თომას ჰობსი
ლიბერალური ფილოსოფიისათვის ძალზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ხელშეკრულების დახასიათება შეგვიძლია დავიწყოთ თომას ჰობსის შეხედულებების გადმოცემით. მის პოლიტიკურ შრომებში წარმოდგენილია თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დებულება, რომელიც შემდგომში განმსაზღვრელი იქნება ლიბერალიზმისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჰობსს არ ღალატობს არც გადმოცემის სტილი და არც სითამამე, მის ნაწერებში მაინც შეინიშნება ერთგვარი არათანმიმდევრულობა, რაც, უპირველეს ყოვლისა, იმ ეპოქის სირთულით უნდა ავხსნათ, რომელშიაც ჰობსს მოუწია ცხოვრება და მოღვაწეობა. მწერლის არათანმიმდევრულობა, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, უფრო კონკრეტულად, ჩანს გამოწვეულია ორი ძირითადი მიზეზით: ჯერ ერთი, რევოლუციის ეპოქის თავად პოლიტიკური მოვლენების უაღრესად რთული და ბუნდოვანი ხასიათით, რაც მკვლევარს პრობლემას უქმნიდა მათ შესახებ მარტივი და ცალსახად გასაგები მსჯელობების და დასკვნების გადმოსაცემად; მეორე, მწერლის მდგომარეობით, რომელიც იძულებული იყო ანგარიში გაეწია დაპირისპირებული პოლიტიკური ძალებისათვის.
გრძელი პარლამენტის ხანაში, 1640 წლიდან, მანამდე მეფისადმი ლოიალური ჰობსი ინგლისს გაერიდა. ფრანგულ ემიგრაციაში მყოფი, ჰობსი გადაურჩა რევოლუციის ქაოსს და სამოქალაქო ომს. სამშობლოში ჰობსო მხოლოდ 1651 წელს კრომველის ნებართვით დაბრუნდა. დიქტატორი, ჩანს კმაყოფილი იყო მეტ-ნაკლებად ნეიტრალურ ინგლისელ ინტელექტუალებთან თანამშრომლობის შესაძლებლობით. შემთხვევითი როდი იყო, რომ ჰობსს ჯერ სახელმწიფო მდივნის პოსტი შესთავაზეს, ხოლო შემდეგ, დაავალეს მოემზადებინა ბრიტანული უნივერსიტეტების რეფორმის პროექტი.
იგივე 1651 წელს, ლონდონში გამოიცა ჰობსის ნაშრომი “ლევიათანი”, რომელმაც მის ავტორს მსოფლიო სახელთან ერთად ემიგრაციეში მყოფი კლერიკალების და როიალისტების რისხვა მოუტანა. კრიტიკოსების მიერ “ლევიათანი” აღქმული იქნა ისეთ ნაშრომად, რომელიც რევოლუციონერების წისქვილზე ასხამდა წყალს. ჰობსს რევოლუციისადმი სიმპათიის გარდა, ათეისტობა დაბრალდა. ტრაქტატის შინაარსს რომ თავი დავანებოთ, მათ გასაღიზიანებლად საკმარისი იქნებოდა მხოლოდ ნაშრომის გამოცემის გარეკანი, რომელზედაც გამოსახულ ძლევამოსილი სახელმწიფოს სიმბოლოს, ლევიათანს, კრომველის სახე ჰქონდა. სამეფო ხელისუფლების რესტავრაციამ მძიმე მდგომარეობაში ჩაყენა ჰობსი. მისი “ლევიათანი” აკრძალული ლიტერატურის სიაში მოხვდა.. დამატებით, მას მეფემ აუკრძალა რელიგიურ და პოლიტიკურ თემებზე შრომების გამოქვეყნება. ალბათ, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც მისი შემდეგი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ხასიათის ნაშრომი, “ბეჰემოტი, ანუ გრძელი პარლამენტი” არ გამოქვეყნდა. ამ შრომაში ჰობსი განიხილავდა სამოქალაქო ომის მიზეზებს იმგვარად, რომ სამეფო ხელისუფლების თვალში რეაბილიტაციას ცდილობდა.
რებილიტაციის უფრო აშკარა მცდელობას წარმოადგენდა 1668 წელს ლათინურ ენაზე გამოცემული “ლევიათანი”. ის მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ინგლისური ვარიანტისაგან, რადგან ჰობსმა ახალ გამოცემას საკმაოდ უცვალა სახე. ასე მაგალითად, ტერმინ “სახელმწიფოს” აღმნიშვნელად ინგლისურ ვარიანტში გამოიყენებოდა რევოლუციონერებისათვის სათუთი სიტყვა “Commonwelt” მაშინ, როდესაც ლათინურ ორეულში მის ადეკვატურ ტერმინად აღებული იქნა “civitas”, ხოლო უმრავლეს შემთხვევაში კი “monarhia”. ლათინურ “ლევიათანში” ავტორმა ამოიღო ინგლისური გამოცემის არაერთი პარაგრაფი და ჩაანაცვლა ისეთი თავებით, რომლებიც, თუ ხელისუფლების მიმართ ლოიალობის ნიმუშად არ გამოდგებოდა, ნეიტრალური პოზიცია მაინც უნდა დაეფიქსირებინა. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ გარეკანზე ლევიათანის გამოსახულებაში კრომველის სახეს მეფის სახე ჩაენაცვლა.
ამ მცდელობების მიუხედავად, სრული რეაბილიტაცია სამეფო კარზე ჰობსმა ვერ შესძლო. ყველას ესმოდა, რომ მთავარმა სათქმელმა უკვე გაიჟღერა. ესეც არ იყოს, გადამუშავებული “ლევიათანიც” შეიცავდა არაერთ ისეთ მტკიცებას, რომელიც სავსებით საკმარისი იყო თავისუფლებისა და სხვა არსებითი ლიბერალური ღირებულებების დასაფუძნებლად.
