განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩენები თუ გამოგონებები, რომლებმაც გააუმჯობესა კაცობრიობის ყოფა-ცხოვრება და გავლენა მოახდინა თითქმის მთელ მსოფლიოზე – ნაწილი II.
პირველი ნაწილი იხილეთ აქ: 10 მნიშვნელოვანი მომენტი კაცობრიობის ისტორიაში
ანესთეზია – 1842 წელს
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ იყო ცნობილი გარკვეული ნივთიერებების შესახებ, რომლებიც ადამიანს გრძნობას აკარგვინებდნენ და ტკივილს უყუჩებდნენ, მათი აქტიური გამოყენება ქირურგიაში მხოლოდ მე-19 საუკუნეში დაიწყო. მანამდე ქირურგიულ ოპერაციებში მონაწილეობას იღებდნენ ყასბები, რადგან პაციენტი სრულიად მგრძნობიარე იყო და სხეულის სასურველი ნაწილი მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოჭრილიყო. ქირურგის ხელში აღმოჩენილი მსხვერპლი მთელი ძალით იბრძოდა, ყვიროდა და ხშირად დროის მოკლე პერიოდში სისხლდენისგან კვდებოდა. ტრადიციულად, პაციენტს რამდენიმე ადამიანი აკავებდა, ყასაბი კიდურის დაზიანებულ არეს აჭრიდა და შემდეგ ჭრილობას კუპრით ფარავდნენ, რომ სისხლის დენა შეეჩერებინათ. ცხადია, ოპერაციები არ ტარდებოდა დახვეწილად ან დიდი ყურადღებით, რადგან ასეთი რამეებისთვის უბრალოდ დრო არ ჰქონდათ. 1842 წლის 30 მარტს ჯეიმს ვენებლესს (ქალაქი ჯეფერსონი, აშშ) დოქტორმა კროუფორდ ლონგმა კისრიდან კისტა ამოჰკვეთა. ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად მან გამოიყენა დიეთილ ეთერი. თუმცა ეს შემთხვევა მხოლოდ 1849 წელს გახდა ცნობილი. ანესთეზიის შექმნამ ექიმებს საშუალება მისცა, უფრო ფრთხილად ემუშავათ და თავიანთი ხელობა მეტად დაეხვეწათ. თანამედროვე ქირურგია და ზოგადად მედიცინა გაცილებით სრულყოფილია, ვიდრე წარსულში არსებული ბარბაროსული მეთოდები. განვითარებად ქვეყნებშიც კი ხშირად ტარდება ოპერაციები თვალზე, რაც ანესთეზიამდელ პერიოდში წარმოუდგენელი იყო.
პენიცილინი – 1928 წელს
1928 წელს ალექსანდრ ფლემინგმა აჩვენა, რომ სოკოს სახეობა Penicillium chrysogenum სპეციფიკურ გარემოში გაზრდისას იძლეოდა უჩვეულო ნივთიერებას, რომელსაც მან „პენიცილინი” უწოდა. მას შეეძლო დაავადებების გამომწვევი მრავალი ბაქტერიის განადგურება, განსაკუთრებით სიფილისისა. ხალხი ადრეულ პერიოდშიც იყენებდა მსგავს სოკოებს დაავადებების დასამარცხებლად, მაგრამ ამას სისტემატური ხასიათი და მეცნიერული მხარდაჭერა არ ჰქონია. ამის შემდეგ დაიწყო პენიცილიუმის გვარის სოკოების გამრავლება, რასაც აღმაფრთოვანებელი შედეგი მოჰყვა: მრავალი უკურნებელი დაავადება ადვილად მოსაშორებელი გახდა. გასაოცარი იყო ის ფაქტი, რომ წამალი მიიღებოდა ობის სოკოს გამოზრდით, რაც არც ისე რთული რამ გახლდათ. დღევანდელი ანტიბიოტიკები სწორედ პირვანდელი პენიცილინის „შთამომავლები” არიან. ამჟამინდელ ეპოქაში ხშირად ახალი ბაქტერიის აღმოჩენიდან მალევე იღებენ მისგან განსაკურნებელ წამალს და დაავადებები აღარაა იმდენად საშიში და დიდი საფრთხის მომტანი, როგორც ადრე იყო.
