იოანე საბანისძე – აბო თბილელის წამება – შინაარსი
წმინდა აბოს ხსენება –
„იოანე საბანისძე მიმართავს მართლმორწმუნე საზოგადოებას და სთხოვს გულისყურით მოუსმინოს, რადგან ქვეყნის იმდროინდელმა მბრძანებლებმა – არაბებმა – ბევრი ქრისტიანი შეაცდინეს და ჭეშმარიტების გზიდან გადაახვევინეს. ქართველებმა უღალატეს იმ რჯულს, რომელიც ხუთასი წლის წინ მიიღეს. არაბებმა ქრისტიანები გადაიბირეს: ზოგი – იძულებით, ზოგი – მოტყუებით, ზოგი – ახალგაზრდული გამოუცდელობის გამო, ზოგი – ეშმაკობით. სხვები კი, ვინც რწმენას არ უღალატა, იტანჯებოდნენ სიღარიბისა და აუტანელი გადასახადებისაგან, ამიტომ შეშინებულები ისე ირწეოდნენ, როგორც ლერწმები ძლიერ ქარში.
არადა, ნამდვილი რწმენა სიმდიდრეა, ხოლო ქრისტიანობა კი დიადი სარწმუნოებაა. ღვთის მიერ ბოძებული რჯული მხოლოდ ბერძნებს არ მოუპოვებიათ, არამედ ქრისტიანული სამყაროსაგან მოშორებით მცხოვრებლებმა, ქართველებმაც მიიღეს ის. უფრო მეტი, ქართლს წმინდანების დედას ეძახდნენ. დროდადრო უფალი იესო ქრისტე მორწმუნეთა შორის გამოარჩევდა ხოლმე ზოგს – ადგილობრივს, ზოგსაც – სხვა ქვეყნიდან მოსულ წმინდანს, ვისაც ანიჭებდა მარადიულ დიდებას. სწორედ ასეთი იყო არაბი ახალგაზრდა – აბო თბილელი, რომელიც ადრე არ იყო ქრისტიანი.“ – შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან
წმინდა აბოს ქართლში შემოსვლა და მონათვლა
– „ადარნესე კურაპალატის შვილი, ქართლის ერისმთავარი ნერსე, ბოროტმა ადამიანებმა დააბეზღეს, ამიტომ ამირამ – მუმნი აბდილამ ბაღდადში დაიბარა და საპყრობილეში ჩასვა. ნერსემ იქ სამი წელი გაატარა, სანამ არ გარდაიცვალა ამირა – მუმნი აბდილა და მის ნაცვლად ტახტზე ავიდა მისი ვაჟი – მაჰდი. მან გაათავისუფლა ნერსე და კვლავ გაუშვა ქართლში ერისმთავრად. ნერსე ერისთავს თან გამოჰყვა მისი მსახური, არაბი ჭაბუკი აბო. ის იყო მალამოების დამზადების ოსტატი (მენელსაცხებლე). მისი მშობლები, და-ძმებიც ბაღდადში ცხოვრობდნენ. მან კარგად იცოდა არაბული წერა-კითხვა, ლიტერატურა. ნერსე ერისთავთან ყოფნისას ის გაეცნო ქრისტიანულ მოძღვრებას, ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა ნერსესთან ერთად ქართლში გამომგზავრება. ასეც მოიქცა. ქართლში ის ერისთავის ოჯახში ცხოვრობდა. აქვე შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, ქართულად გამართულად საუბრობდა. მან დაიწყო წმინდა საღვთო წიგნების: ბიბლიის ძველი და ახალი აღთქმის სწავლა. აბომ საფუძვლიანად შეისწავლა ყველაფერი და თავისი კეთილშობილებით ქართველებს თავი შეაყვარა.
ამის შემდეგ აბომ უარყო მაჰმადიანობა და შეიყვარა ქრისტიანული რელიგია. თავდაპირველად ის ყველას დასანახავად ვერ აღიარებდა ახალ რწმენას, მაგრამ ფარულად მარხულობდა, ლოცულობდა და ეძებდა უსაფრთხო ადგილს მოსანათლავად.
იმ პერიოდში არაბები ისევ განურისხდნენ ნერსე ერისთავს და ისიც იძულებული გახდა, რომ ხაზარეთში გაქცეულიყო. მას თან ახლდა სამასამდე მამაკაცი, მათ შორის, – აბოც. ხაზარეთის მეფემ შეიფარა მტრებისგან გამოქცეული ქართლის ერისმთავარი, მოამარაგა საკვებითა და ტანსაცმლით.
