თანა ჰოი ამერიკელი მედიუმია, რომელიც ირწმუნება, რომ არამარტო ესაუბრება ანგელოზებსა და სულებს, არამედ ვიზუალურადაც აღიქვამს მათ. 1995 წელს ჩრდილო კაროლინის შტატის ქალაქ ფეიეტვილში ჰოის პირდაპირი ეთერი მიჰყავდა რადიოში, როცა ოკლაჰომაში საშინელი ტერორისტული აქტის მოხდენა იწინასწარმეტყველა. სულ რაღაც 90 წუთის შემდეგ მისი ნათქვამი ახდა და ტიმოთი მაკვეისა და მისი თანამოაზრეების მიერ აშშ-ის ფედერალური მთავრობის შენობაზე განხორციელდა თავდასხმა დაბომბვის სახით, რამაც შეიწირა 168 სიცოცხლე, მათ შორის 6 წელზე უმცროსი ასაკის 19 ბავშვი, ხოლო 680 მძიმედ დაშავდა. განადგურდა და დაზიანდა 324 შენობა, დაიწვა 86 მანქანა, 258 შენობაში კი მინები ჩაიმსხვრა. 9/11-ის შემთხვევამდე ეს აქტი ითვლებოდა ყველაზე მასშტაბურ ტერორისტულ თავდასხმად აშშ-ის ისტორიაში.
***
ავსტრალიელი მედიუმი ჯეფრი პალმერი ხშირად წინასწარმეტყველებს, მათგან ზოგი სრულდება, ზოგიც – არა. თუმცა პალმერმა საკმაოდ ზუსტად იწინასწარმეტყველა, რომ 2004 წლის 26 დეკემბერს ინდოეთის ოკეანეში ვულკანი ამოიფრქვეოდა, რასაც ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე ცუნამის უზარმაზარი ტალღები მოყვებოდა. ამ გამანადგურებელმა ბუნებრივმა კატასტროფამ 14 ქვეყნის მასშტაბით იმსხვერპლა 230 000 ადამიანზე მეტი. პალმერმა ასევე წარმატებით იწინასწარმეტყველა, რომ კორეა ატომური იარაღის გამოცდით იყო დაკავებული, თუმცა საერთაშორისო აღიარება და პოპულარობა მოუტანა 2005 წელს ქარიშხალ “კატრინას” აქტიურობის შესახებ განცხადებამ. ამ მოვლენამ 1836 სიცოცხლე შეიწირა, “კატრინა” კი დღემდე შედის აშშ-ის ისტორიის 5 ყველაზე მომაკვდინებელი ქარიშხლების სიაში.
***
ამერიკელი ედგარ კეისი, რომელსაც ზოგჯერ “მძინარე წინასწარმეტყველს” უწოდებენ, შეიძლება ითქვას, მეოცე საუკუნის ყველაზე ცნობილი მედიუმი იყო. კეისის შეეძლო, საკუთარი თავი მედიტაციურ მდგომარეობაში გადაეყვანა, რომლის დროსაც პასუხობდა კითხვებს დროზე, სივრცეზე, რეინკარნაციაზე, იმქვეყნიერებაზე, იმჟამინდელ და მომავალ მოვლენებზე, ამასთან პასუხები საოცრად ზუსტი და უშეცდომო იყო. კეისი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას წინასწარ ამცნო I და II მსოფლიო ომების შესახებ, დიდი დეპრესიის დასასრულზე, ასევე ჯერ კიდევ ცოცხალი პრეზიდენტების – ფრანკლინ დელანო რუზველტისა და ჯონ ფიცჯერალდ კენედის – სიკვდილზე.
***
ჯეინ დიქსონი ასტროლოგი იყო, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში მისგან რჩევა-დარიგება აიღო აშშ-ის პირველმა ლედიმ, ნენსი რეიგანმა. დიქსონი ცნობილია იმით, რომ დეტალებში იწინასწარმეტყველა პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა და მარტინ ლუთერ კინგის სიკვდილი. ამათ გარდა ჯეინის ანგარიშზე რამდენიმე ისეთი წინასწარმეტყველებაც ირიცხება, რომლებიც არ ახდა, რამაც მათემატიკოს ჯონ ალენ პაულოსს შთააგონა ფრაზის “დიქსონის ეფექტის” გამოგონება. დიქსონის ეფექტი ისეთი შემთხვევაა, როცა ხალხი იმახსოვრებს მხოლოდ ამხდარ წინასწარმეტყველებებს და ივიწყებს მცდარებს, რომელთა რაოდენობაც შეიძლება გაცილებით მეტი იყოს.
