განხილვაწიგნები

ერლომ ახვლედიანის „კოღო ქალაქში“

„სად ვეძებო ის, რაც არ არის,რომ არ მქონდეს ის, რაც არის,რომ არ იყოს ის, რაც არის“ – ერლომ ახვლედიანი
პირველი, რაც ამ რომანის კითხვისას შევნიშნე, არის ის, რომ „კოღო ქალაქში“ არა უბრალოდ რომანია, არამედ – რომანი–პოემა და იგი პოეტის დაწერილი უნდა იყოს, იმდენად პოეტურია ერლომ ახვლედიანის ენა და სტილი. თვით კოღო – ეს უმწეო, პაწაწინა არსება პოეტის თვალით დანახული სამყაროს სრულუფლებიანი წევრი, გაადამიანებული მწერია და აღიქმება ერთ მთლიან მეტაფორად. მისი ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ სხვებისთვის კბენა შეუძლია, მაგრამ დახეთ მწერლის ფანტაზიას! კოღო ანტიკური მითოსის პერსონაჟ სიყვარულის ცელქ ღმერთ ამურთან არის შედარებული, რომლის კბენაც (მითოსში ისრით დაჭრა) იწვევს სიყვარულს და ეს სიყვარული ავადმყოფობაა, გადამდები ავადმყოფობა, რომელიც არ იკურნება. და ვინაიდან ამური ღმერთია, მისი მოკვლა უპატიებელი დანაშაულია ჩვენი სამყაროს თითოეული წევრისთვის. მაგრამ, ამავე დროს, კოღო უნდა მოკვდეს, უნდა მოკვდეს უდანაშაულო ადამიანი, რათა გაღმერთდეს და ამისათვის კოღო ეძებს მკვლელს, რომელიც მას სიკვდილით სიკვდილისგან იხსნის და მის კოღოდ არსებობას ბოლოს მოუღებს. იგი ეძებს „სიკვდილისა სიკვდილით დამრთგუნეველს“. ეს უკვე მოხდა ოცი საუკუნის წინ და ახლა, ჩვენს საუკუნეში აღარავის უნდა ამ სისხლიანი ტრაგედიის განმეორება – კოღს მიერ მკვლელად არჩეულ ჯუმბერსაც არ უნდა, რომ მოკლას იგი.
სიმბოლური რომანის თავი „სასამართლო“, რომელმაც ნათელი უნდა მოჰფინოს კოღოს – ერთი პატარა არსების, უდანაშაულო ადამიანის მკვლელობის ამბავს. მთელი ეს თავი, ჩვენი აზრით, კაფკას „პროცესის“ გამოძახილს წარმოადგენს, სადაც ხდება ადამიანის გასამართლება – მისი ცოდვილი ბუნების გამო დასჯა – რადგან ადამიანია, ე.ი. ცოდვილია. ამავე დროს, კაცობრიობას ცოდვებისგან იხსნის და განწმენდს შეწირული მსხვერპლი, უმანკო მსხვერპლი.
ერლომ ახვლედიანი „კოღო ქალაქში“ ფილოსოფიური რომანია. მასში მთელი სიმწვავით არის დაყენებული უცოდველი პატარა ადამიანის ყოფნა–არყოფნის საკითხი. მწერალი არ მიმართავს მორალისტურ სენტენციებს, თავს არ გვაბეზრებს განყენებული, აბსტრაქტული მსჯელობით. ლაკონური, სადა, მარტივი ფრაზებით გვესაუბრება და თითოეულ ფრაზას ღრმა ქვეტექსტით ტვირთავს. ეს ფრაზები აისბბერგებივით ცურავენ ტექსტში, მეტასტაზებივით გამჯდარან რომანის სხეულში.
რომანის მოქმედების ადგილი და მოქმედების დრო გაპოეტურებულია. მწერალს გადავყავართ ხილულისა და უხილავის ზღვარზე, არსებულისა და არარსებულის ზღვარზე. იგი ივიწყებს დროსაც და თავში „წიგნის სიყვარულისა“ დროს აითვილის 27 თებერვალიდან 79 თებერვლამდე (შემდეგ არის დღეები – 29 მარტი, 1–9 აპრილი, რომლითაც მთავრდება დღეების ათვლა) ეს თავი მთავრდება პოეტური პასაჟით „დღე და ღამე“:
„დღე–ღამე, უზარმაზარი ციცინათელა, ინთება და ქრება, ინთება და ქრება… სად მიდის დღე? სად იკარგება იგი?მე ერთხელ ვნახე, თუ სად მიდის დღე, სად იკარგება იგი.“
და მწერალი მართლაც დაკარგული დროის, დაკარგული საარსებო სივრცის ძიებაშია. მთელი რომანი განმსჭვალულია დანაშაულის შეგრძნებით კაცობრიობის ცოდვების გამო, ადამიანის ცოდვილი ბუნების გამო და ამ ცოდვების გამოსასყიდად მიჩნეულია სიყვარული, არა მხოლოდ სამყაროსი, ამა ქვეყნის ძლიერთად სიყვარული, არამედ – ერთციცქნა კოღოს სიყვარული. კოღოს დაკარგვა ისევე ეტკინება კაცობრიობას, როგორც დაკარგვა ადამიანისა, რომელიც დადის ქალაქში და დაეძებს მკვლელს, რათა სიკვდილით სიკვდილისაგან გათავისუფლდეს და მარადისობას შეუერთდეს, რომელსაც არ გააჩნია დრო და სივრცე, უსასრულოა და დაუსაბამო.

დალილა ბედიანიძე

Source
http://siestabooks.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button