როცა აბომ გაიგო, რომ ხაზარეთში არაბების შიში არ უნდა ჰქონოდა, მოინათლა.
რამდენიმე ხნის შემდეგ ნერსემ სთხოვა ხაზარეთის მეფეს, რომ გაეშვა აფხაზეთში, რომელიც არაბებისაგან დაცული იყო. მას იქ ჰყავდა გახიზნული დედა, ცოლ-შვილი, გაგზავნილი ჰქონდა მთელი თავისი ქონება. ხაზართა მეფემ დაასაჩუქრა ნერსე და ისე გაგზავნა აფხაზეთში. ერისთავი და მისი ამალა სამი თვის მანძილზე უსაფრთხოდ მგზავრობდნენ. ამ ხნის განმავლობაში აბო ლოცულობდა, მარხულობდა, განუწყვეტლივ გალობდა ფსალმუნებს. როცა აფხაზეთში მივიდნენ, მთავარმა შეიფარა ნერსე და მისი ამალა. როცა ნერსემ დაინახა დედამისი, ცოლი და შვილები, გახარებულმა უფალს მადლობა გადაუხადა, რადგან ყველანი ცოცხლები იყვნენ და მშვიდობიანად შეიკრიბნენ ერთად.
როცა აფხაზეთის მთავარს აცნობეს, რომ აბო ახალმონათლული იყო, გაუხარდა. ნერსეს ქართლიდან გაქცევის შემდეგ ამირამ – მაჰდი მუმნიმ ქართლის ერისმთავრად დასვა ნერსეს დისშვილი, სტეფანოზ გურგენის ძე. ამ ამბავმა ნერსე ძალიან გაახარა, რადგან უფალმა მის სანათესაოს არ ჩამოართვა ერისმთავრობა. მან სთხოვა ქვეყნის არაბ მმართველებს მტრებისგან დაცვა, რათა თავის ხალხთან ერთად დაბრუნებულიყო სამშობლოში.
როცა აფხაზეთიდან წამოსვლა გადაწყვიტეს, მთავარმა თავისთან მიიხმო აბო და სთხოვა, რომ დარჩენილიყო აფხაზეთში. მას ეშინოდა, რომ არაბები აიძულებდნენ აბოს, უარი ეთქვა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. მაგრამ აბომ უპასუხა, რომ თუნდაც უამრავი ოქრო-ვერცხლი მიეცათ მისთვის, ან უმკაცრესად დაესაჯათ, ქრისტეს სიყვარულს ვერ გაუნელებდნენ. მას აღარ სურდა, სხვებისგან დაეფარა თავისი რწმენა.
ნერსე ჩამოვიდა თბილისში. აბო აღარ მალავდა, რომ ქრისტიანი იყო. თბილისში მცხოვრებმა აბოს ნაცნობმა არაბებმა გაიგეს, რომ ის ქრისტიანი გახდა. ზოგი მათგანი საყვედურობდა, ზოგი – ლანძღავდა, ზოგი – ემუქრებოდა, ზოგი სდევდა, ზოგი – გადაბირებას ცდილობდა, მაგრამ აბოს მტკიცე რწმენა ჰქონდა და ვერავინ შეაშინა. აბო სამი წლის მანძილზე ქალაქსა და მის შემოგარენში დაუფარავად ცხოვრობდა როგორც ქრისტიანი.“ – შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან
წმინდა აბოს წამება –
„აბო თბილისში შეიპყრეს და მიიყვანეს მსაჯულთან – ამირასთან. ქრისტიანობის აღიარებისთვის ის საპყრობილეში ჩასვეს. რამდენიმე დღის შემდეგ ის ქართლის ერისთავმა – სტეფანოზმა ციხიდან გაათავისუფლა, მაგრამ ქრისტეს მოძულე არაბები ისევ გაერთიანდნენ აბოს წინააღმდეგ, მივიდნენ ახალ ამირასთან და უთხრეს, რომ თბილისში იყო არაბი ახალგაზრდა, რომელმაც დატოვა მაჰმადის რჯული და თავი ქრისტიანად გამოაცხადა, უშიშრად დადიოდა ქალაქში და ბევრ არაბს უქადაგებდა ქრისტიანობას. მათ მოსთხოვეს მსაჯულს აბოს შეპყრობა და დასჯა, რათა სხვებს არ მიებაძათ მისთვის.
