ლიტერატურა

ლიტერატურული ფოქსტროტი

ორი ათას რომელიღაცა წელს  „თხა და გიგო“ ვიყიდე, ოღონდ უკუღმა არ დამიჭერია (როგორც იმ ცნობილ ამბავშია) და არც ის „თხა და გიგოა“, სკოლაში რომ გაგვივლია. თუმცა კი, რეცენზიის დაწერა ნამდვილად უკუღმა დავიწყე და საერთოდაც, არაა ეს რეცენზია.  და მით უმეტეს, არაა რეცენზია „თხა და გიგო“-ს შესახებ. 
ერთი კია – მწერალი ზურაბ ქარუმიძე „თხა და გიგო“-თი გავიცანი, ეს იყო მომცრო წიგნი, ზღვა ცოდნითა და ინფორმაციით, რამდენიმე ჟანრის მიჯნაზე, მეტიც – რამდენიმე მიმდინარეობის მიჯნაზე. რთულიც ეთქმოდა და მარტივიც, დრამატულიც და კომიკურიც. ოქსიმორონივით.
შემდეგ იყო „ღვინომუქი ზღვა“, რომელიც სათაურიდანაც ჩანს, რომ ჯოისთან, შესაბამისად კი, ჰომეროსთან და საერთოდაც, მთელ პოსტ და პრე მოდერნულ გამოწვევებთან შეთამაშება იყო.
რამდენიმე ხნის წინ კი მქონდა საშუალება, წიგნად გამოცემამდე,  ხელნაბეჭდში (შდრ: ხელნაწერი) გავცნობოდი ქარუმიძის ახალ რომანს „მელია-ტულეფია – fox- trot“.
ჩემთვის, როგორც ფილოლოგისთვის (ანუ სიტყვის მოყვარულისთვის) ამ ტიპის ტექსტი/ტექსტურა პირდაპირ მისწრება აღმოჩნდა, ამიტომაც ერთხელ კი არ წავიკითხე, როგორც ამას ნორმალური (ანუ არაფილოლოგი) ადამიანი იზამდა, არამედ რამდენჯერმე, კერძოდ კი – ორჯერ. 
ასეთ რომანს სიუზან სონტაგი ულტრალიტერატურას უწოდებს და ამით, გარკვეულწილად, ხაზს უსვამს მის დროულობას ტრადიციულ, სიუჟეტურ ლიტერატურასთან შედარებით. თუმცა, ამ შემთხვევაში, სიუჟეტიც გვაქვს და თანაც საკმაოდ დამაინტრიგებელი და მოულოდნელი სასპენსით – სამყაროს მართვას დეკადენტი პოეტებისა და მხატვრების ჯგუფი ეპირება (ღმერთო, ამისგან მაინც დაგვიფარე!)…
მაგრამ მაინც… აქ მთავარი არის ენა და მისი შესაძლებლობები, თუ როგორ  იყენებს ავტორი ენას, როგორც სამუშაო პრაქტიკას. იშვიათია მწერალი, რომელიც ენას ასე ღრმად შეიგრძნობდეს და მის ფსკერზე ასე თამამად შეეძლოს ჩასვლა. ავტორს შემოჰყავს ენა, როგორც უხილავი გმირი, ის, ფაქტობრივად, ღვთის ფიქციითაა დატვირთული – არ ჩანს, მაგრამ მისი ძალა(უფლება) ყველა ნაბიჯზე შეიგრძნობა, ის წარმართავს მოქმედებას. ერთი სიტყვით, ის არის  პირველადი სიტყვა, ანუ „თეოღმერთმალოგოსი“, როგორც ამას დიდი მისტაგოგი და დემაგოგი გურჯიევი ამბობს თავად ამ რომანში. 
როგორც ცნობილია, ენა მწერლისთვის ან მიზანია, ან საშუალება, ან ორივე ერთად (არაფერი დაშავდება, თუ ამას ლინგვისტურ დუალიზმს დავარქმევთ. მით უფრო, რომ ასეც ჰქვია).  ვთქვათ, შექსპირის შემთხვევაში, ენა  საშუალებაა, რათა ავტორმა გადმოსცეს ღრმა (ან ღრმად მოსაწყენი) ადამიანური ტრაგედიები და მკითხველი  სახიფათო კათარზისში შეიტყუოს, დადაისტ-ფუტურისტ-აკმეისტ-იმაჟისტებისთვის კი ენა უტყუარი მიზანი იყო, მიზანი, რითაც უნდა შემზადებულიყო თავად ენის დეკონსტრუქცია, სინტაქსის აყირავება და ლინგვისტურ/მენტალური ბაკქანალია, „ენობრივ-დიონისური ორღიაო“, – იტყოდა ამაზე „მელია ტულეფიას“ პერსონაჟი.
მაგრამ დგება მომენტი, როცა ენა არც მიზანია და არც საშუალება, ის მიზეზია. ისევე, როგორც, მეტნაკლებად, ბორის ვიანთან, ნაწილობრივ, ფოლკნერთან, უფრო მეტად კი ჯოისთან, „მელია-ტულეფიაში“ მთავარი გმირი და მიზეზთა მიზეზი არის ენა, ის არის სიუჟეტის განვითარების, პერსონაჟთა ხასიათის ჩამოქნის, სექსის, ადიულტერის, ოკულტურ-შამანური რიტუალების, პოეტთა სიგიჟის, საბჭოთა შიშებისა თუ ბურგუნდიელი რაინდების გურიაში გამოჩენის მიზეზი.
როდესაც ავტორი მეოცე საუკუნის ავანგარდისტების ხასიათების გამოკვეთას იწყებს, ის მათ ხშირად არცკი ასახელებს, უბრალოდ, მათ სტილს იხმობს, როგორც ნივთმტკიცებას კონკრეტული დროის ან სულაც პერსონის შესახებ (რა უნდა იყოს სტილზე უფრო სახიფათო ნივთმტკიცება?!) ამიტომაც არის „ტულეფიას“ ენა არაერთგვაროვანი, ეკლექტური და ხშირად – ავტოფიქციური.

