გამორჩეული ადამიანებიმეცნიერება

ნიკოლა ტესლასა და ტომას ედისონის დაპირისპირების შემთხვევები

ტომას ედისონის სახელი ასოცირდება 1000-ზე მეტ პატენტთან. მათი ნაწილი თავად ედისონის მიერ შეიქმნა, ხშირად კი უბრალოდ სხვა მეცნიერთა გამოგონებების გაუმჯობესებით იყო დაკავებული. ედისონს ხშირად აქებენ იმ საოჯახო ნივთების შექმნის გამო, რომლის გარეშე ცხოვრებაც წარმოუდგენელი იქნებოდა. მაგრამ მის ფონზე ნაკლებად ჩანან ის გენიოსი მეცნიერები და გამომგონებლები, რომლებიც მის სასარგებლოდ მუშაობდნენ და რომელთა ხარჯზეც ბიზნესმენი მდიდრდებოდა. ერთ-ერთი მათგანია ნიკოლა ტესლა, რომლის შრომა არც მის სიცოცხლეში დაფასდა ჯეროვნად და არც სიკვდილის შემდეგ.


● უპატივცემულობა
გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ედისონმა განაცხადა, რომ მისი ცხოვრების უდიდესი შეცდომა იყო ტესლასთან დაპირისპირება. რომ შეძლებოდა, უფრო მეტად დააფასებდა მეცნიერსა და მის ნაშრომებს. სამწუხაროა, მაგრამ ეს აღიარება ვერ გამოასწორებდა იმ ზარალს, რაც ტესლას მიადგა – სერბი გამომგონებელი სიღარიბესა და მარტოობაში გარდაიცვალა, ედისონი კი მდიდარი და ხალხისგან დაფასებული იყო. ერთად მუშაობის პერიოდში ის ტესლას იდეებს ხშირად უწოდებდა „არაპრაქტიკულს” ან სულაც დასცინოდა. როგორც ჩანს, ედისონმა თავიდანვე იცოდა, რამხელა ნიჭის პატრონი ჰყავდა გვერდით და მაქსიმალურად ცდილობდა, თავის ჩრდილში მოექცია (აშშ-ში ჩასვლისას ტესლას უკვე ჰქონდა რამდენიმე პატენტი, რომლებიც ბრუნვად მაგნიტურ ველზე მომუშავე მექანიზმებს ეხებოდა).


● სიხარბე
ერთხელ „New York Times”-ში ტესლამ ედისონი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „მას ჰქონდა უდიდესი ზიზღი წიგნის კითხვისა და მათემატიკური ცოდნის მიმართ, ენდობოდა მხოლოდ საკუთარ გამომგონებლის ინსტინქტსა და ამერიკულ აზროვნებას”, მაშინ როდესაც ტესლა იყო ჟინიანი ინჟინერი, რომელსაც საოცრად ხიბლავდა მისი ნაშრომების ტექნიკური ასპექტები. მას ჰქონდა ფოტოგრაფიული მეხსიერება, იმახსოვრებდა მთლიან წიგნებს, ზოგჯერ კი, როგორც თავად ამბობდა, ემართებოდა ხილვის მსგავსი შეგრძნებები და ამ დროს პოულობდა ამოხსნებს მთავარ პრობლემებზე, გონებაში ყველა დეტალში წარმოიდგენდა იმ მოწყობილობებს, რომლებიც ჯერ გამოგონებულიც კი არ ჰქონდა. ედისონი მოითხოვდა, ემუშავათ მხოლოდ ისეთი პროექტების განვითარებაზე, რომლებსაც სარგებელი ექნებოდა (ანუ ფინანსური შემოსავლის წყარო გახდებოდა), ტესლა კი ამ საკითხს მეცნიერული კუთხით უდგებოდა და არა საკუთარი, არამედ კაცობრიობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრობდა.


