“..მიმაჩნია, რომ გრიფიტი კინოზე დაწერილ ყველა სტატიაში უნდა იყოს ნახსენები…”
მე მიყვარს სირაქლემები. ისინი რეალისტები არიან. მათ მხოლოდ იმის სჯერათ რასაც ხედავენ. როდესაც ყველაფერი ცუდადაა და სამყარო საზარელ ადგილად იქცევა, მათ ოდენ თვალების დახუჭვით შეუძლიათ გარე სამყაროს უკუგდება ისევე უბრალოდ და მარტივად, როგორც პატარა მრეცხავმა უკუაგდო პრინცი რენუარის სიმღერაში (1). სირაქლემები, ერთი სიტყვით, სრულიად სულელი, და ამასთან, მომხიბლავი არსებები არიან. და მიზეზი რის გამოც მიყვარს “განსხეულებული ეშმაკი”, გახლავთ ის რომ ეს რომანი ორი სირაქლემის ისტორიას გვიყვება. და მიზეზი იმისა რომ მე ასევე მიყვარს ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიკვდილისა, გახლავთ ის, რომ ეს ფილმი ოტან-ლარას მოსაწყენ ფილმს (2) კი არ ჰგავს, არამედ უფრო რადიგეს მხიარულ რომანს წააგავს. და საერთოდაც, ასე რატომ მიყვარს რაიმონ რადიგე? მხოლოდ იმიტომ რომ ის ვერ აცნობიერებდა საკუთარ ახლომხედველობას და ეგონა რომ ყველა მასსავით ბუნდოვნად ხედავდა, სანამ ერთ დღესაც კოკტომ სათვალეები არ აჩუქა.
როგორც ხვდებით, დუგლას სირკის უკანასკნელ ფილმზე რეცენზიის დაწერას აღფრთოვანებული ვაპირებ, მხოლოდ იმიტომ რომ ეს ფილმი ლოყებზე ალმურს მიკიდებს. და დიახ, ხოტბას შევასხამ. უპირველეს ყოვლისა შევეხები ყველაფერს რასაც რადიგეს რომანი მახსენებს, გავიხსენებ გრიფიტის ალალმართალ სუზის, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ გრიფიტი კინოზე დაწერილ ყველა სტატიაში უნდა იყოს ნახსენები: ყველა ეთანხმება ამ მოსაზრებას, მაგრამ ყველას ავიწყდება. მაშასადამე გრიფიტი, და მასთან ერთად ანდრე ბაზენიც, იგივე მიზეზის გამო. და რადგან ეს საქმე უკვე მოვითავე, შემიძლია დავუბრუნდე ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიკვდილისას ჩემეულ შედარებებს. მაგრამ, აქ ერთი წუთით შევჩერდები და ვიტყვი რომ სიამოვნების (3) შემდეგ, ეს გახლავთ ყველაზე ძლიერი სათაური მთელს კინო ისტორიაში, ხმოვან პერიოდშიც და უხმოშიც; ასევე ვიტყვი იმასაც რომ მთელი გულით ვულოცავ Universal International-ს (4) რომ შეცვალეს ერიხ მარია რემარკის რომანის სათაური – “ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიყვარულისა”. ამ ცვლილებით, “უნივერსალისა და ინტერნაციონალის” ძველმა ბანდიტებმა დუგლას სირკი ისეთ ცირკში (5) მოათავსეს, რომელსაც სიამოვნებით გადაიღებდა ბორის ბარნეტი, იმიტომ რომ მისი ფილმი ათჯერ უფრო მშვენიერია ვიდრე ბრუკსის: სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიტყვა “სიცოცხლის” სიტყვა “სიყვარულით” შეცვლით , მათ რეჟისორს ირიბად დაუსვეს კითვა – ბრწყინვალე საწყისი წერტილი სცენარისთვის – “უნდა იცხოვრო რომ გიყვარდეს, თუ უნდა გიყვარდეს რომ იცოცხლო?”. და აი, მოვრჩი გადახვევებსა და შედარებებს : ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიკვდილისა – არა, მე არასდროს დავიღლები ამ ახალი, აუღელვებლად ახალი სიტყვების წერით. “ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიკვდილისა” : თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ რომ მე ამ ფილმზე საუბარს ვაპირებ ისე, როგორც ვსაუბრობ მეგობარ ფრიცზე ან ნიკოლას რეიზე, როგორც ვსაუბრობდი ფილმებზე შენ მხოლოდ ერთხელ ცხოვრობ (6) და ისინი ღამით ცხოვრობენ (7), ანუ ისე, თითქოს ჯონ გევინი და ლიზელოტ პულვერი 1959 წლის ოკასანი და ნიკოლეტე (8) იყვნენ.
