არჩილ ჯორჯაძე. ეროვნული პრობლემა საქართველოში
გთავაზობთ არჩილ ჯორჯაძის სტატიის “ეროვნული პრობლემა საქართველოში” ფრაგმენტებს. როგორც მოცემული ტექსტებიდან ჩანს, სტატიის ავტორი ოპონოირებას უწევს მეოცე საუკუნეში გავრცელებულ შეხედულებას, თითქოს “ერი” მხოლოდ ნაციონალობასთან იყოს კავშირში. არჩილ ჯორჯაძე საპირისპიროდ, ამკვიდრებს ამ ცნების ახლებურ გაგებას, რაც ახლო დგას ილია ჭავჭავაძის “საზოგადოებასთან” და თანამედროვე “სამოქალაქო საზოგადოებასთან”.
“ხალხი შევიწროებული და შეხუთულია, ხოლო მოადგებოდა რა მას მტერი, იგი ივიწყებდა თავის ვარამს, ხელს აძლევდა თავის მჩაგვრელს და მასთან ერთად მტერს ებრძოდა. ეტყობა, ის გარეშე მტერი მას უფრო მავნებელ მტრად მიიაჩდა ვიდრე შინაური ბატონი, რომ მიუხედავად ნივთიერ უთანასწორებისა, ჩვენი გლეხი რაღაცით დაკავშირებული იყო სხვა წოდებასთან. მას შინაური მონობა ერჩია გარეშე ძალის მონობას. ეს რაღაც იყო – ენა, ზნე, ჩვეულება, სარწმუნოება, ისტორიული ტრადიცია და სხვა და ის სხვა – ის რასაც მეცნიერები ფსიზიკურ ფაქტორს უწოდებენ. მაშასადამე ჩვენი ხალხი თავის თავს იცავდა, იცავდა თავის მიწას და სარწმუნოვებას.
ყველა ამისი დაცვა მას თავისუფლების დაცვად მიაჩნდა და გარეშე მტერს იგი უყურებდა როგორც იმის სიცოცხლის და თავისუფლების დამამხობელს. ასე, რომ ძველ დროში ეროვნული კითხვა ქართველი ხალხის, სიცოცხლის და თავისუფლების კითხვა იყო. სიცოცხლე და თავისუფლება ხომ ხალხს თავისებურად ესმოდა.
სიცოცხლე – გამრავლების და ბედნიერების უფლება. თავისუფლება კი – ამ უფლების ხელშეუხებლობა, შურყევლობა……ჩვენს დროში რაღა არის ეროვნული საკითხი? რა ნიადაგზე შეიძლება შეთანხმება ორგვარი მოვლენისა, ერთი მხრივ, ეროვნული თანხმობის, მეორეს მხრივ, თანამედროვე ეკონომიური წინაღმდეგობისა, განხეთქილებისა? რანაირად შეზავდეს ერთმანეთში კლასთა ბრძოლის პრინციპი და ეროვნება? ამ კითხვის გამოკვლევისთვის ჩვენ დაბეჯიტებით უნდა ვიცოდეთ ის თუ რა არის ეროვნება ანუ ნაციონალიზმი, შეგნება იმ აზრისა, რომ მე როგორც კერძო ადამიანს, მაქვს ნივთიერი და სულიერი კავშირი ჩემ ხალხთან. ხოლო საიდან წარმოდგება ეს კავშირი? იმ შეგნებიდან, რომ ეს კავშირი თავდებია სიცოცხლის, ბედნიერების და თავისუფლებისა. ისტორიულ მსვლელობაში ადამიანი ერთბაშად ვერ მიხვდა, რომ ყოველი ადამიანი ადამიანია, ვიდრე ის იმ აზრამდე მივიდოდა, მისთვის საჭირო იყო განვლილი გზა განევლო, ოჯახების შეერთებიდან თან-და -თან თემი შედგა, თემების შეერთებიდან – ხალხი და ხალხი ცნობიერების გაღვიძების წყალობით ერად იქცა. ასე რომ მხოლოდ ის ხალხი ჩაითვლება ერად, რომელსაც აქვს თავის ხალხოსნობის შეგნება, თვითცნობიერება. მაშასადამე ერი თვით მცოდნე ხალხია, ეროვნება – შეგნება ნათესაობის და კავშირისა განსაზღვრულ ადამიანთა შორის, შეგნება აგრეთვე იმ აზრისა, რომ ეგ კავშირი სხვა, უფრო ძლიერ მტერთან ბრძოლისთვის აუცილებელი და უსაჭიროესი იარაღია.”
