საერთაშორისო კოსმოსური სადგური
100 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც ემსახურება სამყაროს შესახებ მეტი ცოდნის მიღებას, „ნასას” მიერ შერაცხულია უპრეცედენტო მიღწევად ადამიანთა შემოქმედების ისტორიაში. საერთაშორისო კოსმოსური სადგური წლების, ათწლეულებისა და საუკუნეების მანძილზე ფიქრისა და ტექნოლოგიური ინოვაციების შედეგია.
საერთაშორისო კოსმოსური სადგური (სკს) წარმოადგენს დასახლებად ხელოვნურ თანამგზავრს, რომელიც დედამიწის გარშემო მოძრაობს. მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაცაა შესაძლებელი. სიგრძე 73 მეტრს შეადგენს, სიგანე – 108.5 მეტრს, სიმაღლე – 20 მეტრს, წონა კი დაახლოებით 450 000 კგ-ს. საშუალო სიჩქარეა 27 744 კმ/სთ, დედამიწის გარშემო ორბიტის პერიოდი კი – 92 წუთი და 37 წამი. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პირველი ნაწილი – მოდული „ზარია” გაუშვეს 1998 წლის 20 ნოემბერს. ის წარმოადგენდა მამოძრავებელ ძალას, ორიენტაციის მაკონტროლებელს, საკომუნიკაციო სისტემასა და ელექტროენერგიის წყაროს, თუმცა არ ჰქონდა ხანგრძლივ პერიოდში სიცოცხლისთვის მხარდამჭერი პირობები. 2 კვირაში გაუშვეს მოდელი „Unity”. სკს 2 წლის განმავლობაში დაუკომპლექტებელი რჩებოდა. 2000 წლის 12 ივლისს ორბიტზე გავიდა მოდული „ზვეზდა”. დამონტაჟდა მზის პანელები და საკომუნიკაციო ანტენები. დაემატა საძილე ოთახები, ტუალეტი, ჟანგბადის გენერატორები, სავარჯიშო მოწყობილობები, ხმისა და სატელევიზიო კომუნიკაციის სისტემები. ამან შესაძლებელი გახადა მუდმივი დასახლება.
პირველი ეკიპაჟი 2000 წლის 1-ლ ნოემბერს ეწვია სადგურს, თუმცა მოდულების დამატება და კონსტრუქციის გაფართოება წლების განმავლობაში ისევ გრძელდებოდა. 2011 წლის ივნისში საერთაშორისო კოსმოსური სადგური მოიცავდა 15 მოდულსა და ინტეგრირებულ სტრუქტურას. იგეგემება დამატებით მრავალფუნქციური მოდულის „ნაუკას” დამონტაჟება, ასევე რამდენიმე სახის კომპონენტები, მათ შორის ევროპული რობოტული მექანიზმები. დასრულებულ სახეს სადგური 2012 წელს მიიღებს.
სადგური მოქმედებს, როგორც მიკროგრავიტაციისა და კოსმოსური გარემოს კვლევის ლაბორატორია და ტარდება ექსპერიმენტები ბიოლოგიის, ფიზიკის, ასტრონომიის, მეტეოროლოგიისა და სხვა სფეროებში. გამოიცდება ისეთი სისტემები და აღჭურვილობები, რომლებიც საჭიროა მთვარესა და მარსზე გამგზავრებისთვის.
საერთაშორისო კოსმოსურმა სადგურმა მოხსნა რუსული კოსმოსური სადგურის „Мир”-ის რეკორდი ადამიანთა მუდმივი დასახლების მხრივ, რომელიც 3644 დღეს შეადგენდა (26 ივლისის მონაცემით, სკს დასახლებულია 4284 დღის განმავლობაში). მასზე ფეხი დაუდგამთ კოსმონავტებს 15 სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ, რუსეთი, კანადა, იაპონია, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, ჰოლანდია, შვედეთი, ბრაზილია, მალაიზია, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, ესპანეთი). საერთაშორისო კოსმოსური სადგური 5 სააგენტოს ერთობლივ პროგრამას წარმოადგენს. მის განხორციელებაში წვლილი მიუძღვით ამერიკულ „ნასას”, რუსულ ფედერალურ კოსმოსურ სააგენტოს, იაპონურ „JAXA”-ს, ევროპის კოსმოსურ სააგენტოსა და კანადის კოსმოსურ სააგენტოს. მფლობელობისა და გამოყენების საკითხები რეგულირდება საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე. სადგური გაყოფილია ორ ნაწილად: რუსული ორბიტული სეგმენტი და აშშ-ის ორბიტული სეგმენტი. საერთაშორისო კოსმოსური სადგური მოძრაობს დედამიწის ზედაპირიდან 330-410 კმ-ის სიმაღლეზე. დაფინანსებულია 2020 წლამდე, თუმცა შეიძლება მოქმედება 2028 წლამდე განაგრძოს.