სწორედ ეს მხიბლავს სირკში, ეს გიჟური შეზავება – შუასაუკუნეობრიობის და თანამედროვეობისა, სენტიმენტალურობისა და რაფინირებულობისა, უწყინარი კადრირებისა და ულმობელი სინემასკოპისა. ცხადია, ამ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ ისე როგორც არაგონი ლაპარაკობს ელზას თვალებზე (9) – ცოტა ბოდვით, ბევრი ბოდვით, მგზნებარებით, როგორც გნებავთ – ერთდერთი ლოგიკა რომელსაც სირკი სცნობს არის ბოდვა. დავუბრუნდეთ ჩვენს სირაქლემებს. მახსოვს შარშან, ერთ მშვენიერ დღესაც ვნახე რომელიღაც პატარა, მაგრამ ბრწყინვალე ფილმი, მოქმედება კი ზღვის ნაპირზე მიმდინარეობდა. გოგონა, ეთამაშებოდა ახალგაზრდა კაცს. როგორც იქნა , ბიჭმა დაიჭირა გოგო და აკოცა. გოგონა საკმაოდ ადვილად დანებდა, მაგრამ არც კმაყოფილი ჩანდა და არც ბედნიერი. რატომ? – იკითხა ბიჭმა. გოგონა გადაწვა თბილ ქვიშაზე და დახუჭა თვალები. იმიტომ რომ, თქვა მან, მე მინდა რომ თვალები მაგრად, ძალიან ძალიან მაგრად დავხუჭო, ისე რომ ყველაფერი გაშავდეს, მართლა გაშავდეს ყველაფერი, მაგრამ ამას ვერასდროს ვახერხებ.საკმაოდ მომხიბვლელი, ფიჭვნარში დამალობანას.
ეს სიშავეა დუგლას სირკის თემა ფილმში ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიკვდილისა. ჩემთვის ეს ფილმი ბრწყინვალეა იმიტომ, რომ მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ერნესტი და ელიზაბეტი თავისი კეთილშობილური, პრემინგერული სახეებით, ბომბების სროლის პარარელურად, ბერლინში , მხოლოდ თვალების დახუჭვით ახერხებენ და იძირებიან საკუთარ არსში უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი პერსონაჟი დღევანდელ დღემდე. როგორც როსელინიმ (10) აღნიშნა, მათ სიყვარული ომის წყალობით იპოვეს. ისინი ხელახლა იქცნენ ღმერთის მიერ შექმნილ კაცად და ქალად, ჰიტლერის წყალობით. ეს იმიტომ რომ უნდა გიყვარდეს რათა იცოცხლო და უნდა იცოცხლო რათა გიყვარდეს, ამბობს ერნესტი რუსი პარტიზანის მოკვლისას, ან ელისაბეტი შამპანურის დელიკატურად წრუპვისას. გიყვარდეთ მოცალეობისას, ამბობს სირკი თითოეული ბოდლერისადმი (11) მიძღვნილი კადრით , გიყვარდეთ და შემდეგ მოკვდით. და მისი ფილმი მშვენიერია იმიტომ რომ ამ სიყვარულის გამოსახულებების ყურებისას თვალწინ გვიდგება ომი, და პირიქით.
ალბათ იტყვით რომ ძალიან ბანალური ჩანაფიქრია. ბოლოს და ბოლოს, ეს შეიძლება პროდიუსერის იდეა იყო. მაგრამ იმისთვის რომ იდეას ნავსადგურამდე უვნებლად მიეღწია და ცრემლების კონვენციურობის მიღმა სიამოვნების ჭეშმარიტება აღმოეჩინა, საჭირო იყო რეჟისორი. სწორედ ეს ვერ შესძლო თავის დროზე ლუის მაილსტონმა და სწორედ ახლახანს, ამ იდეისგან დასანანი დომხალი გადაიღო ფილიპ დანმა (12). მაგრამ Fox-ის პედაგოგისგან განსხვავებით, დუგლას სირკი გულწრფელი რეჟისორია, ამ ზედსართავი სახელის კლასიკური გაგებით. მისი ძალა მისსავე წრფელ უბრალოებაშია. ტექნიკური თვალსაზრისითაც კი ეს ფილმი შესანიშნავია. იმიტომ რომ შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს აქ კადრი ორჯერ მეტხანს გრძელდება, ვიდრე ფილმების უმრავლესობაში – 24 კადრი წამში, 48-ს ნაცვლად. თითქოს UFA -ს ამ ძველმა მემონტაჟემ (13), თავისი პერსონაჟებისადმი ერთგულების ნიშნად, დროის ის პერიოდიც არ დატოვა უყურადღებოდ, როდესაც საკეტები იხურება. რა თქმა უნდა, სირკი ამას ისე ღიად და ცხადად არ აკეთებს, როგორც მე ვამბობ. მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას ეს აზრი უტრიალებდა თავში. შესაძლოა, ცოტა ნაივური იდეაა რეჟისორის მხრიდან რომ ცადოს და თავად კინოს დეფინიცია მიუსადაგოს საკუთარ პერსონაჟებს, მაგრამ სამაგიეროდ ლამაზი იდეაა. ისე კი, როდესაც ამბობენ “ის საკუთარი პერსონაჟების კანქვეშ ძვრება”, სწორედ ამას გულისხმობენ. ბოლოს და ბოლოს ეს იდეა ისეთივე უბრალო და მშვენიერია, როგორც განსის იდეა, კამერებს რომ ჰაერში ისროდა მაშინ, როდესაც პატარა ნაპოლეონი ბრიენის მდელოზე გუნდაობდა (14).
