ცხოველთა ევოლუციის უცნაური შემთხვევები
ევოლუციური ადაპტაცია გამოიხატება გარკვეული ნიშან-თვისებებისა და შტრიხების ჩამოყალიბებაში, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმი შესაბამის საარსებო გარემოს ეგუება და სიცოცხლის შენარჩუნებასა და შთამომავლობის დატოვებას ახერხებს. თუმცა არის შემთხვევები, როცა ეს პროცესი უცნაურად მიმდინარეობს და სახეობის შიგნით არსებული ჯგუფები დანარჩენებისგან მკვეთრად განსხვავებულ თვისებებს იძენენ, ზოგჯერ კი ორი შორეული სახეობა ერთმანეთს ემსგავსება.
● მკვლელი მთის თუთიყუში.
თუთიყუშები ცნობილი არიან, როგორც ფერადი, მეგობრულად განწყობილი ტროპიკული ჩიტები, რომლებსაც უყვართ ხილი და მარცვლეული. მრავალ ადამიანს ჰყავს სახლში თუთიყუში და გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, ისინი მეკობრეების განუყრელი თანამგზავრები იყვნენ. თუმცა რაც შეეხება ახალ ზელანდიურ მთის თუთიყუშს კეას, ამ საკითხში გამონაკლისია. მისი წონა საშუალოდ 1 კგ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე კი 1 მეტრს აჭარბებს. კეა ხორცისმჭამელი თუთიყუშია და ნადირობს პატარა ფრინველებსა და ძუძუმწოვრებზე, რიგ შემთხვევებში – ცხვრებზე. დაფიქსირებულია, როგორ აგლეჯს ხოლმე კეა ცხვარს ქსოვილებს და ხარბად აცხრება ქონსა და ხორცს, რაც უმეტესწილად მსხვერპლის სიკვდილით სრულდება. კეას ასევე შეუძლია მანქანის განათების წყობიდან გამოყვანა და ფანჯრის ჩამსხვრევა. მთაში მობინადრე კეა უხეშმა გარემომ ყველაზე მოხერხებულ თუთიყუშად და ერთ-ერთ უჭკვიანეს ფრინველად აქცია. საკბილოს ძიებისას ის შევარდენივით ნავარდობს და ჟღერადობაც მისი მსგავსი აქვს. ადამიანების მხრიდან გახშირებული ნადირობის გამო ამჟამად კეა საფრთხეში მყოფ სახეობად ითვლება.
● ვეგეტარიანელი მტაცებელი.
კეასგან განსხვავებით, საპირისპირო ცვლილება მოხდა პალმის გრიფში – მთის არწივის, კაკაჩასა და ქორის მონათესავე სახეობაში. ნაცვლად იმისა, რომ სხვა მტაცებელი ფრინველებივით ცოცხალ არსებებზე ინადიროს, მის დიეტაში წამყვანი ადგილი უკავია ზეთის პალმის ნაყოფს და მხოლოდ მცირეოდენი წილი მოდის პატარა ძუძუმწოვრებზე, თევზებსა და ბაყაყებზე. მას აქვს შესაბამისად ადაპტირებული საჭმლის მომნელებელი სისტემა, თუმცა ქცევებითა და თვისებებით მტაცებელ არწივებს ჰგავს. მასიური ნისკარტი ადვილად ამსხვრევს ნაყოფს და აცალკევებს მისგან რბილ შიგთავსს, რაც ხორცის სრულყოფილ შემცვლელს წარმოადგენს ამ ფრინველისთვის. მისი შემთხვევა აჩვენებს, როგორ სწრაფად შეიძლება სახეობის თვისებები შეიცვალოს გარემოსთან ადაპტაციისთვის.
● ორი ჩიტის ამბავი.
