კონსტანტინე გამსახურდია – “ალექსანდრე აბაშელი”
ოდიშური მუხის ჭიშკარს ახალი მთვარისდარი თვალი ჰქონდა დატანებული. როცა ცხენოსანი ვინმე ჭიშკარს მოადგებოდა და დაიძახებდა, ყველაზე ადრე მე გავრბოდი სტუმრის შესახვედრად, მაგრამ ვიდრე კარს გავუღებდი მას, ფრთხილად გავხედავდი ახალმოსულს მზვერავი თვალით, რადგან სოფელში შიშიანობა იყო.
ერთ საღამოს ასწლოვანი კაკლების ქვეშ ვთამაშობდი.
ჰეიჲ, მასპინძელო!
შემომესმა ანაზდად.
გავიხედე: უზარმაზარი კოპიტების ჩრდილის ქვეშ ერთი შეიარაღებული, ჩოხიანი ვაჟკაცი იდგა მდუმარე.
ეს იყო პირველი რევოლჲუციის ხანა. სოფელში ათასგვარი ლეგენდა დადიოდა ‘‘ერთობის-მოქადაგებთა’‘ გამო. ჩემს ყმაწვილურ ფანტაზიაში მდევრური ანაგობითა და შეუმუსვრელი ძალმოსილებით იყვნენ იგინი შემკულნი.
ვნატრობდი: მალე, სულ მალე დავაჟკაცებას, თოფის მოხმარებასა და ბრძოლის უნარს.
მთელი საღამო გამალებული თვალს ვადევნებდი ჩვენს ოჯახში დასამალავად მოსულ შავგვრემან ჭაბუკს, რომელიც მოკრძალებულად ესაუბრებოდა ბუხრის წინ მამაჩემს, ხანაც თავის მშვენიერ თეთრ კბილებს მიანათებდა ხოლმე ჩემს უფრო ძმას, მის თანამებრძოლსა და მეგობარს, ალექსანდრეს.
ბევრს ლაპარაკობდა თავისი ამხანაგების ვაჟკაცობისა და სიჩაუქის გამო, ხოლო საკუთარი მიღწევებისათვის, გამოკითხვის დროსაც სდუმდა.
ლიმონისფერი გადასდიოდა სახეზე სტუმარს, საუბრის დროს ცხვირსახოცს იცაცუნებდა წარამარა მიმინოს ჭანგებივით დახრილ ნესტოებზე.
ტკბილი, საამური ხმა ჰქონდა უცნობს, სწორი ცხვირი, ნათელი შუბლი, კეთილშობილი ანაგობა.
უცნაურად თეთრსა და გრძელთითებიან ხელებს თავზე გადაისვამდა ხანდახან, როცა მისი შავი კულულები შუბლზე დაუწყებნენ ცაცუნს.
საერთოდ უფლისწულს ჰგავდა ჩვენი სტუმარი, გვიანი საუკუნეების ტაძრების კედლებზე გამოსახულს.
ვუთვალთვალებდი ამ მშვენიერ ვაჟკაცს უიარაღოდ ბუხრის პირად მჯდარს, გაოცებული ვიყავი: აგეთი ‘‘ნაზი ტერორისტის’‘ ვის შეეშინდება მეთქი.
ფრიად გავვოცდი, როცა გავიგე გვიან, რომ ამ კაცს თავი ესახელებინა გენერალ ალიხანოვის კაზაკებთან და რეაქციის დროს გამრავლებულ ბანდიტებთან შეტაკებისას უკვე იმ წლებში, როცა მეფისეული დამსჯელი რაზმები გამძვინვარებულნი შეესივნენ დასავლეთ საქართველოს.
ამ პირმშვენიერი უცნობის მაგალითმა პირველად დამარწმუნა ჩემს სიცოცხლეში, რომ ხშირად ვაჟკაცური სული ბუდობს ხოლმე ფაქიზ სხეულშიც.
* * *
ათიოდე წლის შემდეგ ამ ჩვენი სტუმრის ლექსები გამოჩდნენ პრესაში, მათ ხელს აწერდა ალექსანდრე აბაშელი.
