ლუდვიგ ფონ მიზესი – ბიოგრაფია
ლუდვიგ ჰენრიხ ელდერ ფონ მიზესი – ავსტრიელი ეკონომისტი, ეკონომიკის ავსტრიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი და მისი თვალსაჩინო წარმომადგენელი, თანამედროვე ლიბერტარიანული მოძრაობის ინტელექტუალური მამამთავარი.
ლუდვიგ ფონ მიზესი დაიბადა გალიციის ქალაქ ლემბერგში (ავსტრია-უნგრეთის იმპერია, თანამედროვე ლვოვი) 1881 წლის 29 სექტემბერს, შეძლებული ებრაელის ოჯახში. ლუდვიგის მამა მშენებელი ინჟინერი იყო. ლუდვიგს ჰყავდა უმცროსი ძმა, რიჩარდი, რომელიც შემდგომში საკმაოდ ცნობილი ფიზიკოსი გახდა. ძმები ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, როცა ოჯახი ვენაში, საგვარეულო სახლში დაბრუნდა. 1903 წელს მიზესის მამა გარდაიცვალა.
1906 წელს მიზესმა დაამთავრა ვენის უნივერსიტეტი, სადაც მასზე დიდი გავლენა იქონია კარლ მენგერის ნაშრომებმა და ეუგენ ბემ-ბავერკის ლექციებმა.
1913–1934 წლებში მიზესი ვენის უნივერსიტეტის პროფესორია. პირველი მსოფლიო ომის დროს იგი აღმოსავლეთ ფრონტის არტილერიის ოფიცერი იყო, შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროს ეკონომიკურ განყოფილებას მართავდა. მსახურობდა ვენის სავაჭრო პალატაში. იყო ავსტრიის მთავრობის ეკონომიკური მრჩეველი. 1934 წელს, ებრაული წარმოშობის გამო დევნის შიშით, მიზესი გადადის ჟენევაში, საერთაშორსო კვლევების უმაღლეს სასწავლებელში პროფესორად, 1940 წელს კი – ნიუ-იორკში, სადაც 1965 წლამდე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია.
მიზესი 1973 წლის 10 ოქტომბერს ქ. ნიუ-იორკში, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლუდვიგ ფონ მიზესის შრომებმა – ადამიანის მოღვაწეობის საფუძველებისა და ლოგიკის, ფულად-საკრედიტო სისტემის, სავაჭო ციკლების, ლიბერალიზმის, ეკონომიკური ისტორიისა და თეორიების, ბიუროკრატიის ფუნქციონირების, სახელმწიფოს ეკონომიკური როლის და სხვა მრავალი მომიჯნავე საკითხის შესახებ, რომლებიც რაციონალისტურ და უტილიტარულ კონტინენტურ ტრადიციას ეფუძნებოდნენ, მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა მე-20 საუკუნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ აზროვნებაში. განსაკუთრებულია მისი წვლილი მრავალსახოვანი სოციალიზმის ეკონომიკური უნიადაგობისა და ანტიჰუმანური არსის მხილების საქმეში.
ლუდვიგ ფონ მიზესი ეკონომიკაში სახელმწიფო ჩარევების, როგორც ძალმომრეობის უკომპრომისო მოწინააღმდეგეა. მიზესის მიხედვით, “ბაზარი ყველაფერს თვითონ არეგულირებს”, ხოლო სახელმწიფოს კერძო საქმიანობაში ნებისმიერი ჩარევა უარყოფით შედეგებს განაპირობებს. ქვეყნის კეთილდღეობისათვის აუცილებელია ეკონომიკური ბერკეტების (გადასახადები, აქციზები, მარეგულირებლები და ა.შ.) მაქსიმალურად ლიბერალიზაცია, ყოველგვარი მარეგულირებლების გაუქმება და სახელმწიფო ორგანოების სრული შემცირება. მიზესის თეორიის თანახმად, მსოფლიო ბრეტონ-ვუდსის კონფერენციამდე არსებულ სავალუტო პოლიტიკას უნდა დაუბრუნდეს. ანუ, ქვეყნების ეროვნული ვალუტები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ოქროში, რაც ინფლაციის არსებობას გამორიცხავს.
