიიდან
ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანის მკითხველს მრავალი საინტერესო მოულოდნელობა ელის. პირველი ის, რომ წიგნში, რომელიც გარკვეულწილად გალაკტიონზე თუ “გალაკტიონითაა” დაწერილი, დიდი პოეტი სრულიად განსხვავებულადაა წარმოჩენილი. ავტორი შეეცადა, მოეხდინა იმ ხატის დემითოლოგიზაცია, რომელიც ქართველებს გალაკტიონზე გვაქვს შექმნილი. რომანის მთავარი პერსონაჟი და, ამავდროულად, მთხრობელია ვირი, მის მიერ დაწერილ სახარებაში კი მესია ანუ ქართული პოეზიის მესია გალაკტიონია.
ლევან ბერძენიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც რომანს “სახარება ვირისა” გამოცემამდე ბევრად ადრე გაეცნო, თუმცა, იგი არა მარტო ბოლო ნაწარმოებს, არამედ ზაზა ბურჭულაძის შემოქმედებასაც ძალიან კარგად იცნობს და არ მალავს, რომ ახალგაზრდა მწერალი ერთ-ერთი “მისი ავტორია”: “თავიდან ვიფიქრე, რომ ჩვეულებრივად ამ წიგნსაც ავიღებ, წავიკითხავ, შეიძლება აზრიც გამოვთქვა-მეთქი, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ჩვეულებრივი წიგნი. ეს წიგნი ჩემგან იმსახურებს რამდენიმე მადლობას, უპირველეს ყოვლისა, მადლობას ჩემგან, როგორც ლათინური ენის სპეციალისტისაგან – ლათინურის კარგი ცოდნისთვის. ნებისმიერი ცოდნა, მით უფრო, ლათინურის მყარი ცოდნა, იმსახურებს მადლობას, მეორე იმიტომ მაქვს მადლობა სათქმელი, რომ წიგნი გალაკტიონზეა, თუმცა, ავტორი წერს, რომ არა გალაკტიონზე, არამედ გალაკტიონით არის დაწერილიო. ეს არ არის სიტყვათა თამაში. მე ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ეს, – გალაკტიონით დაწერილი სახარება. და მესამე, ავტორსაც ის ცხოველი ჰყვარებია, რომელიც მეც მიყვარს – ვირი. ჩემი აზრით, ქართული ენა, ქართული წეს-ჩვეულება ვირებზე და ვირები ზოგადად უაღრესად განსხვავდებიან ერთმანეთისგან…” მას შემდეგ, რაც ბატონმა ლევანმა ისაუბრა ვირის როლსა და სახეზე ისტორიასა და ლიტერატურაში, ისევ განსახილველ რომანს დაუბრუნდა: “ამ წიგნში ერთადაა ცოტა მეცნიერება და ბევრი პოეზია. აქ ორი ნაწილია. პირველი, რომელიც დაწერა გულმა და მეორე, რომელიც დაწერა ტვინმა. ორივე უნდა წაიკითხო, რათა ის დაინახო, რაც აქ არის მთავარი. მთავარი კი გალაკტიონის ერთი ლექსის “ლურჯა ცხენების” ანალიზია, სრულიად ახლებურად დანახული. ეს არის ნამდვილი წიგნი გალაკტიონზე, რომელიც საკმაოდ მოულოდნელი კუთხით წარმოაჩენს მას. არა როგორც გაღმერთების ობიექტს, არამედ გამაღმერთებელს, არა როგორც ადამიან-ლეგენდას, არამედ როგორც მასალას, რომლითაც ახალი, დიდი ლიტერატურა შენდება. გალაკტიონი დაეხმარა ჩვენს ავტორს, იგი გამოყენებულია, როგორც მელანი. ჩემი აზრით, ესაა ამ წიგნის გასაღები. ეს წიგნი ჩვენი საუკუნის წიგნია, დაწერილი ქართული ლიტერატურის სიყვარულითა და მსოფლიო ლიტერატურის ცოდნით. მინდა, მივულოცო ზაზას და ვუთხრა, ამ წიგნს თავისი ბედი აქვს…”
აღმოჩნდა, რომ ბატონი ემზარ ჯგერენაია, წინა გამომსვლელთან შედარებით, უფრო მეტად გათვითცნობიერებული ყოფილა, როგორ იქმნებოდა “სახარება ვირისა”, რა შემოქმედებით პროცესებს გადიოდა ავტორი, რომელიც, მისი თქმით, მუდმივად ხვეწს და მათემატიკური სიზუსტით სრულყოფს საკუთარ ენასა და წერის მანერას: “მგონია, რომ ზაზას განზრახვა ასეთი იყო: მან დასცინა ადამიანებს, ინტელექტუალებს, რომლებიც სიტყვების თამაშით ერთობიან, ლათინურ სიტყვებს წარმოთქვამენ და ხშირად მათი მნიშვნელობა არ იციან. ზაზამ ლათინური არ იცის, მაგრამ ისე გააკეთა, რომ გარკვეულ წრეს უთხრა: მე თქვენსავით ჟონგლიორობა ვიციო. გაგა ლომიძის კომენტარები არის უზადო. მისი სახით მივიღეთ რომანის არაჩვეულებრივი შეჯამება…”
ბატონ მერაბ ღაღანიძეს ბურჭულაძის რომანზე საუბრისას მოაგონდა ჰერმან ჰესეს რომანი “თამაში რიოში მარგალიტებით” და აღნიშნა, რომ ამ ახალ ქართულ რომანში მკითხველს კულტურული ფასეულობებით თამაში შეუძლია. ბატონმა ნოდარ ლადარიამ აღნიშნა, რომ კომენტარები ორგანული ნაწილია ტექსტისა და ესაა ამ წიგნის ორიგინალობა.
თუ ვენდობით სიტყვით გამომსვლელებს და მათ, ვინც ახალი რომანი უკვე წაიკითხეს, “სახარება ვირისა” არ არის ჩვეულებრივი წიგნი. ის მომზადებული მკითხველისთვისაა დაწერილი და ის წიგნია, რომელსაც ბედი ნამდვილად აქვს. ესაა რომანი, რომელიც ენის სივრცეში ცხოვრობს და კულტურული ფასეულობებით ოსტატურად და იუმორის დიდი გრძნობით თამაშობს. “სახარება ვირისა” ახალი მიმართულება, ახალი გზაა ზაზა ბურჭულაძის შემოქმედებაში. თუმცა, დამეთანხმებით, სხვათა კომენტარების მოსმენას ნამდვილად სჯობს წიგნის წაკითხვა. მით უფრო მაშინ, როცა გეუბნებიან, რომ ახალ რომანში დიდი ინტრიგაა ჩადებული.
გაზეთი “24 საათი”, 5 მარტი, 2005