თარგმნილია ნინო ფირცხალავას და ემზარ ჯგერენაიას მიერ
ისტორიის უნივერსალურ პრობლემებს თანამედროვე ევროპული კულტურული სამყაროს პირმშო, ევროპელი ადამიანი, უცილობლად და სრული უფლებამოსილებით განიხილავს იმ კუთხით, თუ გარემოებათა რა გადაჯაჭვამ მიგვიყვანა იქამდე, რომ სწორედ დასავლეთის ნიადაგზე და მხოლოდ აქ იჩენს თავს კულტურის მოვლენები – თუნდაც როგორც ეს ჩვენ სურვილისამებრ წარმოგვიდგენია – რომელთა განვითარება უნივერსალური მნიშვნელობისა და ვარგისიანობის მიმართულებით წარიმართა.
მხოლოდ დასავლეთში არსებობს “მეცნიერება” განვითარების ისეთ სტადიაში, რომელსაც ჩვენ “ვარგისად” მივიჩნევთ. ემპირიული ცოდნა, სამყაროსა და სიცოცხლის პრობლემების გააზრება, ფილოსოფიური და აგრეთვე უღრმესი თეოლოგიური ცხოვრებისეული სიბრძნე – თუმცაღა, სისტემატური თეოლოგიის სრულყოფილი განვითარება, ელინისტური ზეგავლენა განცდილი ქრისტიანობისთვისაა ნიშანდობლივი (რისი ჩანასახები მხოლოდ ისლამში და რამდენიმე ინდურ სექტაში თუ მოიპოვება) – უაღრესად სუბლიმირებული ცოდნა და დაკვირვება, სხვაგანაც, პირველ ყოვლისა: ინდოეთში, ჩინეთში, ბაბილონში, ეგვიპტეში არსებობდა. მაგრამ ბაბილონურ და ყველა სხვა ასტრონომიას აკლდა ის მათემატიკური დაფუძნება, რაც ამ მეცნიერებას მხოლოდ ელინებმა შესძინეს – ეს მით უფრო გასაოცარს ხდის ბაბილონელების მოძღვრებას ციურ სხეულთა შესახებ. ინდური გეომეტრია არ შეიცავდა რაციონალურ “დამტკიცებას”, რაც თავის მხრივ ელინური სულის პროდუქტია, რომელმაც ასევე პირველმა შექმნა მექანიკა და ფიზიკაც. უფრო მეტად დაკვირვების განხრით განვითარებულ ინდურ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს აკლდა ანტიკურობაში ჩასახული და შემდეგ რენესანსის არსებით პროდუქტად ქცეული რაციონალური ექსპერიმენტი და თანამედროვე ლაბორატორია, შესაბამისად, ინდოეთში ემპირიულტექნიკურად მაღალგანვითარებულ მედიცინას არ გააჩნდა ბიოლოგიური და განსაკუთრებით კი ბიოქიმიური საფუძველი. რაციონალური ქიმია, გარდა დასავლეთისა უცნობია ყველა სხვა კულტურული რეგიონისათვის. მაღალგანვითარებულ ჩინურ ისტორიოგრაფიას აკლია თუკიდიდესეული პრაგმატულობა. მაკიაველის ყავს წინამორბედნი ინდოეთში. მაგრამ სახელმწიფოს შესახებ აზიაში არსებულ ყველა მოძღვრებას აკლია არისტოტელესეული სისტემურობის ანალოგი და საერთოდაც რაციონალური ცნებები. სამართლის რაციონალურ მოძღვრებას, მიუხედავად ჩანასახოვანი ნიშნებისა ინდოეთში (მიმამსას სკოლა), მიუხდავად ყოვლისმომცველი კოდიფიკაციებისა, განსაკუთრებით წინა აზიაში, და მიუხედავად ინდური და სხვა სამართლის წიგნებისა, ყველგან აკლია რომაული და მის ნიადაგზე გაწაფული დასავლური სამართლის მკაცრი იურიდიული სქემები და აზროვნების ფორმები. სამართლის ისეთ ფორმას, როგორიცაა კანონიკური სამართალი, იცნობს მხოლოდ დასავლეთი.
ასევეა ხელოვნებაშიც. მუსიკალური სმენა, როგორც ჩანს, სხვა ხალხებში უფრო დახვეწილად იყო განვითარებული, ვიდრე ჩვენთან. ყოველ შემთხვევაში, არა ნაკლებ დახვეწილად. სხვადასხვა სახის პოლიფონია მთელ დედამიწის ზურგზე იყო განვითარებული. ინსტრუმენტთა სიმრავლის ურთიერთშეწყობა და ასევე დისკანტირება სხვაგანაც გვაქვს. რაციონალური ტონების ყველა ჩვენეული ინტერვალი სხვაგანაც იყო გამოთვლილი და ცნობილი; მაგრამ რაციონალური ჰარმონიული მუსიკა – როგორც კონტრაპუნქტი, ისევე აკორდული ჰარმონიკა – სამხმოვანების საფუძველზე ჰარმონიული ტერციით ტონური მასალის შედგენა, ჩვენი, არა დისტანციისმიერი, არამედ რენესანსის ეპოქიდან რაციონალურ ფორმაში ჰარმონიულად გაწყობილი ქრომატიკა და ენჰარმონიკა, ჩვენი ორკესტრი თავისი სიმებიანი კვარტეტით როგორც ანსამბლის ბირთვით და ჩასაბერი ინსტრუმენტების ორგანიზაციით, მთავარი ბანი, ჩვენი სანოტო ანბანი (რომელიც, თავისთავად კომპონირებას და თანამედროვე მუსიკალური ნაწარმოებების შესრულებას, ანუ საერთოდ მათ მუდმივ არსებობას ხდის შესაძლებელს), ჩვენი სონატები, სიმფონიები, ოპერები – მიუხედავად იმისა, რომ საპროგრამო მუსიკა, ბგერითი ფერწერა, ბგერათა ალიტერაცია და ქრომატიკა, როგორც გამომსახველობითი ხერხები არსებობდა სხვადასხვა ყაიდის მუსიკაში _ და, როგორც ამის საშუალებები ყველა ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი: ორღანი, პიანინო, ვიოლინო, ყველაფერი ეს მხოლოდ დასავლეთში იყო.