1.ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა და მისი იმპლიკაციები
არისტოტელური ტრადიციისაგან განსხვავებით, რომელსაც მიაჩნდა, რომ არის რა პოლიტიკური არსება, ადამიანი არსებობს მხოლოდ პოლიტიკურ მდგომარეობაში, ჰობსის აზრით, ადამიანთა პოლიტიკურ ყოფას, წინ უსწრებს ბუნებრივი მდგომარეობა. ბუნებრივი მდგომარეობის აღწერით ჰობსი ცდილობს უკეთ აჩვენოს, თუ რა ხდომილებები განაპირობებს სახელმწიფოს წარმოშობას. პირველი თეზისი, რომელსაც ჰობსი ბუნებრივი მდგომარეობის გასაცნობად გვთავაზობს, ლიბერალიზმის ქვაკუთხედად შეიძლება ჩაითვალოს. გვახსოვს, რომ პლატონმა საკმაოდ დიდი ადგილი დაუთმო იმის მტკიცებას, რომ ადამიანები ბუნებით არათანასწორნი არიან. ჰობსი ბუნებრივი მდგომარეობის აღწერისას ამის საპირისპირო პოსტულატიდან ამოდის. ის წერს: “ბუნებამ ადამიანები ფიზიკური და გონებრივი უნარების მიხედვით თანასწორნი შექმნა, რადგან მართალია, ზოგჯერ ჩვენ ვაკვირდებით, რომ ერთი ადამიანი მეორეზე უფრო ღონიერი ან ჭკვიანია, მაგრამ თუ მათ ყველას ერთიანობაში განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ განსხვავება მათ შორის არცთუ ისე დიდია, რომ რომელიმე ადამიანს მის საფუძველზე შესძლებოდა მოეთხოვა თავისთვის რაიმე სასიკეთო იმგვარად, რომ სხვა ადამიანს არ ჰქონდეს იგივეს მოთხოვნის ანალოგიური უფლება” (1.149).
ჰობსის ამ ციტატაში საყურადღებოა შემდეგი კონტრავერსია: ა) ჰობსი, როგორც ვხედავთ, სულაც არ ლაპარაკობს იმაზე, რომ ადამიანები ერთმანეთისაგან სერიული წარმოების პროდუქტებივით განუსხვავებელნი არიან. ის მხოლოდ იმას ამბობს, რომ მათ შორის უმნიშვნელო სხვაობიდან არ გამომდინარეობს რომელიმე მათგანის გამორჩეული უფლება აკეთებდეს ან ფლობდეს რაიმეს. ბ) თუკი რომელიმე ადამიანს აქვს სამართლებრივი საფუძველი სხვისგან განსხვავებით მოითხოვოს ან ფლობდეს რაიმეს, ეს საფუძველი არ მომდინარეობს მისი ბუნებრივი თვისებებიდან. ეს უკანასკნელი დებულება ჰობსის ამოცანადაც კი შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან ვხედავთ რა საზოგადოებაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ დიფერენციაციას და ამავე დროს ვიზიარებთ თეზისს ბუნებითი თანასწორობის შესახებ, ალბათ, (ამ შემთხვევაში ჰობსის) პოლიტიკურ თეორიას უნდა მოვთხოვოთ აგვიხსნას, რა ქმნის ასეთ განსხვავებას.
ჰობსი გვთავაზობს შემდეგ ამხსნელ ნაბიჯებს: ადამიანებს შორის უნარების ერთგვარობა არის ურთიერთუნდობლობის და კონფლიქტის წყარო. ბუნებრივ მდგომარეობაში იქმნება ტოტალური კონფლიქტის ვითარება — ყველას ომი ყველას წინააღმდეგ. მას აღვივებს ადამიანის თანდაყოლილი ისეთი მანკიერებანი, როგორიცაა უნდობლობა, მეტოქეობა, დიდების წყურვილი. პირველის მიზეზით ადამიანები იბრძვიან უსაფრთხოებისათვის, მეორის — ნადავლის ხელში ჩასაგდებად, ხოლო მესამის გამო კი ღირსების განსამტკიცებლად.
იმის გასააზრებლად, თუ როგორ უნდა გავიგოთ ყველას ომი ყველას წინააღმდეგ, ჰობსი ასეთ განმარტებას აძლევს ომს: ომი არ არის მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტი. კონფლიქტებს შორის არსებობს შუალედები, რომლის დროსაც მეტოქეები ავლენენ აშკარა სამზადისს ან მზაობას შეტაკებისათვის. როგორც “ცუდ ამინდში” იგულისხმება დრო წვიმასა და წვიმას შორის, ასევე ომი არის პერიოდი შეიარაღებული შეტაკებებისა და მათ შორის არსებული დროითი შუალედების. მთელი დანარჩენი დრო მშვიდობად იწოდება.
მთელი იმ დროის განმავლობაში, ვიდრე ხორციელდება ტოტალური ურთიერთმტრობა, და უნდობლობა, როდესაც ძალაშია პრინციპი — “ადამიანი ადამიანისათვის მგელია” — არავინ გრძნობს თავს დაცულად. ფიზიკურად გაცილებით სუსტ ადამიანს ძალზე იოლად შეუძლია სიცოცხლე მოუსწრაფოს მასზე უფრო ძლიერს. აღნიშნულ ვითარებას დიდად განაპირობებს საერთო ხელისუფლების არარსებობა. სადაც არ არსებობს ხელისუფლება, იქ არ ასრსებობს არც სამართალი და კანონი და, შესაბამისად, ვერც ერთ ქმედებაზე ვერ ვიტყვით სამართლიანია ის, თუ უსამართლო. რასაკვირველია, რომ ამგვარ ვითარებაში ყოველი ადამიანი თავს დაუცველად გრძნობს (1.154).
ჰობსს ძალზე სურს, რომ მის მიერ ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობის აღწერა არ დაემსგავსოს ფიქციას, არ მიიღოს მითიური გამონაგონის ხასიათი. ამიტომ კითხვაზე, სად შეიძლება ვიგულოთ ასეთი ბუნებრივი მდგომარეობა, ის გვაპასუხობს, რომ ამგვარ მდგომარეობაში არიან ამერიკაში მცხობრები ტომები და არა მხოლოდ ისინი. ასეთივე სიტუაციაში არიან ადამიანები რევოლუციებისა და დიდი სოციალური არეულობების დროს. მაგრამ, სადაც არ უნდა ხდებოდეს მსგავსი რამ, ყველა შემთხვევაში, ადამიანს სურს გამოვიდეს სიტუაციიდან. ასეთ დროს მას ვნებები (სიკვდილის შიში, მისწრაფება უსაფრთხო და კომფორტული ცხობრებისაკენ) და გონება. ლორენს ბერნსი, თავის ჰობსის პოლიტიკური ფილოსოფიისადმი მიძღვნილ შრომაში იმგვარად აღწერს ვითარებას, თითქოს ჰობსის თეორიაში გონების როლი ბუნებითი სამართლის პრინციპების დადგენაში უმნიშვნელო იყოს. ის წერს: “ბუნებითი მდგომარეობა გამოიყვანება ადამიანის ვნებებიდან; ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ მოგვიწევს გავიგოთ, თუ როგორია ადამიანის ბუნებრივი მიდრეკილებები, რათა ჩამოვაყალიბოთ სწორი პოლიტიკური წესრიგი. … შედეგად, თვითგადარჩენა, შიშის, ძალადობრივი სიკვდილის შიშის გამო, ძალზე მნიშვნელოვან, განმსაზღვრელ ვნებად იქცევა” (2.357). ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიუხედავად ადამიანის ემოციური სამყაროს დიდი მნიშვნელობისა, თუნდაც ბუნებრივ მდგომარეობაში, განმსაზღვრელი მაინც გონებაა, რადგან სწორედ გონება ახდენს ადამიანის ბუნებითი უფლებებიდან ბუნებითი კანონების გამოყვანას და ამით დასაბამს აძლევს პოლიტიკურ და სოციალურ წესრიგს.
