ისტორია

დიაოხი და კოლხა

ძვ. წ-ის II ათასწლეულში ახლო აღმოსავლეთში ახალი სახელმწიფოები წარმოიშვა. ზოგი ისტორიკოსი მათ „სამხედრო სახელმწიფოებსაც” უწოდებს, რადგან ისინი მუდმივად ომებს აწარმოებდნენ. ასეთები იყვნენ- ხეთების სამეფო, მითანი, ასურეთი. სწორედ ასურულ ლურსმულ წარწერებში იხსენიება პირველად ქართული სახეკმწიფოებრივი გაერთიანება – დაიენი (დიაოხი). ასურეთის ერთ–ერთი უძლიერესი მეფის ტიგლათფილესერ I-ის (1115–1077) წარწერაში ლაპარაკია ასურელთა გალაშქრებაზე „ნაირის ქვეყნების“ წინააღმდეგ. ასურელები „ნაირის“ ეძახდნენ მათი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ვრცელ მიწა–წყალს. ამ წარწერაში იხსენიება დაიენის მეფე სიენი. დაიენი– დიაოხი ძვ. წ. XII-VIII საუკუნეებში არსებობდა. მისი ტერიტორია მოიცავდა ჭოროხის აუზსა და შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებს. შემდგომში დიაოხს იხსენიებენ ურარტული წარწერები. ურარტუს მეფეების მენუას (819–786) და არგიშთი მენუას ძის (786–764) ლურსმულ წარწერებში იხსენიება მათი ძლევამოსილი ლაშქრობები დიაოხის წინააღმდეგ. მენუა იხსენიებს დიაოხის მეფეს უტუფურშის, ხოლო არგიშთი დიაოხის სამეფო ქალაქ ზუას.

არგიშთის შემდეგ დიაოხი აღარ იხსენიება, სამაგიეროდ ურარტულ წარწერებში იხსენიება სამხრეთ დასავლეთ საქართველოს მეორე დიდი გაერთიანება – კოლხა (კულხა). მის შესახებ ლაპარაკია სარდურ II- ის (764–725) წარწერებში. როგორც ჩანს დიაოხის მიწები ურარტუმ და კოლხამ გადაინაწილეს და გამეზობლების შემდეგ მათ შორის ომები დაიწყო. ამაზე მეტყველებენ სარდურის წარწერები, საიდანაც ჩანს, რომ მან სულ ცოტა ორჯერ ილაშქრა კოლხეთში და აიღო სამეფო ქალაქი ილდამუშა.

ძვ.წ. VIII საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ კავკასიიდან და სამხრეთ რუსეთის სტეპებიდან დაიწყო მომთაბარე სკვითების და კიმერიელების შემოსევები. ისინი შემოიჭრნენ სამხრეთ კავკასიაში, ხოლო აქედან ახლო აღმოსავლეთში. ამ შემოსევების შედეგად განადგურდა კოლხა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button