“…კიდევ ეროვნება და ეროვნების შესახებ ლაპარაკი! იფიქრებს მკითხველი
წარსულ საუკუნის მეორე ნახევარში ამ საგნის გარშემო ტრიალებდა ქართველი ინტელიგენციის აზრი. ბევრი წერილი დაწერილა, ბევრი სჯა-ბაასი გამართულა ამ პრობლემის შესახებ. გადავდგით ფეხი მეოცე საუკუნეში და ისევ აგვეტუზა თვალწინ ისევ იგივე საგანი, ისევ აგვალაპარაკა, ისევ ჩაგვაფიქრა და გამოურკვეველ მდგომარეობაში ჩაგვაგდო.
და უნდა ვსთქვათ, რომ წინად ეროვნების შესახებ ლაპარაკი ქართველ პუბლიცისტიკისთვის ერთგვარი გულის მოსაფხანი საშვალება იყო. ეხლა ამ ლაპარაკს საქმიანობის ელფერი დაეტყო. პუბლიცისტი აღარ ჰგოდებს, აღარ იმსჭვალვება სევდით, იგი ეძებს პრაქტიკულ გზას, პრაქტიკულ პირობებს, რომელშიაც მას სწადია ეროვნული ცხოვრების ჩაყენება.
დღეს ეროვნული პრობლემა არა მარტო თეორიულ და რომანტიულ ინტერეს წარმოადგენს, არამედ სამკვიდრო-საციცოცხლო საგანს, იმისთანა რამ საგანს, რომელიც ყოფს ქართველ ინტელიგენციას ორ დიდი ბანაკად, მაშინ როდესაც ამ საგანს ორ პროგრესულ პარტიათა შორის ქიშპობა და მძულვარება კი არ უნდა გამოეწვია, არამედ შეთანხმებული და ერთი აზრით გამსჭვალული მოქმედება.
დღეს ჩვენს საზოგადოებაში სხვადსხვა კლასიფიკაციის საფუძვლად ეროვნული პრობლემა გახდა. არავინ დაეძებს თუ რა მსოფლმხედველობის პატრონი ხართ საზოგადოდ, რა თვალით უყურებთ შრომის ორგანიზაცის საქმეს, რა გიყვართ ხელოვნებაში და რას ეძებთ, რას ესწრაფვით სიცოცხლეში. ყოველივე ეს დღეს საინტერესო არ არი. საინტერესოა მხოლოდ ერთი რამ, სახელდობრ ის თუ როგორ გესმით ეროვნული პრობლემა. ავტომონომისტი ხართ თუ ავტონომიის მოწინაღმდეგე. ამაყად ატარებთ ქართველი კაცის სახელს, თუ სირცხვილით იწვით, რომ განგებამ ქართველად გშობა და ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანად გაგაჩინა.
თუ აშკარაა და ნათელი ამ საგნის შესახებ თქვენი აზრი დანარჩენი ყველაფერი ნათლით იფინება, თუ თქვენ იმდენად გულუბრყვილო ბრძანდებით, რომ ქართველობა არ გეთაკილებად, არც გეზიზღებათ, იცოდეთ შავრაზმელთა ჯგუფში უნდა ჩაირიცხოთ, ნაციონალისტის სამარცხვინო სახელი უნდა ატაროთ და წყვდიადი და ბნელეთია მაშინ თქვენი ხვედრი და თუ გამოხვედით მოედანზე და შესძახეთ გულში ხელის ჩარტყმევით: ამხანაგებო წარსული მძულს და აწყმო მეზიზრებათქო იცოდეთ რომ თქვენი მომავალი უზრუნველყოფილია, შარავანდედით შეიმკობა თქვენი კოსმოპოლიტიკური გვამი და ქუჩაში გავლისას თქვენზე თითით მიანიშნებენ და იტყვიან: აი ჩვენი მხსნელი, აი თავისუფლების მოციქული და შავრაზმელ ნაციონალისტთა ამომგდებიო.”