ერთ კაცს ცხრა ვაჟი ჰყავდა. როდესაც წამოიზარდნენ, მამას სთხოვეს: ცოლები შეგვრთეო. მაგრამ, – უთხრეს შვილებმა, – ისეთი კაცი უნდა მოძებნო, რომ იმდენივე ქალიშვილი ჰყავდეს, რამდენიც ჩვენ ძმები ვართო, სხვადასხვა კაცის შვილებს არ შევირთავთო. – შვილებო, ღმერთმა მოგიწყოთ ხელი, მაგრამ მე ძლიერ მეეჭვება, რომ მოიძებნოს სადმე ამნაირი კაცი. მე მაინც არ დაგაკლებთ ჩემს შემწეობას, – უთხრა მამამ და გაუდგა გზას. იარა, იარა და კარს მიადგა ერთ დევს. – დევო, რამდენი ქალიშვილი გყავსო? – ჰკითხა მან. – ექვსი, – მიუგო დევმა. – არ მიხერხდება შენი მოყვრობაო.
განაგრძო გზა. ახლა მეორე დევს მიადგა კარს. – დევო, რამდენი ქალიშვილი გყავს? – ჰკითხა ამასაც. – შვიდიო, – უთხრა დევმა. მაშ, მე არ მარგია შენი მოყვრობაო. გაშორდა ამას და გასწია. იარა, იარა და ერთ კეისართან მივიდა. შეიტყო, რომ კეისარს რვა ქალიშვილი ჰყოლიაო, ყველა გასათხოვარი და ერთიმეორეზე უკეთესი. ჩაფიქრდა ეს კაცი: რა ქნას, დაემოყვროს კეისარს, ერთი უცოლოდ ურჩება და ცხრა ერთად სად მონახოს? ეჰ! რაც მოხდება, მოხდეს. – იფიქრა მან, გაუგზავნა კეისარს მაშვალი და მოყვრობა სთხოვა. კეისარი დათანხმდა. გამოაწყო რვა ქალიშვილი საქორწილოდ. ნახევარი თავისი ქონება გააყოლა მათ მზითევად და გაატანა ამ კაცს. მოდის ეს კაცი შინ, მოჰყავს თან რვა ქალიშვილი. ერთი ხიდი უნდა გაიარონ. ხიდის ქვეშიდან წითელმა დევმა ამოჰყო ხელი; წაავლო ამ კაცს და გააჩერა: არც წინ უშვებს, არც უკან.
– ვინ ხარ, ან რა გინდაო? – დაუძახა კაცმა. – მე ვარ წითელი დევი. თუ შენი შვილის, ბულათის გამოგზავნას არ დამპირდები, არ გაგიშვებო! რას იზსმდა, მეტი ღონე არ იყო, დაჰპირდა. მოდის ეს კაცი, მაგრამ დანა კბილს არ უხსნის, თითქო ყველა შვილი ამოსწყვეტოდა. შეიტყვეს შვილებმა მამის მოახლოვება და წინ შეეგებნენ. ყველაზე უწინ ბულათი შეხვდა. – მამა, მადლი და დიდება ღმერთს, რომ შენც მშვიდობით დაბრუნდი და შენი შვილების საცოლეებიც მოგყავსო! მამამ ხმა არ გასცა. გაუკვირდა ბულათს და ისევ უთხრა: – მამა, მადლი შენსა და ჩვენს სალოცავს, რომ შენც შინ მშვიდობით მოხვედი და შენი შვილების საცოლეებიც მოგყავსო! მამამ არც ახლა გასცა ხმა. დაღონებულმა ბულათმა დედასთან გასწია და შეეხვეწა: დედავ, მე მოგიკვდე, თუ მამას არ ჰკითხო – რა ამბავია, რომ ხმას არ მცემსო?