რა განსხვავებაა ბუნებით უფლებასა და ბუნებით კანონს შორის?
არისტოტელე განასხვავებდა ერთმანეთისაგან სახელმწიფო კანონმდებლობის ბუნებით და კონვენციონალურ წყაროს (იხ. “ნიკომაქეს ეთიკა” 1134 ბ 18-20). მის მსგავსად, ჰობსი საუბრობს ბუნებითი უფლების (jus naturale) და ბუნებითი კანონის (lex naturale) შესახებ. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ პირველი არის ადამინის თავისუფლება საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად გამოიყენოს ყველა ის საშუალება, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. ამისგან განსხვავებით, ბუნებითი კანონი არის გონების პროსკრიპცია, მოცემული ზოგადი სამოქმედო წესის სახით, რომელიც ადამიანს უკრძალავს იმის კეთებას, რაც მისი სიცოცხლისათვის სახიფათოა ისევე, როგორც იმის უგულვებელყოფას, რაც იგივესათვის სასარგებლოა (1.155). ამრიგად, განსხვავება jus-სა და lex-ს შორის ემსგავსება განსხვავებას თავისუფლებასა და ვალდებულებას შორის ერთი და იგივე ხდომილების მიმართ. თუ პირველი აფიქსირებს ადამიანის მოქმედების თავისუფლებას აკეთოს მისთვის საჭირო რამ, მეორე აყალიბებს ამის გაკეთების ვალდებულებას. ამასთან, უკანასკნელის ბუნებითობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ იმდენად, რამდენადაც ადამიანის ბუნებით მონიჭებული გონებრივი უნარებით დგინდება და გამოიყვანება ბუნებითი უფლებებისაგან.
ამ გამიჯვნის შემდეგ, გასაგებია, რომ ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი მთლიანად jus ნატურალე-ს მოქმედების ზონაში იმყოფება, რადგან არაფერი ავალდებულებს მას თავისი შეხედულებებისამებრ უარი სთქვას ნებისმიერ აქციაზე, რომელსაც კი მისთვის საჭიროდ ჩათვლის. ეს ვითარება ბუნებითი სამართლის ენაზე, შეიძლება დაფიქსირდეს ფორმულით — “ყველას ბუნებითი უფლება ყველაფერზე”. მაგრამ, რამდენადაც არსებულ ვითარებაში არავის აქვს უსაფრთხოების ელემენტარული გარანტია და არსებობა მომრავლებულ რისკებთანაა დაკავშირებული, საქმეში ერევა გონება, რომელიც აყალიბებს რამდენიმე ბუნებით კანონს. მათ შორის: 1. ან უნდა განვამტკიცოთ მშვიდობა, ან უნდა ყველა შესაძლო ხერხით უზრუნველყოთ საკუთარი უსაფრთხოება. შემდეგ, 2. თუ მშვიდობაზე თანახმაა ერთი მხარე, მაშინ მეორე ვალდებულია უარი სთქვას თავის უფლებაზე ყველა საგნის მიმართ იმ ხარისხით, რა ხარისხითაც სხვა იტყვის უარს იგივეზე და ა.შ. ამ წესით სულ გამოყვანილია ცხრამეტი კანონი და რიგი დამატებითი პრინციპები, რომელთაც უნდა უზრუნველყონ ნიადაგი ბუნებითი მდგომარეობიდან პოლიტიკურ საზოგადოებაზე გადასასვლელად. ამ გზით მიდიან ადამიანები საზოგადოებრივ ხელშეკრულებამდე, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ბუნებითი უფლებების ურთიერთზე გადატანა, ანუ უფლებათა გაცვლა (1.159; 161.).
ჰობსი მიუთითებს, რომ ბუნებითი კანონები მარადიულია. მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს არც ის, რომ ისინი გეომეტრიული წესით დედუცირებულია ბუნებითი უფლებიდან. აქ ადგილი არ არის ე.წ. გეომეტრიული მეთოდის დესკრიპციისათვის. მასზე დამაკმაყოფილებელ წარმოდგენა ექნება იმას, ვინც იცნობს ამ მეთოდით აგებულ სპინოზას “ეთიკას”. მაგრამ, იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ კანონად წოდებული თეზისები სწორედ ასეა დედუცირებული ავტორის თავის მიწურულს აკეთებს შემდეგ შენიშვნას: “გონების ამ განჩინებებს ადამიანები ჩვეულებრივ კანონებს უწოდებენ, რაც სინამდვილეში არ შეესატყვისება მათ არსებას. ეს პრესკრიპციები მხოლოდ დასკვნები ან თეორემებია იმის თაობაზე, რაც უზრუნველყოფს ადამიანთა შენარჩუნებას და დაცვას მაშინ, როდესაც კანონი, საკუთრივი ზრით, გულისხმობს იმის მერ გახორციელებულ განჩინებას, ვისაც სხვისი მბრძანებლობის უფლება აქვს. თუმცა, თუ ჩვენ ამ თეორემებს ღვთისაგან ბოძებულებად განვიხილავთ, მაშინ ისინი სამართლიანად იწოდებიან კანონებად” (1.185). ბუნებითი კანონები, შინაარსის მიხდევით, ემთხვევიან სამოქალაქო კანონებს. ბუნებითი კანონები, იტყვის უფრო გვიან ჰობსი, სულაც არ არიან კანონები ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით, არამედ უფრო სხვადასხვა სახის პრინციპებს წარმოადგენენ, რომელთაც შეუძლიათ ადამიანების განწყობა მშვიდობისა და სამოქალაქო წესრიგისაკენ. მხოლოდ სახელმწიფოს ხელდასმით, მისი უმაღლესი წარმომადგენლის განსაკუთრებული ბრძანებულებით იქცევიან ისინი სამოქალაქო კანონებად (1. 283).