ისრული თაღი, როგორც დეკორატიული ხერხი სხვაგანაც არსებობდა, ანტიკურობაში და აზიაში; სავარაუდოა, რომ ისრული ჯვართაღოვანი კამარა აღმოსავლეთისთვისაც უცნობი არ იყო. მაგრამ გოთური კამარის რაციონალური გამოყენება როგორც განმბრჯენისა და ნებისმიერი ფორმის ნაგებობის გადათაღვის საშუალება, პირველ ყოვლისა, დიდი მონუმენტალური ნაგებობების კონსტრუქციის პრინციპი და იმ სტილის საფუძველი, რომელიც ქანდაკებასა და მხატვრობასაც გულისხმობს, როგორც ეს შუა საუკუნეებმა დანერგა, სხვაგან არ არსებობს. სწორედ ასევე არ არსებობს გუმბათის პრობლემის იმგვარი გადაწყვეტა და მთელი ხელოვნების იმ სახით “კლასიკური” რაციონალიზაცია ანუ მხატვრობაში ლინეარული და სივრცის პერსპექტივის რაციონალური გამოყნება, რაც ჩვენში რენესანსმა დაამკვიდრა, თუმცაღა ამის ტექნიკური საფუძვლები აღმოსავლეთიდან იქნა გადმოღებული. წიგნის ბეჭდვის ნიმუშები ჩინეთში არსებობდა; მაგრამ დაბეჭდილი, მხოლოდ ბეჭდვისათვის გამიზნული, მხოლოდ ბეჭდვის მეშვეობით არსებობის შემძლე ლიტერატურა, პირველ რიგში, “პრესა” და “ჟურნალები” მხოლოდ დასავლეთში წარმოიშვა. ყველა ჯურის უმაღლესი სასწავლებელი, ისეთებიც კი, რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტებს ანდა თუნდაც ჩვენს აკადემიებს ჩამოჰგავდნენ სხვაგანაც არსებობდა (ჩინეთი, ისლამი); მაგრამ მეცნიერების რაციონალური და სისტემატური დარგობრივი წარმოება: დარგის გაწაფული სპეციალისტის ფენომენი, თავისი დღევანდელი გაგებით, კულტურაში გაბატონებული მნიშვნელობით, მხოლოდ დასავლეთში არსებობდა. უპირველეს ყოვლისა, ესაა სპეციალისტი მოხელე, დასავლეთის თანამედროვე სახელმწიფოსა და თანამედროვე ეკონომიკის ბურჯი. მისთვის მოიპოვება მხოლოდ ის წანამძღვრები, რომლებიც არსად არანაირი თვალსაზრისით არ გამხდარან სოციალური წესრიგის განმსაზღვრელნი იმგვარად, როგორც დასავლეთში. ბუნებრივია, “მოხელე”, შრომის დანაწილების შედეგად ვიწრო დარგობრივად სპეციალიზირებული მოხელეც უძველესი მოვლენაა სხვადასხვა კულტურებში. მაგრამ მთელი ჩვენი არსებობის, ჩვენი ყოფის, პოლიტიკური, ტექნიკური, ეკონომიკური, ძირეული პირობების აბსოლუტურად გარდუვალ მონუსხულ მიჯაჭვულობას პროფესიულად გაწაფულ მოხელეთა ორგანიზაციის კორპუსზე, ტექნიკური, სავაჭრო, პირველ ყოვლისა კი იურიდიული თვალსაზრისით განსწავლულ მოხელეს, როგორც სოციალური ცხოვრების ყოველდღიურობის უმთავრესი ფუნქციების მატარებელს, ამ აზრით არ იცნობდა არც ერთი ქვეყანა, არც ერთი ეპოქა, გარდა თანამედროვე დასავლეთისა. პოლიტიკური და სოციალური გაერთიანებების ორგანიზაცია ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ წოდებრივ სახელმწიფოს, “რეხ ეტ რეგნუმ” (მეფეს და სამეფოს), დასავლური გაგებით, მხოლოდ დასავლეთი იცნობდა. და ბოლოს, პერიოდულად არჩეული “ხალხის წრმომადგენელთა”, დემაგოგთა პარლამენტები და როგორც პარტიების ლიდერთა საპარლამენტო პასუხისმგებლობადაკისრებული “მინისტრების” ბატონობა მხოლოდ დასავლეთმა წარმოშვა, თუმცაღა, ცხადია, “პარტიები”, როგორც პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩამგდები და გავლენის მომხდენი ორგანიზაციები მთელ მსოფლიოში არსებობდა. საერთოდაც, “სახელმწიფოს”, პოლიტიკური ინსტიტუციის აზრით, რაციონალურად დადგენილი “კონსტიტუციით”, რაციონალურად დადგენილი სამართლით და რაციონალურად დადგენილLწესებზე, “კანონებზე”, ორიენტირებულ მართვას სპეციალისტ მოხელეთა მიერ, მისთვის ესოდენ გადამწყვეტ მახასიათებელთა ერთობლიობაში, იცნობს მხოლოდ დასავლეთი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ყველა დანარჩენ ჩანასახებს.
ასევეა საქმე ჩვენი თანამედროვე ცხოვრების ბედისწერის განმსაზღვრელი ფენომენის, კაპიტალიზმის შემთხვევაშიც. “ლტოლვას შეძენისაკენ”, “მისწრაფებას მოგებისაკენ”, ფულის მოგებისაკენ რაც შეიძლება მაღალი ფულადი მოგებისაკენ, თავისთავად კაპიტალიზმთან არაფერი აქვს საერთო. ამ სწრაფვას ვაწყდებოდით და ახლაც ვაწყდებით ოფიციანტებთან, ექიმებთან, მეეტლეებთან, ხელოვნების ხალხთან, მეძავებთან, მექრთამე მოხელეებთან, ჯარისკაცებთან, ყაჩაღებთან, შარახვეტიებთან, მემორინეებთან, მათხოვრებთან: შეიძლება ითქვას “all sorts and conditions of men” Q(ყველა ჯურისა და წოდების ხალხთან), ყველა ეპოქაში და დედამიწის ყველა კუთხეში, სადაც ოდნავადაც კი არსებობდა და არსებობს ამის ობიექტური შესაძლებლობა. ცნების ამგვარ მიამიტურ განსაზღვრაზე, ერთხელ და სამუდამოდ უარის თქმა, კულტურულ-ისტორიული აღზრდის ანა-ბანაა. მოხვეჭის უკიდურესად ზღვარგადასული ჟინი ოდნავადაც კი არ უდრის კაპიტალიზმს, კიდევ უფრო ნაკლებად კი მის “სულისკვეთებას”. კაპიტალიზმი შეიძლება სწორედ მოთოკვის, სულ მცირე კი ამ ირაციონალური ლტოლვის რაციონალური დარეგულირების იდენტური იყოს. და მართლაც, კაპიტალიზმი მოგებისაკენ ლტოლვის, უწყვეტ, რაციონალურ კაპიტალისტურ წარმოებაში