მგალობელი ბეღურები ფრინველთა საკმაოდ მრავალფეროვანი ჯგუფია, რომელიც მეცნიერებს ხშირად აოცებს და ამასთან, იძლევა ევოლუციის მექანიზმებზე დაკვირვების არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს. კონვერგენტული ევოლუცია არის პროცესი, რომლის დროსაც ევოლუციურად დაშორებული ორი სახეობა მსგავს პირობებში ყოფნის გამო ერთი და იგივე ან მსგავს ბიოლოგიურ ნიშან-თვისებას იძენს. ჩრდილოეთ ამერიკის სათიბ-საძოვრებში მობინადრე დასავლური მდელოს ტოროლა წარმოიშვა შაშვისგან და გამოირჩევა სპეციფიკური ბუმბულით, ფორმითა და კვების სტილით. დასავლეთ აფრიკაში კი სათიბ-საძოვრების მობინადრეა ყვითელყელიანი მწყერჩიტა, რომლის წინაპრებიც განსხვავებული ჯგუფის ფრინველები იყვნენ – პატარა ყავისფერი მწყერჩიტები. დასავლური მდელოს ტოროლა და ყვითელყელიანი მწყერჩიტა აღარ ჰგვანან თავიანთ წინაპრებს, მათ შეიძინეს განსხვავებული თვისებები. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ სხვადასხვა კონტინენტებზე მობინადრე ფრინველები თითქმის იდენტურები გახდნენ.
● ჩანთოსანი თხუნელა.
ავსტრალიურ ძუძუმწოვრებში დომინირებენ ჩანთოსნები, რომლებიც არ ენათესავებიან ძუძუმწოვართა სხვა ჯგუფებს და ხშირად გამოირჩევიან სხეულის განსხვავებული ფორმებით. ჩანთოსნები ხშირად არიან შემჩნეული სხვა ძუძუმწოვრების მიმართ საპასუხო ევოლუციურ მოქმედებებში. მაგალითად, შორეულ წარსულში ხორცისმჭამელი ცხოველების გარკვეული ნაწილი ლომად ჩამოყალიბდა, ჩანთოსნებში კი გაჩნდა ამჟამად გადაშენებული სახეობა, რომელიც ლომს ჰგავდა. მსგავსი შემთხვევა დღესაც გვაქვს – ჩანთოსანი თხუნელას ორი სახეობა, ორივე იშვიათი და შესაბამისად ნაკლებად შესწავლილია მეცნიერთა მიერ. ისინი არ ენათესავებიან ევროპაში, აზიასა და ჩრდილო ამერიკაში მობინადრე თხუნელებს. ეს უჩვეულო ბრმა ძუძუმწოვრები გამოიყურებიან და მოქმედებენ თხუნელების მსგავსად, მიუხედავად ამისა, მათთან ნათესაური კავშირი არ გააჩნიათ.
● ხოჭო და მრავალფეხა.
დაკვირვების შემთხვევაში ბაღ-ბოსტნებში და დიდი ქვების ქვეშ ხშირად შენიშნავთ პატარა ნაცრისფერ არსებებს, რომლებსაც სეგმენტებად დაყოფილი ორგანიზმი და გრძელი ანტენები აქვთ, მუცლიდან კი ფეხების რამდენიმე წყვილი აქვთ გამოზრდილი. მათი უმრავლესობა ერთნაირად გამოიყურება, მაგრამ შეიძლება ორი მსგავსი «ხოჭო» სრულიად განსხვავებული სახეობები იყოს. ერთი მათგანი კიბოსნაირებს მიეკუთვნება და ენათესავება კრევეტებს, კიბორჩხალებსა და ასთაკვებს, მეორე კი მრავალფეხაა ორწყვილფეხიანების კლასიდან და მის მსგავსად თავდაცვის პოზიციაში ბურთის ფორმას იღებს. მიუხედავად ამისა, გარეგნული მსგავსება და ქცევები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩამოუყალიბდათ.
● მადაგასკარული ხელფეხა.
