progressive folk, progressive rock
ტრეკლისტი:
- Nine Mountains Away (7:52)
- Komble (9:09)
- Under The Sky Of Toledo (7:04)
- Khorumi (10:23)
- Message From Caucasus (7:38)
- Pastoral (8:16)
- Sakhumaro (7:42)
- Bibi (9:50)
შემადგენლობა:
- გიორგი ბაბუნაშვილი – ბასი, ვოკალი
- გიორგი კობახიძე – გიტარა, ვოკალი
- ანა სიხარულიძე – კლავიშები, აკორდეონი
- ნოდარ მანჩხაშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტები
- სანდრო ნიკოლაძე – ფლეიტა, ლირა
- ემზარ ბურდული – ვალტორნა, ვოკალი
დარწმუნებული ვარ, უმეტესობას კარგად გახსოვთ ჯგუფი Soft Eject. თავის დროზე მათი ლამაზი, მსუბუქი მელოდიზმით აღსავსე სიმღერები მთელს საქართველოში სუპერპოპულარული იყო და ჯგუფიც იმ კოლექტივთა მცირე რიცხვში შედიოდა, რომელთა გულისთვისაც მაშინდელი „პირველი სტერეოს“ ჩართვა ღირდა.
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, დღეს ჯგუფის ამ ჰიტებით სავსე, ადრეულ ალბომებს ვერსად იშოვით. საქმე ისაა, რომ ისინი ოთხმოცდაათიან წლებში, მხოლოდ კასეტაზე გამოიცა, რომელსაც დღეს ვეღარსად იშოვით; მათ გაციფრულებაზე კი ბევრს არავის უზრუნია. საბედნიეროდ, ბოლო 2 ნამუშევარი CD ფორმატშიც გამოვიდა და მათ შორის უკანასკნელს ახლა შემოგთავაზებთ.
ოთხმოცდაათიანების მიწურულს ჯგუფის შემოქმედებაში მცირე პაუზამ დაისადგურა; შეიცვალა ჯგუფის რამდენიმე წევრი. ამან შემოქმედებით გეზშიც გარკვეული ცვლილებები გამოიწვია; მუსიკის კომპოზიციური წყობა საკმაოდ გართულდა და მუსიკაც ძალიან დაუახლოვდა პროგრესულ როკს. ეს განსაკუთრებით ალბომ „Nine Mountains Away”-ში სჩანს. ამავე დროს, ფოლკლორული ელემენტები, რომლებიც ჯგუფის ადრეულ შემოქმედებაში მხოლოდ ეპიზოდურად გაიჟღერებდა ხოლმე, აქ უკვე მუსიკის საფუძველი გახდა.
თუ რამდენიმე მოკლე ვოკალურ მომენტს არ ჩავთვლით, „Nine Mountains Away” მთლიანად ინსტრუმენტული ალბომია. ნაწარმოებები ძირითადად მსგავს რიტმულ-კომპოზიციურ ხედვებს ეფუძნება: გვხვდება ორიგინალური, პროგრესული რიტმული თვლები (5/4, 11/16, 13 / 16 და ა.შ.). მუსიკაში ძირითადად ფლეიტა დომინირებს, რომელსაც ზურგს ვალტორნის (French horn) თბილი ტემბრი უმაგრებს. ყველა ნაწარმოები ხანგრძლივია, ასე რომ მოკლე ლეიტმოტივებს ფრთების გაშლის საკმარისი საშუალება ეძლევათ.
ალბომი ემოციურად მარტივი, მაგრამ ძალიან დახვეწილია; ძირითადად ფლეიტის მიერ შექმნილი დადებითი, პასტორალური განწყობა სუფევს, მაგრამ დროდადრო, მსუბუქი მელანქოლია და დრამატიზმიც იჩენს ხოლმე თავს (Under The Sky Of Toledo, Khorumi-ს დასკვნითი ნაწილი, Bibi). ჟღერადობა კი იმდენად კომფორტულია, რომ ეს ალბომი როგორც მთელი კონცენტრაციით მოსასმენად, ასევე სარელაქსაციო ფონადაც გამოდგება.
საბოლოო ჯამში, Soft Eject-ის ბოლო ქმნილება მსმენელისთვის არცთუისე მომთხოვნი, მაგრამ ლამაზი და ძალიან დახვეწილი ალბომია. ცხადია, რომ აქ კომპოზიციურ ნოვაციებს ვერ შეხვდებით (თუმცა ყველაფერი ფარდობითია: ასეთი ტიპის წმინდა ქართული პროგ ფოლკ ალბომი თითებზე ჩამოსათველელია), მაგრამ გლობალური მასშტაბით, ფოლკლულ სიურპრიზებს, არა იმდენად კომპოზიციური ფორმა, რამდენადაც შემადგენელი ნაწილები, მსოფლიოს ხალხთა მოტივები წარმოადგენს. ჯგუფმა კი ამ ალბომით ქართული ფოლკლორის ევროპულთან ადაპტირებისა და წარმოჩენის მისია ძალიან სოლიდურად და შემოქმედებითად შეასრულა, რისთვისაც მათთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.
შეფასება ოდნავ მერთულება; ალბომს შედევრს ვერ უწოდებ, მაგრამ საქმე გვაქვს მაღალი კლასის, მოსასმენად ძალიან სასიამოვნო ნამუშვართან. მისი ჯანსაღი ესთეტიკა ყველას დააინტერესებს და მოსმენას ნამდვილად არავინ ინანებს. ამას დავამატოთ მცირე სუბიექტური ბონუსიც და გამოგვივა შეფასება 8,5 / 10.
გადმოსაწერი ბმული: Soft Eject – Nine Mountains Away (2003)