მუდმივად განახლებადი მოგების, “რენტაბელობის” იდენტურია. ვინაიდან, ის ასეთი უნდა იყოს. მთელი მეურნეობის კაპიტალისტური წესრიგის შიგნით რენტაბელობის მიღწევის შანსზე არაორიენტირებული ერთი ცალკეული კაპიტალისტური საწარმო დასაღუპად იქნებოდა განწირული. მოდით, იმთავითვე იმაზე ცოტა უფრო ზუსტი განვსაზღვრება გავაკეთოთ, ვიდრე ამას ჩვეულებრივ აქვს ადგილი. “კაპიტალისტური” სამეურნეო აქტი, ამ ეტაპზე, ისეთ რამეს ვუწოდოთ, რომელიც გაცვლის შანსების გამოყენებით მოგების მოლოდინზეა დამყარებული: ანუ (ფორმალურად) მშვიდობიანი შეძენის შანსებზე. მოგება ძალმომრეობით (ფორმალური და აქტუალური) თავის განსაკუთრებულ კანონებს ექვემდებარება და არ არის მიზანშეწონილი (თუმცაღა ამის აკრძალვა არავის შეუძლია) მისი მოქცევა (საბოლოოდ) გაცვლითი მოგების შანსზე ორიენტირებულ ქმედებასთან ერთსა და იმავე კატეგორიაში. იქ, სადაც კაპიტალისტური მოგებისკენაა რაციონალური სწრაფვა, იქაა შესაბამისი მოქმედება კაპიტალის ანგარიშზე ორიენტირებული. ეს ნიშნავს: იგი როგორც მოგების საშუალება, საქმიანი ან პირადული სარგებლის მომტანი ძალისხმევისას, იმგვარადაა მიმართული გეგმაზომიერი გამოყენებისაკენ, რომ ცალკეული წარმოების ფულადი ღირებულების მქონე სასქონლო მასის ბალანსობრივად გამოანგარიშებულმა საბოლოო შემოსავალმა (ანდა რომელიმე უწყვეტად მოქმედი საწარმოს ფულადი ღირებულების სასაქონლო მასის პერიოდულად ბალანსობრივად დაანგარიშებულმა სავარაუდო ღირებულებამ) დაანგარიშების დასასრულს უნდა გადააჭარბოს “კაპიტალს”. ანუ გაცვლით მიღებული შემოსავლისათვის გამოყენებული შემოსავლის მატერიალური საშუალებების ბალანსობრივ სავარაუდო ღირებულებას (უწყვეტად მოქმედი საწარმოს შემთხვევაში კი კვლავ და კვლავ უნდა გადააჭარბოს). სულ ერთია საქმე ეხება მოგზაური ვაჭრის კომენდაში ინ ნატურა არსებული საქონლის კომპლექსს, რომლის საბოლოო შემოსავალი, თავის მხრივ, ასევე სხვა ინ ნატურა ნავაჭრ საქონელში შეიძლება მდგომარეობდეს, თუ ფაბრიკას, რომლის შემადგენელი ნაწილები: შენობები, მანქანები, ფულის, ნედლეულის, მზა და ნახევრად მზა პროდუქტების მარაგი იმ მოთხოვნებს წარმოადგენენ, რომლებიც ვალდებულებებთანაა ურთიერთმიმართებაში. ყოველთვის გადამწყვეტია ის, რომ კაპიტალის გაანგარიშება ფულში ხდება, ექნება მას თანამედროვე საბუღალტრო თუ ჯერ კიდევ პრიმიტიული და ზედაპირული სახე. ეს ასეა როგორც წარმოების დასაწყისში, საწყისი ბალანსის შედგენისას, ასევე ყოველი ცალკეული მოქმედების წინ კალკულაციისას, აგრეთვე მიზანშეწონილობის, კონტროლისა და გადამოწმების დროს დამატებითი კალკულაციისას და, ასევე დასასრულს იმის დასადგენად, თუ რა წარმოიშვა როგორც “მოგება”: საბოლოო ბალანსი. კომენდას საწყის ბალანსს წარმოადგენს, მაგალითად, მხარეებს შორის ფულადი ღირებულების დადგენა მორიგების საფუძველზე, სანამ ის ფულის ფორმას მიიღებდეს, მისი საბოლოო ბალანსი კი მოგების ან ზარალის გადანაწილებისას საფუძველშივე ჩადებული შეფასებაა. კალკულაცია რაციონალურობის შემთხვევაში საფუძვლად უდევს კომენდას ამღების ნებისმიერ ცალკეულ მოქმედებას. ის, რომ ჭეშმარიტად ზუსტი გაანგარიშება და შეფასება სულაც არ ხდება და, რომ საქმეს უდგებიან წმინდა ვარაუდით ანუ უბრალოდ ტრადიციულად და მიღებული წესით, ნებისმიერი ფორმის კაპიტალისტურ წარმოებაში დღემდე გვხვდება იქ, სადაც გარემოებები დაჟინებით არ მოითხოვენ ზუსტ გაანაგარიშებას, მაგრამ ეს არის პუნქტები, რომლებიც კაპიტალისტური მოგების რაციონალურობის მხოლოდ ხარისხს შეეხება.
ცნების შემთხვევაში საქმე იმგვარადაა, რომ ფაქტიური ორიენტაცია ფულადი მოგების ვარაუდის შედარებაზე, სავარაუდო ფულად ინვესტიციასთან პრინციპულად განსაზღვრავს სამეურნეო მოქმედებას რაც არ უნდა პრიმიტიული ფორმით მოხდეს ეს. ამ თვალსაზრისით “კაპიტალიზმი” და “კაპიტალისტური” წარმოებები, კაპიტალის დაანგარიშების მეტ-ნაკლები რაციონალიზებით გვხვდება სამყაროს ყველა კულტურულ ქვეყანაში, რამდენადაც ამას ეკონომიკური დოკუმენტები ადასტურებენ: ჩინეთში, ინდოეთში, ბაბილონში, ეგვიპტეში, ხმელთაშუა ზღვის ანტიკურობაში, შუა საუკუნეებში და, ასევე ახალ დროში. არსებობდა არა მარტო მთლიანად იზოლირებული წამოწყებები არამედ მეურნეობებიც, რომლებიც სულ ახალ და ახალ ცალკეულ კაპიტალისტურ წამოწყებებზე იყვნენ მორგებულნი და აგრეთვე უწყვეტი საწარმოები _ თუმცაღა ვაჭრობა ხანგრძლივი დროის მანძილზე ჩვენი მუდმივმოქმედი საწარმოს ხასიათს კი არ ატარებდა, არამედ მას არსებითად ცალკეულ წამოწყებათა სერიის ხასიათი ჰქონდა _ შინაგანი (“დარგობრივად” ორიენტირებული) კავშირურთიერთობა მხოლოდ თანდათანობით შემოვიდა დიდვაჭართა ქცევაში. ყოველ შემთხვევაში, კაპიტალისტური წარმოება და კაპიტალისტური მწარმოებელი არამარტო შემთხვევიდან შემთხვევამდე, არამედ როგორც მუდმივი მწარმოებელი, უხსოვარი დროიდან არსებობს და უაღრესად გავრცელებულია.
