იყო და არა იყო რა, იყო ერთი გლეხი, კამპრიანო. ცოლის და ერთი ვირის მე-ტი არა ებადა რა. ყანაში რომ მუშაობდა, გზაზე ჩიჩორიელები ჩაივლიდნენ ხოლმე და დაუძახებდნენ:
— ჰეი, კამპრიანო, რას აკეთებ? წამო, ცოტა გავიაროთო.
კამპრიანოც თავისი ვირით უკან აედევნებოდა ხოლმე.
ერთ დილას კამპრიანომ თავის ვირს კუდქვეშ ოქროს მანეთიანები შეუწყო. სწორედ ამ დროს ჩიჩორიელებმა ჩაუარეს გვერდზე.
კამპრიანომ უთხრა:
— მომიცადეთ, მეც მოვდივარო, — ვირს საპალნე აჰკიდა და ჩიჩორიელებს გაჰყვა.
გაზაფხული იდგა, ხასხასა ბალახი ბიბინებდა. კამპრიანოს ვირი გზადაგზა ძოვდა და……კამპრიანომ კუდქვეშ ოქროს მანეთიანები რომ შეუწყო, ჩონჩო-რიკს გამოაყოლა.
ჩიჩორიელებმა ოქროს მანეთიანები რომ დაინახეს, გაოცდნენ:
— კამპრიანო, მეგობარო, განა შენი ვირი ფულსა ჰყრისო?
— ჩემი სიმდიდრე ეს ვირია, ამით მიდგია სულიო, — უპასუხა კამპრიანომ.
— ვირი მოგვყიდეო! — შეეხვეწნენ ჩიჩორიელები.
— რას ამბობთ, ასეთ ვირს რომელი ჭკუათამყოფელი გაჰყიდისო?
— რომ იყიდებოდეს ასეთი ვირი, რას იტყვი, რამდენად გაყიდდიო? — ჰკითხეს ჩიჩორიელებმა
— ოქროს მთებიც რომ შემთავაზოთ, ჩემს ვირს მაინც ვერ შეველევი. თუმცა, სამასი სკუდო რომ მოგეცათ, იქნებ……
ამოიფხიკეს ჯიბეები ჩიჩორიელებმა, როგორც იყო, თავი მოუყარეს სამას სკუდოს, წაიყვანეს ვირი, მივიდნენ შინ და ცოლებს უთხრეს, ბოსელში ზეწრე-ბი დააფინეთ, ეს ვირი ოქროს ფულსა ჰყრისო.
უთენია შეცვივდნენ ბოსელში, დახედეს ზეწარს, რაღაც ყვითელი დევს ზედ. მივარდნენ, სტაცეს ხელი და საწყლებს ჩონჩორიკი კი შერჩათ.
— მოგვატყუა იმ წყეულმა, არ შევარჩენთ, ცოცხალი ვერ გადაგვირჩებაო, — აყვირდნენ ჩიჩორიელები, წამოავლეს კეტებს ხელი და, არიქა, კამპრიანოსკენ.
ფანჯარაში კამპრიანოს ცოლმა გამოიხედა.
— კამპრიანო შინ არ გახლავთ, ვენახში წავიდაო.
— ახლავე გამოვათრევთ იქიდან! — დაიღრიალეს გაალმასებულმა გლეხებ-მა და ვენახისკენ გაიჭრნენ, — გამოდი, კამპრიანო, უნდა მოგკლათო! — დაუყ-ვირეს კამპრიანოს.
კამპრიანომ ვაზის ფოთლებში გამოყო თავი:
— რისთვის მკლავთო? — მშვიდად ჰკითხა გლეხებს.
— რისთვის და იმისთვის, რომ მოგვატყუე, შენი ვირი ფულს არა ჰყრისო.
— ჯერ ეს მიბრძანეთ, რა აჭამეთო?
— ყველაფერი კარგი, ახლად მოთიბული ბალახი ვაჭამეთ, ტკბილ-ტკბილი სასმელიც ვასვითო.
— საცოდავი ვირი! — წამოიძახა კამპრიანომ. — მოგიკლავთ და ეგ არი, თქვე ურჯულოებო. განა ნაზ საჭმელს იყო ჩვეული. უხეში საჭმელი მატებდა ძალას და ფულს იმიტომ ჰყრიდა. წამოვალ, დავხედავ, თუ კიდევ ივარგებს რამედ, უკან წამოვიყვან, არადა, თქვენ თავს დააბრალეთ, რაც მოგივიდათ. ცოტა ხანი დამიცადეთ, ერთი წუთით შინ შევირბენ და ახლავე მოვალო, — უთხრა გლე-ხებს კამპრიანომ.
