რევაზ ლაღიძე – Revaz Lagidze – ბიოგრაფია
1921-1981
ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
რომ მკითხონ, ვინ არის შენი კერპი მუსიკაში და ადამიანობაში,
ერთი წუთითაც არ დავფიქრდები – რევაზ ლაღიძე.
გიორგი ცაბაძე
რევაზ ლაღიძე დაიბადა სოფელ ბაღდათში (ბაღდათის რაიონი) 1921 წლის 10 ივლისს. დედა – ლუბა ჯაფარიძე კარგად მღეროდა და უკრავდა გიტარაზე. მამა – ილია ლაღიძე წლების განმავლობაში რკინიგზის სამმართველოს მთავარი ბუღალტერი იყო თბილისში. როცა მამიდის ქმარმა – ვასო გოგაძემ პატარა რეზოს საკუთარი ვიოლინო აჩუქა, იგი თბილისის მეშვიდე მუსიკალურ სასწავლებელში მიაბარეს, მაგრამ პატარა რეზოს ბურთის თამაში უფრო იტაცებდა, ვიდრე ვიოლინოზე დაკვრა, ამიტომ მუსიკის სწავლას თავი მიანება.
ერთხელ სკოლაში მოსწავლეთა თვითშემოქმედებითი კონცერტი მოეწყო. რეზო ლაღიძე მოხეტიალე მუსიკოსის როლში ძველი შლაპით გამოვიდა სცენაზე და იმ პერიოდისათვის მოდური სიმღერა ,,პარახოდი მიდის, აღარ ჩერდება” შეასრულა ვიოლინოზე. კონცერტს თბილისის მე-4 სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი, ცნობილი ქართველი პიანისტი ლარისა ქუთათელაძე ესწრებოდა. იგი ნიჭიერი შემსრულებლით დაინტერესდა. ასე გადაწყდა რევაზ ლაღიძის მომავალი. სასწავლებელში იგი ლუარსაბ იაშვილს მიაბარეს. მალე რეზო ლაღიძემ მოსწავლეთა სიმებიანი კვარტეტისათვის სამი მინიატურა დაწერა: ,,მგზავრული”, ,,იავნანა” და ,,აღმოსავლური ცეკვა.” ამ კვარტეტში იგი თავად პირველ ვიოლიონოზე უკრავდა. მისმა პედაგოგმა სასწავლებლის კონსულტანტს – დიმიტრი არაყიშვილს სთხოვა, მოესმინა ეს ნაწარმოები. არაყიშვილს ისე მოეწონა დამწყები ხელოვანის პიესები, რომ ურჩია სწავლა საკომპოზიტორო ფაკულტეტზე გაეგრძელებინა. ამრიგად, რევაზ ლაღიძე კონსერვატორიის სტუდენტი გახდა და პროფესორ ანდრია ბალანჩივაძის კლასში ჩაირიცხა. იგი მთელი ცხოვრება თავისი მასწავლებლის მადლიერი იყო და თვლიდა, რომ ბალანჩივაძემ სწორ გზაზე დააყენა. საერთოდ, მიაჩნდა, რომ მასწავლებელი უდიდესი პატივისცემის ღირსია: ,,მასწავლებელი უპირველესი პიროვნებაა ჩემს ცხოვრებაში,” – ამბობდა იგი. თავის მხრივ კი მასწავლებელი მოსწავლეს აქებდა: ,,რევაზ ლაღიძე ჩემს მოწაფეთა შორის გამორჩეული ნიჭის მუსიკოს-შემოქმედია. ვამაყობ, რომ იგი ჩემი აღზრდილია,” – ამბობდა ანდრია ბალანჩივაძე.
რევაზ ლაღიძის სტუდენტობის წლები მძიმე პერიოდს დაემთხვა – ომი მიმდინარეობდა, საერთო გაჭირვება იყო. მას ორ ადგილას უწევდა მუშაობა: დილაობით სიმფონიურ ორკესტრში უკრავდა, მერე რადიოკომიტეტში მიდიოდა, შუადღისას კი სწავლობდა. მიუხედავად ასეთი დატვირთვისა, იგი ჩაიკოვსკის სახელობის სტიპენდიანტი გახდა.