მწვანე რევოლუცია – 1940-იანებიდან გვიან 1970-იანებამდე
დედამიწაზე შეზღუდულია ფერმერობისთვის გამოსადეგი ტერიტორია, სადაც ასევე შეზღუდული რაოდენობის ადამიანებისთვის სამყოფი საკვების მოყვანა შეიძლება. 1940-იანებამდე როგორც ჩანს, ეს რიცხვი აღარ იყო საკმარისი და მოსახლეობის მუდმივმა მატებამ ხელი შეუწყო შიმშილობასა და შიმშილით სიკვდილს. მწვანე რევოლუციის მამამ, დოქტორმა ნორმან ბორლაუგმა, შეისწავლა მცენარეების გენეტიკა და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შექმნა ახალი თაობის ხორბალი, რომელიც ჩვეულებრივზე გაცილებით ნაყოფიერი იყო. ამას თავისთავად მოჰყვა ბრინჯისა და მსგავსი მცენარეულობის გაუმჯობესება. ადრე მარცვლეულ კულტურებს მაღალი ღერო ჰქონდათ, რის გამოც ვერ უძლებდნენ მწიფე თავთავის სიმძიმეს და უმნიშვნელო ქარის ან წვიმის დროს მიწაზე წვებოდნენ. ეს იწვევდა მოსავლის უდიდესი ნაწილის განადგურებას. ხოლო მარცვლეულის ახალი ჯიშები, რომლებიც მწვანე რევოლუციის შედეგად შეიქმნა, მოკლე ღეროთი და გარემო პირობებისადმი მდგრადობით გამოირჩეოდნენ. დაინერგა ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა პესტიციდები, სასუქები და ჰერბიციდები. ინდოეთსა და აფრიკის ქვეყნებში გაორმაგდა მოსავალი, შიმშილის მასშტაბები კი გაცილებით შემცირდა და ხალხის ცხოვრების შემადგენელ ნაწილს აღარ წარმოადგენდა. სწორედ დოქტორ ნორმან ბორლაუგის დამსახურებაა, რომ დღეს დედამიწაზე მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს. უდავოა, რომ არცერთ სხვა ადამიანს არ მოუხდენია ასეთი გავლენა სიცოცხლესა და მსოფლიო მოსახლეობაზე და არ გადაურჩენია ამდენი ადამიანი პირდაპირი გზით, ვიდრე ნობელის პრემიის ლაურეატ ბერლაუგს.
ორთქლის ძრავა – 1750 წელს
მიუხედავად იმისა, რომ ორთქლის ძრავის ისტორია 2000 წელს ითვლის, სამრეწველო რევოლუციამდე მისი ფართო გამოყენება არ მომხდარა. სამრეწველო რევოლუციამ ხელი შეუწყო პროდუქციის მასობრივი წარმოების ახალი ერის დანერგვას, უფრო აქტიურად მოიხმარდნენ ძრავებს და ამის მეშვეობით გაადვილდა ტვირთის ტრანსპორტირება. ორთქლის ძრავა იყო პირველი ძრავა, რომელიც ფართოდ დაინერგა მთელ მსოფლიოში და დღემდე წარმოადგენს ენერგიის მთავარ წყაროს: დედამიწაზე არსებულ სადგურებში გამომუშავებული ელექტროენერგიის 90% ორთქლის პრინციპით მიიღება. ორთქლის ძრავამ და მისმა მასშტაბურმა წარმოებამ არამარტო შეცვალა ადამიანთა ცხოვრება, არამედ ხელი შეუწყო თანამედროვე კაპიტალიზმის აღზევებას. ელექტროენერგიით განათება, გემითა და მატარებლით მოგზაურობა, სამთამადნო საქმე, ქსოვილების, ქიმიკატებისა და მინის წარმოება გიგანტური ნაბიჯებით მიიწევდა წინ. დღესდღეობით ისინიც კი, ვინც ელექტროენერგიას არ მოიხმარს, იყენებს ორთქლის ძალაზე შექმნილ პროდუქციას.
