ისტორიასაკითხავი

ფრენსის ფუკუიამა “ისტორიის დასასრული?”

მთარგმნელი ლევან ცუცქირიძე

მცირე წინათქმა

ფრენსის ფუკუიამას მიერ 1989 წელს დაწერილი სტატიის თარგმნა რამდენიმე მიზეზით გადავწყვიტე. მათი ნაწილი სრულიად პრაქტიკული და მატერიალისტურია, ზოგიც კი იდეალისტური – ამ ორი სამყაროს ურთიერთზემოქმედების შესახებ კი ქვემოთ ბევრს წაიკითხავთ. NIMD-ის დემოკრატიის განათლების პროგრამა დემოკრატიის ოთხ სკოლას მართავს საქართველოში, რომლებშიც პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები დემოკრატიული პოლიტიკის შესახებ განათლებას იღებენ. უკვე მესამე წელიწადია, ტრადიციულად გამხსნელ ლექციას დემოკრატიის ისტორიასა და მომავალს ვუძღვნი. ეს სტატია კი ამ ლექციის ერთ – ერთი საფუძველია. ამასთან, წიგნი რომელიც ფუკუიამას ამ სტატიას მოჰყვა – “ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“ – და ქართულადაც ითარგმნა, გაყიდვაში აღარაა. გავითვალისწინე ისიც, რომ მოკლევადიანი სასწავლო პროგრამის მხოლოდ ერთი სალექციო თემისათვის მთელი წიგნის წაკითხვა პროგრამის მონაწილეებისათვის არაპრაქტიკულია. შესაბამისად, ამ სტატიის თარგმნა დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა და მიხარია, რომ ახლა მოვახერხე.

იდეალისტური მიზეზი ორია: პირველი ის, რომ ამ ბოლო დროს უმცირესობათა წინააღმდეგ მომხდარი ძალადობის ფონზე და რუსეთთან ურთიერთობის განხილვისას გაცოცხლდა დისკუსიები იმის თაობაზე, თუ რა გზით უნდა იაროს საქართველომ. ჩვენ ახლა ვართ იმ პერიოდში, როდესაც, სამწუხაროდ, სტალინი უფრო მეტად იკავებს საჯარო დისკუსიის სივრცეს, ვიდრე თერგდალეულთა მთელი მემკვიდრეობა. იმ კითხვებში გასარკვევად კი, თუ როგორი ტიპის საზოგადოება უნდა აშენდეს ჩვენში ან თუნდაც ამ საკითხებზე უკეთესი ხარისხის მსჯელობისთვის, ეს სტატია ზედგამოჭრილია. მეორე იდეალისტური მიზეზი პირადია. როდესაც თავად თარგმნი ტექსტს, ძალიან მცირედით, მაგრამ მაინც, ავტორის თანამონაწილე და თანამოაზრე ხდები. ეს კი ძალიან კარგი შეგრძნებაა. ერთდროს მხატვრული ლიტერატურის თარგმნაც ვცადე, მაგრამ მივხვდი, რომ ეს უიმედო საქმე იყო ჩემთვის. იმედი მაქვს, ჩემ პროფესიასთან დაკავშირებული ტექსტები მეტად დამინდობენ.

ეს თარგმანი მათთვისაცაა განკუთვნილი, ვისაც არც პოლიტიკურ მეცნიერებასა და არც ფილოსოფიაში ფორმალური განათლება არ მიუღია და სტატიის ზოგიერთი ტერმინი, შესაძლოა, ეუცხოვოს კიდეც. ამასთან, სტატიის თარგმნისას გავაცნობიერე, რომ სავარაუდოდ მას ისეთი ადამიანებიც წაიკითხავენ, რომლებიც არც „გლასნოსტსა“ და „პერესტროიკას“ მოსწრებიან და არც ამხანაგ ბრეჟნევის გარდაცვალების გამო გამოცხადებული უქმეებით უსარგებლიათ სკოლაში. ამიტომაც ფუკუიამას კომენტარებს, რომლებიც სტატიის ბოლოშია მოცემული სხვა განმარტებებიც დავურთე.

დასასრულს, ამ სტატიის ორიგინალი საჯარო სივრცეშია განთავსებული, ეს თარგმანი არ არის გამიზნული კომერციული მოგებისათვის და წმინდად საგანათლებლო მიზნითაა თარგმნილი. ამ ვერსიის ნებართვის გარეშე გამოყენებაც ნებადართულია იმ პირობით, რომ ჩემს მიერ ტექსტის თარგმნაზე გაწეულ ძალისხმევას მთარგმნელის სახელისა და გვარის მითითებით სათანადოდ დააფასებთ.

ლევან ცუცქირიძე

ისტორიის დასასრული?

1989 წლის ზაფხული. „ეროვნული ინტერესი“ (The National Interest)

როდესაც გასული ათწლეულის მოვლენებს აკვირდები, რთულია თავი აარიდო შეგრძნებას, რომ რაღაც ფუნდამენტური მოხდა მსოფლიო ისტორიაში. გასული წელი სავსე იყო სტატიებით, რომლებიც ზეიმობდნენ ცივი ომის[1] დასრულებას და იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს მრავალ რეგიონში „მშვიდობა“ იკიდებს ფეხს. მრავალ ასეთ ანალიზს აკლია უფრო ფართო კონცეფტუალური ჩარჩო, რათა განასხვავოს რა არის აუცილებელი, რა თანამდევი ან შემთხვევითი და შესაბამისად, ზედაპირული მსოფლიო ისტორიაში. თუკი გორბაჩოვს[2] კრემლიდან ჩამოიშორებენ ან ახალი აიათოლა[3] ახალი საუკუნის დაწყებას გამოაცხადებს ახლო აღმოსავლეთის რომელიმე გაუდაბურებული დედაქალაქიდან, კომენტატორები მაშინათვე კონფლიქტის ახალი ეპოქის დასაწყისს გვამცნობენ.

მიუხედავად ამისა, ყველა შინაგანად გრძნობს, რომ რაღაც უფრო დიდი პროცესია მოქმედებაში, პროცესი, რომელიც ლოგიკურობასა და წესრიგს ანიჭებს ყოველდღიური გაზეთების სათაურებს. მეოცე საუკუნემ იხილა, თუ როგორ მოექცა განვითარებული სამყარო იდეოლოგიური ძალადობის მარწუხებში და როგორ გაუსწორდა ლიბერალიზმი ჯერ აბსოლუტიზმის ნარჩენებს, ხოლო შემდეგ ბოლშევიზმსა და ფაშიზმს, ბოლოს კი მარქსიზმის განახლებულ ვერსიას, რომელსაც ბირთვული ომის აპოკალიფსისკენ მივყავდით. მაგრამ საუკუნე, რომელიც დაიწყო დასავლეთის თავდაჯერებით დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ტრიუმფში, ბოლოს იმასვე უბრუნდება, რითიც დაიწყო: არა „იდეოლოგიის დასასრულს,“ ან კაპიტალიზმისა და სოციალიზმის შერწყმას, როგორც ამას ადრე ვარაუდობდნენ, არამედ ეკონომიკური და პოლიტიკური ლიბერალიზმის უდავო გამარჯვებას.

დასავლეთის, დასავლური იდეის ტრიუმფი, დასავლური ლიბერალიზმის ყველა სიცოცხლისუნარიანი, სისტემური ალტერნატიცის სრულ გამოფიტვაში ჩანს. გასულ ათწლეულში, მსოფლიოს ორი უდიდესი კომუნისტური ქვეყნის ინტელექტუალურ კლიმატში უდავო ცვლილებები მოხდა და ორივეში მნიშვნელოვანი რეფორმატორული მოძრაობები დაიწყო. მაგრამ ეს ფენომენი ცდება მაღალ პოლიტიკას და დასავლური მომხმარებლური ეკონომიკური კულტურის შეუჩერებელ გავრცელებაშიც აისახება. ამას ისეთ განსხვავებულ ვითარებებშიც კი იხილავთ, როგორებიცაა გლეხთა ბაზრები და ფერადი ტელევიზორები, რომლებიც ყველგანაა ჩინეთში; კოოპერატიული[4] რესტორნები და ტანსაცმლის მაღაზიები, რომლებიც გასულ წელს მოსკოვში გაიხსნა, ბეთჰოვენის ნაწარმოებებში, რომელსაც იაპონურ მაღაზიებში უკრავენ და როკ მუსიკაში, რომელიც პრაღაშიც მოსწონთ, რანგუნსა და თეირანშიც.

რისი მოწმენიც ვართ არის არა მხოლოდ ცივი ომის დასასრული, ანდა ომის შემდგომი ისტორის გარკვეული პერიოდის დადგომა, არამედ ისტორიის, როგორც ასეთის დასასრული: ეს ნიშნავს ადამიანის იდეოლოგიური ევოლუციისა და დასავლური ლიბერალური დემოკრატიის უნივერსალიზაციას, როგორც ადამიანთა მმართველობის საბოლოო ფორმად ჩამოყალიბების დასასრულს. ეს არ ნიშნავს, რომ აღარ მოხდება მოვლენები, რომლებიც „საგარეო საქმეების“[5] საერთაშორისო ურთიერთოების ყოველწლიური შეჯამების გვერდებს შეავსებს. ლიბერალიზმის გამარჯვება ძირითადად იდეებისა და ცნობიერების დონეზე მოხდა და ჯერ დაუსრულებელია რეალურ ან მეტერიალურ სამყაროში. მაგრამ არსებობს მყარი საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ გრძელვადიან პერიოდში, იდეალური სამყარო იბატონებს მატერიალურზე. იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რატომ მოხდება ასე, უპირველეს ყოვლისა, ისტორიული ცვლილებების თეორიულ საკითხებს უნდა შევეხოთ.

I

ისტორიის დასასრულის იდეა ახალი არაა. მისი ყველაზე ცნობილი მხარდამჭერი კარლ მარქსი[6] იყო, რომელსაც ისტორიული განვითარების მიზანმიმართულობის სჯეროდა – მას მატერიალური ძალების ურთიერთმოქმედება განაპირობებდა და დასრულდებოდა კომუნისტური უტოპიის მიღწევით, რომელიც საბოლოოდ ყველა ადრეულ წინააღმდეგობას გადაჭრიდა. თვით კონცეფცია ისტორიისა, როგორც დიალექტიკური პროცესისა, მისი დასაწყისით, შუა პერიოდითა და დასასრულით, მარქსმა მისი დიდი გერმანელი წინამორბედის, გეორგ უილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელისაგან[7] ისესხა.

ავად თუ კარგად, ჰეგელის ისტორიციზმის[8] დიდ ნაწილი ჩვენი თანამედროვე ინტელექტუალური მარაგის ნაწილი გახდა. ის, რომ კაცობრიობა დღევანდელობამდე პრიმიტიული ცნობიერების ნაბიჯთა მონაცვლეობით მოვიდა და რომ ეს მონაცვლეობა სოციალური ორგანიზაციის ისეთ კონკრეტულ ფორმებს შეესაბამება, როგორებიცაა ტომობრივი, მონათმფლობელური, თეოკრატიული და დასასრულს დემოკრატიულ-ეგალიტარული,[9] განუყოფელი გახდა ადამიანის თანამედროვე გაგებისათვის. ჰეგელი პირველი ფილოსოფოსი იყო, რომელიც თანამედროვე სოციალური მეცნიერების ენაზე საუბრობდა, რამდენადაც ადამიანი მისთვის კონკრეტული ისტორიული და სოციალური გარემოს პროდუქტი იყო და არა, როგორც ადრეული ბუნებრივი უფლების თეორეტიკოსები იტყოდნენ, მეტ-ნაკლებად ფიქსირებული, „ბუნებრივი“ ატრიბუტების კოლექცია. ადამიანის მიერ ბუნებრივ გარემოზე ბატონობა და მისი ტრანსფორმაცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მეშვეობით არა მარქსისტული, არამედ ჰეგელის კონცეფცია იყო. განსხვავებით შემდგომი ისტორიკოსებისაგან, რომელთა ისტორიული რელატივიზმი[10] უბრალო რელატივიზმად დაკნინდაა. ჰეგელს სჯეროდა, რომ ისტორია სრულდებოდა მის აბსოლუტურ მომენტში, როდესაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს საბოლოო რაციონალური ფორმა იმარჯვებდა.

ჰეგელს არ გაუმართლა, იმიტომ რომ იგი ძირითადად მარქსის წინამორბედადაა ცნობილი. ჩვენ არ გაგვიმართლა იმიტომ, რომ ცოტა თუ იცნობს ჰეგელის ნაშრომებს მისი პირდაპირი კვლევით – მან ჩვენამდე მარქსიზმის დამახინჯებული პრიზმიდან მოაღწია. მიუხედავად ამისა, საფრანგეთში შეეცადნენ გადაერჩინათ ჰეგელი მისი მარქსისტი ინტერპრეტატორებისაგან და აეღორძინებინათ იგი, როგორც ფილოსოფოსი, რომელიც ყველაზე ზუსტად საუბრობს ჩვენს თანამედროვეობაზე. ჰეგელის თანამედროვე ფრანგ ინტერპრეტატორებს შორის, ყველაზე დიდი უდავოდ ალექსანდრე კოჟევი[11] იყო, ბრწყინვალე რუსი ემიგრანტი, რომელიც ძალზედ გავლენიან სემინარებს უძღვებოდა 1930-იანი წლების პარიზში Ecole Practique es Hautes Etudes [i] -ში. მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდწილად უცნობია შეერთებულ შტატებში, კოჟევმა გადამწყვეტი გავლენა მოახდინა კონტინენტის ინტელექტუალურ ცხოვრებაზე. მის სტუდენტებში ირიცხებოდნენ ისეთი მომავალი ვარსკვლავები, როგორებიცაა ჟან პოლ სარტრი[12] მარცხენა მხარეს და რაიმონ არონი[13] მარჯვნივ; ომის შემდგომმა ეგზისტენციალიზმმა[14] მრავალი რამ ისესხა ჰეგელისაგან კოჟევის მეშვეობით.

კოჟევი შეეცადა გაეცოცხლებინა ჰეგელის გონების ფენომენოლოგია – ჰეგელი, რომელმაც ისტორიის დასასრული 1806 წელს გამოაცხადა. ჰეგელმა ნაპოლეონის მიერ პრუსიის მონარქიის იენას ბრძოლაში დამარცხება დაინახა, როგორც საფრანგეთის რევოლუციის იდეების გამარჯვება და ისეთი სახელმწიფოს გარდაუვალი უნივერსალიზაცია, რომელიც თავისუფლებისა და თანასწორობის იდეალებს გაითავისებდა. მომდევნო საუკუნენახევრის ქარიშხლიანი მოვლენების დროსაც კი კოჟევი არ უარჰყოფდა ჰეგელს და ამტკიცებდა, რომ იგი პრინციპულად მართალი იყო [ii]. იენას ბრძოლა ისტორიის დასასრულს განასახიერებდა, რადგანაც ამ მომენტში ადამიანთა ავანგარდმა (მარქსისტებისათვის საკმაოდ ნაცნობი ტერმინი) საფრანგეთის რევოლუციის პრინციპების აქტუალიზაცია მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ 1806 წლის შემდეგაც მნიშვნელოვანი სამუშაო რჩებოდა შესასრულებელი – მონობისა და მონებით ვაჭრობის გაუქმება, მუშებზე, ქალებზე, ფერადკანიანებსა და ეროვნულ უმცირესობებზე ხმის უფლების გავრცელება და ასე შემდეგ – ლიბერალური დემოკრატიის ძირითადი პრინციპების შემდგომი გაუმჯობესება უკვე შეუძლებელი იყო. ამ საუკუნის ორმა მსოფლიო ომმა და თანამდევმა რევოლუციებმა და არეულობებმა ის შედეგი მოიტანა, რომ ეს პრინციპები გეოგრაფიულად გავრცელდა, ადამიანთა ცივილიზაციის სხვადასხვა მხარეეები მის ყველაზე განვითარებულ ფორპოსტებად იქცა და ცივილიზაციის ავანგარდში მდგომი ევროპისა და ჩრდილო ამერიკის საზოგადოებები იძულებულნი გახდნენ მათი ლიბერალიზმი უფრო სრულად განეხორციელებინათ.

