ზღაპარისაბავშვო

მინდვრისა და სახლის თაგვი

მინდვრის მსუქანი თაგვი შინაურ გამხდარ და წვრილმან თაგვს ესტუმრა და სხვათა შორის ჰკითხა: დობილო, რატომა ხარ ეგრეთი პატარა და გამხდარი? შენ ხომ უფრო ნაირ-ნაირი და გემრიელი საჭმელებით იკვებები ხოლმე შინაურობაში, მე საბრალო კი ძლივ-ძლივობით ვშოულობ სულის მოსაბრუნებლად სარჩო-საკვებს მინდორში და, მაინც შენზე მოზრდილი და მსუქანი ვარო.

ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ უცებ კატა გამოჩნდა; მოასწრო სახლის თაგვმა და შეძვრა სოროში, გაშეშებული და იმედდაკარგული მინდვრის თაგვი შესცქეროდა კატის ანთებულ თვალებს, რადგან უშველებელი იყო და ვერ შეეტია იქაურ ხვრელებში: მივარდა კატა და გაუყარა თავისი მახვილი კლანჭები თაგვსა. ამ დროს სახლის თაგვმა გამოყო თავი სოროდან და უთხრა თავის შემბრალებელ სტუმარ თაგვსა: – დობილო, აი, სწორედ მაგ შეჩვენებულმა მკნავანას ყურებამ და დანახვამ დამაწვრილა და ასე გამახდუნაო.

მონადირე და დიდი არწივი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ღარიბი მონადირე.

ერთხელ მინდორში ნადირობდა, ნახა სამ მუხაზე ერთი დიდი არწივი იჯდა, სამივე მუხა ეჭირა. მოზიდა მონადირემ მშვილდი, დაუმიზნა ისარი. არწივმა უთხრა:

– ნუ მომკლავ, მხარი მაქვს მოტეხილი, წამიყვანე შინ, ბარტყი ვარ, მომიარე, მომარჩინე, ბოლოს მეც გამოგადგებიო!

მონადირემ აღარ მოკლა, თან წაიყვანა.

ცოლს ძალიან ეწყინა, ჩვენთვის არაფერი გვაქვს, მაგას რა ვაჭამოთო.

მართლაც, ისეთი ღარიბები იყვნენ, კბილის გამოსაჩიჩქნი ჩხირიც კი არა ჰქონდათ.

ორ კვირას უწამლა, მორჩენა დაეტყო.

არწივმა უთხრა მონადირეს:

– წამიყვანე მუხებთანაო!

მონადირემ წაიყვანა. დაუქროლა არწივმა და ერთი მუხა ძირიანად მოგლიჯა და სამი მთის იქით გადაისროლა. მონადირეს უთხრა:

– კიდევ წამიყვანე, ცოტა კიდევ მაკლიაო!

მონადირემ ისევ წამოიყვანა. ორ კვირას კიდევ ჰყავდა.

შემდეგ არწივმა უთხრა:

– წამიყვანე მუხებთანაო!

მონადირემ წაიყვანა. დაუქროლა არწივმა, მოგლიჯა მეორე მუხა და ცხრა მთას იქით გადააბზრიალა.

არწივმა კვლავ უთხრა:

– ცოტა კიდევ მაკლია მორჩენა, წამიყვანე ცოტა ხანსაო!

მონადირემ ისევ წაიყვანა, ცოლი ძალიან გაუწყრა:

– ჩვენთვის არაფერი გვაქვს, ეგ რაღად მოათრიეო!

არწივი ორი კვირა კიდევ იყო. მონადირე წამლებს ადებდა და მხარს უხვევდა.

ორი კვირის შემდეგ სრულებით გასაღდა და მონადირეს უთხრა:

ახლა წავიდეთ მუხებთანაო!

წავიდნენ. დაუქროლა არწივმა და მესამე მუხა სრულებით გადაკარგა. ვეღარ გაიგეს, სად გადავარდა.მაშინ არწივმა უთხრა:

– ახლა კარგად ვარ, უნდა შემაჯდე მხრებზე, ერთი დაკლული ხარი თან წამოიღე, ჩემს დედ-მამასთან წაგიყვან და დაგასაჩუქრებენ. ამას კი გეტყვი, რაც უნდა გაძლიონ, არ გამოართვა; სთხოვე, თქვენ რომ ჟანგიანი ყუთი გაქვთ, ეგ მომეცით-თქო!