წიაღისეულის წვა – 5000 წლის წინ
ჯერ კიდევ ძველი ცივილიზაციები იყენებდნენ წიაღისეულს საწვავად სხვადასხვა მიზნებით, მაგრამ ამას არ ჰქონია მუდმივი ხასიათი და დიდი მასშტაბები. შუა საუკუნეებში მჭედლებმა და ლითონზე მომუშავეებმა დაიწყეს ქვანახშირის აქტიურად მოხმარება. ყველაზე დიდი გამოყენება კი სამრეწველო რევოლუციის საწყისი ეტაპიდან ჰპოვა. მათი მოხმარება დაკავშირებული იყო ორთქლის ძრავებთან და წიაღისეულის წვით დიდი ენერგიის მიღება გახდა შესაძლებელი. ქვანახშირი პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული საწვავი წიაღისეულია, მისი კონკურენტები არიან თხევადი ნავთობი და სხვადასხვა აირები. წვისას ქვანახშირი უფრო მეტ ენერგიას იძლევა, ვიდრე იგივე მასის შეშა და როცა დიდი რაოდენობით საწვავია საჭირო, წიაღისეულის ვარიანტი ყველაზე ეკონომიური და შედარებით ნაკლებად ხარჯიანია. წიაღისეულის წვის გავრცელებამ ხელი შეუწყო ორთქლის ძრავის პროლიფერაციას და ელექტროენერგიის გავრცელებას მსოფლიო მასშტაბით.
ავტომობილი – 1885 წელს
ორთქლის ენერგიის ათვისებამ და ისეთი მასიური ტრანსპორტის გავრცელებამ, როგორიცაა გემები და მატარებლები, გაზარდა ადამიანთა სურვილი, დაეხვეწათ და უფრო ხელმისაწვდომი გაეხადათ გადაადგილების საშუალებები. პერსონალური ტრანსპორტირების მანქანა, რომელიც ორთქლის ძრავაზე იმუშავებდა, უამრავი ადამიანის ოცნება გახლდათ. შეიქმნა რამდენიმე პროტოტიპიც, მაგრამ ყველა მათგანს გარკვეული ხარვეზი ჰქონდა და ფართო გამოყენებისთვის ვერ ივარგეს. მალე განვითარდა ორთქლის ძრავის ახალი სახე – შიდაწვის ძრავა, რომელიც ადაპტირებული იყო ავტომობილებისთვის. ტექნოლოგია ვითარდებოდა, თუმცა წარმატებული არასდროს ყოფილა კარლ ბენცამდე. სწორედ ეს ადამიანი ითვლება პირველი ავტომობილის შემქმნელად 1885 წელს. ამის შემდეგ თანდათანობით გაიზარდა მსგავსი მანქანების ვარგისიანობა და წარმოებამაც უფრო ფართო მასშტაბებში გადაინაცვლა. დღესდღეობით დაახლოებით მილიარდი ავტომობილი მოძრაობს გზებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს არ ჰყავს საკუთარი მანქანა და ჯერჯერობით ეს მათთვის ოცნების სფეროა, ბევრ სოფელში არსებობს რამდენიმე ავტომობილი და მას მოსახლეები რიგრიგობით იყენებენ საჭიროების მიხედვით. მანქანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება გადასაადგილებლად, განსაკუთრებით აუცილებელი საქმისთვის. მსოფლიოს ყველა ქალაქში დაგებულია სპეციალური გზები, რათა ავტომობილებმა მოძრაობა შეძლონ.
