განხილვამუსიკა

ორიონი – ორიონი (1976)

soft rock, psych pop, urban music

ტრეკლისტი:

  1. ღრუბელს რაღა უნდოდა (2:50)
  2. მიძღვნა (2:28)
  3. მუხამბაზი (2:48)
  4. Кто Же В Том Виноват? (2:07)
  5. სიყვარულის შუქი (2:15)
  6. დაცემულთა ხსოვნას (3:56)
  7. ჰიმნი მზეს (2:37)
  8. Одинокая Гармонь (2:23)
  9. სიმღერა თბილისზე (2:39)
  10. Рожь (4:14)
  11. Уральская Рябинушка (2:41)
  12. ახალგაზრდული (2:34)

შემადგენლობა:

  • ბორის გეგეშიძე – ანსამბლის ხელმძღვანელი
  • რევაზ დათუაშვილი – სოლისტი
  • და სხვ.

სამოცდაათიანებში, წამყვანი ქართული მუსიკალური ანსამბლების გარდა, არსებობდა არაერთი ნაკლებად ცნობილი კოლექტივი, რომლებზეც ინტერნეტში ინფორმაცია ძნელად თუ მოიძიება. ვინაიდან უფროსი თაობაც ამ ჯგუფებზე ძალიან იშვიათად საუბრობს, ფაქტობრივად უნდა გაგიმართლოს, რომ მათი არსებობის შესახებ საერთოდ შეიტყო. ამის ერთადერთი შანსია, კერძო კოლექციაში ან ვინილების გამყიდველებთან შემთხვევით დაკაწრული, მტვრიანი ფირფიტა აღმოაჩინო.

„ორიონი“ სწორედ ასეთ ანსამბლებს მიეკუთვნება. ჯერ-ჯერობით მათ შესახებ ძალზედ მცირე გამოსადეგი ინფორმაცია მაქვს: ანსამბლი 1971 წელს შეიქმნა ბორის გეგეშიძის ხელმძღვანელობით. ერთ-ერთი სოლისტი კი რევაზ დათუაშვილი იყო.

ალბომის სმენისას, თავიდანვე ხვდები, რომ „ორიონი“ არაა პირველი ეშელონის კოლექტივი; მუსიკის ზოგადი გეზი შუალედურია იმდროინდელი ქართული ჯგუფებისთვის დამახასიათებელი ჯაზით მოჩუქურთმებულ ფსიქოდელიასა და ბანალურ საესტრადო პოპ-მუსიკას შორის. იმის მიუხედავად, რომ ალბომი დიდი შემოქმედებითი პრეტენზიები არ გააჩნია, მასში არაერთ სასიამოვნო სიმღერას მოისმენ.

როგორც ჩანს, ალბომის გამხსნელი სიმღერა „ღრუბელს რაღა უნდოდა“ალბომის ჰიტი იყო, ვინაიდან, ათიოდე წლის წინ, ამ სიმღერის რამდენიმე განსხვავებული ვარიანტი იყო პოპულარული. სასიამოვნო სიმღერაა, ლამაზი მელოდიით.

აქ ბევრი ქალაქური სიმღერის ადაპტაციაა („მიძღვნა“„მუხამბაზი“„სიმღერა თბილისზე“). მათი შესრულება ადეკვატურია, მაგრამ რამენაირი ინდივიდუალიზმის გარეშე (ის, რაც ასეთ დროს „ივერიას“ გააჩნდა). არის რუსული 3 რუსული სიმღერა და ერთი რუსულ-ქართული ქიმერა (რაც დიდად არ აღმაფრთოვანებს), თუმცა უნდა ვაღიარო, რომ Рожь მართლაც ლამაზადაა ნამღერი.

ალბომის ყველაზე საინტერსო ნაწილი ისაა, სადაც  ჯგუფი ახერხებს ფსიქოდელიის, ჯაზის და პოპ-სენტიმენტების გაერთიანებას. ასეთია ალბომის შუაში ორი სიმღერა: „დაცემულთა ხსოვნას“ და „ჰიმნი მზეს“. პირველში, ბალადურ დასაწყისს მისამღერებში საინტერესოდ ეცვლება ტემპი. „ჰიმნი მზეს“ კი თავისუფლად დაიკავებდა ადგილს „ივერიის“სადებიუტო ალბომში. აქაა კარგი გამხსნელი საფორტეპიანო მოტივი, ცოცხალი რიტმი და ლამაზი აკორდული პროგრესია მისამღერიდან გადასვლისას. ეს სიმღერა, „ღრუბელს რაღა უნდოდა“-სთან ერთად ალბათ საუკეთესოა ალბომზე.

საბოლოოდ, ალბომს საუკეთესო შემთხვევაში, საშუალოს თუ უწოდებ, ისიც ბევრი მაგრამ-ით. დიდად გასაკვირიც არაა, რომ ჯგუფმა ვერ მიაღწეია წამყვანი ქართული ჯგუფების დარ პოპულარობას და დღეს მათ ძალიან იშვიათად თუ იხსენებენ. მეორე მხრივ, ალბომი საკმარისად ხარისხიანია იმისთვის, რომ გამოდგეს იმდროინდელი ნაკლებად ცნობილი ქართული ანსამბლების საშუალო დონის ამსახველ დოკუმენტად. ამიტომაც, რეკომენდაციას გავუწევ ერთი-ორჯერ მოსასმენად.

შეფასება: 5 / 10.

გადმოსაწერი ბმული: http://www.mediafire.com/?3q1htado2ebfibf

Source
georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button