იუჰან ბორგენი – ჰემინგუეი
ჰემინგუეის თაყვანისმცემელთა უმეტესობისთვის ცნობილია ის ფანტასტიური ამბავი, თუ როგორ გაანთავისუფლა მწერალმა მეორე მსოფლიო ომის დროს პარიზი. უფრო სწორად, ბევრს ეს ამბავი ფანტაზიის ნაყოფად მიაჩნია.
და ცდებიან. ამ ისტორიის ყველაზე დაუჯერებელი ვერსიაც კი თავიდან ბოლომდე სარწმუნოა. სამხედროები არა მარტო გვარწმუნებენ მის უტყუარობაში, არამედ თვითონვე უპატაკებდნენ ხელმძღვანელობას ამ ამბის თავდაპირველ ვერსიას. სინამდვილეა ისიც, როგორ პატრულირებდა ჰემინგუეი სამხედრო კატერით კუბის ჩრდილოეთ სანაპიროზე გერმანული წყალქვეშა ნავების მოლოდინში.
1944 წელს რეპორტიორის ამპლუაში ასრულებდა სამხედრო ფრენებს ინგლისის საჰაერო ძალების მფრინავებთან ერთად.
1944 წლის ივლისიდან 1945 წლის გაზაფხულამდე სამხედრო კორესპონდენტი იყო სახმელეთო ჯარების მესამე არმიაში. გენერალ პატონთან უთანხმოების გამო მან მიატოვა მესამე არმია და წესდების დარღვევით პირველ არმიას შეუერთდა. აქ უკვე უშუალოდ უწევდა ბრძოლებში მონაწილეობა. გიურტგენის ტყეში თვრამეტდღიანი ბრძოლების შემდეგ 3200 ჯარისკაციდან 2600 დაიღუპა და დაიჭრა. როგორც გვარწმუნებენ (ალბათ, სამხედრო ტრიბუნალის თვალის ასახვევად), მწერალს იარაღი არ ჰქონია, სამაგიეროდ ატარებდა გერმანელი ჯარისკაცისთვის ართმეულ ქამარს Gott mit uns (უფალი ჩვენთანაა), რომელზეც ორი მათარა ჰქონდა მიმაგრებული, ერთში ჯინი ესხა, მეორეში – ვერმუტი.
აგვისტოში, როცა მეოთხე დივიზია ნორმანდიის აღმოსავლეთით იბრძოდა, მწერალი თავისი ჯიპით წინ გაიჭრა და საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობასთან დაამყარა კონტაქტი. მალე დიდი პარტიზანული დაჯგუფების მეთაური გახდა, ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს და შტაბში აგზავნიდა მნიშვნელოვან სამხედრო ცნობებს.
ახოვანი და ძლიერი, ჭაღარა და წვეროსანი ამერიკელი ფრანგ პარტიზანებს ზღაპრულ პერსონაჟს აგონებდათ. სტრატეგიული გამოცდილებით, ადამიანური ფსიქოლოგიის და ყველა სახის იარაღის ცოდნით იგი დიდ ნდობას იწვევდა. პირადი მძღოლიც კი ვერ ხვდებოდა, რომ ის მწერალი იყო. ერთხელ ერთმა პარტიზანმა ჰკითხა: “ასეთმა ჭკვიანმა და გამოცდილმა, თანაც ამდენი ჭრილობებით მხოლოდ კაპიტნობას მიაღწიეთ. რატომ?” ჰემინგუეიმ უპასუხა: “ყმაწვილო, მიზეზი იმდენად მარტივია, რამდენადაც დელიკატური. საქმე ისაა, რომ მე არც წერა ვიცი და არც კითხვა”. მართლაც უნაური იყო მისი მდგომარეობა და ზოგჯერ ხელმძღვანელობას ვერ აერჩია, უმაღლეს ჯილდოზე წარედგინათ თუ სამხედრო ტრიბუნალისთვის გადაეცათ იმ ხელშეკრულების დარღვევისათვის, სამხედრო კორესპონდენტს ბრძოლებში მონაწილეობას რომ უკრძალავდა.