დასავლეთს კი აქვს მნიშვნელოვანი მასშტაბი, რის საფუძველსაც წარმოადგენს ის, რომ მან წარმოქმნა კაპიტალიზმის სახეები, ფორმები და მიმართულებები, რომლებიც სხვაგან არასოდეს არსებობდნენ. მსოფლიოში ყველგან არსებობდნენ ვაჭრები: დიდი და წვრილი ვაჭრები, ადგილზე და მოგზაური მოვაჭრენი, ყველა ჯურის მევახშეთა კანტორები, არსებობდა ბანკები სრულიად განსხვავებული, მაგრამ მაინც თავისი არსით, დაახლოებით ჩვენი XVI საუკუნის ბანკების მსგავსი ფუნქციებით; საზღვაო სესხები, კომენდები და სავაჭრო ფილიალების მსგავსი ფირმები და ასოციაციებიც ფართოდ იყო გავრცელებული. ყოველთვის იქ, სადაც საჯარო კორპორაციათა ფულადი სახსრები არსებობდა, იქ გამოჩნდებოდა ფულის გამღებიც: ბაბილონში, ელადაში, ინდოეთში, ჩინეთში, რომში, პირველ ყოვლისა ომის, მეკობრეობის, ყველა სახის მომარაგებისა და მშენებლობის დასაფინანსებლად, საზღვაო პოლიტიკაში როგორც კოლონიალური მეწარმე, პლანტაციების მფლობელი და მონების ან პირდაპირ ანდა გაშუალებულად ექსპლუატირებული მუშების მეშვეობით მათი დამმუშავებელი; სახელმწიფო, ადმინისტრაციული და პირველ რიგში საგადასახადო იჯარის დამფინანსებელი; არჩევნების მიზნით პარტიათა ლიდერების, ხოლო სამოქალაქო ომების წარმოების მიზნით კონდოტიერთა დამფინანსებელი და, ბოლოს, როგორც სპეკულანტი ყველა სახის ფულით განპირობებულ იღბლიან თამაშებში. ამ ტიპის საქმოსნები, კაპიტალისტური ავანტურისტები მთელ მსოფლიოში არსებობდნენ. მათი შანსები _ გამონაკლისს წარმოადგენდა ვაჭრობა და საკრედიტო და საბანკო საქმე _ არსებითად ან წმინდა ირაციონალურ ხასიათს ატარებდა ან ორიენტირებული იყო ძალმომრეობით მოგებაზე, პირველ რიგში ნადავლის მოპოვებაზე: აქტუალურ საომარ ან ქრონიკულ ფისკალურ ნადავლზე (ქვეშევრდომთა ძარცვა).
გრიუნდერთა, მსხვილ სპეკულანტთა, კოლონიზატორთა და თანამედროვე ფინანსისტთა კაპიტალიზმი, უკვე თუნდაც მშვიდობიანობის დროს, უპირველეს ყოვლისა კი სპეციფიკურად ომზე ორიენტირებული კაპიტალიზმი, თანამედროვე დასავლეთშიც კი ატარებს ამგვარ ანაბეჭდს და ინტერნაციონალური მსხვილი ვაჭრობის ცალკეული, მხოლოდ ცალკეული ნაწილები დღესაც, ისევე როგორც უწინდებურად ავლენს მასთან სიახლოვეს. მაგრამ დასავლეთი, თანამედროვე ეპოქაში, ამის გვერდით, იცნობს სრულიად განსხვავებულ და დედამიწის ზურგზე სხვაგან არსად არსებულ კაპიტალიზმის ფორმას: (ფორმალურად) თავისუფალი შრომის რაციონალურკაპიტალისტურ ორგანიზაციას. სხვაგან ამის მხოლოდ წინა საფეხურები არსებობდა. თავად არათავისუფალმა შრომის ორგანიზაციამ, პლანტაციებში და ძალიან შეზღუდულად ანტიკურ ერგასტერიებში მიაღწია რაციონალურობის გარკვეულ საფეხურს, კიდევ უფრო ნაკლებად ბეგარაზე დამყარებულ ფეოდალურ მეურნეობაში და ფეოდალურ ფაბრიკებში, ან კიდევ ყმათა და დაქვემდებარებულთა შრომაზე დამოკიდებულ მემამულეთა ახალი ეპოქის დასაწყისის საოჯახო ინდუსტრიაში.
თავისუფალი შრომისათვის, დასავლეთის გარდა, თავისთავად, “საოჯახო ინდუსტრიები” მხოლოდ ალაგ-ალაგ არის აშკარად გამოკვეთილი და ყველგან, ბუნებრივად არსებულმა მოჯამაგირეთა შრომის გამოყენებამ, მხოლოდ მცირეოდენ და ძალზე სპეციფიკურად, ყოველ შემთხვევაში თანამედროვე საწარმოს ორგანიზაციიდან ძალზე დაშორებული გამონაკლისებით (განსაკუთრებით სახელმწიფო მონოპოლიური საწარმოები), არ მიგვიყვანა არამცთუ მანუფაქტურებამდე, არამედ დასავლური შუა საუკუნეების ხელოსნობის სწავლების რაციონალურ ორგანიზაციამდეც კი. სასაქონლო ბაზრის შანსებზე, არაძალისმიერი პოლიტიკური ან ირაციონალური სპეკულაციის შანსებზე ორიენტირებული საწარმოს რაციონალური ორგანიზება არ წარმოადგენს დასავლური კაპიტალიზმის ერთადერთ, განსაკუთრებულ გამოვლინებას. კაპიტალისტური საწარმოს თანამედროვე რაციონალური ორგანიზება შეუძლებელი იქნებოდა ორი მნიშვნელოვანი ელემენტის, საოჯახო მეურნეობისა და საწარმოს ერთმანეთისაგან დაშორების, რაც მთლიანობაში დღევანდელ ეკონიმიკურ ცხოვრებას განაპირობებს და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული რაციონალური ბუღალტერიის