— კარგი, კამპრიანო, ოღონდ დიდხანს ნუ გვალოდინებო.
კამპრიანო შინ შევიდა და ცოლს უთხრა:
— ჩემ დაბრუნებამდე ლობიო მოხარშე, სადილად ჩიჩორიელებს მოვიყვან, იმ დროისათვის მდუღარე ლობიოს ქვაბი კარადაში შედგი, შენ გარეთ გადი, ისე მოაწყვე საქმე, ლობიო დუღდეს, კარადიდან რომ გამოიღებო.
წაიყვანეს ჩიჩორიელებმა კამპრიანო, შევიდნენ ბოსელში, დგას ვირი ძირს დაფენილ ზეწრებზე.
— მიკვირს, რა განგებამ გააძლებინა აქამდე ამ საწყალს! — წამოიძახა კაპრი-ანომ, თავის ვირს რომ შეხედა. — აბა, რაღად მინდა, სამუშაოდ აღარ ვარგა. რა გიქნიათ, თქვე უღმერთოებო, რომ მცოდნოდა, ვირის მოვლა არ იცოდით, რო-გორ მოგყიდიდით. ვაი, ჩემი საწყალი ვირიო.
— რა ვქნათ ახლა, კამპრიანო? — შეცბუნდნენ ჩიჩორიელები.
— რა უნდა ქნათ, გაჩუმდით მაინცო.
— ჩვენი ბრალია ყველაფერი, ჩვენიო, — დაღონდნენ გლეხები.
— მოდით, ძმებო, შევრიგდეთ. რაც მოხდა, მოხდა, ჩემთან წამოდით ყველა, სადილად გეპატიჟებითო, — უთხრა ჩიჩორიელებს კამპრიანომ.
წაჰყვნენ ჩიჩორიელები, მივიდნენ კამპრიანოს სახლში, კარი დაკეტილი დახვდათ. დააკაკუნა კამპრიანომ. ამ დროს მისი ცოლი ბოსლიდან გამოვიდა, ვითომც ეს არის, ახლა დაბრუნდა საიდანღაცო.
გააღეს კარი, შევიდნენ შინ. მიიხედ-მოიხედეს ჩიჩორიელებმა, ბუხარში ცეცხლი არ ანთია.
— დღეს კერძი არ გაგიკეთებიაო? — ჰკითხა კამპრიანომ ცოლს.
— ესაა, ახლა დავბრუნდი ყანიდან, მაგრამ დარდი ნუ გაქვს, ხომ იცი, მშივ-რებს არ დაგტოვებთო.
გაშალა სუფრა, მივიდა კარადასთან, გააღო და მდუღარე ლობიოთი სავსე ქვაბი გამოიღო.
— ეს რა არის?! — გაოცდნენ ჩიჩორიელები. — სასწაულიც ასეთი უნდა, ქვა-ბი კარადაში უცეცხლოდ დუღსო!
— ეს ქვაბი რომ არ მქონდეს, ძალიან გაგვიჭირდებოდა. მე და ჩემი ცოლი მინდორში არხეინად ვმუშაობთ, ვიცით, შინ რომ დავბრუნდებით, ცხელ-ცხე-ლი კერძი დაგვხვდებაო.
— კამპრიანო, მოგვყიდე ქვაბიო! — წამოიძახეს ჩიჩორიელებმა.
— არა, ძმაო, ამას ნუ მთხოვთ, არ შემიძლია.
— კაპრიანო, ვირის ყიდვით ხომ ვიზარალეთ. ახლა ამ ქვაბზე ნუღარ გვეტ-ყვი უარს. აი, სამასი სკუდო და ქვაბი ჩვენი იყოსო.
გამოართვა კამპრიანომ ჩიჩორიელებს სამასი სკუდო, მისცა ქვაბი და გაის-ტუმრა.
— ამ დილით ვირის გულისთვის კინაღამ მოგკლეს, ახლა რაღას აპირებო? — ჰკითხა ცოლმა.