დამბეზღებლების ნათქვამი გაიგონეს ვიღაც ქრისტიანებმა, სწრაფად შეატყობინეს აბოს და სთხოვდნენ, რომ მორიდებოდა საფრთხეს და დამალულიყო. მან კი უპასუხა, რომ ის ქრისტეს გულისთვის არა მარტო ტანჯვას აიტანდა, არამედ – სიკვდილსაც.
აბო ისევ უშიშრად და დაუფარავად დადიოდა თბილისის უბნებში. ერთ დღეს ამირას ხელქვეითებმა ის დააპატიმრეს და მიიყვანეს მსაჯულთან. მან ჰკითხა აბოს, თუ რატომ იქცეოდა ასე და ურჩია, რომ გონს მოგებოდა – დაბრუნებოდა მამაპაპისეულ სარწმუნოებას. აბომ კი უპასუხა, რომ მხოლოდ ქრისტეს სჯულის შესწავლის შემდეგ შეიცნო ჭეშმარიტება.
მსაჯულმა კიდევ ერთხელ მკაცრად გაუმეორა მოთხოვნა, თან დაპირდა, რომ, თუ ქრისტეს უარყოფდა, უხვად დაასაჩუქრებდა. მაგრამ აბოს არც მსაჯულის ოქრო-ვერცხლი უნდოდა, არც – პატივისცემა, მას გააჩნდა ყველაზე დიდი საგანძური მორწმუნისათვის – უფლის მიერ ბოძებული პატივი ზეციურ სამყაროში.
როცა მსაჯულმა ვერაფრით გატეხა აბო, ბრძანა, რომ მისთვის ხელ-ფეხზე დაედოთ ბორკილები და შეეგდოთ ციხეში. აბოს კი უხაროდა და უფალს მადლობას სწირავდა.
აბო საპყრობილეში მარხულობდა, ლოცულობდა, დღედაღამ განუწყვეტლად გალობდა ფსალმუნებს, ეწეოდა ქველმოქმედებას. მან ყველაფერი გაყიდა, რაც გააჩნდა და მასთან ერთად მყოფ ტუსაღებს აჭმევდა. ცრუ მოძღვრები და დამბეზღებლები კი შედიოდნენ მასთან და, თითქოს თანაგრძნობით, ეუბნებოდნენ, რომ არ დაეღუპა თავი, არ მოშორებოდა ნათესავებს. ზოგნი, პირიქით, აშინებდნენ და ემუქრებოდნენ წამებითა და სიკვდილით. აბო არ უსმენდა მათ, ის განუწყვეტლად ლოცულობდა და თავისთვის, გონებაში გალობდა. ფარისევლებმა ვერაფრით ვერ შეარყიეს აბოს სიმტკიცე და შერცხვენილები მოშორდნენ.
აბო ცხრა დღის განმავლობაში იყო საპყრობილეში. ყოველდღე მარხულობდა, ღამეს ათევდა. მეცხრე დღეს კი მასთან ერთად მყოფ ქრისტიანებსა და სხვა პატიმრებს აბომ შეატყობინა, რომ ხვალ მისი სული უფალთან გაემგზავრებოდა, ეს თავად იესო ქრისტემ აცნობა თავის მოწამეს.
აბომ გაიხადა ტანსაცმელი, მისცა გასაყიდად, რათა მისთვის ეყიდათ დიდი სანთლები და საკმეველი. მან ქალაქის ეკლესიებს გაუგზავნა სანთლები, რათა წმინდა დღესასწაულის წინ აენთოთ. თავად ღამის თევისას ორი დიდი სანთელი დაიჭირა ხელში, დადგა შუა დილეგში და განთიადამდე ფეხზე მდგარი გალობდა, სანამ სანთლები არ დაიწვა მის ხელებში, რომლებიც ბორკილებით კისერზე დადებულ ჯაჭვზე ჰქონდა მიბმული.
როცა გათენდა მეათე დღე, მაცხოვრის ნათლისღების დღესასწაული, ექვსი იანვარი, პარასკევი, აბომ თქვა, რომ ეს იყო დიადი დღე და მას უნდა დაეძლია ხორციელი შიში. მან მოითხოვა წყალი, დაიბანა პირი და იცხო ზეთი. მან წმინდა ეკლესიიდან მოატანინა ზიარებისთვის პური და ღვინო.