2. პიროვნების (პერსონის) ცნება
პიროვნების (პერსონის) ცნება საჭიროა სახელმწიფოს ჰობსისეული კონცეფციის სრულყოფილად გასააზრებლად. უზენაესი პერსონა, როგორც შემდეგი თავიდან გახდება ნათელი, არის სახელმწიფო. იმისათვის, რომ გავარკვიოთ, თუ რა კონკრეტული შინაარსი იდება ამ ცნებაში, უნდა გავარკვიოთ ჯერ “პერსონის” რა მხარეებზე აკეთებს აქცენტს ჰობსი.
პიროვნება არის ის, ვისი სიტყვები ან მოქმედებები განიხილება, ან როგორც მისი საკუთარი, ან როგორც სხვა ადამიანის სიტყვები და მოქმედებები. პირველ შემთხვევაში, პიროვნება ბუნებრივია, მეორე შემთხვევაში — ხელოვნური. სიტყვა პიროვნების, ლათინური “პერსონ”-ის შესატყვისად ბერძნები იყენებდნენ “προσωπον”-ს, რომელიც აღნიშნავდა სახეს, გამომეტყველებას მსგავსად იმისა, როგორც ლათინური პერსონა გამოხატავდა მორთულობას, ადამიანის გარე შესახედაობას. ამ მნიშვნელობით გამოიხატებოდა ეს ტერმინი თეატრის მოქმედ პირთა მორთულობის მიმართ და უმრავლეს შემთხვევაში აღნიშნავდა მორთულობის სწორედ იმ ნაწილს, რომელიც ფარავდა სახეს, ანუ აღნიშნავდა ნიღაბს. თეატრის სფეროდან ამ ტერმინმა შემდეგ გადაინაცვლა სასამართლოსაკენ და აღნიშნავდა ყველა სიტყვის წარმომთქმელ ამ მომქმედ პირს. ამიტომ, პიროვნება (პერსონა) არის მომქმედი (თუ სიტყვით გამოსვლას მოქმედების ნაირსახეობად გავიგებთ), პირი. სულ ერთია სასამართლოში, სცენაზე, თუ ყოფით ვითარებებში. აქვე იგულისხმება, რომ ეს პირი თავის მოქმედებებში ან თავის თავს წარმოადგენს, ან სხვას.
3.სახელმწიფო და ხელშეკრულება
ფინალური მიზეზი იმისა, რატომაც ამჯობინებენ სახელმწიფოს სახით ლაგამს თავისუფლებისმოყვარე ადამიანები, არის ზრუნვა თვითგადარჩენაზე და ცხოვრების უკეთეს პირობებზე.სახელმწიფოს დაარსებით ადამიანები ცდილობენ დააღწიონ თავი ომის უბადრუკ ყოფას, მათთვის ბუნებრივ მდგომარეობაში ვნებებს რომ მოუხვევია თავს. ბუნებრივ მდგომარეობაში ხომ არ არსებობს აშკარა ძალაუფლება, რომელიც დასჯის მუქარით აიძულებდა ადამიანებს შეესრულებინათ ბუნებითი კანონები. ხელშეკრულება მახვილის გარეშე — ფიქრობს ჰობსი — მხოლოდ ცარიელი სიტყვაა, რომელიც ადამიანს ვერ მისცემს უსაფრთხოების გარანტიას.
მაშინ, რა შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო შედგა? შეგვიძლია თუ არა, ვთქვათ, არისტოტელეს კვალად ჩავთვალოთ, რომ ერთად თავმოყრილი სოფლების გარკვეული რაოდენობა შეადგენს სახელმწიფოს? თუ სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ადამიანთა უსაფრთხოებაა, ერთი მიზნით თავმოყრილი ადამიანების დიდი მასა ხომ საკმარისი უნდა იყოს ამისათვის? ჰობსს მრავლად მოყავს ასეთი შესაძლო კითხვების სხვადასხვა ვარიაციები იმისათვის, რომ ნეგატიური პასუხის მართებულობაში დაგვარწმუნოს. მართლაც, თუკი ადამიანთა მხოლოდ დიდი რაოდენობაა საკმარისი იმისათვის, რომ ყოველგვარი საჯარო ხელისუფლების გარეშე დაცული იყოს ბუნებითი უფლებები და თითოეულმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, რატომ არ შეიძლება იგივე გავრცელდეს მთელ კაცობრიობაზე? მაგრამ, სინამდვილეში ეს ასე არ არის.
იმისათვის, რომ ადამიანთა ხელშეკრულებას ჰქონდეს მუდმივი ხასიათი და ხანგრძლივად, არა რაღაც მოკლე პერიოდით, არეგულირებდეს საზოგადოებრივ ურთიერთობებს, გარდა ადამიანთა მასისა და თავად შიშველი ხელშეკრულებისა, საჭიროა კიდევ რაღაც, რაც უზრუნველყოფს ამ ხელშეკრულების შესრულებას. ეს რაღაც არის საჯარო ხელისუფლება, რომელიც სასჯელის შიშის ქვეშ ამყოფებდა ადამიანებს და მიმართავდა მათ საერთო მიზნების შესასრულებლად.
როგორ, რის საფუძველზე უნდა შეიქმნას საჯარო ხელისუფლება? ჰობსი წერს: “ასეთი საჯარო ხელისუფლება… შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ ერთი გზით, კერძოდ, მთელი ძალაუფლების, ადამიანთა ძალის ერთ ადამიანში ან ადამიანთა საკრებულოში თავმოყრით” (1.196). სხვაგვარად ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ხალხის წარმომადგენელი უნდა იყოს და თითუეულმა მოქალაქემ საკუთარი ნება უნდა დაუქვემდებაროს საერთო ნების მატარებელ პერსონას. ასეთი ერთიანობა — ჰობსის აზრით — უფრო მეტია, ვიდრე უბრალო თანხმობა ან, გნებავთ ერთსულოვნება. ეს არის რეალური ერთიანობა ხელშეკრულებით განხორციელებული ერთ პერსონაში იმგვარად, რომ ხელშეკრულების თითოეულ მონაწილე ყოველ სხვა მონაწილესთან ერთად, ამ ერთ პერსონას ან საკრებულოს თვლის საკუთარი თავის მართვის უფლების მატარებლად.