როგორც დუგლას სირკი გვარწმუნებს, იმისთვის რომ დამაჯერებლად აქციო, მთავარია თავად გჯეროდეს რასაც აკეთებ. ამ მხრივ, ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიკვდილისა აღემატება შერყვნილ ანგელოზებს, ქარზე დაწერილს და კაპიტან ლაითფუდს. (15) ჩამოთვლილთაგან არცერთი განეკუთვნება დიდებულ ფილმთა კატეგორიას, მაგრამ ესენი მშვენიერი ფილმებია. და რატომ? უპირველეს ყოვლისა, როგორც ვნახეთ, სცენარებია კარგი. შემდეგ, მსახიობების თამაშს ვერაფრით ვუწოდებთ ცუდს. და ბოლოს, რეჟისურაც ასეთივეა. “ჟამი სიკვდილისა” ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
სანამ ფორმაზე გადავიდოდეთ, ორიოდ სიტყვა ვთქვათ ლიზელოტა პულვერზე. ყველა ანტიპატიითაა მისდამი განწყობილი. მაგრამ მე მომწონს. კი ბატონო, ძალიან გამხდარია, მაგრამ ბოლოს და ბოლოს თემაა “ლიზა, პულოვერი გაიხადე!”სიუჟეტი ომის პერიოდში ვითარდება და არც ფილმის . მე პირადად არასდროს მინახავს განადგურების პირას მყოფ მესამე რეიხში გერმანელი გოგონა ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს შვეიცარიელი მსახიობია, კამერის ყველა მოძრაობაზე რომ ნერვიულობდა. უფრო მეტსაც გეტყვით. არასდროს მინახავს ომის პერიოდის გერმანია უფრო დამაჯერებელი, ვიდრე ამ მშვიდობის დროს გადაღებულ ამერიკულ ფილმში. გაცილებით უკეთ, ვიდრე ალდრიხი შეტევაში, დუგლას სირკი ახერხებს საგანთა ისე ახლოს მოტანას, რომ ჩვენ შეგვიძლია შევეხოთ მათ, დავსუნოთ კიდეც. თოვლში გაყინული ცხედარის სახე რუსეთის ფრონტზე, ღვინის ბოთლები, ახალთახალი ბინა დანგრეულ ქალაქში : ამ ყველაფრის გვჯერა ისე თითქოს ისინი გადაიღეს კინოქრონიკის კამეფლექსით და არა ვეებერთელა სინემასკოპის აპარატით, რომელსაც ოსტატის ხელი აკონტროლებდა. (16)
დღეს მოდაშია თქმა რომ ფართო ეკრანი სიყალბეს ემსახურება. პირადად ჩემი პასუხი ყველა ამ რენესადმი, რომლებიც კარგად ვერ ხედავენ (17), იქნება ზრდილობიანი “ამ ჩემს თვალებს”. საკმარისია ნახოთ დუგლას სირკის ორი უკანასკნელი ფილმი რომ საბოლოოდ დარწმუნდეთ, სინემასკოპი “ნორმალურ” ფორმატს ამდიდრებს. უნდა დავამატოთ ისიც რომ ჩვენმა ბებერმა რეჟისორმა ახალგაზრდობა დაიბრუნა და დღევანდელ ახალგაზრდობას მათსავე თამაშში ჯაბნის, ბედნიერად აპანორამებს აქეთ- და იქით, რელსებზე დააქროლებს კამერას წინ და უკან. და გასაოცრად მშვენიერი რამ ამ კამერის მოძრაობისას, (რომელიც უჩინარდება სპორტული ავტომობილის მსგავსად, ხოლო ფოკუსის გაბუნდოვანება შენიღბულია იმ სისწრაფით რომელსაც ეს მანქანები ავითარებენ,) არის ის რომ გვრჩება შთაბეჭდილება თითქოს ეს ყველაფერი გაკეთებულია ხელით და არა ამწეთი, ისევე როგორც ფრაგონარის (18) გრაფიკა გვგონია რაღაც რთული მოწყობილობით შექმნილი. დასკვნა: მათ ვისაც არ უნახავთ ან არ მოეწონათ რაინის თუ დუნაის თუ რომელიღაც მდინარის პირას ჩამავალი ლიზელოტა პულვერი, რომელიც უეცრად წელში იხრება რომ ბარიერს ქვეშ გაძვრეს, და შემდეგ ფეხების მოძრაობით სწორდება – ჰოპ! – ვისაც არ უნახავს თუ როგორ იხრება დუგლას სირკის დიდი მიტჩელის კამერა ზუსტად იმ მომენტში და შემდეგ ისიც – ჰოპ! – სწორდება ფეხების ისეთივე მკვირცხლი მოძრაობით – მათ არ უნახავთ არაფერი, ან არ შეუძლიათ ამოიცნონ მშვენიერი, როდესაც მას უყურებენ.