– მამამ რვა რძალი სახლში მოიყვანა. ცოტა ხანს იქით ცოლი დაეკითხა ქმარს: რატომ არ ელაპარაკები ბულათსო? – ჰე, ნეტავი ყველა შვილი დამხოცოდა და ამას არ მოვსწრებოდი, რასაც მოვესწარიო. წითელი დევი დამხვდა ხიდზე, სანამ ბულათის თავს არ დავპირდი, არ გამომიშვა. აი, ამიტომ ვარ გლახა გუნებაზე და ამიტომ არ ველაპარაკები ბულათსაო.
ბულათი ამ დროს კართან იდგა და ყურს უგდებდა. გაათავა ლაპარაკი თუ არა მამამ, მაშინვე მიიჭრა მასთან ბულათი და უთხრა: მამავ, ამისთვის შენ რას სჯავრობ. მე დღესვე გავწევ დევთან და ფიქრი ნუ გაქვს, არაფერი გამიჭირდებაო. მოემზადა ბულათი და წავიდა დევთან. ეს პირდაღებული ელის ბულათს. დაინახა თუ არა, ისე გაუხარდა, თითქოს ცისკარი გაღებოდეს: – ჩემო ბულათო, აბა გამეგზავნე… – შე ფინთო, შე ბილწო, ჯერ არაფერი გამეგება და სად უნდა გაგეგზავნო? ცოტა ხანს მომასვენე და მერე სადაც გინდა გაგეგზავნები! – ცოტა ხანს უკან დევმა ისევ უთხრა: – აბა, ჩემო ბულათ, ახლა გამეგზავნე კეისართან. მას ერთი ტურფა ქალიშვილი ყავს, ის მომიყვანე ცოლად. ბულათი კარში გამოვიდა. არ იცის, რა ქნას. ამ დროს ერთი დედაბერი დაინახა, მიუბრუნდა და უთხრა: დედაბერო, ჩემი საქმე ასე და ასეა, მადლი ქენი და მასწავლე როგორ უნდა მოვიქცეო? – იმ კეისართან ბევრი მისულა ქალის სათხოვნელად, მაგრამ ცოცხალი კი არავინ დაბრუნებულა, – უთხრა დედაბერმა. მაგრამ შენ ფიქრი ნუ გაქვს, მე რომ დაგარიგო, ისე იარე და არაფერი გიშავსო. გზაზე შენ შემოგხვდება სამი კაცი: ერთი მათგანი ძლიერ ბევრსა სვამს, მეორე ბევრს ჭამს და მესამე დიდ ტვირთს იკიდებს იცოდე. სამივენი უნდა წაიყვანო კეისართან: გაჭირვების დროს გამოგადგებიანო.
გამოეთხოვა ბულათი დედაბერს და გასწია. ერთს მინდორში კაცს შეხვდა. ეს კაცი ჰგლეჯს მიწის ბელტებს, ჰყლაპავს და მაინც იძახის: მშია, მშია! სთხოვა ამ კაცს წაყოლა. წაჰყვა ეს კაცი, გაიარა დიდი მანძილი. შეხვდა მეორე კაცს. ამას ხახა ჩანჩქერისათვის მიუშვერია და მაინც იძახის მწყურია, მწყურია! ამას სთხოვა წაჰყოლოდა, წაჰყვა. მიდიან სამივე, შეხვდნენ მესამე კაცს: გაც მინდორში ქვა არის, ყველა ზურგზე დაუყრია, მაინც იძახის: ტვირთი მინდა, ტვირთი მინდა! სთხოვა ამასაც – წამომყევიო. ესეც გაჰყვა. გასწიეს და კარს მიადგნენ კეისარს. ბულათმა ქალიშვილი სთხოვა საცოლედ. კეისარმა შემოუთვალა: თუ შენ და შენი ამხანაგები ცხრა გოდორ პურს შესჭამთ დილიდან საღამომდის, მაშინ მოგცემ ქალიშვილსო. ბულათმა უთხრა დიდჭამიას: მინდორში ბელტებს ერთიმეორეზე ჰყლაპავდი და მაინც მშია, მშიას იძახოდი. აბა, თუ რამე შეგიძლია, ახლა უნდა გამოიღო ხელი. მიუტანეს ცხრა გოდორი პური, მიუშვეს დიდჭამია, საღამომდე ნამცეციც არ გადარჩენია. ბულათმა ეს ამბავი კეისარს შეატყობინა და სთხოვა ქალიშვილი. კეისარმა შეუთვალა: ერთ საქმეს კიდევ შეგიკვეთო; იმასაც თუ აასრულებთ, მერე წაიყვანე ჩემი ქალიშვილიო.