წავიდა მონადირე, დაკლა ერთი ხარი, დაუდო არწივს მხრებზე და თვითონ ზედ შეჯდა. არწივი აფრინდა და წავიდა სულ მაღლა და მაღლა. რამდენიც შემოტრიალდებოდა, მონადირე იმდენ ნაჭერ ხორცს ჩაუდებდა პირში.

ის იყო მივიდნენ, რომ ხორციც გაუთავდა. გამოიჭრა კანჭიდან მონადირემ ხორცი და შეაჭამა.

– ოჰ, ეს რა გემრიელი რამე შემაჭამეო! – უთხრა არწივმა.

ბინაზე რომ მივიდნენ, გადმოსვა დაბლა და მონადირემ კოჭლობა დაიწყო.

– რადა კოჭლობ? – ჰკითხა არწივმა.

– წეღან შენ რომ თქვი, ეს რა გემრიელი რამ შემაჭამეო, ის ჩემი ხორცი იყო: ხარის ხორცი გამითავდა და კანჭიდან გამოვიჭერიო.

არწივმა მოუსვა ფრთა და გაუმთელა.

მონადირე დედასთან მიიყვანა. დედას უთხრა:

დედავ, მხარმოტეხილი ვიყავ, ამ კაცმა სიკვდილს გადამარჩინა და რაც ისურვოს, ყველაფერი მიეცითო!

არწივის დედამ გადმოუღო და გადმოუღო მონადირეს ოქრო და ვერცხლი, თვალი და მარგალიტი, ჩასაცმელი და დასახური, მაგრამ კაცმა არაფერს ხელი არ მოჰკიდა.

– მაშ რა გინდა? – ჰკითხა არწივის დედამ.

– თქვენ რომ ჟანგიანი ყუთი გაქვთ, ის მომეცით, – უპასუხა მონადირემ.

არწივის დედამ კიდევ ძვირფასი და ძვირფასი საჩუქარი გადმოუღო. მონადირე ადგა და წასვლა დააპირა.

– მოდი, მოდი წაიღე, – დაუძახა ისევ არწივის დედამ.

გადმოუღო ისევ ძვირფასი და ძვირფასი რამე, ყუთი კი არ მისცა.

მონადირე კიდევ წამოვიდა.

– მოდი, მოდი წაიღე, – დაუძახა ისევ არწივის დედამ.

მობრუნდა მონადირე. კიდევ ძვირფასი და ძვირფასი რამეები გადმოუღო, ყუთს მაინც არ აძლევს.

მონადირემ მაინც სხვას არაფერს მოჰკიდა ხელი.

მესამედაც დაუძახა არწივის დედამ და მისცა ყუთი.

უთხრა:

– სანამ შინ მიხვიდე, არამც და არამც არ გახსნა, თორემ ძალიან ინანებო!

შეისვა არწივმა მონადირე მხრებზე და ისევ ძირს ჩამოიყვანა.

მიდის მონადირე, მოაქვს ყუთი, იფიქრა: იქნებ იმათ მომატყუეს და ცარიელი ყუთი მომცეს. ვნახავ, რა არის შიგ! იქნება ისეთი რამე დევს, რომ მომკლასო.

გახსნა. ამოვიდა და ამოვიდა დუქან-ბაზარი და სასახლეები, გაიჭიმა უზარმაზარი ქალაქი, გაჩაღდა ბაზრობა, გარბიან და გამორბიან ვაჭრები, ერთი ხუმრობა და ამბავია.

მონადირე კი დგას და შესცქერის. უნდა ყუთი დაკეტოს, მაგრამ ვერა კეტავს. იცემს გულში ხელს, იბდღვნის თმასა.

ამ დროს ჩამოივლის ერთი დევი, ჰკითხავს:

– რადა სტირი კაცოო?

– რას არა ვტირი, ყუთი გავხსენ, ეს ქალაქი იქიდან ამოვიდა და ვეღარ დავხურეო!

– რას მომცემ, რომ დავხურო, ხომ მომცემ იმას, რაც შენ არ იციო.

– მოგცემო, – უთხრა მონადირემ.

