კოსმოსი

მიმდინარე წელს ორი კომპანია განახორციელებს ორბიტალურ ფრენებს

როგორც ჩანს, ჩინეთი თავისი კოსმოსური პროგრამის განვითარების ტემპებს ზრდის არამარტო სახელმწიფოებრივ დონეზე, არამედ ცდილობს საკუთარი პოზიცია დაიკავოს კერძო კოსმოსურ სექტორშიც. ორი ჩინური სტარტაპი აპირებს თავიანთი პირველი ორბიტალური ფრენები განახორციელოს მიმდინარე წლის პირველ ნახევარში – იტყობინება პორტალი SpaceNews. ამ მისიების წარმატება ხელს შეუწყობს ჩინური მზარდი კერძო კოსმოსური სექტორის განვითარებას და საშუალებას მისცემს – კონკურენცია გაუწიოს სხვა კერძო კომპანიებს, რომელთა სერვისშიც შედის კომპაქტური თანამგზავრების გაყვანა დედამიწის ახლო ორბიტაზე.

2015 წელს პეკინში დაარსებული კომპანია OneSpace Technology აპირებს განახორციელოს თავისი 19-მეტრიანი რაკეტის OS-M-ის პირველი გაშვება მარტის ბოლოს. გათვლილია, რომ რაკეტა შეძლებს კოსმოსში გაიტანოს ტვირთი, რომლის შემადგენლობის შესახებ ჯერჯერობით არაფერი ხმაურდება.

ამ რაკეტის წარმატებით გაშვების შემთხვევაში კომპანია OneSpace გახდება პირველი ჩინური კერძო კოსმოსური კომპანია, რომელმაც შეძლო ორბიტალური გაშვების განხორციელება. ამავე დროს, ინფორმაციის წყარო იტყობინება, რომ ეს პირველი მცდელობა არ იქნება ჩინური კოსმოსური სტარტაპების მხრიდან – განახორციელონ სრულფასოვანი კოსმოსური ფრენა. მაგალითად, გასული წლის ოქტომბერში ჩინურმა სტარტაპმა Landspace-მა სცადა თავისი რაკეტა Zhuque-1-ის გაშვება, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა – რაკეტა ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა. Landspace მორიგ მცდელობას განახორციელებს 2020 წელს. კომპანიას სურს შექმნას უფრო დიდი და ძვირადღირებული რაკეტა.

OneSpace-ის პარალელურად, 2019 წლისთვის დიდი გეგმები აქვს მეორე კერძო კოსმოსურ კომპანიას – iSpace-საც, რომელიც სულ ორი წლის წინაა დაარსებული. სტარტაპი გეგმავს თავისი რაკეტა Hyperbola-1-ის გაშვებას წლის პირველ ნახევარში. რაკეტის სიმაღლე 20 მეტრია, დიამეტრი – 1,4 მეტრი და შეძლებს 150 კილოგრამი ტვირთის გატანას ორბიტაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ორივე კომპანიამ გასულ წელს წარმატებით განახორციელა სატესტო სუბორბიტალური გაშვებები. მსუბუქი რაკეტა Hyperbola-1Z-ის პროტოტიპის სტარტი iSpace-მა დაიწყო 5 სექტემბერს. მან 108 კმ სიმაღლეს მიაღწია. ორი დღის შემდეგ კი OneSpace-მა ჩაატარა თავისი OS-X1 რაკეტის წარმატებული სუბორბიტალური გაშვება.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button