– თუ შენ და შენი ამხანაგები ერთ ჭურ ბანგს დალევთ, მაშინ მოგცემთ ქალიშვილსო. ბულათმა დიდმსმელს სთხოვა ამ საქმის შესრულება. მიადგა იგი ჭურს და ისე ამოცალა, რომ ცვარი არ დაუტოვებია. შეატყობინეს კეისარს. კეისარს ეს ამბავი არაფრად ეამა. არ უნდა ქალიშვილის მიცემა, მაგრამ რას იზამს?! შეუთვალა ბულათს, რომ სამი დღე მაცალე და მერე მოგცემ ქალსაო. ეს ბულათმა არ ქნა: თუ მომცემთ ნებით, ხომ კარგი, თუ არა და შენს უნებურად წავიყვანო. თავის ამხანაგ მტვირთავს უთხრა: აბა, შენ იცი, თუ რამე შეგიძლია, ახლა გვინდა შენი ხელიო. მოიკიდე როგორმე კეისრის სასახლე და გასწიე. ამან მოსდო ხელი კეისრის სასახლეს, შეიგდო ზურგზე და მიაქვს. შიგ არიან კეისარი და მისი ქალიშვილი. კეისარს შეეშინდა, სთხოვა ბულათს – თვითონ დაეტოვებინა და ქალიშვილი წაეყვანა. ბულათი დაყაბულდა. კეისარმა ქალიშვილს მრავალი სიმდიდრე გააყოლა, დალოცა და გაუშვა.
– მოდის გახარებული ბულათი, მაგრამ ერთი რამ აწუხებს: როგორ დაუთმოს კეისრის ქალიშვილი დევს. მოაწია დევის ბინამდის. სანამ მასთან შევიდოდა, ნაცნობ დედაბერთან გასწია. უთხრა: ასე და ასეა ჩემი საქმე, მირჩიე რამეო. დედაბერმა ურჩია: ქალიშვილს დევის სახლში ნუ წაიყვან. ჯერ უთხარი დევს: ქალი მოგიყვანე და კარზე ნახე-თქო. კარებში რომ გამოყოს თავი, დოლაბი, რომელიც იქვეა ჩამოკიდებული ჭახრაკით, ისე ჩამოაგდე, რომ დევს თავზე დაეცეს. თუ ეს მოახერხე, შენი საქმე გაკეთებულიაო. ბულათი ისე მოიქცა, როგორც დედაბერმა ურჩია. უთხრა დევს: შე, ბილწო, მოგიყვანე კეისრის ქალიშვილი, გარეთ არის და ნახეო! – დევი სიხარულმა აიტანა, მაშინვე გამოეშურა კარისაკენ. დაედევნა უკან ბულათი და, როცა დევმა მიაწია იმ ადგილას, სადაც დოლაბი იყო დაკიდებული, დაუტრიალა ჭახრაკი; ჩამოვარდა, დაეცა დოლაბი დევს თავზე და მტვრად აქცია. რასაკვირველია, გაუხარდა ბულათს. დევის ქონება ოთხად გაჰყო. სამი ნაწილი თავის ამხანაგებს მისცა, მეოთხე დედაბერს, თვითონ ქალიშვილი წაიყვანა და წავიდა შინისაკენ. სახლში ძლიერ გაუხარდათ ბულათის მისვლა და დიდად იმხიარულეს.