გარეშე. საცხოვრისისაგან სამუშაო ან საქონლის გასაღების ადგილების სივრცითი დაშორება სხვაგანაც არსებობს (აღმოსავლურ ბაზარსა და სხვა კულტურული რეგიონების ერგასტერიებში). კაპიტალისტური ასოციაციების წარმოქმნას, ავტონომიური საწარმოო ხარჯთაღრიცხვით, ვხვდებით როგორც აღმოსავლეთ აზიაში, ისევე აღმოსავლეთში და ანტიკურობაში. მაგრამ თანამედროვე მოგებაზე ორიენტირებული საწარმოების ინდივიდუალიზაციის საპირისპიროდ, ეს მხოლოდ ჩანასახებია. პირველ რიგში იმ მიზეზით, რომ ამ დამოუკიდებლობის შინაგანი საშუალებები, როგორც საწარმოს ჩვენეული რაციონალური საბუღალტრო საქმეთწარმოება, ასევე საწარმოს და პირადი ქონების ჩვენეული სამართლებრივი ურთიერთგამიჯვნა სრულიად უცხოა ან განვითარების საწყის მდგომარეობაში იმყოფება. განვითარება სხვა მხრივ ყველგან იქეთკენ იხრებოდა, რომ მოგებაზე ორიენტირებული საწარმოები წარმოშობილიყო როგორც სათავადო ან სამემამულეო საოჯახო მეურნეობის (“Oიკოს”) ნაწილები. ესაა ჯერ კიდევ როდბერტუსის მიერ შემჩნეული, მოჩვენებითი ნათესაობის მიუხედავად მაინც უკიდურესად დაცილებული, შეიძლება ითქვას საპირისპირო განვითარებაც კი. მაგრამ დასავლური კაპიტალიზმის თავისებურებებმა, თავისი დღევანდელი მნიშვნელობა საბოლოო ჯამში მხოლოდ შრომის კაპიტალისტურ ორგანიზაციასთან კავშირის მეშვეობით მიიღო. ამასთანაა კავშირში ისიც, რასაც “კომერციალიზაციას” უწოდებენ ანუ ფასიანი ქაღალდების წარმოშობა და სპეკულაციის რაციონალიზაცია, ანუ ბირჟა. რადგან შრომის კაპიტალისტურ-რაციონალური ორგანიზაციის გარეშე, ეს ყოველივე, კომერციალიზაციისაკენ ტენდენციის ჩათვლით, რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელი იქნებოდა, დიდად დაშორებული არ იქნებოდა იმავე მნიშვნელობისაგან. უპირველეს ყოვლისა, ეს ასეა სოციალური სტრუქტურისა და ყველა მასთან დაკავშირებული სპეციფიკური თანამედროვე დასავლური პრობლემის შემთხვევაში. ზუსტი კალკულაცია, ყველა დანარჩენის საფუძველი, შესაძლებელია მხოლოდ თავისუფალი შრომის ნიადაგზე. და ვინაიდან და რადგანაც შრომის რაციონალური ორგანიზაცია თანამედროვე დასავლური სამყაროს გარდა არსად არ არსებობდა, ასე და ამგვარად არსად არ არსებობდა რაციონალური სოციალიზმიც. ცხადია, ისევე როგორც ქალაქის მეურნეობას, საქალაქო-სასურსათო პოლიტიკას, მერკანტილიზმს, თავად-აზნაურთა მიერ წარმოებულ კეთილდღეობის სოციალურ პოლიტიკას, რაციონის განაწილებას, მართულ ეკონიმიკას, პროტექციონიზმსა და ლაისსეზ-ფაირე-ის თეორიებს (ჩინეთში), ასევე იცნობდა სამყარო სრულიად სხვადასხვა სახის კომუნისტურ და სოციალისტურ ეკონომიკას: ოჯახით, რელიგიით ან მილიტარიზმით განპირობებულ კომუნიზმს, სახელმწიფო სოციალისტურ (ეგვიპტეში), მონოპოლისტურ-კარტელისტურ და აგრეთვე სხვადასხვა ჯურის მომხმარებელთა ორგანიზაციებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველგან ოდესღაც არსებობდა საქალაქო საბაზრო პრივილეგიები, ამქარი, გილდიები, სხვადასხვა ფორმით ყოველგვარი სამართლებრივი გამიჯვნა ქალაქსა და სოფელს შორის, მაინც “ბურჟუას” ცნება დასავლეთის გარდა და “ბურჟუაზიის” ცნება ყველგან თანამედროვე დასავლეთის გარდა უცნობია. ასევე არ არსებობდა “პროლეტარიატი” როგორც კლასი და არც უნდა არსებულიყო, ვინაიდან არ არსებობდა თავისუფალი შრომის როგორც საწარმოს რაციონალური ორგანიზაცია. “კლასობრივი ბრძოლები” კრედიტორებსა და სესხის ამღებებს შორის, მიწის მესაკუთრეებსა და უპოვართა, ბეგარის მუშათა და მოიჯარადეებს შორის, მოვაჭრეებსა და მომხმარებლებს შორის ან მიწათმფლობელებს შორის, სულ სხვადასხვა სახით ყველგან კარგა ხანია არსებობდა. მაგრამ უკვე დასავლური შუა საუკუნეობრივი ბრძოლები ნაწარმის შემსყიდველებსა და მწარმოებლებს შორის, სხვაგან ყველგან ჩანასახოვან მდგომარეობაში არსებობდა. სრულიად არ არსებობს თანამედროვე დაპირისპირება მსხვილ მეწარმესა და თავისუფალ დაქირავებულ მუშას შორის და აქედან გამომდინარე, არ შეიძლებოდა არსებულიყო იმ სახის პრობლემატიკა, რომელსაც იცნობს თანამედროვე სოციალიზმი.