თვითმფრინავი – 1903 წელს
თავისი არსებობის მანძილზე ადამიანი მუდამ მიწას იყო მიკრული და ფრთებზე ოცნებობდა, მაგრამ ეს ოცნება მხოლოდ ფანტაზიის დონეზე რჩებოდა და ჩვენს წინაპრებს ისღა დარჩენოდათ, ფრინველთა ნავარდისთვის ეცქირათ და თეთრი ან შავი შურით აღვსილიყვნენ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალი უძველესი ლეგენდა და მითი გვიამბობს იმ ღვთიურ არსებებზე თუ ზეადამიანებზე, რომლებსაც ფრენის უნარი ჰქონდათ. შემდგომ შეიქმნა ფრანები და პლანერები, მაგრამ მათ პირველყოფილ ვერსიებს არ შეეძლოთ, ადამიანი ცაში აეყვანათ. პირველი ასეთი პლანერი 1853 წელს აიგო და შემდგომში ტექნოლოგიის განვითარებამ ხელი შეუწყო ისტორიულ მოვლენას – ძმები რაიტების გაფრენას 1903 წლის 17 დეკემბერს. მას შემდეგ 1 საუკუნეზე მეტი გავიდა და თვითმფრინავების დიზაინი თუ მოქმედების პრინციპი მნიშვნელოვნად დაიხვეწა, მაგრამ უცვლელია მთავარი დეტალი – წინსვლისა და პოზიციის შენარჩუნებისთვის წამყვანი ძალა ისევ ძრავაა. დღესდღეობითაც კი ადამიანის წარმოსახვაში ისევ დიდი როლი უჭირავს ფრენას, საფრენ აპარატებს დიდი წვლილი მიუძღვით კვლევების ჩატარებაში, გადაადგილებაში, მოგზაურობაში და ცხადია, ომის დროს განხორციელებულ ოპერაციებში. განვითარებად ქვეყნებში ხშირია ისეთი მოვლენა, როცა ადამიანს არ აქვს საშუალება, თვითმფრინავით იმგზავროს, მაგრამ მას სჭირდება დახმარება და უფასოდ გადაჰყავთ.
ტელეკომუნიკაცია – 1839 წელს
საკონტინენტთაშორისო მოგზაურობის დანერგვამ ერთმანეთისგან დაშორებულ ადამიანებს შორის კომუნიკაცია ნორმად აქცია. სამრეწველო რევოლუციის პერიოდში ელექტროენერგის ფართო გავრცელებამ ხელი შეუწყო ტელეგრაფის ქსელის განვითარებას, რომელიც მორზეს ანბანს იყენებდა და ამ ხერხით გზავნილს ათასობით კილომეტრით დაშორებულ ადგილებში აგზავნიდა უმოკლეს პერიოდში. ძველებური საფოსტო სერვისები მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ, შეენარჩუნებინათ კლიენტები, რომლებიც ინოვაციური სიახლეებით იყვნენ მოხიბლულნი. ელექტროობისა და ელექტრონიკის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებამ ბიძგი მისცა ტელეგრაფის ტელეფონად გარდაქმნას, რომელიც ერთ ბოლოში ბგერებს დინებად გარდაქმნიდა და მეორე ბოლოში მისვლისას ისევ ბგერების ფორმას აძლევდა. ადამიანებს უკვე შეეძლოთ, ერთმანეთთან ესაუბრათ მაშინაც კი, როცა დედამიწის სხვადასხვა მხარეს იმყოფებოდნენ. სწრაფმა კომუნიკაციამ მეტად განავითარა ბიზნესი, ახალი ფორმა მისცა ომის წარმოების ხერხებს და დიდწილად შეცვალა ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრება. მნიშვნელოვნად გაიზარდა ხალხისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის რაოდენობა, ხოლო სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანთა ურთიერთობისთვის საჭირო მანძილი შემცირდა, რაც დიდი ნაბიჯი იყო გლობალიზაციისკენ.