“თუკი ასეთ რაიმეს ადგილი ექნა — წერს ჰობსი — მაშინ ამ წესით ერთ პერსონაში გაერთიანებული ადამიანთა ერთიანობა, იწოდება სახელმწიფოდ, ლათინურად — civitas. ასეთია დიდი ლევიათანის, ან უფრო მეტი პატივის მიგებით რომ ვთქვათ — იმ მოკვდავი ღმერთის დბადება, რომელსაც უკვდავი ღმერთის საფარქვეშ მყოფნი უნდა ვუმადლოდეთ მშვიდობას და დაცვას” (1.196). იმის gათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს ყოველი წევრი თავის უფლლებამოსილებას გადააბარებს ერთ ან რამდენიმე პირს, ამ უკანასკნელთა ხელში თავს იყრის უზარმაზარი ძალაუფლება, რომელიც სრულიად საკმარისია სახელმწიფოს ყოველი წევრის, მთელი ხალხის ნების მისამართად გარე მტრის წინააღმდეგ ან შიდააშლილობის აღსაკვეთად. ამ შენიშვნებისა და დაზუსტებების შემდეგ, სახელმწიფოს განსაზღვრება საბოლოოდ ასე ჟღერს: “საელმწიფო არის ერთიანი პერსონა, რომლის მოქმედებაზე პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დადებით აიღო დიდი რაოდენობის ხალხმა, იმისთვის, რომ ამ ერთ პერსონას შესძლებოდა ყველა მათი ძალის და სახსარის გამოყენება იმგვარად, როგორც ის საჭიროდ ჩათვლიდა მათივე მშვიდობისა და დაცვისათვის” (1.197). ამ ერთიანი პერსონის მატარებელს ეწოდება სუვერენი, ანუ ის, ვინც არის უმაღლესი ხელისუფლების მატარებელი და, ვინც ხელშეკრილების ძალით წამოადგენს ყველას. ყველა დანარჩენს ეწოდება ქვეშევრდომი. ამ უმაღლესი პოსტის მიღწევა შესაძლებელია ორი გზით: ან უნდა გამოყენებული იყოს ფიზიკური ძალა და ასეთ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება მოხვეჭით მიღებული სახელმწიფო, ან მოქალაქეებმა უნდა დადონ ნებაყოფლობითი ხელშეკრულება და მაშინ ჩვენ მივიღებთპოლიტიკურ სახელმწიფოს.
სახელმწიფოს ხელშეკრულებითი თეორია შემდგომ განვითარებას პოვებს ლიბერალური ფრთის სხვა წარმომადგენლებთან. ის განსაკუთრებით სრულადაა დამუშავებული რუსოსთან. რუსოსაგან განსხვავებით, ჰობსის ხელშეკრულების თეორიის სპეციფიკა ისაა, რომ ხელშეკრულება იდება მხოლოდ ქვეშევრდომებს შორის და არა ქვეშევრდომებს და სუვერენს შორის. ამ საფუძვლიდან გამომდინარე, ჰობსი უარყოფს სუვერენის ხელისუფლებისაგან ჩამოცილების მართლზომიერებას. ჰობსი პირდაპირ წერს, რომ ამ წესით სახელმწიფოს შემდგენლებს უკვე აღარ შეუძლიათ ახალი ხელისუფლების დადება, რომლის ძალითაც ისინი მორჩილებას ახალ პირს გამოუცხადებდნენ. ამიტომ, არავის აქვს მონარქის დამხობის, ქვეყნის ქაოსში ჩაგდების და ახალი სუვერენის არჩევის უფლება. ეს წესი, რამდენადმე პარადოქსულად, არ იცვლება არც მაშინ, როდესაც სუვერენი დაარღვევს რაიმე ვალდებულებას (1.199). შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ რუსოს ხელშეკრულების თეორიამ, რომელიც სუბიექტებად მზოლოდ მოქალაქეებს კი არა, არამედ თითოეულ მოქალაქესთან სუვერენის მიერ დადებულ გარიგებასაც გულისხმობდა, სავსებით ლოგიკურად ჩათვალა შესაძლებლად, ამ უკანასკნელი პასუხისმგებლობა ხედშეკრულებით აღებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში. ამან კი რევოლუციის თეორიული დასაბუთებას გაუხსნა გზა.
3.1. სახელმწიფოს მოწყობის ფორმები
ჰობსი ცალკე აღარ განიხილავს საკითხს იმის თაობაზე, სახელმწიფოს ხელშეკრულებითი დაფუძნება მხოლოდ მონარქიულ სახელმწიფოზე ვრცელდება, თუ ყველა დანარჩენ ფორმაზედაც, რადგან დადებითი პასუხი ამ კითხვაზე საკმაოდ ნათლად გამოსჭვივის მის მსჯელობებში. ასეთი პოზიცია შესაძლოა გაუგებრობის წყარო გახდეს, თუკი არ გავითვალისწინეთ მისი ზოგიერთი შენიშვნა. განსაკუთრებით ეს შეეხება სახელმწიფო მოწყობის ისეთ ფორმას, როგორიცაა ტირანია. რა აზრით შეიძლება ითქვას, რომ მოძალადე სუვერენის ხელისუფლება (გნებავთ, ძალადობის პრინციპული ფორმა რომ ავიღოთ სახელმწიფოს ფორმირების თვალსაზრისით, როდესაც სახელმწიფო დაპყრობების შედეგად იქმნება) ხელშეკრულების შედეგია? ამ კითხვაზე პასუხისათვის შეგვიძლია მივაკითხოთ ჰობსის მიერ ბერძნული ტერმინის “ δεσποτηζ“ (ბატონი, პატრონი) ანალიზს.
როდის ხდება მავანი ამა თუ იმ პირის ბატონი? პასუხისათვის ჰობსი ლაპარაკობს დამონების ერთ ფორმაზე — ომში მოპოვებულ მონებზე. მავანი ბატონი ხდება არა მაშინ, როდესაც ის დაამარცხებს, მიწაზე დასცემს მეტოქეს, არამედ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ეს უკანასკნელი საკუთარი სიცოცხლის ფასად გამარჯვებულის საკუთრება ხდება. ეს კი ნიშნავს, რომ თვით ამ საზღვრით შემთხვევაშიაც ურთიერთობას ბატონსა და მონას შორის ხელშეკრულება ადგენს. აქედან, ძნელი არ არის იგივე პრინციპების გავრცელება ძალადობით მოპოვებულ სახელმწიფო სუვერენობის იმ ფორმაზე, რომელიც ძალადობრივი გზით ჩამოყალიბდა. ეს კი ნიშნავს, რომ მოძალადე ხელისუფალზე ზუსტად იგივე პრინციპები ხორციელდება, რომელიც ვრცელდება ჩვეულებრივი ხელშეკრულებით წარმოშობილ ხელისუფლების სხვა ფორმაზე (1.226).
