კონსტანტინე გამსახურდია – “კარგი ევროპელი”
ჩვენი ისტორიის ტრაგედია იყო ჩვენი მარტოობა. თუ ისტორიაში მართლაც არსებობს ბრმა მოირა, ეს ჩვენს თავზე ახდა. ამ დაუცხრომელმა მოირამ დაგვაკისრა ისეთი კულტურულ-ისტორიული ამოცანები აღმოსავლეთში, რომლის განხორციელებას ჩვენი საუკეთესო ენერგია და სისხლი შევწირეთ. ბედმა პირში მიგვცა ფანატიკოს აღმოსავლეთს.
პიონერი დასავლეთის ქრისტიანული ცივილიზაციისა ქართველი ერი, ჯვარს ეცვა ჯვრისათვის და ქრისტიანული დასავლეთი ფაქტიურად არასდროს მოშველებია მას.
დასავლეთის ქრისტიანული ქვეყნებიც ებრძოდნენ აღმოსავლეთს, მაგრამ მათ მუდამ საერთო ფრონტი ჰქონდათ.
ჩვენი მეფეები და მთავრები მუდამ ევროპას უხმობდნენ საშველად, მუდამ მაშველებს ეძებდნენ და გამოხმაურება მხოლოდ დელიკატურ ეპისტოლეებში იხატებოდა.
თუმც შეიძლება ჩვენ გაცილებით მეტი წვლილი შეგვეტანოს ქრისტიანულ კულტურაში, ვიდრე იმ ხალხებს, რომელთაც ორიდე საუკუნის წინ დააღწიეს თავი ნომადურ ყოფას და დღეს დიდების ამბიციით იხსენებიან სქელტანიან “ლარუსებში” და ენციკლოპედიებში.
ეს შეგნება და ეს სიამაყე მუდამ შეგვრჩება, მუდამ უთვალავი მტერი გვყოლია და მეგობარი თითებზე ჩამოსათვლელი.
ასეთი მარტოხელობით გავატარეთ ბნელი შუა საუკუნეები. ახალი კაპიტალისტური ეპოქის დასაწყისში მიმოდიოდნენ ჩვენთან ევროპელები, მეცნიერები, უსამშობლო პოეტები, კურიოზის და ეგზოტიურობის მონადირეები.
ბევრს თვალის მოსჭრა ქართველების რაინდულმა ჟესტიკულაციამ, ქართველი ქალის სილამაზემ, ქართულმა ღვინომ და ლხინმა და ეს მეგობრობა ბევრისთვის სამგზავრო მემუარებით გათავდა, სადაც ტყუილი და მართალი ერთი მეორეშია არეული.
როცა ჩვენ ტერმინს “ევროპელს” ვხმარობთ, ჩვენ ამ მცნებაში ის კატეგორია უნდა გავარჩიოთ, რომელსაც გოეტე “კარგ ევროპელს” უწოდებდა.
– უანგარობა ჩემი ხასიათის მთავარი ძარღვიაო, ამბობდა გოეტე თავის თავზე.
გოეტესებრ კარგ გერმანელს არაფერი საერთო აქვს ევროპელ კომივიაჟორთან, ბრილიანტების სპეკულიანტთან, ევროპელ ჟურნალისტთან. კარგი ევროპელი კულტურტრეგერია უპირველესი რანგისა. იგი უანგარო ფუტკარია თავისი ერის კულტურის მატარებელი და მენერგე. ასეთი კარგი იუბილარი გახლავთ დღევანდელი იუბილარი ბატონი არტურ ლაისტი.
რამ მოიყვანა იგი საქართველოში?
გერმანელებში არის რაღაც საოცარი რომანტიული მგზავრობის წყურვილი. გერმანელებში ძლიერია მისწრაფება სამხრეთისაკენ, ნარინჯებისა და ლიმონის ლანდშაფტების სიყვარული, რომელიც გოეტემ შეუდარებლად გამოსთქვა თავის ბალადაში “მინიონ”.
არტურ ლაისტი მოვიდა ჩვენთან, როგორც მცოდნე ცოდნას მოწყურებული, როგორც დაღლილი ევროპელი, ახალი ეგზოტიკით გახარებული და საქართველომ მას მეტი მისცა, ვიდრე სამხრეთის ეგზოტიკა აძლევს ხოლმე ჩვეულებრივ ტურისტს.
იგი დარჩა ჩვენთან, მას შეუყვარდა ჩვენი ჰელადური ცის ლაჟვარდი, ჩვენი მთების ამპარტავან ცასთან ჭიდილი და საქართველომ იგი დაატყვევა, როგორც ჯადოსნურმა ნიმფა კალიფსომ – ოდისეოს ზღაპრულ კუნძულზე. იგი 40 წელი იყო ჩვენს შორის, ხარობდა ჩვენი სიხარულით და იტანჯებოდა ჩვენი სატანჯველით.
მღეროდა ჩვენს პოეტებთან ერთად.
იგი მოვიდა ჩვენთან, როგორც მოსიყვარულე, სიყვარულს მოწყურებული, როგორც მშველელი და დამხმარე, სამაგიეროდ საქართველოც დიდი სიყვარულით დაუხვდა მას.
ეს უბირი, უსახელო გერმანელი მოვიდა საქართველოში, დიდი ერის შვილმა ქართული ენა და ლიტერატურა შეისწავლა ისე, რომ ბევრ ქართველს შეარცხვენს ამ შემთხვევაში. რამდენი უცხოელი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში ათეულ წლობით, რომელთა თავში ევროპელობას ღამე არ გაუთევია და ქართული ენის სწავლას არ კადრულობს.
მთელ საუკუნეს ბატონობდა იმპერიალისტების რუსეთი საქართველოში და მაჩვენეთ მათი ერთი წიგნი საქართველოზე, რომელშიც იმდენი ცოდნა, და სიყვარული გამოკრთოდეს, როგორიც არტულ ლაისტის “ქართველ ხალხში” (“Das Georgische Volk”). ამიერიდან საქართველო არ იქნება არც კურორტი და არც რესტორანი, რომელშიც უცხოელები მოვლენ, დასტკბებიან ჩვენი სტუმართმოყვარეობით და წავლენ. თუ აქამდე ყოველ გადამთიელს ქართველები ხვდებოდნენ ხელებგაშლილი, ამიერიდან ჩვენ ისეთ უცხოელებს დავაფასებთ, რომელნიც ჩვენს ამაგს დააფასებენ.
ჩვენ ევროპელ მეგობრებში მარი ფელიტიცე-ბროსე, პროფ. ჰომელ, ფინკ, შუხარტ, ჰოლდაკ, მეკელაინ, ბორკ, მისის და მისტერ უორდროპები, არტურ ლაისტი განსაკუთრებული დაფასების ღირსნი არიან.
ჩვენ ვიცით ჩვენი მეგობრების დაფასება. ჩვენ მივესალემებით ნათელ პიონერს გერმანული კულტურისას, რომელიც გოეტესებური უანგარობით მუშაობდა 40 წელი ქართული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზების საქმეში. ჩვენ მივესალმებით კარგ ევროპელს.
1922 წ. 22. X.