როგორ წარმოვიდგენდი, თუ ეგ, ჭიშკრის თვალიდან დანახული უცნობი ოდესმე გახდებოდა ჩემი უერთგულესი მეგობარი.
ამგვარი, უაღრესად ჰარმონიული და ფაქიზი ბუნების ადამიანთა გამო უთქვამს, ალბათ, რუსთაველს: სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისაო.
მე არამგონია არსებობდეს ქვეყნად უფრო დიდი ბედნიერება, გყავდეს ისეთი მეგობარი, რომელშიაც დიდი ტალანტი ბუნებრივად შერწყმულია დიად კეთილშობილ ადამიანობასთან.
მწერლობა სხვა არაფერია, თუ არა ემანაცია კეთილშობილებისა, სხვა შემთხვევაში იგი ქაღალდის ხარჯვაა ამაო და პროფესიული მანჭვა, რომელი ვერც თანამედროვეებს მოსჭრის თვალს და ვერც მომდევნო თაობებს.
აბაშელი უმღერის კიდევაც ამ კეთილშობილებას.
‘‘ვინ დაჩრდილავს პოეტის გულის პატიოსნებას’‘.
მე ვამტკიცებ: ლექსების, დრამების, გინდ რომანების წერას ყოველი წიგნიერი ადამიანი შესძლებს, უკეთუ მან ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრების ტექნიკაში ხერლი გაივარჯიშა.
ისეთ მუსიკალურ ენებში, როგორიცაა ქართული, იტალიური, რუსული, ყოველი სანახევროდ ინტელიგენტიც მოაცოდვილებს ბოლორითმოვან ლექსს, რომელსაც ძლივს ჩაათავებ ერთხელ.
მაგრამ გაივლიან ათეული წლები და საუკუნის მიწურულს, ნამდვილად ოქროს მაძიებელთა სიაში დარჩება სულ რამდენიმე სახელი, ოქროსებრ რჩეული და უზადო.
* * *
გასული საუკუნის ქართული მწერლობის კორიფეებს მრავალი ამოცანა ჰქონდათ დასახული, მათ შორის უმთავრესთაგანი ერთი: ჩვენი ლიტერატურის ორღობის ორწოხებიდან თავის დასაღწევად საჭირო იყო უნივერსალიზმის რანგზე მისი აყვანა, საამისოდ აუცილებელი გახდა ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრების მოდერნიზირება.
აზიური უფორმობის დამღა ეტყობოდა მე-17-18 საუკუნეების ქართულ მწერლობას.
აზიური უფორმობის მეთქი, ვამბობ.
ცნობილია: აზიაში იშვა თითქმის ყოველი ჟანრი მწერლობისა: შაირი, ოდა, პოემა, ნოველა, დრამა და რომანი, მაგრამ არც ინდოელებს, არც არაბებს, არც ირანელებს, არ შეუქმნიათ ისეთი სრულქმნილი ფორმები მეტყველებისა, როგორიც შექმნეს ძველმა ბერძნებმა და უფრო გვიან რუსთაველმა, შექსპირმა და პუშკინმა.
ნ. ბარათაშვილი და იოანე ბატონიშვილი, გრიგოლ ორბელიანი და აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა იღვწოდნენ ამისათვის დიდი კეთილშობილი იდეებით, დიადი პატრიოტული პათოსით.
დევკაცური სულის სიდიადით მოსილი იყო მათი ნაამაგარი, მათ ხელახლა საძირკველი ჩაუყარეს თითქმის ყოველ დარგს მეტყველებისას, მოთხრობას, ლექსს, დრამას და პოემას, მაგრამ ამ ჟანრის კულმინაციურ ზენიტში აყვანა უანდერძეს მეოცე საუკუნის სარდლებს ლიტერატურისას.
უნივერსალიზმი და სრულყოფილი ფორმა ეს იყო და არის უპირატესი ლოზუნგი ჩვენი ეპოქის ქართული მწერლობისა. ამ საუკუნის მიწურულში, ალბათ, შვიდიოდე სახელი მოიხვეჭს ახალ ელვარებას, მათ შორის პირველთაგანი იქნება უთუოდ ალექსანდრე აბაშელისა.