მსოფლიო კულტურის ისტორიაში ჩვენთვის წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით საბოლოო ჯამში ცენტრალურ პრობლემას წარმოადგენს არა კაპიტალისტური საქმიანობის, როგორც ასეთის, სხვაგან ყველგან მხოლოდ ფორმაცვლილი გაშლა: ავანტურისტული ტიპის ან მოვაჭრე, ან კიდევ ომზე, პოლიტიკაზე, ადმინისტრაციულ მართვასა და მათგან მოგების მიღების შანსებზე ორიენტირებული კაპიტალიზმი, არამედ უპირატესად ბურჟუაზიული საწარმოო კაპიტალიზმის წარმოშობა მისი თავისუფალი შრომის რაციონალური ორგანიზაციით ან, თუ კულტურის ისტორიის თვალსაზრისით გადავხედავთ, დასავლური ბურჟუაზიისა და მისი თავისებურების წარმოშობა, რაც, რა თქმა უნდა, კაპიტალისტური შრომის ორგანიზაციასთან ახლო კავშირში კი იმყოფება, მაგრამ, ცხადია, ასე უბრალოდ მისი იდენტური არ არის. ვინაიდან, “ბურჟუა”, წოდებრივი გაგებით, ჯერ კიდევ სპეციფიკური დასავლური კაპიტალიზმის განვითარებამდე არსებობდა; მარგამ, რაღა თქმა უნდა მხოლოდ დასავლეთში. სპეციფიკური ტიპის თანამედროვე დასავლური კაპიტალიზმი აშკარად, უპირატესად ტექნიკური საშუალებების განვითარებამ განსაზღვრა. მისი რაციონალობა დღეს არსებითად განპირობებულია ტექნიკურად გადამწყვეტი ფაქტორების გაანგარიშებადობით: ზუსტი კალკულაციის დოკუმენტაციით. ეს კი სინამდვილეში გულისხმობს დასავლური მეცნიერების თავისებურებას, განსაკუთრებით მათემატიკურად და ექსპერიმენტულად ზუსტად და რაციონალურად დაფუძნებულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. მეორე მხრივ, ამ მეცნიერებებისა და მათზე დამყარებული ტექნიკის განვითარება, თავის მხრივ, უმთავრეს იმპულსებს იღებდა და იღებს კაპიტალისტური შანსებიდან, რომლებიც მის ეკონომიკურ ვარგისიანობას უკავშირდება როგორც წახალისება. დასავლური მეცნიერების წარმოშობა, მართალია, ამ შანსებით არ ყოფილა განსაზღვრული. ანგარიშობდნენ, პოზიციური რიცხვებით ანგარიშობდნენ, ალგებრულ ოპერაციებს ატარებდნენ ინდოელებიც, გამომგონებელნი გამოთვლის იმ ათობითი სისტემისა, რომელიც მხოლოდ დასავლეთში ჩაუდგა სამსახურში განვითარებად კაპიტალიზმს. ინდოეთში კი მას თანამედროვე კალკულაცია და ბალანსი არ შეუქმნია. ასევე მათემატიკის და მექანიკის აღმოცენებაც არ იყო კაპიტალისტური ინტერესებით განპირობებული. მეცნიერული ცოდნის ტექნიკური გამოყენება კი, ჩვენი მასების ცხოვრების წესისათვის ეგზომ გადამწყვეტი ფენომენი, ეკონიმიკური წახალისებით იყო განსაზღვრული, რომელიც დასავლეთში ამაზე იყო მიმართული. ეს წახალისებები მოედინებოდა დასავლური სოციალური წესრიგის თავისებურებიდან. ოღონდ საჭიროა დაისვას კითხვა: ამ თავისებურების რომელი შემადგენელი ნაწილებიდან მოედინება ისინი, რამეთუ ეჭვს გარეშეა ის, რომ ეს ნაწილები ყველა თანაბარმნიშვნელოვანი ვერ იქნებოდა. უდავოდ, მთავარს წარმოადგენს სამართლისა და მართვის რაციონალური სტრუქტურა. რადგან, თანამედროვე რაციონალურ კაპიტალიზმს ესაჭიროება როგორც ანაგარიშს დაქვემდებარებული შრომის ტექნიკური საშუალებანი, ისევე ფორმალური წესების მიხედვით ანგარიშს დაქვემდებარებული სამართალი და მართვა, რომელთა გარეშე, შესაძლებელია ავანტურისტთა და ვაჭართა სპეკულაციური კაპიტალიზმი და პოლიტიკურად განპირობებული ყველა ჯურის შესაძლო კაპიტალიზმი, მარგამ არა რაციონალური კერძო მეურნეობრივი საწარმო მყარი კაპიტალითა და საიმედო კალკულაციით. ამგვარი სამართალი და ამგვარი მართვა, ასე სამართლებრივტექნიკურად და ფორმალურად სრულყოფილი სახით, მხოლოდ დასავლეთმა ჩაუყენა ეკონომკის წარმართვას სამსახურში. საკითხავია, საიდან აქვს მას ეს სამართალი? სხვა გარემოებათა გვერდით, კაპიტალისტურმა ინტერესებმა, თავის მხრივ, ეჭვს გარეშეა, გზა გაუკაფა რაციონალური სამართლის სფეროში გამოწრთობილი იურისტების ფენის ბატონობას სამართალწარმოებასა და მართვაში, რასაც აჩვენებს ნებისმიერი გამოკვლევა. მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ მხოლოდ ან უპირატესად მათ. ეს სამართალი მათ თავისი თავიდან კი არ წარმოუქმნიათ, არამედ სრულიად სხვა დამატებითი ძალები იყო ამ განვითარებაში ჩართული. მაინც რატომ არ მოიმოქმედა კაპიტალისტურმა ინტერესებმა იგივე ჩინეთსა და ინდოეთში? რატომ ვერ წარიმართა იქ საერთოდ ვერც სამეცნიერო, ვერც ხელოვნების, ვერც სახელმწიფო, ვერც ეკონიმკური განვითარება რაციონალიზირების იმგვარ კალაპოტში, რომელიც დამახასიათებლია დასავლეთისათვის?
რადგანაც, თავისებურების ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში საქმე აშკარად ეხება დასავლური კულტურის სპეციფიკური ყაიდის “რაციონალიზმს”. ამ სიტყვით კი სულ სხვადასხვა რამ შეიძლება იქნეს გაგებული, რასაც შემდგომი მსჯელობა კვლავ და კვლავ გახდის ნათელს. მაგალითად, არსებობს მისტიკური ჭვრეტის “რაციონალიზაცია”, ე.ი. იმგვარი ქცევისა, რომელიც, თუ მას ცხოვრების სხვა სფეროებიდან შევხედავთ, სპეციფიკურად “ირაციონალურია”, ზუსტად ისევე, როგორც ეკონიმიკის, ტექნიკის, სამეცნიერო საქმიანობის, აღზრდის, ომის, სამართალწარმოებისა და მართვის რაციონალიზება. ამასთან, შესაძლებელია თითეოული ამ სფეროს სრულიად სხვადასხვაგვარი კუთხით და მიზანმიმართულებით რაციონალიზება და ის, რაც ერთის პერსპექტივიდან “რაციონალურია”, მეორიდან დანახული “ირაციონალურად” გამოიყურება. აქედან გამომდინარე, რაციონალიზება, ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, სრულიად სხვადასხვა კულტურის წრეებში არსებობდა. მათი კულტურულისტორიული განსხვავებებისათვის დამახასიათებელი კი უწინარესად ის არის, თუ რომელ სფეროებში და რა მიმართულებით მოხდა მათი რაციონალიზება. პირველ რიგში ყველაფერი კვლავ იმაზე დაიყვანება, რომ შეცნობილი და თავის წარმოშობაში ახსნილი იქნეს დასავლური და მის შიგნით თანამედროვე დასავლური რაციონალიზმის განსაკუთრებული თავისებურება. ყოველი მსგავსი ახსნის მცდელობა ეკონომიკის ფუნდამენტური მნიშვნელობის შესაბამისად, პირველ რიგში ეკონიმიკურ პირობებს უნდა ითვალისწინებდეს. მაგრამ არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს უკუშექცეული კაუზალური კავშირიც. ეკონომიკური რაციონალიზმი თავისი წარმოშობით ისევე მთლიანად დამოკიდებულია ადამიანთა უნარზე და მიდრეკილებაზე, გარკვეული წესით პრაქტიკულ-რაციონალური ცხოვრების წარმართვისას, როგორც რაციონალურ ტექნიკასა და რაციონალურ სამართალზე. იქ, სადაც ეს გარკვეული სულიერი მუხრუჭებით იყო დაბრკოლებული, იქ ეკონომიკური რაციონალური ცხოვრების წარმართვა მძიმე შინაგან წინააღმდეგობებს გადააწყდა. წარსულში ცხოვრების წესის ჩამომყალიბებელ უმნიშვნელოვანეს ელემენტებს ყველგან მაგიური და რელიგიური ძალები და ეთიკური მოვალეობების შესახებ რწმენით მათზე დაფუძნებული შეხედულებები წარმოადგენდნენ. სწორედ მათზეა მომდევნო რჩეულ და შევსებულ ნაწერებში საუბარი.