სახელმწიფოები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ რას წარმოადგენს ამ სახელმწიფოში ის, ვინც წარმოადგენს ყველას და თითოეულს, ანუ რას წარმოადგენს სუვერენი. (1.209). ამ პრინციპის შესაბამისად, ჰობსისათვის არსებობს სახელმწიფოებრივი მოწყობის სულ სამი ძირითადი ფორმა: მონარქია, არისტოკრატია და დემოკრატია. რაც შეეხება ტირანიასა და ოლიგარქიას, ისინი მხოლოდ მონარქიის და არისტოკრატიის უარყოფითი ნაირსახეობებია. უფრო ზუსტად, “ტირანია” და “ოლიგარქია” არის ნეგატიური დახასიათებები მონარქიისა და არისტოკრატიისათვის. ეს სამი ძირითადი ფორმა იმით განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუ რომელი მათგანი უფრო გამოსადეგია ძირითადი მიზნის განხორციელებაში — ქვეშევრდომების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჰობსი მიუთითებს, რომ კრიტერიუმად ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ავიღოთ ინტერესების თანხვედრა. სადაც საზოგადოების ინტერესები ყველაზე მეტად ემთხვევა ხელისუფლების სათავეში მდგომთა ინტერესებს, იქ უფრო უკეთ რეალიზდება სახელმწიფოს ფუნქციები და ამოცანები. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, მონარქიაში ხდება, რადგან მონარქის სახელს, დიდებას და სიმდიდრეს განსაზღვრავს მისი ქვეშევრდომების სახელი, დიდება და სიმდიდრე. ამისგან განსხვავებით, გვარწმუნებს, ჰობსი, დემოკრატიასა და არისტოკრატიაში, ისინი, ვინც სუვერენს განახორციელებენ, მათი პირადი ინტერესები განსხვავებულია სახელმწიფოს ინტერესებისაგან.
4. სუვერენული ხელისუფლება და მისი საზღვრები
ჩვენ უკვე ვიცით, რომ “სუვერენით”, ჰობსის თეორიაში, აღინიშნება ხელისუფლების უზენაესი პირი, სულ ერთია ამ პირს წარმოადგენს ერთი ადამიანი, თუ ადამიანთა ჯგუფი. როგორც ვნახეთ, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ხელშეკრულებით ფუძნდება ასეთი სახელმწიფო პოსტი, რომელსაც იკავებს ესა თუ ის ადამიანი, შემდეგ კონტრაქტის გაუქმება მასთან და ახალი კონტრაქტის დადება სხვა პირთან აღარ შეიძლება. სუვერენის ხელისუფლებისაგან ჩამოცილების ერთადერთი ფორმაა მისი საკუთარი ნებით პოსტიდან გადადგომა. რამდენადმე პარადოქსულად ეს ნიშანი ვრცელდება არა მხოლოდ იმ ტიპის სუვერენზე, რომელიც წარმოიშვა საზოგადოებრივი ხელშეკრულების მიხედვით, არამედ იმაზედაც, ვინც სუვერენული უფლებები მოიპოვა ძალის გამოყენებით და ჩვენ უკვე ვიცით, რომ ჰობსი ამ ორ სახეს შორის პრინციპულ განსხვავებას ვერ ხედავს. მათ შორის მსგავსებაა შიშის ფაქტორის გათვალისწინებითაც. თუ სუვერენის პოსტი პოლიტიკურად მყარდება, ამისაკენ ადამიანებს უბიძგებს ერთმანეთის შიში, ხოლო თუ სახელმწიფო ყალიბდება დაპყრობით, მაშინ შიშის საგანი დამპყრობლის ძალმომრეობაა. თვით ასეთ შემთხვევაშიც, მხოლოდ საკუთარი ნებით გადადგომა იქნება სუვერენის ხელისუფლებისაგან ჩამოცილების ერთადერთი ფორმა.
ამის გარდა, სუვერენს აქვს სხვა ნიშნებიც, რომელიც შემოსაზღვრავს მის ძალაუფლებასა და კომპეტენციას. შევეხოთ რამდენიმე მათგანს. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ სუვერენის ყველა უფლება მომდინარეობს მისი, როგორც ქვეშევრდომების უსაფრთხოების გარანტორობიდან. შესაბამისად, პირველი მისი უფლებაა იყოს საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ყველა იმ საკითხში, რომელიც ეხება მისი ქვეშევრდომების მშვიდობას და დაცვას.
• იგივე მოსაზრებებით იგი უფლებამოსილია განსაჯოს სახელმწიფოში გამოცემული ლიტერატურის ავკარგიანობა. დაადგინოს პრინციპები იმისა, თუ რა სახის ლიტერატურაა საჭირო და რომელი ავტორები უნდა იყვნენ რეკომენდირებულნი;
• სუვერენს ეკუთვნის, აგრეთვე განსაკუთრებული აქტის უფლება, რომელიც ადგენს საკუთრების უფლებას (და საკუთრება კი არსებობს მხოლოდ ადამიანთა პოლიტიკურ მდგომარეობაში, რადგან ბუნებრივ მდგომარეობაში ყველას ყველაფერზე აქვს საკუთრების უფლება), მის საზღვრებს და კანონებს საკუთრების ირგვლივ არსებული სხვადასხვა სახის პრობლემების მოსაგვარებლად;
• სუვერენი ითავსებს უმაღლესი მოსამართლის ფუნქციასაც, როდესაც სადავო ხდება თავად კანონი, სულერთია, ეს კანონი არის ბუნებითი, თუ სამოქალაქო;
• სუვერენის კომპეტენციაში შედის ომის და მშვიდობის საკითხები. ის არის უმაღლესი მთავარსარდალი და მართავს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს;
• სუვერენი თავად ირჩევს ყველა სამოქალაქო პირს, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო თანამდებობაზე. მას შეუძლია წარჩინების ნიშნებით დააჯილდოვოს ყველა პირი, რომელმაც თავი გამოიჩინა სახელმწიფოს სამსახურში. დაჯილდოებაში შედის როგორც ღირსების სხვადასხვა ორდენით, ასევე ტიტულებით და ქონებით დაჯილდოება.