მონადირის ცოლი ორსულად იყო და სანამ მონადირე დაბრუნდებოდა, მის ცოლს ოქროსქოჩრიანი ვაჟი ეყოლა, მონადირემ კი არა იცოდა რა.

დევმა ყუთი დაუხურა. ქალაქიც აიკრიფა და ისევ ისეთი ადგილი დარჩა, როგორიც წინათ იყო.

– ამა და ამ დროს მე ჩემსას მოვიკითხავ და გამომიგზავნეო! – უთხრა დევმა.

კაცი წავიდა, გახსნა შინ ყუთი. ამოვიდა და ამოვიდა ისევ დუქან-ბაზარი და სასახლეები. გაიმართა ქალაქი. ეს კაცი ქალაქის პატრონია, მაგრამ შვილი ადარდებს: დევს უნდა გაუგზავნოს, არ ასცილდება.

როცა ვაჟი მოიზარდა, ადგა და დევთან წავიდა. იარა, იარა და გზაზე ერთი დედაკაცი შეხვდა.

– სად მიდიხარ, შვილო? – ჰკითხა.

– დევთან მივდივარ, უნდა შემჭამოს, უპასუხა.

– შვილო, უთხრა დედაკაცმა, რომ მიხვალ, წყალს ნახავ, იმ წყალზე დევის ქალები ჩამოდიან საბანაოდ. შენც იქვე დაიმალე. ზევით რომელიცა დგას – უფროსია, იმის ქვემოთ რომ დგას – შუალაა, და ბოლოს რომაა ის უმცროსია. იმას დაუმალე ტანისამოსი, გამოვა, იმისი დები წავლენ და ის ტიტველი რაღას იზამს? რაკი ტანისამოსს არ მისცემ, შენი ცოლი გახდება, მერე კი ის გიხსნის გაჭირვებიდანაო.

ვაჟი ისე მოიქცა, როგორც იმ დედაკაცმა დაარიგა. მივიდა წყლის პირს. ჩასაფრდა. როცა ქალები მოვიდნენ, ბანაობა დაიწყეს, ვაჟი მივიდა და უმცროსი ქალის ტანისამოსი აიღო.

გაათავეს ქალებმა ბანაობა. გამოვიდნენ, უფროსებმა ჩაიცვეს, გასწიეს. უმცროსმა ვერ იპოვა ტანისამოსი და დაიძახა:

– ვინა ხარ, გამოჩნდი, შენ – ძმა და მე – დაო!

ვაჟი არ გამოვიდა.

ბოლოს ქალმა დაიძახა:

– გამოჩნდი ვინა ხარ, ჯანი გაგვარდეს, შენ ქმარი და მე – ცოლიო!

მაშინ გამოვიდა ვაჟი და მისცა ტანისამოსი.

ქალმა შეხედა, ეს ოქროსქოჩრიანი ვაჟი ძალიან მოეწონა, უთხრა:

– რად მოსულხარ აქაო.

– მამაშენის ლუკმა ვარ, – უთხრა ვაჟმა, – უნდა შემჭამოსო!

– ნუ გეშინია, – უთხრა ქალმა, – როცა გაგიჭირდეს, მე შემატყობინეო!

მივიდა ვაჟი დევთან.

დევმა უთხრა:

– ერთ რამეს შეგიკვეთ და, თუ არ აასრულე, იცოდე, შეგჭამ: ჩემი ეზო სულ ოქროს ქსოვილით უნდა დაფინოო!

წამოვიდა ვაჟი ცოლთან დაღონებული:

– მამაშენმა ასე და ასე მიბრძანაო!

– წადი, შენ დაიძინე და მე ვიციო! – უთხრა ქალმა.

იმ ღამეს ქალმა დაიბარა თავისი კაცები და სულ ძვირფასი ოქროს ქსოვილით დააფენინა ეზო-კარი.

დილით უთხრა ქმარს:

– მოდი, დაჯექ და დაუწყე სწორება, ვითომ შენ დაფინეო!

გამოვიდა ვაჟი და ასწორებს ოქროს ქსოვილებს. რაღა იქნებოდა?!

მეორედ უბრძანა:

– ხვალისთვის ისეთი სასახლეები უნდა დამიდგა, რაც ხელმწიფეს ეკადრებოდესო!