● ტესლას აზროვნების დაცინვა
ედისონი არამარტო „არაპრაქტიკულს” უწოდებდა ტესლას ზოგიერთ იდეას და მისი პოტენციური გამოგონებების ნაწილს ხელი შეუშალა განვითარებაში, არამედ სათანადოდ არასდროს აფასებდა მის გონებრივ შესაძლებლობებს. ტესლა მუდმივად გვიანობამდე მუშაობდა და ძილს მხოლოდ 2 საათს უთმობდა, მეცნიერებას მიუძღვნა თავისი ცხოვრება და სიცოცხლის ბოლომდე (86 წ) ცელიბატად დარჩა. გარდა ამისა, ტესლა იყო ექსცენტრიკული ადამიანი და ერთგვარად შეპყრობილი გახლდათ თავისი საქმიანობით. მისგან განსხვავებით, ედისონი სოციალურად უფრო ფუნქციონალური იყო (ჰყავდა 2 ცოლი და 6 შვილი) და ტესლას ეზოტერიკულ კომენტარებს არასდროს ეკიდებოდა სერიოზულად.


● რენტგენოსკოპის მითვისება
რენტგენოსკოპია – სხეულების გაშუქება რენტგენის სხივებით და მათი ჩრდილოვანი გამოსახულების გასინჯვა საგანგებო ეკრანზე შინაგანი აგებულების გამოსაკვლევად. ეს ისაა, რაზეც ნიკოლა ტესლა ედისონზე ადრე მუშაობდა. სამუშაო პროცესში ედისონმა მოახერხა და თავის ერთ-ერთ ასისტენტს კიბო დამართა (სიკვდილამდე კი ორივე ხელის მოკვეთა მოუწია) და საკუთარი თავი თითქმის დააბრმავა. თუმცა პატენტი მიიღო და იმ მომენტში მისთვის ეს იყო მთავარი.


● სიმდიდრის გაუზიარებლობა
ტომას ედისონი მდიდარი ადამიანი იყო და ყოველთვის პოულობდა გზებს, რომ უფრო მეტი ფული ეშოვნა. ეს უმეტესწილად ხდებოდა მისი არც ისე ეფექტური გამოგონებებისა და ნაკლებად ორიგინალური მოწყობილობების დაპატენტებით. იმ დროს, როცა ტესლა მარტო მუშაობდა და გასაოცარ აღმოჩენებს აკეთებდა, ედისონს დაქირავებული ჰყავდა უამრავი ნიჭიერი ინჟინერი და მეცნიერი, ისინი დიდი შრომის ფასად ასრულებდნენ ედისონის მითითებებს, შედეგებით კი ყოველთვის ეს უკანასკნელი ითბობდა ხელს. ტესლა თითქოს მის სათბურში მოხვედრილი რიგითი მცენარე იყო, სადაც მაქსიმუმ წყლის რამდენიმე წვეთსა და მზის სხივებს იღებდა, სანაცვლოდ კი უხვი მოსავალი უნდა გაეცა.


● შრომის აუნაზღაურებლობა
ედისონი ტესლას 50 000 დოლარის გადახდას დაპირდა იმ შემთხვევაში, თუკი მისი კომპანიის მიერ დამზადებული მუდმივი დენის გენერატორებს გააუმჯობესებდა. ტესლამ ამ საქმეს არაჩვეულებრივად გაართვა თავი, არაეფექტური მოწყობილობები საოცრად ქმედითად აქცია და ამ გზით ედისონს საშუალება მისცა, უამრავი ფული დაეზოგა (100 000 დოლარი, რაც დღევანდელი კურსით მილიონობით დოლარს უტოლდება). ანაზღაურების მოთხოვნისას ედისონმა უარით გაისტუმრა და მიუგო, რომ მას არ ესმოდა „მისებური ამერიკული იუმორი” (ტესლა სერბი ემიგრანტი იყო). ტესლას იმდროინდელი ანაზღაურება კვირაში 18 დოლარს შეადგენდა და ედისონმა 10 დოლარით გაზრდა შესთავაზა, მაგრამ მეცნიერმა თანამდებობა დატოვა. გარკვეული პერიოდი თხრილების გავლებით იყო დაკავებული, შემდეგ კი საკუთარი კომპანია დააარსა და ინვესტიციების მოზიდვას შეუდგა, რათა ექსპერიმენტები საჭიროებისამებრ წარემართა.


