National Geographicსურათებიფლორა & ფაუნა

National Geographic: მტკნარი წყლის მწერები

ბევრ მწერს ახლო ურთიერთობა აქვს მტკნარ წყალთან. ზოგიერთი წყლის ხოჭო, მაგალითად სურათზე ნაჩვენები წყლის ობობების ჯგუფი, წყლის ზედაპირზე ცხოვრობს, ხანდახან კი ყვინთავენ ჰაერის მეორე ჩასუნთქვამდე. სხვა მწერები იჩეკებიან კვერცხიდან და ცხოვრების პირველ ნაწილს წყალქვეშ ატარებენ, შემდეგ კი ხმელეთზე გადადიან, მაგრამ არასდროს შორდებიან დიდი მანძილით ტბორს მოზრდილობაშიც კი. მტკნარი წყლის საკვების ჯაჭვში მწერები მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ და მთავარი საკბილოები არიან თევზებისა და სხვა ცხოველებისთვის.


წყლის ობობას ზოგჯერ ტბის მოციგურავესაც ეძახიან. მისი 350-ზე მეტი სახეობა არსებობს Gerridae-ს მწერების ოჯახში. ისინი იყენებენ გრძელ ფეხებს, რომლებიც სხეულის სიგრძეს ორჯერ აღემატება, რათა წყლის ზედაპირზე თავი შეიკავონ და სხეულს წონასწორობა შეუნარჩუნონ. წინა მოკლე ფეხებს კი მსხვერპლის მახეში გასაბმელად ხმარობენ. სურათზეა ოკლავაჰას მდინარე ფლორიდაში და მის ზედაპირზე ორი მწერი – წყლის ობობის კლანჭებში მოქცეული უმწეო ყვითელი ბუზი. რიგ შემთხვევებში წყლის ობობა თავისიანებზეც ნადირობს.


მაისის ბუზი მხოლოდ 1 ან 2 დღე ცოცხლობს, მაგრამ სიცოცხლის ასეთი მოკლე ხანგრძლივობაც საკმარისია მათთვის, რომ ჰაერში შეწყვილდნენ და შემდეგ მტკნარ წყალში კვერცხები დაყარონ. ხშირად მაისის ბუზების მთელი გროვა იკრიბება და ერთდროულად წყვილდებიან. როცა მაისის ბუზი გამოიჩეკება და მიაღწევს წყლის ზედაპირს ან სანაპირო ზოლს, იწყებს ფოთლის ძებნას, რათა განაგრძოს რეპროდუქციის უსასრულო ციკლი. მისი ყველაზე დიდი მტერი კალმახია – ამ თევზს მსუქანი მაისის ბუზით პირის ჩატკბარუნება უყვარს.


დედამიწა დაახლოებით 5500 სხვადასხვა სახეობის ნემსიყლაპიის სამშობლოა. მათგან ზოგიერთი ზომით მხოლოდ ადამიანის ფრჩხილის ზომისაა, ზოგი კი იმდენად დიდია, რომ მთელ სახეს დაფარავს. ნემსიყლაპიები დიდი ხანია ჩვენს პლანეტაზე ბინადრობენ, ისინი უკანასკნელი 250 მილიონი წლის მანძილზე უმნიშვნელოდ შეიცვალნენ. თუმცა დღევანდელი ნემსიყლაპიები არიან შთამომავლები უძველესი წინაპრებისა, რომლებიც მათ გაცილებით აღემატებოდნენ ზომებში. ნამარხების ანალიზი გვიჩვენებს, რომ პირველყოფილი ნემსიყლაპიები დღევანდელი შევარდენის (!) ზომისანი იზრდებოდნენ.


ნემსიყლაპიები – ისევე როგორც სურათზე მყოფი ერთ-ერთი მათგანი ავსტრალიაში, ქალაქ დარვინის პარკში – სასტიკი მტაცებლები არიან, რაშიც დიდ დახმარებას უწევთ რთული კომპლექსური თვალები. თითოეული დიდი თვალი შედგება 30 000 პატარა ნაწილისგან, რაც საშუალებას აძლევს მწერს, დაინახოს ობიექტები ყველა მიმართულებით. მძლავრი ფრთებით კი შეუძლიათ, 50 კმ/სთ განავითარონ და მსხვერპლი ჰაერშივე გამოიჭირონ ასევე მძლავრი და ბასრი ეკლებით აღჭურვილი ფეხებით. ნემსიყლაპიები ჰაერშივე ნადიმობენ, მათი კვების რაციონი შედგება ბუზებისგან, კოღოებისა და სხვა მრავალი მწერისგან, თავიანთი მოძმეების ჩათვლით.


