უკვდავების უარყოფითი მხარეები
ცხოვრებაში ერთხელ მაინც ალბათ ყველას გიფიქრიათ, რა მოხდებოდა, ადამიანები რომ უკვდავები ვიყოთ. ერთი შეხედვით, ეს არაჩვეულებრივი პერსპექტივაა – არანაირი სიკვდილის შიში, მრავალი საოცარი რამის გამოცდა, ადამიანური პროგრესის თვალყურის დევნება და მასში მონაწილეობა, მსოფლიოს მოვლა და სხვა მრავალი რამ, რასაც შეზღუდული სიცოცხლის მანძილზე ვერ ვახერხებთ. მაგრამ ისევე როგორც ყველაფერს, უკვდავებასაც გააჩნია ნეგატიური მხარე, რომელსაც ამ პოსტში გაეცნობით. სიაში წარმოდგენილია ეთიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლის გამოცდაც სავარაუდოდ მოუწევთ უკვდავ არსებებს. სიტყვა „უკვდავი” ამ შემთხვევაში აღნიშნავს მდგომარეობას, როცა ადამიანს არ ემუქრება ბუნებრივი მიზეზით სიკვდილი (სხეულის დაუძლურება, ავადმყოფობა და ა.შ.).
● ჭარბმოსახლეობა და დედამიწის აოხრება
საკმაოდ აშკარა დილემა – უკვდავება გააძლიერებს ადამიანის ერთ-ერთ გამორჩეულ ნეგატიურ თვისებას, რომელიც ბუნების წესრიგის მოშლაში მდგომარეობს. სიკვდილი ნებისმიერი ჯანსაღი ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილია – მის გარეშე ჩვენ გარდაუვლად ვდგებით ჭარბმოსახლეობის სერიოზული რისკის წინაშე. ეს თავისთავად მძიმე ტვირთი იქნება ჩვენი მშობლიური პლანეტისთვის, რადგან მოუწევს გეომეტრიული პროგრესიით ზრდადი მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ამ დილემიდან ერთ-ერთი გამოსავალია დედამიწის დატოვება და სხვა პლანეტებზე გადანაცვლება, მაგრამ მალე იქაც იგივე სიტუაცია დამყარდება და ეს პლანეტებიც გამოცდიან იმ დაავადებას, რომელსაც ადამიანების დასახლება ჰქვია.
● დროის შენელების შეგრძნება
ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ გადის დრო უფრო სწრაფად, რაც უფრო მეტად იზრდებით? ეს საკმაოდ კარგად გამოკვლეული და დასაბუთებული ფენომენია. საქმე ერთ მარტივ ფაქტში მდგომარეობს: ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტად მცირდება დროის გარკვეული პერიოდის პროპორციული შეფარდება განვლილ ცხოვრებასთან. მაგალითად, 10 წლის ასაკში ერთი წელი ცხოვრების მეათედს შეადგენს, 100 წლის ასაკში კი – მეასედს. შესაბამისად, 10-დან 11 წელში გადასვლისას თქვენ გაიარეთ ცხოვრების მეათედის ტოლფასი დრო, 100-დან 101 წელში კი – მეასედის. შესაბამისად, ერთი წლის „ხანგრძლივობა” თანდათან უფრო მეტად იკლებს. ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ ჭრილში აქტიური განხილვა მიდის, აქვს თუ არა ლიმიტი ამ ფენომენს და სადამდე შეიძლება შემოკლდეს დღის ხანგრძლივობის აღქმა ადამიანის გონებაში. თუმცა ერთი რამ ცხადია – უკვდავების შემთხვევაში მოგონებები თანდათან უწესრიგოდ მოიყრის თავს და საბოლოოდ ძალიან ძნელი იქნება იმის გარჩევა, კონკრეტული მოვლენა 10 000 წლის წინ მოხდა თუ 9 000.
● გონებრივი მდგომარეობის გაუარესება
ორგანული კონსტრუქციები ისე არაა მოწყობილი, რომ სამუდამოდ იარსებოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გვაქვს ისეთ რთულ რამესთან, როგორიცაა ტვინი. ცხადია, თეორიულად შესაძლებელია, ვიბრძოლოთ და შევაჩეროთ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ალცჰაიმერი, მაგრამ ყველაზე გამჭრიახი გონებაც კი თანდათან გამოავლენს გაუარესების ნიშნებს ათასობით (ან შეიძლება ასობით) წლის შემდეგ. ხოლო თუკი ტვინის მდგომარეობის გაუარესებას მუდმივი ხასიათი ექნება, თანდათან შენელდება განცდები და აღქმებიც. მსჯელობის, ემოციის გამოხატვის, მეხსიერებისა და სხეულის კონტროლის უნარები ნელ-ნელა დაქვეითება, საბოლოოდ კი შეიძლება ჩვენივე გონების ტყვედ ვიქცეთ. ამ მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი – შეგვიძლია, ტვინი ჩავანაცვლოთ უკეთ ფუნქციონირებადი ხელოვნური მოდელით, თუმცა ფილოსოფიასა და მეცნიერებაში ჯერ კიდევ აქტიური კამათი მიდის, თუ როგორია ამის ალბათობა. გარდა ამისა, ვიქნებით თუ არა იგივე პიროვნებები ტვინის ხელოვნური მოდელით შეცვლის შემდეგ? რამდენად რეალურია, ადამიანის პიროვნულობა რაიმე კონსტრუქციაში „გადავიდეს”?