სახელმწიფო, რომელიც ისტორიის დასასრულს წარმოგვიდგება, ლიბერალურია იმდენად, რამდენადაც იგი კანონების სისტემის საშუალებით აღიარებს და იცავს ადამიანის თავისუფლების უნივერსალურ უფლებას და დემოკრატიულია იმდენად, რამდენადაც იგი არსებობს მხოლოდ და მხოლოდ მართულთა თანხმობით. კოჟევის მიხედვით, ეს ეგრედ წოდებული „უნივერსალური, ჰომოგენური[15] სახელმწიფო“ თვითრეალიზაციას ომის შემდგომი ევროპის ქვეყნებში ნახულობს – ზუსტად ამ გაქსუებულ, აყვავებულ, თვითკმაყოფილ, საკუთარ თავზე ორიენტირებულ, სუსტი ნებელობის ქვეყნებში, რომელთა ყველაზე დიდი, ყველაზე ჰეროიკული პროექტი საერთო ბაზრის შექმნა იყო[iii]. თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო, რადგანაც ადამიანის ისტორია და კონფლიქტი, რომელიც მას ახასიათებდა ეფუძნებოდა „წინააღმდეგობებს“ – პრიმიტიული ადამიანის სწრაფვას ორმხრივი აღიარებისაკენ, ბატონისა და მონის წინააღმდეგობას, ბუნების ტრანსფორმაციასა და მასზე ბატონობას, უფლებათა საყოველთაო აღიარებისათვის ბრძოლას და დაპირისპირებას პროლეტარებსა და კაპიტალიზმს შორის. მაგრამ უნივერსალურ, ჰომოგენურ სახელმწიფოში ყველა ადრეული წინააღმდეგობა გადაწყვეტილია და ყველა ადამიანური საჭიროება დაკმაყოფილებული. იქ არ არის ბრძოლა ან კონფლიქტი „დიდი“ საკითხების გარშემო და შესაბამისად, არც გენერლების და სახელმწიფო ლიდერების საჭიროებაა; რაც რჩება, ძირითადად ეკონომიკური აქტივობაა. მართლაც, კოჟევის ცხოვრება შეესაბამებოდა მის სწავლებას. სჯეროდა რა, რომ აღარც ფილოსოფოსებისათვის იყო საქმე დარჩენილი, რადგანაც ჰეგელს (სწორად გაგებულს) უკვე მიღწეული ჰქონდა აბსოლუტური ცოდნა, კოჟევმა ომის შემდგომ სწავლებას თავი დაანება და გარდაცვალებამდე (1968) ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაში მუშაობდა, როგორც ბიუროკრატი.

მისი თანამედროვეებისათვის, კოჟევის განცხდება ისტორიის დასასრულის შესახებ, მეორე მსოფლიო ომის ბოლოსა და ცივი ომის ზენიტის ფონზე ექსცენტრიული ფრანგი ინტელექტუალის ტიპიური სოლიფსიზმი იყო[16]. იმაში გასარკვევად , თუ რატომ იყო კოჟევი ისეთი გაბედული, რომ ისტორიის დასასრულს ამტკიცებდა, უპირველეს ყოვლისა ჰეგელის იდეალიზმის მნიშვნელობა უნდა გავიგოთ.

II

ჰეგელისთვის წინააღმდეგობები, რომლებიც ამოქმედებენ ისტორიას, უპირველეს ყოვლისა, ადამიანთა ცნობიერებაში არსებობს – ანუ იდეების დონეზე [iv] – არა ამერიკელი პოლიტიკოსების ტრივიალურ წინადადებებში საარჩევნო წელს, არამედ იდეებიის გამაერთიანებელი მსოფლმხედველობის გაგებით, რაც ყველაზე კარგად იდეოლოგიის რუბრიკაში თავსდება. იდეოლოგიის, არა სეკულარული და მკვეთრი პოლიტიკური დოქტრინების თვალსაზრისით, რასთანაც ამ ტერმინს ხშირად ვაიგივებთ, არამედ იმ გაგებით, რომ იდეოლოგია მოიცავს რელიგიას, კულტურას და იმ რთულ მორალურ ღირებულებებს, რომელთაც ნებიმისმიერი საზოგადოება ეფუძნება.

ჰეგელის თვალსაზრისი იდეათა და მატერიალური სამყაროს ურთიერთობის შესახებ ძალიან რთული რამ იყო. დავიწყოთ თუნდაც იმით, რომ მისთვის ამ ორს შორის განსხვავება მხოლოდ მოჩვენებით იყო[v]. მას არ სჯეროდა, რომ რეალური სამყარო ემორჩილებოდა ან შეიძლებოდა მარტივ შესაბამისობაში ყოფილიყო ფილოსოფიის პროფესორთა იდეოლოგიურ შეხედულებებთან ან თუნდაც ის, რომ „მატერიალურ“ სამყაროს არ შეიძლებოდა ზეგავლენა მოეხდინა იდეალურზე. მეტიც, პროფესორი ჰეგელი დროებით სამსახურიდანაც კი გააგდეს ძალიან მატერიალური მოვლენის – იენას ბრძოლის გამო. მაგრამ თუკი ჰეგელის წერა და ფიქრი შეიძლებოდა მატერიალური სამყაროდან ნასროლ ტყვიას შეეწყვიტა, სასხლეტზე დადებული ხელი თავისუფლებისა და თანსწორობის იმ იდეებით იყო მოტივირებული, რომლებიც საფრანგეთის რევოლუციას ქმნიდნენ.

ჰეგელისთვის ადამიანის მთელი ქცევა მატერიალურ სამყაროში, და შესაბამისად კაცობრიობის მთელი ისტორია, ცნობიერების წინასწარ მოცემულ მდგომარეობას [17] ეფუძნება – ეს იდეა მსგავსია ჯონ მეინარდ კეინსის[18] მიერ ადრე ნათქვამის, რომ საქმიანი ადამიანების შეხედულებები ძირითადად უვარგისი ეკონომისტებისა და წინა თაობის აკადემიური მჯღაბნელებისგან მომდინარეობს. ეს ცნობიერება შეიძლება არ იყოს ისე მკვეთრი და თვით-შეგნებული,[19] როგორც თანამედროვე პოლიტიკური დოქტრინები. მან შეიძლება რელიგიური ან უბრალოდ კულტურული ან მორალური ჩვევის სახე მიიღოს. მიუხედავად ამისა, ცნობიერების სამყარო, გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად ხდება მატერიალური სამყაროს გამოხატულება. მეტიც, ქმნის მატერიალურ სამყაროს, როგორც მის სახეს. ცნობიერება მიზეზია და არა შედეგი და შეუძლია მატერიალურ სამყაროსაგან ავტონომიურად განვითარდეს; შესაბამისად, რეალური ქვეტექსტი, რომელიც მიმდინარე მოვლენების გროვას საფუძვლად უდევს იდეოლოგიის ისტორიაა.

ჰეგელის იდეალიზმი ცუდ პირობებში მოხვდა მომავალი მოაზროვნეების ხელში. მარქსმა სრულად შეაბრუნა რეალურისა და იდეალურის პრიორიტეტები და ცნობიერების მთელი სამყარო – რელიგია, ხელოვნება, კულტურა, თვით ფილოსოფიაც, და ეს ყველაფერი გადაიტანა „სუპერსტრუქტურაში,“ რომელიც მთლიანად წარმოების ძირითადი ძალების მიერ იყო განპირობებული. კიდევ ერთი უიღბლობა მარქსიზმის დანატოვარისა არის ჩვენი ტენდენცია პოლიტიკური ან ისტორიული მოვლენების მატერიალისტური ან უტილიტარული[20] ახსნა ვეძებოთ ხოლმე. ამის ბოლო მაგალითი პოლ კენედის[21] ძალზედ პოპულარული „დიდი სახელმწიფოების აღზევება და დაცემაა,“ რომელიც დიდი სახელმწიფოების დაღმასვლას უბრალო ეკონომიკურ გადატვირთვას უკავშირებს. ცხადია, გარკვეულ დონეზე ეს მართალია: იმპერია, რომლის ეკონომიკა ოდნავ უფრო მეტია ვიდრე საარსებო მინიმუმისათვისაა საჭირო, დიდხანს ვერ გამოფიტავს საკუთარ ხაზინას. მაგრამ მთლიანი შიდა პროდუქტის 3 თუ 7 პროცენტს დახარჯავს თავდაცვასა თუ მოხმარებაზე მაღალი პროდუქტიულობის თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოება, ეს მთლიანად დამოკიდებულია პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, რომლებიც თავის მხრივ ცნობიერების სამყაროთია განპირობებული.

თანამედროვე აზრის მატერიალისტური მიკერძოება არა მხოლოდ მემარცხენეებს ახასიათებთ, რომლებიც შესაძლოა სიმპატიით იყვენენ განწყობილნი მარქსიზმისადმი, არამედ მრავალ ანტი-მარქსისტსაც. მეტიც, მარჯვენა მხარეს არსებობს უოლ სთრით ჯორნალის[22] დეტერმინისტული მატერიალიზმის სკოლა, რომელიც იდეოლოგიისა და კულტურის მნიშვნელობას არ აფასებს და ადამიანს, როგორც აუცილებლად რაციონალურ, მაქსიმალურ მოგებაზე ორიენტირებულად მიიჩნევს. ეკონომიკის სახელმძღვანელოებში სწორედ ასეთი ტიპის ინდივიდი და მის მიერ მატერიალური სარგებლის ძიებაა ასახული, როგორც ეკონომიკური ცხოვრების საფუძველი[vi]. მცირე მაგალითით შეიძლება ასეთი მატერიალისტური ხედვის პრობლემური ხასიათის ილუსტრირება:

მაქს ვებერი[23], თავის ცნობილ წიგნს „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის ბუნება,“ იწყებს პროტესტანტული და კათოლიკური საზოგადოებების განსხვავებული ეკონომიკური წარმატების აღწერით ევროპასა და ამერიკაში. ეს მოკლედ ამ ანდაზით გამოითქმის: „პროტესტანტი კარგად ჭამს, ხოლო კათოლიკეს კარგად სძინავს.“ ვებერი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ეკონომიკური თეორია, რომელიც ადამიანს რაციონალურ, მოგების მაქსიმიზაციაზე ორიენტირებულად წარმოაჩენს იტყოდა, რომ ანაზღაურების ზრდა გაზრდიდა მუშახელის პროდუქტიულობას. მაგრამ სინამდვილეში, მრავალ ტრადიციულ გლეხურ საზოგადოებებში, ანაზღაურების ზრდამ სინამდვილეში საპირისპირო – მუშახელის პროდუქტიულობის შემცირება გამოიწვია: უფრო მაღალი ანაზღურებისას, გლეხმა, რომელიც მიჩვეულია 2,5 მარკის გამომუშავებას დღეში აღმოაჩინა, რომ უფრო ნაკლები მუშაობით იმავე ანაზღაურების მიღება შეეძლო. ის ასეც მოიქცა, რადგანაც უფრო მეტად აფასებდა თავისუფალ დროს, ვიდრე შემოსავალს. დასვენების არჩევა შემოსავლის ნაცვლად, ანდა სპარტელი ჰოპლიტის[24] სამხედრო ცხოვრება ათენელი მევაჭრის სიმდიდრის სანაცვლოდ, ან თუნდაც ადრეული კაპიტალისტი მეწარმის ასკეტური ცხოვრება ტრადიციული არისტოკრატის განცხრომის ნაცვლად სავარაუდოდ შეუძლებელია აიხსნას მატერიალური ძალების იმპერსონალური ზემოქმედებით. ამის ახსნა ძირითადად ცნობიერების სფეროდანაა შესაძლებელი – იმით, რასაც აქ ზოგადად, იდეოლოგია დავარქვით. მართლაც, ვებერის ნამუშევრის ცენტრალური თემა იმის დასაბუთება იყო, რომ მარქსისაგან განსხვავებით, წარმოების მატერიალური მოდელი შორსაა იმისაგან, რომ იყოს „საფუძველი“ და რომ სინამდვილეში თვითონაა „სუპერსტრუქტურა,“ რომელსაც ფესვები რელიგიასა და კულტურაში აქვს. იმისათვის, რომ გაგვეგო თანამედროვე კაპიტალიზმის წარმოშობა და სარგებლის მიღების მოტივი, საჭირო იყო მათი წანამძღვრების შესწავლა სულიერების სამყაროში.

როდესაც თანამედროვე მსოფლიოს ვაკვირდებით, ეკონომიკური განვითარების მატერიალისტური თეორიების სიღარიბე ძალზედ ცხადი ხდება. „უოლ სთრით ჯორნალის“ დეტერმინისტული მატერიალიზმის სკოლა ჩვეულებრისამებრ მიგვითითებს აზიის განსაცვიფრებელ ეკონომიკურ წარმატებაზე გასულ რამდენიმე ათწლეულში, როგორც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკების სიცოცხლისუნარიანობის ნიმუშზე. ამ სკოლის მიხედვით, ყველა ქვეყანა ასეთივე შედეგებს მიიღებდა, თუკი ისინი საკუთარ საზოგადოებებს უბრალოდ მისცემდნენ შესაძლებლობას თავისუფლად მიჰყოლოდნენ მატერიალურ თვითინტერესს. ცხადია, თავისუფალი ბაზრები და სტაბილური პოლიტიკური სისტემები კაპიტალისტური ეკონომიკური ზრდისთვის საჭირო წინაპირობაა. მაგრამ ასევეა შორეული აღმოსავლეთის კულტურული მემკვიდრეობა, შრომის, დაგროვებისა და ოჯახის ეთიკა, რელიგიური მემკვიდრეობა, რომელიც ისლამის მსგავსად არ აწესებს აკრძალვებს ეკონომიკური ქცევის გარკვეულ ფორმებზე და სხვა ღრმად ჩაჭდეული მორალური თვისებები, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკური შედეგების განმარტებისათვის[vii]. მიუხედავად ამისა, მატერიალიზმის ინტელექტუალური სიმძიმე ისეთია, რომ ეკონომიკური განვითარების არც ერთი აღიარებული თეორია არ განიხილავს სერიოზულად ცნობიერებასა და კულტურას, როგორც მატრიცას, რომლის შიგნითაც ფორმირდება ეკონომიკური ქცევა.

ეკონომიკური ქცევის საფუძვლების გაგების წარუმატებლობა ცნობიერების სფეროშია, კულტურა კი გვიბიძგებს ჩვეული შეცდომისაკენ მატერიალური საფუძვლები მოვუძებნოთ ისეთ ფენომენს, რომლის შინაარსიც სინამდვილეში იდეალების სამყაროშია. მაგალითად, დასავლეთში ძალიან გავრცელებულია ჯერ ჩინეთის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის რეფორმატორული მოძრაობების მატერიალურის იდეალზე გამარჯვების ნიმუშად განმარტება – ანუ იმის აღიარება, რომ იდელოგიურ მოტივებს არ შეუძლიათ მატერიალური მოტივების ჩანაცვლება მაღალი პროდუქტიულობის თანამედროვე ეკონომიკის სტიმულირებაში და რომ თუკი ვინმე სურს აყვავება, მან თვითინტერესის ძირითად ფორმებს უნდა მოუხმოს. მაგრამ სოციალისტური ეკონომიკის ღრმა დეფექტები აშკარა იყო 30 ან 40 წლის წინათაც მათთვის, ვინც საკითხში უფრო ღრმად ჩახედვა არჩია. რატომ იყო, რომ ამ ქვეყნებმა უარი თქვეს ცენტრალურ დაგეგმარებაზე მხოლოდ 1980-ში? პასუხი ელიტების და მათი მმართველი ლიდერების ცნობიერებაში უნდა ვეძებოთ, რომელთაც გადაწყვიტეს „პროტესტანტული“ ცხოვრების წესი, სიმდიდრის ცხოვრება აერჩიათ და არა სიღარიბისა და უსაფრთხოების „კათოლიკური“ გზა.[viii] ეს ცვლილება სულაც არ იყო გარდაუვალი იმ მატერიალური მდგომარეობის გამო, რომელშიც რომელიმე ეს ქვეყანა იყოფებოდა რეფორმის წინ, მაგრამ ეს ერთი იდეის მეორეზე გამარჯვების შედეგად მოხდა.[ix]

კოჟევისთვის, ისევე როგორც ყველა კარგი ჰეგელიანელისთვის, ისტორიის ძირითადი პროცესების გაგება მოითხოვს ცნობიერების ან იდეების სამყაროში მიმდინარე საკითხებში გარკვევას, ვინაიდან ცნობიერება საბოლოო ჯამში თავის მსგავს მატერიალურ მდგომარეობას ქმნის. იმის თქმა, რომ ისტორია დამთავრდა 1806-ში ნიშნავდა, რომ კაცობრიობის ევოლუცია დამთავრდა საფრანგეთის ან ამერიკის რევოლუციის იდეალებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა რეჟიმმა რეალურ მსოფლიოში შესაძლოა არ განახორციელოს ეს იდეალები სრულად, მათი თეორიული სინამდვილე აბსოლუტურია და შეუძლებელია მათი შემდგომი გაუმჯობესება. შესაბამისად, კოჟევისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, რომ ომის შემდგომ ევროპელთა თაობის ცნობიერება არ იყო საყოველთაო და უნივერსალური; თუკი იდეოლოგიური განვითარება მართლაც დამთავრდა, ჰომოგენური სახელმწიფო საბოლოოდ მაინც გამარჯვებული გამოვა მატერიალურ სამყაროზე.

