ლიტერატურა

ხათუნა მაისაშვილი – “სამშობლო, ერი-სახელმწიფო და ქართული ელიტები”

ეროვნული იდენტობის რეპრეზენტაცია 1990-1991 წლების ქართულ პრესაში

შესავალი

ამ სტატიის მიზანია მთავლიტის ცენზურისაგან გათავისუფლებული ქართული ბეჭდური მედიის როლის ჩვენება ეროვნული იდენტობის შექმნაში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში.

კვლევა შეეხება: ა) მედიური რეპრეზენტაციის მნიშვნელობას გაზიარებული კოლექტიური იდენტობის შექმნა-განვითარებაში საერთო ტერიტორიის გაზიარებული განცდის საფუძველზე, და ბ) წყაროს ტიპის მნიშვნელობასა და გავლენას მედიაში ეროვნული იდენტობის დამამკვიდრებელი ენის, დისკურსის შექმნაში.

კვლევის მიგნებებს წარმოადგენს: ა) სახელისუფლებო ელიტა და ინტელიგენცია იყვნენ ის ძირითადი აქტანტები, რომლებიც ქმნიდნენ ეროვნული იდენტობის გამამყარებელ ენას მედიაში; ბ) რომ ჟურნალისტები მხოლოდ უკან ან პარალელურად მიჰყვებოდნენ მათ ამ ენისა და დისკურსის შექმნაში.

სტატიის იდეა ეყრდნობა 1990-იანი წლებში შობილ, ერნესტ რენანის, ბენედიქტ ანდერსონის, მაიკლ ბილიგის და სხვათა მიერ გამოთქმულ კონცეპტუალურ მოსაზრებებს მედიის როლის შესახებ ეროვნული იდენტობის რეპროდუცირებასა და ევოლუციონირებაში. ერნესტ რენანმა „ერის არსებობას“ „ყოველდღიური პლებისციტი“ (1) უწოდა. რენანისეულ „პლებისციტის“ მეტაფორაში მოცემულია კავშირი ერად ყოფნის ფსიქოლოგიურ განზომილებასა (ერად ყოფნის ნება და სურვილი) და მის ყოველდღიურ მედიურ მანიფესტაციას შორის. რენანის გაცნობიერებული ნების ფსიქოლოგია წარმოსახვის ფსიქოლოგიის ძალით ბენედიქტ ანდერსონმა (1991) გაამყარა. ანდერსონი თავის ყველაზე გავლენიან ნაშრომში „წარმოსახვითი ერთობა“ განსაკუთრებულად წარმოაჩენდა მედიის დომინანტურ როლს ერის, როგორც წარმოსახვითი ერთობის, შექმნაში. მედიას ეროვნული იდენტობის ყველაზე გავლენიანი „შემხსენებლის“ ფუნქციამაიკლ ბილიგმა განუსაზღვრა 1995 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში `Banal Nationalism (2). შეკითხვას: რატომ არ ივიწყებენ ადამიანები თანამედროვე მსოფლიოში თავიანთ ეროვნულ იდენტობას, ბრიტანელმა მეცნიერმა ასე უპასუხა: იმიტომ, რომ მათ ჰყავთ შემხსენებელი – მედია, თავისი რუტინული სიმბოლოებითა და ენობრივი ჩვევებით.

რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ

გულუბრყვილობა იქნება იმის მტკიცება, რომ ახალი ქართული სახელმწიფოს შექმნისთანავე შეიქმნა ახალი ქართული მედია. 1990-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე ფორმაციული ცვლილებების ფონზე იქმნებოდა მოლოდინი, რომ ქართულ მედიაში, როგორც ღია სისტემაში, მზადდებოდა ნიადაგი ახალი მედიის სოციალური, კულტურული, ნორმატიული, ოპერაციული საფუძვლებისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ იმ პერიოდის ქართული მედია არსებობდა პოსტ-გლასნოსტური საბჭოთა მედიის პარალელურად, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მთლიანად პოსტ-საბჭოთა სივრცეში და რომელიც უზრუნველყოფდა ანტი-საბჭოთა (ანტი-სტალინისტურ) დისკურსს. ამ კვლევაში აღვნიშნავ მხოლოდ დამდგარ და არა მოსალოდნელ ცვლილებებს, რომლებიც ჯერ კიდევ გლასნოსტის პერიოდიდან იღებენ სათავეს და გრძელდებიან პოსტ-გლასნოსტურ პერიოდშიც. უპირველესად შეიცვალა სივრცე.

იგი დავიწროვდა – საბჭოთა სამშობლოს მასშტაბებიდან – ახალ ერსახელმწიფომდე, საქართველომდე. სივრცე „საბჭოთა სამშობლო“ სხვადასხვა კომპონენტად დაიშალა ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში და იდენტობით ბინარულობაში აისახა: „აქ“ და „იქ“, „ჩვენი“ და „მათი“… მედია იქცა იდეოლოგიური შრომის იმ ნაირსახეობად, რომელსაც თავისი მკითხველებისათვის უნდა შეექმნა ერისა და ეროვნულობის, ნაციონალიზმის, როგორც იდეოლოგიისა და როგორც იდენტობითი ფენომენის, განსაზღვრება; უნდა უზრუნველეყო ნაციონალისტური დისკურსის რიტორიკული სივრცე და ეროვნულობის დამკვიდრება ყოველდღიური ცხოვრების პრაქტიკაში. ცხადია, ამგვარი იდეოლოგიური შრომა მიმართული იყო „ახალი” მკითხველისადმი. 1990-იანი წლების მედია მკითხველს მიმართავდა, როგორც ერის წევრს. სოციალურ-პოლიტიკურმა კონტექსტმა რადიკალურად შეცვალა მედიაში ის პრედიკატი, რომლის მიმართაც იდენტობის გაზიარებული განცდის შექმნა სოციალურად მოთხოვნადი იქნებოდა. მედიაში ასახულ კოლექტიურ იდენტობაში აქცენტმა კლასობრივი (მშრომელთა) სოლიდარობიდან ეროვნულ სოლიდარობაზე გადაინაცვლა. ე. წ. ექსკოლონიური ქვეყნებისთვის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ოფიციალური და არაოფიციალური ისტორიების ურთიერთჩანაცვლების პროცესის ასახვა მედიაში. ისტორიის საბჭოთა ვერსიები ადგილს უთმობენ ალტერნატიულ ისტორიას, წარსული მოვლენებისა და პროცესების საბჭოთა ვერსიისაგან რადიკალურად განსხვავებული რაკურსით ასახვას.

