მასტურბაცია სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის
მასტურბაცია ბევრგან დღემდე ტაბუირებული თემაა, რაც ინფორმაციის გავრცელებას უშლის ხელს. მის შესახებ არსებობს მრავალი მითი – მაგალითად, მასტურბაცია იწვევს სიბრმავეს, იმპოტენციას, უნაყოფობას, ჯანმრთელობის გაუარესებას და ა.შ.
აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მამაკაცების 94% აღიარებს, რომ მასტურბირებს, ქალებიდან კი – 85%. თუმცა დედამიწის სხვადასხვა რეგიონებში შესაძლოა განსხვავებული სიტუაცია იყოს, რადგან სოციალური ფაქტორები ამ საკითხზე გავლენას ახდენს. ის, ვინც ღიად აღიარებს მასტურბაციას, შესაძლოა სტიგმის მსხვერპლი გახდეს.
სწორედ ამან წარმოშვა გავრცელებული მითები. ზოგიერთი მათგანი სასაცილოც კია და გასაკვირია ის, რომ მას სერიოზულად იჯერებენ. თუკი მხოლოდ ფაქტებს დავეყრდნობით, რეალობა სხვაგვარია – მასტურბაციას ჯანმრთელობისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს. ამას სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებს.
ქალების შემთხვევაში მასტურბაცია ამცირებს საშვილოსნოს ყელისა და შარდსადინარის ინფექციებს, ხელს უწყობს სითხის ცირკულაციას და ბაქტერიების გამოდევნას. მასტურბაცია ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის რისკს, შველის ძილის პრობლემებს ჰორმონების გამოყოფისა და დაძაბულობის მოხსნის მეშვეობით, აძლიერებს მენჯის დიაფრაგმას ორგაზმისას წარმოქმნილი შეკუმშვების დახმარებით.
მამაკაცებში მასტურბაცია ამცირებს პროსტატის კიბოს რისკს, რადგან პროსტატას საშუალება აძლევს, მოიცილოს კიბოს გამომწვევი ფაქტორები. მასტურბაცია აუმჯობესებს იმუნოსისტემის მოქმედებას, რადგან ზრდის ჰიდროკორტიზონის დონეს. ასევე ამსუბუქებს დეპრესიას, უშვებს რა სისხლის მიმოქცევაში ენდორფინებს – იგივე „ბედნიერების ჰორმონებს”.
და ბოლოს: მასტურბაცია ყველაზე მოხერხებული მეთოდია ორგაზმის მაქსიმიზაციისკენ.
რაც შეეხება თავად ორგაზმს, მასაც მრავალი სარგებელი აქვს, როგორიცაა სტრესის შემსუბუქება, სისხლის წნევის შემცირება, თავდაჯერების ზრდა და ტკივილის შენელება.
ავსტრალიელი მეცნიერები მასტურბაციის დადებით მხარედ იმ მარტივ ფაქტსაც ასახელებენ, რომ ეს არის სექსუალური სიამოვნების მიღების ყველაზე უსაფრთხო მეთოდი – ვერ დაორსულდებით, არ დაინფიცირდებით სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით, არ გემუქრებათ პარტნიორის იმედგაცრუება და არ გეუფლებათ რაიმე სახის შიში.
მათი თქმით, ორმხრივი მასტურბაცია პარტნიორებს შორის (როდესაც თითოეული მეორეს ანიჭებს სიამოვნებას) ასევე სასარგებლო და უსაფრთხო ქმედებაა, რადგან ასე უკეთ სწავლობენ ერთიმეორის სხეულის თავისებურებებს. იგებენ, რა მოსწონს მათ პარტნიორს და პირიქით, აგებინებენ თავისას. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში აუმჯობესებს მათ სექსუალურ ცხოვრებას.