მე არ მაქვს სივრცე და გულწრფელად, არც შესაძლებლობა სიღრმისეულად დავიცვა ჰეგელის რადიკალური იდეალისტური პერსპექტივა. საკითხი ის კი არ არის, იყო თუ არა ჰეგელის სისტემა სწორი, არამედ შეუძლია თუ არა მის თვალსაზრისს გააშიშვლოს იმ მრავალი მატერიალისტური განმარტების პრობლემური ბუნება, რომელთაც ხშირად უპირობოდ ვიღებთ. ეს არ ნიშნავს მატერიალური ფაქტორების, როგორც ასეთის უარყოფას. იდეალისტისთვის, რომელიც სიტყვა-სიტყვით იგებს ყველაფერს, ადამიანთა საზოგადოება შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ შემთხვევით პრინციპთა გარშემო, მიუხედავად მათი ურთიერთობისა მატერიალურ სამყაროსთან. სინამდვილეში კი, ადამიანებმა დაამტკიცეს რომ შეუძლიათ ყველაზე მკაცრ მატერიალურ გაჭირვებასაც გაუძლონ იმ იდეების გამო, რომლებიც მხოლოდ სულიერ სამყაროში არსებობენ, იქნება ეს ძროხების წმინდანობა თუ წმინდა სამების ბუნება.[x]

მაგრამ რადგანაც ადამიანის მიერ მატერიალური სამყაროს აღქმა, ამ სამყაროს ისტორიული აღქმით ყალიბდება, მატერიალურ სამყაროს, რა თქმა უნდა, შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ცნობიერების გაკვეულ მდგომარეობასა და ამ ცნობიერების სიცოცხლისუნარიანობაზე -განსაკუთრებით ლიბერალური ეკონომიკების წამოდუგენელი სიჭარბე და შესაბამისად, დაუსრულებლად მრავალფეროვანი მომხმარებლური კულტურების არსებობა, აშკარაა, რომ ხელს უწყობს და იცავს ლიბერალიზმს პოლიტიკურ სფეროშიც. მინდა თავიდან ავირიდო მატერიალისტური დეტერმინიზმი[25] რომელიც ამბობს, რომ ლიბერალური ეკონომიკა აუცილებლად წარმოშობს ლიბერალურ პოლიტიკას, რადგანაც მჯერა, რომ ეკონომიკაც და პოლიტიკაც ვარაუდობს ავტონომიურ, ცნობიერების ერთგვარ მოცემულობას, რაც შესაძლებელს ხდის მათ არსებობას. მაგრამ ცნობიერების ის მდგომარეობა, რომელიც შესაძლებელს ხდის ლიბერალიზმის ზრდას, ჩანს რომ სტაბილიზდება ისტორიის დასასრულს – თუკი მას თანამედროვე თავისუფალი ბაზრების სიმრავლე ეხმარება. ჩვენ შეგვიძლია შევაჯამოთ უნივერსალური, ჰომოგენური სახელმწიფოს შინაარსი, როგორც ლიბერალური დემოკრატია პოლიტიკურ სფეროში კომბინირებული ვიდეო მაგნიტოფონებისა და სტერეო სისტემების ადვილ ხელმისაწვდომობასთან ეკონომიკაში.

III

მართლაც მივაღწიეთ ისტორიის დასასრულს? სხვა სიტყვებით, არსებობს თუ არა რამე ფუნდამენტური „წინააღმდეგობა“ ადამიანთა ცხოვრებაში, რომელიც შეუძლებელია გადაიჭრას თანამედროვე ლიბერალიზმის კონტექსში და რომელიც გადაჭრადი იქნებოდა რომელიმე ალტერნატიული პოლიტიკურ-ეკონომიკური სტრუქტურით? თუკი მივიღებთ იმ იდეალისტურ საფუძვლებს, რომლებიც ზემოთ იქნა განხილული, ამ კითხვაზე პასუხი იდეოლოგიისა და ცნობიერების საყაროში უნდა ვეძებოთ. ჩვენი ამოცანა არაა, ამომწურავად ვუპასუხოთ ლიბერალიზმისადმი იმ გამოწვევებს, რომელთაც ყოველი უვარგისი მესია გვთავაზობს მთელ მსოფლიოში და რომლებიც შესაბამისად არაა მსოფლიო ისტორიის ნაწილი. ჩვენი ამოცანისათვის, ძალიან მცირე მნიშვნელობა აქვს, თუ რა უცნაური ფიქრები მოსდის ხალხს ალბანეთსა თუ ბურკინა ფასოში, რადგანაც ჩვენ გვაინტერესებს ის, რასაც შეიძლება დაერქვას კაცობრიობის საერთო იდეოლოგიური მემკვიდრეობა.

გასულ საუკუნეში, ლიბერალიზმს ორი ძირითადი გამოწვევა ჰქონდა: ფაშიზმისა და კომუნიზმის. პირველი[xi] პოლიტიკურ სისუსტეს, მატერიალიზმს, ანომიასა[26] და თანამეგობრობის არარსებობას დასავლეთში ლიბერალური საზოგადოებების ფუნდამენტურ წინააღმდეგობად მიიჩნევდა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოს მიერ თუ გადაიჭრებოდა, რომელიც ახალ „ხალხს“ გამოჭედდა ეროვნული განსაკუთრებულობის საფუძველზე. ფაშიზმი, როგორც ცოცხალი იდეოლოგია, მეორე მსოფლიო ომმა გაანადგურა. ეს დამარცხება რა თქმა უნდა, ძალიან მატერიალურ დონეზე იყო, მაგრამ ამან იდეის მარცხიც გამოიწვია. რამაც გაანადგურა ფაშიზმი, როგორც იდეა, იყო არა მისი უნივერსალური მორალური მოუღებლობა, რადგანაც ბევრი მზად იყო ამ იდეის მხარდასაჭერად მანამ, სანამ იგი მომავლის ტალღად მოჩანდა, არამედ მისი წარუმატებლობა. ომის შემდეგ, მრავალს მიაჩნდა, რომ გერმანული ფაშიზმი, ისევე როგორც მისი სხვა ევროპული და აზიური ვარიანტები თვითგანადგურებისთვის იყო განწირული. არ არსებობდა მატერიალური მიზეზი, რის გამოც ახალ ფაშისტურ მოძრაობებს არ შეეძლოთ კვლავ აღმოცენებულიყვნენ სხვადასხვა მხარეში ომის შემდგომ. ამას იმან შეუშალა ხელი, რომ ექსპანსიურმა ულტრა-ნაციონალიზმმა, მისი უსასრულო კონფლიქტით, რომელიც გამანადგურებელი სამხედრო დამარცხებით დასრულდა, სრულიად დაკარგა მიმზიდველობა. რაიხის კანცელარიის ნანგრევებმა, ისევე როგორც ატომურმა ბომბებმა, რომლებიც ჰოროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოვარდნენ, მოკლეს ეს იდეოლოგია როგორც ცნობიერების დონეზე, ისე მატერიალურად. ყველა პრო-ფაშისტური მოძრაობა, რომელიც გერმანული და იაპონური მაგალითებით გავრცელდა, როგორებიცაა მაგალითად, პერონისტების მოძრაობა არგენტინაში ან შიბას ჩანდრა ბოსეს ინდოეთის ეროვნული არმია, გაქრა ომის შემდეგ.

იდეოლოგიური გამოწვევა, რომელიც ლიბერალიზმის მეორე დიდი ალტერნატივიდან – კომუნიზმიდან მოდიოდა, ბევრად უფრო სერიოზული იყო. მარქსი, ჰეგელის ენით მოსაუბრე, ამტკიცებდა, რომ ლიბერალურ საზოგადოებებს ჰქონდათ ფუნდამენტური წინააღმდეგობები, კერძოდ კაპიტალსა და მშრომელებს შორის, რომელთა გადაჭრაც მისსავე კონტექსტში შეუძლებელი იყო და რომ ეს წინააღმდეგობები წარმოადგენდა მთავარ მუდმივ ბრალდებას ლიბერალიზმის წინააღმდეგ. მაგრამ უდავოდ, კლასობრივი საკითხი სინამდვილეში წარმატებით გადაწყდა დასავლეთში. როგორც კოჟევი (სხვებთან ერთად) აღნიშნავდა, ეგალიტარული, თანამედროვე ამერიკა წარმოადგენს მარქსის მიერ წარმოდგენილ უკლასო საზოგადოების ნამდვილ მიღწევას. ეს არ ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში არ არსებობს მდიდარი და ღარიბი ხალხი, ან რომ მათ შორის ნაპრალი არ გაზრდილა ამ ბოლო წლებში. მაგრამ ეკონომიკური უთანასწორობის მთავარ საფუძვლებს, არ აქვთ საერთო ჩვენი საზოგადოების ძირითად სამართლებრივ და სოციალურ სტრუქტურასთან. ეს სტრუქტურა ფუნდამენტურად ეგალიტარულია და ზომიერად გადამანაწილებელი. მისი შემადგენელი ჯგუფების კულტურული და სოციალური თვისებები კი თანამედროვეობის წინანდელი მდგომარეობის ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენენ. შესაბამისად, შავკანიანთა სიღარიბე შეერთებულ შტატებში არის არა ლიბერალიზმის თანამდევი შედეგი, არამედ „მონობისა და რასიზმის მემკვიდრეობა,“ რომელიც მონობის გაუქმების შემდეგაც დიდხანს შემორჩა.

კლასობრივი საკითხის გაუჩინარებასთან ერთად, კომუნიზმის მიმზიდველობა განვითარებულ დასავლურ სამყაროში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, უფრო დაბალია, ვიდრე ნებისმიერ დროს პირველი მსოფლიო ომის შემდგომ. ამის გაზომვა მრავალი გზით შეიძლება: ძირითადი ევროპული კომუნისტური პარტიების შემცირებული წევრებითა და საარჩევნო გავლენით და მათი ღიად რევიზიონისტული[27] პროგრამებით; შესაბამისად, კონსერვატიული პარტიების საარჩევნო წარმატებებით ბრიტანეთსა და გერმანიიდან დაწყებული შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში დამთავრებული, რომლებიც უპირობოდ საბაზრო ეკონომიკის მომხრენი და ანტი-სტატისტები[28] არიან; ასევე იმ ინტელექტუალურ კლიმატშიც, რომლის ყველაზე „განვითარებული“ წევრები აღარ ფიქრობენ, რომ ბურჟუაზიული საზოგადოება არის ის, რაც საბოლოო ჯამში უნდა დაძლეულ იქნას. ეს არ ნიშნავს იმის თქმას, რომ დასავლეთის ქვეყნების პროგრესივისტ[29] ინტელექტუალთა მოსაზრებები ღმად პათოლოგიური არ არის სხვადასხვა თვალსაზრისით. მაგრამ ისინი, ვისაც სჯერა, რომ მომავალი აუცილებლად სოციალისტური უნდა იყოს ან ძალიან მოხუცები არიან ან უკიდურესად მარგინალურნი საკუთარი საზოგადოებების პოლიტიკურ დისკუსიებში.

შეიძლება ვინმემ ამტკიცოს, რომ სოციალისტური ალტერნატივა არასოდეს იყო ძალიან რეალური ჩრდილო ატლანტიკური სამყაროსათვის და რომ მას უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ძირითადად ამ რეგიონის გარეთ მიღწეული წარმატებები ასაზრდოებდა. მაგრამ სწორედაც რომ არა ევროპულ სამყაროში ვხვდებით ძირითადი იდეოლოგიური ტრანსფორმაციების შემთხვევებს. ყველაზე შთამბეჭდავი ცვლილებები უცილობლად აზიაში მოხდა. ადგილობრივი კულტურების სიძლიერისა და ადაპტაციის უნარის გამო, აზია იმპორტირებული დასავლური იდეოლოგიების ბრძოლის ველად იქცა ამ საუკუნის ადრეულ პერიოდში. ლიბერალიზმი აზიაში ძალიან სუსტი იყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ; ახლა ადვილია იმის დავიწყება, თუ რაოდენ მძიმედ გამოიყურებოდა აზიის მომავალი სულ რაღაც ათი თუ თხუთმეტი წლის წინ. ასევე ადვილია დაივიწყო, თუ რაოდენ მნიშვნელოვნად მოჩანდა აზიური იდეოლოგიური დაპირისპირების შედეგი მთელი მსოფლიოს პოლიტიკური განვითარებისათვის.

პირველი აზიური ალტერნატივა, რომელიც ლიბერალიზმთან ბრძოლაში დამარცხდა ფაშიზმი იყო, იმპერიული იაპონიის სახით. იაპონური ფაშიზმი (როგორც მისი გერმანული ვერსია) ამერიკული იარაღის ძალით დამარცხდა წყნარი ოკეანის ომში და ლიბერალური დემოკრატია თავს მოხვეულ იქნა იაპონიაზე გამარჯვებული შეერთებული შტატების მიერ. როდესაც იაპონიაში დასავლური კაპიტალიზმი და პოლიტიკური ლიბერალიზმი გადაინერგა, იგი იმდენად ადაპტირებული და სახეცვლილი იქნა იაპონელების მიერ, რომ ძლივს საცნობი გახდა.[xii] მრავალმა ამერიკელმა ახლა იცის, რომ იაპონური საწარმოო ორგანიზაცია ძალიან განსხვავდება შეერთებულ შტატებში ან ევროპაში გავრცელებული მოდელებისაგან. ამჟამად საკითხავია, თუ რა კავშირი აქვს დემოკრატიასთან იმ ფრაქციულ მანვერირებას, რომელიც ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში[30] მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, თვითონ ფაქტი, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური ლიბერალიზმის ძირითადი ელემენტები ასეთი წარმატებით მოერგო განსაკუთრებულ იაპონურ ტრადიციებსა და ინსტიტუტებს, უზრუნველჰყოფს მათ გადარჩენას გრძელვადიან პერსპექტივაში. უფრო მნიშვნელოვანია ის წვლილი, რაც თავის მხრივ იაპონიამ შეიტანა მსოფლიო ისტორიაში ამერიკის კვალდაკვალ ნამდვილად უნივერსალური მომხმარებლური კულტურის შექმნაში, რომელიც გახდა სიმბოლო, საფუძველი ნამდვილი ჰომოგენური სახელმწიფოსი. ვ.ს. ნაიპაული,[31] რომელიც მოგზაურობოდა ჰომეინის[32] ირანში რევოლუციიდან ცოტა ხნის შემდეგ, აღნიშნავდა Sony-ს, Hitachi-სა და JVC-ის რეკლამებს რომლებიც ყველგან იყო და რომელთა ხიბლი პრაქტიკულად გაუსაძლისი იყო. ეს არსებული რეჟიმის მიერ შარიათის კანონზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნის საძირკველის სისუსტეს უჩვენებდა. მომხმარებლური კულტურის ხელმისაწვდომობის სურვილმა, რომელიც დიდწილად იაპონიის მიერ შეიქმნა, სასიცოცხლო როლი ითამაშა აზიაში ეკონომიკური ლიბერალიზმის და შესაბამისად, პოლიტიკური ლიბერალიზმის გავრცელებაში.

ახალი ინდუსტრიალიზაციის ქვეყნების ეკონომიკური წარმატება აზიაში, რომელიც იაპონიის მაგალითს მოჰყვა, უკვე ნაცნობი ისტორიაა. ჰეგელის თვალსაზრისიდან მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკური ლიბერალიზმი ეკონომიკურ ლიბერალიზმს მისდევდა. ეს უფრო ნელა ხდებოდა, ვიდრე მრავალი იმედოვნებდა, მაგრამ მაინც აშკარა გარდაუვალობა იყო. აქაც, კვლავ ვხედავთ უნივერსალური ჰომოგენური სახელმწიფოს იდეის გამარჯვებას. სამხრეთ კორეა განვითარდა, როგორც თანამედროვე, ურბანიზებული საზოგადოება მზარდი და კარგად განათლებული საშუალო კლასით, რომელიც შეუძლებელია იზოლირებული ყოფილიყო მათ გარშემო მიმდინარე ზოგადი დემოკრატიული ტენდენციებისაგან. ამ პირობებში მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მიუღებელი ჩანდა, რომ ისინი ანაქრონისტულ[33] სამხედრო რეჟიმს ემართა მაშინ, როდესაც იაპონიას, რომელიც მხოლოდ ერთი ათწლეულით იყო წინ ეკონომიკური თვალსაზრისით, საპარლამენტო ინსტიტუტებს 40 წელზე მეტი ხნის ისტორია გააჩნდა. ბირმას ყოფილი სოციალისტური რეჟიმიც კი, რომელიც ამდენი ათწლეულის განმავლობაში აზიაში მიდინარე დიდი მოვლენებისგან საცოდავ იზოლაციაში ცხოვრებდა, შეიძრა გასულ წელს მისი ეკონომიკისა და პოლიტიკური სისტემის ლიბერალიზაციის მოთხოვნით. ამბობენ რომ ნე უინის[34] უბედურება მაშინ დაიწყო, როდესაც მნიშვნელოვანი ბირმელი თანამდებობს პირი სინგაპურში წავიდა სამედიცინო პროცედურებისათვის და ტირილი აუვარდა, რომდესაც ნახა თუ რამდენად ჩამორჩა სოციალისტური ბირმა მის მეზობლებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

მაგრამ ლიბერალური იდეის ძალა უფრო ნაკლებად შთამბეჭდავი იქნებოდა აზიის უდიდეს და უძველეს კულტურას, ჩინეთს რომ არ შეჰყროდა. კომუნისტური ჩინეთის უბრალო არსებობამაც კი იდეოლოგიური მიზიდულობის ალტერნატიული პოლუსი შექმნა და შესაბამისად, იგი საფრთხეს წამოადგენდა ლიბერალიზმისათვის. მაგრამ უკანასკნელმა თხუთმეტმა წელმა მარქსიზმ-ლენინიზმის, როგორც ეკონომიკური სისტემის, თითქმის ტოტალური დისკრედიტაცია მოიტანა. 1978 წლის მეათე ცენტრალური კომიტეტის ცნობილი მესამე პლენუმიდან დაწყებული, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ დაიწყო სოფლის მეურნეობის დეკოლექტივიზაცია 800 მილიონი ჩინელისათვის, რომლებიც სოფლად ცხოვრობდნენ. სახელმწიფოს როლი სოფლის მეურნებაში გადასახადების აკრეფამდე შემცირდა, ხოლო სამომხმარებლო პროდუქციის წარმოება მკვეთრად გაიზრდა, რათა გლეხებისათვის უნივერსალური, ჰომოგენური სახელმწიფოს გემო ეგრძნობინებინა და შესაბამისად მუშაობის სტიმული მიეცა. რეფორმამ ჩინეთის მარცველულის წარმოება ხუთ წელიწადში გააორმაგა და ამ პროცესში დენ სიოპინს[35] სოლიდური პოლიტიკური ბაზა შეუქმნა, რომლიდანაც მან შეძლო რეფორმის ეკონომიკის სხვა სექტორებზე გავრცელება. ეკონომიკური სტატისტიკა ვერ აუდის იმ დინამიზმის, ინიციატივისა და გახსნილობის აღწერას ჩინეთში მას მერე, რაც რეფორმა დაიწყო.

