National Geographicბუნება & სამყაროსურათებიფაქტები

ფინეთი – ათასი ტბის ქვეყანა

ფინურ ჰაერსა და სულში ისეთი სიცოცხლისუნარიანობა იგრძნობა, რომ მრავალი ადამიანისთვის ეს ქვეყანა მიმზიდველი ადგილია დასასვენებლად, სამოგზაუროდ თუ საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლებით, მისი ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ აუთვისებელი და დაუმუშავებელია. ფინეთში ნახავთ როგორც თანამედროვე და განვითარებულ დედაქალაქ ჰელსინკს, ისე ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ მხარეებში არსებულ ვრცელ ტყიან სივრცეებს, როგორიცაა ლემენიოკისა და ოულანკას ეროვნული პარკები. ეს ველური ბუნება არაჩვეულებრივია საზაფხულო ლაშქრობებისთვის. სწორედ ამ დროს ივსება ფინეთი სიცოცხლით, ტარდება უამრავი ფესტივალი, ხალხიც შესაბამის განწყობაზეა.

სიმშვიდის მოყვარულებს შეუძლიათ ესტუმრონ ტბის პირას მდებარე ქალაქებს – მიკელსა და ლაპენრანტას. დასხდნენ ხის კოტეჯის ვერანდაზე და დააკვირდნენ ზაფხულის მზისგან განათებულ ტყეებს. სწორედ ესაა ერთ-ერთი უმთავრესი რამ, რაც ფინეთში ჩასულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა გამოსცადოს – სკანდინავიური მყუდროება, რაც სულს ამშვიდებს.


აქ ზამთარსაც თავისებური განსაკუთრებული ხიბლი აქვს, თუმცა სუსხიანი ამინდისა და ყინვის დასაძლევად მუდმივად აქტიურობაა საჭირო. ბევრი ტურისტი თხილამურებით სრიალში ატარებს დროს, თუმცა ყველაზე ამაღელვებელი ალბათ ძაღლებშებმული მარხილით თოვლის უდაბნოში სეირნობაა, როცა არემარეს ფერმკრთალი მზე ანათებს. მაგრამ ვერაფერი შეედრება იმ იშვიათ ბუნებრივ მოვლენას, რომელიც პოლარული ციალითაა ცნობილი. წარსულში მიიჩნეოდა, რომ ეს იყო იმ თოვლის ნარჩენები, რომელსაც გიგანტური მელიის სული კუდიდან იფერთხავდა.

სოფელ ნუორგამში, რომელიც ფინეთისა და ევროკავშირის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე წერტილია, დაფიქსირებულია შემთხვევა, როცა მზე 72 დღე ანათებდა, უმზეობის მაქსიმალური ხანგრძლივობა კი 51 დღეს შეადგენდა.

ფინურ ქალაქებსაც ბევრი ისეთი რამ აქვთ, რაც უცხო ადამიანს დააინტერესებს. უძველესი ხის ეკლესიები, ავანგარდული სტილი, უცნაური მუზეუმები და ფინური როკ-მუსიკა, ასევე დარიჩინის სუნით გაჟღენთილი კაფეები და ხმაურიანი ღამის ცხოვრება – უკანასკნელი პუნქტი განსაკუთრებით ეხება ელეგანტურ, კულტურულ ჰელსინკს.

ფინეთის მოსახლეობის 90%-ს ფინელი ხალხი შეადგენს. აქაურები დამოუკიდებელი, ლოიალური, თბილი და სტუმართმოყვარე ადამიანები არიან, რაც სტუმრებს კარგ შთაბეჭდილებას უტოვებს და მომავალში ხელმეორე ვიზიტის სურვილს უღვიძებს.


ეკონომიკურად ეს ქვეყანა საკმაოდ ძლიერია, ერთობლივი შიდა პროდუქტით უტოლდება ისეთ ევროპულ სახელმწიფოებს, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, ბელგია და დიდი ბრიტანეთი. მრეწველობის უმსხვილესი დარგებია ელექტრონიკა (22%), მექანიზმები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა სახის ძრავიანი მეტალის პროდუქცია (21.1%), ტყის ინდუსტრია (13%) და ქიმიკატები (11%). ფინური კომპანია „ნოკია” მსოფლიო ლიდერია მობილურ ტელეკომუნიკაციებში. ეროვნული ვალუტა – ევრო.