სწორფრთიანი ნემსიყლაპიები გამოირჩევიან ნათელი ფერებითა და განივად განლაგებული თვალებით, რაც გამოარჩევს მათ დანარჩენი ნემსიყლაპიებისგან. სწორფრთიანი ნემსიყლაპიების 2600 სახეობიდან არსებობს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში მობინადრე გიგანტური წარმომადგენლები, რომელთა ფრთებს შორის მანძილი აღწევს 20 სმ-ს. ამ მწერებს ძირითადად მტკნარი წყლების სიახლოვეს პოულობენ, ზოგიერთი მდედრი კი წყალშიც ყვინთავს ღრმად დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, რათა კვერცხები დაყაროს.


ნემსიყლაპიები კვერცხისგან წყალქვეშ იჩეკებიან და 1 წლის განმავლობაში მატლებად რჩებიან. ამ დროს ისინი დაცურავენ მტკნარი წყლის ტბებში, ნაკადულებსა და მდინარეებში. საბოლოოდ პატარა მწერები ნაპირზე ძვრებიან, იცვლიან მყარ ქერქს და 1-2 საათის განმავლობაში ახალი ფრთების გაშრობას უცდიან. ვინც ამ საშიშ, დაუცველ პერიოდს გადაურჩება, მოზრდილობის ეტაპზე გადადის, თუმცა სიმწიფის პერიოდი ნემსიყლაპიას ცხოვრებაში ძალიან ხანმოკლეა – როგორც წესი, რამდენიმე კვირიდან მაქსიმუმ რამდენიმე თვემდე გრძელდება.


წყლის ობობებს, ისევე როგორც ამ ტაილანდურ სახეობებს, არამარტო წყალზე სიარული შეუძლიათ, არამედ თავიანთი სხეულის წონაზე 15-ჯერ მეტ ტვირთს ზიდავენ და მაინც ზედაპირზე რჩებიან. მათი ფეხები დაფარულია პატარა, ღარებიანი თმოვანი საფარველით, რომლებიც ივსება წყლის ბუშტებით და ამგვარად ანიჭებს წყლის ობობას წყალზე გაჩერებისა და მოძრაობის უნარს – უნარს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერებისთვის თავსატეხი იყო. ეს მწერები ფეხებს ნიჩბებივით იყენებენ, რათა სხეულს ბიძგი მისცენ და მოძრაობაში მოიყვანონ. თმოვანი საფარველი, რომელიც დიამეტრში 3 მიკრომეტრია (ადამიანისთვის იგივე მაჩვენებელი 80-100 მიკრომეტრია), ფეხებს სიმშრალესაც უნარჩუნებს.


ყველასთვის კარგად ცნობილი ზაფხულის პარაზიტები, იგივე სისხლისმწოველი კოღოები, ზოგიერთ რეგიონში დაავადებების გავრცელების საშუალებას და ჯანმრთელობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. მათ გადააქვთ ისეთი დაავადებები, როგორიცაა მალარია, დენგეს ციებ-ცხელება და ყვითელი ტროპიკული ცხელება. ეს მწერები მსხვერპლს პოულობენ სხეულის სურნელის, ტემპერატურისა და ამოსუნთქული ნახშიროჟანგის მიხედვით. სისხლს მხოლოდ მდედრები წოვენ, რაც მათთვის ცილების მიღების წყაროა, რათა კვერცხები გაანაყოფიერონ. ხოლო საკუთარი თავის დასანაყრებლად მდედრიც და მამრიც ირჩევს ნექტარსა და მცენარეულ საქაროზას.


ყოველ წელს, 20 აგვისტოს, კოღოების დღე აღინიშნება და ხდება ინფორმაციის ფართოდ გავრცელება ამ შეუპოვარი პარაზიტების მავნებლობის შესახებ. კოღოების მეშვეობით ვრცელდება 500-ზე მეტი ვირუსი და აავადებს ადამიანებსა და მათ შინაურ ცხოველებს, მათ შორის კატას, ძაღლსა და ცხენს. ყველაზე გამორჩეულია აზიური კოღო, მას გადააქვს დასავლეთ ნილოსის ცხელების ვირუსი, რომელიც აშშ-ში მხოლოდ 20 წლის წინ გავრცელდა. მისგან თავის დაცვა შესაძლებელია სხეულის ტანისამოსით დაფარვით, კანზე მწერებისთვის არასასიამოვნო კრემის წასმით და იმ ადგილებისგან მოშორებით, სადაც კოღოები მრავლდებიან – დამდგარი წყლის პატარა გუბეები.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button