თეორიული არგუმენტები საკვლევი საკითხის ჩამოსაყალიბებლად

ერთ-ერთი ყველაზე ცხადი ცვლილება მედიაში კომუნიკატორების, ადრესანტების, წყაროების სტრუქტურაზე აისახა. ის გარემოება, რომ პარტიული (კომუნისტური) ნომენკლატურა აღარ ქმნიდა მედიურ შინაარსს, არ ნიშნავდა ქართული მედიის იდეოლოგიური დომინაციისაგან გათავისუფლებას. 1990-იანი წლების ქართული მედია ნამდვილად იყო კომუნისტური იდეოლოგიისგან თავისუფალი, მაგრამ მასში ახალი, ნაციონალისტური იდეოლოგია მკვიდრდებოდა, და ამ იდეოლოგიას თავისი დამამკვიდრებელი და გამხმოვანებელი ძალები ჰყავდა. 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩემს მიერ ჩატარებული საექსპერტო გამოკითხვის დროს, 1990-1991 წლებში ქართულ ბეჭდურ მედიაში მოღვაწე სხვადასხვა თანამდებობრივი ცენზის მქონე პიროვნებებსმივმართეთ შეკითხვით: წყაროს რომელი ტიპი მიგაჩნდათ უპირატესად ეროვნულ-იდენტობითი ენის შექმნაში 1990-1991 წლების ქართულ ბეჭდურ მედიაში? გამოკითხვაში მონაწილეობდა 18 რესპონდენტი. პასუხები ამგვარად განაწილდა:

საქართველოს პრეზიდენტი – 22,2%

ინტელიგენცია – 33,3%

სახელისუფლებო ოფიციალური პირები – 5,6%

ჟურნალისტები – 16,7%

საზოგადოებრივი აზრი – 16,7%

საზოგადოებრივ/პოლიტიკური გაერთიანებები – 5,6%

ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, მართებულია საკვლევი საკითხის შემდეგნაირად ჩამოყალიბება კონტენტ-ანალიზის მეთოდით გასაანალიზებელი ემპირიული მასალისთვის (1736 ერთეულისთვის):

1990-1991 წლების ქართულ ბეჭდურ მედიაში წარმოდგენილი რომელი ტიპის წყარო იყო დომინანტური კომუნიკატორი ეროვნული იდენტობის გამამყარებელი დისკურსის შექმნაში?

მეთოდი

კონსტრუქტის „ეროვნული იდენტობის დისკურსის” სიფართოვის გამო მე ვირჩევ მის სპეციფიკურ ვერსიას – „დისკურსი, რომელიც წარმოაჩენს მედიაში სამშობლოსა და ერ-სახელმწიფოს”. 1990-1991 წლების ქართული ბეჭდური მედია, როგორც ცნება, ამგვარად შეიძლება იყოს ოპერაციულად განსაზღვრებული: 1990-1991 წლებში გამომავალი ბეჭდური გამოცემების სიმრავლე, რომელიც აერთიანებს: ა) სხვადასხვა კომუნიკაციური ფუნქციებისა და მიზნების გამოცემებს; ბ) რომლებსაც ახასიათებთ დამოუკიდებლობის სხვადასხვა ხარისხი; გ) გააჩნიათ სხვადასხვა სოციალური დამოკიდებულებების სტრუქტურა. საკვლევ პოპულაციად შეირჩა შემდეგი გამოცემები: „კომუნისტი”, „საქართველოს რესპუბლიკა”, „მამული”, „7 დღე”, „დრონი”. თითოეული მათგანის სრული კომპლექტის მკვლევარებისთვის ხელმისაწვდომობამ განაპირობა ემპირიული მასალის შესწავლის უწყვეტობა.მთლიანად გაანალიზდა 1736 საზრისისეული ერთეული: 142 – „კომუნისტიდან”, 998 – „საქართველოს რესპუბლიკიდან”, 231 – „7 დღიდან”, 194 – „დრონიდან”, 171 – “მამულიდან”.