***
საყოველთაოდ ცნობილი მწერალი მარკ ტვენი (ნამდვილი სახელი სამუელ კლემენზი) სახელგანთქმული არ გამხდარა წინასწარმეტყველებების გამო, თუმცა მან სიცოცხლეში რამდენიმე მოვლენაზე წინასწარ ისაუბრა და მისი ნათქვამი ზუსტად ახდა. მათგან ყველაზე ცნობილი შემთხვევა საკუთარი სიკვდილის წინასწარმეტყველება იყო: მარკ ტვენი დაიბადა 1835 წელს, როცა ჰალეის კომეტა გამოჩნდა და განაცხადა, რომ მისი მეორედ გამოჩენის დროს ამ ქვეყანას დატოვებდა. მართლაც, 1910 წელს კომეტა ხელმეორედ გამოჩნდა (20 აპრილს) და მარკ ტვენიც გარდაიცვალა (21 აპრილს). სამუელმა მისი ძმის სიკვდილიც განჭვრიტა – წინასწარმეტყველურ სიზმარში მან იხილა, როგორ იწვა მისი ძმის გვამი მათი დის სასტუმრო ოთახში მდგარ კუბოში. რამდენიმე კვირის შემდეგ ჰენრი მდინარის გემზე მომხდარ აფეთქებას შეეწირა და მწერლის სიზმარი უშეცდომოდ ახდა.
***
ტერი და ლინდა ჯეიმისონები ტყუპი დები არიან, რომელთაც მათი თქმით “საერთო სული” აქვთ და 1999 წელს ერთ-ერთი რადიოს დილის პროგრამაში მიცემულ ინტერვიუში იწინასწარმეტყველეს, რომ 2001 წელს ქალაქ ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაზე თავდასხმა მოხდებოდა. მათ ანგარიშზეა ასევე რამდენიმე წინასწარმეტყველება სამედიცინო სფეროში მომხდარი დიდი წინსვლების შესახებ, მათ შორის 2011 წლის კვლევა კიბოს დამარცხებაზე და აღმოჩენები ალცჰაიმერის დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებით, ასევე ვიკილიქსის სკანდალური სტატიები და მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე ბუნებრივი კატასტროფა.
***
ასეთი სიები ალბათ წარმოუდგენელია XIV საუკუნის ფრანგი ალქიმიკოსისა და მედიუმის ნოსტრადამუსის გარეშე. ნოსტრადამუსს ეკუთვნის ათასზე მეტი წინასწარმეტყველება და მკვლევართა თქმით, ნახევარზე მეტი უკვე ახდა. ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველება საუბრობს სამ ანტიქრისტეზე, რომლებიც დიდ გავლენას მოახდენენ საზოგადოებაზე.
მიიჩნევა, რომ პირველი არის ნაპოლეონი, ბოროტი მმართველი, რომელსაც “ყასაბს” ეძახდნენ. ნოსტრადამუსი წერს, რომ “იმპერატორი დაიბადება იტალიის მახლობლად და იმპერიას ძვირად დააფასებს, თუმცა პრინცზე მეტად მას ყასაბს შეადარებენ”.
მეორე ანტიქრისტედ ადოლფ ჰიტლერი ამოიცნეს. “ამ ადამიანის სახელი მკვლელობებით დალაქავდება.. ადამიანთა რასის დიდი მტერი.. ის, ვინც ყველა მის წინამორბედზე საშინელი იქნება.. სისხლისმღვრელი და დაუნდობელი.. დასავლეთ ევროპის შორეულ ადგილას ღარიბი ადამიანები შობენ ბავშვს, რომელიც უამრავს აცდუნებს ენით” . ჰიტლერი ავსტრიაში დაიბადა ღარიბი მშობლების ოჯახში და ცნობილია, რომ ორატორობის საოცარი ნიჭი ჰქონდა, რითიც მილიონობით ადამიანს ნუსხავდა და ენით აღუწერელი საშინელებების ჩადენისკენ უბიძგებდა. ნოსტრადამუსმა ჰიტლერის სიკვდილზეც კი იწინასწარმეტყველა, რომ “ბრძოლის გადამწყვეტი ნაწილი მის წინააღმდეგ იქნება”.
მესამე ანტიქრისტეს ვინაობის თაობაზე აზრები ძირითადად ორად იყოფა: ეს ან სადამ ჰუსეინი იყო, ან ოსამა ბინ ლადენი. ნოსტრადამუსმა მასზე გვამცნო, რომ ახლო აღმოსავლეთიდან იქნებოდა: “დიდი არაბეთის ქვეყანაში მუჰამედის ძლიერი ოსტატი დაიბადება. ის ევროპაში ლურჯი ჩალმით შემოვა და კაცობრიობის ტერორად იქცევა.”
ნოსტრადამუსი ასევე განიხილავს იმ მოვლენებს, რომლებიც გასაოცრად ჰგავს 2001 წლის 11 სექტემბრის შემთხვევას: “45 გრადუსზე ცა დაიწვება, ცეცხლი შეაღწევს ახალ დიდ ქალაქში. ცეცხლით ის გაანადგურებს ქალაქს, ცივი და სასტიკი გულით, დაღვრის ბევრ სისხლს და არ ეცოდინება შეწყალება”. ახალი ქვეყანა აშშ-ა, ქალაქი კი – ნიუ-იორკი, რომელიც 45 გრადუსიან განედზე მდებარეობს. ექსპერტები თანხმდებიან, რომ აღწერა მხოლოდ ნიუ-იორკს ესადაგება.
წყარო: https://charlius.com