1 გოდარს მხედველობაში აქვს ჟან რენუარის ფილმი ფრანგული კანკანი და მისი პერსონაჟი ნინი.
2 რადიგეს რომანი “განსხეულებული ეშმაკი”. ამ წიგნის მიხედვით ოტან-ლარამ 1947 წელს გადაიღო ფილმი.
3 მაქს ოფულსის ფილმი, Le Plaisir (1952).
4 ჰოლივუდის კინოსტუდია, სადაც სირკმა ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიკვდილისა გადაიღო.
5 გოდარს მხედველობაში აქვს რუსი რეჟისორის ბორის ბარნეტის ფილმი მებრძოლი და კლოუნი და რიჩარდ ბრუკსის ფილმი ბრძოლის ცირკი.
6 ფრიც ლანგის ფილმი, You Only Live Once (1937).
7 ნიკოლას რეის ფილმი, They Live by Night (1948).
8 ოკასანი და ნიკოლეტე, შუა საუკუნეების უცნობი ფრანგი ავტორის რომანი-პოემა.
9 ელზა ტრიოლე, არაგონის მეუღლე. 1942 წელს ლუი არაგონმა გამოსცა ლექსების კრებული სახელწოდებით “ელზას თვალები”.
10 ინტერვიუ რობერტო როსელინისთან “კაიე დუ სინემას” იმავე ნომერში დაიბეჭდა, სადაც ეს სტატია.
11 “Aimer a loisir, Aimer et mourir” – სიტყვები შარლ ბოდლერის ლექსიდან “მიპატიჟება სამოგზაუროდ”
12. გოდარს მხედველობაში აქვს ლუის მაილსტონის დასავლეთის ფრონტზე სიმშიდეა (1930) და ფილიპ დანის სიყვარულში და ომში (1958).
13. დუგლას სირკი, ჰოლივუდში გადაბარგებამდე, გერმანულ კომპანიაში მუშაობდა რეჟისორად და მემონტაჟედ.
14. სცენა აბელ განსის ფილმში ნაპოლეონი (1926) სადაც პატარა ნაპოლეონი თანაკლასელებთან ერთად გუნდაობს. ამ სცენის გადაღებისას, ვიზუალური შთაბეჭდილების გასაძლიერებლად, განსმა მიმართა ექსპერიმენტებს, მათ შორის კამერის ჰაერში სროლას, თოვლის გუნდის მსგავსად.
15. დუგლას სირკის ფილმები:The Tarnished Angels (1957),Written On The Wind (1956), Captain Lightfoot (1955)
16. გოდარი მიმართავს სიტყვათა თამაშს , ლიზელოტა პულვერის სახელისა და გვარის მეშვეობით, ორიგინალში: “Lise, ote ton pullover”.
17. “პასუხი ყველა რენეს რომლებიც კარგად ვერ ხედავენ” – კიდევ ერთი სიტყვათა თამაში, ამჯერად რენე კლერის სახელის გამოყენებით, ორიგინალში : “ a tous ces Rene qui n’ont pas idees claires”. – Rene Clair
18. ჟან ონორე ფრაგონარი (1732 – 1806) – ფრანგი მხატვარი და ლითოგრაფი
წყარო: ჯენარიელო, ნომერი 2. ნოემბერი. 2013 წ.