ამ რომანში  წინადადება თითქმის არასდროს არის მხოლოდ წინადადება, ის, რა თქმა უნდა, არის წინადადება და ამავე დროს, ლინკია სხვა წინადადებების შესახებ, ხსოვნაა სხვა ფრაზების, საყოფაცხოვრებო ამბების თუ მითების შესახებ, ერთგვარი ინტერწინადადება, სინტაქსური ხიდი სიტყვებსა და ხსოვნას შორის („ჩემში რაცა სჩქეფს, კარგად “წავაკითხე”… სიტყვის (სიტყვნის!) განსაკუთრებული გრძნობით…”). გრიგოლ რობაქიძის პომპეზური ენობრივი კონსტრუქციის გადათამაშებას ხან იმდროინდელი ყვითელი (რომელიც, ამავდროულად, წითელიც იყო) პრესის ნიუსებისა და ჰედლაინების კასკადი, ხან კი ავანგარდისტების ჯგუფის (H2SO4) თითქმის ყველა წევრის ციტირება მოსდევს:
„ჟანგო დადა:
ქალია მშვენიერი ტრიბუნა,
მე კი მგონია ამ დროს საჭირო ლაპარაკია…
და-და, და-და-და-და, და!”
როგორც ერთი ჭკვიანი ფრანგი ამბობს, მედია-ხატებმა გაანადგურეს რეალობა. რა თქმა უნდა, დარტყმა პირველ რიგში, ლიტერატურულ რეალობას მიადგა, მისი ფლანგები მოირყა, რადგან მედიამ სწორედ მისი, ამდენი ხნის ნალოლიავები, ნიშა დაიკავა და წარმატებითაც ჩააჩოჩა. გამოსავალი ისაა, რომ მწერალი „მტრის“ მოედანზე უნდა გადავიდეს და თვითონ იქცეს მონომედიად ისევე, როგორც „მელია-ტულეფიას“ ავტორი. ეს რომანი ხომ სავსეა მედია ხატებით – ე.წ. ცუტ-უპ-ის მეთოდით კომუნისტური პრესის ვრცელი არქივია „ჩადგმული“, რაც მეტად მეტყველ, თითქმის ვიზუალურ პროექციას ქმნის, აქვეა Lივე-ჩართვა კომუნისტური საქართველოდან (ამხ. ფილიპე მახარაძის გამოსვლა), მორბენალი სტრიქონი („ამ დღეებში, საუკეთესო სურათი: “ჯავშნოსანი პოტიომკინი”. უკრავს გაძლიერებული სიმებიანი ორკესტრი“), ხოლო დადაისტების შიზოლირიკა ერთგვარი სარეკლამო პაუზაა („და-და, და-და-და-და, და!“).
რაც მეტს წავიკითხავთ „მელია-ტულეფიას“, მით უფრო მეტი ალუზიები, ილუზიები, მეტა, ინტერ და ჰიპერტექსტები გაიჩითება. ზოგან კი სულაც სხვადასხვა მხატვრული ტექსტი თავიდან ბოლომდე ჩაუმონტაჟებია ავტორს. ლიტერატურა ლიტერატურაში.
თუმცა, მთლად მხატვრული ლიტერატურაც არ ეთქმის, ეს ხომ ერთგვარი კულტუროლოგიური ტექსტია, ლიტერატურის, მედიის, პოპულარული თუ აკადემიური მეცნიერების ნაზავი, როგორც, ვთქვათ, ემპედოკლეს პოეტური კოსმოლოგია ან სულბასუტრას მაგიური გეომეტრია.
და, ყველაფრის მიუხედავად, მოუხერხებელია, ერთი წინადადებით (თუნდაც, ერთი რეცენზიით) სრულყოფილად შეაფასო ტექსტი, რომელიც ქართული სალიტერატურო ტრადიციებიდან უკიდურესად „გადახრილია“, ოღონდ არა მარგინალიისკენ, არამედ – ცენტრისკენ. მე მჯერა, რომ „მელია-ტულეფია – ფოხ-ტროტ” თანამედროვე ქართული პროზის ცენტრალური ტექსტია.
კარგი, ჯანდაბას – ერთ-ერთი ცენტრალური ტექსტი

პაატა შამუგია

Source
http://siestabooks.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button