ჩინეთს ვერანაირად ვერ დაახასიათებ, როგორც ლიბერალურ დემოკრატიას. დღეისათვის მისი ეკონომიკის არ უმეტეს 20 პროცენტია საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე და, რაც ყველაზე მთავარია, იგი კვლავ თვითდანიშნული კომუნისტური პარტიის მიერ იმართება, რომელსაც არანაირი სურვილი არ ეტყობა ძალაუფლების განაწილებისა. დენ სიოპინს გორბაჩოვის მსგავსად არანაირი პირობები არ გაუცია პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციის თაობაზე და არც „გლასნოსტის“[36] ჩინური ექვივალენტი არსებობს. ჩინეთის ლიდერები, ბევრად უფრო მოკრძალებულნი იყვნენ მაოსა და მაოიზმის[37] კრიტიკაში, ვიდრე გორბაჩოვი ბრეჟნევისა და სტალინის მიმართ. რეჟიმი კვლავ აგრძელებს ფორმალური ხარკის გადახდას მარქსის-ლენინიზმისადმი, როგორც მისი ეკონომიკური საფუძვლისა. თუმცა ნებისმიერმა, ვინც იცნობს ჩინეთის მმართველი ტექნოკრატული ელიტის თვალთახედვასა და ქცევას, იცის რომ მარქსიზმი და იდეოლოგიური პრინციპი პრაქტიკულად უმნიშნვნელო გახდა, როგორც პოლიტიკის წარმმართველი და რომ ბურჟუაზიულ მომხმარებლობას პირველად რევოლუციის შემდეგ ნამდვილად გააჩნია შინაარსი ამ ქვეყანაში. სხვადასხვა შეფერხებები რეფორმის ტემპში, კამპანიები „სულიერი დანაგვიანების“ წინააღმდეგ და განსხვავებულ პოლიტიკურ აზრზე თავდასხმები, უბრალო ტაქტიკურ შესწორებად განიხილება ძალიან რთული პოლიტიკური გარდაქმნის პროცესში. პოლიტიკური რეფორმის საკითხის თავიდან არიდებით და ამასთანავე, ეკონომიკის ახალ სვლაზე გადაყვანით, დენ სიოპინმა მოახერხა ძალაუფლების ჩამოშლის თავიდან არიდება, რაც თან ახლდა გორბაჩოვის „პერესტროიკას.“[38] მიუხედავად ამისა, ლიბერალური იდეის ძალა მაინც ძალიან ძლიერია იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკური ძალაუფლება ფართოდ ვრცელდება და ეკონომიკა უფრო ღია ხდება გარე სამყაროსათვის. ამჟამად დაახლოებით 20,000 სტუდენტი სწავლობს ამერიკისა და სხვა დასავლურ უნივერსიტეტებში, თითქმის ყველა მათგანი ჩინეთის ელიტის შვილები არიან. რთულია დაიჯერო, რომ როდესაც ისინი სახლში დაბრუნდებიან ქვეყნის სამართავად, ისინი დასჯერდებიან იმას, რომ ჩინეთი ერთადერთი ქვეყანა იყოს აზიაში, რომელსაც არ შეხებია დემოკრატიზაციის საერთო ტენდენცია. სტუდენტური დემონსტრაციები პეკინში, რომლებიც 1986 წლის დეკემბერში აფეთქდა და ცოტა ხნის წინ (ჩინეთის კომუნნისტური პარტიის გენერალური მდივნის) ჰუ იაო ბან-ის გარდაცვალების თარიღთან[39] დაკავშირებით განმეორდა, მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია იმის, რაც იქნება მზარდი წნეხი ცვლილებებისათვის პოლიტიკურ სისტემაშიც.

რაც მნიშვნელოვანია ჩინეთის შესახებ მსოფლიო ისტორიის თვალსაზრისით, არის არა რეფორმების დღევანდელი მდგომარეობა, ან თუნდაც მათი სამომავლო პერსპექტივები. მთავარი საკითხი ისაა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ვეღარ იმოქმედებს როგორც არალიბერალური ძალების ჩირაღდანი მსოფლიოს მასშტაბით, იქნებიან ისინი აზიის ჯუნგლების პარტიზანები თუ საშუალო ფენის სტუდენტები პარიზში. მაოიზმი, ნაცვლად იმისა, რომ აზიის მომავლის ნიმუში იყოს ანაქრონიზმი გახდა. თვითონ ჩინეთზე გარდამტეხი ზეგავლენა მოახდინა მისი საზღვარგარეთელი ნათესავების აყვავებამ და დინამიზმმა – ტაილანდის ირონიულმა გამარჯვებამ.

რამდენად მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ეს ცვლილებები ჩინეთში, ლიბერალიზმის მარქსისტ-ლენინისტური ალტერნატივის კუბოში უკანასკნელი ლურსმანი საბჭოთა კავშირში – პირველი „მსოფლიო პროლეტარიატის სამშობლოში“ მიმდინარე მოვლენებმა ჩააჭედა. ნათლად უნდა ითქვას, რომ ფორმალური ინსტიტუტების მხრივ, ბევრი არაფერი შეცვლილა გორბაჩოვის 4 წლით ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ: თავისუფალი ბაზრები და კოოპერატიული მოძრაობები საბჭოთა ეკონომიკის მხოლოდ მცირე ნაწილს წამოადგენენ, რომელიც ცენტრალურ დაგეგმარებაზე რჩება. პოლიტიკურ სისტემაზე კვლავ კომუნისტური პარტია ბატონობს, რომელმაც მხოლოდ ახლახანს დაიწყო შიდა დემოკრატიზაცია და ძალაუფლების სხვა ჯგუფებთან გაყოფა; რეჟიმი კვლავ ამტკიცებს, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ სოციალიზმის მოდერნიზაციას ცდილობს და რომ მის იდეოლოგიურ ბაზად კვლავ მარქსიზმ-ლენინიზმი რჩება; და ბოლოს, გორბაჩოვს უპირისპირება პოტენციურად ძლიერი კონსერვატიული ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია იმ მრავალი ცვლილებების უკუქცევა, რომლებიც აქამდე განხორციელდა. მეტიც, რთულია იყო ძალზედ მშვიდად გორბაჩოვის რეფორმების შანსებთან მიმართებაში ეკონომიკასა თუ პოლიტიკაში. მაგრამ ჩემი მიზანი აქ არის არა მოვლენათა მოკლევადიანი ანალიზი ან პოლიტიკის მიზნებით წინასწარმეტყველება, არამედ იდეოლოგიისა და ცნობიერების სფეროს მნიშვნელოვანი ტენდენციების შეფასება. ამ თვალსაზრისით კი ნათელია, რომ გამაოგნებელი ტრანსფორმაცია მოხდა.

ემიგრანტები საბჭოთა კავშირიდან ამბობდნენ, რომ როგორც მინიმუმ, უკანასკნელ თაობაში მაინც, თითქმის აღარავის სჯეროდა ამ ქვეყანაში მარქსიზმ-ლენინიზმის. ძალიან მართალია ისიც, რომ საბჭოთა ელიტა მარქსიზმის ლოზუნგებით საუბარს მხოლოდ და მხოლოდ ცინიზმის გამო აგრძელებდა. გვიანი ბრეჟნევის პერიოდის საბჭოთა სახელმწიფოს კორუფცია და უკუსვლა თითქოს ცოტას თუ ანაღვლებდა. ამის მიუხედავად მანამ, სანამ სახელმწიფო უარს ამბობდა რაიმე კითხვები დაესვა საბჭოთა საზოგადოების ფუნდამენტური პრინციპებისათვის, სისტემას ინერციის საფუძველზე შეეძლო ადექვატურად ფუნქციონირება და რაღაც დინამიზმის მოკრებაც საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში. მარქსიზმ-ლენინიზმი მაგიური შელოცვასავით იყო, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ აბსურდული და უაზრო იყო, წარმოადგენდა ერთადერთ საფუძველს, რომელზეც ელიტას შეეძლო შეთანხმებულიყო საბჭოთა საზოგადოების მართვაზე.

ის, რაც გორბაჩოვის ხელისუფლებაში მოსვლიდან ოთხი წლის განმავლობაში მოხდა, იყო რევოლუციური შეტევა სტალინიზმის ფუნდამენტურ ინსტიტუტებსა და პრინციპებზე და მათი ჩანაცვლება სხვა პრინციპებით. ეს პრინციპები, მართალია არ უდრიან ლიბერალიზმს, მაგრამ მათი ერთადერთი გამაერთიანებელი ძაფი მაინც ლიბერალიზმია. ეს ყველაზე ნათელი ეკონომიკურ სფეროშია, სადაც რეფორმის ეკონომისტები გორბაჩოვის გარშემო უფრო და უფრო რადიკალურები გახდნენ თავისუფალი ბაზრების მხარდაჭერაში. იმდენად რომ, ზოგიერთი, როგორიც მაგალითად ნიკოლაი შმელევია[40] სულაც არ წუხდება, როდესაც მილტონ ფრიდმენს [41] საჯაროდ ადარებენ. დომინანტ საბჭოთა ეკონომისტებს შორის, ამჟამად თითქმის სრული კონსენსუსია, რომ ცენტრალური დაგეგმარება და განაწილების მართვადი სისტემა ეკონომიკური არაეფექტურობის ძირითადი საფუძველია; თუკი საბჭოთა სისტემა ოდესმე უნდა გაჯანსაღდეს, მაშინ მან თავისუფალი და დეცენტრალიზებული გადაწყვეტილებების მიღება უნდა შემოიღოს ინვესტიციების, მუშახელისა და ფასების საკითხში. პირველი რამოდენიმე წლის იდეოლოგიური დაბნეულობის შემდეგ, ეს პრინციპები საბოლოოდ ახალი კანონების ნაწილი გახდა საწარმოო ავტონომიის, კოოპერატივების და საბოლოო ჯამში, 1988 წლის ქირავნობის საკითხებისა და ოჯახის დაგეგმარების საკითხებში. რა თქმა უნდა, არსებობს სასიკვდილო ხარვეზები რეფორმის ამჟამინდელ მიმდინარეობაში, განსაკუთრებით სიღრმისეული საფასო რეფორმის არარსებობაში. მაგრამ პრობლემა კონცეფტუალური აღარაა: ჩანს, რომ გორბაჩოვსა და მის მოადგილეებს საკმაოდ კარგად ესმით მარკეტიზაციის ეკონომიკური ლოგიკა, მაგრამ მესამე მსოფლიოს ქვეყნის ლიდერების მსგავსად, რომლებიც საერთშორისო სავალუტო ფონდის პირისპირ დგანან, ეშინიათ სამომხმარებლო სუბსიდიების და სახელმწიფო სექტორზე დამოკიდებულების სხვა ფორმების შეჩერების სოციალური შედეგებისა.

პოლიტიკურ სფეროში, საბჭოთა კონსტიტუციის, სამართლებრივი სისტემისა და პარტიული წესების შემოთავაზებული ცვლილებები ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ეს ლიბერალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას სჭირდება. გორბაჩოვმა დემოკრატიზაციაზე ძირითადად შიდა პარტიული საქმეების თვალსაზრისით ისაუბრა და ცოტა თუ ეტყობა სურვილისა, დაასრულოს კომუნისტური პარტიის მიერ ძალაუფლების მონოპოლიური კონტროლი. მეტიც, პოლიტიკური რეფორმა ცდილობს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მმართველობის ლეგიტიმაციასა და განმტკიცებას.[xiii] მიუხედავად ამისა, მრავალი რეფორმის ძირითადი პრინიციპები: რომ სინამდვილეში, „ხალხი“უნდა განაგებდეს საკუთარ საქმეებს, რომ მაღალი პოლიტიკური ორგანოები პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ ქვემდგომთა მიმართ და არა პირიქით, რომ უპირატესი კანონის უზენაესობა უნდა იყოს და არა პოლიციის თვითნებური ქმედებები, ძალაუფლების განაწილებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს საკითხები; ის, რომ კერძო საკუთრება კანონით უნდა იყოს დაცული, რომ საჭიროა საჯარო საკითხებზე ღია დისკუსია, რომ უნდა არსებობდეს გასხვავებული პოლიტიკური აზრის უფლება, რომ საბჭოები უნდა გაძლიერდეს, როგორც ფორუმი, რომელშიც მთელ საბჭოთა ხალხს შეუძლია მონაწილეობა და რომ უნდა არსებობდეს პოლიტიკური კულტურა, რომელიც უფრო ტოლერანტული და პლურალისტურია – მოვიდა ისეთი წყაროებიდან, რომლებიც ფუნდამენტურად უცხოა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მარქსისტულ-ლენინისტური ტრადიციისთვის. ეს ყველაფერი იმისდა მიუხედავად, რომ ისინი არასრულადაა განმარტებული და ცუდაა განხორციელებული პრაქტიკაში.

გორბაჩოვის მრავალჯერადი მტკიცებები, რომ იგი სხვას არაფერს არ აკეთებს, გარდა იმისა, რომ ცდილობს აღადგინოს ლენინიზმის თავდაპირველი მნიშვნელობა ორუელისეული [42] ორმაგი საუბარია. გორბაჩოვი და მისი მოკავშირეები მუდმივად ამბობენ, რომ შიდაპარტიული დემოკრატია ლენინიზმის არსია და რომ სხვადასხვა ლიბერალური პრაქტიკა ღია დებატების, დახურული კენჭისყრით არჩევნების და კანონის უზენასეობისა ეს ყველაფერი ლენინისტური მემკვიდრეობაა, რომელიც მხოლოდ მოგვიანებით გააუკუღმართა სტალინმა. ვინაიდან ნებისმიერი ვინმე კარგ ადამიანად გამოჩნდებოდა სტალინთან შედარებით, ასეთი მკვეთრი ხაზის გავლება ლენინსა და მის მემკვიდრეს შორის კითხვებს აჩენს. ლენინის დემოკრატიული ცენტალიზმი ცენტრალიზმი იყო და არა დემოკრატია. ეს ნიშნავდა, იერარქიულად ორგანიზებული კომუნისტური პარტიის ავანგარდის აბსოლუტურად მოუქნელ, მონოლითურ და დისციპლინირებულ დიქტატურას, რომელიც ხალხის სახელით საუბრობდა. ლენინის მთელი დაუნდობელი პოლემიკა კარლ კაუტსკისთან[43], როზა ლუქსემბურთან[44] და სხვა მენშევიკ თუ სოციალ-დემოკრატიულ მოწინაღმდეგეებთან, რომ არაფერი ვთქვათ „ბურჟუაზიული სამართლისა“ და თავისუფლებების მიმართ მის სიძულვილზე, ეყრდნობოდა მის ღრმა რწმენას, რომ რევოლუციის წარმატებით განხორციელება შეუძლებელია დემოკრატიულად მართული ორგანიზაციით.

გორბაჩოვის მტკიცება, რომ იგი ნამდვილი ლენინიზმის დაბრუნებას ცდილობს, სრულიად ადვილი გასაგებია: წააქეზა რა სტალინიზმისა და ბრეჟნევიზმის სრული უარყოფა, როგორც საბჭოთა კავშირის ამჟამინდელი უბედურების სათავე, იგი საჭიროებს რაღაც საყრდენს საბჭოთა ისტორიაში, რომლითაც მეშვეობითაც შეუძლია შეინარჩუნოს კომუნისტური პარტიის მმართველობის ლეგიტიმურობა. მაგრამ გორბაჩოვის ტაქტიკურმა საჭიროებებმა არ უნდა შეგვიშალოს ხელი დავინახოთ ის ფაქტი, რომ დემოკრატიზაციისა და დეცენტრალიზაციის ის პრინციპები, რომლებიც მან წარმოადგინა როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ სფეროებში, ძალზედ დამანგრეველია მარქსიზმისა და ლენინიზმის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპებისათვის. მეტიც, თუკი ამჟამინდელი ეკონომიკური რეფორმის წინადადებების დიდი ნაწილი რეალურად ამოქმედდება, რთული იქნება განსაზღრო რამდენად უფრო მეტად სოციალისტური იქნება საბჭოთა ეკონომიკა იმ დასავლურ ქვეყნებთან შედარებით, რომელთაც დიდი საჯარო სექტორები გააჩნიათ.