ამ ძირითადი უფლებების გარდა, რა თქმა უნდა, კიდევ არსებობს სხვა უფლებებიც, რომელთა ჩამოთვლას აქ აღარ გავაგრძელებთ. უფრო მნიშვნელოვანია მითითება იმაზე, რომ სუვერენს ამ ფუნქციების გასხვისება არ შეუძლია. ამავე დროს, არსებობს სრულიად სხვა სახის საკითხების რიგი, რომელთა გადაწყვეტა სუვერენს შეუძლია სრულიად უსაფრთხოდ მიანდოს რომელიმე თავის ქვეშევრდომს. ასეთია, მაგალითად, ფულის მოჭრა, მცირეწლოვანთა მემკვიდრეობის საკითხები, ბაზრის რეგულირების პრობლემები და სხვა. მაგრამ მას არ შეუძლია გაასხვისოს უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქცია, რადგან თუ ის მთავარსარდლობას სხვას ჩააბარებს, მაშინ, რეალურ ძალას მოკლებული, ვეღარც უმაღლეს მოსამართლეობას განახორციელებს. თუ ის უარს იტყვის ქვეყნის ფინანსების განკარგვაზე, მაშინ ვერ გამოკვებავს ჯარს და ა.შ.
ჰობსის ეს და ყველა სხვა მსგავსი მსჯელობები გარკვეულ კომენტარებს საჭიროებს. ჯერ ერთი, ისინი მეტყველებენ იმაზე, რომ არსებობს სუვერენის კომპეტენციის განმსაზღვრელი არსებითი და არაარსებითი მახასიათებლები და რომ არსებითი მახასიათებლების სუვერენის ცნების გარეთ გატანა ანგრევს მის კომპეტენციას. გარდა ამისა, ჰობსის კვალიფიკაციებიდან საკმაოდ ნათლად ჩანს, რომ იგი მოწინააღმდეგეა ხელისუფლების დანაწილებისა. სუვერენი არის როგორც უმაღლესი კანონმდებელი, ასევე უმაღლესი აღმასრუფლებელი მოხელე და მოსამართლე. ავტორი არც მალავს, რომ აქ ლაპარაკია არსებით ძალთა დანაწილებაზე. მიზეზი მისი ასეთი პოზიციისა, არის სამოქალაქო ომი, რაც ჰობსის აზრით, ორი ხელისუფლების, ორი არმიის ლოგიკური შედეგი იყო. ფორმულა “გახლეჩილი სამეფო არ შეიძლება შენარჩუნებული იყოს” (1.206) – სწორედ ამ ვითარებას აფიქსირებს.
უმაღლესი ხელისუფალის ხელში ასეთი ძლაუფლების კონცენტრაცია ბუნებრივად წარმოშობს ეჭვს ქვეშევრდომთა საერთო მდგომარეობის თაობაზე. ისინი შეიძლება უკმაყოფილონი გახდნენ მონარქიით და თავიანთი უუფლებობით. ჰობსი შენიშნავს, რომ საზოგადოებაში ხელისუფლებით რაღაც უკმაყოფილება ყოველთვის არსებობს და რომ ის არაფერია იმ სიკეთეებთან შედარებით, რაც პოლიტიკურ ცხოვრებას მოაქვს ბუნებითი მდგომარეობისაგან განსხვავებით. თუ ვიტყვით, რომ მმართველობის მონარქიული ფორმაა ქვეშევრდომთათვის მძიმე, ავტორს ამაზედაც აქვს პასუხი (სხვა საკითხია, რა თქმა უნდა, გავიზიარებთ თუ არა ჩვენ მას), რომ ვითარება დიდიად განსხვავებული არ არის არც დემოკრატიული მმართველობის პირობებში, რადგან, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, დემოკრატიული სახელმწიფოს მცხოვრებლები ველა თავიანთ უბედურებას, მმართველობის ამ წესს მიაწერენ. “ხელისუფლება კი — შენიშნავს ჰობსი — როდესაც ის მიაღწევს თავის სრულყოფილ ფორმას, ერთგვარია ყველა მის ფორმაში” (1.208).
5. სამოქალაქო თავისუფლება
ძალზე ზოგადად თავისუფლება ნიშნავს წინააღმდეგობის არ არსებობას სუბიექტმა განახორციელოს მისთვის სასურველი ქცევა. ამ ქცევის მთავარი მოქმედი აგენტი, ყველა შემთხვევაში ადამიანია და არა მისი ცალკეული მხარე. ასე მაგალითად, როდესაც საუბარია მეტყველების თუ ნების თავისუფლებაზე, აქ ყოველთვის ადამიანის თვისუფლება იგულისხმება. იგულისხმება, რომ მას არაფერი უწევს წინააღმდეგობას გააკეთოს ის, საითაც მისი ნება, სურვილი, თუ მიდრეკილება უბიძგებს. თავისუფლება სავსებით შეესატყვისება შიშს. თუ ადამიანი კანონის შიშით ასრულებს სახელმწიფო ვალდებულებებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის არ არის თავისუფალი. იგივე მდგომარეობა გვაქვს თავისუფლების ღვთაებრივ აუცილებლობასთან მიმართებით. ღმერთს რომ არ სურდეს ადამიანის თავისუფლება, მაშინ თავისუფალი ნების არსებობა წინააღმდეგობაში მოვიდოდა ღვთაებრივ წესრიგთან.
მაგრამ არსებობს სულ სხვა სახის შემზღუდველი გარემოებები, რომელთაც უფრო ხელოვნური ხასიათი აქვთ და მომდინარეობენ იმ ხელშეკრულებიდან, რომლის ძალითაც ადამიანებმა შექმნეს სამოქალაქო კანონმდებლობა. ამ მიმართულებით უზრუნველყოფილი ადამიანის თავისუფლება იქნება სამოქალაქო თავისუფლება, ანუ როგორც ჰობსი უწოდებს, ქვეშევრდომთა თავისუფლება. ქვეშევრდომთა თავისუფლება ვრცელდება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა იმ სფეროზე, რომელსაც სუვერენმა მდუმარედ აუარა გვერდი. მათ შორისაა ყიდვა-გაყიდვის თავისუფლება, საცხოვრებელი ადგილის შერჩევის თავისუფლება, სხვადასხვა ხელშეკრულებების დადების თავისუფლება, საკვები, ცხოვრების წესი ბავშვების საკუთარი შეხედულებებისამებრ აღზრდის თავისუფლება და, მრავალი, მრავალი სხვა, რაც გათვალისწინებული არ არის კანონმდებლობაში. სინამდვილეში, არ არსებობს ისეთი სახელმწიფო, რომელშიაც ყველა მსგავსი დეტალი გათვალისწინებული და რეგლამენტირებული იქნებოდა. იგულისხმება, რომ ქვეშევრდომებს ამ მიმართულებით სრული თავისუფლება აქვთ. ეს თავისუფლება, ამასთან სავსებით შეთავსებადია სუვერენის შეუზღუდველ ძალაუფლებასთან. ქალაქ ლუკას მცხოვრებლებს ისევე აქვთ ვალდებულებები ხელისუფლების მიმართ, როგორც კონსტანტინეპოლის მცხოვრებლებს. სამოქალაქო თავისუფლება ერთგვარია როგორც მონარქიაში, ასევე დემოკრატიულ სახელმწიფოში (1.237).