დემოკრატიის ინდექსით ფინეთი მეცხრე ადგილზე დგას, იგივე პოზიცია მიენიჭა მშვიდობიანობის მხრივ 2012 წელს. ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლით ის მე-17 ადგილს იკავებს. მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ფინეთი რიგით მეექვსე ყველაზე კონკურენტულ ქვეყნად აღიარა. უმუშევართა წილი ქვეყანაში დაახლოებით 7%-ია. ფინეთში მოქმედებს კეთილდღეობის სისტემის სკანდინავიური მოდელი – სახელმწიფო უნივერსიტეტებში განათლების მიღება უფასოა, ჯანმრთელობის დაცვის ელემენტარული სერვისები კი ხელმისაწვდომია ყველა მოქალაქისთვის. ფინელი პოლიტიკოსები ცდილობენ, აჯობონ იგივე სისტემით მოქმედ სხვა ქვეყნებს. ვაჭრობა მაქსიმალურად თავისუფალია და ახალმოსახლეებს თბილად ხვდებიან, თუმცა იმიგრაცია მაინც შედარებით ახალი ხილია.


ფინეთში მუდმივად იზრდება არარელიგიურ ადამიანთა რიცხვი. თუკი 1950 წელს მათი წილი 2.8% იყო, ამჟამად 20%-ს აჭარბებს. ევრობარომეტრის (2005 წ) სტატისტიკით, ფინელთა 41%-ს სწამს ღმერთის არსებობის, ამდენივეს – სულის ან რაიმე სახის სასიცოცხლო ძალის, 16% მთლიანად ურწმუნოა, ხოლო 2%-ს აზრი არ დაუფიქსირებია. ცუკერმანის შედეგების (2005 წ) მიხედვით, ფინელების 28-60% თავს ათეისტად, აგნოსტიკოსად ან ურწმუნოდ აცხადებს. ყველაზე მსხვილი რელიგიური ორგანიზაცია აქ ლუთერანული ქრისტიანობაა, რომლის წევრადაც მოსახლეობის 77.2% ითვლება (ბავშვობაში მონათვლის გამო), თუმცა მათი უმეტესობა ეკლესიაში მხოლოდ შობის დღესასწაულზე, დაქორწინებისას ან ვინმეს დაკრძალვისას მიდის. ფინელ ლუთერანთა მხოლოდ 2% დადის ეკლესიაში ყოველ კვირას.

სიცოცხლის ხანგრძლივობით ფინელები 25-ე ადგილზე არიან – მამაკაცებისთვის ეს მაჩვენებელი შეადგენს 75 წელს, ხოლო ქალებისთვის – 82-ს. ერთ ექიმზე დაახლოებით 307 მოქალაქე მოდის. ჯანმრთელობის დაცვის საკითხების 76.6% ფინანსდება გადასახადებიდან. სამედიცინო ჟურნალ „The Lancet”-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 193 ქვეყნიდან ფინეთში ყველაზე დაბალია მკვდრად შობის მაჩვენებელი. ბედნიერების ინდექსით 2012 წელს ფინელები მეორე ადგილზე გავიდნენ, მათ მხოლოდ დანიელები უსწრებენ.

ფინეთის დროშა XX საუკუნის დასაწყისში, რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების (1917 წ) შემდეგ შეიქმნა და თეთრ ფონზე გამოსახულ ლურჯ სკანდინავიურ ჯვარს წარმოადგენს, რაც ქრისტიანობის სიმბოლოა.

ფინური გერბის ამჟამინდელი ვერსია 1978 წელს გახდა ოფიციალური, თუმცა დასაბამს მე-16 საუკუნეში იღებს. სწორედ ამ დროს გახდა ლომი ფინეთის სიმბოლო, როცა მას იუჰან III მართავდა.
წინა მარჯვენა ხელში ლომს მახვილი უჭირავს და უკანა ფეხებით თელავს რუსულ ხმალს.
9 ვარდის ზუსტი დანიშნულება უცნობია, სავარაუდოდ დეკორაციისთვის მიამატეს.

მდინარე ლემენიოკი, ლაპლანდია

ჰელსინკის ლუთერანული ტაძარი

ჩრდილოეთის ციალი მენესიარვის ტბის თავზე

ოულანკას ეროვნული პარკი, ლაპლანდია

ოულანკას ეროვნული პარკი, ლაპლანდია

მიულიუკოსკის ჩანჩქერები

ზღვის ციხე-სიმაგრე სუომენლინა

იულისტოს ხიდი ქალაქ იუვიასკულაში

ასტუვანსალმის კლდის ნახატები, რომლებიც ძვ.წ. 3000-2500 წლებით თარიღდება

მურა დათვი ფინეთის ეროვნულ ცხოველად ითვლება

ლაპლანდია

ჩრდილოეთის ციალი ლაპლანდიაში

ფერადი ჩრდილოეთის ციალი ლაპლანდიაში

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button