კონტენტ-ანალიზის საზრისისეულ ერთეულად აღებულ იქნა შეტყობინების წყაროს ტიპი, ვინაიდან ჩემს საკვლევ ინტერესს წარმოადგენდა პრიორიტეტულობისა და განსხვავებულობის იდენტიფიცირება წყაროს ტიპებს შორის, რათა გამომეცადა მათი შეტყობინებების ეროვნულ-იდენტობითი ენა და ვალენტობები. გამოიყო ყველაზე ტი პური და ვალიდური წყაროების 5 კატეგორია: a – საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე/საქართველოს პრეზიდენტი; b – სახელისუფლებო ელიტა, რომელიც მოიცავს: პრემიერმინისტრს, მინისტრთა კაბინეტის წევრებს, სამინისტროების უმაღლესი რანგის მოხელეებს, უზენაესი საბჭოს წევრებს, ადგილობრივი მმართველობების მოხელეებს; c – არასახელისუფლებო ელიტა, რომელიც მოიცავს: ინტელიგენციის წარმომადგენლებს; ეროვნული კონგრესის წევრებს; d – ჟურნალისტები, თითოეული რელევანტური მედიური ამბის ავტორები, მიკუთვნებულ იქნენ ეროვნულ-იდენტობითი დისკურსის მატარებლებს; e – მოქალაქეები: წყაროების კატეგორია, რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ კატეგორიას და მოიაზრებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ჩნდებიან ან კოლექტიურ წერილებში, ან ახალი ამბების გაშუქებისას.

წყაროების განცხადებები და კომენტარები კოდირებულ იქნა მათში ეროვნულ-იდენტობითი დისკურსის შემცველობის ნიშნით საქართველოს ტერიტორიის მედიური რეპრეზენტაციისას.

ატრიბუცია „სამშობლოს მიწა-წყალი და სახელმწიფოს ტერიტორია“:ამ ცვლადისთვის კოდი „1“ მიენიჭა წყაროებს, რომელთა შეტყობინებებში საქართველოს ტერიტორია წარმოჩენილი იყო როგორც ეთნიკურ ქართველთა სამშობლო; კოდი „2” მიენიჭა წყაროებს, რომელთა განცხადებებითაც საქართველო წარმოჩენილი იყო როგორც საქართველოს ყველა მოქალაქის სახლი. ამ ჯგუფისთვის კოდირებულ იქნა 565 საზრისისეული ერთეული.

ატრიბუცია „საქართველოს ტერიტორიუ;ლი მთლიანობა”: ამ ცვლადისთვის კოდი „1” მიენიჭა წყაროებს, რომელთა განცხადებებსა და კომენტარებში საქართველოს ტერიტორია წარმოჩენილია როგორც ერთიანი და განუყოფელი; კოდი „2” მიენიჭა წყაროებს, რომელთა განცხადებებში საქართველოს მიწა წარმოჩენილ იყო როგორც დანაწევრებული ან მოსალოდნელად დანაწევრებული – არსებული, ან მოსალოდნელი ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების შედეგად. ამ ჯგუფში მთლიანად კოდირებულ იქნა 621 საზრისისეული ერთეული.

ატრიბუცია „რას ამბობს მსოფლიო ჩვენს შესახებ“: ამ ცვლადის მიხედვით, კოდი „1” მიენიჭა წყაროებს, რომლებიც თავიანთ განცხადებებსა და კომენტარებში საქართველოს წარმოაჩენენ როგორც შექების ღირსს თავისი ისტორიული დანიშნულების შესრულების გამო. კოდი „2” მიენიჭა წყაროებს, რომელთა განცხადებებსა და კომენტარებში საქართველო წარმოჩენილია, როგორც უგულებელყოფისა და გაკიცხვის ღირსი, თავისი მისიის შეუსრულებლობის გამო. ამ მიმართების მხრივ კოდირებულ იქნა 550 ერთეული.

გაანალიზდა ფაქტორული ანალიზის მეთოდით, რათა გამოკვეთილიყო თითოეული ფაქტორის მნიშვნელობა და მისი გავლენა სხვა ფაქტორებზე.

შედეგები. წყაროების ტიპები და შინაარსობრივი კატეგორიები. რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზი

რაოდენობრივი ანალიზი წარმოდგენილია ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კონტენტ-ანალიზის ტექნიკით გამოიცდება ეროვნულ-იდენტობითი დისკურსის ყალიბები შერჩეული წყაროს ტიპების მიხედვით. მეორე ეტაპზე კი მოხდება მათი მნიშვნელობისა და გავლენის განსაზღვრა ფაქტორული ანალიზის ტექნიკით.

საკვლევი საკითხის ტესტირების პირველ მოქმედებად მივმართავთ კროს-ტაბის პროცედურას წყაროს ტიპებსა და მათ შეტყობინებებში ეროვნულ-იდენტობით ვალენტობებს შორის.