ფორმათა სრულყოფისათვის ბრძოლას ნურავინ აურევს ფორმალიზმში. დიდი და იდეური მწერლობა ფორმალიზმის ნაჭუჭში არაოდეს დატეულა. საამისოდ აბაშელს არც პატრიოტიზმი ჰკლებია ოდესმე, არც მოქალაქური გრძნობა.
მას კარგად ესმოდა, რომ ჩვენთვის, ქართველებისთვის მწერლობა გაცილებით მეტი იყო მუდამ, ვიდრე პროფესიული სკრიპტომანია, გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე მოშაირეთა იწილ-ბიწილო.
ალექსანდრე აბაშელი მოვიდა პოეზიაში, როგორც ოსტატი. მისმა ლექსებმა მოულოდნელად გაიშრიალეს და მორთეს თვალისმომჭრელი კაშკაში უცნაური კალეიდესკოპის ფერთა სიმრავლით აციმციმებულთა.
ჩვეს ეპოქაში უკვე აღარავის სჯერა სერიოზულად პრიმიტიული და ინსტიქტური მწერლობის ამბავი. მოდერნისტობის გამო როდი მოგახსენებთ, მაგრამ არსებობს ერთი შეუცვლელი და გადაუთარგმნელი ფრანგული სიტყვა ‘‘მოდერნ’‘, რაც უეჭველი თუ ადამიანი თავისი თანადროული ინტელექტისა და სიტყვიერი კულტურის შესატყვისია ნამდვილი თანადროული მწერლობისა. დონესთან არაა გათანაბრებული, იგი თანადროულ ეპოქას ვეღარ დაამშვენებს.
საამისოდ ორი რამ არის აიუცილებელი:
ერთია ინტელექტუალური სიმწიფე, ხოლო მეორე – ოსტატობა.
აბაშელი შემოვიდა მწერლობაში, როგორც ოსტატი, და გაგვაოცა არა მარტო ხელოვნებით, არამედ ინტელექტუალური სიმწიფითაც.
უპოვარი გლეხის გაჭირვებული ოჯახიდან გამოსულმა ჭაბუკმა საკუთარი ენერგიით გაიკაფა საკმაოდ მძიმე ცხოვრების სარბიელი და მსოფლიო მოვლილ, მაღალი განათლებით აღჭურვილ ოსტატებს ამოუდგა გვერდით.
მის ოსტატობას ხშირად თან ახლავს ოდნავი სიგრილე, რადგან პრიმიტიულობა, როგორც პროდუქტი გონებრივი უმწიფარობისა, მუდამ უშუალოა, ძალზე გულახდილი და ბანალურია.
იგიც ცნობილია, რომ უნიჭო მომღერლები, ბღავიან და ხავიან, ხოლო მომღერალთა შორის ისეთნი, რომელთაც ბულბულისმიერი ყელი აქვთ, პიანისიმოს მღერიან.
აბაშელის ნათელი ლანდშაფტები, მზეების სიცილი და მთვარის კაეშანი ნელი სევდით არიან მოვარაყებულნი; მისი წკრიალა ლექსები ფოლადისებური სიმტკიცით არიან ნაჭედნი, მათ თან სდევთ უტყუარი ელვარება ხალასი ოქროსი, ხალისიანი ციმციმი გუთნის შვიდეულისა და ფოიერვერკული ელვა მოულოდნელი ბოლო რითმებისა და სახეებისა, პარაბოლური მეტყველების დაწურული სიბრძნე.
იგი ხანდახან ეროტიულიც არის, მაგრამ ოდნავ დარცხვენილი მისი ლირიკა ბერძნული ლეკიფივით გამსჭვირვალეა და რხეული.
აბაშელი ერთის შეხედვით სიცოცხლეს დახარბებულია თითქოს, მზის ამოსვლათა და ღამეული ფერების მოტრფიალე, დაუცხრომელი მოთვალთვალე ამ პლანეტების ფერადოვანი კალეიდოსკოპისა, ხანაც დაფიქრებული სიკვდილისა და შობის გარდაუვალ კანონთა გამო, ხან მეოცნებე და გარინდებული ამ საწუთროის უცნაურობათაგან. მიუხედავად ამისა, მის მსოფლმხედველობას საფუძვლად უძევს ხალისიანი რწმენა ჯანმაგარი ქართველი ხალხისადმი, რომელმაც ოცზე მეტი საუკუნის მანძილზე გაუძლო ისტორიის უწყალო ქარბორბალას.