აქ ორი უფრო ადრეული ნაშრომია სათავეში მოქცეული, რომლებიც ცდილობენ ერთ მნიშვნელოვან, ცალკეულ პუნქტში პრობლემის ყველაზე ძნელად გასააზრებელ მხარეს მიუახლოვდნენ: “ეკონომიკური სულისკვეთების”, “ეთოსის”, ეკონომიკური ფორმის წარმოშობის განპირობებულობას გარკვეული რელიგიური რწმენის შინაარსით და, კერძოდ, თანამედროვე ეკონიმიკური ეთოსის ასკეტური პროტესტანტიზმის რაციონალურ ეთიკასთან კავშირის მაგალითზე. აქ, ამგვარად, კაუზალური კავშირის მხოლოდ ერთ მხარეს მოვიძიებთ. უფრო გვიანდელი ნაწერები “მსოფლიო რელიგიების ეკონომიკურ ეთიკაზე” ცდილობენ უმნიშვნელოვანესი კულტურ-რელიგიების ეკონომიკასთან და მათი გარემომცველი სამყაროს სოციალური დაფენიანების ურთიერთმიმართების მიმოხილვისას ორივეს კაუზალური კავშირის იმდენად გარკვევას, რამდენადაც ეს საჭიროა, რათა მოძიებული იქნეს შემდგომში გასაანალიზებელი დასავლური განვითარების შესადარებელი პუნქტები. ვინაიდან მხოლოდ ამგვარად ხდება ხელჩასაჭიდი, ასე თუ ისე ცალსახა კაუზალური მიკუთვნებულობა დასავლური რელიგიური ეთიკისათვის იმ ელემენტებისა, რომლებიც სხვათა საპირისპიროდ მხოლოდ მისთვისაა ნიშანდობლივი. ამ შრომებს არ გააჩნია პრეტენზია, თუნდაც საკმაოდ შეკუმშული ფორმით, კულტურის ყოვლისმომცველ ანალიზად იქნენ მიჩნეული. არამედ ისინი ყოველ კულტურულ სფეროში გულმოდგინედ ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რაც დასავლური კულტურის საპირისპიროს წარმოადგენდა და წარმოადგენს. ისინი ამგვარად სწორედ იმაზე არიან ორიენტირებულნი, რაც დასავლური განვითარების წარმოჩენის შემთხვევაში მნიშვნელოვნად გვევლინება. სხვაგვარი მიდგომა მოცემულ მიზანთან დაკავშირებით შეუძლებლად გვეჩვენება. თუმცა, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, აქ თავიდანვე უნდა მივუთითოთ მიზნის შემოსაზღვრულობაზე. ხოლო გაუთვითცნობიერებული მკითხველი იმ თვალსაზრისითაც უნდა იქნეს გაფრთხილებული, რათა გადაჭარბებულად არ შეაფასოს ამ გამოკვლევების მნიშვნელობა. სინოლოგი, ინდოლოგი, სემიტოლოგი, ეგვიპტოლოგი მათში დარგობრივი თვალსაზრისით ვერაფერს ახალს ვერ იპოვნის. სასურველი იქნებოდა მხოლოდ ის, რომ მას არ ეპოვნა საგანთან მიმართებაში არაფერი ისეთი არსებითი, რასაც საგნობრივი თვალსაზრისით მცდარად მიიჩნევდა. თუ რამდენად მოხერხდა ამ იდეალთან ოდნავ მაინც მიახლოება, რისი უნარიც არაპროფესიონალს შეიძლება საერთოდაც ჰქონდეს, ეს ავტორმა არ შეიძლება იცოდეს. ერთი კი სავსებით ნათელია, რომ მას, ვინც თარგმანებზეა დამოკიდებული და მთლიანობაში დოკუმენტური ძეგლების ან ლიტერატურული წყაროების გამოყენებისას და შეფასებისას ხშირ შემთხვევაში ორიენტირება უწევს მეტად წინააღმდეგობრივ სპეციალურ ლიტერატურაში, რისი ღირებულების დამოუკიდებელი შეფასება მას არ ძალუძს, სრული საფუძველი აქვს საკუთარი შრომის ღირებულება მეტად მოკრძალებულად მიიჩნიოს. მით უფრო, რომ ჭეშმარიტი “წყაროების” (ე.ი. წარწერებისა და დოკუმენტების) ჩვენს ხელთ არსებული თარგმანების ხვედრითი წილი (განსაკუთრებით კი ჩინეთის შემთხვევაში), მეტად მცირეა იმასთან შედარებით, რაც არსებობს და ანგარიშგასაწევია. აქედან გამომდინარეობს ამ ნაწერების დროებითი ხასიათი, განსაკუთრებით იმ ნაწილებისა, რომლებიც აზიას ეხება. საბოლოო განაჩენი მხოლოდ პროფესიონალების პრეროგატივაა და მხოლოდ იმიტომ, რომ გასაგები მიზეზების გამო პროფესიონალთა ნაშრომები ამ განსაკუთრებული მიზნით და ამ განსაკუთრებული კუთხით დღემდე არ ყოფილა წარმოდგენილი, თუკი ისინი საერთოდაც ოდესმე დაწერილა. ისინი გაცილებით მეტად არიან იმისათვის განწირულნი, რომ იმაზე ადრე იქნენ `ჩამოწერილნი~, ვიდრე ეს სხვა სამეცნიერო შრომებს უწერიათ. მსგავს ნაშრომებში შეუძლებელია, რაც არ უნდა საეჭვო იყოს ეს, თავის არიდება ამგვარი შეპირისპირებითი ჩარევისაგან სხვა დარგებში, მაგრამ მოგვიანებით, ამას შედეგად შეიძლება მოჰყვეს ძლიერი გულგატეხილობა. მოდა და მწიგნობართა გულის წადილი დღესდღეობით სიამოვნებით უშვებს იმას, რომ შესაძლებელია პროფესიონალის გარეშეც იოლად ფონს გასვლა ან ამ უკანასკნელის “მაცქერალთა” სამსახურში ჩაყენებულ შავ მუშად ჩამოქვეითება.
