ხშირად დასმული კითხვები ევოლუციის თეორიაზე
#1 ძირითადი საკითხები
რა არის ევოლუცია?
ბიოლოგიური ევოლუცია აღნიშნავს პოპულაციაში დროთა განმავლობაში მომხდარი ცვლილებების ერთობლიობას. ეს ცვლილებები მიმდინარეობს გენეტიკურ დონეზე, როცა ორგანიზმის გენები განიცდიან მუტაციებს და/ან სხვადასხვა გზებით ერთიანდებიან გამრავლების პროცესში და გადაეცემიან მომავალ თაობებს. ზოგჯერ ცალკეული ორგანიზმები ავითარებენ ახალ თვისებებს, რაც ადგილობრივი გარემოს პირობებში უპირატესობას აძლევს მათ გადარჩენისა და გამრავლების საკითხში. ეს უპირატესობა თანდათან მტკიცდება პოპულაციაში, ხოლო უპირატესობის არმქონე ინდივიდების რაოდენობა მცირდება. ამ პროცესს ბუნებრივი გადარჩევა (სელექცია) ეწოდება. არაგენეტიკური ცვლილებები, რომლებიც ორგანიზმში ხდება სიცოცხლის განმავლობაში, მაგალითად ვარჯიშის შედეგად კუნთოვანი მასის ზრდა, არ გადაეცემა მომდევნო თაობებს და არ წარმოადგენს ევოლუციის მაგალითს.
არის თუ არა ევოლუცია უბრალოდ თეორია, რომელიც დღემდე დაუმტკიცებლად რჩება?
მეცნიერებაში თეორია არის სამყაროს ზოგიერთი ასპექტის შესახებ ისეთი განაცხადი ან პრინციპების ერთობლიობა, რომელიც გამყარებულია ფაქტებით და გავლილი აქვს მკაცრი გამოცდა. ევოლუციის თეორიამ გაუძლო დროს და ათასობით მეცნიერულ ექსპერიმენტს. დარვინმა ეს მოსაზრება 150 წლის წინ წამოაყენა და მას შემდეგ არ ყოფილა ისეთი აღმოჩენა თუ მტკიცებულება, რაც მის სიმცდარეს დაამტკიცებდა. ხოლო წინსვლამ ისეთ მეცნიერულ დარგებში, როგორიცაა ფიზიკა, გეოლოგია, ქიმია და მოლეკულური ბიოლოგია, კიდევ უფრო გაამყარა ეს მოდელი, დახვეწა და გააფართოვა იმ დონეზე, როგორსაც დარვინი ვერც კი წარმოიდგენდა.
ენათესავება თუ არა ყველა სახეობა ერთმანეთს?
დიახ. სიცოცხლის ხე ნათლად ახდენს ილუსტრირებას, რომ ყველა ორგანიზმი, ცოცხალი თუ გადაშენებული, ერთმანეთს ენათესავება. სიცოცხლის ხეზე თითოეული შტო ცალკეულ სახეობას წარმოადგენს და თუ მივყვებით, ვნახავთ, რომ ნებისმიერ ორ სახეობას ევოლუციური ისტორიის რომელიმე მონაკვეთში საერთო წინაპარი ჰყავს. მაგალითად, ადამიანებსა და შიმპანზეებს საერთო წინაპარი ჰყავდათ 5-8 მილიონი წლის წინ, ხოლო ბაქტერიის შემთხვევაში ეს სახეობა გაცილებით ძველია. დნმ-ის ანალიზი აჩვენებს, რომ ჩვენ გაცილებით მეტი საერთო გვაქვს თანამედროვე პრიმატებთან, ვიდრე ერთუჯრედიან ორგანიზმებთან, თუმცა მაინც ფიქსირდება მინიმუმ 200 გენი, რომელიც ბაქტერიასაც აქვს.
აუცილებელია შევნიშნოთ, რომ სახეობასთან ევოლუციური ნათესაობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს სახეობა ჩვენი წინაპარია, ან რომელიმე თანამედროვე სახეობა სხვა სახეობის წინაპარი (რაც ხშირად ეშლებათ ადამიანებისა და მაიმუნების შემთხვევაში). ნებისმიერ ჩვენგანს ჰყავს ნათესავი ბიძაშვილის, დეიდის, ბიძის სახით, რადგან გვყავს საერთო წინაპარი ბებია-ბაბუის ან დიდი ბებია-ბაბუის სახით. მაგრამ ცხადია, რომ ჩვენ არ ვართ ჩვენი ბიძაშვილების, დეიდებისა და ბიძების შთამომავლები. მსგავსადვე, ადამიანები და თანამედროვე პრიმატები ერთმანეთს ენათესავებიან, მაგრამ არცერთი მათგანი არაა ადამიანის წინაპარი.
რა არის სახეობა?
ერთი სახეობის წევრები, როგორც წესი, ვერ წყვილდებიან ბუნებაში არსებული სხვა სახეობების წარმომადგენლებთან. ზოგჯერ მსგავსი რამის მოხდენა შესაძლებელია ხანგრძლივ ტყვეობაში, მაგალითად ლომისა და ვეფხვის შემთხვევაში, თუმცა ბუნება, გეოგრაფიული იზოლაცია და განსხვავება ქცევებში, მაგალითად, საბინადროს არჩევა, ცხოველთა სახეობებს ერთმანეთს აშორებს. მსგავსადვე, მებაღეების ჩარევით მომხდარა სხვადასხვა სახეობის მცენარეთა ჰიბრიდის გამოყვანა, მაგრამ ბუნებაში მათი პოვნა ძალიან ძნელია.
რა კავშირშია გენები ევოლუციასთან?
გენები ორგანიზმის დნმ-ის ნაწილია და ინახავენ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა განვითარდეს ორგანიზმი სპეციფიკური გზებით და არა სხვანაირად. გენები – და შესაბამისად, ის შტრიხები, რის კოდირებასაც ახდენენ – მშობლიდან შვილს გადაეცემა. თაობიდან თაობაში მოლეკულური მექანიზმები ერთმანეთს ერევიან, მრავლდებიან და ზემოქმედებას ახდენენ გენებზე, რის შედეგადაც მიიღება გენეტიკური მრავალფეროვნება. ეს მრავალფეროვნება კი ევოლუციის ე.წ. ნედლი მასალაა.
რა როლს თამაშობს სექსი ევოლუციაში?
სქესობრივი გამრავლების გზით ორგანიზმს საშუალება ეძლევა, მისი გენების ნახევარი გაერთიანოს სხვა ინდივიდის გენების ნახევართან და ამ კომბინაციით ახალი თაობა წარმოშვას. სქესობრივი გამრავლება ზრდის გენეტიკურ ვარიაციას და ქმნის იმ მრავალფეროვნებას, რომელსაც აკონტროლებს ბუნებრივი გადარჩევა. სახეობის შიგნით არსებული გენეტიკური ვარიაციები, იგივე გენეტიკური მრავალფეროვნება, ზრდის ამ სახეობის შესაძლებლობებს, უკეთ მოერგოს გარემოს და შექმნას უკეთესი თაობები.
არის თუ არა ევოლუცია შემთხვევითი პროცესი?
არა. გენეტიკური ვარიაცია, რომელზეც მოქმედებს ბუნებრივი გადარჩევა, შეიძლება შემთხვევით ხდებოდეს, მაგრამ თავად ბუნებრივი გადარჩევა სულაც არაა შემთხვევითი ხასიათის. ინდივიდის გადარჩენისა და გამრავლების საკითხებში მიღწეული წარმატება პირდაპირ უკავშირდება, თუ როგორ მოქმედებენ მემკვიდრეობით გადაცემული შტრიხები ადგილობრივ გარემოსთან შესაბამისად. გადარჩება თუ არა ინდივიდი და მოახერხებს თუ არა გამრავლებას, დამოკიდებულია იმ გენების ქონაზე, რომლებიც გარემოსთან კარგ ადაპტაციას უზრუნველყოფენ.
არის თუ არა ევოლუცია და გარემოსთან ყველაზე მორგებულის გადარჩენა ერთი და იგივე?
არა, ევოლუცია აღნიშნავს სახეობაში ან პოპულაციაში დროთა განმავლობაში მომხდარი ცვლილებების ერთობლიობას. რაც შეეხება ყველაზე მორგებულის გადარჩენას, ეს არის პოპულარული ტერმინი, რომელიც ასახავს ბუნებრივი გადარჩევის პროცესს, მექანიზმს, რომელიც წარმართავს ევოლუციურ ცვლილებებს. ბუნებრივი გადარჩევა უპირატესობას ანიჭებს იმ ინდივიდებს, რომლებიც უკეთ არიან გარემო პირობებს მორგებული იმ ინდივიდებთან შედარებით, რომლებსაც უპირტესობა არ გააჩნიათ. ყველაზე მორგებულის გადარჩენის ხსენებისას, როგორც წესი, ჩნდება ყველაზე დიდი, ძლიერი ან ჭკვიანი არსების ასოციაცია, მაგრამ ბიოლოგიური კუთხით საქმე სხვაგვარადაა – მთავარი დეტალებია გადარჩენისა და გამრავლების უნარი კონკრეტულ პირობებში. თუკი ორგანიზმი გადარჩება, მაგრამ ვერ მოახერხებს გენების შთამომავლობისთვის გადაცემას, ის არც ისე კარგად ეგუება გარემოს. ხოლო ბევრი ორგანიზმი იმიტომ ხდება ყველაზე მეტად მორგებული, რომ თანამშრომლობს სხვა ინდივიდებთან, ნაცვლად მეტოქეობისა.
როგორ მუშაობს ბუნებრივი გადარჩევა?
ბუნებრივი გადარჩევის პროცესში პოპულაციის იმ ინდივიდებს, რომლებიც მოცემულ გარემო პირობებთან უკეთესად არიან ადაპტირებული, ეძლევათ უპირატესობა მათთან შედარებით, ვინც ნაკლებად შეგუებულია. უპირატესობა ვლინდება გადარჩენისა და გამრავლების საკითხებში. მაგალითად, ისინი, ვინც უკეთ ახერხებენ საკვები რესურსების პოვნასა და გამოყენებას, მეტს იცოცხლებენ და უფრო ნაყოფიერ შთამომავლობას დატოვებენ, ვიდრე ისინი, ვისაც ეს უნარი ნაკლებად აქვს განვითარებული. თვისებები, რომლებიც ორგანიზმს უპირატესობას აძლევს, მემკვიდრეობით გადაეცემა მომავალ თაობებს და აძლევს მათ იგივე შესაძლებლობებს.
როგორ ვითარდებიან ორგანიზმები?
ვითარდება არა ცალკეული ორგანიზმები, არამედ პოპულაცია. პოპულაციაში არსებული ინდივიდები განსხვავდებიან, ზოგიერთი მათგანი უკეთ ერგება კონკრეტულ გარემოს, მეტი შანსი აქვს გადარჩენის და უფრო კარგად მრავლდება. ასეთი ორგანიზმები უფრო წარმატებული აღმოჩნდებიან ხოლმე და ტოვებენ მეტად ნაყოფიერ შთამომავლობას, შესაბამისად, თავიანთ სასარგებლო შტრიხებს შემდეგ თაობებს გადასცემენ მემკვიდრეობით. ამის შედეგად დროთა განმავლობაში პოპულაცია იცვლება.
ამტკიცებს თუ არა ევოლუცია, რომ ღმერთი არ არსებობს?
არა. ბევრი ადამიანი, დაწყებული ევოლუციის თეორიის მკვლევარი ბიოლოგებიდან დამთავრებული მნიშვნელოვანი რელიგიური ფიგურებით, როგორიც იყო რომის პაპი იოანე პავლე II, აცხადებ[დნ]ენ, რომ ევოლუცია არ გამორიცხავს ღმერთის არსებობას. ევოლუცია არის იმ პროცესის აღწერა, რომელიც წარმართავს დედამიწაზე სიცოცხლის განვითარებას. მსგავსად სხვა მეცნიერული თეორიებისა, როგორიცაა კოპერნიკის თეორია, ატომური თეორია, მიკრობების თეორია, ევოლუცია ეხება მხოლოდ მატერიალურ სამყაროში არსებულ ობიექტებს, მოვლენებსა და პროცესებს.
#2 წარმოშობა
არიან თუ არა ჩვენი წინაპრები მაიმუნები?
არა, ადამიანი მაიმუნისგან არ განვითარებულა. თუმცა თანამედროვე აფრიკულ პრიმატებთან, მაგალითად შიმპანზესა და გორილასთან, გვყავს საერთო წინაპრები, რომლებიც 5-8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. ამის შემდეგ სახეობები მალევე დაიყვნენ და ორი განსხვავებული შტო შექმნეს. ერთი მიმართულებიდან განვითარდნენ გორილები და შიმპანზეები, მეორესგან კი – ადამიანთა ადრეული წინაპრები, სახელად ჰომინიდები.
როგორ განვითარდნენ ადამიანები?
როგორც კი პირველი ჰომინიდები გამოეყვნენ იმ წინაპრებს, რომლებსაც აფრიკულ პრიმატებთან ვიყოფთ, რაც 5-8 მილიონი წლის წინ მოხდა, გაჩნდა ადამიანის მსგავსი არსებების რამდენიმე სახეობა. ბევრი მათგანი ძალიან ჰგავს თანამედროვე ადამიანს, თუმცა არაა მისი წინაპარი. მათი უმეტესობა ისე გადაშენდა, რომ სხვა სახეობების წარმოქმნა ვერ მოასწრეს. დღესდღეობით ცნობილი გადაშენებული ჰომინიდების ნაწილი კი ჰომო საპიენსის თითქმის უშუალო წინაპარია. უცნობია, ზუსტად რამდენი სახეობა იყო და რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, ახალი ინფორმაციების მიღება მხოლოდ ნამარხების აღმოჩენის საფუძველზე ხდება. ადამიანის წარმოშობა და ჩამოყალიბება განაპირობა იგივე კანონებმა, რაც დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციას წარმართავს.
არის თუ რა კულტურა ევოლუციის შედეგი?
საზოგადოების კულტურა შედგება მის მიერ ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბებული ქცევის წესებისგან. ადამიანური კულტურა ნაწილობრივ მაინც ეფუძნება სოციალურ ცხოვრებასა და ენას, ხოლო სახეობის უნარს, გამოიგონოს და დახვეწოს ენა და შექმნას რთული სოციალური ქცევები, ბიოლოგიური საწყისი აქვს. მეცნიერთა ნაწილის აზრით, ენა განვითარდა, როგორც სოციალური ურთიერთობების განმტკიცების საშუალება. ამის მეშვეობით, ადამიანები იღებდნენ ისეთ ინფორმაციას, რაც სხვაგვარად მიუწვდომელი იყო: ვის სჭირდება დახმარება, ვინ არის თავისუფალი და ვინ დაკავებული, ვინ ეძებს პარტნიორს და ა.შ. ევოლუციური პერსპექტივით ამგვარი ინფორმაცია მნიშვნელოვნად ეხმარებოდა ადამიანს წარმატებაში. ასე რომ ნამდვილად შესაძლებელია, ევოლუციურ ძალებს გავლენა მოეხდინათ კულტურისა და ადამიანის სოციალური ურთიერთობების განვითარებაში.
როგორ ენათესავებიან ერთმანეთს თანამედროვე ადამიანი და ნეანდერტალელი?
დიდი კამათია იმაზე, თუ რამდენად ახლოს ვართ ნეანდერტალელებთან, ჰომინიდების ნათესავებთან, რომლებიც ჩვენს წინაპრებთან ერთად ცხოვრობდნენ 100,000–28,000 წლის წინ. ზოგიერთი მონაცემი მიგვანიშნებს, რომ როდესაც ანატომიურად თანამედროვე ადამიანები აფრიკას გასცდნენ, ისინი დაიქსაქსნენ და პატარა ჯგუფებად მოედვნენ სხვადასხვა რეგიონებს. ამ ჰიპოთეზის მიხედვით, მათ ურთიერთობა ჰქონდათ ნეანდერტალელებთან და აქტიურად წყვილდებოდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ევროპელებში ნეანდერტალელების პატარა ნაწილიც არის.
მეცნიერული მოსაზრება, რომელიც სხვა მონაცემებზეა დაფუძნებული, გვამცნობს, რომ ანატომიურად თანამედროვე ადამიანების აფრიკიდან გამოსვლას მასშტაბური ხასიათი ჰქონდა. ისინი მეტად განვითარებულნი იყვნენ კულტურული და ტექნოლოგიური კუთხით და ამ ჰიპოთეზის მიხედვით, ნეანდერტალელებთან შეწყობა რთული იქნებოდა. უფრო სავარაუდოა, რომ თანამედროვე ადამიანები მათ რესურსების მოპოვებაში აშკარად ჯობნიდნენ და საბოლოოდ მათი გადაშენება გამოიწვიეს.
რა საერთო აქვს ადამიანს ერთუჯრედიან ორგანიზმებთან?
ევოლუცია აღწერს ყველა ცოცხალი ორგანიზმის ცვლილებას დროთა განმავლობაში, ერთი საერთო წინაპრიდან. „სიცოცხლის ხე” ამის ილუსტრირებას ახდენს. თითოეული შტო ცალკე სახეობას წარმოადგენს და ნებისმიერ ორ სახეობას საერთო წინაპარი მოეძებნება. რაც შეეხება ადამიანისა და ერთუჯრედიანი ორგანიზმის შემთხვევას, ეს ორი სახეობა ისეთი განსხვავებულია, რომ მათი წინაპრის მოსაძებნად უნდა ჩავიდეთ საძირკვლამდე, სადაც გზაში გავივლით უამრავ შტოსა და განტოტებას, რაც ჯამში ევოლუციის მოქმედებას აღნიშნავს რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში. თუმცა ამით იმის დემონსტრირება ხდება, რომ ყველაზე შეუსაბამო ორგანიზმებსაც კი რაღაც საერთო აქვთ და ერთმანეთს ენათესავებიან.
რა მოხდა კამბრიული აფეთქების დროს?
სიცოცხლე კამბრიულ ერამდე 3 მილიარდი წლით ადრე გაჩნდა და თანდათანობით გარდაიქმნა მრავალფეროვან ერთუჯრედიან ორგანიზმებად. პრეკამბრიული ეპოქის ბოლოს, დაახლოებით 570 მილიონი წლის წინ, ნამარხებში ჩნდება მრავალუჯრედიანი სიცოცხლის ფორმები, მათ შორის მედუზისა და ზღვის ღრუბლის მსგავსი უხერხემლო ცხოველები. კამბრიული ერის დაწყებისას გაჩნდა უხერხემლო ცხოველების ფორმების უმეტესობა და გეოლოგიური მასშტაბებით მათი წარმოშობა საკმაოდ სწრაფად მოხდა – 10-25 მილიონ წელიწადში. ეს კამბრიული ფორმები არ წარმოადგენდნენ თანამედროვე უხერხემლო ცხოველების იდენტურ სახეობებს, თუმცა იყვნენ მათი ადრეული წინაპრები. ცოცხალი ორგანიზმების ძირითადი ჯგუფები, როგორიცაა თევზები, ამფიბიები, რეპტილიები, ფრინველები და ძუძუმწოვრები, გაჩნდნენ საკმაოდ გვიან, კამბრიული ეპოქის დასრულებიდან მილიონობით წლის შემდეგ.
#3 საით მივდივართ?
რატომ გადარჩება ზოგი სახეობა, ზოგი კი გადაშენდება ხოლმე?
გადაშენებას ხშირად იწვევს გარემო პირობების ცვლილებები. ამ დროს ზოგიერთი სახეობა ახერხებს ადაპტაციას, რითიც გადარჩენისა და გამრავლების საშუალება ეძლევა. თუკი გარემო პირობების ცვლილება ნელა მიმდინარეობს, სახეობები უმეტესწილად ახერხებენ ახალი თვისებების შეძენას, რაც მრავალი თაობის განმავლობაში და თანდათანობით ხდება. ხოლო თუკი ცვლილება სწრაფია და სახეობის წარმომადგენლებს არ გააჩნიათ ისეთი შტრიხები, რაც ახალ პირობებში გადარჩენისთვისაა საჭირო, ყველაზე სავარაუდო შედეგი გადაშენება იქნება.
ნიშნავს თუ არა ევოლუცია აუცილებლად მარტივიდან რთულში გარდაქმნას?
მას შემდეგ, რაც 3.8 მილიარდი წლის წინ დედამიწაზე სიცოცხლე გაჩნდა, ევოლუციის შედეგად სახეზეა მრავალი რთული ორგანიზმი და სტრუქტურა. ნათელი მაგალითებია ადამიანის ტვინი და სტერეოსკოპული თვალი. მაგრამ ამავე დროს, ისეთი მარტივი ორგანიზმები, როგორიცაა სოკოები, ბაქტერიები და წყალმცენარეები, მილიარდობით წლების განმავლობაში უმნიშვნელოდ შეიცვალნენ. ერთუჯრედიანი ორგანიზმების არსებობა რთული ორგანიზმების (როგორიცაა ადამიანი) გვერდით ნათლად აჩვენებს, რომ ევოლუცია არ ნიშნავს აუცილებლად კომპლექსურობისკენ სწრაფვას.
თუკი ევოლუციური პროცესებით თევზები გარდაიქმნენ ამფიბიებად, რაღატომ არსებობენ დღეს თევზები?
ნამარხების ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ ამფიბიები უძველესი თევზების ერთ-ერთი ჯგუფიდან წარმოიშვნენ და მათი სქელი, ძვლიანი ფარფლები გარდაიქმნა კიდურის მსგავს გამონაზარდებად. სხვა სახეობებმა კი დასაბამი მისცეს ისეთ თევზებს, რომლებიც დღეს ოკეანეებში, ზღვებსა და ტბებში ბინადრობენ. მსგავსად სხვა ცოცხალი არსებებისა, თევზები განაგრძობენ განვითარებას, რაც მათ შემთხვევაში არა აუცილებლად ხმელეთზე გადასვლას ნიშნავს, არამედ წყალქვეშა გარემოს უკეთ ათვისებას. წყალში უამრავი საშუალებაა განვითარებისა, ამიტომაც დარჩა თევზების ნაწილი იქ და დღემდე განაგრძობენ გამრავლებას.
შესაძლებელია თუ არა, თანამედროვე პრიმატები ოდესმე ადამიანის მსგავსი არსებები გახდნენ?
მსგავსი რამ მართლაც შეიძლება მოხდეს მილიონობით წლების შემდეგ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამის შანსები საკმაოდ დაბალია. ადამიანები არ წარმოშობილან იმ მაიმუნებისგან, რომლებიც დღეს არსებობენ. 5-8 მილიონი წლის წინ ჩვენი საერთო წინაპრის შთამომავლობა გაიყო ორ ნაწილად, რომლებიდანაც განვითარდნენ ადამიანები და მაიმუნები. დღეს არსებული სახეობები წარმოადგენენ მილიონობით წლების განმავლობაში მიმდინარე სელექციური კანონებისა და გენეტიკური მუტაციების სპეფიციკური კომბინაციების შედეგს. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ანალოგიური კომბინაცია ისევ განმეორდება.
ახდენენ თუ არა ადამიანები გავლენას ევოლუციაზე?
მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ დიდია ადამიანის გავლენა ევოლუციის პროცესზე, დაწყებული ანტიბიოტიკებისა და პესტიციდების შექმნიდან, რაც მარტივ ორგანიზმებში შესაბამისი თავდაცვითი უნარის გამომუშავებას იწვევს, დამთავრებული მრავალი სახეობის გადაშენებით. ჩვენი გავლენა ჩვენი სახეობის ევოლუციაზეც კი ვრცელდება. ტექნოლოგია და კულტურა გვიცავდა ვრცელ ტერიტორიებზე დასახლებისას, რისი მეშვეობითაც მრავალი ადამიანი – განსაკუთრებით ისინი, ვინც მედიცინის გარეშე მომწიფების ასაკსაც კი ვერ მიაღწევდა – ახერხებდა თავისი გენების მომდევნო თაობებისთვის გადაცემას. სხვა მეცნიერები შენიშნავენ, რომ ტექნოლოგიამ და კულტურამ შეამცირა, თუმცა არ გაანულა ბუნებრივი გადარჩევის გავლენა ჩვენს სახეობაზე. თუკი ადრე დიდი მტაცებლებისგან თავის დაცვას ვსწავლობდით, ამჯერად ვუმკლავდებით გარემოს დაბინძურებას, მოსახლეობის სწრაფ ზრდასა და ახალ დაავადებებს. ადამიანები მომავალში განვითარდებიან და შეიცვლებიან, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, ახალი სახეობა შეიქმნას, რადგან ტრანსპორტირების სისტემის მეშვეობით სრულიად იზოლირებული ჯგუფები აღარ არსებობს.
#4 ცოდნა
არსებობს ევოლუციის მტკიცებულება?
150 წელი გავიდა, რაც დარვინმა ბუნებრივ გადარჩევაზე დაფუძნებული ევოლუციის თეორია შემოგვთავაზა და მას შემდეგ ეს თეორია მრავალი აღმოჩენით გამყარდა. ყველაზე დიდი მხარდამჭერი მტკიცებულებები იყო უამრავი ნამარხი, დნმ-ის აღმოჩენა, რადიოაქტიური დათარიღების მეთოდის გაგება, ბუნებასა და ლაბორატორიებში ბუნებრივი გადარჩევის პროცესზე დაკვირვება, ასევე მრავალი განსხვავებული ორგანიზმის გენომის გაშიფრვა, მათ შორის ადამიანისაც, რამაც ევოლუციის თეორიის რეალურობის საკითხზე დავას ბოლო მოუღო.
საიდან ვიცით, რა მოხდა მილიონობით წლების წინ, თუკი ამ პროცესებს დამკვირვებელი არ ჰყავდა?
მეცნიერული კვლევის პროცესში უმთავრესია მტკიცებულებები და დაკვირვებები. არც ევოლუციური მეცნიერებაა გამონაკლისი. მტკიცებულებები, რომლებიც გაგვაჩნია ნამარხების, გეოლოგიური ფორმირებებისა და გენეტიკის სახით, გვაძლევენ მინიშნებებს იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა ევოლუცია და რა პროცესებს ჰქონდა ადგილი. ევოლუციის თეორია თავს უყრის ამ მონაცემებს და ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნების ახსნას გვთავაზობს. სხვა თეორიების მსგავსად, ევოლუციის თეორია ეფუძნება როგორც ხელშესახებ არგუმენტებს, ისე დასკვნებს იმ მოვლენების შესახებ, რომლებზეც პირდაპირი დაკვირვება შეუძლებელია.
გვაძლევს თუ არა ნამარხების ანალიზი სრულ ინფორმაციას?
ევოლუციის მოწინააღმდეგეები მიანიშნებენ ნამარხებში არსებულ ნაპრალებზე, რომლებიც, მათი აზრით, ამ თეორიის სიმცდარეს ამტკიცებს. ისინი აცხადებენ, რომ ნამარხებში არ მოიძიება ე.წ. „გარდამავალი ფორმები”, რაც ორგანიზმის ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლასა და სახეობიდან ახალი სახეობის წარმოშობას ამტკიცებს. ნამარხებში ნამდვილად არსებობს ნაპრალები, რადგან დედამიწაზე იშვიათია ისეთი პირობები, რომ ნამარხმა მილიონობით წლების განმავლობაში გაძლოს. ისტორიაში არსებული ცოცხალი ორგანიზმებიდან მხოლოდ მცირეოდენია დღემდე შემონახული, ზოგიერთი კი შეიძლება ვერასდროს იპოვონ. მაგრამ მიუხედავად ამისა, აღმოჩენილი ნამარხების რაოდენობა საკმაოდ ბევრია და ზოგადი სურათის შესაქმნელად გამოდგება. მაგალითად, გვაქვს მტკიცებულებები, რომ თევზი გარდაიქმნა ამფიბიად, რეპტილია – ძუძუმწოვრად, დინოზავრთა ნაწილი – ფრინველებად და ა.შ. გარდა ამისა, დღემდე ხდება სხვადასხვა გარდამავალი ფორმების აღმოჩენა, რომლებიც, ზოგიერთის აზრით, არ არსებობს.
#5 განვითარება
როგორ გარდაიქმნება ერთი სახეობა მეორედ?
ერთი სახეობა არ გადაიქცევა მეორედ ან რამდენიმე სახეობად, ყოველ შემთხვევაში, უცებ მაინც. სახეობის წარმოქმნის ევოლუციური პროცესი ნიშნავს სახეობის ერთი ჯგუფის ცვლილებას დროთა განმავლობაში იმდენად, რომ დანარჩენ ნაწილთან შეწყვილება ვეღარ მოახერხოს. ამისთვის საჭიროა პოპულაციების იზოლირება ისე, რომ ერთმანეთში არ მრავლდებოდნენ. ამ დროს თითოეული შტო თავისი ევოლუციური გზით მიდის და მიიღება განსხვავებული ინდივიდები.
როგორ წარმოშობს ევოლუცია ისეთ რთულ რამეს, როგორიცაა თვალი?
ბუნებრივი გადარჩევის პროცესში უპირატესობა ენიჭებათ ისეთ ინდივიდებს, რომლებიც მოცემულ გარემოსთან უკეთ არიან ადაპტირებულნი. ისინი თავიანთ შტრიხებსა და გენებს გადასცემენ შთამომავლობას და ამგვარად, მათაც ეძლევათ ეს უპირატესობები. თაობიდან თაობაში სელექციის პრინციპით სულ უფრო მეტად იხვეწება ყველა დეტალი, მათ შორის თვალიც. ცალკეულ სტრუქტურაში მომხდარი ცვლილება ეფუძნება ყველა დანარჩენ სტრუქტურაში მიმდინარე ცვლილებებს. ათასობით და ზოგჯერ მილიონობით წლების განმავლობაში პატარ-პატარა ცვლილებები ერთმანეთს ემატება და მარტივი სისტემიდან წარმოუდგენლად კომპლექსურ შედეგს ვიღებთ.
ჩერდება თუ არა ევოლუცია, როცა ახალი სახეობა მიიღება?
არა. ცოცხალი ორგანიზმების ყველა პოპულაცია განიცდის ცვლილებებს, თუმცა განსხვავდება ხარისხი და სისწრაფე. პოპულაციები, რომლებიც ეჩეხებიან მკვეთრ ცვლილებებს, იქნება ეს ახალი მტაცებლის გამოჩენა თუ ახალ გარემოში მოხვედრა, უფრო სწრაფად ვითარდებიან, ვიდრე სტაბილურ გარემოში მყოფი პოპულაციები. ეს იმის გამოა, რომ ევოლუციას მართავს ბუნებრივი გადარჩევის კანონები, შესაბამისად გარემოს ცვლილება სელექციის პროცესზე ახდენს გავლენას. უპირატესობა ენიჭება ახალ შტრიხებს და არა იმ მახასიათებლებს, რომლებსაც ძველ პირობებში ჰქონდა უპირატესობა.
ხდება თუ არა ამჟამად ევოლუცია?
ევოლუცია ყოველთვის ხდება, თუმცა უმეტესწილად ძალიან ნელა მიმდინარეობს, ისე რომ მისი შემჩნევა შეუძლებელია დღეების, კვირებისა და წლების განმავლობაშიც კი. თუმცა ევოლუციის ეფექტებს თითქმის ყოველდღე ვხვდებით, დაწყებული სამედიცინო და სასოფლო-სამეურნეო პრობლემებიდან დამთავრებული პარტნიორის არჩევის დილემით. მაგალითად, მედიცინაში განიხილება საკითხი, რამდენ ხანს იმოქმედებს ანტიბიოტიკი იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად გამოიმუშავებს ბაქტერია მისგან თავდაცვის უნარს. მიწათმოქმედების საკითხში კი გვაინტერესებს ნათესების დამცავი საშუალებების ეფექტურობა იმის განხილვით, როგორ უმკლავდებიან მწერები პესტიციდებს.
როგორ მოქმედებს ერთი სახეობის ევოლუცია მეორეზე?
არცერთი სახეობა არაა ვაკუუმში, ყველა მათგანს აქვს ურთიერთობა მისგან განსხვავებულ ორგანიზმებთან. სახეობების ერთმანეთზე გავლენის ყველაზე კარგი მაგალითია მტაცებელ-მსხვერპლისა და პარაზიტ-მასპინძლის ურთიერთობა. როდესაც ათასობით წლების განმავლობაში ერთი სახეობა მეორეზე ნადირობს, მსხვერპლი რაიმე სახის თავდაცვით უნარს გამოიმუშავებს, მაგალითად მიმიკრიას, ტოქსიკურ ქიმიკატებს და ა.შ. ამის შემდეგ დგება მტაცებლის ჯერი და მას უვითარდება უკეთესი მხედველობა ან იმუნიტეტი მსხვერპლის შხამზე. ასეთი კოევოლუციური პროცესები ორივე მხარის გარდაქმნასა და დახვეწას იწვევს.
თუკი სახეობის გადაშენება ბუნებრივი პროცესია, რატომ უნდა ვიზრუნოთ საფრთხეში მყოფ სახეობებზე?
მეცნიერთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ამჟამად მიმდინარეობს მასიური გადაშენების პროცესი და გარკვეული პერიოდის შემდეგ დღეს არსებული სახეობების ნახევარი ამოწყდება. თუკი ამას ხელი არ შევუშალეთ, ისტორიაში პირველად დაფიქსირდება შემთხვევა, როცა ამხელა კატასტროფის მიზეზი იყო მხოლოდ ერთი სახეობა – ჰომო საპიენსი. მიუხედავად იმისა, რომ სახეობების გადაშენება ბუნებრივი პროცესია და მრავალჯერ მომხდარა, ერთ-ერთი რამაა, რასაც მაქსიმალურად უნდა შევებრძოლოთ და ავირიდოთ. მხოლოდ ერთი სახეობის გადაშენებამაც კი შეიძლება დიდი გავლენა მოადინოს სხვა ორგანიზმებზე. მაგალითად, ავსტრალიაში დელფინებმა და ზღვის ძროხებმა ზღვის ბალახი გაანადგურეს, რადგან აღარ ელოდათ საშიშროება ვეფხვისებრი ზვიგენებისგან. ზღვის ზღარბებმა ალასკის სანაპიროზე ლამინარიის ტყეები გააცამტვერეს მას შემდეგ, რაც გვიან 1990-იანებში მასიურად შემცირდა ზღვის წავების რაოდენობა. ადამიანების არსებობაც დიდწილად სხვა სახეობებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მასიური გადაშენება ჩვენზეც იქონიებს გავლენას, თუმცა მასშტაბების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
#6 კრეაციონიზმი
რა არის გონივრული დიზაინი და მიეკუთვნება თუ არა მეცნიერებას?
„გონივრული დიზაინის თეორია” დაფუძნებულია რწმენაზე, რომ ევოლუციის თეორია დამაკმაყოფილებლად ვერ ხსნის დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნებას და შემოაქვს მოაზროვნე შემოქმედის ცნება. ისინი ამტკიცებენ, რომ კრიტიკის საფუძველია მეცნიერული და არა რელიგიური მიზეზები. თუმცა ჯერჯერობით გონივრული დიზაინის თეორიის არცერთი ასპექტი არ გამყარებულა ექსპერიმენტებით და არც აღიარება მიუღია მეცნიერული საზოგადოებებისგან. გარდა ამისა, მათ მიერ შემოტანილი მოაზროვნე შემოქმედის არსებობის საკითხი მეცნიერული მეთოდებით გადაუმოწმებელია, შესაბამისად, თეორიას ვერ მიენიჭება მეცნიერული სტატუსი.
რა არის კრეაციონისტული მეცნიერება? მიეკუთვნება თუ არა ნამდვილ მეცნიერებას?
„კრეაციონისტული მეცნიერების” მხარდამჭერები ემხრობიან კრეაციონიზმის იმ ვერსიას, რომლის მიხედვითაც ღმერთმა ერთდროულად შექმნა სამყარო, ადამიანები და ცოცხალი ორგანიზმები არც ისე შორეულ წარსულში, და თვლიან, რომ ამის გამყარება შესაძლებელია მეცნიერული მეთოდებით. სხვადასხვა სფეროს მეცნიერებმა მრავალჯერ გადაამოწმეს ეს მოსაზრება და მეცნიერებასთან შეუთავსებლად გამოაცხადეს. მაგალითად, აზრი, რომ დედამიწა რამდენიმე ათასი წლისაა, ვერ დასტურდება, რადგან ნამარხებსა და გეოლოგიურ ფორმირებებზე დაფუძნებული დათარიღების სხვადასხვა მეთოდები რამდენიმე მილიარდ წელიწადს აჩვენებს. გარდა ამისა, კრეაციონისტული მეცნიერების ძირითად იდეათა უმეტესობა გადამოწმებადი არცაა, რაც მეცნიერებასთან კონფლიქტში მოდის.