● სოციალური დაყოფა
ალბათ ყველაზე მეტად უკვდავ საზოგადოებას შეეფერება გამოთქმა: „მდიდარი უფრო მდიდრდება და ღარიბი ღარიბდება”. როდესაც საზოგადოება ქმნის მართვის სისტემას და მასში შემოაქვს კლასებად დაყოფა, დროის გასვლასთან ერთად იღებს სოციალურ სხვაობებს. ერთადერთი გამოსავალია უკლასო ცივილიზაციის შექმნა, თუმცა ცალკე საკითხია, ღირს თუ არა ამგვარი ცვლილება უკვდავების სანაცვლოდ. ფილოსოფოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ უკვდავების შემთხვევაში საზოგადოება დაუბრუნდება პირველყოფილ მომთაბარე წყობილებას, რათა ნამდვილ თანასწორობას მიაღწიოს. თუკი ეს არ მოხდება, მივიღებთ რევოლუციებისა და ცვლილებების დაუსრულებელ და ქაოსურ ციკლს, რომელშიც თითოეული კლასი საკუთარი თავის აღზევებასა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას შეეცდება. უფრო პესიმისტური სცენარით კი კლასებს შორის მუდმივი ომებიც არ გამოირიცხება.
● ღირებულებების გაქრობა
ადამიანების უმეტესობა ბუნებრივად ზარმაცია, ოცნებების ასრულების მთავარი მოტივატორი სიცოცხლის ხანმოკლეობა და სიკვდილის შიშია. გამორჩეულ ადგილებში დასვენება, ხელოვნების ლეგენდარული ნიმუშების დათვალიერება და მნიშვნელოვან მოვლენებში მონაწილეობა ბევრისთვის მიმზიდველი რამ არის, რადგან ვიცით, რომ შეიძლება ამის შანსი აღარასდროს მოგვეცეს. მაგრამ მარადისობის პირობებში ბევრი მათგანი ღირებულებას დაკარგავს. რა აზრი აქვს კონკრეტულ ასაკში მეცნიერების მაღალ დონეზე დაუფლებას, ხელოვნების შესწავლას ან ჰუმანიტარული დარგების ათვისებას, თუკი ამისთვის უსასრულო დრო გვაქვს წინ? მითოლოგიური პერსონაჟების მსგავსად, ადამიანებიც შეიძლება ჰედონიზმში გადაეშვან, რათა ცხოვრებას რაიმე აზრი მისცენ.
● ერთფეროვნება
უკვდავი არსებების ყოველდღიური ცხოვრება მალე გარდაიქმნება მონოტონურ განრიგად, რომელიც მოთხოვნილებებზე, ჩვევებსა და ვალდებულებებზე იქნება დამყარებული. მათ ყოველდღე ერთი და იგივე მომაბეზრებელი საქმიანობის შესრულება მოუწევთ, რასაც დასასრული არ ექნება. საბოლოოდ შეიძლება დღესასწაულებმაც დაკარგონ გამორჩეულობის ეფექტი. ემოციის გამოხატვის ხარისხი შემცირდება და მივიღებთ აპათიურ არსებებს. გამოსავალი შეიძლება სხვა პლანეტებზე გადასახლება იყოს, მაგრამ ადრე თუ გვიან ესეც ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა და მონოტონური ჩვევების სიას შეემატება. მიუხედავად სიცოცხლის გახანგრძლივებისკენ ბუნებრივი სწრაფვისა, ათასწლეულების განმავლობაში მოწყენილობის შემდეგ ბევრი სავარაუდოდ სიკვდილს აირჩევს.
● არანაირი სოციალური პროგრესი
მე-18 საუკუნის ან უფრო ადრეული ეპოქის მაცხოვრებელი დღეს რომ ცოცხალი იყოს, მას გონებაში ისევ ექნებოდა გამჯდარი ადამიანების რასებად დაყოფა და ქალების არასრულფასოვან არსებებად აღქმა. სიკვდილი ერთადერთი გზაა, რომლის მეშვეობითაც საზოგადოება თავიდან იცილებს ძველი თაობის ტირანიას და შესაბამისად, ეთიკურ პროგრესს განიცდის. უკვდავების შემთხვევაში საზოგადოების წევრებში გავრცელებული მოსაზრებები დიდხანს დარჩება და შეცვლა ძალიან ძნელი იქნება. სიკვდილი ისევ იარსებებს (მაგალითად მკვლელობის შემთხვევაში), მაგრამ ეს იშვიათობა იქნება და ამ საკითხზე გავლენას არ მოახდენს. გამოსავალი იქნება მასიური ფსიქოლოგიური რეპროგრამირება, მაგრამ ვინ უნდა გადაწყვიტოს, რა არის სამართლიანი და რა – არა?