ამ შედეგების მიხედვით, დისკურსის მაღალი ეროვნულ-იდენტობითი ბუნება ყველა ტიპის წყაროსთვის მეტ-ნაკლებად დამახასიათებელია. საქართველოს პრეზიდენტი, სახელისუფლებო და არასახელისუფლებო ელიტები დაახლოებით მსგავს სხვაობას ავლენენ სამშობლოს ცნების გამამყარებელ და სახელმწიფოს ცნების გამამყარებელ დისკურსებს შორის. ყველაზე დიდი ამპლიტუდა პირველი ატრიბუციის მიხედვით აღინიშნება ჟურნალისტთა დისკურსში: 32%-იანი სხვაობა სახელმწიფოს ცნების გამყარების სასარგებლოდ. ეს გარემოება ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ, მიუხედავად იდეოლოგიური დომინაციის არსებობისა ინდროინდელ ქართულ მედიაში, ჟურნალისტები ცდილობენ, წინ აღუდგნენ ეთნიკური ნაციონალიზმის აღზევებას საზოგადოებაში. „სამშობლოს” გამამყარებელი ენა და დისკურსი გვხვდება მოქალაქეთა წერილებსა და კომენტარებში, რაც, ჩემი აზრით, განპირობებულია: ა) ეროვნულ-განმათავისუფლებებლი მოძრაობის ქუჩის რიტორიკის გავლენითა და ინერციით, და ეს დისკურსი მის დაგვიანებულ ექოს წარმოადგენს; ბ) გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ დაშვებით, რომ პირველი სიგნალები არსებული ან მოახლოებული ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების შესახებ ყველაზე სტერეოტიპული და პრიმიტიული, ე.წ. „ხალხური” ნარატივით, სწორედ, მოქალაქეთა მიერ გაჟღერდეს. თუმცა, ნიშანდობლივია, რომ 1990-1991 წლების ქართულ ბეჭდურ მედიაში ეს მიმართება არ არის სწორხაზოვანი. იგი ორ ქვემიმართებას შეიცავს: ა) ქართველის, როგორც დომინანტი ერის წარმომადგენლის, წარმოჩენა და მისი უპირატესობა მისსავე ეროვნულ ტერიტორიაზე; და ბ) ქართველის დისკრიმინაცია საქართველოში, როგორც საბჭოთა ინტერნაციონალიზმის პრაქტიკა. პირველი ქვემიმართების ნიმუშებია: „საქართველო არის სახელმწიფო, ქართველებისაგან შემდგარი“3 ; „მხოლოდ ქართულმა ჯიშმა… უნდა იხსნას ქართული მიწა იავარქმნისაგან“4 . დისკურსი ეთნიფიკაციურია, თუმცა არა აგრესიული, არა შედარებითი – არ ხდება დაპირისპირება სხვა ეთნოსისა თუ ეროვნებების წარმომადგენლებთან, ერთის, დომინანტის, უპირატესობის მტკიცება მეორესთან, არადომინანტთან, შედარებით. ამ მიმართების ნიმუშები რაოდენობრივად ბევრად ჩამოუვარდება მეორე ქვემიმართების ნიმუშებს. მეორე ქვემიმართებაში, – სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ან უშუალოდ მათ მიერ – იქმნება საქართველოს სახე, რომელშიც ქართველები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებიან, შევიწროებულები სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიერ. მაგალითად: „თუ აქამდე საქარ- თველოში ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია იყო, ამჟამად ქარ- თველი მოსახლეობის ინტერესები უნდა იყოს დაცული უწინარეს ყოვლისა, მაგრამ ჩვენ ამით არ გამოვრიცხავთ ზრუნვას ეროვნულ უმცირესობათა უფლებებზე“ (5); ან: „გაძლიერდა ინტერნაციონალისტური კურსი: არაქართველთა არნახული ექსპანსია საქართველოში, დრაკონული კანონები ქართველთა წინააღმდეგ“ (6) .

მოქალაქეობრივ-სახელმწიფოებრივი მიმართებების ნიმუშების ანალიზმა საკმაოდ ბევრი ორაზროვანი ნიმუში წარმოაჩინა, – ნიმუშები, რომლებსაც არ შეეძლოთ ეთნიფიკაციური დისკურსის დრამატული სიმძაფრის დაბალანსება და რომლებშიც შენარჩუნებული იყო იდენტობითი ბინარულობა – „ჩვენ“ და „ისინი“: „საქართველო მათთვის [არაქართული მოსახლეობისთვის – ხ.მ.] მშობლიური სახლი გახდა, თავისი მზით გაათბო, თავისი წყაროთი დაარწყულა, თავისი პურით გამოზარდა“ (7) (ტიპური ურთიერთობა სტუმარსა და მასპინძელს შორის, როცა მასპინძელი სტუმრისთვის მუდმივი დონორი ხდება). ეროვნული ერთობის, როგორც პოლიტიკური პრინციპის, რეალიზაციის პერსპექტივა მედიაში წარმოჩენილია წინაპირობებისა და დათქმების მთელი წყების ფონზე. ეთნიკურად არაქართველების მიმართ ქვეტექსტებში იკითხება ეჭვებისა და ვარაუდების ჯაჭვი: არიან თუ არა ისინი საქართველოს ახალი სახელმწიფოს შენების სრულფასოვანი მონაწილეები? თქვეს თუ არა მათ ეთნიკურ ქართველებთან ერთად და თანაბრად: „არ გვინდა რუსეთის იმპერიაში ყოფნა“? რა გაიღეს მათ, ეთნიკური ქართველების თანასწორად, ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისათვის?

ნიშანდობლივ სახელმწიფოებრივ-მოქალაქეობრივ დისკურსს ვხვდებით „მამულის“ მედიურ ნიმუშში; „დამოუკიდებელ საქართველოს ქმნის არა ქართული ეთნოსი, არამედ მთელი ქართველი ერი, ნაცია, სრულიად საქართველოს მოსახლეობა, ყოველი ეთნოსისა და მოქალაქის სახით. … აფხაზისა და ოსის სამშობლო იფარგლება არა სტალინის მიერ მოხაზული საზღვრებით, არამედ მოიცავს მთელს რესპუბლიკას ფსოუდან ალაზნამდე, ლიახვის სათავეებიდან – ჭოროხამდე“8 (წყარო – ინტელიგენციის წარმომადგენელი). საფრთხე ეროვნული ერთობისათვის, ამ მედიური ნიმუშის მიხედვით, მდგომარეობს იმაში, რომ თავად ოსმა და აფხაზმა თავიანთ სამშობლოდ „სტალინის მიერ მოხაზული“ ტერიტორიები აირჩიეს და არა მთელი საქართველოს ტერიტორია. საქართველოსმომავალი ერი-სახელმწიფო მათ ახალი სახელმწიფოებრივი რეინტეგრაციისაკენ მოუწოდებს.