თითქმის ყველა მეცნიერება უმადლის დილეტანტებს რაღაცას, ხშირად მეტად მნიშვნელოვან თვალსაზრისს, მაგრამ დილეტანტიზმი როგორც მეცნიერების პრინციპი, მისი დასასრული იქნებოდა. ვისაც “საცქერელი” სწადია, კინოში წავიდეს – დღესდღეობით მას ლიტერატურული ფორმითაც აქვს ამ პრობლემათა სფეროდან დიდძალი შემოთავაზება. არაფერია ისე დაშორებული თავისი განზრახვით ემპირიული გამოკვლევის ამ ზედმიწევნით ფხიზელი განსჯისაგან, ვიდრე მსგავსი სულისკვეთება. და მინდა დავსძინო, ვისაც `ქადაგება~ სურს, წავიდეს საიდუმლო რელიგიურ შეკრებაზე. თუ როგორი ღირებულებითი ურთიერთმიმართება არსებობს ერთმანეთთან შედარებულ კულტურებს შორის, ამის შესახებ აქ სიტყვაც კი არ იქნება დაძრული. ის, რომ კაცობრიობის ბედისწერის მსვლელობა გულს შემაძრწუნებლად დაუსერავს მას, ვინც აქედან ერთ მონაკვეთს მაინც გადაავლებს თვალს, ჭეშმარიტებაა. იგი ნამდვილად გონივრულად მოიქცევა, თუ საკუთარ წვრილმან კომენტარებს თავისთვის შეინახავს, როგორც ამას ზღვის ან მაღალი მთების ცქერისას ჩადიან; ამის გაკეთება მხოლოდ იმას ხელეწიფებოდა, ვინც ხელოვანისეული ქმნის და წინასწარმეტყველური შეგონებებისათვის მოწოდებულად და ნიჭით დაჯილდოებულად მიიჩნევდა თავს. სხვა დანარჩენ შემთხვევებში ბევრი ლაპარაკი “ინტუიციის” შესახებ სხვას არაფერს ჩქმალავს, თუ არა დისტანციის არქონას ობიექტის მიმართ, რაც ისევე უნდა იქნეს შეფასებული, როგორც ანალოგიური დამოკიდებულება ადამიანის მიმართ.
საჭიროა იმის დასაბუთება, რომ აქ დასახული მიზნებისათვის ეთნოგრაფიული კვლევა-ძიების მასალა იმ ოდენობით არ იქნა მოხმობილი, რამდენადაც ეს მისი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით აზიური რელიგიურობის ნამდვილად სიღრმისეული წარმოჩენისათვის უნდა ყოფილიყო გარდუვალი. ეს მოხდა არა მარტო იმის გამო, რომ ადამიანის შრომის უნარს თავისი საზღვრები აქვს, არამედ მსგავსი რამ ნებადართული ჩანდა ძირითადად იმიტომ, რომ საქმე უნდა შეხებოდა იმ ფენების რელიგიურად განსაზღვრული ეთიკის კავშირ-მიმართებებს, რომლებიც შესასწავლი რეგიონის “კულტურის მატარებლები” იყვნენ. აქ ხომ საქმე ეხება იმ გავლენებს, რომელთაც მათი ცხოვრების წესი ახდენდა. სავსებით სწორია ისიც, რომ ეს გავლენები მთელი თავისი თავისებურებებით ჭეშმარიტად ზუსტად მხოლოდ მაშინ გაიაზრება, თუკი მოხდება მათი შეპირისპირება ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ ფაქტობრივ მონაცემებთან. აქ უნდა დაბეჯითებით ვაღიაროთ და ხაზი გავუსვათ იმას, რომ გვაქვს ხარვეზი, რომელსაც ეთნოგრაფი სრულიად სამართლიანად დასდებს წუნს. ამის აღმოსაფხვრელად ვიმედოვნებ, რომ შევძლებ რაიმეს გაკეთებას რელიგიის სოციოლოგიის სისტემატური დამუშავებისას. მსგავსი წამოწყება კი გასცდებოდა თავისი შეზღუდული მიზნებით ამ გამოკვლევის ფარგლებს. ის ამ მცდელობით უნდა დასჯერებულიყო იმას, რომ შეძლებისდაგვარად წარმოეჩინა ჩვენი დასავლური კულტურის რელიგიებთან შეხების წერტილები.
ბოლოს, ვიფიქროთ პრობლემის ანთროპოლოგიურ მხარეზეც. როცა ჩვენ ისევ და ისევ დასავლეთში და მხოლოდ იქ _ თუნდაც (მოჩვენებითად) ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად განვითარებადი რეგიონების ცხოვრების წესის წარმართვაში _ და მხოლოდ იქ ვპოულობთ რაციონალიზმის გარკვეულ სახეებს, ამდენად იმის დაშვება, რომ აქ მემკვიდროებითი ხარისხობრიობა გდამწყვეტ საფუძველს ქმნის, უდავოდ სიმართლესთან ახლოს არის. ავტორი აღიარებს, რომ პიროვნულად და სუბიექტურად იგი იქეთკენ იხრება, რომ ბიოლოგიურ მემკვიდრეობითობას დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს. მიუხედავად ანთროპოლოგიური შრომების მნიშვნელოვანი მიღწევებისა, დღესდღეობით მაინც ვერ ვხედავ ვერანაირ გზას, რომ მისი წვლილი აქ განხილულ განვითარებაში შესაბამისი ფორმითა და ზომით ზუსტად იქნეს გააზრებული ან თუნდაც ვარაუდის დონეზე მინიშნებული. სოციოლოგიური და ისტორიული შრომების ერთ-ერთი ამოცანა უნდა გახდეს ის, რომ პირველ რიგში შეძლებისდაგვარად წარმოჩენილი იქნეს ყველა გავლენა და მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი, რომელთა რეაქცია ბედისწერაზე და გარემოზე დამაკმაყოფილებლად ახსნადი იქნება. მხოლოდ იმის შემდეგ, როცა რასების ნევროლოგია და ფსიქოლოგია თავიანთ დღევანდელ, ცალკეულ შემთხვევაში იმედისმომცემ ჩანასახოვან მდგომარეობას გასცდება, შეიძლება იმედი ვიქონიოთ, რომ მივიღებთ ამ პრობლემის დამაკმაყოფილებელ რეზულტატებს. უწინარეს ყოვლისა მეჩვენება, რომ არ არსებობს ამის წინა პირობა და “მემკვიდრეობითობაზე” მითითება იქნებოდა ნაჩქარევი უარის თქმა დღეისათვის ეგებ შესაძლებელი შემეცნების მასშტაბზე და პრობლემის გადაბარება (ამ დროისათვის ჯერ კიდევ) უცნობ ფაქტორებზე.