შესაძლოა, ბევრისთვის ეს ბრძოლებში დასახიჩრებული და ნაიარევი, მკერდბანჯგვლიანი, იარაღ და ბოთლებასხმული კაცი ცოტა კომიკურადაც გამოიყურებოდეს. ვაღიაროთ, ჩვენს დროში ხომ ვაჟკაცურ შემართებას, ფიზიკურ ძალასა და გმირობას ერთგვარი ეჭვით უყერებენ.
გერტრუდა სტაინი ჯერ კიდევ ჰემინგუეის პარიზული ცხოვრების პერიოდში, 20-იანი წლების დასაწყისში მიანიშნებდა მის უჩვეულო ფიზიკურ სიძაბუნეზე. მას შემდეგ იგი გამუდმებით იკაჟებდა სხეულს. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ჰემინგუეი პირველი მსოფლიო ომის დროს მძიმედ იყო დაჭრილი ჩრდილოეთ იტალიაში, სადაც სრულებით ახალგაზრდა წითელი ჯვრის რაზმში ირიცხებოდა. თვითონაც დაჭრილი, მეორე დაჭრილის ბრძოლის ველიდან გამოყვანას ცდილობდა, მაგრამ ვიდრე უახლოეს პოსტს მიაღწევდა, ჯარისკაცი ხელზე შემოაკვდა. ჰემინგუეის ერთ-ერთი ბიოგრაფი ლინკოლნ კირსტაინი წერს: “იგი ყველაზე მაღლა აყენებს მყისიერი გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების უნარს”. მწერლის კიდევ ერთ თვისებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება – იგი განსაკუთრებით აფასებდა მეგობრობის გრძნობას. ჰემინგუეი თანამებრძოლების ბრძენი მრჩეველი იყო ყველა საკითხში, პირად ცხოვრებას ეხებოდა, სიყვარულს თუ იმას, თუ როგორ უნდა გახდეს კაცი მწერალი. გერტრუდა სტაინი ახალგაზრდა ჰემინგუეიზე წერდა: “მას უფრო დაინტერესებული გამოხედვა აქვს, ვიდრე საინტერესო”.
თვითონ ჰემინგუეი დამწყებ მწერალს ურჩევდა: “მოუსმინეთ, პირველ რიგში მოუსმინეთ!” მას უყვარს სხვების სწავლება, რადგან ეს თავისთვისაც კარგი სკოლაა. რას ასწავლის? რას და, როგორც თვითონ უწოდებს the real thing (რეალურ საგნებს, იმას, რაც სიტყვებსა და ფრაზებს შორის იმალება. რა თქმა უნდა, ის საუბრობს ხედვის ნიჭზეც, რადგან სწორედ განსაკუთრებული ხედვის წყალობით გახდა ასე ცნობილი. როგორც თვითონ ამბობს: “ხედვა – ფორმის მორგებაა”.
როგორც ვხედავთ, ჩვენ წინაშე წმინდა ლიტერატურული საკითხები წამოიჭრა. თავიდან ვფიქრობდი, ამ თემისთვის მეტნაკლებად გვერდი ამექცია, რადგან ბევრი რამ კარგად ცნობილია და ვეჭვობ, რაიმე ახალი ვუთხრა მკითხველს. თუმცა, შევეცდები არ დავარღვიო წონასწორობა მწერლის ცხოვრებასა და მის ხელოვნებას შორის. არ უნდა დავივიწყოთ, რომ, ერთი მხრივ, იგი სრულიად ახალგაზრდა შეეჩეხა ომსა და ძალადობას და, მეორე მხრივ, განუწყვეტლივ ხვეწდა მწერლურ ოსტატობას.