ამჟამად საბჭოთა კავშირს ვერანაირად ვერ უწოდებ ლიბერალურ ან დემოკრატიულ ქვეყანას. არც მე ვფიქრობ, რომ გარდაუვალია, „პერესტროიკამ“ ისეთი წარმატება მოიტანოს, რომ ასეთი იარლიყის მინიჭების გაფიქრებაც შესაძლებელი გახდეს ახლო მომავალში. მაგრამ ისტორიის დასასრულს არ არის აუცილებელი, რომ ყველა საზოგადოება გახდეს წარმატებული ლიბერალური საზოგადოება. უბრალოდ საჭიროა, მათ დაასრულონ იდეოლოგიური პრეტენზიები, იმის თაობაზე, რომ თითქოს ისინი ადამიანთა საზოგადოების განსხვავებულ და უფრო მაღალ ფორმებს წარმოადგენენ. ამ თვალსაზრისით მე მჯერა, რომ გასულ რამოდენიმე წელიწადში, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა საბჭოთა კავშირში. საბჭოთა სისტემის კრიტიკა, რისი ნებაც გორბაჩოვმა გასცა, იმდენად ღრმა და გამადგურებელი იყო, რომ ძალიან მცირე შანსი არსობს მარტივი უკუსვლისა სტალინიზმისა ან ბრეჟნევიზმისკენ. გორბაჩოვმა ბოლოს და ბოლოს ნება მისცა ხალხს ეთქვა ის, რაც მათ მანამდე პირადად სჯეროდათ წლების განმავლობაში, კერძოდ რომ მარქსიზმ – ლენინიზმის მაგიური შეგონებები უაზრობა იყო და რომ საბჭოთა სოციალიზმი დასავლეთზე უპირატესი კი არა, მონუმენტული წარუმატებლობა იყო. საბჭოთა კავშირის კონსერვატიული ოპოზიცია, რომელიც შედგება როგორც უმუშევრობითა და ინფლაციით შეშინებული უბრალო გლეხობისაგან, ისე პარტიული მუშაკებით, რომელთაც სამუშაოებისა და პრილეგიების დაკარგვის ეშინიათ, ხმამაღლა საუბრობს და შესაძლოა საკმარისად ძლიერიც იყოს, რათა გორბაჩოვის გადაყენებას მიაღწიოს უახლოეს რამდენიმე წელიწადში. მაგრამ ის, რაც ორივე ჯგუფს სურს, არის ტრადიცია, წესრიგი და ძალაუფლება; ისინი არ ავლენენ რაიმე ღრმა მიჯაჭვულობას მარქსიზმ-ლენინიზმის მიმართ, გარდა იმისა, რომ მათ თავიანთი ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნეს მას.[xiv] იმისათვის, რათა გორბაჩოვის მიერ მისი ნგრევის შემდეგ, ძალაუფლება აღდგეს საბჭოთა კავშირში, იგი რაიმე ახალ და სიცოცხლისუნარიან იდეოლოგიას უნდა დაეფუძნოს, რომელიც ჯერ არ გამოჩენილა ჰორიზონტზე.

თუკი ამ მომენტისათვის დავუშვებთ, რომ ფაშისტური და კომუნისტური გამოწვევები ლიბერალიზმის მიმართ მკვდარია, არის თუ არა დარჩენილი რაიმე სხვა იდეოლოგიური მეტოქე? სხვა სიტყვებით, არის თუ არა წინააღმდეგობები ლიბერალურ საზოგადოებაში, კლასობრივი საკითხის მიღმა, რისი გადაწყვეტაც შეუძლებელია? აქ ორი შესაძლებლობა წარმოგვიდგება – რელიგიისა და ნაციონალიზმის.

ფართოდაა ცნობილი რელიგიური ფუნდამენტალიზმის აღზევება ქრისტიანულ, ებრაულ და მუსულმანურ ტრადიციებში უკანასკნელი წლების განმავლობაში. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ რელიგიის აღზევება რაღაც ფორმით ადასტურებს საზოგადო უკმაყოფილებას ლიბერალური მომხმარებლური საზოგადოებების იმპერსონალურობისა და სულიერი სიცარიელის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალიზმის საფუძვლის სიცარიელე, იდეოლოგიის დეფექტია – მეტიც, ეს არის ხარვეზი, რომლის აღმოსაჩენად რელიგიური პერსექტივა სულაც არაა საჭირო[xv] – სრულიადაც ბუნდოვანია, რომ ამ ხარვეზის გამოსწორება პოლიტიკითაა შესაძლებელი. თავად თანამედროვე ლიბერალიზმი იყო შედეგი რელიგიაზე დაფუძნებული საზოგადოებების სისუსტისა, რომლებიც ვერ თანხმდებოდნენ რა კარგი ცხოვრების შინაარსზე, ვერ ახერხებდნენ მშვიდობისა და სტაბილურობის მინიმალური წინაპირობების შექმნაც კი. თანამედროვე სამყაროში მხოლოდ ისლამმა წარმოადგინა თეოკრატიული სახელმწიფო, როგორც ლიბერლიზმისა და კომუნიზმის პოლიტიკური ალტერნატივა. მაგრამ ამ დოქტრინას მცირე მიზიდულობა გააჩნია არა მუსლიმებისათვის და რთულია წარმოიდგინო, რომ ეს მოძრაობა უნივერსალურ მნიშვნელობას შეიძენს. სხვა ნაკლებად ორგანიზებული რელიგიური იმპულსები წარმატებით იქნა დაკმაყოფილებული პირადი ცხოვრების იმ სივრცეში, რაც დასაშვებია ლიბერალურ საზოგადოებებში.

სხვა ძირითადი „წინააღმდეგობა“, რაც პოტენციურად გადაუწყვეტელია ლიბერალიზმში, წარმოშობილია ნაციონალიზმისა და რასობრივი და ეთნიკური ცნობიერებიდან. მართლია, რომ იენას ბრძოლის შემდეგ, ძალიან მაღალი ხარისხის კონფლიქტს საფუძველი სწორედ ნაციონალიზმში ჰქონდა. ამ საუკუნის ორი კატაკლიზმური მსოფლიო ომი განვითარებული მსოფლიოს სხვადასხვა ფორმის ნაციონალიზმმა წარმოშვა. და თუ ეს ვნებები გარკვეულწილად ჩამცხრალია ომის შემდგომ ევროპაში, ისინი ჯერ კიდევ ძალიან ძლიერები არიან მესამე სამყაროში. ნაციონალიზმი იყო ლიბერალიზმის საფრთხე გერმანიაში და კვლავ რჩება ასეთად „პოსტ-ისტორიული“ ევროპის ისეთ იზოლირებულ ნაწილებში, როგორებიცაა მაგალითად ჩრდილოეთ ირლანდია.

მაგრამ სულაც არაა ცხადი, რომ ნაციონალიზმი წარმოადგენს შეურიგებელ წინააღმდეგობას ლიბერალიზმის გულში. უპირველეს ყოვლისა, ნაცინალიზმი არ არის ერთი ცალკეული ფენომენი. იგი მრავალგვარია, დაწყებული მსუბუქი კულტურული ნოსტალგიით და დამთავრებული ძალზედ ორგანიზებული და ოსტატურად ჩამოყალიბებული ნაციონალ-სოციალიზმის დოქტრინით. მხოლოდ ამ უკანასკნელი ფორმის სისტემური ნაციონალიზმები თუ ჩაითვლებიან ფორმალურ იდეოლოგიებად ლიბერალიზმის ან კომუნიზმის დონეზე. მსოფლიოს ნაციონალისტური მოძრაობების უდიდეს უმრავლესობას არ გააჩნია პოლიტიკური პროგრამა რომელიმე სხვა ჯგუფის ან ხალხისაგან ნეგატიური დამოუკიდებულობის სურვილის მიღმა. ისინი სოციალური-ეკონომიკური ორგანიზაციის ყოვლისმომცველი გეგმის მსგავსს არაფერს გვთავაზობენ. როგორც ასეთი, ისინი ერწყმიან ისეთ დოქტრინებსა და იდეოლოგიებს, რომლებიც გვთავაზობენ მსგავს გეგმებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შესაძლოა წარმოადგენენ კონფლიქტის წყაროს ლიბერალური საზოგადოებებისათვის, ეს კონფლიქტი წამოიშვება არა იმდენად ლიბერალიზმისგან, არამედ იმის გამო, რომ თავად რომელიმე მოცემული ლიბერალიზმის ფორმაა არასრულყოფილი. მსოფლიოს ძალიან ბევრი ეთნიკური და ნაციონალისტური დაძაბულობა ნამდვილად აიხსნება იმით, რომ ხალხები იძულებულნი არიან იცხოვრონ არაწარმომადგენლობით პოლიტიკურ სისტემებში, რომლებიც მათ არ აურჩევიათ.

მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია გამოვრიცხოთ ახალი იდეოლოგიების ან ლიბერალურ საზოგადოებებში ადრე შეუმჩნეველი წინააღმდეგობების უცაბედი გამოვლენა, დღევანდელი მსოფლიო ადასტურებს, რომ სოციალურ-პოლიტიკური ორგანიზაციის ფუნდამენტული პრინციპები დიდად არ შეცვლილა 1806 წლის შემდგომ. მრავალი ომი და რევოლუცია იმ დროის მერე იმ იდეოლოგიების სახელით იწარმოებოდა, რომლებიც იჩემებდნენ, რომ უფრო განვითარებულნი იყვნენ ვიდრე ლიბერალიზმი, მაგრამ საბოლოო ჯამში ისტორიამ მათი პრეტენზიებიც გააშიშვლა. ამასობაში მათ ხელი შეუწყვეს უნვერსალური ჰომოგენური სახელმწიფოს გავრცელებას იმ დონემდე, რომ მას უკვე შეუძლია საერთაშორისო ურთიერთობების საერთო ხასიათზე მოახდინოს ზეგავლენა.

IV

რაში მდგომარეობს ისტორიის დასასრულის გავლენა საერთაშორისო ურთიერთობებზე? ცხადია, რომ მესამე მსოფლიოს დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ისტორიაშია ჩარჩენილი და მრავალი წლის მანძილზე დაჩება კონფლიქტის ასპარეზად. მაგრამ მოდით, დროებით ვფოკუსირდეთ მსოფლიოს უფრო დიდ და უფრო განვითარებულ სახელმწიფოებზე, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკის უდიდეს წილს განაგებენ. რუსეთი და ჩინეთი უახლოეს მომავალში არ შეუერთდებიან დასავლეთის განვითარებულ ერებს, როგორც ლიბერალური საზოგადოებები. მაგრამ წამოვიდგინოთ დროებით, რომ მარქსიზმ-ლენინიზმი გაქრება როგორც ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკის მამოძრავებელი ფაქტორი – პერსპექტივა, რომელიც თუკი უკვე აქ არ არის, რამდენიმე წელში ნამდვილი რეალობა იქნება. რითი იქნება განსხვავებული დეიდეოლოგიზებული მსოფლიოს მახასიათებლები იმისაგან, რომელსაც ჩვენ უკვე ვიცნობთ ამ ჰიპოთეტური ეპიზოდისათვის?

ყველაზე გავრცელებული პასუხია – დიდად არაფრით. საერთაშორისო ურთიერთობების მრავალ დამკვირვებელს შორის გავრცელებულია რწმენა, რომ იდეოლოგიის ტყავის ქვეშ არსებობს დიდი სახელმწიფოების ეროვნული ინტერესი, რომელიც უზრუნველყობს მეტოქეობისა და კონფლიქტის საკმაოდ მაღალ დონეს ერებს შორის. მართლაც, საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის ერთი აკადემიურად პოპულარული სკოლის მიხედვით, კონფლიქტი საერთაშორისო სისტემის ნაწილია. შესაბამისად, იმისათვის რათა გაიგო კონფლიქტის მომავალი, უნდა შეხედო სისტემის ფორმას – მაგალითად ორპოლუსიანია იგი თუ მრავალპოლუსიანი – ნაცვლად იმისა, რომ დააკვირდე ერებისა და მათი რეჟიმების განსაკუთრებულ ხასიათს. ეს სკოლა სინამდვილეში არის საერთაშორისო ურთიერთობების ჰობსისეული[45] ხედვა და ვარაუდობს რომ აგრესია და დაუცველობა ადამიანთა საზოგადოების უნივერსალური მახასიათებლებია და არა განსაკუთრებული ისტორიული გარემოებების შედეგი.

ისინი, ვინც ამ აზრს იზიარებენ, იღებენ კლასიკური მეცხრამეტე საუკუნის ევროპული ძალთა ბალანსის მონაწილეებს, როგორც იმის მოდელს, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს დე-იდეოლოგიზებული თანამედროვე მსოფლიო. ჩარლზ კრაუთამერმა[46], მაგალითად, ახლახანს განმარტა, რომ თუკი გორბაჩოვის რეფორმების შედეგად საბჭოთა კავშირი მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგიას მოიშორებს, მისი ქცევა მეცხრამეტე საუკუნის იმპერიული რუსეთის ქცევას დაემსგავსება.[xvi] მიუხედავად იმისა, რომ მას ეს უფრო უკეთეს ვარიანტად მიაჩნია, ვიდრე კომუნისტური რუსეთისაგან მომდინარე საფრთხე. იგი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სისტემაში მაინც იარსებებს მეტოქეობისა და კონფლიქტის მნიშვნელოვანი ხარისხი, ისე როგორც ეს იყო, მაგალითად რუსეთსა და ბრიტანეთს ან ვილჰელმისტურ გერმანიას შორის. ეს რა თქმა უნდა მოსახერხებელი მოსაზრებაა მათთვის, ვისაც სურს აღიაროს რომ საბჭოთა კავშირში რაღაც მნიშვნელოვანი იცვლება, მაგრამ არ სურთ იკისრონ პასუხისმგებლობა პოლიტიკის რადიკალური ცვლილების შესაბამისი რეკომენდირებისთვის. მაგრამ არის თუ არა ეს ასე?

სინამდვილეში, მოსაზრება, რომ იდეოლოგია ესაა სუპერსტრუქტურა, რომელიც დიდი სახელმწიფოების მუდმივ ინტერესზეა დაფუძნებული, ძალზედ საკამათოა; რადგანაც ის, თუ როგორ აღიქვამს საკუთარ ეროვნულ ინტერესს რომელიღაც სახელმწიფო არაა უნივერსალური რამ. ასეთი აღქმა ეფუძნება რომელიმე მოცემულ იდეოლოგიურ ბაზისს, ისევე როგორც ვნახეთ, რომ ეკონომიკური ქცევა ცნობიერებითაა განპირობებული. ამ საუკუნეში, ქვეყნებმა მოირგეს კარგად ჩამოყალიბებული დოქტრინები ნათელი საგარეო პოლიტიკური გეგმებით, რომლებიც ამართლებენ ექსპანსიონიზმს ისევე, როგორც მარქსიზმ – ლენინიზმი ან ნაციონალ-სოციალიზმი.

მეცხრამეტე საუკუნის ევროპული სახელმწიფოების ექსპანსიური და მეტოქეობრივი ქცევა არა ნაკლებ იდეოლოგიურ საფუძვლებზე იდგა; უბრალოდ ისე მოხდა, რომ იდეოლოგია, რომელიც მათ ამოძრავებდათ უფრო ნაკლებად გამოხატული იყო ვიდრე მეოცე საუკუნის დოქტრინები. ერთიცაა, „ლიბერალურ“ ევროპულ სახელმწიფოთა უმეტესობა არალიბერალურები იყვნენ იმდენად, რამდენადაც მათ სჯეროდათ იმპერიალიზმის ლეგიტიმურობისა, ანუ ერთი ერის უფლებისა, ემართა დანარჩენი ერები, მართულთა ნების მიუხედავად. იმპერიალიზმის გამართლებები იცვლებოდა ერთი ერიდან მეორემდე, ძალის ლეგიტიმურობის უხეში რწმენიდან დაწყებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე არა ევროპელებს ეხებოდათ, გაგრძელებული „თეთრი კაცის ტვირთითა“ თუ ევროპის გაქრისტიანების მისიით და დამთავრებული სურვილით ფერადკანიანებისათვის ხელმისაწვდომი გაეხადათ რაბლესა[47] და მოლიერის[48] კულტურა. მაგრამ, რაც არ უნდა ყოფილიყო კონკრეტული იდეოლოგიური საფუძველი, ყველა „განვითარებულ“ ქვეყანას სჯეროდა, რომ მისაღები იყო მაღალი ცივილიზაციის მიერ დაბალი ცივლიზაციის მართვა – მათ შორის, შეერთებულ შტატებსაც სჯეროდა ამისა ფილიპინებთან მიმართებაში. ამან მოიტანა მცდელობა პირდაპირი ტერიტორიული მიტაცებებისა საუკუნის მეორე ნახევარში და არც თუ მცირე როლი ითამაშა დიდი ომის[49] გამოწვევაში.

მეცხრამეტე საუკუნის იმპერიალიზმის რადიკალური და დეფორმირებული გაგრძელება იყო გერმანული ფაშიზმი, იდეოლოგია, რომელიც ამართლებდა გერმანიის უფლებას ემართა არა მხოლოდ არა ევროპული ხალხები, არამედ ყველა არა გერმანულებიც. რეტროსპექტიულად ჩანს, რომ ჰიტლერი წარმოადგენდა ავადმყოფურ გადახვევას ევროპული განვითარების საერთო მიმართულებიდან. მისი საშინელი მარცხის შემდეგ, ნებისმიერი ტერიტორიული მიმტაცებლობის გამართლება საბოლოოდ იქნა დისკრედიტირებული.[xvii] მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპული ნაციონალიზმი შეიცვალა და მოიცილა ყოველგვარი რეალური კავშირი საგარეო პოლიტიკასთან იმ შედეგით, რომ დიდი სახელმწიფოების ქცევა მეცხრამეტე საუკუნის მოდელით სერიოზული ანაქრონიზმი გახდა. ნაციონალიზმის ყველაზე ექსტრემალური ფორმა, რაც დასავლეთ ევროპულმა სახელმწიფომ მოახერხა 1945 წლის შემდეგ გოლიზმი[50] იყო, რომლის თვითდამკვიდრება ძირითადად პოლიტიკისა და კულტურის წვრილმანებში გამოიხატებოდა. მსოფლიოს იმ ნაწილის საერთაშორისო ცხოვრება, რომელმაც ისტორიის დასასრულს მიაღწია, ბევრად მეტადაა დაინტერესებული ეკონომიკით, ვიდრე პოლიტიკით ან სტრატეგიით.