საერთაშორისო კოსმოსური სადგური საშუალებას იძლევა, განხორციელდეს ისეთი მეცნიერული ექსპერიმენტები, რომლებიც სხვა პირობებში შეუძლებელია. მაგალითად, ბნელი მატერიის აღმოსაჩენად და სამყაროს შესახებ ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხის გასაცემად ინჟინრებმა და მეცნიერებმა ააგეს ალფა მაგნიტური სპექტომეტრი, რომელსაც მნიშვნელობის მხრივ „ნასა” ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს ადარებს. გამოიცდება ნულოვანი გრავიტაციისა და ღია კოსმოსთან ურთიერთობის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე წლების განმავლობაში, რაც ჩვეულებრივ სადგურებში ვერ ხერხდება. სამედიცინო კვლევებისას შეისწავლიან კუნთების ათროპიას, ძვლოვანი ქსოვილების მასის შემცირებას (ოსტეოპოროზი), სითხის ცვლილებებს და ა.შ. ამის შედეგად ხდება დადგენა, რა არის ადამიანის კოსმოსში ყოფნის ოპტიმალური ხანგრძლივობა და რამდენად რეალურია სამყაროს კოლონიზაცია. 2006 წლის მონაცემებით გაირკვა, რომ მარსზე გაფრენის შემთხვევაში კოსმონავტებს შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნათ.
მკვლევარები თვალს ადევნებენ მიკროგრავიტაციული გარემოს გავლენას მცენარეებისა და ცხოველების ევოლუციაზე, განვითარებაზე, ზრდასა და შინაგან პროცესებზე. გრავიტაციის ნაკლებობით შესაძლებელია ისეთი სითხეების ურთიერთქმედების გამოცდა, რომლებიც დედამიწაზე ცუდად ერევიან ერთმანეთს. სხვა კვლევები მოიცავს დაბალი გრავიტაციის გავლენას წვაზე, ასევე გამოყოფილი ნივთიერებების რაოდენობისა და გარემოს დაბინძურების კონტროლს. ეს აღმოჩენები გაზრდის ჩვენს ცოდნას ენერგიის მოხმარებაზე, შეიძლება ეკონომიკური და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული სარგებელი მოიტანოს. მომავალში იგეგმება დედამიწის ატმოსფეროში არსებული აეროზოლების, ოზონის, წყლის ორთქლისა და ოქსიდების შესწავლა, ასევე სამყაროს კოსმოსური სხივების, კოსმოსური მტვრის, ანტიმატერიისა და ბნელი ენერგიის კვლევა.
დედამიწიდან სადგურში მუდმივად ხდება საკვების (ცოცხალი ხილი და ბოსტნეული) გადატანა. კონსერვები ტრანსპორტირებისთვის მძიმეა, ამიტომ იშვიათად მიაქვთ. მიკროგრავიტაციის პირობებში გემოს აღქმა შემცირებულია, ამიტომ კოსმონავტები აქტიურად იყენებენ სანელებლებს. ეკიპაჟის თითოეულ წევრს ინდივიდუალური პაკეტები აქვს და მზარეულის როლსაც ითავსებს. სადგურზე არის ორი გამათბობელი, 2008 წლის ნოემბერში დაემატა მაცივარიც, ასევე ცივი და ცხელი წყლის მოწყობილობა. კონტროლდება საკვების მდებარეობა, რომ ტივტივი არ დაიწყონ, მათ შორის ნამცეცებმა, რათა შემთხვევით საჰაერო ფილტრებში ან სხვა აღჭურვილობაში არ მოხვდნენ.
2009 წლის მოხსენების მიხედვით, რუსული კორპორაცია „RKK Energia” განიხილავს მოდულების მოცილების მეთოდებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მისიის დასრულებამდე, რათა ახალი სადგურის საფუძვლად გამოიყენოს. მათ შორისაა მრავალფუნქციური ლაბორატორიის მოდული, რომელიც 2014 წელს უნდა გაუშვან.
საერთაშორისო კოსმოსურმა სადგურმა „ნასას” მრავალი საჭირო ინფორმაცია მიაწოდა ადამიანის კოსმოსში ყოფნის შესახებ. „ნასამ” შეისწავლა, თუ როგორ შეინარჩუნოს კოსმოსური ხომალდი ღია სივრცეში მაქსიმალურად ხანგრძლივი დროით, ასევე გეგმავს, გაუშვას ადამიანები ისე შორს, სადაც ჯერ არავინ ყოფილა. საერთაშორისო კოსმოსური სადგური ამ საქმეში წინ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო. ის მოამზადებს ადამიანებს უფრო შორეული და ხანგრძლივი მისიებისთვის, რაც სამყაროს შესახებ მეტი ცოდნის მიღების საფუძველი გახდება.