თომას ჰობსი
თომას ჰობსი ინგლისელი ფილოსოფოსია, რომელმაც თავისი ძირითადი იდეები ჩამოაყალიბა 1651 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „ლევიათანი“. მასში განიხილავს ისეთ თემებს, როგორიცაა ადამიანის ბუნება, ცოდნის თეორია, ეთიკა, პოლიტიკის ფილოსოფია. ყველაზე მეტად ცნობილი ის ამ უკანასკნელ სფეროშია. ჰობსის იდეებმა დიდწილად განსაზღვრა ახალი დროის დასავლური პოლიტიკური აზროვნების პრობლემატიკა.
ჰობსმა სრულიად ახლებურად დააყენა სახელმწიფო ძალაუფლების გამართლების საკითხი. ანტიკური მოაზროვნეები, ძირითადად, ნორმატიული კუთხით მსჯელობდნენ პოლიტიკაზე, მათი მთავარი მიზანი იყო, გაერკვიათ, როგორი იქნებოდა უფრო სამართლიანი სახელმწიფო წყობა. შუა საუკუნეების დასავლური აზროვნება საერთოდ არ განიხილავდა სახელმწიფო ძალაუფლებას, როგორც პრობლემას: მისთვის ამქვეყნიური ძალაუფლება – რომლითაც, როგორც წესი, აღჭურვილი ღმერთისგან ნაკურთხი მონარქი იყო (ამ პრინციპს „მეფეთა საღვთო უფლებას“ უწოდებდნენ). პრაქტიკულად ეს ნიშნავდა, რომ პოლიტიკური სისტემა მონარქიისა და ეკლესიის, მეფის ტახტისა და საეკლესიო საკურთხევლის კავშირს ემყარებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც დასავლეთ ევროპაში კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის განხეთქილება მოხდა, ძალაუფლებისთვის ბრძოლა გადაიზარდა ნამდვილ რელიგიურ ომებში: თუ კათოლიკეებისთვის მხოლოდ კათოლიკე ხელმწიფე იყო ლეგიტიმური, პროტესტანტები მზად იყვნენ მხოლოდ მათი რწმენის მეფეს დამორჩილებოდნენ.
ჰობსის შეხედულებებზე უდიდესი გავლენა მოახდინა ინგლისის სამოქალაქო ომმა (1642-1651), რომელშიც ერთმანეთს ებრძოდნენ მონარქიისა და პარლამენტის მომხრეები, თუმცა ის კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის დაპირისპირებასაც უკავშირდებოდა. ამ ამბავმა ჰობსს ორი დასკვნა გამოატანინა: აუცილებელია ძლიერი სახელმწიფო ძალაუფლება, რომელიც გამორიცხავს სამოქალაქო დაპირისპირებას და, აქედან გამომდინარე, ქვეყნის გაპარტახებას; ამასთანავე ეს ძალაუფლება არ უნდა დაეყრდნოს „მეფეთა საღვთო უფლებას“, რადგან ამას რელიგიური ომებისკენ მივყავართ. მაშ, რა უნდა იყოს ძალაუფლების ამოსავალი პრინციპი? ჰობსის აზრით, ესაა ადამიანის ბუნება ანუ ადამიანის თანშობილი თვისებები და საჭიროებები.
იმის გასარკვევად, საკუთრივ რაში მდგომარეობს ეს უკანასკნელი, ჰობსმა შემოიტანა ახალი დროის პოლიტიკის თეორიის ერთ-ერთი უმთავრესი ცნება: ბუნებითი მდგომარეობა. ეს ის მდგომარეობაა, როცა სახელმწიფო ჯერ არ არსებობს, ანუ არ არის ძალა, რომელსაც ყველა ადამიანი დაემორჩილება და ყველა თავის თავსაა მინდობილი. ამ პირობებში ადამიანის ძირითადი მახასიათებლებია თავისუფლება და თანასწორობა. პირველი ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია მოიმოქმედოს ყველაფერი, რაც მის ინტერესებს შეესაბამება. ეს მისი ბუნებითი უფლებაა. მეორეს მხრივ, ადამიანების გონებრივი და ფიზიკური უნარები დაახლოებით თანასწორია: არავინაა იმდენად ძლიერი და ჭკვიანი სხვებზე, რომ, მხოლოდ ამის გამო, ყველაზე გაბატონდეს ან ამის საფუძვლიანი პრეტენზია ჰქონდეს.