დასავლეთის განვითარებული ქვეყნები ინარჩუნებენ თავდაცვის შესაძლებლობებს. ისინი ომის შემდგომ პერიოდშიც ენერგიულად მეტოქეობდნენ გავლენისათვის მსოფლიო კუმუნისტური საფრთხის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ეს ქცევა განპირობებული იყო იმ ქვეყნებიდან მომდინარე საგარეო საფრთხით, რომლებიც გამოხატულად ექსპანსიურ იდეოლოგიას ატარებდნენ – მათ გარეშე ამას ადგილი არ ექნებოდა. თუკი „ნეო-რეალისტურ[51]“ თეორიას სერიოზულად მივიღებთ, უნდა დავიჯეროთ რომ „ბუნებრივი“ მეტოქეობრივი ქცევა თავს იჩენდა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში[52] იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რუსეთი და ჩინეთი დედამიწის პირიდან გაქრებოდნენ. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ გერმანია და საფრანგეთი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ შეიარაღდებოდნენ როგორც 1930-ში; ავსტრალია და ახალი ზელანდია სამხედრო მრჩევლებს გააგზავნიდნენ, რათა ერთმანეთის წინსვლისთვის ხელი შეეშალათ აფრიკაში, შეერთებული შტატებისა და კანადის საზღვარი კი ფორტიფიცირებული იქნებოდა. ასეთი მომავალი რა თქმა უნდა აბსურდულია. მარქსისტ – ლენინისტური იდეოლოგიის გარეშე, ჩვენ უფრო მეტი ალბათობით ვიხილავთ მსოფლიო პოლიტიკის „საერთო მარკეტიზაციას,“ ვიდრე ევროპის ეკონომიკური კავშირის[53] დეზინტეგრაციას მეცხრამეტე საუკუნის მეტოქეობაში. მეტიც, როგორც ჩვენი (აშშ) გამოცდილება ტერორიზმის ან ლიბიის საკითხებთან ევროპასთან მუშაობაში უჩვენებს, ისინი უფრო შორს არიან წასულნი იმ გზაზე, რომელიც უარყოფს ძალის გამოყენებას საერთაშორისო პოლიტიკაში, თავდაცვითი მიზნებითაც კი.

ავტომატური ვარაუდი იმისა, რომ რუსეთი, რომელიც მოიცილებს მის ექსპანსიურ კომუნისტურ იდეოლოგიას, იქიდანვე გააგრძელებს, სადაც მისი მეფეები შეჩერდნენ ბოლშევიკური რევოლუციის წინ, უცნაურია. იგი მიიჩნევს, რომ ადამიანთა ცნობიერების ევოლუცია მთელი ამ დროის განმავლობაში გაყინული იყო და საბჭოები თან თანამედროვე, მოდურ იდეებს მოაგროვებენ ეკონომიკის სფეროში და ამასთანავე დაუბრუნდებიან იმ საგარეო პოლიტიკურ შეხედულებებს, რომლებიც დანარჩენ ევროპაში უკვე საუკუნის წინ გადავარდა. ეს ნამდვილად არაა ის, რაც მოხდა ჩინეთში, მას მერე რაც რეფორმის პროცესი დაიწყო. ჩინური კონკურენცია და ექსპანსიონიზმი პრაქტიკულად გაქრა მსოფლიო სცენიდან: პეკინი აღარ აფინანსებს მაოისტ აჯანყებულებს და არ ცდილობს გავლენის მოპოვებას შორეულ აფრიკულ ქვეყნებში ისე, როგორც 1960-იანებში. ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს თანამედროვე ჩინეთის საგარეო პოლიტიკის შემაშფოთებელი ასპექტები, როგორებიცაა მაგალითად, ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიის უპასუხისმგებლო გაყიდვები შუა აღმოსავლეთში; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აგრძელებს ტრადიციული დიდი სახელმწიფოების ქცევის გამოვლინებას, წითელი ქმერების[54] დახმარებით ვიეტნამის წინააღმდეგ. მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო კომერციული მოტივებით აიხსნება და ძველ იდეოლოგიაზე დამყარებული წინააღმდეგობების კვალია. ახალი ჩინეთი უფრო მეტად ჰგავს (დე)გოლისტურ საფრანგეთს, ვიდრე პირველი მსოფლიო ომის წინანდელ გერმანიას.

რეალური შეკითხვა მომავლისათვის, არის ის ხარისხი, თუ რამდენად შეითვისეს საბჭოებმა უნივერსალური ჰომოგენური სახელმწიფოს ცნობიერება, რასაც პოსტ-ჰიტლერისეული ევროპა წარმოადგენს. მათი ნაწერებიდან და ჩემი პირადი კონტაქტებიდან მათთან, მე ეჭვი არ მეპარება, რომ ლიბერალური საბჭოთა ინტელიგენცია, რომელიც გორბაჩოვს უჭერს მხარს, ისტორიის დასასრულის ხედვასთან წარმოუდგენლად მოკლე დროში მივიდა – დიდწილად იმ კონტაქტების დამსახურებით, რომლებიც ბრეჟნევის პერიოდის შემდეგ ჰქონდათ მათ გარშემო არსებულ ევროპულ ცივილიზაციასთან. „ახალი პოლიტიკური აზროვნება,“ მათი შეხედულებებების საერთო სახელი, აღწერს მსოფლიოს, რომელიც იმართება ეკონომიკური საჭიროებებით, რომელშიც არ არის ერებს შორის დიდი კონფლიქტების იდეოლოგიური საფუძვლები და რომელშიც, საგულისხმოა, ძალის გამოყენება ნაკლებად ლეგიტიმურია. როგორც საგარეო მინისტრმა შევარდნაძემ თქვა ეს 1988 წელს, „ორ დაპირისპირებულ სისტემას შორის ბრძოლა აღარ არის თანამედროვე ერის განმსაზღვრელი ტენდენცია. თანამედროვე ეტაპზე გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს შესაძლებლობა მოწინავე მეცნიერების საფუძველზე, მაღალი დონის ტექნიკისა და ტექნოლოგიის მეშვეობით გაზარდო მატერიალური სიმდიდრე დაჩქარებული ტემპებით და სამართლიანად გაანაწილო იგი; საერთო ძალისხმევით აღადგინო და დაიცვა ადამიანის გადარჩენისათვის აუცილებელი რესურსები.“ [xviii]

ამის მიუხედავად, პოსტ-ისტორიული ცნობიერება, რომელიც წამოდგენილია „ახალ აზროვნებაში,“ მხოლოდ ერთი შესაძლო მომავალია საბჭოთა კავშირისა. იქ ყოველთვის არსებობდა ძალიან ძლიერი დინება რუსული შოვინიზმისა, რომელმაც „გლასნოსტის“ გამოცხადების შემდეგ თავისუფალი გამოხატულება ჰპოვა. ტრადიციულ მარქსიზმ – ლენინიზმთან დაბრუნება შესაძლებელია ცოტა ხნით, როგორც უბრალო გამაერთიანებელ თემასთან მათთვის, ვისაც სურთ იმ გავლენის აღდგენა, რომელიც გორბაჩოვმა გააქრო. მაგრამ როგორც პოლონეთში, მარქსიზმ – ლენინიზმი მკვდარია, როგორც იდეოლოგია მობილიზაციისათვის: მისი დროშის ქვეშ შეუძლებელია ხალხი მეტად ამუშავო, ხოლო მისმა მიმდევრებმა საკუთარ თავში რწმენა დაკარგეს. ტრადიციული მარქსიზმ-ლენინიზმის მიმდევრებისაგან განსხვავებით, საბჭოთა კავშირის ულტრა-ნაციონალისტებს გულანთებულად სჯერათ მათი სლავოფილური მიზნის და იგრძნობა, რომ ფაშისტურ ალტენატივას სრულად ჯერ კიდევ არ გამოუვლენია იქ საკუთარი თავი.

V

მარქსიზმ-ლენინიზმის გადავარდნა ჯერ ჩინეთიდან ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირიდან ნიშნავს მის, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ცოცხალი იდეოლოგიის სიკვდილს. რაღაც დროით შეიძლება კვლავ არსებობდნენ მისი ნამდვილი მიმდევრები ისეთ ადგილებში როგორებიცაა მანაგუა, პიონგიანგი ან კემბრიჯი, მასაჩუსეტსის შტატი. ფაქტი, რომ აღარ არსებობს არც ერთი დიდი სახელმწიფო, სადაც იგი აქტუალურია, სრულიად აცლის საფუძველს მის პრეტენზიას იყოს ადამიანთა ისტორიის ავანგარდში. ამ იდეოლოგიის სიკვდილი ნიშნავს საერთაშორისო ურთიერთობების „საყოველთაო მარკეტიზაციის“ ზრდას და სახელმწიფოებს შორის დიდი მასშტაბის კონფლიქტის შესაძლებლობის შემცირებას.

ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს საერთაშორისო კონფლიქტის, როგორც ასეთის დასასრულს. მსოფლიო ამ ეტაპზე გაყოფილი იქნება ნაწილად, რომელიც არის ისტორიული და ნაწილად, რომელიც არის პოსტ-ისტორიული. კონფლიქტი სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ ისტორიაში არიან და კონფლიქტი ამ ქვეყნებსა და ისტორიის დასასრულზე მყოფ ქვეყნებს შორის კვლავ შესაძლებელი იქნება. იარსებებს მაღალი და შესაძლოა მზარდი დონე ეთნიკური და ნაციონალისტური ძალადობისა, რადგანაც ამ იმპულსებს ჯერ კიდევ არ ამოუწურავთ თავისი თავი, პოსტ-ისტორიულ სამყაროშიც კი. პალესტინელებსა და ქურთებს, სიქხებსა და თამილებს, ირლანდიელ კათოლიკეებსა და ვალუნებს, სომხებსა და აზერბაიჯანლებს კვლავ ექნებათ გადაუწყვეტელი პრობლემები. ეს ნიშნავს, რომ ტერორიზმი და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ომები, კვლავ იქნებიან საერთაშორისო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები. მაგრამ დიდი მასშტაბის კონფლიქტისათვის საჭიროა დიდი ქვეყნების მონაწილეობა, რომლებიც ჯერ კიდევ ისტორიის მარწუხებში არიან – ისინი კი, ჩანს რომ სცენიდან ქრებიან.

ისტორიის დასასრული ძალიან მოსაწყენი დრო იქნება. ბრძოლა აღიარებისათვის, მზაობა გარისკო სიცოცხლე სრულიად აბსტრაქტული მიზნისათვის, მსოფლიო იდეოლოგიური დაპირისპირება, რომელიც მოითხოვდა გამბედაობას, სიმამაცეს, წარმოსახვასა და იდეალიზმს, ჩანაცვლდება ეკონომიკური გამოთვლებით, ტექნიკური პრობლემების დაუსრულებელი გადაჭრით, გარემოსდაცვითი საზრუნავითა და მომხმარებელთა დახვეწილი მოთხოვნების დაკმაყოფილებით. პოსტ-ისტორიულ პერიოდში არც ხელოვნება იქნება და არც ფილოსოფია, მხოლოდ მუდმივი მზრუნველობა ადამიანთა ისტორიის მუზეუმზე. მე თვითონ ვგრძნობ ჩემში და ვხედავ სხვებშიც ჩემს გარშემო, ძლიერ ნოსტალგიას იმ დროისა, როდესაც ისტორია არსებობდა. ასეთი ნოსტალგია, გარკვეული დროით პოსტ-ისტორიულ მსოფლიოშიც გააგრძელებს მეტოქეობასა და კონფლიქტს. მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებ ამის გარდაუვალობას, მე სრულიად ამბივალენტური გრძნობები მაქვს იმ ცივილიზაციისადმი, რომელიც შეიქმნა ევროპაში 1945 წლის შემდეგ მისი ატლანტიკური და აზიური განშტოებებით. შეიძლება სწორედ ამ პერსპექტივამ საუკუნეობრივი მოწყენილობისა ისტორიის დასასრულს, წამოიწყოს კიდეც ისტორია ხელახლა.

განმარტებები, ფრენსის ფუკუიამა

[1] ცივი ომი: ხშირად დათარიღებული 1947 დან 1991 წლებით, იყო პოლიტიკური და სამხედრო დაძაბულობისა და დაპირისპირების მდგომარეობა დასავლეთის ბლოკსა, რომლის ლიდერებიც იყვნენ შეერთებული შტატები და NATO და აღმოსავლეთის ბლოკს შორის, რომლის ლიდერიც საბჭოთა კავშირი იყო, ვარშავის პაქტის ქვეყნებთან ერთად. იგი დაიწყო მათი დროებითი ალიანსის წარმატების შემდეგ ფაშისტურ გერმანიასთან, რომლის შედეგადაც საბჭოთა სოციალისტური რესპულიკების კავშირი და შეერთებული შტატები გახდნენ ორი სუპერ-სახელმწიფო, მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური განსხვავებებით ერთმანეთთან (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Cold_War )

[2] მიხეილ გორბაჩოვი: საბჭოთა კავშირის ლიდერი 1985-1991 წლებში. მის მიერ განხორციელებულმა რეფორმამ დაასრულა ცივი ომი, თუმცა ამასთან დასრულდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ჰეგემონიაც და დაიშალა თავად საბჭოთა კავშირი. 1990 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია (წყარო: http://www.ka.wikipedia.org )

[3] აიათოლა: უმაღლესი რანგი, რომელსაც შიიტ კლერკებს ანიჭებენ. ტერმინი ნიშნავს „ღვთის ნიშანი“ და ისინი, ვისაც ეს ტიტული ენიჭება, ისლამური სწავლების ექსპერტები არიან იურისპრუდენციაში, ეთიკაში, ფილოსოფიასა და მისტიციზმში (წყარო: http://www.ka.wikipedia.org )

[4] კოოპერატივები: საბჭოთა კანონი კოოპერატივების შესახებ, რომელიც 1988 წელს გამოიცა, იყო ალბათ ყველაზე რადიკალური ეკონომიკური რეფორმა გორბაჩოვის მმართველობის პირველ წლებში. ვლადიმერ ლენინის „ახალი ეკონომიკური პოლიტიკის“ შემდეგ, პირველად, ამ კანონით ნებადართული გახდა კოოპერატიული და მცირე ზომის საწარმოთა კერძო საკუთრება მომსახურების, წარმოებისა და საერთაშორისო ვაჭრობაში. შედეგად, საბჭოთა კავშირში კოოპერატული რესტორნები, მაღაზიები და საწარმოები გამოჩნდა (წყარო: ვიკიპედია – http://en.wikipedia.org/wiki/Law_on_Cooperatives ).

[5] “Foreign Affairs” ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა, რომელიც1922 წლიდან გამოიცემა;

[6] კარლ ჰაინრიხ მარქსი: (დ. 5 მაისი, 1818, — გ. 14 მარტი, 1882, ლონდონი), იყო გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, პოლიტიკური თეორეტიკოსი, სოციოლოგი, კომუნისტი და რევოლუციონერი, რომლის იდეებსაც ეფუძნება თანამედროვე კომუნიზმი. მარქსმა შეაჯამა თავისი მიდგომა კომუნისტური პარტიის მანიფესტის პირველ თავში, რომელიც 1848 წელს გამოქვეყნდა: მარქსი ამტკიცებდა, რომ კაპიტალიზმი, ისევე როგორც წინამორბედი სოციალურ-ეკონომიკური სისტემები, გარდაუვალად წარმოშობს შინაგან დაპირისპირებას რაც მიიყვანს მას თავისსავე დესტრუქციასთან. ისევე როგორც ფეოდალიზმმა ჩაანაცვლა სოციალიზმი, მას სჯეროდა რომ სოციალიზმი, თავის მხრივ ჩაანაცვლებდა კაპიტალიზმს და კაცობრიობას მიიყვანდა უსახელმწიფო, უკლასო საზოგადოებამდე სახელად კომუნიზმი (წყარო: http://www.ka.wikipedia.org ).

[7] გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი: (დ. 27 აგვისტო, 1770, – გ. 14 ნოემბერი, 1831,) იყო გერმანელი ფილოსოფოსი და გერმანული იდეალიმის მთავარი ფიგურა. მისმა ისტორიცისტულმა და იდეალისტურმა ანალიზმა რეალობისა რევოლუცია მოახდინა ევროპულ ფოლოსოფიაში და კონტინენტური ფილოსოფიისა და მარქსიზმის მნშვნელოვანი წანამძღვარი გახდა. წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Georg_Wilhelm_Friedrich_Hegel ).

[8] ისტორიციზმი: აზროვნების მოდელი, რომელიც ცენტრალურ და ძირითად მნიშვნელობას ანიჭებს სპეციფიურ კონტექსტს, როგორიცაა ისტორიული პერიოდი, გეოგრაფიული მდებარეობა და ადგილობრივი კულტურა. როგორც ასეთი, იგი წინააღმდეგობაშა ცოდნის ისეთ იდივიდუალისტურ მიდგომებთან, როგორებიცაა ემpირიციზმი და რაციონალიზმი, რომლებიც უარყოფენ ტრადიციების როლს. (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Historicism )

[9] ეგალიტარიანიზმი: აზროვნების სკოლა პოლიტიკურ ფილოსოფიაში. ეგალიტარიანელი უპირატესობას ანიჭებს რაიმე ფორმის თანასწორობას: ადამიანებმა უნდა მიიღონ ან იმსახურებენ თანასწორ მოპყრობას, ან მათ როგორც თანასწორებს უნდა მოეპყრონ. ეგალიტარული დოქტრინები ეფუძნებიან იმ იდეას, რომ ყველა ადამიანი თანასწორად ღირებულია და თანასწორი მორალური სტატუსი აქვს (წყარო: სტენფორდის ფილოსოფიის ენციკლოპედია: http://plato.stanford.edu/entries/egalitarianism/ ).