ჯონ მაკ-კეფრიმ გამოსცა სტატიათა კრებული “მწერალი და მისი შემოქმედება”, რომელშიც ჰემინგუეის ცხოვრებისა და ლიტერატურული საქმიანობის მრავალი დეტალია გაანალიზებული. ჩემს მონათხრობში ბევრი რამ ამ წიგნიდან მაქვს ნასესხები…
ახლანდელ პაპა ჰემზე ამბობენ რომ მეოთხედ არის დაქორწინებული და პატრიარქალური ოჯახი აქვს. საუბრობენ კატებსა და ძაღლებზე, ასე მრავლად რომ არიან მის სახლში და უამრავ სტუმარზე. თვითონ ძველი მოკრივე სიამოვნებით ურთიერთობს ბოქსიორებთან, არ იკლებს არანაირ სიამოვნებას, არ ერიდება ხარჯებს და კარგადაც შოულობს, განსაკუთრებით – კინოსცენარები. ის ცხოვრობს სამ უფრო შვილთან ერთად, რომლებიც აღმერთებენ პაპა ჰემს და, ეტყობა, ხელსაც უწყობენ მის საყოველთაო გაღმერთებას. იგი გაშმაგებით, მაგრამ შესვენებებით მუშაობს თავის მთავარ ნაწარმოებზე, რომელიც მოცულობით უფრო დიდია, ვიდრე “ვისთვის რეკს ზარი”. მდიდრული სადილი. არაჩვეულებრივი სასმელები. სრული განცხრომა. ნაირგვარი თევზები, სწრაფი კატერები. ჯარისკაცი, მოკრივე, მსმენელი, შეგირდი – მარადიული შეგირდი, pater familias (ოჯახის მამა), უფროსი. რა უნდა ვთქვათ ყოველივე ამის შემდეგ, ნუთუ დახშული წრეა და ყველაფერი ამოიწურა?
არა, რაღაც არ ემთხვევა. ჩემში რაღაც ძალა ეწინაღმდეგება ამ “დასრულებულ პორტრეტს”. არის ორი მომენტი, რომელიც მუდამ გასათვალისწინებელია: ის, რომ ახალგაზრდობაში დაჭრილი იყო და თანაც გამუდმებით მუშაობდა საკუთარ თავზე, მუშაობდა შეუსვენებლად, არაქათის გამოცლამდე. მიუხედავად გარეგნული ბრწყინვალებისა. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული აქვს პულიცერისა და ნობელის პრემიები, იტალიის სამხედრო ჯვარი და უამრავი დაფნა-გვირგვინი. და მაინც, რაღაც არ ემთხვევა.
თანაც, მიმაჩნია, რომ მის შემოქმედებას უნდა აეხსნას ის დამღა, რომელიც ზერელე კრიტიკოსებმა მიაწებეს, თითქოს მწერალი ხოტბას ასხამდეს სიკვდილს. მე კი მიმაჩნია, რომ ჰემინგუეი რაღაცნაირი შფოთითა და გახელებით უმღერის სიცოცხლეს. გეთანხმებით, შესაძლოა, ეს ერთი და იგივე იყოს, თუმცა, სიცოცხლის თაყვანისცემა და მისი აღგზნებული გამოხატვა მსჭვალავს, ჩემი აზრით, ყველა მის ნაწარმოებს.
იქნებ ეს გარემოებაც განაპირობებდა მისი შემოქმედების ე. წ. “დაღმასვლის” პერიოდს? დაღმასვლისა, რომელმაც მწერალი მიიყვანა ისეთ მწვერვალამდე, როგორიცაა “ვისთვის რეკს ზარი”…
“დაღმასვლა” კი დაიწყო რომანით “მშვიდობით, იარაღო!”, ნაწარმოებით, რომელმაც მთელი მსოფლიო დაიპყრო. ტრადიციულად უმადურმა მსოფლიოს კი გადაწყვიტა, რომ მწერალმა მხოლოდ ასე და ამგვარად უნდა წეროს, – ამგვარად და მორჩა!
ჩემი აზრით, ეს რომანი ყველაზე უფრო ჰემინგუესეულია სხვა ნაწარმოებთა შორის, თუმცა მანერულობის კვალი მასაც ეტყობა. “ქონა და არქონაც” თვითპაროდიულობამდე ჰემინგუეისეულად მიმაჩნია, თუმცა უფრო საინტერესოა მწერლის მთელი შემოქმედების კონტექსტში.
