ქართველთა ტოლერანტობის შესახებ საუბრობს იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილის პუბლიცისტური წერილის ამ ნაწყვეტმა, სადაც ავტორი საქართველოს ისტორიას აანალიზებს ჰუმანისტური და ლიბერალური ფასეულობების პერსპექტივაში, არ უნდა გამოიწვიოს ჩვენში უსაფუძვლო ამპარტავნება. არაერთხელ მომიკრავს ყური ასეთი გამონათქვამებისთვის, “ევროპელები სად იყვნენ, ჩვენში რომ ტოლერანტობა არსებობდა”. სამწუხაროდ, ჩვენს ყოფაში, ლიტერატურასა და, ზოგადად, კულტურაში შეუწყნარებლობის მაგალითებიც ბევრია. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც თანამედროვე პედაგოგიკაშია მიღებული, ჩვენ კარგ ნიმუშებს წარმოგიდგენთ, ცუდზე რატომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება… :)
ნაწყვეტი
სასიქადულო კაცთ მოყვარეობა ქართველებს განასხვავებს თავიანთ ისტორიულის არსებობის ყოველ ხანაში. საქართველოს სამეფოში მოქცეულს ყოველ ხალხს ქართველებთან თანასწორი უფლება ჰქონდათ მინიჭებული და არასოდეს არ განუცდიათ შევიწროება არც სარწმუნოებაში და არც ენის საქმეში. მათ მხოლოდ მოეთხოვებოდათ სახელმწიფოს ერთგულება. საქართველოში ძველიდგანვე სცხოვრობდნენ ურიები, მაგრამ საშუალ საუკუნეებშიაც კი არ დასდგომიათ გაჭირვება ქართველთაგან, და ურიების დარბევა, რაც ასე ხშირად იყო და ეხლაც არის ევროპაში, არასოდეს არ მომხდარა საქართველოში. ებრაელებს საქართველოს მეფენი სამძიმო დიპლომატიურ საქმესაც კი მიანდობდნენ ხოლმე. თათრები ისე იყვნენ კმაყოფილნი თავიანთ ბედისა საქართველოს სამეფოში, რომ თავგანწირულად ებრძოდნენ შემოსეულ თათრებსვე. სომხები ყოველთვის შეადგენდნენ საქართველოს სამეფოს ბლომს ნაწილს, და არა თუ ქართველთაგან მტრობა არ განუცდიათ, არამედ ყოველთვის მინიჭებული ჰქონდათ სრული თანასწორობა ქართველებთან და, ასე გასინჯეთ, მემკვიდრეობითაც კი ეჭირათ ქართველთა სახელმწიფოში დიდ-დიდი თანამდებობა. შესანიშნავია, რომ რამდენიც უფრო ძლიერი იყო საქართველო, იმდენი უმეტესის სულგრძელობით და კაცთმოყვარეობით ეპყრობოდა თავის ქვეშევრდომ უცხო ხალხებსა…
თამარ მეფემ, რომლის დროსაც საქართველოს სამეფომ მიაღწია თავისის ძლიერების ზენიტსა, გააუქმა თავისს სამეფოში მეთორმეტე საუკუნეში არა თუ სიკვდილით დასჯა, არამედ სხეულის სასტიკი სასჯელიცა, შთამომავლობისა და სარწმუნოების განურჩევლად ყოველის ქვეშევრდომისათვის ერთნაირად… ამის გამო თამარის მეფობამ ისე განვლო, რომ არ ყოფილა სიკვდილით დასჯილი არც ერთი თათარი, არც ერთი ურია, მით უმეტეს ქრისტიანი. ეს კაცთმოყვარული სამართლიანობა სხვა სჯულის ხალხების შესახებ მით უფრო შესანიშნავია, რომ ქართველები წინა საუკუნოებში ყოველთვის აღგზნებულნი იყვნენ ძლიერი სარწმუნოებრივი გრძნობით.
რაოდენი ძალა უნდა ჰქონოდათ ქართველებს მოწყალებისა და კაცთმოყვარეობისა, თუ იმათს მხურვალე სარწმუნოების ერთგულებასაც კი ქედი უნდა მოეხარა ამ კაცთმოყვარეობის ძალის წინაშე!
ქართველებს ამჟამად არაფერი სწადიათ მის მეტი, რომ მათ მიუწყონ იმავე საწყაოთი, როგორითაც ისინი მიუწყავდნენ ყოველთვის სხვებსა…
იაკობ გოგებაშვილი