[10] რელატივიზმი: კონცეფია, რომ შეუძლებელია არსებობდეს აბსოლუტურად ჭეშმარიტი შეხედულება და რომ ყველაფერს გააჩნია შედარებით, სუბიექტური ღირებულება, რაც დამოკიდებულია განსხვავებებში აღქმისა და წარმოდგენის დონეზე. (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Relativism )

[11] ალექსანდრე კოჟევი: (დ. 28 აპრილი, 1902 – გ. 4 ივნისი, 1968) იყო რუსეთში დაბადებული ფრანგი ფილოსოფოსი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელის ფილოსოფიურმა სემინარებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს მეოცე საუკუნის ფრანგულ ფილოსოფიაზე, განსაკუთრების ჰეგელის კონცეფიების კონტინენტურ ფილოსოფიასთან შერწყმით. როგორც საფრანგეთის მთავრობის სახელმწიფო მოღვაწემ, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროკავშირის შექმნაში. (წყარო: http://www.ka.wikipedia.org )

[12] ჟან პოლ სარტრი: (დ. 21 ივნისი 1905, პარიზი – გ. 15 აპრილი, 1980). ფრანგი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი, დრამატურგი, ნოველისტი, პოლიტიკური აქტივისტი, ბიოგრაფი, ლიტერატურული კრიტიკოსი. მეოცე საუკუნის ფრანგული ფილოსოფიის, ეგზისტენციალიზმის და მარქსიზმის ერთერთი წამყვანი ფიგურა. სხვადასხვა სფეროებზე: მარქსისტულ ფილოსოფიაზე, სოციოლოგიაზე და ლიტერატურულ კვლევებზე, სარტრის ნამუშევრები დღემდე დიდ გავლენას ახდენენ.(წყარო: http://www.ka.wikipedia.org )

[13] რაიმონ კლოდ ფერდინანდ არონი (დ.14 მარტი 1905 – გ. 17 ოქტომბერი 1983) იყო ფრანგი ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ჟურნალისტი და პოლიტიკური მეცნიერი. იგი ცნობილია მისი 1955 წლის წიგნით: „ინტელექტუალთა ოპიუმი“ რომლის სათაურიც საწინააღმდეგოდ აბრუნებს კარლ მარქსის მტკიცებას, რომ რელიგია ხალხის ოპიუმია – არონი ამტკიცებს, რომ ომის შემდგომ საფრანგეთში მარქსიზმი იყო ინტელექტუალთა ოპიუმი. წიგნში არონი ფრანგ ინტელექტუალებს აკრიტიკებს იმისათვის, რაც მისი თვალსაზრისით იყო მათი მკაცრი კრიტიკა კაპიტალიზმისა და დემოკრატიის მიმართ და ამასთანავე, მარქსისტული ჩაგვრის, მკვლელობებისა და შეუწყნარებლობის დაცვა მათ მიერვე. (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Raymond_Aron )

[14] ეგზისტენციალიზმი: არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება 19-20 საუკუნის იმ ფილოსოფოსთა მოღვაწეობის მიმართ, რომელნიც, მნიშვნელოვანი დოქტრინული განსხვავებების მიუხედავად იზიარებნენ რწმენას, რომ ფილოსოფიური აზროვნება იწყება ადამიანით – არა მხოლოდ როგორც მოაზროვნე არსებით, არამედ მოქმედი, მგრძნობიარე, ცოცხალი პიროვნებით (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Existentialism ).

[15] ჰომოგენური: ერთგვარი, ერთიანი

[16] სოლიფსიზმი: სუბიექტური იდეალიზმის უკიდურესი ფორმა, რომლის თანახმადაც, უარყოფილია ობიექტური რეალობის არსებობა. სოლიფსიზმისთვის ერთადერთი ნამდვილად არსებული რამ ინდივიდუალური ცნობიერებაა. (წყარო: http://www.ka.wikipedia.org )

[17] „Prior state of consciousness,“ როგორც მას ფუკუიამა ინგლისურად იყენებს.

[18] ჯონ მეინარდ კეინსი: (დ. 5 ივნისი, 1883 – გ. 21 აპრილი, 1946) — ბრიტანელი ეკონომისტი, რომლის იდეებმა უმნიშვნელოვანესი გავლენა იქონია თანამედროვე ეკონომიკურ და პოლიტიკურ თეორიაზე, ასევე მრავალი მთავრობის ფისკალურ პოლიტიკაზე. ის ქადაგებდა ინტერვენციულ სამთავრობო პოლიტიკას, რომლითაც მთავრობას ფისკალური და მონეტარული ზომების გამოყენებით ეკონომიკური ვარდნის, დეპრესიებისა და ბუმის უარყოფითი ეფექტების შემსუბუქება შეეძლო. მას თანამედროვე თეორიული მაკროეკონომიკის ერთ-ერთ მამად მიიჩნევენ. (წყარო: http://www.ka.wikipedia.org ).

[19] „Self-aware“ – როგორც მას ფუკუიამა ინგლისურად იყენებს.

[20] უტილიტარიზმი: ნორმატიული ეთიკის თორია, რომელიც ამბობს, რომ მოქმედების სწორი გზა არის ის, რასაც მაქსიმალური შედეგი მოაქვს – ძირითადად ეს შეეხება ბედნიერების ზრდასა და ტანჯვის შემსუბუქებას. კლასიკური უტილიტარიანიზმის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელბი არიან ჯერემი ბენთემი და ჯონ სტიუარტ მილი (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Utilitarianism ).

[21] პოლ კენედი: ბრიტანელი ისტორიკოსია, იელის უნივერსიტეტში, რომელიც სპეციალიზდება საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაზე, ეკონომიკურ ძალაუფლებასა და დიდ სტრატეგიაზე. მას მრავალი ცნობილი პუბლიკაცია აქვს ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკისა და დიდი ქვეყნების მეტოქეობაზე. (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Paul_Kennedy )

[22] The Wall Street Journal – გავლენიანი ამერიკული გაზეთი, რომელიც ძირითადად ეკონომიკასა და ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებს.

[23] მაქს ვებერი: (დ. 21 აპრილი 1864 — გ. 14 ივნისი 1920) — გერმანელი სოციოლოგი, ფილოსოფოსი. დიდი გავლენა მოახდინა სოციოლოგიურ თეორიაზე, სოციოლოგიურ კვლევასა და საკუთრივ სოციოლოგიის დისციპლინაზე. ხშირად ემილ დიურკემთან და კარლ მარქსთან ერთად მოიხსენიება როგორც სოციოლოგიის ძირითადი ფუძემდებელი. იყო პროფესორი ბერლინში, ფრაიბურგში, ჰაიდელბერგსა და მიუნხენში. მაქს ვებერის სამეცნიერო მოღვაწეობის დიაპაზონი მეტად ფართო იყო. იგი არის დისციპლინათა შორისი მიდგომის მამამთავარი და მრავალი შრომის ავტორი. მისმა შეხედულებებმა დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის სოციოლოგიაზე, ფილოსოფიასა და ისტორიოგრაფიაზე (წყარო: http://www.ka.wikipedia.org ).

[24] ჰოპლიტი: ძველი ბერძენი მეომარი

[25] დეტერმინიზმი: ფილოსოფიური პოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ ყველაფერს რაც ხდება, თავისი წინაპირობები გააჩნია და რომ ამ პირობებში ვერაფერი სხვა ვერ მოხდებოდა. არსებობს სხვადასხვანაირი დეტერმინიზმის ფორმები, რომლებიც დამოკიდებულია იმაზე თუ რა წინაპირობები განიხილება მოვლენის განმსაზღვრელად. (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Determinism )

[26] ანომია: საზოგადოების ისეთი მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სოციალური ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმების შესუსტებით, ან მათ მიმართ გულგრილი დამოკიდებულებით (ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების ლექსიკონი).

[27] რევიზიონიზმი: ისტორიოგრაფიაში ისტორიული რევიზიონიზმი არის ისტორიული მოვლენების გარშემო არსებული გაბატონებული ფაქტების, მოსაზრებების, მოტივაციებისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესების ხელახლა გადახედვა (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Revisionism ).

[28] სტატიზმი: პოლიტიკურ მეცნიერებებში, რწმენა, რომ სახელმწიფომ გარკვეულ დონეზე უნდა აკონტროლოს ეკონომიკური ან სოციალური პოლიტიკა ან ორივე (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Statism ).

[29] პროგრესივიზმი: ზოგადი პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც ეფუძნება იდეათა პროგრესს და ამტკიცებს, რომ მეცნიერების, ტექნოლოგიის, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური ორგანიზაციის საქმეში მიღწევებს შეუძლიათ ადამიანთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. პროგრესივიზმი აღმოცენდა გამანათლებლობის პერიოდის ევროპაში იმ რწმენაზე, რომ ევროპა იყო იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება საზოგადოებებმა განიცადონ პროგრესი ცხოვრების ბარბაროსული პირობებიდან ცივილიზაციამდე თუკი ემპირიულ ცოდნას საზოგადოების საფუძვლად აქცევენ. განმანათლებლობის ეპოქის მოღაწეებს სჯეროდათ, რომ პროგრესი უნივერსალური იყო და ეს იდეები ევროპიდან დანარჩენ მსოფლიოშიც გავრცელდებოდა (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Progressivism ).

[30] იგულისხმება იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია.

[31] ნაიპაული: ბრიტანელი მწერალი, რომელიც ცნობილია თავისი განსაკუთრებული და საყოველთაოდ პოპულარული პროზაული ნოველებით (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/V._S._Naipaul ).

[32] აიათოლა ჰომეინი: სეიდი აიათოლა ალ–უზმა რაჰბარი რუჰოლა მუსავი ხომეინი (პირდაპ. მნიშვ. რუჰოლა – ღვთის მიერ მინიჭებული სული, მუსავი – შთამომავალი იმამ მუსა ქადიმისა და ხომეინი) (დ. 24 სექტემბერი, 1902 — გ. 3 ივნისი, 1989) — ირანელი შიიტი სასულიერო მოღვაწე, პოლიტიკური და სულიერი ლიდერი 1979 წლის ისლამური რევოლუციისა, რომლის შედეგად ტახტიდან ჩამოგდებულ იქნა მოჰამედ რეზა ფეჰლევი, ირანის ბოლო შაჰი. ხომეინი სულიერ წინამძღვრადაა მიჩნეული მრავალი მუსლიმისთვის და ირანში მას ოფიციალურად იმამს უწოდებენ აიათოლას ნაცვლად, ისევე როგორც მისი მოძღვრების მიმდევრები, აიათოლა ჰომეინის ბევრი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად მიიჩნევს. ჟურნალმა „ტაიმმა“ იგი 1979 წლის ადამიანად გამოაცხადა (წყარო: http://www.ka.wikipedia.org ).

[33] ანაქრონიზმი: ქრონოლოგიური შეუსაბამობა, ძველი დროის გადმონაშთი (წყარო: http://www.ka.wikipedia.org ).

[34] ნე უინი (დ. 24 მაისი, 1911 – გ. 5 დეკემბერი, 2002) — ბირმის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. გენერალი (1960). ბირმის მმართველი 1962-1988 წლებში (წყარო: http://www.ka.wikipedia.org ).

[35] დენ სიაო პინი: (დ. 22 აგვისტო 1904 – გ. 19 თებერვალი 1997) იყო პოლიტიკოსი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის რეფორმისტი ლიდერი, რომელიც მაო ძე დუნის სიკვდილის შემდეგ ქვეყანას საბაზრო ეკონომიკისაკენ გაუძღვა.(წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Deng_Xiaoping ).

[36] “გლასნოსტი”/საჯაროობა: პოლიტიკა, რომელიც მოუწოდებდა საბჭოთა კავშირის სამთავრობო ინსტიტუტებისა და მათი საქიანობის მეტი გახსნილობისა და გამჭვირვალობისკენ. იგი მიხეილ გორბაჩოვმა შემოიღო 1980-იანების მეორე ნახევარში (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Glasnost ).

[37] მაო ძე დუნი და მაოიზმი: ასევე ხშირად მოიხსენებენ როგორც თავმდჯომარე მაო, (დ. 26, დეკემბერი 1893 – გ. 9, სექტემბერი 1976), იყო ჩინელი კომუნისტი, რევოლუციონერი, პოლიტიკოსი და სოციალ-პოლიტიკური თეორეტიკოსი. 1949 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამაარსებელი მამამთავარი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მართავდა ქვეყანას, როგორც ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე. მან ჩინეთი ერთპარტიულ სოციალისტური ქვეყნად აქცია, მოახდინა წარმოებისა და ბიზნესის ნაციონალიზაცია სახელმწიფო ქონებაში და განახორციელა სოციალისტური რეფორმები საზოგადოების ყველა სფეროში. პოლიტიკურად მარქსისტ-ლენინისტი, მისი თეორიული წვლილი იდეოლოგიაში, სამხედრო სტრატეგიასა და პოლიტიკის სფეროებში კოლექტიურად ცნობილია, როგორ მაოიზმი (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Mao_Zedong).

[38] „პერესტროიკა:“ქართულად აგრეთვე ცნობილი, როგორც გარდაქმნა — იყო პოლიტიკური მოძრაობა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის შიგნით, რომელიც ასოცირდება საბჭოთა ლიდერის, მიხეილ გორბაჩოვის სახელთან. გულისხმობდა საბჭოთა პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის გარდაქმნას. ხშირად, „პერესტროიკას“ მიიჩნევენ საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის მარცხისა და ცივი ომის დამთავრების მიზეზად (წყარო: http://www.ka.wikipedia.org ).

[39] ტიანანმენის მოედნის პროტესტი 1989 წელს: ჩინურად ასევე ცნობილია, როგორც 4 ივნისის ინციდენტი, იყო სტუდენტური პროტესტი პეკინში, რომელიც 1989 წლის გაზაფხულზე დაიწყო, ფართო მხარდაჭერა მოიპოვა ქალაქის მოსახლეობისაგან და ჩინეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში არსებული ღრმა გახეთქილებები გამოაჩინა. საპროტესტო გამოსვლები ძალით იქნა დაშლილი რადიკალი ლიდერების მიერ, რომელთაც სამხედროებს ქვეყნის დედაქალაქში სამხედრო წესრიგის დამყარება უბრძანეს. თავდასხმა, რომელიც 3-4 ივნისს დაიწყო ცნობილი გახდა, როგორც „ტიანანმენის მოედნის ჟლეტა“ ან „4 ივნისის ჟლეტა,“ როდესაც ავტომატებითა და ტანკებით შეარაღებულმა სამხედროებმა ათასობით შეუიარაღებელი ადამიანი დახოცეს, რომლებიც სამხედროთა სვლის შეჩერებას ცდილობდნენ პეკინის შუაგულში მდებარე ტიანანმენის მოედნისაკენ, რომელიც დემონსტრაციის მონაწილე სტუდენტებს შვიდი კვირის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული. სამხედროთა მობილიზაციისა და ამის შედეგად მომხდარი სისხლისღვრის მასშტაბი უპრეცენდენტო იყო მეოცე საუკუნის სახალხო პროტესტებით მდიდარი პეკინისთვის

(წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Tiananmen_Square_protests_of_1989 ).

[40] ნიკოლაი შმელევი: ცნობილი რუსი ეკონომისტი, რომელიც ეკონომიკის საბაზრო პრინციპებზე გადაყვანას უჭერდა მხარს. ავტორია ცნობილი წიგნისა „შემობრუნების წერტილი: საბჭოთა ეკონომიკის გაჯანსაღება.“

[41] მილტონ ფრიდმენი: (დ. 31 ივლისი, 1912 – გ. 16 ნოემბერი, 2006) იყო ამერიკელი ეკონომისტი, სტატისტიკოსი და ცნობილია მომხმარების ანალიზის, მონეტარული ისტორიისა და თეორიისა და სტაბილიზაციის პოლიტიკის სირთულის საკითხების ანალიზით. როგორც ჩიკაგოს ეკონომიკის სკოლის ლიდერმა, მან სიღრმისეული გავლენა მოახდინა ეკონომიკის პროფესიის კვლევით დღის წესრიგზე (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Milton_Friedman ).

[42] ერიკ არტურ ბლერი (დ. 25 ივნისი 1903 – გ. 21 იანვარი 1950) ცნობილია მისი ლიტერატურული ფსევდონიმით, როგორც ჯორჯ ორუელი. იყო ინგლისელი ნოველისტი, ესეისტი, ჟურნალისტი და კრიტიკოსი. მისი ნაწერები გამოირჩევა ნათელი ენით, სოციალური უსამართლობის განცდით, ტოტალიტარიზმისდმი წინააღმდეგობითა და დემოკრატიული სოციალიზმის მხარდაჭერით. ზოგადად მიიჩნევა, როგორც მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიანი ინგლისელი მწერალი და მისი თაობის ინგლისური კულტურის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმწერელი (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/George_Orwell ).