სწორედ ამიტომ, ბუნებითი მდგომარეობა არის ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ. რაკი არ არსებობს უზენაესი ძალაუფლება, რომელსაც ყველა დაემორჩილება, ადამიანები დაუცველად გრძნობენ თავს: მათი ძირითადი მამოძრავებელია ძალადობრივი სიკვდილის შიში. მათ იციან, რომ მეორე ადამიანს ვერავინ დაუშლის მათი სიცოცხლისა და საკუთრების ხელყოფას და ცდილობენ, თავად დაასწრონ თავდასხმა. ასეთი ქცევა საკუთარი სიცოცხლის დაცვითაა ნაკარნახევი, ამიტომ მას რაიმე მორალურ შეზღუდვას ვერავინ დაუწესებს. საყოველთაო ომის ვითარება ამავე დროს საყოველთაო უბედურებაცაა: აქ „კაცის ცხოვრება ეულია, ღარიბი, მწარე, ცხოველური და მოკლე“. მაგრამ ადამიანი ბუნებით მდგომარეობაშიც რაციონალური არსებაა: მას საკუთარი ინტერესის გათვლა შეუძლია. ადამიანები მიდიან დასკვნამდე, რომ მათთვისვეა უკეთესი, დაემორჩილონ უზენაეს ძალაუფლებას, რომელიც კანონზე დამყარებულ წესრიგს დაიცავს. საამისოდ, მათ უარი უნდა თქვან ბუნებით თავისუფლებაზე, თავს დაესხან მეორე ადამიანს – სამაგიეროდ, საკუთარი სხეულის, ოჯახის, საკუთრების უსაფრთხოებას მოიპოვებენ. ბუნებითიდან „სამოქალაქო“ ანუ სახელმწიფოებრივ მდგომარეობაზე გადასვლა ხდება საზოგადოებრივი ხელშეკრულების სახით: ადამიანები თანხმდებიან, სახელმწიფო ხელისუფლებას დაემორჩილონ, რადგან ალტერნატივა საყოველთაო ომის მდგომარეობაა. ეს ხელისუფლება აბსოლუტურია ანუ ადამიანები მთლიანად უქვემდებარებენ მას თავის ნებას.
დღევანდელი გაგებით, ჰობსი დიქტატურის გამმართლებელი გამოდის. მაგრამ ამავე დროს ის თანამედროვე ლიბერალიზმის წინამორბედიცაა, რადგან სახელმწიფო ძალაუფლებას საღვთო წესრიგით კი არ ამართლებს, არამედ რიგითი ადამიანების მიმართ გაწეული სამსახურით – მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფით. ამით მთლიანად შეტრიალდა პოლიტიკური აზროვნების ტრადიცია. ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის ძირითად მახასიათებლებად გამოცხადება საფუძველს აცლიდა შუა საუკუნეების წოდებრივ იერარქიულ სისტემას.
ჰობსი ერთ-ერთი ფუძემდებელია პოლიტიკური რეალიზმის სკოლისა, რომელიც დღესაც ერთ-ერთი წამყვანია საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიაში. ამ სკოლის შეხედულების თანახმად, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა შეგვიძლია შევადაროთ „ბუნებით მდგომარეობას“, სადაც არ არის ერთიანი უზენაესი ძალაუფლება. შესაბამისად, ამ ურთიერთობაში სახელმწიფოების (როგორც ჰობსის ინდივიდების) ქცევას მთლიანად უსაფრთხოების ინტერესები განსაზღვრავს.