● მედალი
ედისონს მისი სახელობის მედალი ჰქონდა, რომლითაც შემდგომ ტესლა დააჯილდოვეს. ედისონის მედალს ყოველ წელს წარმოადგენდა ორგანიზაცია „IEEE” (ამერიკული ელექტროინჟინერიის ინსტიტუტი), რომელიც ედისონის მეგობრებისგან შედგებოდა. სახეში სილის გაწნას ჰგავდა ის ფაქტი, რომ ედისონის სახელით ჯილდოვდებოდნენ იმ სფეროს მოღვაწეები, რომელშიც ტესლა გამორჩეული და მოკაშკაშე ფიგურა იყო. ამაზე უფრო ძლიერი გაწნა კი 1916 წელს მოხდა, როცა ეს მედალი ტესლას გადასცეს.


● ადრეული რადარული ტექნოლოგიის დაცინვა
ედისონს რომ არ ჩაეთვალა, რომ ტესლას რადიოტალღების პრინციპზე მომუშავე გამოგონება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის პერიოდში შეიქმნა, არაპრაქტიკული იყო, შესაძლოა, უამრავი სიცოცხლე გადარჩენილიყო. ტესლას მეშვეობით მტრის საბრძოლო დანადგარების აღმოჩენა მალევე მოხდებოდა და დროულად შეუტევდნენ. მისი საჭიროება მხოლოდ ათწლეულების შემდეგ გააცნობიერეს, ედისონის პირადი შუღლით გამოწვეული ქმედებები კი ყოველთვის დიდ ზიანს აყენებდა კაცობრიობას.


● ცვლადი დენის წინააღმდეგ ბრძოლა
ედისონს არ სურდა, ტესლას ცვლადი დენის სისტემას გაემარჯვა, რადგან ეს სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა მისი მუდმივი დენისთვის (რომლის გაუმჯობესებაშიც ასევე ტესლას ჰქონდა წვლილი შეტანილი). დაიწყო ბრძოლა, რომელშიც ტესლას მხარეს დადგა ინჟინერი ჯორჯ ვესტინგჰაუსი თავის კომპანია „Westinghouse”-თან ერთად. ედისონი ხალხის დაშინების მეთოდით ცდილობდა, ცვლადი დენი ხიფათთან ასოცირებული გაეხადა. ამ მიზნით მან რამდენიმე ცხოველი სახალხოდ გამოასალმა სიცოცხლეს, მათ შორის ცირკის სპილო ტოპსი. საბოლოოდ „დინებების ომში” მაინც ტესლას მხარემ გაიმარჯვა, რისი უმთავრესი მიზეზიც მისი მექანიზმების უპირატესობა და ვარგისიანობა იყო. მიუხედავად ამისა, ტესლამ უარი თქვა სიმდიდრეზე, რათა გადაერჩინა კომპანია „Westinghouse”-ი, რომელსაც სერიოზული ვალები ედო. სანაცვლოდ სერბი გამომგონებელი პატენტების ყიდვით ირჩენდა თავს.


● ადამიანის მოკვლა ტესლას გასამტყუნებლად
ედისონი ცნობილი იყო დაშინების ტაქტიკით, მაგრამ მისი ქმედებები არასდროს ყოფილა ისეთი არაჰუმანური, როგორიც ტესლასთან ბრძოლის პერიოდში. ის ისე შორს წავიდა, რომ ფული გადაუხადა ჰაროლდ ბრაუნს, რათა გამოეგონებინა ტესლას შექმნილ ცვლადი დენის სისტემაზე მომუშავე ელექტროსკამი და ამგვარად კაცობრიობას სიკვდილით დასჯის ახალი იარაღი მიაწოდა. ჯორჯ ვესტინგჰაუსმა ამ მოვლენასთან დაკავშირებით განაცხადა: „ამას ჯობდა, ისევ ნაჯახი გამოეყენებინათ”. ედისონის ინიციატივით შექმნილი ელექტროსკამით პირველი დასჯა განხორციელდა იმისთვის, რათა ტესლა საშიშ ადამიანად შეერაცხათ, ცვლადი დენი კი – სახიფათო გამოგონებად.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button