წავიდა ვაჟი ცოლთან, ცოლმა უთხრა:

– შენ წადი, არხეინად დაიძინე, მე თვითონ ვიციო!

წავიდა ვაჟი დაიძინა.

ქალმა დაიბარა თავისი კაცები და უბრძანა, აბა, როგორ მარდად მოიქცევით, თქვენი იმედი მაქვსო.

დილისათვის ისეთი სასახლეები დადგეს, კაცს თვალს სტაცებს. ქალმა ქმარს უთხრა:

– ადი ზედ, აიტანე ჩაქუჩი, ვითომ რაღაც დაგკლებია და აკაკუნეო!

ავიდა ვაჟი სასახლეზე, უჭირავს ჩაქუჩი და აკაკუნებს.

გამოვიდა დევი, ნახა მშვენიერი სასახლეები დაუდგამს. ტუჩზე იკბინა, მაგრამ რაღა იქნებოდა?!

მერმე უთხრა:

– ერთი ცხენი მყავს გასახედნი და ის უნდა გამიხედნოო!

– კარგიო, – უთხრა ვაჟმა.

წამოვიდა ცოლთან. ცოლს უთხრა:

მამაშენს გასახედნი კვიცი ჰყოლია, ის უნდა გავუხედნოო!

– აქამდე არაფერი, საქმე ახლა არის,. – უთხრა ცოლმა, თვითონ მამაჩემი იქცევა კვიცად და იმას უნდა უმხედრო. მე ერთ ლაგამს მოგცემ, ის ლაგამი ამოსდე იმას პირში, თან ერთი რკინის კვერი წაიღე: აღმა აფრინდეს – თავში სცემდე, დაღმა წავიდეს – ცხვირში. ნუ შეიბრალებ, რაც ძალა და ღონე გქონდეს, მაგრად დაჰკარ, თორემ მოუკლავს არ გაგიშვებსო!

მეორე დღეს წაიღო ლაგამი და ჩაქუჩი ვაჟმა. შეჯდა კვიცზე და გაფრინდა ცხენიც ცისკენ. რამდენსაც ის ცხენი ზევით აიწევდა, იმდენს დაუშენდა ვაჟი თავში კვერს; ძირს დაეშვებოდა და ახლაც ცხვირში სცემდა. ისე მოღალა, ისე, რომ არაქათი გამოელია და დადგა ცხენი.

ვაჟმა მოიყვანა დევის კარებზე, შეიყვანა თავლაში, წამოჰყარა ლაგამი და გამოვიდა.

ცხენიც იქცა ისევ დევად და გამოვიდა.

დევი კარებთან დგას.

– რა ჰქენ, გახედნე ჩემი ცხენი თუ არაო? – ჰკითხა წყრომით ვაჟსა. ვაჟი ხედავს, რომ დევს ყბები სულ ჩამოღადრული აქვს ცემისაგან.

– რა გჭირს მაგ სახეზეო? – ჰკითხა ვაჟმა.

– ეს შენი ნაცემი არის, უთხრა დევმა, – შენ რომ იჯექ, ის ცხენი კი არ იყო, მე ვიყავი. ხვალ კი აღარაფერი გიხსნის, უნდა შეგჭამოო!

ვაჟი შეწუხებული მივიდა ცოლთან.

– რა ჰქენ, უმხედრე ცხენსა თუ ვერაო? – ჰკითხა ცოლმა. მამაშენმა მითხრა, ხვალ უნდა შეგჭამოო, ვეღარაფერი გიშველისო!

იმ ღამესვე ქალი და ვაჟი ადგნენ და გასწიეს. იარეს, იარეს, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ. რომ გათენდა, გაიგო დევმა მათი გაპარვა და ისიც გამოეკიდა.

მიდიან ქალი და ვაჟი. ქალმა უთხრა ვაჟსა:

-აბა, მიიხედე, ხომ არავინ მოგვდევსო?

ვაჟმა მიიხედა, ბუზისტოლად შორს რაღაცა მოჩანსო.

იქცა ქალი შემოსულ ყანად, ვაჟი მომკელად. დგას და მკის, თან ხვითქი გადასდის. მოვიდა დევი.

– ამაზე ქალსა და ვაჟს ხომ არ ჩამოუვლიაო? – შეეკითხა მომკელსა.

