ისტორია

ეფემერები პაპავების არქივიდან

ეფემერები პაპავების არქივიდან

დეა თავბერიძე

რეზო თაბუკაშვილის დაბრუნებული განძი

სიონის საკურთხევლის ფარდაგი…

რესტორნის ხელსახოცზე დაწერილი ციციშვილის სალაღობო ლექსი, სანდრო ახმეტელის გარდაცვალების ცნობა, მოსაწვევი ბარათი, კონვერტი საქართველოს დროშით… ეს ეფემერები თამარ და აკაკი პაპავების მემკვიდრეობიდან არის და ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. ემიგრანტთა კოლექცია პაატა ნაცვლიშვილმა პაპავების შთამომავლების ინიციატივით არგენტინიდან ჩამოიტანა. უფრო ადრე, 80-იან წლებში პაპავების ოჯახით, იქ არსებული საგანძურით და ქართული ემიგრაციით, რეზო თაბუკაშვილი დაინტერესდა. მისი დაწყებული საქმე პაატა ნაცვლიშვილმა გააგრძელა.

პაატა ნაცვლიშვილი:

“ბატონმა რეზომ ძალიან ბევრი გააკეთა ქართული ემიგრანტული კულტურის წარმოჩენისთვის. თუნდაც ის რად ღირს, რომ უნიკალური ფარდაგი ჩამოიტანა. მაშინ სხვა დრო იყო და ამ ფარდაგის ჩამოტანა, დიდ სირთულეს წარმოადგენდა. რეზომ შეუძლებელი გააკეთა.”

ლაშა თაბუკაშვილი:

“ამ ფარდაგზე მამამ ისე ინერვიულა, ლამის სისხლი ჩაექცა…”

აკაკი და თამარ პაპავები – Akaki & Tamar Papava

თამარ და აკაკი პაპავები

თამარი და აკაკი ემიგრაციაში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აღმოჩნდნენ. ისინი ჯერ გერმანიაში ცხოვრობდნენ, ომის შემდეგ კი არგენტინაში დასახლდნენ. მათი მრავალრიცხოვანი შთამომავლები დღემდე იქ ცხოვრობენ. პაპავების ოჯახი ათწლეულების მანძილზე ქართული ემიგრაციის ყველაზე ძლიერ კერად ითვლებოდა. მათთან ხშირად იკრიბებოდნენ საქართველოდან გადახვეწილები. აკაკი პაპავა ბევრ ემიგრანტს მფარველობდა, მეცენატობდა უცხოეთში, აგროვებდა და იძენდა ყველაფერს, რაც საქართველოსთან იყო დაკავშირებული…

თბილისის სიონის ტრაპეზის ძველი ნაქარგი გადასაფარებელი

ფარდაგი

მეცხრამეტე საუკუნეში, აღდგომის წინა დღეს, ქურდობის ცნობამ შეძრა ქართული საზოგადოება: სიონიდან ისტორიული რელიკვია გაიტაცეს, საკურთხევლის ოქროსა და ვერცხლის მკედით ნაქარგი გადასაფარებელი. ეს ფარდაგი 1773 წელს მოუქარგავს და სიონისთვის შეუწირავს ქეთევანს, დავით მესამის დედას… ქსოვილი, რომელიც მთელი საუკუნე ამშვენებდა სიონის საკურთხეველს, უკვალოდ გაქრა…

მზია პაპავა – აკაკი და თამარ პაპავების ქალიშვილი; Msia Papava – dougther of Akaki and Tamar Papava

. . .

1937 წელს აკაკი პაპავა გერმანიაში ერთ-ერთ კოლექციონერთან წააწყდა ფარდაგს… ფოტო გადაუღო და პარიზში ექვთიმე თაყაიშვილს გაუგზავნა… ექვთიმემ მისი ისტორიული მნიშვნელობა აცნობა აკაკის… ემიგრანტებმა ფული შეაგროვეს და ფარდაგი 10 000 დოლარად შეიძინეს. ქართველების რელიკვია ხან პაპავების ოჯახში, ხან ბერლინის ბანკში ინახებოდა. ომის პერიოდში, დაბომბვის შემდეგ, საოცარი რამ მოხდა. ბანკი დაინგრა და მთლიანად განადგურდა. მხოლოდ ის საცავი გადარჩა, რომელშიც ფარდაგი ინახებოდა… ამის შემდეგ ეს საკრალური ნივთი პაპავების ოჯახში ხატის ფუნქციას ასრულებდა. ომის შემდეგ არგენტინაში საცხოვრებლად წასულმა პაპავებმა, ეს ნივთიც თან წაიღეს.