მედიურ ნიმუშებში მოცემული განწყობა ხსნის წყაროების მიერ გამოჩენილტენდენციას საქართველოს ტერიტორია უფრო მეტად ფრაგმენტირებულად, დანაწევრებულად წარმოაჩინონ, ვიდრე ერთიანად და განუყოფლად. შეიარაღებული ეთნოპოლიტიკური კონფლიქტის დასაწყისი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში და მომავალი კონფლიქტის დიზაინის ჩამოყალიბება აფხაზეთში, სეპარატისტული განწყობების გაძლიერება უფრო მეტად ამძაფრებს სამშობლოსადმი მიბმულობის გრძნობის რეპრეზენტაციას მედიაში. აქ მედიაცია ხორციელდება იმ მიზნით, რომ მკითხველს შეახსენოს: ქართველისათვის სამშობლოს თუნდაც ერთი გოჯის დაკარგვა უკვე ერის არსებობას აყენებს საფრთხის ქვეშ. „როცა ქართველი დაკარგავდა ისედაც მცირე მამაპაპეულ ტერიტორიას, მის დიდ ნაწილს, როცა მას ოდნავაც გამოეცლებოდა ფეხქვეშიდან საქართველოს მიწა-წყალი და ნიადაგი, მისი, როგორც ეროვნების, არსებობა შეუძლებელი იყო“9; ან: „ეს მიწა ქართულია, ხოლო ოსებს სწადიათ, წაგვართვან“ (10)

საქართველოს ტერიტორიაზე ღიად თუ ფარულად მიმდინარე ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების მედიური რეფრაქცია მიუთითებს, რომ განსაკუთრებით მტკივნეულია არა ზოგადად ტერიტორიის დაკარგვა, არამედ იმ ტერიტორიისა, რომელიც წარმოსახვითი სამშობლოს შიგნით მდებარეობს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოფიციალური და არაოფიაცილური ისტორიების ურთიერთჩანაცვლების ტენდენცია დამახასიათებელია მთელი პოსტკომუნისტური სივრცისათვის. საქართველოს გასაბჭოების, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის, აფხაზეთში აპარტეიდული რეჟიმის ჩამოყალიბების, ოსთა და აფხაზთა წარმოშობის შესახებ ისტორიული ვერსიები ქართულ მედიაში ჯერ კიდევ 1988 წლიდან აცხადებდნენ პრეტენზიას ისტორიულ სინამდვილეზე. ოპერატიული ბუნების გამო მასმედია გახდა განათლების ის უბანი, რომელსაც ახალი, „ნამდვილი” ისტორიები უნდა წარმოეჩინა. ისტორიები ბევრ ქვეყანაში, მრავალგვარად ცვალებად სოციალურ-პოლიტიკურ გარემოში ხელახლა იწერება. ეს ფორმაციული ცვლილების ჩვეულებრივი ნიშანია. მთავარი აქ არის ის, რომ ისტორიის ხელახლა დაწერა ასახავს ჰეგემონის ცვლილების მიმდინარე ბალანსს. ახალ ჰეგემონს შეუძლია, იმპერატიული ტონით განაცხადოს: „სასწრაფოდ უნდა შედგეს და განხორციელდეს საქართველოს ისტორიისა და მიმდინარე პოლიტიკური პრობლემების უცხოეთსა თუ საბჭოთა კავშირში სისტემური და ობიექტური გაშუქების პროგრამა“; ან: „სასწრაფოდ მომზადდეს და რამდენიმე ენაზე გამოიცეს „საქართველოს ისტორია“, როგორც ქართველ, ისე უცხოელ ისტორიკოსთა ავტორობით; სასწრაფოდ მომზადდეს და რამდენიმე ენაზე გამოიცეს საქართველოს კუთხეებისა და იქ მცხოვრებთა ისტორია პოპულარული გადმოცემით; აგრეთვე, ილუსტრირებული ფერადი ალბომი – „ქართული ცივილიზაცია“11 . ეს იმპერატიული დისკურსი, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ახალი ჰეგემონის დისკურსია. მედიაციას ეწევა არა ჟურნალისტი, არამედ მოწვეული ავტორი – სამეცნიერო, კულტურული ელიტის წარმომადგენელი, პროფესიონალი, რომელიც, სტატუსიდან გამომდინარე, ჟურნალისტზე მეტად ავტორიტეტულ და პრესტიჟულ კომუნიკატორად აღიქმება.