— დარდი ნუ გაქვს, — უპასუხა კამპრიანომ, — ახლა ერთ ადგილას წავალ და მალე დავბრუნდებიო.
წავიდა კამპრიანო საყასბოში, იყიდა ხარის ბუშტი, გაავსებინა ცხელ-ცხელი სისხლით და შინ დაბრუნდა.
— ეს ბუშტი მკერდზე ჩამოიკიდე. როცა დანით მოგვარდები, ნუ შეგეშინდე-ბაო, — დაარიგა ცოლი კამპრიანომ.
მოცვივდნენ ჯოხებითა და კეტ-კომბლებით შეიარაღებული ჩიჩორიელები:
— ახლა კი ვეღარ გადაგვირჩები. დაგვიბრუნე ფული, თორემ იმდენს გირ-ტყამთ, ვიდრე სულს არ გაგაგდებინებთო! — ყვიროდნენ გააფთრებულები.
— რამ გადაგრიათ, მითხარით, რა მოხდაო?! — ვითომ გაოცდა კამპრიანო.
— აკი გვითხარი, ქვაბში კერძი უცეცხლოდ იხარშებაო? ჩვენც ავდექით და დილას ცოლ-შვილიანად წავედით ყანაში, კარადაში შენი ქვაბით ლობიო შევ-დგით, რომ დავბრუნდით, ლობიო ისევე დაგვხვდა, როგორც შევდგითო.
— დაწყნარდით, დაწყნარდით. აქ რაღაც გაუგებრობაა. ახლავე გამოვარკვევ ყველაფერს. იქნებ ჩემმა ცოლმა შეგიცვალათ ქვაბი! — უპასუხა კამპრიანომ და ცოლს დაუძახა:
— დედაკაცო, მითხარი, ამ ხალხს ქვაბი ხომ არ შეუცვალეო?
— მაშ, რას ვიზამდი, ჩემ დაუკითხავად არიგებ ქონებას. მერე ყანაში მგზავ-ნი სამუშაოდ და კერძიც გნებავს მზად დაგახვედრო. ცოცხალი თავით ამ ქვაბს არავის დავუთმობო.
— აი, შე ასეთ-ისეთო, — დაიღრიალა კამპრიანომ, სტაცა ხელი დანას, მი-ვარდა ცოლს და მკერდზე ჩამოკიდებულ ბუშტში ჩასცა. გადმოჩქეფა სისხლმა და ქალი მიწაზე გაიშხლართა.
— ვაი, ვაი, ეს რა ჰქენი. ქვაბის გულისთვის ცოლი როგორ მოკალიო! — თავ-ზარი დაეცათ, მკვდრის ფერი დაედოთ ჩიჩორიელებს.
კამპრიანომ სისხლში მცურავ ცოლს დახედა, ვითომ ძალზე დაეწვა გული:
— ვაი, შე საცოდავოო, — ჩაილაპარაკა. მერე თქვა: — ცოტა დამაცადეთ, ახ-ლავე გავაცოცხლებო. — ამოიღო ჯიბიდან ლერწმის ღერო, ჩაუდო პირში ქალს, სამჯერ ჩაბერა და საღსალამათი ქალი ფეხზე წამოდგა.
— კამპრიანო! — პირი დააღეს ჩიჩორიელებმა. — მოგვყიდე რა, ლერწმის ღეროო!
— ვერა, სინიორებო, ვერა, იცით, დღეში რამდენჯერ ვკლავ და ვაცოცხლებ ამ ჩემს ცოლს. რომ მოგყიდოთ ლერწმის ღერო, ცოლი რიღათი გავაცოცხლოო?
ისე ჩააცივდნენ ჩიჩორიელები, რომ ბოლოს მაინც მოტეხეს კამპრიანო და სამას სკუდოდ იყიდეს ლერწმის ღერო.
დაბრუნდნენ შინ ჩიჩორიელები, დაერივნენ თავიანთ ცოლებს და დახოცეს. მერე ლერწმის ღეროს ხან ერთს ჩაუდებდნენ პირში და უბერავდნენ, ხან — მე-ორეს. უბერავდნენ და უბერავდნენ. ამ ყოფაში რომ იყვნენ, ჩაფრები თავს წა-ადგნენ, გაბაწრეს ცოლების მკვლელები, გაასამართლეს და ყველას კა-ტორღაში უკრეს თავი.
ლუკეზიაა