[43] კარლ კაუტსკი: (დ. 16 ოქტომბერი 1854 – გ. 17 ოქტომბერი 1938) იყო ჩეხი გერმანელი, ფილოსოფოსი, ჟურნალისტი და სოციალ-დემოკრატიული თეორეტიკოსი. კაუტსკი ორთოდოქსული მარქსიზმის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მხარდამჭერი იყო 1895 წელს ფრიდრიც ენგელის სიკვდილის შემდეგ და 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე. ზოგიერთ მას მარქსიზმის პაპსაც უწოდებდა. ომის შემდგომ, იგი ბოლშევიკური რევოლუციისა და მისი რადიკალიზმის ხმამაღალი კრიტიკოსი გახდა და საბჭოთა სახელმწიფოს საკითხების შესახებ პოლემიკაში შედიოდა ვლადიმერ ლენინსა და ლეო ტროცკისთან (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Karl_Kautsky ).

[44] როზა ლუქსემბურგი: (დ. 5 მარტი1871 – გ. 15 იანვარი 1919) იყო პოლონურ-ებრაული წარმოშობის მარქსისტი თეორეტიკოსი, ფილოსოფოსი, ეკონომისტი და რევოლუციური სოციალისტი (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Rosa_Luxemburg ).

[45] თომას ჰობსი: (დ. 5 აპრილი 1588 – გ. 4 დეკემბერი 1679) იყო ინგლისელი ფილოსოფოსი, რომელიც პოლიტიკური ფოლოსოფიის სფეროში მოღვაწეობითაა ცნობილი. მისმა 1651 წლის წიგნმა „ლევიათანმა“ შექმნა დასავლური პოლიტიკური ფილოსოფიის საფუძველი სოციალური კონტრაქტის თეორიის პერსპექტივიდან (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Thomas_Hobbes ).

[46] ჩარლზ კრაუთამერი: ამერიკელი ჟურნალისტი და პულიცერის პრემიის ლაურეატი. მისი საავტორო სვეტი 350-ზე მეტ გაზეთსა და მედია საშუალებაში იბეჭდება (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Charles_Krauthammer ).

[47] ფრანსუა რაბლე: ფრანგული რენესანსის პერიოდის მწერალი, ექიმი, ჰუმანისტი, ბერი და ბერძნულის მკვლევარი. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „გარგანტუა და პენტაგრუელი.“ რაბლე მიიჩნევა მსოფლიო ლიტერატურის ერთ ერთ უდიდეს მწერლად და თანამედროვე ევროპული მწერლობის შემქმნელად (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Fran%C3%A7ois_Rabelais ).

[48] ჟან ბაპტისტ მოლიერი: ცნობილია მისი სასცენო სახელით მოლიერი (დ.15, იანვარი 1622 – გ. 17, თებერვალი 1673) ფრანგი, დრამატურგი და მსახიობი, რომელიც დასავლურ ლიტერატურაში კომედიის ერთ-ერთ უდიდეს ოსტატად მიიჩნევა (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Moli%C3%A8re ).

[49] ასე მოიხსენიება ხშირად პირველი მსოფლიო ომი.

[50] გოლიზმი: ფრანგული პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობისა და შემდგომში პრეზიდენტის – შარლ დე გოლის მოსაზრებებსა და მოქმედებას ეფუძნება. შარლ დე გოლის ძირითადი თემა საგარეო პოლიტიკაში იყო ეროვნული დამოუკიდებლობა და ფრანგულ კოლონიებზე მაქსიმალური კონტროლის შენარჩუნება, მათ შორის NATO-სა თუ ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობასთან გარკვეული ოპოზიციის ხარჯზე. მისი მიხედვით, საფრანგეთი არც ერთ უცხო სახელმწიფოზე არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული (შესაბამისად ფრანგული ბირთვული იარაღის შექმნა) და რომ საფრანგეთი არც შეერთებული შტატებისა და არც საბჭოთა კავშირის მორჩილი არ უნდა ყოფილიყო. გოლიზმმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაზე მომდევნო ათწლეულებში მას მერეც რაც გოლისტები ხელისფლებაში აღარ იყვნენ (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Gaullism ).

[51] ნეო-რეალიზმი: ან სტუქტურული რეალიზმი არის საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, რომელიც პირველად კენეტ უოლტსმა აღწერა მის 1979 წლის წიგნში „საერთაშორისო პოლიტიკის თეორია.“ ნეო-ლიბერალიზმთან ერთად, ნეო-რეალიზმი საერთშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამედროვე თეორიაა. ნეორეალისტი მოაზროვნეები ამბობენ, რომ სახელმწიფოთა ქცევას საერთაშორისო ურთეირთობებში განაპირობებს სტრუქტურული შეზღუდვები და არა სტრატეგია, ეგოიზმი ან მოტივაცია. (წყარო: . http://en.wikipedia.org/wiki/Neorealism_%28international_relations%29 ).

[52] ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია – OECD: 1948 წელს შეიქმნა, რათა შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული მარშალის გეგმა განეხორციელებინა, რომელიც ომის მიერ გაჩანაგებული კონტინენტის რეკონსტრუქციას ითვალისწინებდა. უბიძგა რა რა ცალკეულს სახელმწიფოებს ეღიარებიდათ მათი ეკონომომიკების ურთიერთდამოკიდებულება, მან თანამშრომლობის ახალი ეპოქა შექმნა და გზა გაუხსნა ცვლილებებს, რომელთაც ევროპა შეცვალეს. (წყარო: http://www.oecd.org/about/history/ ).

[53] ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა – EEC საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელიც რომის ხელშეკრულების საფუძველზე 1957 წელს შეიქმნა. მისი მიზნები იყო ეკონომიკური ინტეგრაციის, მათ შორის საერთო ბაზრის შექმნა მის ექვს დამფუძნებელ სახელმწიფოს: ბელგიას, საფრანგეთს, იტალიას, ლუქსემბურგს, ჰოლანდიასა და დასავლეთ გერმანიას შორის. მაასტრიხტის ხელშეკრულების (ევროკავშირის დამფუძნებელი 1993 წლის ხელშეკრულება) ძალაში შესვლის შემდეგ მას ევროპის თანამეგობრობა დაერქვა. ამ ორგანიზაციამ 2009 წლამდე იარსება და ლისაბონის ხელშეკრულების შედეგად გაუქმდა, რომელმაც ევროკავშირის წინა ორგანიზაციები გააერთიანა, რათა ევროპის თანამეგობრობა ევროკავშირს ჩაენაცვლებინა (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/European_Economic_Community )

[54] წითელი ქმერები: კამბოჯის კომუნისტური პარტიის მიმდევრები, რომელიც 1968 წელს შეიქმნა, როგორც ჩრდილოეთ ვიეტნამის სახალხო არმიის განშტოება. იგი მმართველი პარტია იყო 1975-1979 წლებში. ორგანიზაცია ანხორციელებდა იძულების პოლიტიკას, რომელიც სოციალურ ინჟინერიაში გამოიხატებოდა. მათმა მცდელობებმა, სოფლის მეურნეობის რეფორმირებისა საყოველთაო შიმშილობა მოიტანა, ხოლო აბსოლუტური თვითკმარობის მიღწევის მიზანმა – სამედიცინო მომსახურებაშიც კი ათასობით მსხვერპლი მათ შორის ისეთი განკურნებადი დაავადებებითაც კი, როგორიცა მალარიაა. წარმოსახვით მოღალატეთა განურჩეველი დახვრეტები, წამება და საკუთარი კადრების წმენდა 1975-1979 წლებში გენოციდადაა მიჩნეული (წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Khmer_Rouge ).

განმარტებები – ფრენსის ფუკუიამა

[i] კოჟევის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, მისი წინასიტყვაობა ჰეგელის სწავლებისთვის (Introduction à la lecture de Hegel – Paris: Editions Gallimard, 1947), წარმოადგენს მისი პრაქტიკული სწავლების ლექციების ჩანაწერს 1930-იანებში. ეს წიგნი, სახელწოდებით „წინასიტყვაობა ჰეგელის წასაკითხად (Introduction to the Reading of Hegel) ინგლისურადაა ხელმისაწვდომი. იგი რაიმონდ ქუენომ (Raymond Queneau) მოამზადა, რედაქტირება ალან ბლუმმა (Allan Bloom) გაუწია, ხოლო თარგმნილია ჯეიმს ნიქოლსის (James Nichols) მიერ. გამომცემლობა New York: Basic Books, 1969.

[ii] ამ მხრივ, კოჟევი მკაფიო წინააღმდეგობაშია ჰეგელის სხვა თანამედროვე ინტერპრეტატორებთან, როგორიცაა მაგალითად ჰერბერტ მარკუზე (Herbert Marcuse), რომელიც უფრო კეთილგანწყობილი იყო მარქსის მიმართ და ჰეგელს ისტორიაზე დამოკიდებულ და არასრულ ფილოსოფოსად მიიჩნევდა.

[iii] კოჟევმა ისტორიის დასასრულის ალტერნატიულ მაგალითად ომის შემდგომი „ამერიკული ცხოვრების წესი“ მოიყვანა, რომლისკენაც მისი, აზრით საბჭოთა კავშირიც მიისწრაფვოდა.

[iv] მეტიც, ჰეგელის დიქოტომია (წინააღმდეგობა) იდეალურ და მატერიალურ სამყაროებს შორის მხოლოდ წარმოსახვითი იყო და მხოლოდ თვით-ცნობადი (self-conscious) სუბიექტის მიერ გადაილახებოდა; მის სისტემაში, თვით მატერიალური სამყაროც კი მხოლოდ და მხოლოდ გონების ნაყოფი იყო.

[v] ეს ცნება გამოხატული იყო „ისტორიის ფილოსოფიის“ შესავალში მოყვანილ ცნობილ აფორიზმში, რაც ნიშნავდა, რომ „ყველაფერი რაც რაციონალურია, რეალურია და ყველაფერი რაც რეალურია, რაციონალურია.“

[vi] სინამდვილეში, თანამედროვე ეკონომისტები აცნობიერებენ რა, რომ ადამიანი ყოველთვის არ იქცევა, როგორც მოგების-მაქსიმიზატორი, წარმოადგენენ სარგებლიანობის საკითხს, სადაც სარგებელი არის შემოსავალი ან რაიმე სიკეთე თუ საგანი, რისი მაქსიმიზაციაც შესაძლებელია: დასვენება, სექსუალური სიამოვნება ან ფილოსოფიით ტკბობა. ის, რომ მოგება უნდა ჩანაცვლდეს სხვა სარგებლის ღირებულებით, იდეალისტური შეხედულების გავლენაზე მიუთითებს.

[vii] ამისათვის საკმარისია შევხედოთ ვიეტნამელი ემიგრანტების უკანასკნელ მაჩვენებლებს ამერიკის სასკოლო სისტემაში. როდესაც მათ შავკანიან ან ესპანელ თანაკლასელებს შევადარებთ დავინახავთ, რომ კულტურა და ცნობიერება აბსოლუტურად მნიშვნელოვანია არა მარტო ეკონომიკური ქცევის, არამედ ცხოვრების თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის ასახსნელად.

[viii] მესმის, რომ ჩინეთისა და რუსეთის რეფორმატული მოძრაობების საწყისების სრულად ახსნა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს მარტივი ფორმულა გვთავაზობს. საბჭოთა რეფორმა, მაგალითად დიდწილად მოტივირებული იყო მოსკოვის მიერ დაუცველობის შეგრძნებით სამხედრო-ტექნოლოგიურ სფეროში. მიუხედავად ამისა, რეფორმის დასაწყისში არც ერთი ქვეყანა არ იმყოფებოდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ვინმეს შეძლებოდა იმ გზის განჭვრეტა, რომელსაც ეს რეფორმები მომავალში გაივლიდნენ.

[ix]. ჯერ კიდევ არაა ნათელი, არის თუ არა საბჭოთა ხალხი ისეთივე „პროტესტანტი,“ როგორც გორბაჩოვი და გაჰყვებიან თუ არა ისინი მის გზას.

[x] ბიზანტიის იმპერიის შიდა პოლიტიკა იუსტინიანეს დროს მონოფიზიტებსა და მონოთელიტებს შორის კონფლიქტზე მოძრაობდა, რომელთაც სჯეროდათ რომ წმინდა სამების ერთიანობა იყო ან ბუნებრივი ან ნებელობითი. ეს კონფლიქტი გარკვეულ წილად წააგავდა კონფლიქტს ბიზანტიის იპოდრომზე დოღის მოწყობის სხვადასხვა დროის მხარდამჭერებს შორის, რამაც არც თუ უმნიშვნელო პოლიტიკური ძალადობა გამოიწვია. თანამედროვე ისტორიკოსები მიდრეკილნი არიან ასეთი კონფლიქტების მიზეზები სოციალურ კლასებს ან რაიმე თანამედროვე ეკონომიკურ კატეგორიებს შორის წინააღმდეგობაში ეძებონ და არ სურთ დაიჯერონ, რომ ადამიანები მართლაც დახოცავდნენ ერთმანეთს სამების ბუნების გამო.

[xi] აქ მე არ ვიყენებ ტერმინ „ფაშიზმს“ მისი ყველაზე ზუსტი მნიშვნელობით, ვაცნობიერებ რა ამ ტერმინის ხშირად არასწორ გამოყენებას ვიღაცის გასაკიცხად. „ფაშიზმი“ აქ აღნიშნავს კარგად ორგანიზებულ, ულტრა-ნაციონალისტურ მოძრაობას უნივერსალიზმზე პრეტენზიით – არა უნივერსალიზმზე ნაციონალიზმის თვალსაზრისით რა თქმა უნდა , რადგანაც ეს უკანასკნელი თავისთავად ექსკლუზიურია, არამედ იმ თვალსაზრისით, რომ ამ მოძრაობას სჯერა მისი უფლებისა იბატონოს სხვებზე. შესაბამისად, იმპერიული იაპონია შესაძლოა ჩაითვალოს ფაშისტურად, მაშინ როდესაც შტოსნერის პარაგვაი ან პინოჩეტის ჩილე არა. ცხადია, ფაშისტური იდეოლოგიები ვერ იქნებიან ისეთივე უნივერსალურები, როგორც მარქსიზმი ან ლიბერალიზმი, მაგრამ მათი დოქტრინის სტრუქტურა შესაძლოა ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გავრცელდეს.

[xii] იაპონიის მაგალითს მე ერთგვარი სიფრთხილით ვიყენებ, ვინადან კოჟევი მისი სიცოცხლის გვიან პერიოდში მივიდა იმ დასკვნამდე რომ იაპონიამ, მისი კულტურით, რომელიც წმინდა ფორმალურ ხელოვნებას ეფუძნებოდა, დაამტკიცა, რომ უნივერსალურმა ჰომოგენურმა სახელმწიფომ ვერ გაიმარჯვა და რომ შესაძლოა, ისტორია არ დამთავრებულა. ამის თაობაზე, იხილეთ ვრცელი კომენტარი „ჰეგელის ლექციების წინათქმაში.“

[xiii] ამის მიუხედავად, ეს ასე არ არის პოლონეთსა და უნგრეთში, რომელთა კომუნისტურმა პარტიებმა ნამდვილი ნაბიჯები გადადგეს ძალაუფლების განაწილებისა და პლურალიზმის მხრივ.

[xiv] ეს განსაკუთრებით მართალია წამყვანი საბჭოთა კონსერვატორის, ყოფილი მეორე მდივნის იგორ ლიხაჩოვის მიმართ, რომელიც საჯაროდ აღიარებდა ბრეჟნევის პერიოდის ღრმა დეფექტებს.

[xv] მე ვფიქრობ განსაკუთრებით რუსოსა დასავლური ფილოსოფიური ტრადიციის შესახებ, რომელიც მისგან მომდინარეობს და რომელიც ძალიან კრიტიკულად აფასებდა ლოკისეულ ან ჰობსისეულ ლიბერალიზმს, თუმცაღა ლიბერალიზმის კრიტიკა ასევე შესაძლებელია კლასიკური პოლიტიკური ფილოსოფიის პერსპექტივიდანაც.

[xvi] იხილეთ მისი სტატია: „ცივი ომის შემდგომ“ – „ახალი რესპუბლიკა“/New Republic – 1988 წლის 19 დეკემბერი.

[xvii] ევროპის კოლონიურ ქვეყნებს, საფრანგეთის მსგავსად, რამოდენიმე წელი დასჭირდათ ომის შემდეგ იმისათვის, რომ მათი იმპერიების არალეგიტიმურობა ეღირებინათ, მაგრამ დეკოლონიზაცია იყო გარდაუვალი შედეგი მოკავშირეთა გამარჯვებისა, რომელიც დემოკრატიული თავისუფლებების აღდგენის პირობას ეფუძნებოდა.

[xviii] ვესტნიკ მინისტერსტვა ინოსტრანნიხ დელ (საგარეო საქმეთა სამინისტროს მაცნე #15, გვ. 27-46) საბჭოთა კავშირი, 1988 წლის აგვისტო. „ახალ აზროვნებას“ რა თქმა უნდა აქვს საბჭოთა კავშირის პროპაგანდისტული მიზანი – დაარწმუნოს დასავლეთელი აუდიტორია მათ კეთილ სურვილებში. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს კარგი პროპაგანდაა არ ნიშნავს, რომ ავტორები მის მრავალ იდეას სერიოზულად არ იღებენ.

წყარო: http://levantsutskiridze.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button