რაც შეეხება მესამე ატრიბუციას „რას ამბობს მსოფლიო ჩვენს შესახებ“, მისი რეპრეზენტაცია ხდება დაფარული მიმართების ფონზე, რომელსაც პირობითად, შეიძლება, ვუწოდოთ „შიში დამონებული მომავლის წინაშე“. მაგალითად: „საქართველოს მკურნალობა სჭირდება… საქართველო მხოლოდ გადავა ციხიდან ფსიქიატრიულში და ვეღარ მოესწრება კარების გახსნას“12 (წყარო – ინტელიგენციის წარმომადგენელი); ან: „თავისუფლების გზიდან გადახვევა სამშობლოს ღალატია და შთამომავლობა ამას არ გვაპატიებს“13 (წყარო – სახელისუფლებო ელიტის წარმომადგენელი). ეს შიგნით მიმართული ვექტორი უჩვენებს, რომ თავისუფლების გზიდან გადახვევა რეპრეზენტირებულია, როგორც სულიერი მისიის შეუსრულებლობა. სიტყვათშეხამება „სულიერი მისია“ ხშირად ჩნდება როგორც პოლიტიკოსების, ისე სამეცნიერო-კულტურული ელიტის წარმომადგენელთა ციტატებში, მათ საავტორო სტატიებში. „თუ საქართველოს სულიერი მისია სულიერი განვითარების, ინიციაციის, სულიერი აზროვნების აღორძინებაა, ქართველმა ერმა (ქართველურ მოდგმასთან ერთად) კაცობრიობის სულიერი მოძღვრის პოზიცია უნდა დაიბრუნოს“14 (წყარო – არასახელისუფლებო ელიტის წარმომადგენელი). საქართველოს მისია, ამ მედიური ტექსტით, – ეს არის მოძღვრის მისია სხვა ერების წინაშე; რომ მას ისტორიულად ჰქონდა ეს მისია და ასრულებდა კიდეც („უნდა დაიბრუნოს“). ამ მისიის განსახორციელებლად მან არ უნდა გადაუხვიოს თავისუფლების გზას, და ეს სხვა ერებმა უნდა დაინახონ და მოიწონონ.

თომას შეფი (1995) მიუთითებს სირცხვილისა და ბრალის განცდაზე, რომელსაც ნაციონალიზმის რიტორიკა ახელებს: „თუ დავმარცხდით, თუ უარი ვთქვით ჩვენს ეროვნულ ღირსებაზე, მაშინ ჩვენ შეგვარცხვენენ; ჩვენ ვეღარ შევძლებთ იმის კეთებას, რისთვისაც ოდითგან ვიყავით მოწოდებულები; მაშინ ჩვენ უარვყოფთ ჩვენს ათასწლოვან მემკვიდრეობას; ჩვენ ვეღარ ვიქნებით შუქურა ერებისათვის“15 . ამგვარი პატრიოტული რიტორიკა ახელებს სირცხვილს, შემდეგ კი მრისხანებას მათ წინააღმდეგ, ვინც გვადანაშაულებს ჩვენ „ჩვენი“ მემკვიდრეობის, „ჩვენი“ დანიშნულების უარყოფაში… იქნებიან ისინი მტრები საზღვარგარეთ თუ მტრები ქვეყნის შიგნით… „ჩვენი მტრები საწინააღმდეგო ხმებს ავრცელებენ, თითქოს საქართველოდან მათი [არაქართული მოსახლეობის – ხ. მ.] გასახლება გვინდოდეს“16 ; ან: „ხმები დადის, რომ მანდ [საქართველოში – ხ. მ.] ხალხს ხოცავენო, თანაც რუსებსო, შემზარავი ქაოსი და სამოქალაქო ომიაო. ყველაფერი ეს განზრახ კეთდება. ამ ჭორებს სუკი და საკდესი ავრცელებენ. სრული საინფორმაციო ბლოკადაა პრესაში. პროტესტს ვაცხადებთ, წერილებს ვუგზავნით, მაგრამ არ აქვეყნებენ. აი, მათი სინდისი და მათი სიმართლე“17 ; (ორივე შეტყობინების წყარო – საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაა).

გამსახურდია თავის მრავალრიცხოვან ინტერვიუებში უცხოელ და რუს ჟურნალისტებთან არაერთხელ აღნიშნავს საქართველოს უღიარებლობას მსოფლიოს მიერ, როგორც პრობლემას, ვინაიდან, მისი აზრით, ობიექტური წანამძღვრები საქართველოს აღიარებისათვის არსებობს: „ნუთუ ორიათასწლოვანი ერი, რომელმაც ქრისტიანობა მეოთხე საუკუნეში მიიღო და რომელიც იცავდა სამართლიანობასა და სამართალს, უნდა გმინავდეს მონობის ყულფში კისერგაყოფილი და რჩებოდეს სამოკავშირეო ხელშეკრულების უღელქვეშ?!“18. ხელისუფლების პათოსს იზიარებს არასახელისუფლებო ელიტა: „ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას ვიცავთ და ამით უზენაეს ვალს ვიხდით“19; ან: „საწყენია, რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკები აყოვნებენ ამ საქმეს [საქართველოს აღიარებას – ხ. მ]… 9 აპრილის ამბები რომ არა, ვერც აღმოსავლეთ ევროპა მიიღებდა დამოუკიდებლობას“20 .

საქართველოს როლის წარმოჩენა სხვა ერების წინაშე არ იყო მხოლოდ არარეალური წარმოდგენებით ნაკვები, სპონტანური და უსისტემო შეხედულებების კრებული. იგი საკმაოდ ძლიერ, „საყვარელი ეროვნული ხატებით“ შექმნილ ედეოლოგიურ საძირკველზე იდგა, რომლის ერთ-ერთი ბურჯი სამშობლოს “ღვთითრჩეულად” წარმოდგენა იყო.

„საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია“21 , „რით მოკირწყლავს [საქართველო] ახალი ტაძრის გზას?“22 , „სალოცავი მამული“, – სამშობლოს ღვთივრჩეულად წარმოსახვა არ არის უნიკალური საქართველოსთვის. „თითოეული სამშობლო, – წერს ბილიგი, – უნდა განიხილებოდეს, როგორც განსაკუთრებული ადგილი, ფიზიკურად და მეტაფორულად გამოცალკევებული სხვა სამშობლოებისაგან“.23 „ახალი ტაძრის“ მედიური სახეები და ხატები წარსული საქართველოს სახიდან პროეცირდება მომავალზე: „მოგეცემათ რუსთაველის საქართველო – ეკონომიკურად ძლიერი, ამაღლებული ქვეყანა“24 (შეტყობინების წყარო – ინტელიგენციის წარმომადგენელი). თუმცა უფრო ხშირია დაღმავალი ვალენტობის მქონე საზრისისეული ერთეულები: “წაქცეული მხედარი25 (წყარო – ჟურნალისტი); „საქართველოს მრავალტანჯულ მიწას მრავალი წყლული აქვს მოურჩენელი“26 , თეორიულად ცნობილია, რომ ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია, რომ თითოეული ერი ავითარებდეს პოზიტიურ მითს სხვა ერებისაგან თავის გამოსარჩევად, საკუთარი არსებობის გასამართლებლად. ეს მითები, მიმართული „ერის კოლექტიური რაობისადმი, ისტორიული მოვლენების პოზიტიურ ჭრილში მოქცევით და სხვა ერებზე უპირატესობის გრძნობის ჩამოყალიბებით“27, პროპაგანდირებულნი არიან უპირატესად მედიაში“28 . თითქოს პარადოქსულია, რომ ქართული მედია, როგორც შემხსენებელი, მკითხველის ყურადღებას მიმართავს წარსული უარყოფითი გამოცდილების ყალიბზე.

ფაქტორული ანალიზი

აღწერითი ანალიზითა და კროს-ტაბით გამოიკვეთილი წყაროების ეროვნულ-იდენტობითი დისკურსის მოცულობა და ვალენტობა არ გვაძლევს საშუალებას, ვიმსჯელოთ წყაროების ტიპების, როგორც ფაქტორების, მნიშვნელობასა და გავლენაზე, ანუ ზუსტი პასუხი გავცეთ საკვლევ შეკითხვას. ანალიზის მომდევნო ეტაპად არჩეული ფაქტორული ანალიზი მიზნად ისახავს, სახელისუფლებო წყაროების მიმართ დავადგინოთ სხვა წყაროების მნიშვნელობა და თითოეული ფაქტორის გავლენა. ამისთვის საჭიროა წარმოვადგინოთ თითოეული ატრიბუციის შიგნით წყაროს ტიპების სტრუქტურა და მათი სიხშირე (რაოდენობრივი მონაცემები იხ. ცხრილში 2) ფაქტორული ანალიზით წარმოჩენილია ფაქტორების (წყაროების): c – არასახელისუფლებო ელიტა; d – ჟურნალისტი; e – მოქალაქე, – მნიშვნელობა და გავლენა რაოდენობრივად ყველაზე რეპრეზენტირებული წყაროს (ab – სახელისუფლებო წყაროები) მიმართ. ცხრილი 1 გვიჩვენებს ცვლადების აღწერით სტატისტიკას.

ნახაზი გვიჩვენებს ფუნქციის Factor Analysis: Extraction გრაფიკის შედეგს. აქ გრაფიკულად არის წარმოდგენილი თითოეული ფაქტორის მნიშვნელობა. ფაქტორების მიერ განპირობებული ვარიაცია მკვეთრად ეცემა ფაქტორების ამოღებასთან ერთად. წერტილი, რომელშიც მრუდი სწორი ხდება, მდებარეობს სივრცეში პირველ და მეორე ფაქტორს შორის. ფუნქციის გრაფიკული კონსტრუქცია უჩვენებს, რომ მეორე ფაქტორს პირველზე ნაკლები მნიშვნელობა, გავლენა გააჩნია. ანუ, გავლენისა და მნიშვნელობის მიხედვით, არასახელისუფლებო ელიტა, როგორც შეტყობინების წყარო, დომინანტური კომუნიკატორია. შემდეგი მნიშვნელობის არის ჟურნალისტი.

როგორც ვხედავთ, ანალიზმა გამოკვეთა ორი გავლენიანი და მნიშვნელოვანი წყაროს ტიპი: სახელისუფლებო წყაროები (პრეზიდენტი და სახელისუფლებო ოფიციალური პირები, მოხელეები) და არასახელისუფლებო ელიტა (ინტელიგენციის დომინანტური მდგომარეობით). ქართველი ინტელიგენტების განცხადებები ეროვნული იდენტობის შესახებ ავლენენ ცნობიერ კომუნიკაციურ მისწრაფებებს საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციისა და საზოგადოებრივი სენტიმენტების მხარდაჭერის მიზნით. მათ დომინანტური მდგომარეობა ადასტურებს გვიანდელ საბჭოთა პერიოდის ინერციას, როცა ინტელიგენცია ქვეყნის სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების უკონკურენტო ლიდერი იყო. თუკი სახელისუფლებო წყაროები ეროვნულ იდენტობითი საკითხების წარმოჩენისას უფრო მეტად მიმართავენ მისი დაცვის დისკურსს, არასახელისუფლებო ელიტის წარმომადგენლების განცხადებებში სჭარბობს ანალიზი. ჟურნალისტები, მიუხედავად რაოდენობრივი რეპრეზენტაციულობისა აღწერით სტატისტიკაში, ფაქტორულმა ანალიზმა მნიშვნელობისა და გავლენის მიხედვით არასახელისუფ ლებო ელიტის შემდეგ საფეხურზე განათავსა. ჟურნალისტური განცხადებებისა და კომენტარების უმრავლესობა, მცირე გამონაკლისით, უფრო მეტად მიჰყვება და იმეორებს სახელისუფლებო და არასახელისუფლებო ელიტის ენას, ვიდრე ქმნის საკუთარს. ზოგადად, მედია და ჟურნალისტები საკუთარ გავლენას ავლენენ რესპონდენტებისა და გასაშუქებელი საკითხების შერჩევაში და არ იყენებენ ამ გავლენას საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვით. მაგრამ იმ კონკრეტულ პერიოდში თემები, დაკავშირებული „ქართველობასთან“, ქართველთა ღვთითრჩეულობასთან, აპოკალიპსური შიშებითა და კეთილისა და ბოროტის აპოკალიპსური ბრძოლის ჟინით შეპყრობილობასთან, „სხვების“ გაშავებასა და დემონიზებასთან, ჟურნალისტებმა იდეოლოგიის მკეთებლებს დაუთმეს. საბჭოთა იდეოლოგიური წესი: „ადამიანები თავიანთი იდენტობის გააზრებითაც კი მთავრობასა და ინტელიგენციაზე უნდა იყვნენ დამოკიდებული“ კვლავ ძალაში რჩებოდა.