როცა აბომ უფლის მიმართ სამადლობელი აღავლინა, მოვიდნენ მსაჯულის მსახურები. აბო გამოემშვიდობა ქრისტიან პატიმრებს და სთხოვა, რომ მისთვის ელოცათ.
ხელ-ფეხზე ბორკილებდადებული აბო გამოიყვანეს. ის მიჰყავდათ შუა ქალაქში. ქრისტიანები, რომლებიც მას იცნობდნენ, ტირილით მიაცილებდნენ. წმინდა აბომ ისინი დალოცა და სთხოვა, არ ეტირათ, რადგან ის თავის უფალთან მიემგზავრებოდა. აბო ისე მიდიოდა, თითქოს საკუთარ ცხედარს მიაცილებდა, თან ას მეთვრამეტე ფსალმუნს გალობდა.
აბო მიიყვანეს მსაჯულთან. მან კიდევ ერთხელ ჰკითხა, შეიცვლიდა თუ არა რჯულს. აბომ მტკიცედ უპასუხა, რომ მისი გადაწყვეტილება ურყევი იყო, ის ქრისტიანად რჩებოდა. როცა მსაჯულმა შეახსენა, რომ ამის გამო ის სიკვდილით დაისჯებოდა, აბომ უპასუხა, რომ მას მსაჯულის შეგონება ისევე არ ესმოდა, როგორც კედელს. მისი გონება უკვე ზეცაში, ქრისტესთან იყო, საითაც სიხარულით მიემგზავრებოდა.
მსაჯულის კითხვაზე, თუ ასეთი რა სიტკბო ჰქონდა ქრისტეს, რომ მისთვის თავს სასიკვდილოდ სწირავდა, აბომ შესთავაზა: თუ სურდა ამ სიტკბოს შეცნობა, თავადაც მონათლულიყო ქრისტიანად. ამ სიტყვებმა მოთმინება დააკარგვინა და განარისხა მსაჯული, მან ბრძანა აბოსთვის თავის მოკვეთა. მსახურებმა აბო გარეთ, სასახლის ეზოში გამოიყვანეს და მოხსნეს რკინის ბორკილები. აბომ თავისით შემოიხია ტანსაცმელი და შიშველმა სწრაფად გადაიწერა ჯვარი. მან უფალს მადლობა შესწირა, რადგან ღირსი გახადა, რომ შეერთებოდა წმინდა მოწამეთა რიგებს. ეს რომ თქვა, ჯვრის მსგავსად უკან დაიწყო ხელები და მხიარული სახით თამამად შეჰღაღადა ქრისტეს. მან მახვილს მიუშვირა კისერი. სამჯერ დაარტყეს ხმალი, ეგონათ, რომ სიკვდილის შიშით უარს იტყოდა ქრისტიანობაზე, მაგრამ აბო არ შემდრკალა, მან ხმის ამოუღებლად მიაბარა სული უფალს.
როცა წმინდა მოწამის დამბეზღებლებმა დაინახეს, რომ აბომ თავისი რწმენითა და მოთმინებით აჯობა მათ, უფრო გაბოროტდნენ, შევიდნენ მსაჯულთან და სთხოვეს, რომ აბოს გვამი მათთვის გადაეცა, რათა ქრისტიანებს ის პატივით არ დაეკრძალათ.
მსაჯულმა ნება მისცა, რაც უნდოდათ, ის ექნათ აბოს გვამისთვის. მართლაც, ცხედარი წაიღეს ქალაქგარეთ, ურმით მიიტანეს სასაფლაოზე, დადვეს მიწაზე. მოიტანეს შეშა, თივა, ნავთი დაასხეს და წაუკიდეს ცეცხლი, ვიდრე არ დაწვეს წმინდა მოწამის ხორცი. ეს ადგილი მდებარეობდა ქალაქის ციხის აღმოსავლეთით, მას ერქვა საპატიმრო. ის დიდი მდინარის, მტკვრის, ნაპირზე აღმართული კლდის პირას იყო. იქ მისვლის უფლება არავის მისცეს, სანამ არ დაწვეს წმინდა მოწამის ხორცი. ძვლები კი, რომელთა დაწვაც ვერ მოახერხეს, მოაგროვეს, ჩაყარეს ცხვრის ტყავში, თავი მაგრად შეუკრეს, წაიღეს და მტკვარში გადააგდეს.