● არანაირი გადადგომა და სოციალური დახმარება
თუკი უკვდავი გახდებით, სამსახურიდან გადადგომის შანსი ფაქტიურად არ გექნებათ, რადგან პენსია და სოციალური დახმარების თითქმის ყველა სხვა ფორმა სახელმწიფოს ზედმეტად დიდ ტვირთად დააწვება და მთავრობა მათ გაუქმებას გადაწყვეტს, ამიტომ შემოსავლის მისაღებად მუდმივად მუშაობა მოგიწევთ. გადადგომისა და სიკვდილის არარსებობა გარკვეულ შეფერხებებს გამოიწვევს ინდუსტრიებში – თანამშრომლები ათასწლეულების განმავლობაში ერთ პოზიციაში იქნებიან, რადგან უფრო მაღალი თანამდებობები მუდმივად დაკავებული იქნება და კარიერული ჯაჭვი უძრავი გახდება. რადგან ასეთი მომავალი არც ისე მომხიბვლელია, მისი გამოსწორება შეიძლება დროებითი პენსიებით – სახელმწიფო აიძულებს ადამიანებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ რამდენიმე წლით პენსიაზე გავიდნენ და მათ დახმარებით უზრუნველყოფს. ამით თავიდან აიცილებენ ერთი და იმავე ადამიანის თანამდებობაზე გაყინვას საუკუნეების განმავლობაში და სხვებსაც მიეცემათ დაწინაურების შანსი. თუმცა სხვა საკითხია, რამდენად გამართლებულია მორალურად, რომ ადამიანი იძულებით გაუშვა სამსახურიდან და შემდეგ კარიერა ისევ პირველი ეტაპიდან დააწყებინო.
● კრიმინალთა დასჯის პრობლემა
უკვდავების მიღწევისას ერთ-ერთი პირველი პრობლემა კრიმინალის აზვირთება იქნება. 30 წლიანი სასჯელი ნაკლებად შეაკავებს ისეთ ადამიანს, რომელიც ათასობით და მილიონობით წელს იცოცხლებს, ხოლო სამუდამოდ თავისუფლების აღკვეთა ამორალურ სასჯელად იქცევა (ასეთი მდგომარეობა შეგვიძლია რელიგიებში აღწერილ ჯოჯოხეთს შევადაროთ). შეიძლება გამოსავალი სიკვდილით დასჯაში ჩანდეს, მაგრამ მორალური დილემა აქაც იჩენს თავს: ერთია, სიცოცხლეს გამოასალმო ადამიანი, რომელიც რამდენიმე ათეულ წელიწადში ისედაც მოკვდება და მეორე – იმ პიროვნების მოკვლა, ვისაც სიკვდილი არ უწერია. ამ შემთხვევაში სიცოცხლე უფრო მეტ ღირებულებას შეიძენს. კრიმინალთან ბრძოლის საქმეში ციხეზე მეტად რეაბილიტაციის პროგრამები და ქაოსის არიდების ტექნიკა დაგვეხმარება, მათი მეშვეობით ინდივიდში დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილება აღმოიფხვრება.
● მტანჯველი სიკვდილი
ადრე თუ გვიან ყველა კვდება. ფიზიკური უკვდავება სხვა არაფერია, თუ არა მოკვდავად ყოფნა წინასწარ განჭვრეტილი აღსასრულის გარეშე. სამწუხაროდ, ბუნებრივი სიკვდილის დამარცხების შემდეგ ადამიანებს მოუწევთ შეეგუონ იმ ფაქტს, რომ მათი სიკვდილი მტანჯველი იქნება. თუკი შიმშილი ან გამოფიტვა ვერაფერს დააკლებს სხეულს და „ძილში გაპარვაც” არ იარსებებს, უკვდავი არსების მოსაკლავად უფრო მეტი იქნება საჭირო, ვიდრე ფიზიკური მდგომარეობის გაუარესება ან დაავადებაა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანების რობოტებთან შერწყმა მოხდება და კიბორგის მსგავს არსებებს მივიღებთ. თუკი წყალში დახრჩობა და გამყინვარების პერიოდების გადატანა სასიკვდილო რისკთან აღარ იქნება დაკავშირებული, სათვალავში უნდა ჩავაგდოთ ზიანის მიყენების სხვა საშუალებები, როგორიცაა იარაღიდან გასროლა, მოწამვლა, ასფიქსია, გასრესა ან უბრალოდ აფეთქება. თუ სხეული იმდენად გამძლე აღმოჩნდება, რომ ესენიც ვერაფერს დააკლებს, რიგში დგას დედა-ვარსკვლავის სიკვდილი, რაც პლანეტის შთანთქმას გამოიწვევს მასზე მცხოვრებ არსებებთან ერთად. ცხადია, თავს შეიძლება კოსმოსში გაქცევით უშველოთ, თუმცა თავგადასავლები იქაც გელით – შავი ხვრელები, კვაზარები, უდიდესი ვარსკვლავები და ა.შ. მათგან თავის არიდების შემთხვევაში უსასრულო სიბნელეში გაუთავებელი ხეტიალი მოგიწევთ.