გენეტიკური მოდიფიკაცია – 1973 წელს
სწორედ ამ მეთოდის შედეგად მიეცა დოქტორ ბორლაუგს შესაძლებლობა, ხორბლის უკეთესი ჯიშები შეექმნა. თუმცა პირველი პირდაპირი მანიპულაცია გენებზე, რომელიც უფრო ზუსტ და დაჩქარებულ ფორმას გულისხმობდა ხელოვნური ევოლუციის მეთოდით, განხორციელდა 1973 წელს. დღესდღეობით არსებული წამლებისა და სხვა სამკურნალო ნივთიერებების ნაწილი მიღებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ბაქტერიებისა და საფუარი სოკოებისგან. ინსულინი, ვაქცინები, მულტივიტამინები და ანტიბიოტიკები სწორედ ამ მეთოდით მიიღება. ტარდება სპეციალური სამეცნიერო კვლევებიც კი, რათა შეიქმნას ერთი უჯრედიდან მთლიანი ორგანოს გამოზრდის ხერხები, რაც გააადვილებს ორგანოების გადანერგვას. ამ კვლევებს გარკვეული წარმატება ახლავთ თან, თუმცა ჯერჯერობით არც ისე ფართოდ გავრცელებული და დახვეწილია. მსგავსი მეთოდით შექმნილმა ხორცის ქსოვილებმა შეიძლება გაანულოს ფერმაში ცხოველების არსებობის საჭიროება, ხოლო მოდიფიცირებული ბაქტერია გამოყენებული იქნება დაღვრილი ნავთობისა და რადიოაქტიური ნარჩენებისგან დაბინძურებული ტერიტორიების გასასუფთავებლად. გენეტიკურ მოდიფიკაციას ძალუძს, გააუმჯობესოს მილიარდობით ადამიანისა და ცხოველის მდგომარეობა.
კომპიუტერი – 1936 წელს
წარსულში საანგარიშოები და სხვა ინსტრუმენტები გამოიყენებოდა მათემატიკური მოქმედებების შესასრულებლად. პირველი მექანიზმი, რომელსაც შეეძლო 4 მთავარი არითმეტიკული მოქმედების (მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა) განხორციელება და ინფორმაციის შენახვა, შეიქმნა ჩარლზ ბებიჯის მიერ და მთლიანად მექანიკური გახლდათ. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მექანიკური საქსოვი დაზგის აგება ჟოზეფ ჟაკარის მიერ. წინასწარ მიცემული ნიმუშების მიხედვით ის რთულ ქსოვილებს ქმნიდა, რაც ერთგვარი წინაპირობა იყო პროგრამირებისთვის. კომპიუტერი, თანამედროვე ელექტრონული გაგებით, შეიქმნა ალან ტიურინგის მიერ და გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომში, რათა წარმოუდგენლად რთული ნაცისტური კოდები გაეშიფრათ. თავდაპირველი კომპიუტერები ზომაში ლამის შენობებს უტოლდებოდნენ, თუმცა შემდგომ პერიოდში დაიწყო ტექნოლოგიის მინიატურიზაციის პროცესი და ეს მექანიზმებიც ზომაში შემცირდნენ. კომპიუტერებმა და ტელეკომუნიკაციამ დასაბამი მისცა ინტერნეტის მსოფლიო ქსელს (WWW). ამჟამად სხვადასხვა სახის კომპიუტერები გამოიყენება საათებში, მანქანებში, ტელევიზიაში, სატელეფონო სისტემაში და სხვა მრავალ ყოველდღიურ ტექნიკაში. თანდათან კომპიუტერი ხელმისაწვდომი გახდა მრავალი ადამიანისთვის, რამაც არნახულად გაზარდა განათლების დონე და ინფორმაციის შენახვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებად იქცა.