ხელფეხა, იგივე აიე-იე, ბინადრობს მადაგასკარში, დედამიწის იმ რეგიონში, რომელიც ყველაზე უჩვეულო ცხოველების სამშობლოა. ხელფეხა ძუძუმწოვარი ცხოველია პრიმატების რიგიდან და ენათესავება ადამიანებს, შიმპანზეებსა და სხვა მაიმუნებს. მათი სიგრძე 1 მეტრამდეა, სადაც ნახევარი კუდს უჭირავს. შიმპანზეების მსგავსად ხელფეხა იკვებება ტერმიტებითა და ხეებში ჩაბუდებული მწერებით. თუმცა თუკი შიმპანზეები ამისთვის ჯოხს იყენებენ, მათ შემთხვევაში შუა თითი უჩვეულოდ განვითარდა და დაგრძელდა, რისი მეშვეობითაც სანადირო იარაღების გარეშე პოულობენ საკბილოს.
● ზღვის ხვლიკი.
ევოლუცია ხშირად აღიქმება, როგორც წინსვლა და პრიმიტიული ფორმიდან მოწინავეზე გადასვლა, ან ოკეანიდან ხმელეთზე გადმონაცვლება. დევონურ პერიოდში დედამიწაზე დომინირებადი ცხოველები იყვნენ ზღვის რეპტილიები, რომლებიც მოგვიანებით გაუჩინარდნენ. თანამედროვე ეპოქაში მრავალნაირი ფორმისა და ზომის ხვლიკები ბინადრობენ ხმელეთზე, თუმცა ერთ-ერთმა სახეობამ ოკეანეში დაბრუნება გადაწყვიტა. ზღვის იგუანა მასიური ხვლიკია, რომელიც გალაპაგოსის ტალღებში დაცურავს. მიწაზე მობინადრე თანამოძმის, მწვანე იგუანის მსგავსად, ისიც ბალახისმჭამელია და მის მთავარ საკვებს ზღვის მცენარეები შეადგენს. ზღვის იგუანას შეუძლია 10 მეტრამდე სიღრმეში ჩაყვინთვა. მისი სხეული ხმელეთზე მეტად წყალქვეშა სამყაროზეა მორგებული, შესაბამისად მიწაზე ყოფნისას უფრო მოუქნელია.
● ცრუ ანტილოპა.
ჩრდილოეთ ამერიკის პრერიებში ბინადრობს ჭრელი ბრგე ცხოველი, ცნობილი, როგორც ამერიკული ანტილოპა. თუმცა ანტილოპების მშობლიური საცხოვრებელი აფრიკა და ევრაზიაა და ისინი თხებს ენათესავებიან. ამერიკული ანტილოპა კი ანტილოკაპრიდების ოჯახის ერთადერთი ცოცხალი სახეობაა და აფრიკულ ჟირაფსა და ოკაპთან ერთად ქმნის ჟირაფისებრთა ზეოჯახს. ჩრდილოეთ ამერიკის ანტილოპა რეალურად ანტილოპა არაა, არამედ ჟირაფების მონათესავე ცხოველი, რომელმაც ბუნებრივი სელექციის პროცესების შედეგად განსხვავებული გარეგნობა მიიღო.
● ფრინველი ხელებით.
დედამიწაზე ფრინველების 10 000 სახეობა არსებობს და მათგან ერთ-ერთს „ხელებიც” აქვს. ჰოაცინი სამხრეთ ამერიკის ნოტიო ტყეებში მობინადრე უცნაური ფრინველია, რომელსაც რეპტილიების ნაშთი შემორჩა. როდესაც მართვეები იჩეკებიან, ნათელი ხდება, რომ ამ არსებებს ჯერ კიდევ პრიმიტიული ნიშან-თვისებები აქვთ, რომლებიც სათავეს ტეროპოდის შთამომავალი ფრინველებიდან იღებს. მათი ფრთებიდან გამოზრდილია ბასრი ბრჭყალებით აღჭურვილი ორ-ორი თითი, რომელთა მეშვეობითაც ხეებზე მოხერხებულად ძრომას ახერხებენ. საინტერესოა ისიც, რომ ჰოაცინი ერთადერთი მცოხნელი ფრინველია და მისი კვების სისტემა მიაგავს საქონლისას, მათ მსგავსად იყენებს ბაქტერიული ფერმენტაციის მეთოდს ბოსტნეულის დასამუშავებლად.