დასკვნა

ეროვნულ-იდენტობითი დისკურსი, გამოხატული „ეროვნული ადგილისადმი“ მიჯაჭვულობაში, იყო ის თემა, საკითხი, რომლის ირგვლივაც რაზმავდნენ იმ პერიოდის ახალი პოლიტიკური და ტრადიციული კულტურულ-სამეცნიერო ელიტები ქართულ საზოგადოებას სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეის ირგვლივ.

ახალი პოლიტიკური ელიტაცა და ინტელიგენციაც ირჩევდა სტრატეგიული პოლიტიკური კომუნიკაციის ტაქტიკას, როცა მედიური რესურსი პოლიტიკური გარემოს ზედმიწევნით ეფექტურად სამართავად გამოიყენება. ამ სტრატეგიის ძალით გუშინდელი „არაფორმალები“ და გუშინდელი „დისიდენტური“ ან „კაბინეტური“ ინტელიგენცია, ცდილობდა,წარმოეჩინა, რომ სწორედ იგი იყო ის ძალა, რომელსაც ჰქონდა „ახალი ქართველის სულიერი ლიდერის“ თვისებები. ფაქტობრივად, ეს კომუნიკაცია ასახავდა ორი ფენომენის: „საბჭოთა ინტელიგენციისა“ და ახალი „ელიტების“ დაპირისპირებას და ერთიანობას.

კონცეპტუალურად, იმ პერიოდის ქართული ბეჭდური მედია იყო ნაციონალისტური/ პატრიოტული ტიპის მედია, რადგან მისთვის ცენტრალური საკითხი იყო ერი, ამ ფენომენის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლებით – ენით, ტერიტორიით, წარსულით, რელიგიით, კულტურით, მემკვიდრეობით, ეთნიფიკაცია/მოქალაქეობრიობის დილემით, მომავლის პერსპექტივით, წარსული გამოცდილების შიშის პროეცირებით მომავალზე.

ეროვნული იდენტობის რეპრეზენტაცია წარმოაჩენდა ნაციონალისტური იდეოლოგიის დომინანტურ მდგომარეობას იმ პერიოდის მედიაში,1990-იანი წლების დასაწყისის ქართული ბეჭდური მედიის დომინანტური წყაროების სტრუქტურა ასახავდა ახალი ელიტების სტრუქტურას, მნიშვნელობასა და გავლენას, აგრეთვე ახალი ჰეგემონის ბალანსს ეროვნული იდენტობის გამამყარებელი დისკურსის მეშვეობით.

__________________

1. Renan, E. (1990) `What is a nation?’ in H.K. Bhabha (ed.), Nation and Narration. London: Routledge

2. Billig, M. (1995) Banal Nationalism. Thousand Oaks, London: SAGE Publications

3. კომუნისტი, 1990, 8 ნოემბერი

4.საქართველოს რესპუბლიკა, 1990, 16 დეკემბერი

5.საქართველოს რესპუბლიკა, 1991, 1 იანვარი

6. საქართველოს რესპუბლიკა, 1991, 22 თებერვალი

7. საქართველოს რესპუბლიკა, 1990, 16 დეკემბერი

8 . მამული, 1991, აპრილი

9. მოამბე, ციტირებული მამულის მიერ, 1990, დეკემბერი

10. საქართველოს რესპუბლიკა, 1991, მარტი

11. მამული, 1991, იანვარი

12. მამული, 1990, დეკემბერი

13 .საქართველოს რესპუბლიკა, 1991, 18 დეკემბერი

14. მამული, 1991, მარტი

15.Scheff, T. (1995) Bloody Revenge : Nationalism, War and Emotion. Boulder CO: Westview Press

16. საქართველოს რესპუბლიკა, 1990, 14 დეკემბერი

17. საქართველოს რესპუბლიკა, 1991, 19 მარტი

18. საქართველოს რესპუბლიკა, 1991, 31 აგვისტო

19. საქართველოს რესპუბლიკა, 1991, 31 მარტი

20. საქართველოს რესპუბლიკა, 1991, 2 დეკემბერი

21. საქართველოს რესპუბლიკა, 1991, 31 მარტი

22. საქართველოს რესპუბლიკა, 1991, 27 თებერვალი

23. Billig, M. (1995) : 75

24. მამული, 1990, ოქტომბერი

25. საქართველოს რესპუბლიკა, 1991, 31 მარტი

26. საქართველოს რესპუბლიკა, 1990, 16 დეკემბერი

27. Niebuhr, R. (1967) `The Social Myths of the Cold War’, in J. Farrel and A. Smith (eds), Image and Reality in World Politics. New York: Columbia University Press: 40-67

28. Deutch, K. W. (1953)

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button