მაშინ ქალაქის მცხოვრებმა ქრისტიანებმა დაძლიეს დამპყრობლების შიში: ყველანი მიდიოდნენ იმ ადგილას, სადაც წმინდა მოწამის ცხედარი დაწვეს. მოხუცებულები თავიანთი ჯოხებით მორბოდნენ, კოჭლები – ხტომით, როგორც ირმები, ახალგაზრდები – სირბილით, ბავშვები – ერთმანეთზე ხეთქებით. ქალები ჰგავდნენ იმ წმინდა მენელსაცხებლეებს, რომლებსაც სირბილით მიჰქონდათ ნელსაცხებლები ქრისტეს საფლავზე. ყველანი მიდიოდნენ, იღებდნენ იმ ადგილიდან მიწას, მიჰყავდათ მრავალი ავადმყოფი, რომლებიც მაშინვე იკურნებოდნენ.
უფალმა გამოიჩინა თავისი ძალა, პატივი სცა მისთვის წამებულს და აჩვენა სასწაული, რათა ყველას გაეგო, რომ ის ქრისტეს მოწამე იყო. როგორც კი გახდა ღამის პირველი საათი, უფალმა იმ ადგილას მოავლინა ანთებული ლამპარივით მოკაშკაშე ვარსკვლავი.
მეორე ღამეს კი წყალმა გამოაშუქა გასაოცარი ნათელი. განათებული იყო მდინარის ნაპირას კლდეები, ხიდი – ზევიდან ქვევით, რასაც ქალაქის ყველა მკვიდრი ხედავდა, რათა ყველას ერწმუნა, რომ აბო იესო ქრისტეს მოწამე იყო.“ – შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან
წმინდა მოწამე აბოს ქება –
„ იოანე საბანისძე მიმართავს ყველა ქრისტიანს და სთავაზობს, რომ ერთად იდღესასწაულონ ქართლის შემწედ მოვლენილი ახალი წმინდა მოწამის ხსენების დღე.
აბომ თავისი მოწამეობრივი აღსასრულით ქრისტეს წმინდა მოწამეთა შორის დაიმკვიდრა ადგილი. ავტორი თვლის, რომ მისი ღვაწლის შესაფერისად შექება მის ძალებს აღემატება, მაგრამ გაჩუმებაც არ შეუძლია, რადგან აბომ ის ქრისტესმიერი სიყვარულით შეიყვარა, სანამ ცოცხალი იყო.
აბოს ქრისტესათვის თავდადებამ ყველა გააოცა, რადგან არაბთა ბატონობის დროს მან, წარმოშობით არაბმა და მაჰმადიანმა, დიდებას საკუთარი სურვილით ქრისტესთვის თავმდაბლობა არჩია, ძალადობაზე დამყარებული რჯული უარყო, ჭეშმარიტი სარწმუნოება აღიარა და ჯვარცმულ უფალს სცა თაყვანი.
აბომ თავისი ღვაწლით ქრისტეს სიყვარული ქართველებისადმი და ქართველების რწმენა ქრისტეს მიმართ კიდევ უფრო განამტკიცა. იმ დროს ხომ ქართველები შეერივნენ უცხო ერს, ქრისტეს უარმყოფლებს, ქრისტიანობის მტრებს. შეითვისეს მათი ქცევა, მათი მიბაძვით დაემონნენ საკუთარ სურვილებს და დაივიწყეს მარადიული ცხოვრება.
ქრისტიანები შენატრიან აბოს დიდებულებას, ღვაწლს, სიმამაცეს, მის მიერ ზეციური გვირგვინის მოპოვებას.
აბო, რომელმაც გვიან შეიცნო ქრისტე, ქრისტიანების მასწავლებლად იქცა. მისმა მოწამეობრივმა აღსასრულმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ქრისტიანებზე: სწავლულებს გულისხმიერება შემატა, რწმენაშერყეულნი – განამტკიცა, მტკიცე რწმენის მქონენი – გაახარა, წარმართებს ქრისტეს სამსახური მოასურვა, ქრისტიანებს მისი წამების მოსახსენებელი დაუტოვა და ისინიც აბოს სახელის ყველასთვის გასაცნობად ქადაგებად იქცნენ.
ბოლოს ავტორი ევედრება წმინდა აბოს, რომ ქრისტეს წინაშე შემწე იყოს ყველა იმ ადამიანისა, ვინც მისი ხსენების დღეს აღნიშნავს, ვინც ადიდებს მამას, ძესა და სულიწმინდას აწ და მარადის, ამინ!“ – შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან