საკითხავი

გიორგი მაისურაძე – Ora et labora (გუდიაშვილის მოედნის საიდუმლოებები 3)

ჟაკ დე მოლეს (1) სასწაულებრივი დაწვის ფაქტმა ერთღმერთიანთა ღმერთი საგონებელში ჩააგდო, ხოლო მის მაღიარებელთაგან ზოგმა ატროშანიც (2) კი აღიარა და შეერთო კუდუსუნიანებს. შეშფოთებული წერდა ამაზე იოანე საბანის ძე (3), რომელსაც ოქროს კბილები ჰქონდა და ამიტომაც ოქროპირს ეძახდნენ, რომ ადამის ნანეკნარისგან შობილნი „ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთაო“.

Jacques de Molay and Geoffroy de Charnay on the Stake, 13th of March 1314
Bibliothèque de l’Arsenal, Paris (14. Jh./14th c.)

ერთღმერთიანთა ღმერთმა გული აიცრუა ბენკენდორფის საიდუმლო პოლიციაზე (3) და გადაწყვიტა, მრავალგზის ნაცადი და ღმერთისათვის შესაფერი ხერხისათვის მიემართა და საქმე წმინდა ინკვიზიციისათვის გადაეცა. მას არც ინკვიზიტორის კანდიდატურაზე უფიქრია დიდხანს, – საამისოდ დროც აღარ ჰქონდა და სასწრაფოდ ინკვიზიტორობაში ხელგაწაფული ბერნარდო გუი (4) წამოაყენა საფლავიდან და თბილისში გამგზავრება უბრძანა. ვინაიდან ბერნარდო გუი საუკუნეთა მანძილზე სარკოფაგში წოლას გაეხრწნა და დაემახინჯებინა, მან საზღაურად თბილისში სამუშაო ვიზიტამდე მილანში შევლა და ადგილობრივ კოსმეტოლოგებთან პლასტიკური ოპერაცია ითხოვა. ერთღმერთიანთა ღმერთი, დროის დეფიციტის გამო, ოპერაციაზე არ დათანხმდა, მაგრამ ვიზაჟისტებთან გაუშვა და მილანის ერთ-ორ ბუტიკში შოპინგის ნებაც დართო, ხოლო ხარჯები ვატიკანს დააკისრა.

“ინკვიზიცია” ფრანცისკო გოია, 1812 წ.

მილანში მომაგრებულ-ხელდაკაპიწებული ბერნარდო გუი ჩარტერული რეისით თბილისში ჩამოფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე მას ერთღმერთიან ღვთისმსახურთა ამალა და საერო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების კორპუსი დახვდნენ, რომლებიც გაოცებას ვერ მალავდნენ, როდესაც მოსუქებული და წვერში ჭაღარაგამორეული ინკვიზიტორი თვითმფრინავიდან გადმოვიდა. დიდი ინკვიზიტორის პატივსაცემად აეროპორტზე სახელდახელოდ დანთებულ კოცონზე თბილისელმა მორწმუნეებმა ორი ეპისკოპოსი, რვა ბერი და თოთხმეტი მონაზონი დაწვეს. ამათგან ორი მონაზონი ტრანსვესტიტი აღმოჩნდა, ხოლო ერთ ეპისკოპოსს ორი გენიტალი უპოვეს, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ მას საიდუმლოდ ამალთეას რძე (5) ჰქონდა გასინჯული.

თხა ამალთეა რძეს ასმევს იუპიტერს

ბერნარდო გუი მდუმარე სახით უცქერდა სანახაობას და სახეზე არცერთი ნაკვთი არ უკრთოდა. როდესაც წმინდა კოცონზე დამწვართა კივილი და ოხვრა შეწყდა და აეროპორტზე სამარისებრი დუმილი გამეფდა, ბერნარდო გუიმ პირი გააღო და თქვა: espresso!

ესპრესო დიდ ინკვიზიტორს თავად თბილისის მერმა მიართვა, ხოლო იქვე მყოფმა ქვეყნის პრეზიდენტმა წამოიძახა, რომ ასეთი ესპრესო მსოფლიოში არ არსებობს, არც მილანში და არც თვით ნეაპოლში. პრეზიდენტის ეიფორიულ სიტყვებს ბერნარდო გუიზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. მან სახის გამომეტყველების შეუცვლელად კიდევ ერთხელ გააღო პირი და თქვა: ხელსახოცი!

თბილისის მერმა ჯერ ჯიბიდან საკუთარი ხელსახოცის ამოღება სცადა, მერე უცებ საკუთარი თეთრი პერანგი შემოიხია და საპატიო სტუმარს ხელსახოცად მიართვა. ბერნარდო გუიმ მარჯვენა ხელზე ნაპერანგალი ხელსახოცი დაიფინა, მარცხენა ხელით ესპრესო მოსვა, სახე დამანჭა, ესპრესო ხელსახოცზე გადმოაფურთხა და თქვა: Shit! ამ სიტყვის გაგონებამ შეკრებილი საზოგადოება შეაშფოთა და ააფუსფუსა, რაზეც ბერნარდო გუიმ კიდევ უფრო ხმამაღლა გაიმეორა: Shit! და ლიმუზინისაკენ გაემართა.


შეკრებილებმაც შვებით ამოისუნთქეს და პოლიციის კორტეჟით დიდი ინკვიზიტორი გუდიაშვილის მოედნისაკენ გაამგზავრეს, მაგრამ ბერნარდო გუიმ კიდევ უფრო შემზარავი ხმით შესძახა შჰიტ! და მარშრუტი დელისის მიმართულებით შეაცვლევინა და პოლიციისა და მართლმორწმუნეთა ამალით პირდაპირ დელისის ორაკულს (6) მიადგა, რომელიც ამ დროს შიშველი გინეკოლოგის მაგიდაზე განმარტოებულიყო და საკუთარ სხეულს უჭვრეტდა.

დელისის ორაკულს სასქესო ორგანოები არ ჰქონდა: არც ქალის და არც მამაკაცის, საერთოდ არცერთი გენიტალი. მოშარდვის ფუნქცია, რომელიც ტრადიციულად სასქესო ორგანოთა ხვედრია, დელისის ორაკულის ორგანიზმში კანქვეშა ჯირყვლებს გადაენაწილებინათ, რაც თბილისის მოსახლეობაში დიდ გაუგებრობას იწვევდა და ხალხს რომ ეგონა, ორკული წინასწარმეტყველურ ექსტაზშია და ამიტომაც ზოგჯერ ყინვასა და სიცივეშიც კი ოფლად იღვრებაო, სინამდვილეში ამ დროს იგი ჩვეულებრივ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას იკმაყოფილებდა და ნეტარი თვალებით შარდავდა. ხალხი კი ფიქრობდა, რომ მისი თვალების ნეტარება ხილვის შედეგი იყო და რწმენა უძლიერდებდა.

დელისის ორაკულის უგენიტალობა კრეაციული დეფექტის შედეგად წარმოშვა, როგორც ამას ამერიკელი ფემინისტი ფილოსოფოსი სეილა ბენჰაბიბი (7) ამტკიცებს, რომელიც ცნობილი ქართველი რევოლუციონერისა და ანარქო-კომუნისტის ნესტორ კალანდარიშვილის (8) აღმზრდელი იყო და დელისის ორაკულის უგენიტალობის ამბავიც სწორედ ქართველი ანარქისტისაგან იცოდა.

ნესტორ კალანდარიშვილი (ციმბირელი პაპა) – ქართველი რევოლუციონერი და ანარქო-კომუნისტი

ერთღმერთიანთა ღმერთმა ადამიანის შექმნა რომ დააპირა, სანამ თავის შემოქმედებას შეუდგებოდა, სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხეს ჩაუარა და გველს მოჰკრა თვალი, რომელიც ხეზე აცოცებულიყო და ნაყოფის მოწყვეტას ლამობდა. ღმერთის დანახვაზე გველი შეცბა და კუდის უხერხული მოქნევით ხის ნაყოფი ჩამოაგდო, რომელიც ღმერთს თავზე დაეცა და მისი რისხვისგან თავი რომ გადაერჩინა, უთხრა, შენთვის ვაპირებდი ამ უტკბილესი ნაყოფის მორთმევასო, რომლის მსგავსი თვით მიჩურინსაც არ დაესიზმრებაო. ღმერთმაც გასინჯა ნაყოფი და მისი გემო იმდენად მოეწონა, რომ ვეღარ მოზომა და ბევრი ხილის ჭამისგან კუჭი აუმოქმედდა. ეს ღმერთის პირველი ჭამა იყო მის მიერ შექმნილ სამყაროში და, შესაბამისადაც, პირველი განავალი, რომელიც შემოქმედმა გამოყო და საკუთარი განავლისგან შემოექმნა პირველი კაცი და სანამ შესაქმეს ბოლომდე მიიყვანდა, კეთილი და ბოროტიც შეიცნო და განავლის მნიშვნელობასაც მიხვდა და შერცხვა, თავისი შესაქმის გვირგვინი განავლისგან შექმნილი რომ ყოფილიყო და ამიტომაც განავალიანი არსების კეთება აღარ დაუსრულებია. სანაცვლოდ ხელი კუდზე მოივლო და მოიკვეთა და პირველი დასრულებული ვაჟი საკუთარი კუდისგან შექმნა, ხოლო პირველი ქალი პირველი ვაჟის კუდუსუნისაგან და მხოლოდ ამ ნარჩევი მასალის გამოლევის შემდეგ გადავიდა თიხით მასობრივი პროდუქციის წარმოებაზე, რომელიც ადამიანთა, ანუ ნანეკნართა მოდგმის სახელით გამრავლდა და სამყაროს დაეუფლა.

დელისის ორაკული კი, რომელიც განავალიანთა სახეობის ერთადერთი წარმომადგენელი იყო, კუდუსუნიანთა მცირერიცხოვან და რჩეულ მოდგმას მიეკედლა და, რადგანაც ის ღმერთის სახად გამოძერწილი პირველი არსება იყო, მას შემოქმედისაგან კუდიც ჰქონდა გამოყოლილი, რომელსაც ის ზოგჯერ მამრობით გენიტალადაც ასაღებდა. ზოგიერთ თეოლოგს განავალიანი ღმერთის კლონადაც კი მიაჩნდა და მისი ანატომიის საფუძველზე მავანნი ღმერთსაც უგენიტალო არსებად წარმოსახავდნენ, რის გამოც არაერთ მათგანს საკუთარი გენიტალის დაკარგვა მოუხდა, ზოგმაც ინკვიზიციის წმინდა კოცონზე დაასრულა შემოქმედებითი წვა. მიუხედავად უმოწყალო რეპრესიებისა, ღმერთის უგენიტალობის იდეა ქართულ ენაში სიტყვა „უფალმა“ შემოინახა, რომელიც უფალოსოს ნიშნავს და ეს ეტიმოლოგია დელისის ორაკულის ერთ საგოდებელ აფორიზმს ეფუძნება, რომელიც კაცობრიობას ტვიტერმა შემოუნახა: „უფალო, ნუთუ შენც უფალოსო ხარ, ასე უფალოსოდ რომ დამტოვე?!“-ო.

ორაკულის ამ სიტყვებმა დიდი ინკვიზიტორის ყურებამდეც მიაღწია და გუდიაშვილის მოედნის საიდუმლოების ძებნას დელისის მიდამოებში შეუდგა და რა იხილა სამოსელგანძარცული ორაკული, მიხვდა ბერნარდო გუი მის უსქესობას და დაკვირვების მიზნით ორაკულის შეპყრობა ბრძანა. გალიაში მოთავსებული დელისის ორაკული გუდიაშვილის მოედანზე გადმოიყვანეს და ვინაიდან ადამიანისებრი უსქესო პირველარსების ნახვა ურიცხვ ადამიანს სურდა, ბილეთების გაყიდვა დაიწყეს, რომლის საფასურადაც თითო მნახველს ხუთი წუთი ეძლეოდა საკუთარი თვალით ეხილა ღმერთის მოსაქმების უცნაური ნაყოფი.

თუმცა დელისის ორაკულის პირველქმნილობა და მისი ღვთაებრივი გამონაყოფისგან შექმნილობა ბერნარდო გუის არ დაუდგენია. ამ საიდუმლოსათვის ფარდის ახდა გრაფ ბენკენდორფის დამსახურებაა, რომელიც, როგორც არაერთი ნარატიული წყარო მოწმობს, შეყვარებული ყოფილა ორაკულში და თბილისსაც სწორედ ამ მიზნით წვევია, ხოლო დეკაბრისტები და ტამპლიერები მხოლოდ საბაბი იყოო. დელისის ორაკულს კი, როგორც ჩანს, საკუთარი უგენიტალობა რომ არ გაეცა, უარი უთქვამს ბენკენდორფთან კოპულაციაზე, რამაც გულმოკლულ ჟანდარმერიის შეფს სასოწარკვეთილი სტრიქონები დააწერინა:

„Я вас любил так сильно, безнадежно,

как дай вам Бог другими – но не даст! (9)“

ბეკენდორფის III განყოფილება

ახლა კი პატივაყრილმა ბენკენდორფმა გადაწყვიტა ბერნარდო გუიზე შური ეძია და დამოუკიდებელი გამოძიება წამოიწყო. მან, პირველ რიგში, ზიგმუნდ ფროიდს მიმართა, რომელიც გუდიაშვილის მოედანს გვიდა და გალიაში გამომწყვდეულ დელისის ორაკულსაც უფასოდ აკვირდებოდა. ფროიდმა არც რუსეთის ჟანდარმერიასთან თანამშრომლობა ითაკილა და შთაგონებული ჩაერთო შესაქმის საიდუმლოს განცხადების საქმეში. სწორედ ფროიდის რჩევით მოიწვია ბენკენდორფმა იტალიელი ექსპერტი ჯოვანი მორელი (10), რომელმაც, კონსპირაციის მიზნით, ივან ლერმოლიევი (10) დაირქვა და თავიც გადაიპარსა.

“Ears” Giovanni Morelli, Italian Painters: Critical Studies of thier Works: The Borghese and Doria-Pamohili Galleries in Rome trans. C. J. Foulkes (London: J. Murray, 1892)

ბენკენდორფმა გუდიაშვილის მოედნისა და ლერმონტოვის ქუჩის კუთხეში კოქტეილ-ბარი გახსნა და მას სახელად Laboratorium-ი უწოდა, მაგრამ სინამდვილეში აქ ბენკენდორფის შეთქმულთა შტაბ-ბინა იყო, საიდანაც ისინი გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე პროცესებს აკვირდებოდნენ და მოპოვებულ ინფორმაციას აანალიზებდნენ. ამ მიზნით ბენკენდორფმა ბარში რამოდენიმე ათეული ფარული ვიდეოკამერა დაამონტაჟებინა, ხოლო ჭიქებსა და ფინჯნებში უხილავი სენსორები იყო მიკრული, რომლებიც ნერწყვიდან მსმელის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას იწოვდა და მომენტალურად გადასცემდა დახლის ქვეშ მდგარ კომპიუტერს გენეტიკური ინფორმაციის გასაშიფრად. ბარმენობა ჯოვანი მორელიმ ჩაიბარა, რომელიც ვითომ კოქტეილებს ამზადებდა, სინამდვილეში კი პირდაპირ დახლზე ჰქონდა ლაბორატორია მოწყობილი და სინჯებს აანალიზებდა. გადაპარსული თავის კანქვეშ უხილავი ეკრანი ჰქონდა ჩადგმული, რომელიც მის ირგვლივ ყველა საგანს აფიქსირებდა.

სწორედ მორელიმ დააფიქსირა დელისის ორაკულის ყურის ბიბილოზე მცირე მოცულობის ყავისფერი წერტილი და მისგან სინჯის ასაღებად ასეთ ფანდს მიმართა: ის ეახლა ბერნარდო გუის და გალიაში გამომწყვდეული დელისის ორაკულის კომერციული მიზნით გამოყენების ბიზნეს-გეგმა შესთავაზა. კოქტეილ-ბარი რეკლამას განათავსებდა ორაკულის ტანზე, სანაცვლოდ დიდი ინკვიზიტორი ყოველდღე მიიღებდა საუკეთესო ნეაპოლურ ესპრესოს და „პიცა ნაპოლის“. იტალიურ ესპრესოს დანატრებული ბერნარდო გუი უყოყმანოდ დათანხმდა მორელის წინადადებას და ამ დღიდან ინკვიზიტორი „ლაბორატორიუმის“ ყოველდღიური სტუმარი გახდა, რაც შეთქმულებს უნიკალურ საშუალებას აძლევდა, მოწინააღმდეგის ყოველი ნაბიჯი შეესწავლათ და გაეანალიზებინათ.

“Ora et labora” – “ილოცე და იშრომე” – ბენედიქტიანელი ბერების დევიზი. თავის საქმიანობაში ცდილობდნენ გაერთიანებინათ ჭვრეტითი ლოცვა და ფიზიკური შრომა.

დელისის ორაკულს მკერდზე დააწერეს – ora et labora (11) და თან ისარიც მიახატეს, რომელიც კოქტეილ-ბარის მიმართულებას აჩვენებდა. ამასთანავე, მისი ყურები წითელი ალუბლებით მორთეს და სწორედ ამ დროს მოახერხა მორელიმ მისი ყურის ბიბილოდან სინჯის აღება. ანალიზის შედეგი სენსაციური და შემაშფოთებელიც აღმოჩნდა: ყველა ქიმიური ცდა ადასტურებდა, რომ ორაკულის ყურის ბიბილოს ყავისფერი წერტილი გაკრისტალებული განავალი იყო, მაგრამ ასეთი მაღალი ხარისხის განავალი არცერთ აქამდე ცნობილ ცოცხალ ორგანიზმს არ გააჩნდა. უცებ ფროიდს გაახსენდა ერთი თავისი მოსწავლის მონაყოლი, რომ მან ღმერთის მოსაქმება იხილა და ამ ხილვამ მას ფსიქოანალიტიკოსობა გადააწყვეტინა, ხოლო სამყაროს შემოქმედის განავალს მის მოძღვრებაში „არქეტიპის“ სახელი ეწოდა (12). ფროიდი მიხვდა, რომ დელისის ორაკული ერთადერთი განავალიანი იყო, რომელიც საკუთარ სხეულში ერთღმერთიანთა ღმერთის პირველ გამონაყოფს ატარებდა. ამით ფსიქოანალიზის ფუძემდებელი მონოთეიზმის საიდუმლოს ხელით მისაწვდომ მანძილზე მიუახლოვდა. „პირველად იყო საქმე“ – დაწერა ფროიდმა თავისი ლეგენდარული წიგნის „ტოტემისა და ტაბუს“ ბოლო წინადადება და მასში ღმერთის კუჭის მოქმედების როლი ანთროპოგონიის პროცესში იგულისხმა. დელისის ორაკულს, რომელიც, როგორც განავალიანთა სახეობის ჰომინიდების ერთადერთი წარმომადგენელი, მთელი სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა და ამის გამო ის ბედნიერების მწვერვალზე იდგა, homo ex ano domini – „კაცი ღმერთის ანუსიდან“ ეწოდა და ამ სახელით დამკვიდრდა ისტორიაში.

სალვადორ დალის ნახატი

მაგრამ ფროიდის ეს აღმოჩენა ლამის გადაფარა ჯოვანი მორელისამ, რომელიც მალე განზომილებათშორისო პოლიტიკურ და თეოლოგიურ სკანდალში გადაიზარდა: მორელიმ დიდი ინკვიზიტორის, რომელიც კოქტეილ-ბარიდან აღარ გამოდიოდა და მთელი დღეები პიცასა და ესპრესოს მიირთმევდა, ცხვირი, ყურები, ფრჩხილები და წვერები გააანალიზა და დაასკვნა, რომ ის სინამდვილეში არა ბერნარდო გუი, არამედ უმბერტო ეკო იყო. ამ ამბავმა ერთღმერთიანთა ღმერთი ისე განარისხა, რომ გუდიაშვილის მოედნის საბოლოოდ პირისაგან მიწისა აღგვა გადაწყვიტა და ქალაქისკენ ზეციური ბულდოზერები დაძრა. ასე გადაიქცა თბილისი კოსმიური ომის ფრონტის ხაზად.

ივლისი 8, 2012 

შენიშვნები

1. ჟაკ დე მოლე – ტამპლიერთა ორდენის ოცდამესამე და უკანასკნელი დიდი მაგისტრი (1244-5/1249-50 — 18 მარტი 1314) კოცონზე დაწვეს 1314 წლია 18 მარტს, პარიზში, საფრანგეთის მეფე ფილიპე IV ლამაზის სამეფო სასახლის პირდაპირ, ებრაულ კუნძულზე. ფილიპე IV ლამაზი ფანჯიდან ტკბებოდა სანახაობით. სულ ბოლო მომენტში, როდესაც ცეცხლი ჟაკ დე მოლეს სხეულს მოედო მან სასახლისაკენ გაიხედა და დაწყევლა მეფე და მისი ცამეტი თაობა: „- პაპა კლიმენტ! მეფე ფილიპ! გიიომ დე ნოგარე! წელიც არ გაივლის და გიხმობთ ღვთის სამსჯავროზე! წყეულიმც იყავით თქვენი მოდგმით!“ მეფემ მოისმინა ეს წყევლა და თქვა: “სანამ დავწვავდი ჯერ ენა უნდა ამომეგლიჯაო”. ერთ თვეში, ავინიონის პაპი კლიმენტი V გარდაიცვალა დიზენტერიის მოულოდნელი შეტევით და სული განუტევა სისხლის გამონადენებში. ერთ თვეში გაუგებერ ვითარებაში გარდაიცვალა ნოგარე (1313წ.). წლის დასასრულს კი მოულოდნელად მეფე ფილიპიც მოკვდა, მიუხედავად იმისა რომ არასდროს უჩიოდა ჯამრთველობას. რამოდენიმე წელიწადში დარდაიცვალა მეფის ყველა მემკვიდრე: სამი ვაჟი და შვილიშვილი.XIV საუკუნის დამდეგს საფრანგეთის მეფე ფილიპ IV ლამაზი იწყებს ტამპლიერთა ორდენის წინააღმდეგ ბრძოლას. ტამპლიერებს ბრალი დასდეს მწვალებლობაში, მრავალ სხვა მანკიერებაში და 1307 წლის 13 ოქტომბერს ორდენის თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს. ორდენის ქონებას სამეფო ხაზინამ კონფისკაცია უყო, ხოლო ავინიონის პაპმა კლემენტ V-მ 1312 წელს ორდენი საბოლოოდ გააუქმა. ტაძრელები იყვნენ ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის მცველები, საწმისის მცველები, რომლითაც ქრისტემ ღვინო დაალევინა თავის მოსწავლეებს საიდუმლო სერობაზე, ასევე ამბობენ, რომ მათ ეკუთვნოდათ წმინდა გრაალიც. ტამპლიერების განძი დიდი საიდუმლოს მოიცავს და დღეისთვისაც ბურუსით არის მოცული. ევროპაში გადარჩენილმა რაინდებმა, მკაცრი საიდუმლოების ქვეშ დაარსეს ვარდისა და ჯვრის საძმო (Order of the Rosy Cross). ორდენის ძირითადი მიზანი ტემპლერ რაინდთა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა იყო. დროთა განმავლობაში მათ მიერ არსდება რამოდენიმე საიდუმლო ორგანიზაცია, განსაკუთრებით აღსანიშნავია მალტიის ორდენი და გერმანიაში აღმოცენებული ილუმინატები, მათ შორის კი SKULL AND BONES (თავის ქალა და ძვლები) რომელიც შემდგომში შეერთებული შტატების ყველაზე გავლენიან საიდუმლო საზოგადოებად იქცა. http://www.ireporter.ge/tampliertha-devna-da-orde/
***
ჟაკ დე მოლე სინამდვილეში იაკობ გოგებაშვილი იყო, ან პირიქით, იაკობ გოგებაშვილი იყო ჟაკ დე მოლე. ამის თაობაზე პოლემიკა უკვე საუკუნეებია მიმდინარეობს და ჯერ-ჯერობით არცერთ აზრს არ გადაუწონია: ზოგისათვის იაკობ გოგებაშვილია ჟაკ დე მოლეს ფსევდონიმი და ზოგისთვისაც ჟაკ დე მოლე იაკობ გოგებაშვილის გაფრანგებული ნაირსახეობა. ერთადერთი, რაზეც ყველა თანხმდება, არის ის ფაქტი, რომ ჟაკ დე მოლე, ანუ იაკობ გოგებაშვილი წმინდა ინკვიზიციამ მისი მწვალებლური წიგნების – „იავნანამ რა ჰქმნასა?“ და „ბუნების კარის“ გამო დაწვა. მოგვიანებით ინკვიზიციამ „დედა ენაშიც“ მეშავწიგნეობის ნიშნები ამოიცნო: „აი ია“ ეშმასეულად მიჩნეული გორგასლიანური კაბალის ციტატა ყოფილა, ხოლო „აი თათი“ თავად ეშმაკის გამოსაძახებელი შელოცვა (ავტორის შენიშვნა).

2. ატროშანი – ზოროასტრიზმი, ანუ ცეცხლთაყვანისმცემლობა, მაზდეანობა, ერთ დროს სასანიდური სპარსეთის ოფიციალური რელიგია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სპარსეთის აქამენიდთა და პართთა იმპერიებში. რელიგია ასევე ცნობილია, როგორც ზარათუსტრიანიზმი. „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოთა“ (იაკობ ცურტაველი “შუშანიკის წამება”)

3. იოანე საბანისძე – VIII საუკუნის ქართველი მწერალი, ჰაგიოგრაფი, ავტორი „აბო თბილელის წამებისა“, რომელშიც აღწერილია არაბი ჭაბუკის, აბოს მარტვილობა, ქრისტიანობისათვის მისი თავდადება. აბოს მარტვილობის აღწერით იოანე საბანისძემ მიზნად დაისახა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება არაბთა ბატონობით შევიწროებული და ეროვნული გადაგვარების საფრთხის წინაშე მდგომი ქართველობისათვის. ქართველთა ეროვნული გადაგვარების მიზნით არაბები ქართველებში მაჰმადიანობას ავრცელებდნენ. ასეთ ვითარებაში არაბი აბო თბილელის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევა დიდმნიშვნელოვანი ფაქტი იყო.

3. ბეკენდორფი – ალექსანდრე ბეკენდორფი (1783—1844) ნიკოლოზ პირველმა (რუსეთის მეფე – 1823-1855 წწ) საიმპერატორო კანცელარიაში „მესამე განყოფილება“ შექმნა და მეთაურად გრაფი ბენკენდორფი დანიშნა; კაცი, რომლისგანაც ბავშვის შეჭმაც კი არავის გაუკვირდებოდა. მისი გენიალური იდეის წყალობით, რუსეთში „ფიქრების პოლიცია“ შეიქმნა („პალიცია მისლეი“), რომელიც ყოველთვიურად ამზადებდა მოხსენებებს საზოგადოებრივი აზრების მიმოხილვის შესახებ („აბზორი აბშჩესტვენნავა მნენია“, სანკტ-პეტერბურგი, 1827 წელი). ბენკენდორფის უწყების მიერ შემუშავდა „თეორია“, რომლის მიხედვითაც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ: „საზოგადოებრივი აზრი მთავრობისთვის ტოპოგრაფიული რუკაა, რომელიც არმიას საომარი მოქმედებების დროს სჭირდება“. ბენკერდორფმა სხვა სიმბოლოებიც შემოიღო – თეთრ ხელთათმანებსა და ცისფერ ქურთუკებში ჩაცმულ ბიჭებს ყველა ცნობდა. მათ საგანგებოდ არჩევდნენ. მათი მოვალეობა იყო: სახელმწიფო უსაფრთხოება და მტრებისგან დაცვა. 300 000 ადამიანიდან, რომლებიც სამშობლოს ღალატისთვის გააციმბირეს, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მხოლოდ ათასი კაცი ყოფილა მტერი – პოლონელი, უკრაინელი და ქართველი სხავაგვარად მოაზროვნეები (ინაკომისლიაშჩიე) ანუ, პატრიოტები. ამის შემდეგ რუსეთის პოლიტიკური პოლიციის სისტემამ ახალი სახელი – (ოხრანკა) დაირქვა (ვლადიმერ კარანაძე http://tbiliselebi.ge).

4. ბერნარდო გუი (1261–1331) – დომინიკანელთა ორდენის ინკვიზიტორი. ინკვიზიციის სახელმძღვანელოს ავტორი. უმბერტო ეკოს რომანის “ვარდის სახელი” პერსონაჟი (ანტაგონისტი). ბერნარდო გუი თავის  “ინკვიზიციის სახელმძღვანელო”-ში წერდა:  “ინკვიზიციის მიზანია ერესის განადგურება, ერესის განადგურება შეუძლებელია ერეტიკოსების განადგურების გარეშე, ერეტიკოსების განადგურება შეუძლებელია ერესის მიმდევართა და დამცველთა განადგურების გარეშე, ეს კი შესაძლებელია ორი გზით: მათი მოქცევით ჭეშმარიტ კათოლიკურ რწმენაში, ან მათი სხეულის ფერფლად ქცევით, მას შემდეგ, რაც ისინი გადაეცემიან საერო მმართველობას”

5. ამალთეას რძე – ამალთეა — ლეგენდარული თხა (სხვა ვარიანტით ფერია), რომელიც კუნძულ კრეტაზე ძუძუს აწოვებდა პატარა ზევსს. ზევსმა ამალთეა შემდეგ ცაში წაიყვანა და ვარსკვლავად აქცია. მითის თანახმად ამალთეას რქას ჰქონდა ჯადოსნური ძალა, ყველაფერი სასურველი მიეცა მისი მფლობელისთვის.

6. ორაკული – ბრძენი წინასწარმეტყველი. შესაძლოა დელისის ორაკული დელფოსის ორაკულის რემინესცენციაა. კლასიკურ საბერძნეთში უმთავრესი ორაკული – სიბილა დელფოს აპოლონის ტაძარში იმყოფებოდა და ბერძნები მას რჩევას ეკითხებოდნენ.

7. სეილა ბენჰაბიბი (დაიბ. 1950 წ.) იელის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის და ფილოსოფიის პროფესორი. მის შრომებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მულტიკულტურალიზმის კონცეფციას, თუ რატომ ეწინააღმდეგება მულტიკულტურალიზმის პრინციპები დასავლეთის დემოკრატიის ლიბერალურ საფუძვლებს, “კულტურათა მიზიდულობა” რამდენად თავსებადია თავისუფლებისა და თანასწორობის ფუნდამენტურ წარმოდგენებთან.

8. ნესტორ კალანდარიშვილი (1876-1922) – ცნობილი ქართველი რევოლუციონერი და ანარქო-კომუნისტი, “ციმბირელ პაპად” წოდებული.

9. ნაწყვეტი იოსიფ ბროდსკის ლექსიდან “20 сонетов к Марии Стюарт (1974), რომელიც ვარიაციაა პუშკინის ლექსზე

10. ჯოვანი მორელი (1816-1891) – ექიმი, იტალიელი პოლიტიკოსი, ხელოვნების ისტორიკოსი. მან ჩაუყარა საფუძველი შედარებით ანალიზს. მორელის მეთოდი მდგომარეობდა დეტალებში საგნის არსისა და დაფარული მნიშვნელობის ძიებაში. ამ მხრივ მისმა შრომებმა გარკვეული გავლენა მოახდინა ზიგმუნდ ფროიდზე. მორელი შრომებს აქვეყნებდა ივან ლერმოლიეფის ფსევდონიმით.

11. Ora et labora – “ილოცე და იშრომე” ლათინური ფრაზა, წმინდა ბენედიქტე ნურსიელის დევიზი, რომელმაც 529 წ. დააფუძნა ბენედიქტიანელების ორდენი. წმინდა ბენედიქტეს მიერ დაწერილი ფრაზა «Ora et labora» არის სამონასტრო წესის სულიერი საფუძველი და ბენედიქტიანელი ბერების სულიერი ცხოვრების ცენტრი, რომლებიც თავის საქმიანობაში ცდილობდნენ გაერთიანებინათ ჭვრეტითი ლოცვა და ფიზიკური შრომა.

12. იუნგის სიზმარი – როდესაც კარლ იუნგი 11 წლის იყო და სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, მან დაინახა, რომ ბაზელის ეკლესიის სახურავზე მზე ანათებდა. იგი გაიტაცა სამყაროს მშვენიერებაზე, ეკლესიის ბრწყინვალებაზე და ღმერთის ძლიერებაზე ფიქრმა. ღმერთი იჯდა ცაზე დადგმულ ოქროს ტახტზე. მოულოდნელად იუნგს თავში აზრად მოუვიდა იმდენად უხამსი რამ, რომ თავად ჩავარდა საგონებელში. რამდენიმე დღე უშედეგოდ ებრძოდა დაუჯერებელ აზრებს. საბოლოოდ იუნგი დანებდა და აღიარა, რომ მან დაინახა ლამაზი ტაძარი, ღმერთი იჯდა ცაზე მდგარ ტახტზე და ზემოდან გადმოჰყურებდა სამყაროს. ტახტის ქვეშიდან ფეკალური მასები ცვიოდა, ეცემოდა ტაძრის სახურავს და ანადგურებდა კედლებს.

შენიშვნები მოამზადა თენგიზ ვერულავამ

გამოქვეყნდა ჟურნალში “ცხელი შოკოლადი” – http://shokoladi.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button