იკა პაპავა, რეზო თაბუკაშვილის ასისტენტი. “როცა არგენტინაში ჩავედით, აღმოჩნდა, რომ რეზოს მამა, შალვა თაბუკაშვილი, პაპავების სიძის – ლეო ჭეიშვილის მასწავლებელი იყო. ამ ფაქტმაც გადააწყვეტინა მათ, რომ ეს დიდი რელიკვია რეზოსთვის გამოეტანებინათ. სამუზეუმო ნივთი საელჩოში უნდა გაფორმებულიყო. მაშინ არგენტინაში საბჭოთა კავშირის საელჩო იყო. ელჩის მოადგილემ ფარდაგი დაგვატოვებინა და მეორე დღისთვის დაგვიბარა, მეორე დღეს კი გადაწყვეტილება მიიღო – ფარდაგი რაისა გორბაჩოვასთვის უნდა გადაეგზავნა… ამ ფაქტმა რეზო ლამის გააგიჟა. მივარდა ელჩის მოადგილეს და უთხრა – დასაკარგი არაფერი მაქვს. იცოდეთ, ბოლომდე ვიბრძოლებ და ჩემსას დავიბრუნებ… ყველა გაზეთში დავწერ, როგორ იწყებთ პერესტროიკას…

რეზო თაბუკაშვილმა არამარტო ფარდაგი, არამედ ბევრი სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული ნივთი დაუბრუნა საქართველოს…

“40 დღე ვმალავდით თამარაშვილის სასახლეს, რომლის გამო მამას ფიზიკური ჩხუბიც მოუვიდა, იმიტომ, რომ ბარგში ჩაბარება არ აკადრა “…

თავიდან იტალიელებს თამარაშვილი რეზო თაბუკაშვილის ნათესავი ეგონათ… უცხო ადამიანზე გაწეულმა ამაგმა ისინი გააკვირვა და აღაფრთოვანა. რეზოს კი ის ეამაყებოდა, რომ სამშობლოს სასიქადულო შვილს უბრუნებდა, რომლის სახელიც საქართველოში ბევრს არ ახსოვდა… ამგვარი საქმეების კეთება ხშირად ტკივილის ფასად უჯდებოდა… “საფრანგეთში – ნერვიულობისგან ცხვირიდან სისხლი წასკდა. ჰოლანდიაში – შიმშილისგან გული წაუვიდა… ფული არ ჰქონდა და ათი დღე მშიერი დადიოდა… მხოლოდ წყალს სვამდა, იმ წყალს, რომელსაც ჰოლანდიელები არ სვამდნენ.” – სხვა გზა არ იყო, ყოველგვარი წინაღობისთვის უნდა გაეძლო და ვალი, რომელიც საკუთარ თავს თავადვე დააკისრა უნდა მოეხადა. ამას, ადამიანობა კარნახობდა… იქ კი ეგონათ, რომ დიაბეტი ჰქონდა. ” მამა ისე იყო ჩაცმული, ვერავინ წარმოიდგენდა რომ მშიერი დადიოდა. ჰოდა, როცა ხუთი წლის შემდეგ ჰოლანდიაში ჩავედი, მკითხეს, რეზო როგორ არის, დიაბეტი ისევ აწუხებსო? გავიკვირვე – დიაბეტი საერთოდ არა აქვს მეთქი. როგორ არა, აქ წაგვექცაო. მაშინ მამას მონაყოლი გამახსენდა, მაგრამ მშიერი იყო-მეთქი ხომ ვერ ვიტყოდი… როცა ჩამოვიდა 12 კგ. ჰქონდა დაკლებული.”

ტანჯვით, მალვით და დიპლომატიური გონიერებით უბრუნდებოდა ქვეყანას, თითქმის დაკარგული ნივთები… მერე კი იქმნებოდა ნახევრადლეგალური ფილმები. რეზო თაბუკაშვილის მიერ მოძიებული უნიკალური საგანძური თბილისის მუზეუმებსა და ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება: “მამამ პარიზში ერთ ადგილს მიაგნო, ხიდთან, სადაც ბუკინისტები იყვნენ. მათ ძველი ლურსმული დამწერლობა ეთიოპიური ეგონათ. აქედან გამომდინარე, მათგან კაპიკებში შეიძინა ისეთი ხელნაწერები, რომლებიც სინამდვილეში ათასები ღირდა და, რომელიც ჩვენი ერისთვის შეუფასებელია…”

ღვთისმშობელი ნატყვიარით

თაბუკაშვილების ოჯახში არ ის უცხოეთიდან ჩამოტანილი ერთი ძალიან ღირებული ნივთი, საგანძური უცხოელი გრაფინიას მემკვიდრეობიდან, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში რეზო თაბუკაშვილს თავად გრაფინიამ აჩუქა…

“ამერიკაში მამას კიბოს დიაგნოზი დაუმტკიცდა. ნიუ-ორკში 80 წლის გრაფინია გავიცანით, რომელიც ისე მოიხიბლა მისით, რომ ეს კუბისტური ნახატი აჩუქა. ნახატზე ღვთისმშობელია, საფეთქელთან თეთრგვარდიელის ნატყვიარით…”

წყარო: http://www.ptpress.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button