ჰემინგუეი ბევრს სწავლობდა სხვებისგან. გერტრუდა სტაინმა პირში მიახალა მკაცრი სიმართლე, თავი დაენებებინა ჟურნალისტიკისთვის, რადგან ჟურნალისტს ესაჭროება სიტყვა, მწერალს კი – საგანი. ასეც მოხდა, ჰემინგუეის შემოქმედების მთელი არსი “რეალური საგნების” აღმოჩენაა, მოძიება სიმბოლოებისა, რომლებიც “ნამდვილობას” შეიცავენ.
ალფრედ კაზინმა ჰემინგუეიზე თქვა: “ჯარისკაცი შეცვალა ტორეადორმა”. დადგა სპორტის დრო. “სიკვდილის ეპოსი გარდაიქმნა სიცოცხლის მოთხრობად”.
ახალგაზრდა ჰემინგუეი თავისი ჟურნალისტური გამოცდილების საფუძველზე ცდილობდა შეექმნა ახალი პროზა, “უფრო ზუსტი და ენერგიული, ვიდრე ტრადიციული პროზაა, თანაც ისეთი გამომსახველობითი ხერხებით, რაც ჩვეულებრივი პროზისთვის უცხოა”.
მერედა, რომელი მწერალი არ ოცნებობს ამაზე. მას სურდა გამოეცადა, სადამდე აღწევს პროზის შესაძლებლობის საზღვრები, რაც მოახერხა კიდეც. ის წერდა, რომ შესაძლოა პროზაში შეიქმნას მეოთხე და მეხუთე განზომილებაც. ასეთი პროზის შექმნა უფრო რთულია, ვიდრე პოეზიისა, რადგან მსგავსი რამ ადრე არავის უცდია…
ბევრს ეჩვენება, რომ მან მიაღწია სრულ ბუნებრიობას, ანდა, თუ შეიძლება ითქვას, პოეტურ ნატურალიზმს, როგორც ამას ვხვდებით ტოროსთან. გერტრუდა საინისგან ისწავლა მეტყველების ბუნებრივი რიტმი, რომელიც მთლიანად დიალოგზეა დაფუძნებული (რისი თარგმნაც თითქმის შეუძლებელია, რადგან რიტმი აქ ყველაფერს ნიშნავს). მას არ ხიბლავდა ე. წ. “არტისტული პროზა”, ანუ ხელოვნური თხრობა. სურდა გულწრფელად მოეთხრო თავის გრძნობებზე, მისთვის მთავარი იყო არა დეტალები, არამედ – არსი…
მიმაჩნია, რომ ჰემინგუეიმ თავისი “უბრალოებით” მიზანი დაისახა, რომელსაც ახლა, უკვე ხანშიშესული და დაბრძენებული აღწევს. ამერიკული კრიტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დავასკვნით, რომ მწერლის სულში უფრო მეტი ნაიარევია, ვიდრე მის სხეულზე. მაგრამ ყველაზე დიდი და მოუშუშებელი იარა ნამდვილი ხელოვანი დაუცხრომელი სწრაფვაა თავისი ჩანაფიქრისა და მისი ხორცშესხმის ღვთაებრივი თანხვედრისაკენ. ეს გზნება არასოდეს ჩაქრება ჰემინგუეის სულში. აი, სწორედ ეს არ ემთხვევა “დასრულებულ პორტრეტს”. სახლი სავსეა სტუმრებით, კედლებს ამშვენებს მის მიერ მონადირებული ცხოველების ფიტულები, მაგრამ, მწერალი მაინც მარტოსული და ნაიარევია, როგორც მისი პერსონაჟები. ისეთივე მარტოსული, როგორც ვეება თევზთან მებრძოლი ბერიკაცი – ყველაზე შთამბეჭდავი სურათი ბედთან მებრძოლი ხელოვანისა.
1952 წ.
თარგმნა უჩა შერაზადაშვილმა
სტატიის მისამართი: 24 საათი 26.12.10 – http://24saati.ge/index.php/category/culture/2010-12-26/12742.html