ისტორია

ეფრემი II-ის მიმართვა

მსოფლიოს ყოველი მხრის მცხოვრებნო, მსოფლიოს ყოველი მხრის ხელმწიფებანო და მთავრობანო

ერთხელ კიდევ მიხდება მე, უძველეს ქრისტიანული ქართული ეკლესიის სახელით გულის ტკივილით მივმართო ჩემს თანამოძმეთა და თქვენი შუალობით კაცობრიობის იმ ნაწილს, რომელსაც აქვს ის საშინელებანი, რასაც გვიქადის ჩვენ თავშეუკავებელი შეიარაღება ადამიანთა მოდგმის მასიური გაჟლეტის იარაღით.

დიდი ხანი არაა, რაც პრაღაში შეკრებილ მთელი მსოფლიოს ქრისტიან წარმომადგენელთა ყრილობაზე, მე სრულის შეგნებით ჩემი მწყემსმთავრული მოვალეობისა მივმართე ასეთივე სიტყვით დამსწრეთ და, მათი საშუალებით უფრო შორს, უძველეს ქართული ეკლესიის სახელით, გაფრთხილებით და ვედრებით იმ საშინელებათაგან საფარის საძიებლად, რასაც უმზადებენ ჩვენს მიწიერ ცხოვრებას ბოროტი ზრახვებით პყრობილი ომის მომზადებისა და გაჩაღების სატანისმიერი ბნელი ძალები.

ის გარემოება, რომ ჩვენ კვლავ და კვლავ გვიხდება ასეთი გამოსვლები კაცობრიობის პროგრესიული ნაწილის მხარ დასაჭერად და ბოროტი ძალების ასალაგმავად, რათა ამით განვამტკიცო შეგნება იმ გზის დამღუპველობისა, რომლისკენაც უბიძგებენ კაცობრიობის მტერი კოლონიალისტები _ მიუთითებს იმ სამწუხარო ამბავზე, რომ დღითი-დღე ძნელი ხდება ღვთისაგან მინიჭებული ადამიანური გონების შეკავება უდიდესი ცოდვისაგნ _ ადამიანთა სისხლის ღვრისა და მოსპობისაგან.

როგორც სავსებით ნათელია საბჭოთა ქვეყნის მეთაურის _ მშვიდობისათვის მებრძოლ _ ნიკიტა სერგის ძე ხრუშჩოვის განცხადებიდან ამერიკის მიერ ატმოსფეროს სიმაღლეში ატომურ აფეთქების გეგმასთან დაკავშირებით.

ომის მუქარა სულ უფრო და უფრო საშიში და სახიფათო ხდება და ყოველ დღე შეიძლება გადაიზარდოს ომის უშუალო სინამდვილეთ.

იქვე მითითებული განცხადება ამერიკის პრეზიდენტისა, რომ მას მოუხდება საომარ მოქმედებათა დაწყების სანიშნო ღილზე თითის დაჭერა, მთელის ცინიზმით გამოხატავს იმ გაბოროტებას, რომლითაც აღსავსეა ომის გამჩაღებელთა ბანაკი; ნათელი ხდება, რომ კაცობრიობის ეს ნაწილი თანდათან კარგავს ღვთისმიერ სახეს, მზადაა აღსდგეს ღვთის წინააღმდეგ და დასცეს ქვეყანა ცეცხლოვან გენიასა შინა, გასახარებლად ბოროტებისა და გასანადგურებლად ყოველი კულტურული, ეკონომიური და სხვა ღირებულებათა.

იყო დრო, როცა ძალადობა და ომი ბუნებრივ ამბად ითვლებოდა ადამიანთა შორის უკმაყოფილების მოსაგვარებლად, მაგრამ ეს იყო ხანა დაბალი კულტურისა, ფეხაუდგემელი ცივილიზაციისა, როცა ადამიანები არც ისე შორს იყვნენ ცხოველთა ვნებათაგან და მხეური გამომეტყველებისაგან მსჯელობასა და მოქმედებაში. ყველა ამის გაგება შეიძლებოდა იმ დროისათვის, მაგრამ გამართლება კი არა. ამასთან ერთად, საზოგადოებრიობის იმ პირობებში შეიარაღება და ომის უბედურება, მუდამ უღვთო და საზიზღარი, მაინც ისეთი არ იყო, როგორიც არის ის დღეს და შეიძლება იყოს ხვალ.

მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ ნივთიერ დიდ შედეგების მიღწევასთან ერთად ვერ შესძლო კლასობრივ საზოგადოებაში თანაბარი შედეგების მიღწევა ადამიანის სულიერი წარმატებისა და გაკულტუროსნების დარგში.

ხომ ვერ დაუშვებთ ერთი წუთითაც, რომ კაცობრიობამ იმისათვის შექმნა დიდი მატერიალური ღირებულებანი, მანქანები, ააგო სასახლეები კულტურისა და წინსვლისა _ კაცობრიობის გენიალობის ძეგლები და დასასრულ ისე გაკოტრდა სულიერად, რომ დაივიწყა შთაგონება და პათოსი თავისი შემოქმედებისა და იმავე მანქანას მიანდო განადგურება, როგორც კულტურულ მიღწევათა, ისე თვით ადამიანისაც.

ნუ თუ საუკუნეთა განმავლობაში იმისათვის იღწვოდა კაცობრიობა, რათა შეექმნა უმაღლესი ღირებულებანი და თვალის ჩინივით უვლიდა მას, ნუ თუ იმისათვის ოცნებობდა კაცობრიობა უკეთეს მომავლისათვის თავისი შვილებისა და შთამომავლობისა, ნუ თუ იმისათვის აღაპყრობდა ხელთა ზეცით უკეთესი და ბედნიერი მომავლის ვედრებისა, რომ ერთ დღეს გონება დაბნეულს მტვრად ექცია ეს ყველაფერი და რაკეტული ომის ცეცხლისათვის მიეცა ჩასანთქავად და აღსაგველად სიცოცხლისა პირიდან ჩვენი პლანეტისა.

არა, ეს ყველაფერი დაუშვებელია, და თუ შესაძლებლად და აუცილებლად ითვლება მომაკვდინებულ ღილის ხელის დაჭერა, ჩვენ უნდა განვაცხადოთ: უკმარი სჩანს ქრისტიანული მოკრძალებული ქადაგება მშვიდობისა და სიყვარულისა და ძმათა შორის სათნოებისა. დაჰკრა ჟამმა, როცა საჭირო შეიქმნა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, საჭიროა მთელი ცივილიზებული კაცობრიობის ძალთა გაერთიანება, რათა კაცობრიობის მტრებმა ვერ შესძლონ მოწინავე ერების საფრთხეში ჩაგდება და თავისი ბნელი ზრახვების განხორციელება. საჭიროა პროგრესული კაცობრიობის ერთობა, რათა ომი შეუძლებელი გახდეს, რათა ომი იქნეს დაძლეული.

მშვიდობის გამარჯვება მხოლოდ ბრძოლით მოიპოვება, ამიტომ _ ბრძოლა ომს, _ მშვიდობის გამარჯვებისათვის ნიკიტა სერგის ძემ დაახასიათა ამერიკელთა ნაბიჯი მაღალ ატმოსფეროში რაკეტულ აფეთქებათა შესახებ, როგორც აგრესია. ამის წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო, ბრძოლა შეურიგებელი და გადაუდებელი.
კაცობრიობის იმ ნაწილმა, რომელიც ომს ებრძოდა და მშვიდობას ეტრფოდა, თავისი ოცნება გამოხატა დევიზით: “თუ გსურს ზავი, ემზადე ომისათვის”. დღეს ეს უკვე დრომოჭმული ამბავია. ომისათვის მზადება მაინც შეიარაღებაა, შეიარაღება კი თავდაპირველად ომის გზაა, ამიტომ ჩვენმა დრომ და ჩვენმა საბჭოთა ქვეყანამ ახალი ლოზუნგი წამოაყენა: ვისაც სურს ზავი და კაცობრიობის განთავისუფლება თვითმკვლელობისაგან, მან უნდა ებრძოლოს შეიარაღებას. საერთო განიარაღება _ ასეთია ომის შეუძლებლობის გზა და სადაო საკითხების მშვიდობისა და მოლაპარაკებით გადაწყვეტის გზა.

უძველესი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია კაცთა შორის მშვიდობისა და სიყვარულისათვის მლოცველი, უერთებს თავის ხმას განიარაღებისათვის ბრძოლის გაძლიერებას, როგორც ერთად ერთი საწინდარს კაცობრიობის გადარჩენისა საერთო განადგურებისაგან და მის მიღწევათა და მონაპოვარის მომავალ თაობათა საბედნიეროდ შენარჩუნებას.

ეფრემი II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
1962 წლის 12 ივნისი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button