– მთელი დღეა ვმკი, სიცხით ვიწვი, რა ამვლელისა და ჩამომვლელისა მცხელა, არავინ მინახავსო! უპასუხა მომკელმა.

დევი გაბრუნდა უკან.

– ვერავინა ვნახე იმათი მნახველიო, უთხრა დევმა თავის ცოლს.

სრულებით არავინ იყოო? – ჰკითხა ცოლმა.

– როგორ არა, ერთ ალაგას ყანა იყო და მომკელი მკიდა. მიველ, ვკითხე და: არავინ მინახავსო!

– ისინი შენი ქალ-სიძე ყოფილანო, – უთხრა ცოლმა.

როცა დევი შინ გამობრუნდა, იქცა ქალი ისევ ქალად, მომკელი ვაჟად და გაუდგნენ გზას.

იარეს, იარეს, დიდი გზა გაიარეს. დევიც დაბრუნდა ისევ სახლიდან და გამოეკიდა.

ქალმა უთხრა ვაჟსა:

აბა, მიიხედე, ხომ არავინ მოჩანსო?

– ბუზისტოლად რაღაცა ჩანსო, – უპასუხა ვაჟმა.

– ის მამაჩემიაო, – თქვა ქალმა.

იქცა ქალი დაბურულ ტყედ, ამის ქალწულ გულში მზის სხივი არ ჩავარდება. ვაჟი იქცა მოხუცებულ კაცად, დადის ტყის პირას და ჩინჩხვრებსა კრეფს.

მოვიდა დევი.

– ამაზე ქალსა და ვაჟს ხომ არ ჩამოუვლიაო? – ჰკითხა დევმა ბერიკაცსა.

– ამ ტყის მადლმა, რაც ეს ტყე გაჩენილა, აქა ვარ და მე აქ სხვა არავინ მინახავს, შენს მეტი. მოხუცებული ვარ რა მგზავრების დარდი მაქვსო, უპასუხა ბერიკაცმა.

გამობრუნდა დევი და წავიდა შინ.

იქცა ტყე ისევ ქალად, მოხუცებული – ვაჟად და გაუდგნენ გზასა. მოვიდა დევი სახლში.

– რა ჰქენ, ვერსად დაეწიე, ვერ დაიჭირეო? – ჰკითხა ცოლმა.

– ვერა, – უთხრა დევმა, – იმათი მნახველი ძე-ხორციელი ვერა ვნახე. გზაზე ერთი უღრანი ტყე იყო; ერთი ბერიკაცი ჩინჩხვრებსა კრეფდა, სხვა არავინ მინახავსო!

– შე გამოყრუებულო, ის ტყე შენი ქალი იყო და ის მოხუცებული – შენი სიძე, – უთხრა ცოლმა, – ახლა კი მეც წამოვალ და ვნახოთ, სად წამივლენო!

შესხდნენ რაშებზე ორივენი და გამოეკიდნენ ქალსა და ვაჟსა. მიდიან ქალი და ვაჟი, მისდევენ დევი და მისი ცოლი.

ქალმა უთხრა ვაჟსა:

– აბა, მიიხედე, ხომ არავინ მოგვდევსო?

ვაჟმა მიიხედა:

– ბუზისტოლად რაღაცა მოჩანსო!

– ის მამაჩემი იქნებაო, – თქვა ქალმა და მიიხედა. ორად მოჩანდა.

– ახლა დედაჩემიც მოგვდევს და ვეღარ გადვურჩებითო!

იქცა ქალი უძირო ტბად და ვაჟი იხვად. ლაპლაპებს ტბა და იხვიც არხეინად დაცკრავს. მოვიდნენ დევი და იმისი ცოლი. დაეწაფა დევის ცოლი ტბას, დაუწყო სმა, უნდა სულ ამოეცალა. დაუწყო სმა დევმაც. სვეს, სვეს და ორივენი დასკდნენ.

იქცა ტბა ისევ ქალად, იხვი – ვაჟად. გადაეხვივნენ ერთმანეთსა და გადაკოცნეს, რომ გადარჩნენ. შესხდნენ დევისა და იმისი ცოლის რაშებზე და გამოსწიეს ვაჟის მამასთან.

ჭირი იქა, ლხინი აქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button