გათენებათა და შეღამებათა, ნაჩრდილევისა და ნაშუქარის უებრო მხატვარი, იგი ზომიერია და მშვიდი, ჩუმი და ჩუმად დამტკბარი, დაუცხრომელი მჭვრეტელი ამ სამყაროს ფერთა სიუხვისა.
იგი როდი გაღელვებს, არამედ გამშვიდებს, როდი გასწავლის, არამედ გაოცებს, როდი გაშფოთებს, არამედ გარიგებს ბუნებისა და საწუთროს უცნაურობასთან, ხანაც დარდიანად იღიმება, გარდაუვალ კანონთა რკინის ლოგიკის შემცნები.
იგი უდრტვინველად შერიგებულია სიკდილთან და გარდავლენასთან, რომელთა ელემენტები წინასწარ მოცემულია როგორც ქარვის შემოდგომათა სინაზეში, ისე მზეზე აღბეჭდილ ტალებში, გაზაფხულის ფოთლების ყუნწში, გინდ ყვავილების ფაქიზ ჯამებში.
აბაშელი დიდის სიყვარულით უმღერის მზესა და მის ასაბია ცთომილებს, გაოცებული შესცქერის ასტრალურ ბუნებას ზესკნელისას, მაინც რიჟრაჟების მოტრფიალეა და ამომავალ მზეთა მეხოტბე:
‘‘ჩემი სიტყვა ცეცხლის ფრთაა, უხილავი ანგელოსის,
ჩემი ენა მუსიკაა, ტკბილი ქნარი ეოლოსის’‘.
მართლაც, დიდი მუსიკალობითაა აღბეჭდილი მისი ლექსი. ოდიშის ნისლიანი ალიონები, შავი ზღვისპირა ჭაობების ისლის შრიალი, ტფილისური შემოღამებათ მშვენება, ქართული ბარის ლანდშაფტები, ჩვენი მთიანეთის, ჩვენი მდინარეებისა და ტყეების შხუილი ისეთი დონეზეა შექებული – რუსის, ფრანგის, გინდ ინგლისელის გულსაც მოხვდება.
აბაშელი უნივერსალურია არა მარტო მაშინ, როცა პლანეტების კადრილს აგვიწერს ხოლმე, არამედ მაშინაც, როცა საკუთარი მამულის ლანდშაფტებსა და ფერადებს ხატავს მინანქარული ფერწერით.
მე ჯერ არ წამიკითხავს არც ერთი კარგი თარგმანი მისი ლექსებისა, მაგრამ თუ ოდესმე არა ქართულად მეტყველმა პოეტებმა შესძლეს მისი სათუთი ფერადებისა და ბგერების სხვა ენებზე გადატანა, ალექსანდრე აბაშელი ისევე ასახელებს ჩვენს პოეზიას, ჩვენი ქვეყნის გარეშეც, როგორც ეს უქნიათ მის დიდ წინაპრებს: შოთას, გურამიშვილს, აკაკის და ვაჟას.
მრავალი შედევრით გაამდიდრა მან ჩვენი პოეზია. მათ შორის, ჩემი აზრით, უბრწყინვალესია ‘‘ქვის ირემი’‘, რომელიც თავისი ღრმა ემოციურობით და ვირტუოზული კომპოზიციით თამამად გვერდით ამოუდგება მსოფლიო პოეზიის უსაჩინოესს შედევრებს.
* * *
უკანასკნელი ათეული წლების მანძილზე ჩვენს მწერლობაში სავსებით მართებულად ჩატარებული ბრძოლა ფორმალიზმის წინააღმდეგ ისე გაიგეს ზოგიერთა, როგორც ჟანრების აღრევა, აბსოლუტური უფორმობის დამკვიდრება როგორც ლექსსა და პროზაში, ისე კრიტიკულ მტყველებაში, როგორც მოშვებული და დეფორმირებული ჯღაბნა, სრული იგნორაცია ჟანრისმიერი, გინდ ფორმისმიერი კანონზომიერებისა.