ლაღიძე ძალიან შრომისმოყვარე და მიზანსწრაფული ადამიანი იყო. სტუდენტობის პირველივე წელს დაწერა სიმებიანი კვარტეტი, ვარიაციები, ,,ორი სიმღერა”. სიმფონიურ ორკესტრში მუშაობამ მას უდიდესი გამოცდილება შესძინა, აქ დაეუფლა პარტიტურის კითხვას და საორკესტრო ხელოვნებას.
1949 წელს კონსერვატორიაში მისი სადიპლომო ნამუშევრის – სიმფონიური პოემა “სამშობლოსათვის” – მოსასმენად მკაცრი კომისია შეიკრიბა. გამოცდილმა მუსიკისმცოდნეებმა და პედაგოგებმა რევაზ ლაღიძეს შემოქმედება ,,ხუთიანზე” შეუფასეს. ეს მისთვის ,,იმედის ვარსკვლავი” იყო.
1958 წელს თბილისის დაარსების 1500 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია იღებდა ფილმს ,,მზიურ მხარეში”. ამ ფილმის მუსიკალური გაფორმება რევაზ ლაღიძეს დაავალეს. ასე შეიქმნა ლეგენდარული სიმღერა თბილისზე, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გახდა პოპულარული და საყვარელი. ,,თბილისოზე” თავად ავტორი ამბობდა: ,,მთელი ცხოვრება ვწერდი ამ სიმღერას, ხოლო მის ჩაწერას ორი საათი მოვანდომე.” ეს დიდებული სიმღერა იმთავითვე იქცა თბილისის ჰიმნად, 2000 წელს კი ეს სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. რევაზ ლაღიძის შემოქმედება საოცრად უხვი, მრავალფეროვანი, კოლორიტული და ხალხოსნურია. თავად ავტორი თვლიდა, რომ ხელოვანისთვის თავისი შემოქმედების საყრდენი ყოველთვის საკუთარი ერი, მისი ფესვები უნდა იყოს. ამიტომაც იგი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ბევრს მოგზაურობდა და იქაურ ცხოვრების წესს, ფოლკლორს ეცნობოდა. კომპოზიტორი თვლიდა, რომ “ხასანბეგურასა” და “ჩაკრულოზე” ძლიერი და ღირებული ქართველ ერს არაფერი შეუქმნია. იგი მთელი გულითა და სულით ისრუტავდა გლეხების მიერ შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს, მათგან სწავლობდა, რადგან თვლიდა, რომ ხალხურ სიმღერას ნოტებით ვერ ისწავლი, ის ხალხმა უნდა გასწავლოს. ამასთან, რეზო ლაღიძე ბუნებაში ხეტიალის, ნადირობისა და თევზაობის დიდი ტრფიალი იყო და ეს საქმიანობა ლამის რიტუალამდე ჰქონდა აყვანილი. როგორც დიდი ხელოვანი, აქაც სისადავესა და სილამაზეს ეძებდა. მუსიკას იგი ყველგან და ყოველთვის ქმნიდა – შეეძლო ბავშვების ჟრიამულშიც ემუშავა. თუ სანოტო რვეული შემთხვევით ახლოს არ აღმოჩნდებოდა, მელოდიის ფრაგმენტებს სიგარეტის კოლოფზე მიაწერდა. საყოველთაოდ ცნობილია მისი ნაწარმოებები: ოპერა ,,ლელა” (1973), მუსიკალური კომედიები ,,მეგობრები” (1951), ,,კომბლე” (1957), სიმფონიური პოემა ,,სამშობლოსათვის” (1949), სიმფონიური სურათი ,,საჭიდაო” (1952), რამდენიმე საგუნდო სიმღერა-კანტატა, საფორტეპიანო და ჩელოს პიესები, ერთნაწილიანი კანტატა ,,მელის ვარძია” შერეული გუნდისა და ორკესტრისათვის (1966) და სხვ.