მიზესმა მთელი თავისი ცხოვრება სოციალიზმისა და ტოტალიტარიზმის მხილებას მიუძღვნა. მან ჯერ კიდევ 1918-1921 წლებში დაასაბუთა, რომ ნებისმიერი სოციალისტური ეკონომიკური მოდელი განუხორციელებელია, რადგან იგი არ ეყრდნობა საბაზრო პრინციპებს. თავის შრომებში “ფულისა და კრედიტის თეორია” (1912), “ერი, ხახელმწიფო და ეკონომიკა” (1919) “ეკონომიკური გათვლები სოციალისტურ თანამეგობრობაში”, “სოციალიზმი” (1922) იგი ამტკიცებდა, რომ სოციალიზმის პირობებში, როდესაც წარმოების საშუალებებზე, კაპიტალზე, მიწაზე და ბუნებრივ რესურსებზე კერძო საკუთრება არ არსებობს, წარმოიქმნება ე.წ. “გათვლების” პრობლემა: ღია ბაზარზე გაცვლების გარეშე, ადამიანები მოკლებულნი არიან ფასების დადგენის მექანიზმს; რის გამოც, ინვესტიციები და რესურსები იფლანგება და სოციალისტური ეკონომიკის ფუნქციონირება შეუძლებელი ხდება. “სოციალიზმი – როგორც ლუდვიგ ფონ მიზესი წერდა, – ადამიანის ყველაზე პატივმოყვარული გამოგონებაა და საჭიროა მისი იდეოლოგიურად განადგურება – რათა მომავალი თაობები ვიხსნათ ბარბაროსობისაგან”
1927 წელს გამოაქვეყნა უტილიტარული პოლიტ-ეკონომიკური ფილოსოფიის მანიფესტი “ლიბერალიზმი”. 1940 წელს გამოიცა მისი შემოქმედების საკვანძო ნაშრომი “ადამიანის მოღვაწეობა”, რომლიც ჯერ 1940 წელს გერმანულად, ხოლო შემდეგ 1949 წელს ინგლისურად გამოიცა. 1947 წელს, სტატიაში “დაგეგმილი ქაოსი”, მიზესი ყურადღებას ამახვილებს სოციალიზმის, როგორც ადამიანური პატივმოყვარეობის გამოვლინებაზე და ცივილიზაციისათვის მის დამანგრეველ შედეგებზე.
1950 წელს მან გამოაქვეყნა სტატია “პოპულისტური პოლიტიკა – გზა სოციალზმისკენ”, სადაც ამხილა იმ დროისათვის ახალფეხადგმული ე.წ. “სოციალურად ორიენტირებული” სახელმწიფოს პოლიტიკა. თავისუფლებისა და თანასწორობის იდების აღრევის სავალალო შედეგებს ეხმიანება მისი ნაშრომი “თანასწორუფლებიანობის და არათანასწორუფლებიანობის შესახებ”, რომელიც 1961 წელს გამოქვეყნდა. მიზესი ყურადღებას ამახვილებდა, რომ ადამიანებს შორის ბუნებრივი განსხვავება ნიჭსა და ქმედითუნარიანობაში, არ არის ეკონომიკური ფორმაციის ბრალი და ამიტომ არ შეიძლება, რომ აღმოფხვრილი იქნეს სოციალური რეფორმებით.
საყურადღებოა, მისი, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის მრჩევლის და თეორეტიკოსის საქმიანობა. სწორედ მისი რეკომენდაციები დაედო საფუძვლად I მსოფლიო ომის შემდგომი ავსტრიის ეკონომიკურ პოლიტიკას. მის ლექციებსა და გამოსვლებს ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, ისმენდა მისი თანამედროვე გამოჩენილი პოლიტიკოსები, მეცნიერები, მეწარმები, როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ევროპასა და ლათინურ ამერიკაში. მისი ნააზრევი, აგრეგირებული ფორმით, თავმოყრილია 1979 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებულ სტატიაში “ეკონომიკური პოლიტიკა: გამოცდილება დღეისათვის და ხვალისათვის”.
მიზესის გავლენით და უშუალო მხარდაჭერით, ეკონომიკის უდიდეს მკვლევარებად ჩამოყალიბდნენ – ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი, ფრიც მახლუპი, ვილჰელმ რიოპკე, მარი როტბარდი, ჰანს სენჰოლცი, ჯორჯ რაისმანი, რალფ რაიკო, ლეონარდ ლიჯიო, ისრაელ კირცნერი და სხვები.
მიზესის მთავარი ნაშრომებია:
“ფულის და კრედიტის თეორია” (1912);
„ერი, სახელმწიფო და ეკონომიკა“ (1919);
“ეკონომიკური გათვლები სოციალისტურ სახელმწიფოში” (1920);
“სოციალიზმი” (1922);
“ინტერვენციონიზმი” (1929);
“ლიბერალიზმი” (1927);
“ადამიანის მოღვაწეობა” (1940);
“ყოვლისშემძლე მთავრობა” (1944);
“ბიუროკრატია” (1944);
„დაგეგმილი ქაოსი“ (1947);
„პოპულისტური პოლიტიკა – გზა სოციალიზმისაკენ“ (1950);
ანტიკაპიტალისტური მენტალიტეტი (1956).
“თეორია და ისტორია” (1957);
„თანასწორუფლებიანობის და არათანასწორუფლებიანობის შესახებ” (1961)
წყარო: ლიბერალიზმის საფუძვლები. კრებული/მთ. რედ.: პაატა შეშელიძე; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა „ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თბ.: 2004. – (თავისუფლების ბ-კა; წ. 1, 2004 წელი).
მოამზადა თენგიზ ვერულავამ