ამან წარმოშვა ‘‘ერზაცლიტერატურა’‘, მოკლედ: ისეთი, საქმიანობა, როცა მწერალი გაცვეთილი რითმებისა და გადაცოხნილი აზრების კორიანტელს აჰყვება და მესტვირული მონოტონობით წერს ლექსს, ან არა და დასვამს გმირს მოთხრობისა, ან დრამისას და ისე აჭარტალებინებს ენას, როგორც გამოუცდელი თავმჯდომარე კრებისა ენა გალექსარებულ, ცრუ ორატორებს.
ასეთი კატეგორიის მწერლებმა არც კი იციან, რომ ხელოვნება არის კანონიერ სიმეტრიულობაში მოქცეული მხატვრული მეტყველება, რომელშიაც მათემატიკური სიზუსტით უნდა იყოს მოცემული ყოველი ელემენტი სათქმელისა და საუწყებელისა, მათ არ იციან, ხელოვნება კანონზომიერების სალტეებში მოქცეული თავისუფლება რომ არის.
მათ არ იციან, რომ ვინც პირველად იხმარა ბოლორითმები: ‘‘ალვა’‘, ‘‘მალვა’‘ და ‘‘კრძალვა’‘, იგი გენიოსია, მაგრამ ვინც ეს რითმები თუნდაც ერთხელ განიმეორა, იგი უდიდესი პროფანია, რადგან აზრების, იდეების, გინდ მოტივების სესხება ხელოვნებაში ასე თუ ისე დასაშვებია, მაგრამ განმეორება რითმისა, შედარებისა, სახისა, ეპიგონობაა და უმწეობა.
ალექსანდრე აბაშელისაგან ამ მხრივადაც ბევრი უნდა ისწავლოს ჩვენმა თანადროულობამ. იგი თავადაა გადამტანი იმ ბრძოლისა, რომელიც ჩაატარეს საშუალო და უფროსი თაობების ზოგზოგმა ოსტატებმა ტექნიკური ხელოვნების და ფორმათა სრულყოფის დასაუფლებლად. მან აქაც უცნაური ვაჟკაცობა და სტოიციზმი გამოიჩინა.
ალექსანდრე აბაშელი უდრტვინველად მოკვდა. გასაოცარი იყო მისი უდრტვინველობა და თავმდაბლობა. მის სიცოცხლეშიც ის არაფრით ჰგავდა იმ ყოყოჩა პოეტებს, რომელნიც ორიოდე ახალი რითმიული წყვილის გამოგონებას ამერიკის აღმოჩენად სთვლიან.
სიკვდილის კვირაძალში მას საჩუქრად მოუყვანეს ერთი ნაზამთრალი მწყერი. თავის ოთახში ჰყავდა და გულისხმიერად უვლიდა. როცა მას ვინახულებდი, განგებ არ ვკითხავდი ხოლმე ჯანმრთელობის ამბავს, როგორაა მეთქი შენი მწყერი?
მას თვალები გაუბრწყინდებოდა ხოლმე და თავის შეუდარებელ ღიმილს შემომანათებდა.
ერთ დღეს ის მწყერი გაფრინდა და დასტოვა თავისი ერთგული მეგობარი. უცნაურად შეაწუხა ავადმყოფი ამ უმნიშვნელოო ამბავმა. ათ დღესაც არ გაუვლია, ალექსანდრე საავადმყოფოში გადავიყვანეთ და იგი შინ არ მობრუნებულა.
ასე ნაზამთრალ მწყერსავით გაგვეპარა იგი. საოცარი მწუხარება და სიცარიელე დაგვიტოვა ამ ბრწყინვალე ადამიანმა ჩვენ, მის მეგობრებს, და ქართულ პოეზიაშიც საკმაოდ დიდი ხარვეზი დარჩა მისი უდროოდ დაკარგვის მეოხებით.
1957 წ.
კოსტანტინე გამსახურდია.