გარდა იმ თავისუფლებებისა, რომლებიც ქვეშევრდომებს გააჩნიათ ყოფით სიტუაციების უმეტეს ნაწილში, რიგ შემთხვევებში მათ რჩებათ თავისუფლება თვით სუვერენთან მიმართებითაც კი. ასეთია, მაგალითად, ვითარება, როდესაც სუვერენი ქვეშევრდომს მოსაკვდინებლად მიუჩენს ვინმეს (მნიშვნელობა არა აქვს, ამ დროს, ქვეშევრდომი მსჯავრდადებულია თუ არა), ყველა შემთხვევაში, ქვეშევრდომს რჩება თავდაცვის, წინააღმდეგობის გაწევის უფლება. მეორეა ვითარება, როდესაც ვინმე დაკითხვაზე იმყოფება. ადამიანი ვალდებული არ არის აღიაროს დანაშაული, რადგან არც ერთ ხელშეკრულებას არ შეუძლია დაავალდებულოს ადამიანი დაიდანაშაულოს თავი და ა.შ.
6. ეკონომიკის საკითხები
სახელმწიფოს ფინანსური კეთილდღეობა დამოკიდებულია პროდუქტის სიჭარბეზე, მომზადებაზე, გაგზავნაზე დანიშნულების ადგილზე და მის განაწილებაზე მოქალაქეთა შორის. პროდუქტის სიჭარბე განისაზღვრება შრომაზე და ადამიანის გულმოდგინებაზე.
ადამიანის შრომა, ჰობსის აზრით, არის საქონელი, რაც ყველაზე უფრო ცხადად იმაში ვლინდება, რომ იგი წარმატებით შეიძლება გაიცვალოს ნებისმიერ სხვა საქონელზე. საკუთრების განაწილების პრობლემა ყველა მმართველობის პირობებში უმაღლეს ხელისუფლებას მიეკუთვნება. საკუთრების შემოტანა სახელმწიფოს არსებობის პირობებში, ხორციელდება სუვერენის მიერ. ჰობსის ეს მტკიცება უფრო წონადი გახდება მას შემდეგ, რაც გავითვალისწინებთ, რომ აქ ლაპარაკია არა იმდენად ცალკეული ნივთების ფლობაზე, არამედ საკუთრების განმსაზღვრელ სახეებზე. საკუთრების ძირითადი ფორმა ამ პერიოდში არის საკუთრება მიწაზე, რომლის განაწილებისა და შენარჩუნების საკითხებში, ცხადია, ერევა სუვერენი.
ცალკე ეხება ჰობსი ფულის არსს, მის ბუნებას და ფუნქციებს სახელმწიფოში. თავიდან ის ლაპარაკობს ოქრო-ვერცხლის შესახებ, რომელთაც იგი ყველა საგნის ღირებულების ხელსაყრელ საზომს უწოდებს. ამ საზომის საშუალებით, ადამიანს შეუძლია თან წაიყოლოს თავისი ქონება, სადაც კი წავა. ღირებულების ამ საზომისაგან განსხვავებით, რომელსაც საერთაშორისო მიმოქცევისათვის საჭირო ვალუტის ფუნქციას უფრო ასრულებს, ჰობსი საუბრობს კიდევ ადგილობრივ მონეტაზედაც, ანუ ფულის იმგვარ ერთეულზე, რომელსაც ამა თუ იმ სახელმწიფოში მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე აქვს გამოყენება.
სახელმწიფოსაც ჰყავს შთამომავლობა, შვილები. სახელმწიფოს შვილები მისი კოლონიებია. კოლონისტებს ჰობსი განსაზღვრავს შემდეგნაირად: “ეს არის ადამიანთა ჯგუფები, მეთაურის, გუბერნატორის ხელმძღვანელობით, რომელიც გაგზავნილია სახელმწიფოს მიერ იმ მიზნით, რომ დაასახლოს სხვა ქვეყანა, რომელსაც ან ადრევე არ ჰყავდა მოსახლეობა, ან ეს მოსახლეობა დაკარგა ომების გამო” (1.271). არსებობს კოლონიის სულ მცირე ორი სახე. ერთ შემთხვევაში, კოლონია, თავისი ახალმოსახლეებით, თავისუფლდება სუვერენის ქვეშევრდომობიდან და მისთვის გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან. იგი აყალიბებს დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ასეთი იყო ძველი სამყაროს კოლონიების უმრავლესობა. სახელმწიფო, საიდანაც ეს კოლონიები გამოვიდნენ მეტროპოლიად, დედა სახელმწიფოდ იწოდება და მასთან კოლონიებს შესანიშნავი ეკონომიკური და კულტურული კავშრები ჰქონდათ. რაც შეეხება კოლონიალობის მეორე ფორმას, მის ყველზე გავრცელებულ ფორმად ჰობსი რომის კოლონიალიზმს მიიჩნევს, რომლისათვის, განმსაზღვრელი მნიშვნელობა უქონდა კოლონიის სამართლებრივ და პოლიტიკურ დაქვემდებარებას მეტროპოლიისადმი, რაც, როგორც ვარაუდობენ, ერთი მხრივ, რომის იმპერიის საზღვრების ზრდის წყარო შეიქმნა, მაგრამ, მეორე მხრივ, წარმოშობდა მუდმივ დაძაბულობას რომსა და მიი ცალკეულ პროვინციებს შორის.
საყურადღებოა, რომ კოლონიალიზმის სწორედ ამ ორ ფორმაზე აჩერებს ყურადღებას ადამ სმითი თავის “ერების სიმდიდრის მიზეზებში”, ოღონდ საკითხს გაცილებით უფრო დეტალურად ეხება მას როგორც ზოგადპოლიტიკური კუთხით, ასევე ეკონომიკური მაჩვენებლების თალსაზრისითაც. ახლა, რამდენადაც ამ საკითხის უფრო დეტალური გადმოცემის არც დროა და არც ადგილი, ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ კოლონიების პრობლემის კვლევის პრიორიტეტი თომას ჰობსს ეკუთვნის.
წიგნიდან: მამუკა ბიჭაშვილი, პოლიტიკური თეორია. თბილისი, 2006 წ.